ორგანოები, რომელთა გარეშე ცხოვრება შესაძლებელია

გააზიარე:

ადამიანის სხეული საოცარი ქმნილებაა – 600-ზე მეტი კუნთის, 200-ზე მეტი ძვლისა და ათასობით მყესისგან შექმნილ მტკიცე კარკასში ყველა ორგანო უსაფრთხოდაა მოთავსებული. თითოეული მათგანი უფრო დიდი სისტემის ნაწილია და აქვს კონკრეტული ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზმს, მრავალი მნიშვნელოვანი ქმედება განახორციელოს. თუმცა, როგორც ამბობენ, შეუცვლელი არავინაა. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ზოგიერთ ორგანოზეც, რადგან სხეულს მათ გარეშეც ჩვეულ რიტმში შეუძლია ცხოვრება. ევოლუციისა და მედიცინის მიღწევების წყალობით უამრავი ადამიანი ცხოვრობს იმ ორგანოების გარეშე, რომლებიც ოდესღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა.

ნაღვლიანი კუჭ– ნაწლავი

მსხლის ფორმის ნაღვლის ბუშტი ღვიძლის ქვედა კედელზე მდებარეობს და მისი ძირითადი მოვალეობა წყლის, ნაღვლის მჟავების, ელექტროლიტების, ქოლესტეროლის, ლეციტინისა და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი მომწვანო-მოყვითალო სქელი სითხის, ნაღვლის, შენახვა და კონცენტრირებაა. ეს ჯადოსნური სითხე დღე-ღამეში 500-600 მლ-ის ოდენობით გამომუშავდება ღვიძლში. მისი დიდი ნაწილი ნაღვლის ბუშტში გროვდება, იქიდან ნაღვლის სადინარით წვრილ ნაწლავში გადადის და საჭმლის მონელებაში მონაწილეობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაღველი მნიშვნელოვანია საჭმლის მონელების პროცესისთვის, ნაწლავები თავიანთ მოვალეობას მის გარეშეც ართმევენ თავს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც შეიძლება ნაღვლის ბუშტთან განშორება მოგვიწიოს, ქოლელითიაზი ანუ ნაღველკენჭოვანი დაავადებაა. ახალ ანატომიურ პირობებში, როდესაც ნაღვლის ბუშტი უკვე აღარ არსებობს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ორგანოები (ღვიძლი, კუჭუკანა ჯირკვალი, ნაწლავები, კუჭი, თავად ნაღვლის გამომყოფი გზები) მუშაობის ახლებურ მოდელზე გადადიან. ერთადერთი საზრუნავი, რომელიც ნაღვლის ბუშტის გარეშე დარჩენილ ადამიანს უჩნდება, არის კვების განსაკუთრებული რეჟიმის შემუშავება და დაცვა – საკვების მიღება მცირე ულუფებით, 2-4 საათში ერთხელ (წილადობრივი კვება), მძიმე და მავნე პროდუქტების – შემწვარის, ცხიმიანის, მარილიანის, შებოლილის – რაციონიდან ამოღება.

ინფექციასთან მებრძოლი ჯარისკაცი

ნაყოფის განვითარების პერიოდში ელენთის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სისხლის უჯრედებისა და ანტისხეულების (დამცავი უჯრედების) წარმოქმნაა, დაბადების შემდეგ კი მის მოვალეობაში შედის ვირუსების, ქსოვილის მკვდარი უჯრედებისა და დაშლილი ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა. ამით ის ხელს უშლის ორგანიზმში ინფექციის გავრცელებას. ელენთაშივე ხდება ხანდაზმული და ფუნქციადაკარგული ერითროციტების დაშლა. ის სისხლის დეპოც არის – მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელსაც ელენთა ორგანიზმში გადაისვრის საჭირო დროს, როცა ორგანიზმის სისხლმომარაგება მცირდება და სისხლზე მოთხოვნა იმატებს.

ვინაიდან ელენთაში დიდი მოცულობითაა სისხლი, მისი ნებისმიერი დაზიანება (ტრავმა ან გადიდება) შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ასეთ დროს ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება სპლენექტომია ანუ ელენთის ამოკვეთაა, სანამ ის "გასკდება" და საქმე შინაგან სისხლდენამდე მივა. ელენთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია, თუმცა მისი უქონლობისას საგრძნობლად იმატებს ინფექციური დაავადებების რისკი, ამიტომ ინფექციის რისკფაქტორები უნდა შევამციროთ. აუცილებლად ჩაიტარეთ ვაქცინაცია მენინგოკოკის, პნევმოკოკისა და ჰემოფილუს ინფლუენსას წინააღმდეგ როგორც ელენთის ამოკვეთამდე, ისე ამოკვეთის შემდეგ. პნევმოკოკური ვაქცინის მიღება საჭიროა ხუთ წელიწადში ერთხელ. ცხელების დაწყებისთანავე დაუკავშირდით ექიმს, რადგან ეს შესაძლოა ინფექციის ნიშანი იყოს. ერიდეთ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც გავრცელებულია, მაგალითად, მალარია.

პატარა დანამატის დიდი პრობლემები

იმ ადგილის მახლობლად, სადაც წვრილი ნაწლავი მსხვილში გადადის, თითის ფორმის ღრუ წანაზარდი – ჭიაყელა დანამატი, იგივე აპენდიქსი მდებარეობს. ამ პატარა ორგანოს ბევრი დღემდე ბრმა ნაწლავს უწოდებს, რაც არ არის მართებული. აპენდიქსის ფუნქცია წლების განმავლობაში საკამათო იყო. მეცნიერთა ნაწილი მას რუდიმენტადაც კი მიიჩნევდა და ქირურგები მუცლის ღრუზე ამა თუ იმ მიზეზით ჩატარებული ოპერაციის დროს უდანაშაულო ჭიაყელა დანამატს უმოწყალოდ კვეთდნენ აპენდიციტის განვითარებისგან თავის დასაზღვევად.

დღეს არაერთი კვლევის საფუძველზე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჭიაყელა დანამატი განსაზღვრულ როლს ასრულებს იმუნური სისტემის მუშაობაში. ლიმფური ქსოვილი დაბადებიდან მალევე იწყებს პაწაწინა ნაწლავში დაგროვებას. მისი ოდენობა სიცოცხლის მეორე-მესამე ათწლეულებში აღწევს პიკს, ამის შემდეგ კი სწრაფად მცირდება და 60 წლისთვის პრაქტიკულად ქრება. სამეცნიერო დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აპენდიქსი ხელს უწყობს B ლიმფოციტების მომწიფებასა და A იმუნოგლობულინის (IgA) წარმოებას, ასევე მონაწილეობს იმ მოლეკულების წარმოქმნაში, რომლებიც სხეულში ლიმფოციტების გადაადგილებას განაპირობებს. ამ დამსახურებათა მიუხედავად, ანთების განვითარებისთანავე, მოსალოდნელი გართულებების შიშით, ჭიაყელა დანამატს უყოყმანოდ ამოკვეთენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაოპერაციევი ადამიანი არავითარ დანაკლის არ გრძნობს და ჩვეულებრივ აგრძელებს ცხოვრებას.

ერთიც საკმარისია

ჯანმრთელი ადამიანი მოსვენებისას 4-5 წამში ერთხელ ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს, რაც წუთში საშუალოდ 15, დღე-ღამეში კი დაახლოებით 22 000 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უდრის. რომ გავწელოთ, ფილტვების ზედაპირი ჩოგბურთის მოედნის ნახევარს დაფარავს. ის 300-დან 500 მილიონამდე ალვეოლას შეიცავს. სწორედ ამ წვრილ ბუშტუკებში ხდება აირთა ცვლა: გულიდან მომავალი სისხლი აქ ტოვებს ნახშირორჟანგს, რომელსაც მუშაობის შედეგად გამოყოფს ყველა ორგანო, სანაცვლოდ კი ჟანგბადით მდიდრება და გულისკენ მიედინება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ფილტვი განუწყვეტლივ მონაწილეობს სუნთქვის პროცესში, თითოეული მათგანი ინდივიდუალურად "აღჭურვილია" ყველა იმ ნაწილით, რომელიც საჭიროა მეორის გარეშე ფუნქციობისთვის, ამიტომ ცალი ფილტვით ცხოვრება შესაძლებელია, რასაც უამრავი მაგალითი ადასტურებს. ყველაზე ცნობილი "ცალფილტვიანი" ადამიანი კი რომის პაპი ფრანცისკე გახლავთ – მოზარდობიდან მოყოლებული, ერთი ფილტვით სუნთქავს.

ფილტვის კიბო პნევმექტომიის (ფილტვის ამოკვეთის) ყველაზე გავრცელებული მიზეზია. მიზეზთა ჩამონათვალში ასევე შედის ფილტვის ტრავმული დაზიანება, ტუბერკულოზი, ფილტვის თანდაყოლილი პათოლოგია, ფილტვის სოკოვანი დაავადება, პულმონური მეტასტაზები (კიბო, რომელიც სხეულის სხვა ადგილიდან გავრცელდა ფილტვებში). პნევმექტომიის შემდეგ, რა თქმა უნდა, ცხოვრება ისეთივე ვეღარ იქნება, როგორიც მანამდე. რეკომენდებულია ხანგრძლივი ძილი და ცხოვრების განსხვავებული ტემპის შემუშავება, ზოგიერთი ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა– შემცირება, აქტიური სპორტის გვერდზე გადადება და მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ცალი ფილტვის უქონლობა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას არ ახდენს (რასაკვირველია, გასათვალისწინებელია ასაკი, თანმხლები დაავადებები და ორგანიზმის საერთო მდგომარეობა).

რეპროდუქციული ჭიდილი

მიუხედავად იმისა, რომ რეპროდუქციული სისტემის ზოგიერთი ორგანოს გარეშე შთამომავლობის ყოლის ალბათობა ძალიან მცირეა, ადამიანს საშვილოსნოს, საკვერცხეების, წინამდებარე და სათესლე ჯირკვლების ამოკვეთის შემდეგაც შეუძლია ცხოვრება. არსებობს სასქესო ორგანოების უამრავი დაავადება, რომელთა გამოც საჭიროა ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ამჯერად პრობლემის თანდაყოლილ მიზეზებზე გავამახვილებთ ყურადღებას. ემბრიონის სასქესო ორგანოთა ჩამოყალიბება ნაყოფის ჩასახვის პირველივე კვირებიდან იწყება, ინტენსიური განვითარება კი მე-8-დან მე-12 კვირამდე მიმდინარეობს. ექიმ რეპროდუქტოლოგთა მონაცემებით, როკიტანსკი-მაიერ-კუსტერის სინდრომი 4 500 ახალშობილი გოგონადან ერთთან გვხვდება. ამ დროს აღნაგობა, ფიზიკური და სქესობრივი განვითარება ასაკობრივ ნორმებს შეესაბამება. კარგად არის გამოხატული მეორეული სასქესო ნიშნები და გარეთა სასქესო ორგანოები. დარღვეულია შიდა სასქესო ორგანოთა განვითარების პროცესი, რის შედეგადაც საშო და საშვილოსნო მთლიანად ან ნაწილობრივ განუვითარებელია. მამაკაცების ერთ-ერთი თანდაყოლილი ანომალიაა ჰიპოსპადია, რომელიც 300-იდან ერთ ახალშობილ ვაჟს აღენიშნება. ამ დროს შარდსასქესო სისტემის არხი იხსნება სასქესო ასოს უკანა ზედაპირზე, რადგან შარდსადინარის ქვედა ნაწილის კედელი განუვითარებელია. ამასთანავე, დარღვეულია შარდის ნორმალური გამოყოფა. სქესობრივი მომწიფებისას კი წარმოიქმნება პრობლემა – მკვეთრად გამოხატული ჰიპოსპადია ხელს უშლის სქესობრივ ცხოვრებას.

რეპროდუქციული ორგანოების დაკარგვის მთავარი პრობლემა სქესობრივი ჰორმონების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებაა – ისინი ხომ აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში, აღსანიშნავია, რომ სასქესო ჰორმონები ძვლოვანი სისტემის პროტექტორები არიან. დადგენილია, რომ ყოველგვარი ჰორმონული დისბალანსი ძვლის სიმტკიცის შემცირებას იწვევს. თუმცა ტესტოსტერონისა და ესტროგენის ჩანაცვლებითი თერაპიები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ის ამა თუ იმ მიზეზით სჭირდება.

მარი მარღანია

გააზიარე: