პრევენციული მედიცინა
გააზიარე:
სკრინინგი – გამოავლინე გამოვლენამდე
ახალშობილთა სკრინინგი: რას უმოწმებენ პატარებს სამშობიაროში
ექიმი ბევრს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როდესაც რამე აწუხებს – მედიცინის დანიშნულება ხომ ავადმყოფის მკურნალობაა. ასე გვაქვს გამჯდარი ცნობიერებაში. სინამდვილეში მედიცინას გაცილებით დიდი მიზანი აქვს – ჯანმრთელობის შენარჩუნება. ეს კი სულაც არ ნიშნავს მხოლოდ მკურნალობას – ჯანმრთელობის შენარჩუნება ხომ გაცილებით ადვილი იქნება, თუ დაავადება არ განვითარდა, თუ ჩვენი ცხოვრებიდან მისი ხელშემწყობი ფაქტორები განვდევნეთ?!
ინფარქტისა და ინსულტის მკურნალობას განა არ სჯობია, არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას შევუშალოთ ხელი? ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების ნაცვლად იმაზე ვიზრუნოთ, კიბო არ დაგვემართოს? რა მოხდება, თუ კი არ ვიმკურნალებთ, არამედ ისე მოვიქცევით, რომ სამკურნალო არ გავხდეთ?
რა და ყველაფერი კარგი. მიზანს უფრო ადვილად მივაღწევთ, შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება.
სწორედ ამას ემსახურება მედიცინის ერთ-ერთი დარგი – პრევენციული მედიცინა. ის უძველესი დროიდან არსებობს, მაგრამ ჟამთასვლასთან ერთად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მთავარ თემაში სწორედ პრევენციის შესახებ ვისაუბრებთ.
პრევენციის ძალა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კიბოს შემთხვევათა 30-50 პროცენტის თავიდან აცილება შესაძლებელია. ასეთია პრევენციის ძალა. პრევენცია კი რისკფაქტორების მოდიფიკაციას, ჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებას, დაავადების ადრეულ გამოვლენას და საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებას უნდა დაეფუძნოს. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს გახლავთ – მოგაწოდოთ რჩევები, რომელთა შესრულება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
სხვადასხვა ეტაპზე
დაავადებათა პრევენციის რამდენიმე ფორმა არსებობს. მათ სხვადასხვა გზით ერთი მიზნისკენ – ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ – მივყავართ.
პირველადი პროფილაქტიკა მიმართულია დაავადებათა განვითარების აღკვეთისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ჰიგიენის წესების დაცვა, იმუნიზაცია, მასობრივი საგანმანათლებლო კამპანიები დაავადებათა პირველად პრევენციას ახდენს.
მეორეული პროფილაქტიკა უკვე განვითარებული დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას გულისხმობს. პროფილაქტიკური მედიცინის ეს მიმართულებაც მეტად შედეგიანია, ვინაიდან რაც უფრო ადრე გამოავლენენ დაავადებას და დაიწყებენ მკურნალობას, მით უკეთესია შედეგი. მეორეული პროფილაქტიკის კლასიკური მაგალითია სკრინინგი. მის შესახებ მომდევნო გვერდებზე ვრცლად ვისაუბრებთ.
არსებობს მესამეული პროფილაქტიკაც. მისი მიზანი უკვე განვითარებული დაავადების გართულებათა პრევენციაა. ეს უმთავრესად ექიმთან რეგულარულ კომუნიკაციას, მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს, დაავადების გამამწვავებელი ფაქტორების აღკვეთას გულისხმობს.
ერთი სიტყვით, პროფილაქტიკა არასოდეს არის დაგვიანებული. მაშინაც კი, როცა დაავადებას უკვე ფეხი აქვს მოკიდებული ორგანიზმში, პრევენციული საშუალებებით შეგვიძლია, მისი პროგნოზი და გამოსავალი უკეთესობისკენ შევცვალოთ.
სანამ გამოჩენილა
არაერთხელ გაგვიგონია, განვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობა წელიწადში ერთხელ პროფილაქტიკურ კვლევებს იტარებსო. დიახ, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები დიდი ხანია სათანადოდ აფასებენ პრევენციის ძალას. სახელმწიფო უწყებებიც ყველაზე მეტ თანხას სწორედ პრევენციულ ღონისძიებებში აბანდებენ. პრევენცია ხომ, ყველაფერთან ერთად, გაცილებით ხარჯეფექტურიცაა. ჩვენთან პრევენციული კულტურა ნაკლებადაა განვითარებული. ამას მრავალი მიზეზი აქვს, და არამხოლოდ ობიექტური. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრევენცია ჯანმრთელობის შენარჩუნების ყველაზე ეფექტური, იოლი და იაფი გზაა, ალბათ სწორედ ჩვენნაირ ქვეყნებში უნდა მიექცეს მედიცინის ამ მიმართულებას ყველაზე მეტი ყურადღება.
მოკლედ, ჩვენი მთავარი სათქმელი ესაა: თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ, პერიოდულად მაინც უნდა მიმართოთ ექიმს. და აი, რატომ:
ავიღოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, რომლებიც მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც ინფარქტისა და ინსულტის წინაპირობაა, საწყის ეტაპზე შეუმჩნევლად მიმდინარეობს და მისი დროულად აღმოჩენის ერთადერთი საშუალება წნევის ხშირი გაზომვაა, მაშინაც კი, როცა არაფერი გვაწუხებს. ადრეულ სტადიაზე აშკარა სიმპტომებს არ იწვევს სისხლში ქოლესტერინისა და გლუკოზის მაღალი დონე, თუმცა სისხლის მარტივი ანალიზით მათი გამოვლენა ადვილად შეიძლება. ერთი სიტყვით, ავად ყოფნის შეგრძნება უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე თავად დაავადება, ამიტომ "არაფერი მაწუხებს" სულაც არ არის საკმარისი საფუძველი ექიმთან ვიზიტის გადასადებად.
არ გამოგვეპაროს
უნდა შეგვეძლოს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების ამოცნობაც.
საყურადღებო ნიშნები, რომელთა გაჩენისას ექიმთან ვიზიტი აუცილებელია:
* შეშუპება, გამობერილობა სხეულის ნებისმიერ ადგილას;
* წონის უმიზეზო კლება ან მატება;
* გახანგრძლივებული ცხელება;
* გახანგრძლივებული ხველა;
* სხეულის რომელიმე ნაწილის მუდმივი ტკივილი;
* სისხლიანი მინარევი ან სხვაგვარი ცვლილება განავალსა და შარდში;
* ცვლილებები კანზე (გამონაყარი, უჩვეულო ფერი, წყლულები).
რა თქმა უნდა, ზღვრის დაცვაც მოგვეთხოვება. ორგანიზმი ურთულესი სისტემაა და რეგულარულად ყველა დაავადებაზე ვერ გამოვიკვლევთ. პრევენციული მედიცინის რაციონალური გამოყენება გულისხმობს ყველაზე გავრცელებული და/ან ვერაგი დაავადებების ადრეულ გამოვლენას, რისკების შეფასებას, აცრების განახლებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდას.
დავიწყოთ რისკებით.
სარისკო ფაქტორები
ნებისმიერ დაავადებაზე საუბრისას აუცილებლად ვახსენებთ რისკფაქტორებს, მაშასადამე, იმ შინაგან თუ გარეგან პირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში იმატებს კონკრეტული დაავადების განვითარების ალბათობა. მრავალი პათოლოგიისთვის რისკის ფაქტორებია ასაკი, სქესი, გენეტიკა... ამ შემთხვევაში უძლურნი ვართ – ვერც ასაკს შევცვლით და ვერც გენეტიკას გამოვასწორებთ. მაგრამ არსებობს რისკფაქტორები, რომელთა მოდიფიცირებაც შესაძლებელია. დაავადებათა პრევენციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამგვარი რისკების აღკვეთაა. რაც მთავარია, ერთი და იგივე რამ ზოგჯერ რამდენიმე დაავადების რისკფაქტორია. ასე რომ, როგორც იტყვიან, ერთი გასროლით ორ და მეტ კურდღელსაც კი დავიჭერთ. მოდი, თვალი გადავავლოთ ყველაზე გავრცელებული და საშიში რისკფაქტორების ჩამონათვალს.
მომაკვდინებელი კვამლი
თამბაქოს წევა მთელ მსოფლიოში კიბოს მთავარი რისკფაქტორია. ამ მავნე ჩვევას ყოველწლიურად 6 მლნ ადამიანის სიცოცხლე ეწირება. თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000 ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან, სულ მცირე, 250 მავნეა, 50 კი – კანცეროგენული. საქართველოში თამბაქოთი გამოწვეული დაავადებებით ყოველწლიურად 11 000 ადამიანი კვდება. მაშასადამე, ყოველი მეხუთე სიკვდილი სიგარეტს უკავშირდება.
თამბაქოს მოხმარება მრავალი ტიპის კიბოს იწვევს: ფილტვისა, საყლაპავი მილისა, ხორხისა, პირის ღრუსი, ყელისა, თირკმელებისა, შარდის ბუშტისა, კუჭქვეშა ჯირკვლისა, კუჭისა და საშვილოსნოს ყელისა. ფილტვის კიბოს განვითარების რისკფაქტორია პასიური მწეველობაც. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ სიგარეტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ ონკოპათოლოგიებს არ მოიცავს. სხვა თუ არაფერი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რომელსაც სწორედ თამბაქო იწვევს, ავადობის, ინავლიდობისა და სიკვდილობის სტრუქტურაში მთელ მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს. მწეველობა არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. ის წარმოადგენს ათეროსკლეროზის, ანევრიზმის, ინფარქტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ინსულტის რისკფაქტორს. არ ინდობს არც სასუნთქ სისტემას (ასთმა, ტუბერკულოზი, ქრონიკული ბრონქიტი), არც ძვალ-სახსართა სისტემას (ოსტეოპოროზი), არც მხედველობას (კატარაქტა, მაკულის დეგენერაცია). დაბოლოს, შაქრიანი დიაბეტის რისკფაქტორიცაა.
ერთი სიტყვით, არ ღირს თამბაქოთი გამოწვეული რამდენიმეწუთიანი სიამოვნებისთვის ამხელა მსხვერპლის გაღება. თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, ამ მკვლელ ჩვევაზე უარის თქმა მოგიწევთ.
ჭარბი წონა
ჭარბ წონასა და მრავალი ტიპის კიბოს შორის მჭიდრო კავშირი მეცნიერულად არის დადასტურებული. სიმსუქნე ითვლება საყლაპავის, ნაწლავის, ძუძუს, ენდომეტრიუმისა და თირკმელების კიბოს რისკფაქტორად. ჯანსაღი კვება, რეგულარული ფიზიკური აქტიურობა, ჯანსაღი წონის შენარჩუნება საგრძნობლად ამცირებს კიბოს განვითარების ალბათობას. ამასთან, იკლებს სხვა არაგადამდები დაავადებების განვითარების რისკიც – არტერიული ჰიერტენზიისა, შაქრიანი დიაბეტისა, გულ-სისხლძარღვთა დააავადებებისა, ოსტეოართრიტისა, ინსულტისა, ღვიძლის გაცხიმოვნებისა, უნაყოფობისა და სხვა.
მათრობელა საფრთხე
ალკოჰოლის მოხმარება პირის ღრუს, ხახის, ხორხის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, ნაწლავისა და ძუძუს კიბოს რისკფაქტორია. კიბოს განვითარების ალბათობა ალკოჰოლის რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იმატებს. ალკოჰოლისა და თამბაქოს ერთდროული მოხმარება კი უფრო მეტად ზრდის ონკოპათოლოგიის რისკს. 2010 წელს ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებები 337 400 ადამიანის სიკვდილის მიზეზად იქცა.
ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, გარდა ონკოპათოლოგიებისა, იწვევს ღვიძლის მძიმე დაზიანებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ტვინის დაზიანებას, შფოთვასა და დეპრესიას.
სარისკო ინფექციები
2012 წელს კიბოს შემთხვევათა 15% ინფექციური აგენტებით იყო გამოწვეული. ამ აგენტებს შორის არიან ჰელიკობაქტერია, ადამიანის პაპილომავირუსი, B და C ჰეპატიტის ვირუსები, ეპშტეინ-ბარის ვირუსი.
B ჰეპატიტისა და ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დიდი ხანია არსებობს. იმუნიზაცია საგრძნობლად ამცირებს ღვიძლისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს. ინფექციებთან ბრძოლის უნივერსალური წესი კი ჰიგიენის დაცვაა.
გარემოს დაბინძურება
ჯანმოს გამოთვლით, 2012 წელს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებამ 3.2 მლნ ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. მათ შორის 200 000 ფილტვის კიბოს წილად მოდიოდა. ყოველწლიურად 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ნაადრევად იღუპება საცხოვრებელი გარემოს ჰაერის დაბინძურების გამო. არანაკლებ საყურადღებოა კანცეროგენებით – აფლატოქსინებითა და დიოქსინით – დაბინძურებული საკვებიც. კიდევ ერთი დიდი პრობლემაა სამუშაო გარემოს უსაფრთხოება. ამ საკითხების ინდივიდუალურ დონეზე მოგვარება ძნელია. ამ შემთხვევაში რისკების შემცირების მთავარი ტვირთი სახელმწიფოებს აწევთ. ჩვენ კი უნდა ვეცადოთ, საცხოვრებლად ნაკლებად დაბინძურებული გარემო ავირჩიოთ, მეტი დრო გავატაროთ სუფთა ჰაერზე, ვაკონტროლოთ შეძენილი საკვების ხარისხი და სხვა.
რადიაცია
ყოველგვარი ტიპის – როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური – მაიონიზებელი გამოსხივების ზემოქმედება ზრდის ლეიკოზების, სოლიდური სიმსივნეების განვითარების რისკს. ალბათობა საგრძნობლად იმატებს, თუ ზემოქმედება ხდება ადრეულ ასაკში ან დასხივება ძლიერია. ულტრაიისფერი გამოსხივებაც, მათ შორის – მზისა, კანცეროგენად მიიჩნევა და კანის სიმსივნეების: ბაზალურუჯრედოვანი კიბოს, ბრტყელუჯრედოვანი კიბოსა და მელანომის – რისკფაქტორს წარმოადგენს. გამოსხივებისგან თავის არიდება, მზისგან დამცავი კრემის მოხმარება და დამცავი ტანსაცმლის ტარება რისკებს საგრძნობლად ამცირებს.
დასხივება გამოიყენება მედიცინაშიც – ის არაერთი ავადმყოფის გადარჩენისა და სხვა, უფრო ინვაზიური პროცედურების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. თუმცა არასაჭირო დასხივება და გაუმართავი სამედიცინო აპარატურა ასევე შეიძლება ზიანის მომტანი გახდეს. რადიოლოგიური პროცედურები აუცილებლად უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით უნდა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში რისკების შემცირება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და სახელმწიფო სტრუქტურებს ევალებათ.
დასხივება საცხოვრებელ გარემოში შესაძლოა გამოწვეული იყოს რადონით, რომელიც ზოგჯერ გვხვდება ნიადაგსა და სამშენებლო მასალებში და ზრდის ფილტვის კიბოს რისკს. სახლში რადონის ზემოქმედების აღკვეთა შეუძლია კარგ ვენტილაციას და იატაკებისა და კედლების ჰერმეტიზაციას.
პროფილაქტიკური გასინჯვა: როდის რა გამოკვლევა ჩავიტაროთ
ახლა კი ის ტესტები თუ პროცედურები მიმოვიხილოთ, რომლებიც პერიოდულად უნდა ჩავიტაროთ, რათა დროულად აღმოვაჩინოთ პოტენციურად საშიში დაავადებები.
არტერიული წნევის სკრინინგი
შეიმოწმეთ არტერიული წნევა, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ. თუ სისტოლური (ზედა) წნევა 120-139 მმ ვწყ. სვ-ია ან დიასტოლური (ქვედა) – 80-89 მმ ვწყ. სვ, წნევის კონტროლი ყოველწლიურად მოგიწევთ. ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ, თუ სისტოლური წნევა – 140-ზე, დიასტოლური კი 90-ზე მაღალია.
შაქრიანი დიაბეტის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თირკმლის დაავადებების დროს არტერიული წნევის უფრო ხშირი მონიტორინგია საჭირო.
ქოლესტერინის შემოწმება
ქოლესტერინს სისხლის ანალიზით საზღვრავენ. თუ მაჩვენებელი ნორმაშია, მომდევნო ხუთი წელი ანალიზის აღება აღარ მოგიწევთ, მაგრამ თუ ამ ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრების წესის შეცვლა მოგიხდათ (მოიმატეთ წონა, შეიძინეთ მავნე ჩვევა), გაქვთ დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმელების დაავადება – ქოლესტერინის უფრო ხშირად შემოწმებას გირჩევთ.
დიაბეტის სკრინინგი
თუ არტერიული წნევა 140-80 მმ ვწყ. სვ ან უფრო მაღალია, ექიმი აუცილებლად შეამოწმებს სისხლში შაქრის დონეს. გამოკვლევის ჩატარება მოგიწევთ მაშინაც, თუ სხეულის მასის ინდექსი 25 და მეტია ან დიაბეტის სხვა რისკფაქტორებიც დაიდასტურდათ, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი პირველი ტიპის ნათესავებში ან გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
სტომატოლოგიური გამოკვლევა
დანტისტთან ვიზიტი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ არის რეკომენდებული ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად და კბილების გასაწმენდად. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ცხადია, უფრო ხშირად მოგიწევთ სტომატოლოგთან სტუმრობა. ამის შესახებ თავად სტომატოლოგი გეტყვით.
თვალის გამოკვლევა
თუ მხედველობას არ უჩივით, ოფთალმოლოგიური გამოკვლევა ორ წელიწადში ერთხელ ან უფრო ხშირად უნდა ჩაიტაროთ. დიაბეტის არსებობის შემთხვევაში შემოწმება აუცილებელია, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ.
კანის გამოკვლევა
რეგულარული გასინჯვის დროს ექიმი კანსაც დაგითვალიერებთ კანის კიბოს გამოსავლენად, განსაკუთრებით – თუ მაღალი რისკის ქვეშ ხართ. რისკად კი მიიჩნევა გადატანილი კანის კიბო, კანის კიბოს ისტორია ახლო ნათესავებში, იმუნური სისტემის სისუსტე.
ოსტეოპოროზის სკრინინგი
ოსტეოპოროზის სკრინინგის ჩვენებებია სტეროიდების ხანგრძლივი მოხმარება, სხეულის მცირე წონა, მწეველობა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, 50 წლის შემდეგ განვითარებული მოტეხილობა, ოსტეოპოროზის ოჯახური ისტორია.
C ჰეპატიტის სკრინინგი
უცხოური გამოცემები ვირუსული ჰეპატიტების სკრინინგისკენ მაშინ მოგვიწოდებენ, როდესაც პაციენტი (ან პოტენციური პაციენტი) ვირუსული ჰეპატიტის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნება. განსხვავებული რეალობაა საქართველოში: თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ყველა პაციენტს C ჰეპატიტის სკრინინგს სთავაზობენ. მიზეზი მარტივია: ჩვენი ქვეყანა ხომ პირველია მსოფლიოში (!), რომელმაც მიზნად C ჰეპატიტის ელიმინაცია დაისახა. რამდენიმე წლის წინ გაცხადებული ამბიციური მიზნისკენ საქართველო დიდი ნაბიჯებით მიიწევს. ბევრმა უკვე იმკურნალა და დაამარცხა კიდეც ინფექცია (განკურნების მაჩვენებელი 98%-ს აღემატება). ქვეყანაში მუდმივად შემოდის C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი, კიდევ უფრო დახვეწილი მედიკამენტები, რომლებსაც, წინამორბედებისგან განსხვავებით, მინიმალური გვერდითი ეფექტები აქვს. შედეგად ერთ დროს ვერაგი დაავადების მკურნალობა წარმოუდგენლად გამარტივდა. აღარაფერს ვიტყვი ფინანსურ მხარეზე – უნიკალური მედიკამენტები საქართველოს მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემათ.
ამსიგრძე შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ მთავარ სათქმელთან მივსულიყავი: თუ გვინდა, საქართველომ მართლა შეძლოს C ჰეპატიტის საბოლოო დამარცხება, საზოგადოების რაც შეიძლება დიდმა ნაწილმა უნდა იცოდეს საკუთარი სტატუსი C ვირუსთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ პროგრამის ამოქმედების საწყის ეტაპზე მკურნალობა ჩაიტარა ფაქტობრივად ყველამ, ვინც იცოდა, რომ დაავადებული იყო. ჯანდაცვის ექსპერტები კი გვარწმუნებენ, რომ C ჰეპატიტით მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილია დაავადებული, ოღონდ უმეტესობამ ეს არ იცის (დაავადებას ხანგრძლივი უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს, ასე რომ, ეს სულაც არ არის გასაკვირი). ახლა მთავარი მიზანი სწორედ ამ კონტინგენტის გამოვლენაა. ეს მიზანი კი ერთადერთი გზით მიიღწევა – C ჰეპატიტის სკრინინგით. ასე რომ, ვინც არ უნდა იყოთ და რა დაუჯერებლადაც არ უნდა მიგაჩნდეთ თქვენს ორგანიზმში C ჰეპატიტის არსებობა, აუცილებლად ჩაიტარეთ სკრინინგი. ეს მარტივი, არაინვაზიური და უფასო პროცედურაა და ფაქტობრივად ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება.
მომდევნო გვერდებზე ონკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენის საშუალებებზე ვისაუბრებთ.
პროფილაქტიკურ მედიცინაზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ პროფილაქტიკის ყველაზე ეფექტური საშუალება – იმუნიზაცია, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს პრევენციის ძალასა და შესაძლებლობას. იმუნიზაციაზე ფასეული კაცობრიობას ცოტა რამ თუ შეუქმნია. თავად განსაჯეთ: ვაქცინით შესაძლებელია ისეთი მომაკვდინებელი დაავადებების დამარცხება, რომელთა წამალი ჯერაც არ არსებობს!
მედიცინის სამყარო იმუნიზაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხად აღიარებს და უდიდეს ყურადღებას უთმობს. ვაქცინების მნიშვნელობას ჩვენშიც სათანადოდ აფასებენ. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ 2012-დან 2017 წლამდე იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება ოთხიდან 16 მლნ ლარამდე გაიზარდა.
იმუნიზაციის ეროვნული კალენდარი ეტაპობრივად ფართოვდება. ამჟამად ის მოიცავს 12 ინფექციური დაავადების: ტუბერკულოზის, B ჰეპატიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყივანახველას, წითელას, წითურას, ყბაყურას, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი B-თი, როტავირუსითა და პნევმოკოკით გამოწვეული ინფექციების – საწინააღმდეგო აცრებს. კალენდრით გათვალისწინებული ყველა ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის პრეკვალიფიცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხარისხიანი, ეფექტური და უსაფრთხოა.
იმუნიზაცია სამშობიაროშივე იწყება და საფეხურებრივად გრძელდება. 5 წლისთვის ბავშვს გეგმური აცრების უმეტესობა ჩატარებული აქვს. შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ უწევს რევაქციანაცია. ყოველივე ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას თქვენი პედიატრი მოგაწვდით.
არსებობს ისეთი ვაქცინებიც, რომლებსაც არა გეგმურად, არამედ განსაზღვრულ შემთხვევებში იყენებენ. მაგალითად:
* თუ ცხოველმა დაგდორბლათ, დაგკაწრათ ან დაგკბინათ, აუცილებლად უნდა აიცრათ ცოფზე.
* იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკანასკნელად 14 წლის ასაკში ტარდება. ამის შემდეგ ათ წელიწადში ერთხელ რევაქცინაციაა საჭირო. განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა ჩატარებული რევაქცინაცია ტეტანუსზე, კანის ნებისმიერი მიზეზით დაზიანებისას, განსაკუთრებით მაშინ, თუ კანი შეეხო დაბინძურებულ არეს, აუცილებლად მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას. ვაქცინაციის სტატუსისა და ჭრილობის ტიპის გათვალისწინებით შეგიდგენენ მკურნალობის გეგმას.
* რეკომენდებულია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ყოველწლიურად ჩატარება, განსაკუთრებით – რისკჯგუფებისთვის: ორსულებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ქრონიკულ დაავადებათა მქონე პირებისთვის.
* შესაძლოა, მოგიწიოთ “ეგზოტიკური” დაავადებების საწინააღმდეგო აცრაც – ისეთ ქვეყანაში გამგზავრებამდე, სადაც მათი გავრცელება მაღალია.
* სურვილისამებრ, შეიძლება სხვა, კომერციული აცრების ჩატარებაც, მაგალითად, ჩუტყვავილას ან მენინგოკოკური ინფექციის საწინააღმდეგოდ.
ვაქცინების შესახებ აქამდეც არაერთხელ გვისაუბრია, ამიტომ მათზე დიდხანს აღარ შევჩერდები, მაგრამ არსებობს საკითხი, რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება: ეფექტური და უვნებელია თუ არა ვაქცინაცია?
ვაქცინები მოქმედებს!
უკვე მეორე წელია, ასეთია ჯანმოს მთავარი ლოზუნგი იმუნიზაციასთან დაკავშირებით. ალბათ, თქვენც იცნობთ ადამიანს, რომელიც ვაქცინების ეფექტურობას და უვნებლობას ეჭვქვეშ აყენებს. შესაძლოა, თავადაც ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით ან იმუნიზაციის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს ვერაფერს უპირისპირებთ და უნებლიეთ თავადაც გეპარებათ ეჭვი ვაქცინების საჭიროებასა და სანდოობაში. ზოგი იმუნიზაციას მასობრივ ექსპერიმენტად მიიჩნევს, რომლის დროსაც ბავშვების ორგანიზმში, “კაცმა არ იცის, რა შეჰყავთ”, ზოგი აცრით გამოწვეულ მძიმე დაავადებებზე საუბრობს, ზოგს კი მიაჩნია, რომ ეფექტური და უსაფრთხო მხოლოდ ის ვაქცინებია, რომლებსაც განვითარებულ ქვეყნებში იყენებენ, ჩვენ კი ასეთ ფუფუნებას “არავინ გვაღირსებს”...
მართლა ასეთი მტკიცეა თუ არა აცრების მოწინააღმდეგეთა (სასაუბრო ენით – ანტივაქსერთა) პოზიცია? რას ეყრდნობა მათი მოსაზრებები, რამდენად სარწმუნოა ისინი?
არც ერთ ამ მოსაზრებას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. ანტივაქსერები ამახინჯებენ ან არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ ფაქტებს. მაგალითად, უიშვიათესი გვერდითი ეფექტი ვაქცინაციის თანმხლებ მუდმივ პრობლემად ინათლება ან აცრას ბრალდება დაავადება, რომლის პროვოცირებაც შესაძლოა ათას სხვა ფაქტორს მოეხდინა (ბანალური გაციებით დაწყებული, მზის ულტრაიისფერი სხივებით დამთავრებული). ბევრი რამ კი წმინდა წყლის ფანტაზიაა.
სამაგიეროდ, მეცნიერულადაა დადასტურებული ვაქცინების ეფექტიანობა, სანდოობა და საჭიროება. იმუნიზაციის სიკეთე მეცნიერული წიაღსვლების გარეშეც აშკარაა. აბა, გარშემო მიმოიხედეთ და დაფიქრდით: რამდენი ადამიანი გარდაცვლილა წითურათი ან პოლიომიელიტით? გინახავთ ტეტანუსით დაავადებული? გაგიგონიათ ბოლო ხანს ვისიმე ცოფით გარდაცვალების შესახებ? ასეთ შემთხვევებს ვერ გაიხსენებთ და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ვაქცინები მოქმედებს. მათი ეფექტიანობა რომ არა, განა შესაძლებელი იქნებოდა, საქართველოში, ცოფის ენდემურ კერაში, წლების განმავლობაში ცოფის შემთხვევა არ აღრიცხულიყო? თუ აცრები უეფექტოა, როგორ დავამარცხეთ პოლიომიელიტი – დაავადება, რომლის წამალიც არ არსებობს? სად გაქრა ყვავილი - ნომერ პირველი მკვლელი? რატომ მიიჩნევა მარტივ ინფექციებად წითელა და წითურა, რომლებსაც ვაქცინაციის დანერგვამდე ათასობით ბავშვის სიცოცხლე ეწირებოდა? ასე რომ, ჰიპოთეტური საფრთხეების შიშით ვაქცინაციაზე უარის თქმით რეალური საფრთხის წინაშე ვაყენებთ ჩვენი შვილების და არამხოლოდ მათ – მთელი საზოგადოების მომავალს: რაც უფრო ნაკლები აცრილი ადამიანი იქნება გარშემო, მით უფრო დიდი საფრთხე დაემუქრებათ მათ, ვინც მიზეზთა გამო ვაქცინაციას ვერ იტარებს (აქვს მძიმე დაავადება, არ მიუღწევია შესაბამისი ასაკისთვის და ა.შ.).
სკეპტიკოსებისთვის ვაქცინების ეფექტურობის დამადასტურებელ კიდევ რამდენიმე მონაცემს მოვიყვანთ:
* ვაქცინაციის წყალობით წითელათი გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 84%-ით იკლო: 2000 წელს მისი მაჩვენებელი თუ 500 000-ს აღწევდა, 2016 წელს 89780-მდე ჩამოვიდა.
* 1988 წლის შემდეგ პოლიომიელიტით ავადობამ 99%-ით იკლო. კაცობრიობა ისე ახლოსაა ამ დაავადების ამოძირკვასთან, როგორც არასდროს. ამჟამად პოლიომიელიტის გადადება მხოლოდ სამ ქვეყანაში: ავღანეთში, ნიგერიასა და პაკისტანში – ხდება, მაშინ როდესაც 1988 წელს ასეთი 125 ქვეყანა იყო. 2002 წელს საქართველოც ოფიციალურად შევიდა ველური პოლიომიელიტის ვირუსისგან თავისუფალი ქვეყნების სიაში.
* იმ ქვეყნებში, სადაც ტეტანუსის აცრა არ ტარდება, ზრდასრულთა სიკვდილიანობა 80%- ს აღწევს, ახალშობილებისა კი – 95%-ს.
* საერთო ჯამში, ვაქცინები ყოველწლიურად 2-დან 3 მლნ-მდე სიკვდილს გვცილებს თავიდან. კაცობრიობის რაც უფრო დიდ ნაწილს მოიცავს იმუნიზაცია, მით უფრო მეტი ადამიანის გადარჩენას მოვახერხებთ.
კიდევ ერთი მიზეზი
გარდა იმისა, რომ ვაქცინები უამრავი დაავადებისგან გვიცავს, ეფექტური იმუნიზაცია ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებასაც უშლის ხელს. ანტიმიკრობული მედიკამენტებისადმი რეზისტენტობა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს გახლავთ ფენომენი, როდესაც მიკრობები წამლების მიმართ გამძლეობას გამოიმუშავებენ. ანტიმიკრობული რეზისტენტობა უმეტესად ანტიბიოტიკების არარაციონალური – ჭარბი და შეუსაბამო – გამოყენების შედეგია. რა კავშირი აქვს ამას ვაქცინაციასთან? ეფექტური იმუნიზაციის პირობებში იკლებს ავადობის მაჩვენებელი და, შესაბამისად, ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებაც. ჯანმოს შეფასებით, თუ მსოფლიოში ყველა ბავშვი აიცრა პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინით, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოზა ანტიბიოტიკის გამოყენებას ავარიდებთ თავს. აქვე ვახსენოთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაც. მართალია, გრიპი ვირუსია და ანტიბიოტიკი არ შველის, მაგრამ, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოსახლეობის დიდი ნაწილი გრიპის დროსაც ანტიბიოტიკებს მოიხმარს. ეს ანტიმიკრობული საშუალებების არარაციონალური გამოყენების კლასიკური მაგალითია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანტიმიკრობული რეზისტენტობის განვითარებაში.
ერთი სიტყვით, აცერით და დაიცავით.
სკრინინგი – გამოავლინე გამოვლენამდე
“ნეტავ კიბოს წამალი არსებობდეს!” – თუ თქვენ გვერდით ერთი ადამიანი მაინც იტანჯება ონკოლოგიური დაავადებით, ასეთი ნატვრა ერთხელ მაინც გაგიჩნდებოდათ. ვინ იცის, წინ რა გველის, შესაძლოა, მალე კიბოც ისეთივე ბანალურ დაავადებად იქცეს, როგორიც დღეს, მაგალითად, პნევმონიაა. მედიცინის განვითარების ტემპი და მასშტაბი ამის იმედს ნამდვილად იძლევა – არც ისე დიდი ხნის წინ ხომ ფილტვების ანთებაც სასიკვდილო დიაგნოზი იყო... თუმცა, სანამ კიბოს უებარი წამალი გამოუგონიათ, ჩვენ ხელთაა სხვა საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ავთვისებიანი დაავადების დასუსტება და დამარცხებაც კი შეიძლება. დღეს კიბოსთან ბრძოლის ამოსავალი პრინციპი მისი ადრეული გამოვლენაა. ვინაიდან ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ავთვისებიანი პროცესების დიდი ნაწილი მკურნალობას ექვემდებარება, კიბოსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ ინსტრუმენტად სკრინინგი მიიჩნევა.
კლასიკური განმარტების მიხედვით, სკრინინგი გულისხმობს დაავადების გამოვლენას პრაქტიკულად ჯანმრთელ, უსიმპტომო (!) ადამიანებში სწრაფი და მარტივი პროცედურების საშუალებით. მისი მიზანია, დაავადება მანამდე აღმოაჩინონ, სანამ კლინიკურად გამოვლინდება, ამიტომ სკრინინგპროგრამებში მონაწილეობა უნდა მიიღონ მათ, ვისაც არაფერი აწუხებთ.
ისტორია
ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენის მნიშვნელობას ყურადღება დიდი ხნის წინ მიაქციეს. კიბოს სკრინინგის დასაბამად კი 1923 წელი მიიჩნევა, როდესაც ჯორჯ პაპანიკოლაუმ ე.წ. პაპ ტესტი შეიმუშავა. აღმოჩნდა, რომ ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული გამოვლენის საშუალებას იძლეოდა. მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, 60-იანი წლებიდან მეთოდის ფართოდ გამოყენება დაიწყეს. შედეგად აშშ-ში საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეულმა სიკვდილიანობამ 70%-ით იკლო.
XXI საუკუნეში, რომელსაც მეცნიერები პრევენციული მედიცინის ეპოქასაც უწოდებენ, სკრინინგპროგრამებმა ერთიორად დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
რას ვსქრინავთ?
სამწუხაროდ, ყველა ონკოპათოლოგიის სკრინინგი ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ კონკრეტული დაავადების მიმართ სკრინინგპროგრამა ამოქმედდეს, დაავადება რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. ჯანმოს შეფასებით, სკრინინგი ეფექტურად მიიჩნევა თუ:
* დაავადება სერიოზულ საფრთხეს უქადის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას;
* დაავადების ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას;
* არსებობს დაავადების გამოვლენის მარტივი, სწრაფი და ხარჯეფექტური ტესტები.
სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეირჩა ის ონკოპათოლოგიები, რომელთა სკრინინგიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც, წარმოებს. ესენია ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატისა და მსხვილი ნაწლავის კიბო.
საქართველოში კიბოს სკრინინგი 2008 წელს დაიწყო, ჯერ – დედაქალაქში, მერე – რეგიონებშიც. ამჟამად სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. თბილისში პროგრამას თბილისის მერია აფინანსებს, რეგიონებში კი – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. თბილისსა და რეგიონებში მოქმედი სკრინინგპროგრამები თითქმის იდენტურია, თუმცა არსებობს გარკვეული განსხვავებიც. მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეროვნული სკრინინგცენტრის ვებგვერდზე იპოვით. ჩვენ კი თბილისში მოქმედი სკრინინგპროგრამების მოკლე აღწერილობას შემოგთავაზებთ.
ძუძუს კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებს. მოიცავს მამოგრაფიულ კვლევას. თუ პათოლოგია გამოვლინდა, ჩატარდება ძუძუს ექოსკოპია და მამოლოგის კონსულტაცია. საჭიროების შემთხვევაში იღებენ ბიოფსიურ მასალას და ციტოლოგიურად იკვლევენ.
მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევაა. ამ მეთოდით ადრეულ ეტაპზევეა შესაძლებელი პათოლოგიური პროცესის აღმოჩენა. ამ ვადაზე გამოვლენილი დაავადების განკურნების მაჩვენებელი 98%-ია. მამოგრაფიისთვის სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. გამოკვლევის დღეს შხაპის შემდეგ არ გამოიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები – კრემი, პუდრი, დეოდორანტი. გამოკვლევა რეკომენდებულია ციკლის დაწყებიდან მე-7-12 დღეს.
ექიმს უნდა მიმართოთ, თუ შეამჩნევთ სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში, ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს, ლიმონის ქერქისებურ კანს, ძუძუს ტკივილს, ძუძუს კანის შეჭმუხვნას, წვას და სიწითლეს დვრილის არეში, დვრილის ჩაბრუნებას, სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.
ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებს. მოიცავს პაპ ტესტს. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება კოლპოსკოპია. კოლპოსკოპიის დროს, საჭიროებისამებრ, იღებენ ბიოფსიურ მასალას და ჰისტოლოგიურად იკვლევენ.
პაპ ტესტი საშვილოსნოს ყელის ნაცხის გამოკვლევაა, კოლპოსკოპიის დროს კი საშვილოსნოს ყელს მიკროსკოპით ათვალიერებენ. ადრეული აღმოჩენისა და მკურნალობის შედეგად კიბოს თავიდან აცილება ასიდან 75 შემთხვევაშია შესაძლებელი.
პაპ ტესტის ჩატარება არ შეიძლება მენსტრუაციის დროს. ოპტიმალური დრო ციკლის შუა პერიოდია. თუ სქესობრივი კონტაქტის დროს დაცვის ბარიერული საშუალება, სპერმიციდი ან ლუბრიკანტი გამოიყენეთ, უახლოესი 24 საათის განმავლობაში პაპ ტესტის ჩატარება არ შეიძლება, რადგან კონტრაცეპტივებში შემავალი ქიმიური ნივთიერებები ტესტის შედეგზე ახდენს გავლენას.
ექიმს მიმართეთ, თუ გაქვთ საშვილოსნოდან სისხლდენა, პათოლოგიური გამონადენი, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.
სკრინინგი ტარდება 3 წელიწადში ერთხელ.
პროსტატის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს. ხდება სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრა.
პსა-ს მატება, როგორც წესი, პროსტატის კიბოს მაღალ რისკზე მიუთითებს, თუმცა შესაძლოა, სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. (მაგალითად, პროსტატის გადიდებით, პროსტატიტით, საშარდე გზების ინფექციით.
ექიმს მიმართეთ, თუ უჩივით შარდვის გახშირებას, განსაკუთრებით – ღამით, შარდვის გაძნელებას, ტკივილს შარდვის დროს ან შარდვის გახანგრძლივებას.
პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – უტარდებათ 50-დან 70 წლამდე ასაკის ადამიანებს. მოიცავს ტესტს ფარულ სისხლდენაზე, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში – კოლონოსკოპიას.
განავალში ფარული სისხლდენის ტესტს სისხლის უმნიშვნელო რაოდენობის გამოვლენაც კი შეუძლია, პოლიპებს (კიბოსწინარე მდგომარეობა) და კიბოს კი სისხლდენა ახასიათებს. თუმცა დადებითი პასუხი ჯერ კიდევ არ ნიშნავს კიბოს. ტესტის შემდეგ ტარდება კოლონოსკოპია: მსხვილი ნაწლავის შიდა ზედაპირს ექიმი სპეციალური აპარატით ათვალიერებს. ამ მეთოდით გამოავლენენ პოლიპებსაც. მათი მოშორება საგრძნობლად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობას.
ექიმს მიმართეთ, თუ უჩივით კუჭის მოქმედების დარღვევას, განსაკუთრებით – ფაღარათს, რომელიც რამდენიმე კვირაა გრძელდება, სისხლდენას უკანა ტანიდან, სიმკვრივეს მუცლის არეში.
მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინიგი ტარდება 2 წელიწადში ერთხელ.
ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, ექიმის შეხედულებისამებრ, შეიძლება მორიგ უფასო გამოკვლევაზე უფრო ადრე დაგიბარონ, ვიდრე ზოგადად არის გათვალისწინებული.
ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვა – ჩამოთვლილთა გარდა, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე ქალებისთვის (მათ შორის – თბილისში რეგისტრირებული დევნილებისთვის) მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამაც. განსაზღვრულ რისკჯგუფებს პროგრამის ფარგლებში უტარდებათ ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ფინანსდება კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობა ენდოკრინოლოგის მიერ და, საჭიროებისამებრ, სისხლში თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა. ასევე უფასოა ბიოფსია და მასალის ციტოლოგიური გამოკვლევა. პროგრამა მოქმედებს 25-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის. თუ პრობლემა არ გამოვლინდა, განმეორებითი ვიზიტი იგეგმება ხუთი წლის შემდეგ.
არ ენდოთ მითებს
საერთაშორისო გამოცდილება მოწმობს, რომ სკრინინგი ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსახლეობის 60-70%-ს მაინც მოიცავს. სამწუხაროდ, საქართველო ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორსაა. რატომ? უმთავრესად – ინფორმაციის უქონლობის ან მცდარი ინფორმაციის გამო. მოდი, ერთად დავამსხვრიოთ სკრინინგთან დაკავშირებული მითები:
არაფერი მაწუხებს. როცა რამეს ვიგრძნობ, მაშინ ჩავიტარებ სკრინინგს
გახსოვდეთ, სკრინინგი უტარდება ჯანმრთელ მოსახლეობას – მისი მიზანი ხომ კლინიკურად გამოუვლენელი დაავადების გამოვლენაა. ჩივილების არარსებობა საუკეთესო ფონია სკრინინგის ჩასატარებლად.
დიაგნოზის მეშინია
ეს შიში არარაციოანალურია და აი, რატომ: სკრინინგის შედეგად რომც გამოვლინდეს ონკოლოგიური დაავადება, მისი მკურნალობა გაცილებით შედეგიანი იქნება. სკრინინგზე უარის თქმით კი დაავადება არ გაქრება, პროგრესირებას გააგრძელებს და ისეთ დროს წამოყოფს თავს, როდესაც ჩარევა ნაკლებეფექტიანი, მეტად მასშტაბური, მტკივნეული, ტრავმული და ძვირი იქნება. თუ დაუკვირდებით, მიხვდებით, რომ სინამდვილეში იმ პროცესისა გეშინიათ, რომლის თავიდან აცილებაც სწორედ სკრინიგით არის შესაძლებელი.
სკრინინგი რომ ეფექტური იყოს, კიბო ასეთი გავრცელებული არ იქნებოდა
სკრინინგის მიზანი არ არის (ვერ იქნება) ავადობის შემცირება. პირიქით, სკრინინგის დანერგვის შემდეგ ავადობის სტატისტიკამ შესაძლოა იმატოს, რაც ბუნებრივია, ვინაიდან, იმატებს ადრეულ ეტაპზე დაავადების გამოვლენის მაჩვენებელი. სკრინინგის მიზანი სიკვდილიანობის შემცირებაა, ამ მიზნის რეალურობას კი არაერთი სტატისტიკური მონაცემი მოწმობს. მაგალითად, ძუძუს კიბო, რისკფაქტორებიდან გამომდინარე, უფრო მეტად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა, სკრინინგპროგრამების დამსახურებით, ძუძუს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა განვითარებად ქვეყნებზე გაცილებით დაბალია.
ისიც უნდა ითქვას, რომ განსაზღვრულ შემთხვევებში სკრინინგი ავადობის შემცირებასაც უწყობს ხელს. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის დროს ვლინდება კიბოსწინარე დაავადებები, რომელთა მკურნალობა კიბოს განვითარებას აბრკოლებს.
სკრინინგტესტები მტკივნეულია
ეს კიდევ ერთი მითია. სკრინინგტესტები ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. ზოგიერთი კვლევის დროს შესაძლოა მცირე დისკომფორტი იგრძნოთ, რომელიც ტესტის დასრულებისთანავე გაივლის. ამ უსაიმოვნო შეგრძნების გამო სკრინინგზე უარის თქმა, რბილად რომ ვთქვათ, უგუნური საქციელია.
ახლა კი შევაჯამოთ:
* სკრინინგი ონკოდაავადებებთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
* სკრინინგი უტარდება პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობას.
* ადრეული გამოვლენის შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა, პროგნოზი და გამოსავალი რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე დაგვიანებული დიაგნოსტიკის დროს.
* სკრინინგით გათვალისწინებული კვლევები სრულიად უსაფრთხო, სანდო და უფასოა.
ერთი სიტყვით, კიბო – ოდესღაც სასიკვდილო განაჩენად მიჩნეული დაავადება – მედიცინის განვითარების კვალდაკვალ უფრო და უფრო ნაკლებსაშიში ხდება. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის აღარ არის განაჩენი – მხოლოდ დიაგნოზია და ჩვენზეა დამოკიდებული, იქცევა თუ არა ეს დიაგნოზი საბოლოო ვერდიქტად.
ახალშობილთა სკრინინგი: რას უმოწმებენ პატარებს სამშობიაროში
სკრინინგი მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების გამოსავლენად არ გამოიყენება – სკრინინგული პროგრამებით მთელ მსოფლიოში აქტიურად ხდება თანდაყოლილი დაავადებების გამოვლენაც. რამდენიმე ასეთი დაავადების სკრინინგი საქართველოშიც ტარდება. გამოკვლევები სამშობიარო სახლშივე წარმოებს და უფასოა. ყველა ამ დაავადებას ერთი საერთო თვისება აქვს: ადრეული გამოვლენის შემთხვევაში მათი მკურნალობა მეტად ეფექტიანია, შესაბამისად, რადიკალურად განსხვავებულია პროგნოზიც.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი იმ დაავადებათაგანია, რომლებიც პედიატრიულ ენდოკრინოლოგიაში ყველაზე ხშირად აღირიცხება. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ მისი გავრცელება არ აღემატებოდა 5000-10000 ახალშობილზე ერთ შემთხვევას, სკრინინგის დანერგვის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის გაცილებით ხშირია – 3500-4000 ახალშობილიდან ერთს უდასტურდება. ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება გოგონებთან. მისი გამოვლენის მაღალი რისკი აქვთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს.
თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია ან აპლაზია, ჰორმონთა სინთეზისა და გამოყოფის გენეტიკური დეფექტები და სხვა პათოლოგიები.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხების ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზია. სამწუხაროდ, მასზე ეჭვის მიტანა კლინიკური ნიშნების საფუძველზე ასიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაშია შესაძლებელი, ვინაიდან სიმპტომები არასპეციფიკურია, უმნიშვნელო და ზოგჯერ საერთოდ არ არის გამოხატული, მაშინ კი, როცა კლინიკური სურათი თვალსაჩინო ხდება, თავის ტვინი უმეტესად უკვე დაზიანებულია, ე.ი. უკვე გვიანაა. ამ პერიოდში დაწყებული მკურნალობა სხეულის ზრდის ტემპს აწესრიგებს, მაგრამ ბავშვი სამუდამოდ გონებრივად არასრულფასოვანი რჩება, ვინაიდან თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება შეუქცევადი ხასიათისაა.
თავის ტვინი ყველაზე ინტენსიურად პირველი ექვსი თვის განმავლობაში იზრდება. სიცოცხლის მეორე-მესამე წელს პროცესი შედარებით ნელდება. მაქსიმალური ზრდის პერიოდში თავის ტვინი არახელსაყრელი პირობების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა, თიროქსინის დეფიციტი კი საგრძნობლად აფერხებს მის მომწიფებას და შეუქცევად ფსიქიკურ ჩამორჩენას განაპირობებს.
ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრობლემა დაბადებისთანავე გამოვლინდა და მკურნალობაც მალევე, საუკეთესო შემთხვევაში – სიცოცხლის პირველ ან მეორე კვირას, დაიწყო.
არსებობს მარტივი ტესტი, რომელიც მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით გამოირჩევა, მაშასადამე, იდეალური საფუძველია სკრინინგის დასანერგად, ამიტომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – საბედნიეროდ, საქართველოშიც – თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ნეონატალური სკრინინგი ტარდება.
სტატისტიკური მონაცემებით, სკრინინგული კვლევა მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მლნ-მდე ახალშობილს უტარდება. შესაბამისად, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დიაგნოზს ყოველწლიურად 6-8 ათას ბავშვს უსვამენ.
სკრინინგისთვის ნიმუშის აღება ხდება სამშობიარო სახლში, დაბადებიდან არანაკლებ 48 საათის შემდეგ (რეკომენდებულია 72-96 საათში). სისხლს იღებენ ქუსლიდან. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ტარდება დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში კი იწყება მკურნალობა ლევოთიროქსინით. მკურნალობის მიზანია თიროქსინის დონის სწრაფი ნორმალიზება და იმ დოზის შერჩევა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მყარ კომპენსაციას და ბავშვის ნორმალურ განვითარებას უზრუნველყოფს.
ბავშვებს, რომლებსაც უწყვეტი და ადეკვატური მკურნალობა უტარდებათ, ზრდის ტემპი ნორმალური აქვთ. საუკეთესო შედეგს იმ პაციენტებთან იღებენ, რომელთა მკურნალობაც სიცოცხლის პირველ-მეორე კვირას დაიწყო. ინტელექტის კოეფიციენტით, აკადემიური მოსწრებითა და ნეიროფსიქოლოგიური ტესტების შედეგებით ისინი თითქმის არ ჩამორჩებიან ჯანმრთელ თანატოლებს.
ფენილკეტონურია
ფენილკეტონურია გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმს აკლია ფერმენტი ფენილალანინ ჰიდროქსილაზა. ეს ფერმენტი ერთ-ერთი ამინმჟავას, ფენილალანინის, გარდაქმნას უზრუნველყოფს. მისი დეფიციტის გამო ამინმჟავა ვერ იხარჯება და სისხლში გროვდება. ორგანიზმი მის მოცილებას ცდილობს. ამ პროცესში წარმოქმნილი პროდუქტები მომწამვლელია და სხვადასხვა პათოლოგიას იწვევს.
ფენილკეტონურია იშვიათ დაავადებად მიიჩნევა. მის დიაგნოზს 10 000-დან ერთ ბავშვს უსვამენ.
სიცოცხლის პირველ თვეებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობას, ექვსი თვიდან წლამდე კი შესამჩნევი ხდება ბავშვის განვითარების შეფერხება. დაავადების კლინიკური ნიშნებია ჩამორჩენა გონებრივი და სოციალური უნარების კუთხით, თავის გარშემოწერილობის შემცირება, ჰიპერაქტიურობა, ფსიქიკური აშლილობა, კრუნჩხვები. ნებაზე მიშვებული ფენილკეტონურია მძიმე გონებრივ ჩამორჩენილობას იწვევს.
მკურნალობა დიეტას ითვალისწინებს. რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება დიეტის გარეშე გატარებული პერიოდი, მით უფრო შორს წავა დაავადება. გვიან გამოვლენილი დაზიანებები თითქმის შეუქცევადია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკურნალობას აზრი არ აქვს – ის მაინც უნდა ჩატარდეს და განსაზღვრულ შედეგსაც მოგვცემს, მაგრამ ნერვული სისტემის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ვეღარ მოხერხდება, დროული და სწორი დიეტის შემთხვევაში კი ბავშვი სრულფასოვნად განვითარდება.
ვფიქრობ, ყველა მიხვდა, რაოდენ მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული გამოვლენა. ამიტომ არის, რომ სამშობიარო სახლში სკრინინგი ფენილკეტონურიაზეც ტარდება. განსაზღვრულ შემთხვევებში საჭიროა მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჩართვაც. დაავადების ზოგიერთი ფორმის დროს კი მკურნალობა საერთოდ არ ტარდება. არც დიეტაა მკაცრი. მდგომარეობის მუდმივი კონტროლი საკმარისია.
მუკოვისციდოზი
მუკოვისციდოზი, იგივე ცისტური ფიბროზი, იშვიათ დაავადებათაგან ყველაზე გავრცელებულია. ამ დროს ორგანიზმში გამომუშავება სქელი, წებოვანი ლორწო, რომელიც ფილტვებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და სხვა უბნებში გროვდება და პრობლემების წარმოშობას უწყობს ხელს.
მუკოვისციდოზი გენეტიკური პათოლოგიაა – განპირობებულია დეფექტური გენის არსებობით, რომელიც ორგანიზმს ანომალიური ლორწოს გამომუშავებას აიძულებს. დაგროვილი ლორწო სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებისა და საჭმლის მონელების მძიმე დარღვევის მიზეზად იქცევა.
მუკოვისციდოზისთვის დამახასიათებელია: მეკონიური ილეუსი, პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა, ზრდაში ჩამორჩენა, ცხიმში ხსნადი ვიტამინების უკმარისობა, რექტალური პროლაფსი, პორტული ჰიპერტენზია, ბილიარული ციროზი.
რაც უფრო ადრე გამოავლენენ დაავადებას, მით უკეთესი იქნება მკურნალობის შედეგიც, ამიტომ სამშობიარო სახლებში სახელმწიფო მის სკრინინგსაც ახორციელებს.
სმენის სკრინინგი
სმენის სკრინინგი მარტივი არაინვაზიური პროცედურაა, რომლის მეშვეობითაც სმენის დაქვეითებას გამოავლენენ. თუ დარღვევა დადასტურდა, შემდეგ უფრო ღრმა კვლევა ჩატარდება. რითაა მნიშვნელოვანი სმენის სკრინინგი? იმით, რომ მისი მეშვეობით დროულად ხერხდება პრობლემის გამოვლენა და სასმენი აპარატით ან კოხლეარული იმპლანტატით მართვა. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: სმენასთან დაკავშირებული პრობლემები მანამდე უნდა მოგვარდეს, სანამ ბავშვი ამეტყველდება. სკრინინგის გარეშე კი შესაძლოა, მშობელმა რამდენიმე თვეც კი ვერაფერი შეატყოს შვილს.
ახალშობილთა სმენის სკრინინგი 2007 წელს დაიწყო თბილისში და წლების განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქში ტარდებოდა, მაგრამ პროგრამა ვერ იქნება ეფექტური, თუ მთელი ქვეყანა არ მოიცვა, ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებულია, თავად განახორციელოს სკრინინგი.
მოამზადა გვანცა გოგოლაძემ