ველოსიპედი ელექტროძრავით – მომავლის ტრანსპორტი

გააზიარე:

ველოსიპედი ელექტროძრავით უფრო და უფრო მკვიდრდება ჩვენს ყოველდღიურობაში და ტექნიკურად ისე სწრაფად ვითარდება, რომ მალე შესაძლოა ავტომობილის სერიოზულ ალტერნატივადაც იქცეს. ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად კარგად არ არიან მომზადებულნი ან სხეულის ტრავმა აქვთ, ელექტროველოსიპედით ადვილად შეძლებენ გადაადგილებას. უსწორმასწორო და გრძელი გზებიც ადვილი დასაძლევი გახდება. ელექტროველოსიპედის მთავარი ღირსება კი ის არის, რომ არ დაიღლები, არ გაოფლიანდები და დანიშნულების ადგილზე კომფორტულად მიხვალ.

საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორი ლადო ღუდუშაური იმაზე გვესაუბრა, რა უნდა ვიცოდეთ ელექტროველოსიპედის შესახებ, რა უნდა გავითვალისწიონოთ მისი ყიდვისას და როგორ მოვუაროთ მას.

– წინათ ელექტროველოსიპედით მოსიარულეებს დასცინოდნენ, არასპორტულ და ზარმაც ადამიანებად მიიჩნევდნენ. დღეს კი ელექტროველოსიპედი აღიარებულია მოძრაობის თანამედროვე საშუალებად თანამედროვე ადამიანებისთვის. ის სწრაფია, სასიამოვნო და მოხერხებული როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანში შესულებისთვისაც. ევროპაში ელექტროველოსიპედების ბაზარი დიდი სისწრაფით ვითარდება. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელიწადში ყოველი მეორე გაყიდული ველოსიპედი ელექტროძრავიანი იქნება.

  • – რით განსხვავდება ელექტროძრავიანი ველოსიპედი ჩვეულებრივისგან?

– ელექტროველოსიპედი, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ელექტროსისტემით: ელექტროძრავით, ელემენტებით და ბორდკომპიუტერით, – არის აღჭურვილი. ძრავა პედლების ბუდეში, წინა ან უკანა ბორბალზეა დამონტაჟებული, ელემენტები უკანა საბარგულის ქვეშ, ჩარჩოზე ან შიგ ჩარჩოშია ჩასმული, ხოლო ბორდკომპიუტერი საჭეზეა დამაგრებული. ელექტროსისტემით შეიძლება აღიჭურვოს ყოველგვარი ტიპის ველოსიპედი – ქალაქისა, სამოგზაურო თუ სამთო.


რაც უფრო პატარა, მსუბუქი, ჩუმი და თანამედროვე დიზაინისაა ელექტროძრავა, მით უკეთესია. მწარმოებლები ელექტროველოსიპედისთვის ძირითადად 250– ან 350-ვატიან ძრავას იყენებენ.
ელექტროველოსიპედებს მართვის ხუთი რეჟიმი აქვს. იმის მიხედვით, რომელ რეჟიმში მოძრაობ, ძრავის დახმარების ხარისხიც განსხვავებულია.
სხვადასხვა ტიპის ველოსიპედს სხვადასხვა სიმძლავრის ძრავა აქვს. მაგალითად, სამთოს უფრო მძლავრი სჭირდება, ვიდრე ქალაქისას ან სამოგზაუროს. საუკეთესო ხარისხის ძრავები 3-4 კილოგრამამდე იწონის.
ძრავა, როგორც გითხარით, წინა ან უკანა ბორბალზე ან პედლების ბუდეშია დამონტაჟებული. პედლების ბუდეში დამომტაჟებული ძრავა უკეთესია, რადგან ამ დროს სიმძიმის ძალა უფრო თანაბრად ნაწილდება, ვიდრე წინა ან უკანა ბორბალზე დამონტაჟებული ძრავის შემთხვევაში.


ელემენტი ენერგიის წყაროა. რაც უფრო ხარისხიანია ის, მით უფრო გამძლეა და მსუბუქი. მაგალითად, ბოშის თანამედროვე მოდელები იმით გამოირჩევა, რომ პატარა ზომისაა და დიდ ენერგიას იტევს, შესაბამისად, დიდხანს გყოფნის. მათი წონა 2,5-3 კილოგრამამდეა. ასეთი ელემენტები არა მარტო მსუბუქია, არამედ დიდი გამძლეობითაც გამოირჩევა. დატენისთვის საჭირო დრო ელემენტის მოცულობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ელემენტს, რომლის სიმძლავრე 300 ვატია, ბოლომდე დასატენად დაახლოებით 2,5 საათი სჭირდება, ხოლო 500-ვატიანს – 4,5 საათი.
სავსე ელემენტით რა მანძილს გაივლი, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – ველოსიპედის ტიპზე, ველოსიპედისა და ველოსიპედისტის წონაზე, მართვის რეჟიმზე, ნიადაგზე, რელიეფზე, ქარის წინაღობაზე, საბურავის პროტექტორის სისქეზე, საბურავის წნევაზე, სიჩქარის მექანიზმზე, ძრავის სიმძლავრეზე. ამის მიხედვით, ელემენტმა შესაძლოა როგორც 20, ისე 150-200 კილომეტრიც კი გაგატაროთ.


ელემენტმა დიდხანს რომ გაძლოს, კარგად უნდა მოუაროთ: შეინახეთ მშრალ ადგილას, 10-20 გრადუს ტემპერატურაზე, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. კარგი იქნება, თუ ოთახის ტემპერატურაზე დატენით. ველოსიპედის ტრანსპორტირებისას კი ელემენტი, სასურველია, მოხსნათ და მანქანაში შეინახოთ.


სიცივეში, განსაკუთრებით – ნულ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე, ელემენტი სუსტდება, ამიტომ ზამთარში უმჯობესია, ის მგზავრობის წინ დაამაგროთ ველოსიპედზე. თუ ელემენტის დიდი ხნით შენახვა გიწევთ, უმჯობესია, 30-60%-მდე დატენილი შეინახოთ. თვეში ერთხელ შეამოწმეთ და თუ 30%-ს ჩამოსცდა, აუცილებლად დატენეთ.
ელემენტი უნდა გაწმინდოთ სველი, კარგად გაწურული ტილოთი და არავითარი ქიმიური საწმენდი საშუალება არ მიაკაროთ. ველოსიპედს კი გაწმენდის დროს ელემენტი ამოაცალეთ.
ელემენტი ადვილად იტენება 220 ვოლტი ძაბვის დენით. შეგიძლიათ, სახლშიც დატენოთ. წინათ თუ აუცილებელი იყო, ბოლომდე დაგეცალა ან ბოლომდე დაგეტენა, მაღალი ხარისხის თანამედროვე ელემენტებს ეს აღარ სჭირდება. დატენის პროცესის გაწყვეტა ელემენტს არ დააზიანებს. მთავარია, დატენოთ სპეციალური დამტენით, რომელიც მწარმოებლისგან მოჰყვება. სხვაგვარად შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ.
ეცადეთ, ბოლომდე არ დაცალოთ. შეძლებისდაგვარად, ყოველთვის დატენეთ მგზავრობიდან დაბრუნების შემდეგ.

ბორდკომპიუტერი საჭეზე მაგრდება. მგზავრობისას შეგიძლიათ, ყველა საჭირო ინფორმაცია დისპლეიზე ცერა თითის დაჭერით მოიძიოთ, ისე, რომ საჭეს ხელი არ გაუშვათ. მართვის ხუთი რეჟიმი: ტურბო, სპორტული, სამთო, სამოგზაურო, ეკო, – და გამორთვა სხვადასხვა სიტუაციაში ინდივიდუალურ დახმარებას გააიწევთ. სასურველი რეჟიმის არჩევაც ბორდკომპიუტერის ეკრანზე შეგიძლიათ. ბორდკომპიუტერი გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენ პროცენტზეა ელემენტი დატენილი, რა სიჩქარით მოძრაობთ და რა მანძილი გაიარეთ. თანამედროვე მოდელები ნავიგაციის სისტემითაც არის აღჭურვილი.


ელექტროველოსიპედს ველოსიპედის თითქმის უკვე ყველა მწარმოებელი უშვებს. არჩევისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება ელექტროსისტემის ხარისხს მიაქციეთ. მეტი უსაფრთხოებისთვის უმჯობესია, ის მაღალი ხარისხის იყოს. მწარმოებელთა უმრავლესობა "ბოშის" ელექტროსისტემას იყენებს, რადგან უფრო გამძლეა და საიმედო.

ელექტროველოსიპედის ტიპები
ელექტროსისტემის მიხედვით განასხვავებენ ელექტროველოსიპედის სამ ტიპს:
* პედალური ელექტროველოსიპედის (Pedal electric cycle) ელექტროძრავა მხოლოდ პედლების ტრიალის დროს გეხმარება. მაქსიმალური სიჩქარე 25კმ/სთ-ია. მეტი სიჩქარით მოძრაობისას ძრავა ავტომატურად ითიშება, ამიტომ, თუ უფრო სწრაფად სიარულს გადაწყვეტთ, პედლების მძლავრად ტრიალი მოგიწევთ, ანუ მეტი სიჩქარე თქვენივე ფიზიკური ძალისხმევით უნდა განავითაროთ. ასეთ ველოსიპედებს ძირითადად 250 ვატი სიმძლავრის ძრავა აქვს. ეს ელექტროველოსიპედის ყველაზე მოთხოვნადი ტიპია და ყველა იმ სამგზავრო წესს ემორჩილება, რასაც ჩვეულებრივი ველოსიპედი.
* მეორე ტიპია შედარებით სწრაფი ელექტროველოსიპედი. მისი ძრავაც მაშინ ირთვება, როცა პედლის ტრიალს იწყებ და მაქსიმუმ 45 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაში გეხმარება. ევროკავშირის ქვეყნებში ასეთი ელექტროველოსიპედები იმ სამგზვრო წესებს ემორჩილება, რომლებსაც მოპედები. მაგალითად, სჭირდება ნომერი, შესაბამისი კლასის მართვის მოწმობა; მათი მართვისას აუცილებელია ჩაფხუტის ტარება, შეზღუდულია მძღოლის ასაკიც და ველობილიკებზე მათი მოძრაობა არ არის ნებადართული.
* მესამე ტიპის ველოსიპედი პედლების ტრიალის გარეშე, ელექტროძრავის დახმარებით დადის. სიჩქარე რეგულირდება საჭეზე დამონტაჟებული სახელურის საშუალებით. ძრავა მაქსიმუმ 20 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაში გეხმარება. ესეც იგივე მოპედია.
მოდი, ელექტროველოსიპედის პირველ ტიპზე ვისაუბროთ.

ზოგადი დახასიათება
პედალური ელექტროველოსიპედი ჩვეულებრივთან შედარებით მძიმეა, რადგან მისი ელექტროსისტემა დაახლოებით 7-10 კილოგრამს იწონის. ამას საგანგებოდ მისთვის შექმნილი ჩარჩოც ემატება, რაც მას კიდევ უფრო ამძიმებს და საბოლოოდ ველოსიპედი შესაძლოა 7,5-11 კილოგრამით დამძიმდეს.

სიჩქარე
პედალს რა სიძლიერითაც აწვები, იმ სიჩქარით მოძრაობ. ელექტროძრავა, უბრალოდ, გიადვილებს ძალისხმევას და მისი წყალობით აღმართებზე თუ ქარში უფრო სწრაფად დადიხარ, ვიდრე მის გარეშე. ელექტროველოსიპედს შესაძლოა ჰქონდეს როგორც ჯაჭვისმექანიზმიანი, ისე ბუდიანი სიჩქარის სისტემა. ბუდეში ჩასმული მექანიზმი შედარებით მეტ ენერგიას მოიხმარს, ვიდრე ჯაჭვისა.

განათება
ელექტროველოსიპედს დინამო აღარ სჭირდება. ელემენტი მის მოვალეობას გაცილებით უკეთესად ასრულებს. თუ ღამით ხშირად მგზავრობთ, გაითვალისწინეთ, რომ თანამედროვე სანათები 70 ლუქსამდე განათების საშუალებას იძლევა, რაც უფრო კომფორტულს ხდის ღამით სიარულს.

მუხრუჭი
რომელ მუხრუჭს მიანიჭო უპირატესობა, იმაზეა დამოკიდებული, რა მიზნისთვის იყენებ ველოსიპედს. თუ ქალაქის ველოსიპედი გყავს და ქალაქგარეთ გასვლა იშვიათად გიწევს, სავსებით საკმარისია ჩვეულებრივი მუხრუჭი, როცა ხუნდი ბორბლის რკალს ედება, ხოლო თუ სამოგზაურო ან სამთო ელექტროველოსიპედი გყავს, უმჯობესია, თანამედროვე ჰიდრავლიკური დისკური მუხრუჭი იქონიო.
დიდი სიჩქარისა და სიმძიმის გამო მუხრუჭს დიდი ძალა ადგება, ამიტომ, მეტი უსაფრთხოებისთვის, ელექტროველოსიპედის სამუხრუჭე სისტემა უნდა იყოს საუკეთესო ხარისხისა და უფრო ეფექტური, ვიდრე ჩვეულებრივი ველოსიპედისა.

ელექტროველოსიპედის უპირატესობები
ელექტროველოსიპედს უფრო ხშირად იყენებ, ვიდრე ჩვეულებრივს, რადგან აღმართები აღარ გაშინებს.
ზედმეტად არ ტვირთავ სახსრებს.
არ იღლები და არ ოფლიანდები.
ადვილად ადიხარ აღმართზე და არც ქარის წინაღობა გაშინებს.
უფრო სწრაფად ფარავ მოკლე მანძილებს.
ინაჩუნებ აქტიურ მოძრაობას და, ამგვარად, ჯანმრთელობასაც.
ყოველდღიურად უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ავტომობილი.
არ აბინძურებს ჰაერს – 100 კმ-ზე ელექტროველოსიპედი დაახლოებით 0,6 კგ ჩO2-ს წარმოქმნის, ხოლო მანქანა – 21 კგ-ს.
იაფი სატრანსპორტო საშუალებაა – 100 კმ-ის 25-40 კმ/სთ სიჩქარით გავლისას დაახლოებით 1 ლარს მოიხმარს, მაშინ როცა მანქანა -დაახლოებით 15-ს.
არ კარგავ დროს საცობებში და პარკინგის ძებნაში.

თუმცა:
ჩვეულებრივ ველოსიპედზე ძვირია.
სჭირდება ელემენტის რეგულარული დატენა. თუ ველოსიპედს წელიწადში მხოლოდ რამდენიმე დღე იყენებ, შესაძლოა, ელემენტი გაფუჭდეს.
7-11 კილოგრამითი მეტს იწონის, ვიდრე ჩვეულებრივი ველოსიპედი

ვისთვისაა კარგი არჩევანი?
ძრავის წყალობით არც ისე მობილური, მაგრამ ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები, ასევე – ასაკოვანი ადამიანები, რომლებსაც სურთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიონ, სიამოვნებით მგზავრობენ.
ელექტროველოსიპედი იდეალურია, როცა უსწორმასწორო რელიეფზე, აღმართ-დაღმართზე, ხანგრძლივ ტურში ხშირად გიწევს სიარული.
ელექტროველოსიპედი ძალიან კომფორტულია მათთვის, ვინც ყოველდღე სამსახურში ველოსიპედით დადის, რადგან გზაში არ იღლება და არ ოფლიანდება.
თუ ხშირად გიწევთ ველოსიპედით ტვირთის გადატანა, ელექტროველოსიპედი საქმეს საკმაოდ გაგიადვილებთ.

ვის არ ვურჩევთ?
* მათ, ვინც ველოსიპედს არცთუ ისე ხშირად იყენებს, არც აღმართ-დაღმართზე უწევს სიარული და ქალაქგარეთ ველოტურებშიც იშვიათად დადის. ასეთ ადამიანებს ჩვეულებრივი ველოსიპედიც გამოადგებათ.
* 14 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან შესაძლოა, მაღალი სიჩქარე ვერ გააკონტროლონ.
* ვისაც კუნთების გაზრდა სურს. მათ, უმჯობესია, არჩევანი ჩვეულებრივ ველოსიპედზე შეაჩერონ.

რჩევები
უპირველეს ყოვლისა, კარგად მოიფიქრეთ, გჭირდებათ თუ არა ელექტროველოსიპედი, რადგან მასში საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოგიწევთ. კარგი მოდელი დაახლოებით 2000-3000 ევრო ღირს. ცალკე ელემენტი, თუ დაგჭირდათ, 500 ევრომდე დაგიჯდებათ.
ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი მიზანი – ქალაქში მოკლე მანძილებზე სიარული, მოგზაურობა თუ უგზოობაში ან მთის ბილიკებზე სიარული.
გამყიდველს ყველაფერი გულდასმით გამოჰკითხეთ და აუცილებლად ჩაატარეთ სატესტო სვლა.
ელექტროველოსიპედი შესაძლოა 20-30 კილოგრამსაც იწონიდეს, რასაც სიარულის დროს ვერ იგრძნობთ, ამიტომ ძრავის გამორთვის შემთხვევაში ველოსიპედს კარგად უნდა ფლობდეთ. ყიდვამდე გამორთული ძრავითაც გაატარეთ ველოსიპედი.
ასაკიანმა ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ჩარჩოს ფორმას, რომ მოხერხებული იყოს ველოსიპედზე დაჯდომა და გადმოსვლა.
ტურის დაგეგმვის დროს გაითვალისწინეთ, რომ გზაში შესაძლოა ისეთი დაბრკოლება შეგხვდეთ, ველოსიპედის ხელით ტარება მოგიწიოთ და შეამოწმეთ, შეგიძლიათ თუ არა ველოსიპედის აწევა.

შესაძლებელია თუ არა ჩვეულებრივ ველოსიპედზე ელექტროსისტემის დამონტაჟება?
რა თქმა უნდა, შეიძლება, ჩვეულებრივი ველოსიპედი ელექტროველოსიპედად აქციოთ. თუ ელექტრონაწილებს თვითონვე დაამონტაჟებთ, შესაძლოა გაცილებით იაფი დაგიჯდეთ, მაგრამ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იაროთ, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, მზა ელექტროველოსიპედებში კი ეს კომპონენტები საუკეთესოდ არის ინტეგრირებული, შესაბამისად, ისინი უფრო უსაფრთხო და სანდოა.
თუ ელექტროსისტემის დამონტაჟება მაინც გადაწყვიტეთ, ჩვენი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ.
ელექტროძრავის დამონტაჟება ფაქტობრივად ყველანაირ ველოსიპედზე შესაძლებელი.
ელექტრონაწილების შეძენამდე ველოსიპედი კარგად შეამოწმეთ. უპირველეს ყოვლისა, ის საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს, რადგან დაახლოებით 7-10 კილოგრამი დაემატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ჩარჩოს ფორმა და მასალა. უნდა იცოდეთ ისიც, რომ ელექტროძრავა სიჩქარის ყოველგვარ მექანიზმსა და სამუხრუჭე სისტემასთან კომბინირებადი არ არის.
ძრავა შესაძლოა წინა ან უკანა ბორბალზე ან პედლებთან დამონტაჟდეს. უფრო ხშირად მას უკანა ბორბალზე ამონტაჟებენ. საუკეთესო ვარიანტი ძრავის პედლებთან დამონტაჟებაა, რადგან ამ შემთხვევაში სიმძიმის ძალა თანაბრად ნაწილდება.
მწარმოებელი კომპანიები გვთავაზობენ უკანა ბორბალს უკვე დამონტაჟებული ძრავით. თუ მას შეიძენთ, გადაკეთება გაგიადვილდებათ.
ელემენტისთვის კი საუკეთესო ადგილია სკამის ღერძი, ჩარჩოს ქვედა ღერძი ან უკანა საბარგულის ქვედა ნაწილი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: