ნიკა ეგაძე: მიზანს არ უნდა უღალატო, თუნდაც გეგონოს, რომ ეს დასასრულია
გააზიარე:
ნიკა ეგაძე ფიგურულ სრიალში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორია. მის ანგარიშზეა არაერთი გამარჯვება საერთაშორისო შეჯიბრებებში. საქართველოში სპორტის ეს სახეობა არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც ჩრდილოეთის ქვეყნებში, არც ინფრასტრუქტურა გვაქვს დიდად გამართული, თუმცა ნიკასთვის ამ ფაქტორებს ხელი არ შეუშლია. ყინულზე სრიალი ჩემთვის სპორტი კი არა, მთელი ცხოვრებააო, ამბობს, ხოლო როცა რაღაც ასე გულით გსურს, წინააღმდეგობებსაც უმკლავდები, შესაძლებლობების გამონახვაც გიადვილდება და მიზნისკენ უფრო მეტი დაჟინებით მიიწევ.
ახალგაზრდა სპორტსმენი ამჟამად ეთერ თუთბერიძესთან ერთად იმყოფებოდა სავარჯიშო შეკრებაზე. ნიკა გრან-პრის ეტაპებისთვის ემზადება, რომელიც აშშ-სა და იაპონიაში ზამთრის სეზონზე გაიმართება.
– დღეში სამ საათს ყინულზე ვატარებ. ცალკე ვვარჯიშობ დარბაზში. ამასთან ერთად ქორეოგრაფიისა და თანამედროვე ცეკვების გაკვეთილებიც მაქვს. შორიდან, ალბათ, ყველაფერი ძალიან ლამაზი, ზღაპრული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სუფთად, უნაკლოდ შესრულებული პროგრამის მიღმა უამრავი დრო და დიდი შრომაა. რაც უფრო მეტად ვიტვირთები, რაც უფრო ზედმიწევნით ვასრულებ ილეთებს, მით უფრო მემატება თავდაჯერება, რაც ასპარეზობის დროს გადამწყვეტი ფაქტორია.
ოთხი წლის იყო, დედამ ფიგურულ სრიალზე რომ მიიყვანა. მოინუსხა, ერთიანად აიტაცა სიახლემ. ყველაზე მეტად ნახტომები მოსწონდა. ყინულის მოედანი სახლიდან შორს იყო, მაგრამ ამ გზაზე ყოველდღე სიარული სულაც არ ეზარებოდა.
― სკოლაში რომ მივედი, მე და დედა დილის ექვს საათზე ვდგებოდით და ჯერ ყინულის მოედანზე გავრბოდით, მერე ― სკოლაში. პირველ გაკვეთილს თითქმის ვერასოდეს ვუსწრებდი. მასწავლებლები მიეჩვივნენ ჩემს დაგვიანებებს. სკოლის შემდეგ ცოტა დრო მრჩებოდა გაკვეთილების მოსამზადებლად, მერე ისევ ყინულის მოედანზე მივდიოდი. არ იყო ადვილი, თუმცა ცხოვრების ეს რიტმი მომწონდა. მქონდა მიზანი, ინტერესი. პრაქტიკულად, ამით ვსუნთქავდი, ვარსებობდი... მახსოვს, დედა ავად გახდა და ერთხანს ვერ ვახერხებდი ყინულის მოედანზე სიარულს. ძალიან განვიცდიდი. მაშინ მივხვდი, რომ ფიგურული სრიალი ჩემთვის მხოლოდ ბავშვური გატაცება არ იყო. ყინულზე დგომა თავისუფლების, ქროლის, ქარის, ფრენის შეგრძნებაა და სწორედ აქ ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად.
დიდი სპორტის ბარიერიები
– ბევრ სირთულესთან მომიწია გამკლავება. ზედიზედ რამდენიმე მძიმე ტრავმა მივიღე. სამი მოტეხილობის, ნაღრძობი კიდურისა და დაზიანებული მყესის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. სამი ოპერაცია დამჭირდა. რკინის კონსტრუქცია ახლაც მაქვს ფეხში. ეს ყველაფერი მხოლოდ ფიზიკურად კი არა, ფსიქოლოგიურადაც ძალიან მტკივნეული იყო, თითქოს ჩემი კარიერა დასრულდა. მაგრამ მიზანს არ უნდა უღალატო, თუნდაც გეგონოს, რომ ეს დასასრულია. ასეთ დროს ერთი სწორად ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება წამლად გექცეს, გაგაცოცხლოს. ასეთი სიტყვები ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა და ჩემმა მწვრთნელმა ეთერ თუთბერიძემ იპოვეს. მათი და ახლობელი ადამიანების თანადგომით მოვახერხე ყინულზე დაბრუნება. განსაკუთრებით ვუმადლი ქალბატონ მაკა გიორგობიანს. მან მთავარი როლი შეასრულა ჩემს სპორტულ კარიერაში, ყოველთვის სჯეროდა ჩემი, მხარს მიჭერდა და მეხმარებოდა. მასთან ერთად ვიღებდი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ჩემდამი ამ ადამიანების რწმენამ მომცა ძალა, ბრძოლა თავიდან დამეწყო და მინდა, ჩემი წარმატებებით იამაყონ.
პირველი გამარჯვების ემოცია
– უკვე არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და ჩემს ანგარიშზე ბევრი გამარჯვებაც ჩაიწერა, თუმცა პირველი დიდი წარმატება განსაკუთრებული ემოციით დამამახსოვრდა. ეს იყო 2017 წელს მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე. ის მღელვარება დღემდე მახსოვს.
ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მხოლოდ ერთმა ქართველმა მოციგურავემ – ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა ვერცხლის მედალი. ეს იყო 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე. მეორე ვერცხლის მფლობელი კი ნიკა ეგაძე გახდა. 2023 წლის ჩელენჯერის სერიის პირველ საშემოდგომო ტურნირზე, იტალიის ქალაქ ბერგამოში, მან მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ახლა კიდევ ერთი დიდი შეჯიბრებისთვის ემზადება – სურს, 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოხვდეს და საქართველოს სახელი კიდევ ერთხელ გააგონოს მსოფლიოს.
სამომავლოდ კი ოცნებობს, წარმატებული მწვრთნელი გახდეს და მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებს გადასცეს. დიდი იმედი მაქვს, წვლილს მეც შევიტან საქართველოში ფიგურული სრიალის განვითარებაშიო, მითხრა.
ოჯახი
ნიკას მშობლები სპორტული ცხოვრებისგან შორს არიან: მამა იუველირია, დედა – მათემატიკოსი. დედას ფიგურული სრიალი ბავშვობიდან ჰყვარებია, მაგრამ არასოდეს უცდია ციგურებზე დადგომა, სამაგიეროდ, მის ოცნებას შვილმა შეასხა ხორცი. დედამ თავისი ცხოვრება ნიკას კარიერას მიუძღვნა. საქართველოში თუ საზღვარგარეთ მის გვერდით იყო და სირთულეების დაძლევაში ეხმარებოდა.
― სპორტში კარგად ერკვევა და მისგან რჩევაც ხშირად მიმიღია. მამა მუდამ მამხნევებს. ჩემი დიდი გულშემატკივარია უმცროსი ძმაც. ისიც დადიოდა ფიგურულ სრიალზე, თუმცა პროფესიად სხვა რამ აირჩია. დღეს უკვე სტუდენტია. მეგობრული, მოსიყვარულე ოჯახი მაქვს და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვარ სამშობლოდან შორს, ჩემი ოჯახი ყოველთვის მაძლიერებს.
თამარ ციბალაშვილი