ალექსანდრე გზირიშვილი - მოუსვენარი მეცნიერი და პაციენტების იმედი
გააზიარე:
რუსეთის იმპერიაში საავადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობა მხოლოდ რუსებისთვის იყო განკუთვნილი. პირველი ქართველი, რომელიც წმინდა მიქაელის (ახლანდელი ცენტრალური რესპუბლიკური) საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნეს, სპირიდონ ვირსალაძე გახლდათ. ვირსალაძის შემდეგ ეს თანამდებობა გრიგოლ მუხაძემ დაიკავა, ის კი ალექსანდრე გზირიშვილმა შეცვალა. ექიმი გასტროენტეროლოგი ხუტა პაჭკორია, რომელიც ალექსანდრე გზირიშვილის შესახებ გვესაუბრა, გულისტკივილით შენიშნავს, რომ, მიუხედავად ქართული მედიცინის წინაშე უდიდესი დამსახურებისა, ამ მართლაც ბრწყინვალე ქირურგისა და ნოვატორი მეცნიერის სახელი სათანადოდ არ არის დაფასებული.
სწავლის ძირი
– ალექსანდრე გზირიშვილი 1902 წლის 26 იანვარს ქიზიყში, სოფელ ვაქირში დაიბადა. მამამისი ზაქარია პატიოსანი, გამრჯე, ღარიბი გლეხი იყო. დედამისმა ელისაბედმა წერა-კითხვა არ იცოდა, რასაც ძალიან განიცდიდა და ყველაფერი იღონა, რომ უფროსი შვილისთვის მაინც მიეცა განათლება. ფირანი, როგორც შინაურები ეძახდნენ, ჯერ სოფლის სამკლასიან სკოლაში შეიყვანეს, მერე კი სიღნაღის სკოლაში. იქ ისე გამოიჩინა თავი, სწავლის საფასურისგანაც გაათავისუფლეს და საუკეთესო რეკომენდაციაც გაატანეს თბილისის ქართული გიმნაზიისთვის.
გიმნაზიის მოწაფე ზაფხულს მშობლიურ სოფელში ატარებდა და მშობლებს ეხმარებოდა.
ალექსანდრე თვრამეტი წლისა იყო, როცა მამამისი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ ალექსნადრემ სწავლა არ მიატოვა, გიმნაზია დაამთავრა და 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ორიოდე წელიწადში დედაც დაკარგა. დაობლებული და-ძმის მოვლა-პატრონობა ხელმოკლე სტუდენტს დაეკისრა. ალექსანდრემ ერთოთახიანი ბინა დაიქირავა და ბავშვები თბილისში ჩამოიყვანა. ამ გაჭირვებისას ძალიან დაეხმარა საყვარელი ლექტორის, უნივერსიტეტის პრორექტორ ალექსანდრე ნათიშვილის შუამდგომლობით დანიშნული სტიპენდია.
ფერშლობიდან ქირურგობისკენ
– ალექსანდრე სტუდენტობის წლებშივე დაქორწინდა თანაკურსელ თამარ ოჩიგავაზე. მეექვსე კურსზე პირველი შვილი გივი შეეძინათ, მოგვიანებით – ნათელა და მზია. თამარი ბავშვებსაც უვლიდა და მუშაობდა კიდეც, ჯერ – მენ-გინეკოლოგად, მერე – უროლოგად, და საყვარელ მეუღლეს მთელი ცხოვრება ერთგულად ედგა მხარში.
სწავლის დამთავრების შემდეგ ცოლ-ქმარი თბილისშივე გაანაწილეს. ალექსანდრე სტაჟიორად მოხვდა რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. ხელმძღვანელი ნამდვილად საოცნებო შეხვდა – ქართული ქირურგიის დიდი მოამაგე გრიგოლ მუხაძე. მაგრამ გრიგოლმა პირველი შეხვედრისთანავე ცივი წყალი გადაასხა ახალგაზრდა ექიმს – ჩემთან მუშაობას თუ აპირებ, სანიტრობიდან უნდა დაიწყოო. ალექსანდრეს გუნება წაუხდა, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა, მიებარა ხანში შესულ სანიტარს მაქსიმე ფინაგეევს, რომელიც ფერშლობაში მუხაძის მასწავლებელიც იყო და ბეჯითად დაიწყო ქირურგიის ანბანის შესწავლა. რა თქმა უნდა, გული სწყდებოდა, რომ მისი თანაკურსელები სხვა კლინიკებში უკვე ოპერაციებს ატარებდნენ, თვითონ კი ხელსახოცებს და ბანდებს ასტერილებდა, ინექციებსა და ოყნებს აკეთებდა, კოტოშებს, კომპრესებსა და ნახვევებს ადებდა პაციენტებს...
თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა – გრიგოლმა მალე დააფასა მუყაითი და ნიჭიერი მოწაფე. სამეცნიერო კონფერენციაზე ალექსანდრემ მოხსენება წაიკითხა. საკითხი ისე ღრმად იყო გააზრებული და საფუძვლიანად დამუშავებული, რომ მუხაძემ დაუყოვნებლივ გამოქვეყნების ღირსად მიიჩნია. მალე ახალგაზრდა კოლეგა ორდინატორადაც გადაიყვანა და რთული ოპერაციების ჩატარებაც მიანდო.
ალექსანდრე ყოველგვარ საქმეში მხარში ედგა დიდ მასწავლებელს: ორი თვის განმავლობაში კარდაკარ მოიარა სამხრეთ ოსეთი, ყელ-ყურ-ცხვირის, ლიმფური ჯირკვლებისა და ძვალ-სახსართა ტუბერკულოზის შესახებ დიდძალი მასალა მოაგროვა, მეცნიერულად დამუშავა და ქირურგთა კონფერენციაზე წარადგინა; კლინიკის ბოლო ათი წლის არქივიდან გადაახარისხა და დაამუშავა უროლოგიურ პაციენტთა ისტორიები (ამას მთელი წელი მოანდომა); შეისწავლა და ქირურგებს გააცნო მიზეზები, რომლებიც წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს ოპერაციის არცთუ სახარბიელო შედეგებს იწვევდა. საბოლოოდ მუხაძემ უკვე საყვარელ და გამორჩეულ მოწაფეს უროლოგიის შესწავლა შესთავაზა.
ოსტატობის გზაზე
– 1930 წელს ალექსანდრე ოჯახითურთ ზუგდიდში მიავლინეს. სწორედ იქ დააფასა ახალბედა ექიმმა მასწავლებლის ტაქტიკა, რომელმაც ქირურგიის ანბანის საგულდაგულოდ შესწავლა აიძულა. საოპერაციო დამ მისვლისთანავე გააფრთხილა, მუცლის ღრუს რთული ოპერაციები ცუდად გვაქვს დაცდილი, გვიჩირქდება და ხელს ნუ მოჰკიდებთო. ალექსანდრემ პირველი ოპერაციისთვის განსაკუთრებულად დაიწყო მზადება და ამ სამზადისში გასაოცარი რამ აღმოაჩინა – ავტოკლავის მანომეტრი გაჩერებული იყო, ექთანებს კი ეგონათ, რომ საოპერაციო მასალა სტერილდებოდა...
რვა თვე იმუშავა ალექსანდრემ ზუგდიდში და არც ერთი ოპერაცია არ გართულებია. სხვათა შორის, ზუგდიდშივე ჩაატარა ორიგინალური ოპერაცია: ღვიძლის პათოლოგიის გამო ახალგაზრდა ქალს მუცლის ღრუში სითხე უგროვდებოდა და წარამარა ოპერაციას უკეთებდნენ. საწყალი, იხვეწებოდა, იქნებ მოახერხოთ, ორი-სამი თვე მაინც არ დამიგროვდეს სითხე, დავისვენო, ამოვისუნთქოო. ალექსანდრემ ამ შემთხვევის შესაფერისი ოპერაცია მეთოდურ ლიტერატურაში ვერსად იპოვა და ბევრი ფიქრის შემდეგ თვითონვე შეიმუშავა მისი ტაქტიკა: თირკმლის მენჯი მუცლის ღრუს პერიტონეუმს მიაკერა. რა თქმა უნდა, პაციენტი ამით არ განკურნებულა, მაგრამ მუცელში დაგროვილი სითხე შარდთან ერთად გამოეყოფოდა და მისი ამოღება აღარ სჭირდებოდა...
ეს მეთოდი ძალიან მოეწონა აკადემიკოს სერგეი იუდინს და თავის კლინიკაშიც დანერგა. რამდენიმე წლის შემდეგ ერთმა ამერიკელმა პროფესორმაც მიაგნო იმავე მეთოდს და ავტორობას იჩემებდა, თუმცა ალექსანდრე გზირიშვილის შემთხვევა პრესაში უკვე გამოქვეყნებული იყო.
ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ზუგდიდელებს არ ეთმობოდათ ოქროსხელება ქირურგი, მაგრამ მუხაძემ არავის თხოვნას ყური არ ათხოვა და კიდევ უფრო დახელოვნებული ალექსანდრე კლინიკაში დაიბრუნა.
ალექსანდრე გზირიშვილის კალმასობა ამით არ დამთავრებულა – რამდენიმე წელი წალკის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგეც იყო. იქაც მალე მოიპოვა აღიარება. ატარებდა ნებისმიერ ოპერაციას, საკეისრო კვეთას თუ თავის ქალას ტრეპანაციას.
1933 წელს გრიგოლ მუხაძემ ნიჭიერი მოწაფე უროლოგიაში ცოდნის ასამაღლებლად ლენინგრადში გაგზავნა. ღამისთევა საერთო საცხოვრებელში უწევდა, სადაც ერთ ოთახში თხუთმეტი კაცი შეყუჟულიყო, მაგრამ სწავლის სურვილით ანთებული ახალგაზრდა ხმაურს და სივიწროვეს ყურადღებას არ აქცევდა. სახელგანთქმულ უროლოგ ბორის ხოლცოვს ძალიან მოეწონა ქართველი ექიმი და თავის ოპერაციებზე დასწრება შესთავაზა, ალექსანდრემ კი შარდის ბუშტის გაკვეთის საკუთარი მეთოდი აჩვენა დიდ დასტაქარს.
გრიგოლ მუხაძის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის მთავარმა ქირურგ-უროლოგმა ალექსანდრე ოთხ თვეში გამოიწვია ერთწლიანი მივლინებიდან, თუმცა ხოლცოვის დარიგება, მენჯის მანომეტროგრაფიულ კვლევა-ძიებას ბოლომდე მიჰყევიო, გზირიშვილმა შეასრულა და ამ თემაზე 1937 წელს დისერტაციაც დაიცვა. მანამდე კი, 1936-ში, ალექსანდრე საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნეს.
ორგანიზებაც ისევე კარგად ეხერხებოდა, როგორც ოპერაციების ჩატარება. ბევრი რამ შესძინა კლინიკას. ოცდაათსაწოლიანი უროლოგიური განყოფილებაც გახსნა, სადაც ათიოდე დღეში ადგილი უკვე აღარ იყო. მაგრამ საორგანიზაციო საქმეებს უამრავი დრო და ენერგია მიჰქონდა, ალექსანდრე ვეღარც პაციენტებს აქცევდა სათანადო ყურადღებას, ვეღარც სადოქტორო ნაშრომს, ამიტომ თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა. თავდაპირველად უარი უთხრეს, მაგრამ რაკი არ დაიშალა, მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
დაჭრილთა იმედი
– მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ალექსანდრეს თბილისში ჰოსპიტლის მოწყობა დაავალეს. გზირიშვილმა ჰოსპიტალი სანიმუშოდ მოაწყო, დაჭრილებს მთელი დღე თავს დასტრიალებდა. პარალელურად სადოქტორო დისერტაციაზეც მუშაობდა და კვირაში ორჯერ ივანე ბერიტაშვილის ლაბორატორიაშიც დადიოდა თირკმლის ელექტრული პოტენციალის საკვლევად. როდესაც ჰოსპიტალი უკრაინაში, ქალაქ სტალინოში (ახლანდელ დონეცკში) გადავიდა, ალექსანდრეც თან გაჰყვა. უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელობა მისმა მეუღლემ გადაიბარა და შესანიშნავადაც გაართვა თავი ამ მოვალეობას. ამასთან ერთად, თამარმა გრიგოლ მუხაძის დახმარებით მეუღლის შავად ნაწერ დისერტაციას საბოლოო რედაქტირება გაუკეთა, დააბეჭდვინა, სამედიცინო ინსტიტუტიდან ოპონენტები გამოაყოფინა და დაცვის დღეც დაანიშნინა.
დისერტაციის დასაცავად ალექსანდრე ერთი თვით გამოუშვეს ჰოსპიტლიდან, მაგრამ შინ რა გააჩერებდა –დაცვის მეორე დღესვე უკან გაბრუნდა. მან და მისი ხელმძღვანელობით ჰოსპიტლის სხვა ქირურგებმა ომის წლებში თექვსმეტი ათასი ოპერაცია ჩაატარეს. ალექსანდრე გზირიშვილმა უდიდესი გამოცდილება შეიძინა და აუარება მასალა დააგროვა.
საშარდე გზების ოპერირებისას ალექსანდრე გზირიშვილს ბადალი მართლაც რომ არ ჰყავდა, მაგრამ არც სხვა ოპერაციებს ატარებდა ნაკლებად. საოცარი მიგნებები ჰქონდა სახსრების, ნერვებისა და სხვა ორგანოთა ქირურგიულ მკურნალობაში. ჩაუტარებია გვამის ფორმალინიზებული ნერვის ღეროების გადანერგვა. ყუმბარის ნამსხვრევისგან კასტრირებულ ერთ ჯარისკაცს კი ახალგარდაცვლილი მეომრის სათესლე ჯირკვლები გადაუნერგა... ურთულესი მდგომარეობიდანაც კი პოულობდა გამოსავალს. ერთხელ ქალაქ სეგედში ოპერაციის დროს ხელი გაეკაწრა და რამდენიმე დღეში დაუჩირქდა. სიცხე ორმოც გრადუსამდე აუვარდა. ამ დროს საავადმყოფოში დაჭრილების ახალი ნაკადი მიიყვანეს. ერთ მათგანს მენჯ-ბარძაყიდან ძლიერი სისხლდენა აუტყდა და ექიმებმა ალექსანდრეს სთხოვეს დახმარება. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფოში საოპერაციო ხელთათმანები არ ჰქონდათ. ალექსანდრეც ადგა, რენტგენოლოგიური ხელთათმანები გამოახარშვინა და ასე ჩაატარა ურთულესი ოპერაცია დაჩირქებული ხელით.
არ დაგავიწყდეთ: ამ ყველაფერს აკეთებდა უსინათლობის, უწყლობის, არტილერიისა და ავიაციის განუწყვეტელი თავდასხმების პირობებში. უამრავი დაჭრილი გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან. მეომრები მის მზეს ფიცულობდნენ, სიმღერებს უძღვნიდნენ...
ყოველივე ამასთან ერთად, ასწრებდა ჰოსპიტალთაშორის და შიდასაჰოსპიტალო კონფერენციებზე გამოსვლას, სამხედრო ქირურგებისთვის ლექციების კითხვას ნეიროქირურგიაში, უროლოგიაში, ტრავმატოლოგიასა და სხვა დარგებში. იმავე ხანებში გამოიგონა ქვედა კიდურების ანევრიზმის დროს კოლატერალების დასადგენი საზომი.
ომის წლებში შემოიარა რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ავსტრია, რუმინეთი და იუგოსლავია.
ომი დამთავრდა, მაგრამ ალექსანდრე დაჭრილების სამკურნალოდ დარჩა და, ტყვიას გადარჩენილი, კინაღამ ავტოავარიას შეეწირა... დემობილიზაცია მხოლოდ 1946 წელს შეეხო.
ზეაქტიური ადამიანი
– ომიდან დაბრუნებული ალექსანდრე უამრავ საქმეს შეეჭიდა. ექსპერიმენტული ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტში, რომელსაც გრიგოლ მუხაძე ხელმძღვანელობდა, სწავლულ მდივნად დანიშნეს. იმავდროულად რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებასაც ჩაუდგა სათავეში. ქირურგიის ინსტიტუტში მოაწყო უახლესი ელექტროფიზიოლოგიური აპარატებით აღჭურვილი განყოფილება, სადაც მან და მისმა კოლეგებმა რამდენიმე ათეული სამეცნიერო ნაშრომი დაწერეს. მრავალმხრივი განათლება ყველა დაბრკოლების გადალახვაში ეხმარებოდა. მოწაფეებსაც უქადაგებდა, ვიწრო სპეციალობის ჩარჩოებში არ მოქცეულიყვნენ – იმ ექიმებს ნუ დაემსგავსებით, საკუთარი ცხვირის იქით რომ ვეღარაფერს ხედავენო.
1948 წელს საყვარელი მასწავლებელი ხელიდან გამოეცალა. მისი მოვალეობის შესრულებაც თავად იტვირთა. ამდენი საქმის მიუხედავად, სიახლეების დასანერგავად დროს მაინც პოულობდა. პირველმა სწორედ მან დაიწყო თირკმლის ფუნქციის გამოსაკვლევად რადიაქტიური იზოტოპების გამოყენება. ამ ამბავს საბჭოთა კავშირში ფართო რეზონანსი მოჰყვა. მეთოდის ასათვისებლად თბილისში ჩამოდიოდნენ მოსკოველი, ლენინგრადელი, ხარკოველი ექიმები...
პარალელურად იყო უროლოგთა საკავშირო საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს უროლოგიური საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ინიციატივით გაიმართა საქართველოში უროლოგთა პირველი კონფერენცია. რამდენჯერმე მიიწვიეს მოსკოვში, ექიმთა დახელოვნების ცენტრალურ ინსტიტუტში, ლექციების წასაკითხად. წლების განმვლობაში იყო თბილისის ოლქის მთავარი ქირურგი, 1952 წლიდან კი – საქართველოს მთავარი უროლოგი.
ერთადერთი, სამედიცინო ინსტიტუტში უროლოგიის კათედრის დაარსება ვერ მოახერხა. თითქმის ოცდაათი წელი იბრძოდა ამისთვის, მაგრამ იმდენი დაბრკოლება შეხვდა, ვეღარ გაუმკლავდა.
ალექსანდრე ას ორმოცზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი გახლდათ. ერთმანეთს უთავსებდა პრაქტიკულ და მეცნიერულ მუშაობას, მოხსნებებით გამოდიოდა საერთაშორისო კონგრესებზე (რიო-დე-ჟანეიროში 1961 წელს, პრაღაში 1963 წელს). წარადგინა შარდსაწვეთის აღდგენის ოპერაციული მეთოდები, თირკმლის გადანერგვის ექსპერიმენტი და სხვა, საფუძვლიანად გამოიკვლია ბავშვებში ნეფროლითიაზის პრობლემა, მოიფიქრა ტაქტიკა, რომლის წყალობითაც წინამდებარე ჯირკვლის ოპერაციის შემდგომი პერიოდი გაურთულებლად ჩაივლიდა, აურაცხელი მასალის საფუძველზე შეიმუშავა საშარდე გზების ტუბერკულოზის საკუთარი კლასიფიკაცია და ამ დაავადების დროულად ამოცნობის ხერხები, თირკმელების ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის დროს ამჩნევდა ცვლილებებს, რომლებიც მორფოლოგიურად ჯერ არ იყო გამოვლენილი...
მიუხედავად უამრავი ექსპერიმენტისა და კვლევა-ძიებისა, პაციენტების მიღება არასოდეს შეუწყვეტია. სიკეთით სავსეს, თავადაც სიღარიბესა და ობლობაში გამობრძმედილს, გულთან მიჰქონდა სხვისი გასაჭირი. უანგაროდ ეხმარებოდა ღარიბებს. ძალიან უყვარდა კითხვა და წიგნი ბავშვობიდანვე საუკეთესო საჩუქრად მიაჩნდა. მოგვიანებით საკუთარი ხარჯით იწერდა წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს ვაქირის სასოფლო ბიბლიოთეკისთვის. გიჟდებოდა თავის კუთხეზე, სიღნაღში ჩატარებული არც ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება არ გამორჩებოდა...
დაუდგრომელი ექიმი 1972 წელს მოციმციმე არითმიამ დაჯაბნა. გულის დაავადებას ფილტვების ანთებაც დაერთო და 14 სექტემბერს ალექსანდრე გზირიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე, გრიგოლ მუხაძის, ალექსანდრე ალადაშვილისა და მიხეილ წინამძღვრიშვილის მახლობლად.
წერილს დავასრულებთ ამონარიდით მსახიობ კახი კავსაძის ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ “კვირის პალიტრაში” დაიბეჭდა:
“ექიმობა მოვინდომე... ცნობილ უროლოგს ალექსანდრე გზირიშვილს ბიძაჩემისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. ვკითხე, შეიძლება, დავესწრო-მეთქი? ნება დამრთო, მაგრამ ფრთხილადო. თურმე ბევრს გული მისდის. ჩავყავი ცხვირი ჭრილობაში. მერე კითხვები გამიჩნდა... მოკლედ, გადავწყვიტე ექიმობა. საავადმყოფოში ვხედავდი, ქირურგები ჩაატარებდნენ ოპერაციას და წავიდოდნენ. მოვიდოდნენ ქალები. პაციენტს ერთი კისერში მოჰკიდებდა ხელს, მეორე – ფეხებში, ასწევდნენ და საგორიალო საკაცეზე გადაიყვანდნენ. კვნესოდა ნაოპერაციები... საწოლშიც ასე ტანჯვით გადაჰყავდათ. მოგეხმარებით-მეთქი, შევთავაზე. ნება დამრთეს. შევუყოფდი ხელებს ზურგთან, ციმციმ ავწევდი და დავაწვენდი საწოლზე. დავიწყე სანიტრად მუშაობა. ჯამაგირიც კი მომცეს. იმ პერიოდში “პეპოში” ვთამაშობდი კაკულის როლს. დავპატიჟე ალექსანდრე გზირიშვილი ოჯახითურთ. სპექტაკლი რომ დასრულდა, გვირგვინი ამომიტანეს სცენაზე. ბარათი ახლდა: “ჩემო კახი, მოდი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს! ალექსანდრე გზირიშვილი”. ასე დასრულდა ჩემი ექიმობისთვის მზადების ამბავი”.
მარი აშუღაშვილი