სალათა აისბერგი – მოვლა და მოყვანა
გააზიარე:
ზაფხული სალათის ფოთლების სეზონია. ჰოდა, თუ გინდათ, პირი ყოველდღე ახალდაკრეფილი, ხრაშუნა სალათით ჩაიგემრიელოთ, ბაღში ან აივანზე მასაც გამოუძებნეთ ადგილი.
როგორი პირობები უნდა შეუქმნათ სალათას კარგი მოსავლის მისაღებად, ამას ჩვენი სტატიიდან შეიტყობთ.
სალათის (Lactuca sativa) მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ფოთლის ზომით, ფორმით, სიმკვრივით და შეფერილობით განსხვავდება ერთმანეთისგან.
თავიანი სალათის ერთ-ერთი სახეობაა აისბერგი. ამჯერად სწორედ მის მოყვანასა და მოვლაზე ვისაუბრებთ.
სალათის ეს ჯიში ამერიკაში მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს. ვინაიდან იმხანად ვაგონ-მაცივრები არ არსებობდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სალათა ჩვეულებრივი ვაგონებით გადაჰქონდათ და გზაში რომ არ გაფუჭებულიყო, გარშემო ყინულის ლოდებს ულაგებდნენ. “აისბერგიც” ამიტომ შეერქვა.
აისბერგის ჯიშის სალათა მრგვალია. აქვს ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი და, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ხრაშუნა ფოთლები. წააგავს თეთრ კომბოსტოს.
ბაღის სხვა სალათების მსგავსად, აისბერგს მთავარღერძიანი ფესვთა სისტემა აქვს. ჯერ ფოთლების როზეტი უვითარდება, მერე კი – ძლიერ განტოტვილი საყვავილე ღერო პატარა ყვითელი ყვავილებით.
აისბერგს უყვარს ზომიერი ჰავა, თუმცა სხვა ჯიშებზე უკეთესად უძლებს მაღალ ტემპერატურას. მისი გახარება საქართველოს ბევრ რეგიონშია შესაძლებელი. ასე რომ, თუ მოინდომებთ, ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.
რას შეიცავს
აისბერგი ნაკლებკალორიული (12-13 კალორია 100 გრამში) და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბოსტნეულია. მისი 95% წყალია, ამიტომ საუკეთესო საკვებია მათთვის, ვინც ჭარბ წონას უჩივის. აისბერგში სალათის სხვა ჯიშებთან შედარებით მეტია ბეტა კაროტინი, რომელსაც ორგანიზმი A ვიტამინად გარდაქმნის. გარდა ამისა, შეიცავს C, E, B9 ვიტამინებს, რკინას, თუთიას, ცილებსა და ნახშირწყლებს.
ჩამოთვლილი ნივთიერებები უკეთ შეიწოვება, თუ სალათას უმად მიირთმევთ. კიდევ უფრო უკეთესი იქნება, თუ სალათას მომზადების წინ მოიტანთ ბაღჩიდან – რაც უფრო მეტხანს შეინახავთ და მეტად უგულებელყოფთ შენახვის პირობებს, მით მეტ სასარგებლო ნივთიერებას დაკარგავს ის.
ადგილი და ნიადაგი
აისბერგს უყვარს მსუბუქი, კარგად გაფხვიერებული, გამტარი, ნეშომპალით მდიდარი ნიადაგი. მისთვის ოპტიმალურია PH 6-7. ადგილი კი მზიანი უნდა შეურჩიოთ, თუმცა ნახევრად ჩრდილში გახარებაც შეიძლება. კარგი მოსავლის მისაღებად დათესვამდე მიწა კარგად გაანოყიერეთ კომპოსტით ან დამწვარი ნაკელით.
დათესვა ან დარგვა
აისბერგის სალათა თესლითაც მრავლდება და და ჩითილითაც. პირდაპირ ღია გრუნტში დათესვა ან გადარგვა მაისიდან გვიან ზაფხულამდე შეიძლება, ჩითილის მომზადება კი თებერვალში ან მარტში უნდა დაიწყოთ. ის შეგიძლიათ ფანჯრის რაფაზე, სათბურში ან, თუ შეფუთავთ, აივანზეც გამოზარდოთ. აისბერგის თესლი 10-15 გრადუსზე ღვივდება. 4-5 სმ სიღრმის ჭურჭელში სპეციალური საჩითილე მიწა ჩაყარეთ, კარგად დაანოტივეთ, ზედ თესლი მოაბნიეთ და თხლად გადააყარეთ მიწა – არა უმეტეს 1 სანტიმეტრისა, რადგან თესლს გასაღვივებლად სინათლეც სჭირდება. სამ-ოთხ ფოთოლს რომ გამოიტანს, გარეთ გადარგეთ, ერთმანეთისგან 30-35 სმ-ის დაშორებით, ხოლო რიგებს შორის დაახლოებით 35-50 სმ დატოვეთ. რაც მთავარია, ნიადაგი 10-15 გრადუსამდე უნდა იყოს გამთბარი, რომ სალათის თავები კარგად განვითარდეს.
თუ აისბერგს პირდაპირ გარეთ დათესავთ, ფოთლების გამოტანის შემდეგ შედარებით სუსტი ძირები ამოთხარეთ, რომ დანარჩენებმა ნიადაგიდან მეტი საკვები ნივთიერება აითვისონ და კარგად გაიზარდონ, თუმცა სპეციალისტები ჩითილით გახარებას ამჯობინებენ, რადგან მოსავალს ასე უფრო ადრე მიიღებთ.
ჩითილის სწორად გადარგვაც უნდა იცოდეთ: მეტისმეტად ღრმად არ ჩაფლათ, თორემ ფოთლები კარგად არ განუვითარდება. მიწაში მხოლოდ ფესვი დამალეთ.
დათესვისა და გადარგვის შემდეგ მიწა კარგად მორწყეთ. აისბერგს სიმშრალე არ უყვარს, ამიტომ ეცადეთ, ნიადაგი უმეტესად ნოტიო იყოს.
აისბერგის დარგვა ეტაპობრივად ჯობს, რამდენიმედღიანი ან რამდენიმეკვირიანი შუალედით, რომ მოსავალიც ეტაპობრივად აიღოთ. თუ ასე მოიქცევით, ქორფა სალათა ოქტომბრის ბოლომდე გექნებათ. მისი დარგვა ყველაზე გვიან ივლისის ბოლოს შეიძლება, მოსავლის აღებამდე კი დაახლოებით 2-3 თვეა საჭირო.
აისბერგის საუკეთესო წინამორბედები არიან პარკოსნები, პრასი, ისპანახი, კარგი მეზობლები კი – ბოლოკი, ოხრახუში, პომიდორი.
მოვლა
აისბერგს დიდი მოვლა არ სჭირდება. მორწყეთ რეგულარულად, განსაკუთრებით – მანამდე, სანამ თავებს გაიკეთებს, ამის შემდეგ კი ეცადეთ, წყალი ძირში დაასხათ და არა თავებზე.
დროდადრო სარეველაც მოაშორეთ ხოლმე.
ამოთხრისას ეცადეთ, სალათას ფესვები და ფოთლები არ დაუზიანოთ.
კარგი იქნება, თუ ზრდის პროცესში ჭინჭრის ნაყენს მოასხურებთ.
მცენარემ საჭირო ნივთიერებები კარგად რომ შეითვისოს, გირჩევთ, ნიადაგი რეგულარულად გააფხვიეროთ ხოლმე.
მავნებლები და დაავადებები
ლოკოკინა აისბერგის დიდი მტერია, ამიტომ ყურადღებით იყავით და თუ ნარგავების ახლომახლო შეამჩნიეთ, მოაშორეთ. მცენარეს ლოკოკინასგან კარგად იცავს ზედ ჩამოსაცმელი სპეციალური პლასტიკატის რგოლი, რომელიც შეგიძლიათ ინტერნეტით შეუკვეთოთ. შინ დამზადებაც შეიძლება ძველი უძირო ქოთნისგან. ასევე შეიძლება, კვალი ბადით შემოსაზღვროთ. ახალგაზრდა მცენარეს მუხლუხო და ბუგრებიც ერჩიან – ბადეები მათგანაც დაიცავს.
ხშირი წვიმების გამო სალათას შესაძლოა სოკო გაუჩნდეს. ამ დროს ძალიან კარგია შვიტის ნაყენი. ის ბიოლოგიური საშუალებაა მცენარის მოსაძლიერებლად. მასში შედის დიდი რაოდენობით სილიციუმმჟავა, რომელიც მცენარეს სოკოს წინააღმდეგ მედეგობას მატებს. შეგიძლიათ, შვიტის ნაყენი თვითონვე მოამზადოთ შინ:
* დაახლოებით 1 კილოგრამი შვიტის ტოტი დაჭერით, ჩაყარეთ სათლში, დაასხით 10 ლიტრი წყალი და 12 საათით დადგით მზეზე. დროდადრო ხის ჯოხით ამოურიეთ ხოლმე. მერე წამოადუღეთ და გაწურეთ. მოსხურების წინ გააზავეთ წყლით თანაფარდობით 1:5. უმჯობესია, ნაყენი მცენარეს საღამოს ან ღრუბლიან ამინდში მოასხათ. პროფილაქტიკისთვის ეს პროცედურა ჩაატარეთ თვეში ერთხელ, ხოლო თუ სოკო შეამჩნიეთ, კვირაში 1-2-ჯერაც შეიძლება.
მოსავლის აღება
როგორც უკვე გითხარით, დათესვიდან 11-12 კვირაში სალათა ასაღებად მზად არის. თუ აისბერგის თავი კარგადაა გაზრდილი, უმჯობესია, ის მაშინვე ან მაქსიმუმ 1-2 დღეში მოჭრათ. თავი დანით გადაჭერით მიწასთან რაც შეიძლება ახლოს ან ფესვიანად ამოიღეთ. მოსავლის ასაღებად საუკეთესო დრო დილაა. თუ სალათაზე ბუგრები შეამჩნიეთ, გირჩევთ, რამდენიმე წუთით მარილწყალში ჩადოთ.
თუ შენახვის პირობებს დაიცავთ, სალათა მაცივარში ორ კვირამდე შეინახება. ის უკეთესად გაძლებს, თუ: ახალმოჭრილია ან ფესვიანად ამოთხრილი, ბოსტნეულის განყოფილებაშია მოთავსებული, სამზარეულოს სპეციალურ ცელოფანში ან ქაღალდშია გახვეული.
სუპერმაკეტში ნაყიდი აისბერგი ნაკლებსაიმედოა, რადგან არავინ იცის, როდისაა მოჭრილი.
თუ სალათის შენახვას აპირებთ, წყალს მოარიდეთ. თუ ახალმოჭრილი თავები ტალახიანია, ხელით ან მშრალი ჯაგრისით გაასუფთავეთ, გარეთა დაზიანებული ფოთლები მოაშორეთ და აუცილებლად დაათვალიერეთ, ბუგრები არ ჰქონდეს.
აისბერგის სალათა კარგად ინახება მშრალ გრილ სარდაფშიც, ქაღალდში გახვეული. მისი გაყინვა არ შეიძლება.
ყიდვისას გაითვალისწინეთ, რომ სალათის თავი კარგად შეკრული იყოს.
თავის საშუალო წონა 300-500 გრამია.
აისბერგის სალათას კულინარიაში უმეტესად უმს იყენებენ. მომზადების წინ ფოთლები დაჭერით და გასარეცხად რამდენიმე წუთით გამდინარე წყალში ჩაყარეთ. ასე ნიტრატებიც წყალში გადავა. მერე საწურზე დააწყვეთ, რომ დაიწრიტოს. ძალიან უხდება ნებისმიერ ბოსტნეულს, ხორცის, თევზის, კარტოფილისა და ბრინჯის შესანიშნავი გარნირია.
ჯილდა გაჩეჩილაძე