რა არის პალიატიური მზრუნველობა?

გააზიარე:

გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დღითი დღე სახიფათო ხდება ჯანმრთელობისთვის. ყოველდღიური სტრესი, მავნე გამონაბოლქვი, არაჯანსაღი კვება, ცხოვრების უმოძრაო წესი, მავნე ჩვევები – ეს ყველაფერი ძალზე უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე და მათ ფონზე, ბუნებრივია, არც მძიმე და ქრონიკული დაავადებების მატებაა გასაკვირი.
დაავადებულთა რიცხვი დღიდან დღემდე იზრდება, თუმცა მათგან ცოტამ თუ იცის, რომ მუდმივი და სპეციფიკური მკურნალობა და მეთვალყურეობა სჭირდებათ.
ამიტომაც განვიზრახეთ, თქვენი ყურადღება მიგვეპყრო ჯანდაცვის მეტად მნიშვნელოვანი სეგმენტისთვის, რომელსაც პალიატიური მზრუნველობა ეწოდება. მასზე სასაუბროდ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ონკოლოგს, მედიცინის დოქტორს, პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ექსპერტს, ქალბატონ თამარ რუხაძეს მივმართეთ.

პალიატიური მზრუნველობის არსი და მიზანი

 

– რა არის პალიატიური მზრუნველობა?


– პალიატიური მზრუნველობა – ეს არის ქრონიკული, უკურნებელი დაავადების მქონე პაციენტზე ორიენტირებული მულტიდისციპლინური მზრუნველობა. მასში ჩართულია ყველა იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია, პაციენტს გაუწიოს შესაბამისი დახმარება, რათა ის სიცოცხლის ბოლომდე საზოგადოების სრულყოფილ წევრად დარჩეს. პალიატიური მზრუნველობის მულტიდისციპლინურ გუნდში შედიან როგორც სამედიცინო პერსონალი, ისე არასამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც: ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, სასულიერო პირები და სხვა.
პალიატიური მზრუნველობა უზრუნველყოფს ღირსეულ, უტანჯველ სიცოცხლეს. მისი მიზანია, აამაღლოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტის და მასზე მზრუნველი პირების ცხოვრების ხარისხი.


– როდის სჭირდება ადამიანს პალიატიური მზრუნველობა?


– პალიატიური მზრუნველობის ბენეფიციარია ქრონიკული დაავადების მქონე ყველა პაციენტი. ის იწყება ქრონიკული დაავადების დადასტურებისთანავე და გრძელდება მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში რადიკალურ ჩარევებთან ერთად. მოსაზრება, რომ დაავადების მართვის სქემაში პალიატიური მზრუნველობა მხოლოდ უკანასკნელ ეტაპზე უნდა ჩაერთოს, მსოფლიო მედიცინამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში უარყო. უპირატესობა მიენიჭა მოდელს, როდესაც პალიატიური მზრუნველობის ელემენტები ამოქმედდება ქრონიკული დაავადების დიაგნოზის დასმისთანავე და მისი მოცულობა იზრდება ძირითადი დაავადების მიმდინარეობასთან ერთად.
პალიატიური მზრუნველობა მთლიანად ანაცვლებს რადიკალურ მკურნალობას, როდესაც ძირითადი დაავადების მიზანმიმართული მკურნალობა ეფექტიანობას კარგავს. ამასთან, მინდა გავიხსენო ერთ-ერთ საერთაშორისო გამოცემაში გამოქვეყნებული მეცნიერთა ჯგუფის მოსაზრება: თუ გამოვრიცხავთ ადრეულ ასაკში გარდაცვალებას ან მწვავე მდგომარეობის შედეგად სიცოცხლის დასრულებას, პალიატიური მზრუნველობის ობიექტი ყველა შეიძლება გახდეს. უფრო მეტიც – ეს სიტყვა შიშის მომგვრელი არ არის, ის თავის თავში მოიცავს გერიატრიულ პაციენტებსაც. არ არის მართებული, თითქოსდა პალიატიური მზრუნველობა გულისხმობდეს ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე ზრუნვას. მიუხედავად მცდელობისა, მულტიდისციპლინურ ჯგუფს არ შეუძლია მომაკვდავი ადამიანის ცხოვრების ხარისხის ამაღლება. აქედან გამომდინარე, რაც უფრო ადრე გავიაზრებთ პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობას, მით უფრო დიდ სარგებელს მიიღებენ პაციენტები და მათზე მზრუნველი პირები.


– რომელი დაავადებებია წამყვანი?


– როგორც აღვნიშნე, ყველა ქრონიკული დაავადება მოითხოვს პალიატიურ მეთვალყურეობას. პაციენტთა ამ ნუსხაში შედიან კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ფსიქიატრიული, რევმატოლოგიური და, რა თქმა უნდა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პირები.

რა უნდა ვიცოდეთ


– რა იცის მოსახლეობამ პალიატიური მზრუნველობის შესახებ?


– როდესაც საქართველოში პალიატიური მზრუნველობა ამოქმედდა, განვითარების გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სფეროში მოსახლეობის განათლება იყო. პალიატიური მზრუნველობის ეროვნული გეგმა, რომლის ავტორი პროფ. დ. კორძაია გახლდათ, მოიცავდა მკაფიო სტრატეგიას სამედიცინო სერვისების განვითარების, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის და სამედიცინო პერსონალისა თუ მოსახლეობის ინფორმირების შესახებ. სამწუხაროდ, პალიატიური მზრუნველობის განვითარების ეროვნული გეგმა მიზეზთა გამო სრულყოფილად ვერ განხორციელდა.
საბედნიეროდ, პალიატიური მზრუნველობის შესაძლებლობათა შესახებ დღეს უფრო მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე 10-15 წლის წინ, მაგრამ, ვფიქრობ, არც ეს არის საკმარისი: მოსახლეობა სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული მისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი სერვისის შესახებ. ამასთან, უნდა დავძლიოთ სტიგმაც, თითქოს პალიატიური მზრუნველობა მხოლოდ ტერმინალური მდგომარეობების მართვას გულისხმობს. უნდა ითქვას, რომ ზოგ ქვეყანაში, სადაც პაციენტები წლების განმავლობაში არიან ჩართულნი პალიატიურ მზრუნველობაში, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე ნამდვილად შესაძლებელია ფიქრიც, ზრუნვაც და მუშაობაც.


ვინაიდან მე გახლავართ ევროპის მედიკოს ონკოლოგთა საზოგადოების სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი და პალიატიური მზრუნველობის საერთაშორისო ექსპერტი, შემიძლია გითხრათ, რომ პალიატიური მზრუნველობის სტიგმატიზაციის პრობლემა ევროპის სხვა ქვეყნებშიც არსებობს. ამიტომ ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჯობს, ეს შიშის მომგვრელი ტერმინი შეიცვალოს და პალიატიურ მზრუნველობას “პაციენტზე ორიენტირებული მზრუნველობა” დაერქვას.


– რამდენი ხანია, რაც საქართველოში მოქმედებს პალიატიური მზრუნველობის პროგრამა?


– პალიატიური მზრუნველობის პრაქტიკული განხორციელება დაიწყო 2004 წელს, პილოტური პროექტის ფარგლებში, მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა კი ამოქმედდა 2005 წლიდან. 2001-დან 2004 წლმადე უმთავრესად საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობდა. ამისთვის უნგრეთიდან, რუმინეთიდან, ამერიკიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები უძღვებოდნენ საგანმანათლებლო პროგრამებს ქართველი მედიკოსებისთვის. 2006-2010 წლებში კი ერთი მხრივ – კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის, მეორე მხრივ კი პალიატიური მზრუნველობის ინსტიტუტის სივრცეში მომზადდა პალიატიური მზრუნველობის ორი საერთაშორისო ექსპერტი (მე და ჩემი კოლეგა, იოსებ აბესაძე). პალიატიური მზრუნველობის სახელმწიფო პროგრამა ეტაპობრივად გაიზარდა. პარალელურად იცვლებოდა საკანონმდებლო ბაზაც. სამწუხაროდ, 2013 წლიდან პროგრამამ რეგრესი განიცადა და დღეს ვერ პასუხობს ქვეყანაში პალიატიური მზრუნველობის საჭიროებებს. პროგრამა, რომელიც ამჟამად მოქმედებს, არ გულისხმობს ამ დარგში სპეციალურად მომზადებული სამედიცინო პერსონალის ჩართვას. არც მულტიდისციპლინურ გუნდს. უფრო მეტიც: ის არ უსვამს ხაზს მზრუნველობაში ექთანის როლს, ექთანი კი ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია. მისი საჭიროება ხშირად უფრო დიდია, ვიდრე ექიმისა. ყოველივე ამის გამო ზოგიერთმა სამედიცინო სამსახურმა სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა აღარ განაგრძო. ასე რომ, საქართველოში პროგრამა დღემდე ხორციელდება. სხვა საკითხია, რამდენად ხარისხიანად.


– როგორ ხდება და რაზეა დამოკიდებული პაციენტის პროგრამაში ჩართვა?


– დღეს პალიატიური მზრუნველობის განმხორციელებელი სტრუქტურული ერთეულია პირველადი ჯანდაცვა. ის წარმოადგენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და შემდგომი გაუმჯობესების ძირითად რგოლს, რაშიც პაციენტს ოჯახის ექიმი ეხმარება. პროგრამაში პაციენტის ჩართვაზე პირველადი ჯანდაცვა ზრუნავს.
საწუხაროდ, დღესდღეობით მოქმედი პროგრამა მხოლოდ ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების ჩართვას მოიაზრებს, ამ მდგომარეობაში კი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა იშვიათად აღემატება რამდენიმე დღეს, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება პალიატიური მზრუნველობის არსსა და პრინციპებს.


– სთავაზობენ თუ არა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს კლინიკებში პალიატიურ მზრუნველობას?


– 2008-დან 2012 წლამდე ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის პალიატიური მზრუნველობის სამსახური წარმოადგენდა სრულყოფილ სერვისს, რომელიც მოიცავდა როგორც სტაციონარს, ისე ამბულატორიას ანუ ბინაზე მომსახურებას და საკონსულტაციო სერვისსაც. საკონსულტაციო ჯგუფი გამოძახებით დადიოდა სხვადასხვა საავადმყოფოში, კონსულტაციას უწევდა პაციენტებს, აწვდიდა ინფორმაციას პროგრამის შესახებ და, იმავდროულად, პროგრამაშიც რთავდა. სტაციონარში მოხვედრილი პაციენტიც იგებდა ამ პროგრამის შესახებ და ბინაზე აგრძელებდა სამედიცინო მზრუნველობას.


– როგორია საყოველთაო ხელმისაწვდომობა?


– საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით, 10 000 მოსახლეზე საჭიროა პალიატიური მზრუნველობის 50 საწოლი. ეს მინიმალური რიცხვია. ცხადია, ჩვენ ამ სტანდარტს ჯერჯერობით ვერ ვაკმაყოფილებთ, თუმცა საწოლების განთავსება მოსახლეობის განლაგების შესაბამისია: თბილისში მეტია თავმოყრილი და გარკვეულწილად ფარავს მოთხოვნას, მაგრამ იგივე ვერ ხერხდება რეგიონებში. იქ ხელმისაწვდომობა, პრაქტიკულად, დარღვეულია.


– რაზეა დამოკიდებული პალიატიური მზრუნველობის ხარისხი?


– პალიატიური მზრუნველობის ხარისხიანად განხორციელებისთვის აუცილებელია სამედიცინო პერსონალის სათანადოდ მომზადება. უამისოდ შედეგის მიღება წარმოუდგენელია. ასევე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ბაზის გამართვა. დაბოლოს, აუცილებელია ქვეყნის მასშტაბით პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პალიატიური მზრუნველობის მნიშვნელობა


– პალიატიური მზრუნველობა როგორც აუცილებელი კომპონენტი შესულია კიბოს განვითარების პროგრამაში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ არის მოწონებული და დამტკიცებული. ეს გახლავთ ჯანდაცვის სისტემის განუყოფელი ნაწილი, რადგან ნებისმიერ ქვეყანაში, განვითარებადსა თუ განუვითარებელში, მოსახლეობა სამად იყოფა:
* ჯანმრთელები, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ პრევენციული ღონისძიებები;
* დაავადებულები, რომლებსაც სჭირდებათ სამედიცინო ჩარევა და სწორედ ამას აკეთებენ რიგი სამედიცინო დაწესებულებები;
* დაბოლოს ქრონიკული დაავადების მქონე პირები, რომლებსაც მუდმივად სჭირდებათ შესაბამისი მზრუნველობა.
ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების განკურნება წარმოუდგენელია, ამიტომ მათზე სახელმწიფომ მუდმივად უნდა იზრუნოს შესაბამისი პალიატიური თუ სარეაბილიტაციო პროგრამებით, რათა მათ მაქსიმალურად შეინარჩუნონ საზოგადოებასთან ინტეგრაცია. ეს ჯანდაცვის აუცილებელი, განუყოფელი რგოლია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, ქვეყანას ჰყავდეს განათლებული პერსონალი და ჰქონდეს შესაბამისი რესურსი.


– ფინანსურად რამდენად ხელმისაწვდომია პალიატიური მომსახურება პაციენტისთვის?


– მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ თუმცაღა პალიატიური მზრუნველობის პროგრამები დაფინანსებას მოითხოვს, ქვეყანაში მათი არსებობა მკვეთრად ამცირებს სამედიცინო ხარჯებს. აქ იგულისხმება პაციენტთა შემცირებული მიმართვა და დაყოვნება ინტენსიური თერაპიისა თუ რეანიმაციის სტაციონარებში. პალიატიური მზრუნველობა სახელმწიფოსთვის გაცილებით იაფია, რადგან არ მოითხოვს მაღალბიუჯეტიან დანახარჯებს. ამას კი დღეს არ ითვალისწინებენ.
ამჟამად პალიატიური მზრუნველობის სტაციონარული მომსახურების ფასი პაციენტის სტატუსზეა დამოკიდებული. სტაციონარის ერთი საწოლდღის ღირებულება შეადგენს 75 ლარს, რომლის 70%-ს სახელმწიფო იხდის, ხოლო 30-ს – პაციენტი. ეს საკმაოდ კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი ხარისხიანი მზრუნველობის განსახორციელებლად. ვფიქრობ, ეს პროგრამა უნდა გადაიხედოს და რეალური სახე მიეცეს.


– ითვალისწინებს თუ არა პროგრამა ბავშვებზე პალიატიურ მზრუნველობას?


– რა თქმა უნდა, ითვალისწინებს. არსებობს ბავშვთა პალიატიური მზრუნველობის განყოფილებაც და ჰოსპისიც, რომელიც ძალიან კარგად არის მოწყობილი და სადაც ბავშვებზე არაჩვეულებრივად ზრუნავენ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის დიდწილად შემოწირულობებით ფუნქციონირებს. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიულ კომპონენტსაც. მაგრამ, სამწუხაროდ, საჭიროება უფრო დიდია.
საჭიროა მეტი განათლება და პროგრამის სწორად განხორციელება. სხვაგვარად ძალიან ძნელი იქნება საუბარი საქართველოში პალიატიური მზრუნველობის როგორც სრულყოფილი კომპონენტის არსებობაზე. პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იმედი მაქვს, სამომავლოდ მიდგომა შეიცვლება, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ღირსეულად და სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: