“მიყვარხართ და შემიყვარეთ” – წუთში ჩატეული სათქმელი

გააზიარე:

მაკა ზამბახიძე ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სახეა. სასიამოვნო გარეგნობითა და ტემბრით გამორჩეული მომღერალი ფართო აუდიტორიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საერთაშორისო კონკურსში "ახალი ტალღა – 2008" დუეტმა “ჯორჯიამ” (მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი) მთავარი პრიზი მოიპოვა. ეს მაკას პირველი დიდი გამარჯვება იყო. ქართველი და უცხოელი მსმენელის ინტერესი მის მიმართ კვლავაც დიდია.

პირველი ნაბიჯი
თვეებისა იყო, მის ტირილში მუსიკალური ხმოვანება რომ ისმოდა. ჯერ ღუღუნებდა, მერე ღიღინებდა და შვიდი წლისა მშობლებმა კომპოზიტორ მანანა არაბიძის სტუდიაში "ამ პატარას, იმ პატარას" მიიყვანეს.
– ქალბატონმა მანანამ ლამაზი ბავშვობა გამატარებინა. ზღაპარივით მახსოვს ის წლები, რადგან სიმღერა უკვე მაშინ ყველაფერი იყო ჩემთვის. მთელი ცხოვრება სცენაზე გავატარე, უბრალოდ, დღეს მასშტაბები უფრო დიდია.
სიმღერა რომ არა, ალბათ, მოცეკვავე ვიქნებოდი... აუცილებლად ხელოვნებას ავირჩევდი. ვფიქრობ, ხელოვანს უსაზღვროდ უნდა უყვარდეს თავისი საქმე, თავი არ დაზოგოს და შესაძლებლობათა გამოსავლენად ყველა შანსი გამოიყენოს. მხოლოდ ერთი წუთითაც რომ მიეცეს ასეთი შანსი, ამ ერთ წუთში უნდა ჩაატიოს ყველაფერი – ემოცია, სათქმელი... ხელოვანი ყოველთვის საინტერესო უნდა იყოს და აქტუალობა არ უნდა დაკარგოს.
ვცდილობ, ეს პრინციპები ჩემს ცხოვრებასაც მოვარგო. მიყვარს საქმე, რომელსაც ვემსახურები, ვცდილობ, პოზიტიური ვიყო, მაყურებელს და მსმენელს გაღიმებული დავენახო, ჩემი ენერგია და განწყობა ყველას გავუზიარო.

ვისურვებდი...
– გვქონდეს კარგი მუსიკალური ტელევიზია, იმართებოდეს საინტერესო კონკურსები, რომ მუსიკოსებს ჰქონდეთ მოტივაცია, შექმნან და ჩაწერონ ბევრი ახალი სიმღერა, გადაიღონ კლიპი...
“ფორტუნა ჰოლდინგს” უკვე რამდენიმე წელია აქვს პროექტი “ოქროს ტალღა”, რომელმაც ცოტაოდენი ხალისი შეგვმატა მომღერლებს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ეს ყველაფერი უფრო მასშტაბური გამხდარიყო, რომ მუდმივად გაგვეახლებინა მუსიკალური რეპერტუარი. სასიამოვნოა, რომ იმართება კონცერტები უცხოეთის ქართული დიასპორისთვის. ასეთ პროექტებში მეც ხშირად ვმონაწილეობ. ემიგრანტებისგან განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობ. ეს სითბო ჩვენც გვავსებს და სურვილს გვიჩენს, ჩავიდეთ და მივესიყვარულოთ მათ. კარგი იქნება, ამის შესაძლებლობა უფრო ხშირად მოგვეცეს.

  • – რა აზრის ხარ სატელევიზიო მუსიკალურ პროექტებზე? არის თუ არა ეს ნიჭიერი მომღერლების გამოვლენის რეალური შანსი და აქვთ თუ არა მათ ჩვენს ქვეყანაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა?

– თავადაც ერთ-ერთი კონკურის გამარჯვებული ვარ. ეს მართლაც კარგი შანსია პოპულარობის მოსაპოვებლად, მაგრამ გული მწყდება, რომ პროექტის დასრულების შემდეგ კონკურსანტები უფრო და უფრო იშვიათად ჩნდებიან სცენაზე, ეთერში... ვერ გეტყვით, რისი ბრალია, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანმა მაინც თვითონ უნდა შექმნას საკუთარი კარიერა. ჩვენს ქვეყანაში არავინ მოგიკაკუნებს კარზე და არ მიგიპატიჟებს, რომ ვარსკვლავად გაქციოს. სატელევიზიო პროექტები ფართო მაყურებლის წინაშე გამოჩენის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა პროექტი მთავრდება, შენ კი არ უნდა მოეშვა, არ უნდა ელოდო, როდის გაგიღიმებს ბედი...
ზოგს პოპულარობა თავბრუს ახვევს და გამარჯობაც ავიწყდებათ ხოლმე. მე ასე არასოდეს მომსვლია. ვრჩები იმად, ვინც ვიყავი. არ მივიჩნევ, რომ ვინმე განსაკუთრებულად უნდა მომესალმოს, პირიქით, მე ვესალმები ყველას დიდი სიყვარულით.

მიუღწეველი არაფერია
– მჯერა, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანს მიზანი აქვს და შრომა არ ეზარება. მიმაჩნია, რომ ნიჭიერზე მეტად შრომისმოყვარე ადამიანი იმსახურებს წარმატებას. თავდაუზოგავ შრომას მთების გადადგმა შეუძლია!
მეც მაქვს მიზანი. სოლო კონცერტის გამართვა მინდა. როდესაც კარგი რეპერტუარი შეიკვრება და მზად ვიქნები, ამას აუცილებლად გავაკეთებ.

გეგმები და პროექტები
– ჩემს პროდიუსერ კახი მამულაშვილთან და ჯგუფ “ნონ სტოპთან” ერთად ორ ახალ კომპოზიციაზე ვმუშაობ. ჩავწერეთ ნატო გელაშვილის სიმღერა “დამიძახე, მოვალ”. რადიოში მალე აჟღერდება აუდიოვერსია გოგი ცაბაძის ყველასთვის ცნობილი სიმღერისა "სიყვარული დაფრინავს". ვფიქრობ, მსმენელისთვის საინტერესო იქნება ბენდთან ერთად ცოცხალი შესრულება და ჩვენეული ინტერპრეტაცია.

ოჯახი
– მშობლებს ვემადლიერები, რომ სწორი გეზის არჩევაში დამეხმარნენ. დედა მუსიკოსია, პიანისტი, მამა კი გეოგრაფიას ასწავლის. Uდიდესწილად მისი დამსახურებაა, რომ ხელოვნების სფეროში მოვხვდი. იმ დროს მამებს მაინცდამაინც არ უნდოდათ, მათი შვილები მსახიობები ან მომღერლები გამხდარიყვნენ – მათთვის ექიმის ან ჟურნალისტის კარიერას ამჯობინებდნენ. მამაჩემი კი ოცნებობდა, თეატრის სცენაზე ვენახე. ნაწილობრივ აუხდა კიდეც ოცნება – ყოველი სიმღერა ხომ პატარა პერფორმანსია.
მიხარია, რომ ჩემს შვილს, სალომეს, მსმენელი უკვე იცნობს – ერთობლივ კონცერტებს ვმართავთ, რეპეტიციებზეც სულ ერთად ვართ... არ ვიცი, საბოლოოდ გაჰყვება თუ არა ამ პროფესიას, რადგან ვეტერინარობა უნდა – ცხოველები ძალიან უყვარს. შესაძლოა, ორივე სფერო დაძლიოს.

თავისუფალ დროს
– მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ეზოს ყვავილების მოვლა და შოპინგი. საყიდლებზე სიარული საუკეთესო განტვირთვაა ჩემთვის. უბრალო საყურეც კი დადებითი ენერგიით მავსებს. მიყვარს კითხვა. როგორც ქართველების უმრავლესობა, განსაკუთრებული სიამოვნებით ვკითხულობ ნოდარ დუმბაძეს. მის ერთ-ერთ ნაწარმოებში ჩემი გვარიც არის მოხსენიებული. ეს ბაბუაჩემთან მისი მეგობრობის გამოძახილია... გურული ვარ და ვაფასებ კარგ იუმორს, რომელიც ცხოვრებას ძალიან აადვილებს.
ენიო მორიკონეს მუსიკა მიყვარს. მისი ჰარმონია სულით ხორცამდე მძრავს. მიყვარს ლაიონელ რიჩი, დევიდ ფოსტერი, ჯორჯ ბენსონი, გოგი ცაბაძე გია ყანჩელი, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეები...

შტრიხები ავტოპორტრეტისთვის
– ვფიქრობ, ძალიან ლმობიერი და მიმტევებელი ვარ. წყენას გულში არ ვიტოვებ. ათასჯერ შემიძლია შეცდომის პატიება, თუმცა ათასმეერთედ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ამ ადამიანის ადგილი ჩემს გულში აღარ არის.
მინდა, ვიცხოვრო ლამაზად, სწორად, მინდა, ყველასთვის საყვარელი მომღერალი ვიყო, ყველას უხაროდეს ჩემი დანახვა. მინდა, ხალისი და ბედნიერება შემქონდეს ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაში... მინდა, ერთგულება და ერთმანეთის პატივისცემა შეგვეძლოს, მინდა, გაზაფხულივით ლაღები ვიყოთ...

ჯანმრთელობის რეცეპტი
– ბავშვობიდან ვვარჯიშობდი, თუმცა არა სისტემატურად. ბოლო დროს უფრო აქტიურად მივდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს, მაგრამ, სამსახურებრივი გრაფიკიდან გამომდინარე, დროდადრო “შესვენება” მიწევს. ვფიქრობ, ვარჯიში, განსაკუთრებით – ხერხემლის დაავადებათა პრევენციისთვის განკუთვნილი აქტივობები, აუცილებელია, რათა ყოველთვის მოხდენილი და თავდაჯერებული იყო. ეს ბედნიერების ერთ-ერთი კომპონენტია. ამასთან, ცხოვრების ჯანსაღი წესი განწყობასაც ამაღლებს – დილის ვარჯიშის შემდეგ უფრო ხალისიანი და ენერგიული ვარ და დღეც უფრო ნაკლებად დამღლელი მეჩვენება.
– დაასრულეთ ფრაზა: “ჩემი ქალაქი...”
– მარტო აქ არის.
– მთავარი სათქმელი სცენიდან…
– მიყვარხართ და შემიყვარეთ!

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: