მუსიკათერაპია – ბედნიერებისა და სილაღის თერაპია
გააზიარე:
მუსიკით მკურნალობის ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც თავად მედიცინისა. მისი თერაპიული ეფექტის შესახებ ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქის, შუა საუკუნეებისა და რენესანსის მოაზროვნეები მსჯელობდნენ და წერდნენ. არსებობს ბერძნულ-რომაული, ინდური, არაბული, ჩინური და ქართული წყაროებიც კი, რომლებშიც მუსიკის თერაპიული მიზნით გამოყენებაა აღწერილი.
ბოლო დროს მუსიკათერაპია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. დღითი დღე იზრდება მის მიმართ არა მხოლოდ კლინიკური, არამედ მეცნიერული ინტერესიც.
ყველასათვის ეფექტური
მუსიკათერაპიას წარმატებით იყენებენ ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ჩვილებით დაწყებული, მოხუცებით დამთავრებული; ნებისმიერი ფსიქიკური თუ სომატური პრობლემის დროს. მათ შორისაა აუტისტური სპექტრის აშლილობა, დაუნის სინდრომი, ქცევითი აშლილობა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, დასწავლის უნარის დარღვევა, გონებრივი ჩამორჩენილობა, ნივთიერებებსა თუ აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება, გაფანტული სკლეროზი, დემენცია, ინსულტის შემდგომ განვითარებული დარღვევები, ქრონიკული ტკივილი, ონკოლოგიური დაავადებები.
მუსიკათერაპია, ფარმაკოთერაპიისა და ფიზიოთერაპიისგან განსხვავებით, უმთავრესად ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას ახდენს. მკურნალობის პროცესში გამოყენებული მეთოდები ეფუძნება სიღრმისეული ფსიქოლოგიის, ქცევითი მეცნიერებისა და სხვა პრინციპებს.
მუსიკალური დიალოგი
მუსიკათერაპიის ერთ–ერთი პოპულარული მიმართულებაა ნორდოფ-რობინსის თერაპია, რომელიც აქტიური თერაპიების რიცხვს მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში თერაპევტთან ერთად აქტიურად არის ჩართული თერაპიის მიმღებიც. ის უკრავს რომელიმე მარტივ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, რომელზე დაკვრასაც არ სჭირდება წინასწარი მომზადება და მუსიკალური ნიჭი, თერაპევტი კი უმეტესად ფორტეპიანოზე უკრავს და მღერის. სამკურნალო ეფექტს განაპირობებს სწორედ ეს იმპროვიზებული მუსიკალური დიალოგი პაციენტსა და თერაპევტს შორის. ამ მუსიკის ამოსავალი წერტილი პაციენტის მუსიკალური იდეაა, მისი “მუსიკალური ბავშვის” გამოღვიძება. თერაპევტი მისთვის თანასწორუფლებიანი პარტნიორია, რომელიც ეხმარება მას საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის აღქმაში და იმპულსს აძლევს საკუთარი თავის გამოხატვისთვის.
იმპროვიზაციის დროს თერაპევტი პაციენტს სთავაზოს მუსიკალურ იდეებს, რომელსაც ის ან მიიღებს, ან არა. მკურნალობის მთელი სეანსი ვიდეოზე იწერება. შემდეგ თერაპევტი ამ ჩანაწერს აანალიზებს, სვამს ერთგვარ “მუსიკალურ დიაგნოზს” და შედეგსაც მკაფიოდ ხედავს.
როგორ მუშაობს
დადგენილია, რომ მუსიკათერაპია აუმჯობესებს თავის ტვინის ფუნქციობას, ენდოკრინული სისტემის მუშაობას, ზოგად სომატურ მდგომარეობას, ადამიანის ნატიფ და მსხვილ მოტორიკას, შემეცნებით ფუნქციებს, ენობრივ და სამეტყველო უნარებს, ყურადღების კონცენტრირების უნარს, იმპულსის შეკავებას, ქცევისა და ემოციის თვითრეგულაციას, ერთობლივი თამაშის უნარს, სოციალურ ცნობიერებას და კომპეტენციას, სასკოლო მზაობას, არეგულირებს სენსორული აღქმის ზღურბლებს. ის ძალიან კარგი საშუალებაა მოზარდებთან აფექტის, იმპულსური ქცევის, ბულინგის რეგულაციისთვის.
ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მუსიკათერაპია ეხმარება ავადმყოფობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური კრიზისის გადალახვაში, აუმჯობესებს მედიკამენტური მკურნალობის ეფექტს, მატებს თავდაჯერებას, ამაღლებს ცხოვრების ხარისხს და ბადებს კეთილდღეობის განცდას.
საქართველოში
მუსიკათერაპიამ საქართველოშიც შემოაბიჯა. 2020 წლის ოქტომბერში გერმანიაში მომუშავე მუსიკათერაპევტმა, ფსიქოთერაპევტმა და ონკოფსიქოლოგმა მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა და ფონდების “ქართული გალობისა” და “აი იას” დამფუძნებელმა ნანა გოთუამ თბილისში გახსნეს ამიერკავკასიაში პირველი მუსიკათერაპიის ცენტრი “ბეკარი”. ცენტრში იყენებენ სხვადასხვა თერაპიული მიმართულების სინთეზს. მეთოდი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად, მდგომარეობის სპეციფიკის შესაბამისად მუშავდება. ტარდება როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური სეანსები, თუმცა პირველი სამი, წესისამებრ, ინდივიდუალურია. ამ სეანსების დროს თერაპევტი შეისწავლის პაციენტის რესურსებს და დეფიციტებს და ფსიქოლოგთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას. პირველი კურსი 22 (3+19) თერაპიულ სეანსს მოიცავს. კურსის დასასრულს შედეგი აშკარაა. მსურველს შეუძლია ისარგებლოს დისტანციური ონლაინთერაპიითაც. თერაპიის ჩატარება სხვადასხვა ენაზეა შესაძლებელი.
საინტერესო შემთხვევები
შემთხვევა პირველი
ბავშვთა ნევროლოგმა მუსიკათერაპიაზე გადაამისამართა ოთხი წლის გოგონა განვითარების ეტაპების დაყოვნების დიაგნოზით. მას აღენიშნებოდა როგორც მოტორული უნარების, ისე ენისა და მეტყველების განვითარების შეფერხება. ზოგადი განვითარებაც საგრძნობლად ჩამორჩებოდა ასაკობრივ ნორმას. ერთი თერაპიული კურსის (22 თერაპიული სეანსის) შემდეგ მეტყველებაც და მოტორული ფუნქციებიც შესამჩნევად გაუმჯობესდა. მშობლები, ამასთან ერთად, აღნიშნავენ პიროვნულ-სოციალურ პროგრესს, თავის მოვლის უნარების გაუმჯობესებას, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას: “უკვე ახერხებს ელვა-შესაკრავის შეკვრას, კოვზის დაჭერას და პირამდე მიტანას, საზოგადოდ, დამოუკიდებლად ჭამას, მეტყველებას მიზანმიმართულად იყენებს ვერბალური კომუნიკაციის დასამყარებლად, ასრულებს მარტივ მითითებებს. პრობლემურმა ქცეამ იკლო. რაც მთავარია, გავხადეთ პამპერსი, დღის განმავლობაში სიმშრალის შენარჩუნებას უკვე ახერხებს”.
შემთხვევა მეორე
მუსიკათერაპიის სეანსზე მივიდა შუახნის ქალბატონი, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში უჩიოდა მრავალ სომატურ პრობლემას: არტერიული წნევის მომატებას, გულის ფრიალს, მუდმივ, უნებლიე ტირილს. სამედიცინო გამოკვლევებმა ორგანული ცვლილებები ვერ გამოავლინა. მუსიკათერაპია პაციენტს ფსიქიატრმა ურჩია.
პირველ ორ სეანსზე ქალს ეტირებოდა და დაკვრის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდა. მესამეზე დაიწყო ნაღვლიანი სიმღერის ღიღინი, მაგრამ უცებ შეწყვიტა და კვლავ ატირდა. აღმოჩნდა, რომ გაახსენდა ბავშვობაში მომხდარი დრამატული შემთხვევა, რომელიც გაძევებული ჰქონდა ცნობიერებიდან.
ფსიქიატრმა დასვა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი. პაციენტს დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა და პარალელურად – მუსიკათერაპიის კურსი. ძალიან მალე ქალს ყველა ჩივილი მოეხსნა.
თქვენს სამსახურში
ქართული მუსიკათერაპიული ცენტრი “ბეკარი” მზად არის, გიმასპინძლოთ პოზიტიურ, მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში, ქალაქის ცენტრში. შეეცადეთ, შვილებსაც მისცეთ ჰარმონიული ფსიქოფიზიკური განვითარების შესაძლებლობა და თქვენც შეიცვალოთ უკეთესობისკენ. გამოხატეთ საკუთარი თავი, შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და აიმაღლეთ ცხოვრების ხარისხი ბედნიერებისა და სილაღის თერაპიით.
შეაღეთ ბე-კარი!
მარი აშუღაშვილი