ქართული ქირურგიის კიდევ ერთი ნათელი წერტილი
გააზიარე:
კარგია ქირურგი, რომელმაც იცის, როგორ გააკეთოს ოპერაცია, უკეთესია ქირურგი, რომელმაც იცის, როდის გააკეთოს ოპერაცია, ხოლო საუკეთესოა ქირურგი, რომელმაც იცის, როდის არ გააკეთოს ოპერაცია.
ამ სიტყვებით იწყებს ცნობილ ქართველ ქირურგზე ავთანდილ კუტუბიძეზე საუბარს მისი უმცროსი კოლეგა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ქირურგი გია თომაძე. “მისი უზარმაზარი ცოდნა და გამოცდილება ყოველთვის ძალიან გვეიმედებოდა ახალგაზრდა ქირურგებს. თუ რაიმე გაგვირთულდებოდა, რჩევის საკითხავად მაშინვე მასთან გავრბოდით”, – გვიამბობს ბატონი გია და ცნობილი ქირურგის გაცნობის ისტორიასაც იხსენებს:
– ბატონი ავთანდილი 1974-დან 1989 წლამდე ჩვენი კათედრის გამგე იყო. მაშინ ამ კათედრას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული, სანჰიგიენური და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ქირურგიულ სნეულებათა კათედრა ერქვა. მე სამკურნალო ფაკულტეტი დავამთავრე და ორდინატურისა და ასპირატურის გასავლელად უცხოეთში წავედი. როცა ჩამოსვლა დავაპირე, ჩემს აქაურ მეგობრებს გავესაუბრე, ვკითხე, სად ჯობდა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება. მათ ბატონ ავთანდილთან, კათედრაზე მისვლა მირჩიეს, რადგან კარგი ქირურგიული დატვირთვა ჰქონდა. გადავწყვიტე, ასეც მოვქცეულიყავი. მით უმეტეს, პროფესორ ავთანდილ კუტუბიძის სახელი მაშინ თბილისში ცნობილი იყო. მოვახერხე ისე, რომ ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს მივედი ბატონ ავთანდილთან, ჩემ შესახებ ვუამბე და გავანდე ჩემი სურვილიც, მასთან მემუშავა. ტიპური გურული აქცენტით მიპასუხა: კი ბატონო, თუ სამედიცინო უნივერსიტეტი არ იქნება წინააღმდეგი, რატომაც არაო. ასე დაიწყო ჩვენი ერთობლივი მუშაობა.
არასოდეს დამავიწყდება კლინიკაში გატარებული პირველი დღე. 1984 წლის ოქტომბერი იდგა. განყოფილებაში შესულმა, პირველად კორიდორში მწოლიარე პაციენტები დავინახე. განყოფილება 80 პაციენტზე გახლდათ გათვლილი, მაგრამ დატირთვა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილები არ გვყოფნიდა. ბატონი ავთანდილის ოთახში რომ შევედი, სწორედ იმ დროს სხვა ექიმებმაც შემოაღეს კარი და ერთ-ერთი პაციენტის რენტგენის სურათი აჩვენეს. მეც ვნახე – ნაწლავთა გაუვალობის სურათი იყო, ისეთი, რომელზეც სტუდენტობის დროს გვასწავლიდნენ, აუცილებლად საოპერაციოაო. ახლაც ასეა, ამგვარი სურათის დროს უმეტესად ოპერაცია მიიჩნევა საჭიროდ. მეც დავაპირე აზრის გამოთქმა, მაგრამ თავი შევიკავე. შეხედა თუ არა, თქვა, შესაძლოა, საოპერაციო არც კი გახდესო. მე გამიკვირდა, მერე კი შევიტყვე, რომ იმ პაციენტს მართლაც არ დასჭირვებია ოპერაცია. ბატონი ავთანდილის გამოცდილებამ პაციენტი ზედმეტ სტრესს გადაარჩინა.
საოცრად მეგობრული ადამიანი იყო, მისგან სიმკაცრე არ მიგრძნია. პაციენტები ძალიან უყვარდა. უამრავი პაციენტი გადაარჩინა სიკვდილს, უამრავი კარგი ქირურგი გაზარდა. იმ ხნის განმავლობაში, რაც ის ქირურგიულ სნეულებათა კათედრას ხელმძღვანელობდა, ბევრმა ახალგაზრდამ გაიარა მის ხელში. დღეს კარგად ცნობილი მრავალი ქირურგი მისი სკოლის წარმომადგენელია. თავად მეც დისერტაციის დაცვის შემდეგ დიდხანს ვმუშაობდი მასთან და ფასდაუდებელი ცოდნაც შევიძინე. გარდა კლინიცისტისა, იყო მეცნიერი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კათედრაზე მრავალი კვლევა ჩატარდა, მისი უშუალო ხელმძღვანელობით კი არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაა დაცული.
პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე 1911 წლის 21 აპრილს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში დაიბადა. საშუალო სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, 1929 წელს, ის კონკურსით ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე.
1934 წელს მომავალმა ქირურგმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა და აჭარის ერთ-ერთი სოფლის, ღორჯომის, საექიმო პუნქტის გამგედ დაინიშნა, ერთი წლის შემდეგ თბილისის მედინსტიტუტის პროპედევტიკური ქირურგიის კათედრის ორდინატორად გადაიყვანეს, ორდინატურის დასრულების შემდეგ კი, 1938 წელს, ამავე ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრაზე ჩაირიცხა ასპირანტად. ავტობიოგრაფიაში ის წერს:
“ასპირანტურის პერიოდში, 1939-1940 წლებში, მოხალისედ წავედი თეთრ ფინელების წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტზე და განვაგებდი საველე მოძრავი ჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას, სადაც კარგი მუშაობისთვის გამოცხადებული მაქვს მრავალი მადლობა. ფრონტიდან დაბრუნების შემდეგ დავამთავრე ასპირანტურა და დამნიშნეს სამხედრო საველე ქირურგიის კათედრის ასისტენტად”.
1941 წელს ავთანდილ კუტუბიძე ფრონტზე წავიდა. ის ერთ-ერთი სამედიცინო ათასეულის შესახვევი და საოპერაციო ბლოკის უფროსად დანიშნეს. მონაწილეობდა ქერჩის სადესანტო ოპერაციებში. 1942 წლის ბოლოს ავადმყოფობის გამო დემობილიზებულ იქნა და მუშაობა დაიწყო სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საველე ქირურგიის კათედრის ასისტენტად.
1943 წელს ავთანდილ კუტუბიძე პედიატრიის, სან-ჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტების ქირურგიის კათედრის ასისტენტი გახდა. 1944 წლის 30 ივნისს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა, ხოლო 1946 წელს ამავე კათედრის დოცენტად აირჩიეს. ამას სადოქტორო დისერტაციის დაცვა და ამავე კათედრაზე პროფესორად არჩევა მოჰყვა. ორი წლის განმავლობაში, 1958-დან 1960 წლამდე, მუშაობდა თბილისის მთავარ ქირურგად. შესრულებული აქვს 58 სამეცნიერო შრომა, მათ შორის – ორი მონოგრაფია. არის რამდენიმე ორიგინალური და თარგმნილი სახელმძღვანელოს ავტორი.
რამაზ კუტუბიძისთვის ბატონი ავთანდილი არა მხოლოდ მამა, არამედ მასწავლებელიც იყო. ბატონ რამაზს სხვა პროფესიაზე არასოდეს უოცნებია. მან ოჯახურ ტრადიცია გააგრძელა და დღეს ბავშვთა ქირურგია. იხსენებს, რომ ბატონი ავთანდილი შვილებთან უფრო მკაცრი იყო, ვიდრე სტუდენტებთან:
– მე სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ამიტომ მამა თავად არ მიკითხავდა ლექციებს, მაგრამ მისი სტუდენტებისგან ვიცი, რომ ძალიან საინტერსო ლექტორი იყო. ერთხელ მეც დავესწარი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სტუდენტებს ძალიან უყვარდათ. რჩევებს მისგან უხვად ვიღებდი. ერთხანს ის მიხეილ კოკოჩაშვილთან ერთად მუშაობდა ბავშვთა ქირურგიაში, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა. მან და მიხეილ კოკოჩაშვილმა ერთად წიგნიც კი გამოსცეს. ამიტომ თუკი რაიმე კითხვა გამიჩნდებოდა, ყოველთვის შემეძლო, მისგან ამომწურავი პასუხი მიმეღო”.
ბატონი რამაზი მამის გატაცებების შესახებაც გვიამბობს. დიდ ქირურგს თურმე ნადირობა და თევზაობდა ჰყვარებია და ხშირად სტუმრობდა აზერბაიჯანის სანადირო ადგილებს:
– რომ წამოვიზარდე, ერთად დავდიოდით სანადიროდ. სხვათა შორის, აზერბაიჯაიდან ბევრი პაციენტი ჰყავდა. მრავალ მათგანს შემდეგ დაუმეგობრდა კიდეც. ხშირად ხდებოდა ასე – ყოფილი პაციენტები მისი კარგი ნაცნობები, ზოგჯერ კი ახლო მეგობრებიც ხდებოდნენ. ბევრი მეგობარი შესძინა პროფესიამ... როცა პატარა ვიყავი, ზაფხულობით ხშირად ვისვენებდით ბახმაროში. მამა თან ისვენებდა, თან ქირურგად მუშაობდა ადგილობრივ საავადმყოფოში. ერთხელ მდინარის პირას მჯდომ ბავშვს უკანიდან მეგობრის მიერ დაგორებული ქვა თავში მოხვდა, წყალში ჩავარდა და თავი წინიდანაც ქვას დაარტყა. მძიმედ დაშავდა. მამასთან ფიცარზე დაწვენილი მოიყვანეს. მან გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთა, სხვა გზა რომ არ ჰქონდა, ნეიროქირურგობაც შეითავსა და ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა. მისი ოჯახი შემდეგ ძალიან დაუახლოვდა მამაჩემს”.
დიდი სითბოთი და პატივისცემით იხსენებს ამაგდარ ქართველ ქირურგს პროფესორი გურამ ტატიშვილი:
– პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე იყო მე-20 საუკუნის საქართველოს ქირურგთა ბრწყინვალე თანავარსკვლავედის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის განაგებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთ ქირურგიულ კათედრას, გამოირჩეოდა სტუდენტების, თანამშრომლებისა და კოლეგების მიმართ დიდი ყურადღებითა და გულისხმიერებით.
ჩემი სტუდენტობის დროს ის უკვე გახლდათ ცნობილი ქირურგი, მერე კი თითქმის ორი ათეული წელი ერთდროულად ვხელმძღვანელობდით სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიის კათედრებს. ავთანდილ კუტუბიძე უფროს მეგობრად მიმაჩნდა, ხოლო მისი ადამიანური ღირსება მისაბაძი გახლდათ ჩემთვის.
ავთანდილ კუტუბიძის საჯარო გამოსვლები სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა თუ საქართველოს გრიგოლ მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების სხდომებზე ყოველთვის იყო მოზომილი, გაჯერებული მაღალი პროფესიონალიზმით და კოლეგებისადმი კეთილგანწყობით. ბატონი ავთანდილი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც ქირურგი-კლინიცისტი და მეცნიერი. მისი მოსაზრება და რჩევა მძიმე ავადმყოფის კონსილიუმზე თუ სხვაგან ყოველთვის სასარგებლო და ანგარიშგასაწევი გახლდათ.
მე მუდამ დიდი პატივისცემითა და მოწიწებით ვიყავი გამსჭვალული მის მიმართ და ბედნიერი გახლდით, რომ მისგანაც ვგრძნობდი გულისხმიერებას და სითბოს. ხშირად გვიხდებოდა ერთად წასვლა ამიერკავკასიის, საკავშირო თუ საერთაშორისო კონფერენციებსა და ყრილობებზე. ცნობილია, რომ მოგზაურობის დროს უფრო სრულად შეიცნობა ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება. მახსოვს, ერთხელ მოსკოვში, ქირურგთა საერთაშორისო კონფერენციის დროს, ვახშმად მივიწვიე ჩემი ორი უცხოელი მეგობარი, იმ დროს ცნობილი ქირურგი აკადემიკოსი მ. კუზინი, დიდი ქართველი ქირურგი აკად. ეგნატე ფიფია, ბატონი ავთანდილი და პროფესორი ზაზა კახიანი. როდესაც დანახარჯის გასასტუმრებლად გავედი, მითხრეს, რომ უკვე გადახდილი იყო და ბატონ ავთანდილზე მიმითითეს. თურმე რესტორანში შესვლისას მიმტანისთვის წინასწარ მიუცია ფული. როდესაც გავაპროტესტე, ბატონმა ავთანდილმა მითხრა: “ჩვენ ხვალ თბილისში ვბრუნდებით, შენ აქ რჩები და ეგ ფული კარგად მოიხმარეო”.
რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება, დავსწრებოდი ბატონი ავთანდილის საოჯახო ზეიმს, სადაც ყოველთვის საოცრად ამაღელვებელი განწყობა იყო და მიხარია, რომ მისი ვაჟი, პროფესორი რამაზ კუტუბიძე, ღირსეულად აგრძელებს მამის გზას.
ერთი რამ ცხადია: პროფესორმა ავთანდილ კუტუბიძემ თავისი ცხოვრებით სამარადისოდ დაიმკვიდრა საპატიო ადგილი ქართული ქირურგიის ისტორიაში.