ორსულობა და ალკოჰოლი

გააზიარე:

თუ მიგაჩნიათ, რომ ეს სტატია თქვენ არ გეხებათ და მხოლოდ ალკოჰოლდამოკიდებული ქალებისთვის იქნება საინტერესო, ცდებით. ღვინისა თუ ვისკის ყველა მოყვარული ალკოჰოლზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ ალკოჰოლი ზოგჯერ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება. საქმიანი სადილი, ვახშამი მეგობრებთან ერთად, განტვირთვა მძიმე დღის შემდეგ – ამ ყველაფერმა შესაძლოა ალკოჰოლის მოხმარებისკენ გიბიძგოთ. მერე რა, თუ ორსულად ხართ? ერთი-ორი ჭიქა არაფერს დაგიშავებთ... თქვენ გვერდით აუცილებლად აღმოჩნდება ორიოდე კეთილისმსურველიც და გირჩევთ – ცოტა ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოც კიაო. გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით რომ ეს მტკნარი სიცრუეა? დიახ, ასეა. ორსულებს ეძლევათ მკაცრი რეკომენდაცია, არ მიეკარონ სპირტიან სასმელს. დადგენილია, რომ ალკოჰოლი ხელს უშლის ნაყოფის განვითარებას, იწვევს გრძელვადიან სამედიცინო პრობლემებს და თანდაყოლილ დეფექტებს. ასე რომ, სტატია ყველას ეხება.


მშრალი რიცხვები


სტატისტიკაც მოწმობს, რომ ქალებს არც ისე კარგად აქვთ გაცნობიერებული ორსულობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენა. ოფიციალური მონაცემებით, 15-დან 44 წლამდე ასაკის ორსულთა 8.5%-ს მიუღია ალკოჰოლური სასმელი. ამასთან, 2.7% დამთვრალა. ალკოჰოლის მოხმარება უმთავრესად პირველ ტრიმესტრზე მოდის.

მაინც რატომ ვუფრთხით ალკოჰოლს?


ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი: ღვინო, ლუდი, ლიქიორი თუ სხვა, – ორსულობისას მავნეა: საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობას. რაც მთავარია, მავნე გავლენა ორსულობის ყველა ეტაპს ეხება. მაშასადამე, არ არის გამორიცხული, ალკოჰოლურმა სასმელმა მანამდე მოგვაყენოს ზიანი, სანამ გავიგებთ, რომ ორსულად ვართ.
ალკოჰოლის ორსულისთვის უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს, ამიტომ ექიმები მოგვიწოდებენ, ორსულობის დასაწყისიდან დასასრულამდე უარი ვთქვათ ნებისმიერი ტიპისა და ნებისმიერი ოდენობის ალკოჰოლურ სასმელზე.


რატომ?


საქმე ის არის, რომ ალკოჰოლი ძალიან სწრაფად გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ნაყოფის ორგანიზმში აღწევს. ნაყოფი ზრდასრულ ადამიანზე გაცილებით მეტ ხანს ანდომებს ალკოჰოლის დაშლას. მაშასადამე, ნაყოფის ორგანიზმში ალკოჰოლის დონე დედისაზე მეტხანს რჩება მომატებული. სწორედ აქ იჩენს თავს პრობლემები. ალკოჰოლი ხელს უშლის თავის ტვინისა და სხვა ორგანოების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, იმატებს თავის ტვინის დაზიანების, ნაყოფის ზრდისა და განვითარების შეფერხები ალბათობა. მაღალია გულის, მხედველობისა და სმენის თანდაყოლილი დეფექტების ჩამოყალიბების რისკიც. ყველაფერთან ერთად, მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, დღენაკლულ ახალაშობილს კი, თავის მხრივ, შესაძლოა არაერთი პათოლოგია განუვითარდეს.
ორსულობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის შედეგია ახალშობილის მცირე (2500 გრამზე ნაკლები) წონა, თვითნებითი აბორტი (ორსულობის შეწყვეტა მე-20 კვირამდე) და მკვდრადშობადობა (ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი მე-20 კვირის შემდეგ).


მედიცინაში არსებობს ტერმინი “ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი”. ამ სინდრომის მქონე ბავშვებისთვის დამახასიათებელია გონებრივი განვითარების შეფერხება, დასწავლის, ურთიერთობის, ყურადღების კონცენტრირების, ქცევის პრობლემები. შესაძლოა, ფიზიკური განვითარებაც შეფერხდეს, არასათანადო იყოს კუნთოვანი ტონუსი, დაირღვეს მოძრაობისა და წონასწორობის შენარჩუნების უნარები. ეს პრობლემები მსუბუქიც შეიძლება იყოს და მძიმეც, მაგრამ, როგორც წესი, სამუდამოა.

როგორ დავიცვათ ბავშვი ალკოჰოლისგან


ყველაზე მარტივი და საიმედო გზაა, არ დალიოთ ორსულობის დროს. მეტიც: ალკოჰოლს მაშინაც უნდა ერიდოთ, როცა დაორსულებას აპირებთ ან გაქვთ დაორსულების შანსი.
ამ სტატიის წაკითხვისას ვინმე უთუოდ იტყვის: ბევრი რამ გაზვიადებულია, ვიცნობ ქალებს, რომლებიც ცოტ-ცოტას სვამდნენ, მაგრამ მათმა ორსულობამ ყოველგვარი გართულების გარეშე ჩაიარაო. რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ალკოჰოლი ნაყოფზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, სულ მცირე დოზამ სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ეს მეცნიერულად არის დადასტურებული, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით მეტ ორსულზე დაკვირვების შედეგადაა დადგენილი, ვიდრე ჩვენი ემპირიული დაკვირვება ეფუძნება. რატომ ვნებს ალკოჰოლი ზოგ ორსულს უფრო მეტად, ზოგს კი ნაკლებად, ჯერჯერობით უცნობია. ასე რომ, ჯობს, არ გარისკოთ.

რა შუაშია პარტნიორი


ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი და ალკოჰოლის ზემოქმედებით გამოწვეული სხვა პათოლოგიები ვითარდება მაშინ, როდესაც ორსული მოიხმარს ალკოჰოლს. დღემდე ტარდება კვლევები იმის დასადგენად, ახდენს თუ არა ალკოჰოლი გავლენას მამაკაცის სპერმაზე.

უსაფრთხო ოდენობა


...ორსულისთვის, როგორც აღვნიშნეთ, არ არსებობს. არც ალკოჰოლის მიღებისთვის უსაფრთხო დრო. მართალია, ყველაზე მძიმე შედეგებს პირველ ტრიმესტრში იწვევს, მაგრამ გვიანდელ ვადებზე მიღებაც საშიშია.
თუმცა, ცხადია, რაც მეტს და ხანგრძლივად მოიხმართ, მით უარესი იქნება შედეგიც. მეტსაც გეტყვით: სავალალო გართულება შესაძლოა ერთხელ, მაგრამ დიდი რაოდენობით მიღებულმა ალკოჰოლმაც გამოიწვიოს.

როგორ მოვერიოთ თავს


* ორსულობის დროს ალკოჰოლი სხვა სასმელებით – ხილის წვენით ან წყლით – ჩაანაცვლეთ.
* ერიდეთ ისეთ სიტუაციებს და ადგილებს, სადაც, ჩვეულებრივ, სვამდით.
* სახლში არ შეინახოთ ალკოჰოლური სასმელი.
* რაც მთავარია, მოიძიეთ ინფორმაცია ორსულობაზე ალკოჰოლის მავნე გავლენის შესახებ. ცოდნა საუკეთესო იარაღია.


* * *
ორსულობა და თამბაქო
სიგარეტის მავნე გავლენის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. თამბაქოს დამანგრეველ ზემოქმედებაზე არავინ დავობს. ორმაგად დიდია ზიანი, რომელსაც თამბაქო ორსულსა და ნაყოფს აყენებს.
თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან, სულ ცოტა, 250 ჯანმრთელობისთვის საშიშია, 69-ს კი კიბოს გამოწვევა ძალუძს, ამიტომ თამბაქოს კვამლის მცირე ულუფაც კი შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს.

რა საფრთხეს უქადის მოწევა ორსულს?
როცა ორსული ეწევა, უფრო მეტადაა მოსალოდნელი:
* ნაადრევი მშობიარობა – ნაყოფის საშვილოსნოდან გამოსვლა 37-ე კვირამდე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღენაკლულ ახალშობილებს უფრო სუსტი ჯანმრთელობა აქვთ და უფრო ხშირად უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს.
* საშვილოსნოსგარე ორსულობა – განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს გარეთ იმპლანტირება და გაზრდა. საშვილოსნოსგარე ორსულობა ყოველთვის ორსულობის დაკარგვით მთავრდება, თანაც სერიოზულ საფრთხეს უქადის ქალის ჯანმრთელობას.
* საშვილოსნოდან სისხლდენა – პლაცენტის პათოლოგია, მაგალითად, წინამდებარეობა ან ნაადრევი აცლა, ასევე მოსალოდნელია მწეველ ორსულებთან. პლაცენტა საშვილოსნოში იზრდება და ნაყოფს ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მშობიარობამდე მისი აცლა სისხლდენისა და სასიკვდილო გართულების განვითარების ალბათობას ზრდის. პლაცენტის წინამდებარეობის დროს კი არასწორ ადგილას, საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში განვითარებული პლაცენტა ფარავს საშვილოსნოს ყელს, რაც ასევე სისხლდენის მაღალი რისკის ფაქტორია.

რას უქადის ნაყოფს
თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები: ნიკოტინი, მხუთავი აირი, კუპრი, – ალკოჰოლის მსგავსად, ადვილად გადის პლაცენტურ ბარიერს. ადვილი წარმოსადგენია, რა ელის პაწაწინას. ჩამოთვლილი ეს ნივთიერებები ამცირებს ჟანგაბდის მიწოდებას, რაც ნაყოფის ზრდასა და განვითარებაზე უარყოფითად აისახება. ხელი ეშლება ტვინისა და ფილტვების სრულყოფილ ჩამოყალიბებას. ამიტომ მწეველი დედების ბავშვები ხშირად არიან დღენაკლულები, აქვთ თანდაყოლილი დეფექტები, დაბადებისას ნორმაზე ნაკლებს იწონიან. შესაძლოა, ნაყოფმა ვერც კი მიაღწიოს მშობიარობამდე და გულისცემა საშვილონოსშივე შეუწყდეს.
თამბაქოს უკავშირდება ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომიც – ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა აუხსნელი მიზეზით გამოწვეული გარდაცვალება.


პასიური მწეველობა
არახალია, რომ თამბაქო არა მხოლოდ მწეველებს, არამედ არამწეველებსაც უქადის საფრთხეს. პასიური მწეველობა ზიანს აყენებს ნაყოფის ჯანმრთელობასაც – ზრდის მცირე წონის ახალშობილის დაბადების ან თანდაყოლილი დეფექტების განვითარების რისკს. პასიური მწეველობა საშიშია ბავშვის დაბადების შემდეგაც. ასეთ ბავშვებთან უფრო ხშირად აღირიცხება უეცარი სიკვდილის სინდრომი. ამასთან, იმატებს ასთმის, ბქონქიტის, ყურის ინფექციების, პნევმონიების განვითარების ალბათობა.

კიდევ ერთი საფრთხე

არსებობს ცნება “მესამეული კვამლი”. ეს არის კვამლი, რომელიც თამბაქოს მოწევის შემდეგ რჩება საგნებზე, ტანსაცმელზე, ავეჯზე, ხალიჩაზე, კედლებზე, კანსა და თმაზე. დროთა განმავლობაში კვამლი დიდი რაოდენობით გროვდება და მოცილება ძალიან ძნელია. მესამეული კვამლი 250-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს და ორსულების, ახალშობილებისა და ბავშვებისთვის განსაკუთრებით საზიანოა, ამიტომ ოთახის განიავება ან სხვა ოთახში მოწევა არ არის საკმარისი გარშემო მყოფთა დასაცავად. საუკეთესო გამოსავალია, არ მოწიოთ.


უსაფრთხოა ელექტრონული სიგარეტი?


არა. ელექტრონული სიგარეტიც შეივცავს ქიმიურ ნივთიერებებს, მათ შორის – ნიკოტინს, რომელიც ორსულსა და ნაყოფს ზიანს აყენებს. საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს არომატიზატორები და სხვა ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ასევე გვხვდება ელექტრონული სიგარეტის შემადგენლობაში. საფრთხის შემცველია ელექტრინული სიგარეტის კვამლის ჩასუნთქვაც (ანუ პასიური მწეველობა).
კვლევები იმის დასადგენად, ორსულობის რომელი გართულების განვითარებას უწყობს ხელს ელექტრონული სიგარეტი, დღესაც გრძელდება, თუმცა გავლენის უარყოფით ბუნებაზე ყველა თანხმდება.
არც მსუბუქი სიგარეტია გამოსავალი. თავს ნურც იმით დაიმშვიდებთ, მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა შევამცირეო. რა თქმა უნდა, რაც მეტს ეწევით, მით მეტია ზიანიც, მაგრამ არ არსებობს თამბაქოს უსაფრთხო ოდენობა. უსაფრთხოების გარანტი მხოლოდ სიგარეტისგან სრული თავშეკავებაა და რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, მით უკეთესი. საუკეთესო ვარიანტია, სიგარეტზე დაორსულებამდე თქვათ უარი, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, ორსულობის დადგენისთანავე მაინც უთხარით თამბაქოს “არა”! ეს არა მხოლოდ ბავშვის, არამედ თქვენს ჯანრმთელობასაც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთეს მოუტანს.


რჩევები


უპირველეს ყოვლისა, მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება.
გამოყავით ერთი დღე და მოიშორეთ სახლიდან თამბაქოსთან დაკავშირებული ყველა ნივთი: სიგარეტი, სიგარა, სანთებელა, საფერფლე.
ჩამოწერეთ მიზეზები, რომელთა გამოც უნდა დაანებოთ თავი თამბაქოს წევას და ყოველთვის, როდესაც მოწევა მოგინდებათ, წაიკითხეთ ეს სია.
აღკვეთეთ ტრიგერები – ფაქტორები, რომლებიც მოწევისკენ გიბიძგებთ. ტრიგერი შეიძლება იყოს სტრესი, მღელვარება, მწეველთა წრეში ყოფნა.
სვით ბევრი წყალი.

არ დაგავიწყდეთ!


* ალკოჰოლი და თამბაქო საფრთხეს უქადის ნაყოფის ჯანრმთელობას ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე, თვით ორსულობის დადგენამდეც კი.
* ორსულობის დროს ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება ზრდის ნაადრევი მშობიარობის, თანდაყოლილი დეფექტების, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარების რისკს.
* თუ ორსულად ხართ, დაორსულებას აპირებთ ან გაქვთ დაორსულების შანსი, ერიდეთ ალკოჰოლს და თამბაქოს.
* ჯანსაღი ცხოვრება საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენი პატარასთვის.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: