ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს

გააზიარე:

ქალებში გამოვლენილ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის ძუძუს კიბო სიხშირით პირველ ადგილს იკავებს. ბოლო ხანს დაავადების მკვეთრი მატება შეიმჩნევა: საქართველოში ყოველი 100.000 ქალიდან 50-60-ს ძუძუს კიბოს აქვს.
ძუძუს კიბოს პროფილაქტიკის ყველაზე იოლი და ამავე დროს ეფექტური საშუალება სარძევე ჯირკვლის თვითგასინჯვაა.

როგორ ჩავატაროთ თვითგასინჯვა

. ძუძუს თვითგასინჯვა  ყოველ თვე, მენსტრუაციული ციკლის დამთავრებიდან მეშვიდე-მეათე დღეს ჩაიტარეთ, მენოპაუზის შემთხვევაში კი – ყოველი 
თვის ერთსა და იმავე რიცხვში.
. თვითგასინჯვა უნდა ჩაიტაროთ ფეხზე მდგომმა — სარკის წინ, შხაპის ქვეშ — ან ზურგზე მწოლიარემ.
. პირველ რიგში აზღუდი (ბიუსტჰალტერი) დაითვალიერეთ. შესაძლოა, მასზე სისველე, დვრილიდან გამონადენის კვალი იყოს დარჩენილი.
. დაითვალიერეთ ძუძუსთავები — ხომ არ არის ჩაბრუნებული, დაწყლულებული, ფერშეცვლილი.
. დაითვალიერეთ კანი — ხომ არ არის შეშუპებული, შეჭმუხნული, ფერშეცვლილი.


1. სარკის წინ 
ყურადღება მიაქციეთ სარძევე ჯირკვლების სიმეტრიულობას, თითოეული ძუძუს ფორმას,  ზომას, კანის სტრუქტურას. მათი ცვლილება უკეთ რომ შეამჩნიოთ, თანმიმდევრობით უნდა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:
. ხელები ჩამოუშვით.
. შემოირტყით დოინჯი, დაჭიმეთ ხელისა და  მკერდის კუნთები.
. ხელები გასწიეთ განზე.
. ორივე ხელი კეფაზე შემოიწყვეთ.
. დაიხარეთ 90 0-ით და კიდევ ერთხელ გულდასმით დაითვალიერეთ ორივე ძუძუ.

2. შხაპის მიღების დროს
დაიდეთ მარცხენა ხელი კეფაზე. მარჯვენა ხელის გასაპნული სამი თითის (საჩვენებელი თითის, შუა თითის და არათითი) წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თანდათან უფრო ძლიერად დააჭირეთ თითები, რათა ღრმად მდებარე წარმონაქმნების გასინჯვა შეძლოთ. იგივე გაიმეორეთ მეორე ძუძუზე.

3. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში
დაწექით ზურგზე, ბეჭების ქვეშ მჭიდროდ დახვეული პირსახოცი ამოიდეთ. მარცხენა ხელი თავქვეშ ამოიდეთ, ხოლო მარჯვენა ხელის თითების წრიული მოძრაობით გაისინჯეთ მარცხენა ძუძუ პერიფერიიდან დვრილისკენ. თითების მსუბუქი ზეწოლით გაისინჯეთ ზერელე ქსოვილები, ძლიერი ზეწოლით კი – ღრმად მდებარე.
გულდასმით დაითვალიერეთ ძუძუსა და იღლიას შორის არსებული მიდამო და იღლიის ფოსო.
გახსოვდეთ: დვრილიდან გამონადენი თეთრეულზე კვალს ყოველთვის არ ტოვებს, ამიტომ გირჩევთ, მისი არსებობის შესამოწმებლად ძუძუსთავს მსუბუქად მოუჭიროთ საჩვენებელი და ცერა თითი. განსაკუთრებით საშიშია სისხლიანი გამონადენი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

უთუოდ მიმართეთ სპეციალისტს, თუკი შეამჩნევთ:
. სიმსივნურ წარმონაქმნს ძუძუში ან იღლიის ფოსოში;
. ძუძუს კანის სიწითლეს ან სიმხურვალეს;
. ლიმონის ქერქისებრ კანს;
. ძუძუს კანის შეჭმუხვნას;
. უჩვეულო ტკივილს ძუძუში;
. წვას და სიწითლეს დვრილის არეში;
. დვრილის ჩაბრუნებას;
. სისხლიან ან სხვა სახის გამონადენს დვრილიდან.

გააზიარე: