ნატუკა გულისაშვილის გემრიელი ამინდები

გააზიარე:

მსახიობობაზე არ უოცნებია – მისი წარმოდგენით, მსახიობ ქალს ქერა თმა და ბარბის აღნაგობა მოეთხოვებოდა, თვითონ კი არც ერთი ჰქონდა, არც მეორე. შესანიშნავი ვოკალური მონაცემების მქონე გოგონას მეცოსოპრანოს წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. თავადაც მომღერლად უფრო წარმოედგინა თავი, თუმცა არჩევანი საბოლოოდ მაინც თეატრალურ ინსტიტუტზე შეაჩერა. Uბრალოდ ვცდიო, გადაწყვიტა. ცდა წარმატებული აღმოჩნდა. რეზო მირცხულავას ჯგუფში მოხვდა, მას შემდეგ კი, რაც ბატონი რეზო ბათუმის თეატრის მთავარი ხელმძღვანელი და რეჟისორი გახდა, ნატუკას ჯგუფი ოთარ ეგაძემ “იშვილა”.

– ჩემი ერთ-ერთი უდიდესი შეცდომა ის გახლდათ, რომ სულსწრაფობისა და სიზარმაცის გამო ვოკალს არ გავყევი. პარალელურადაც შემეძლო ამ მიმართულებით განვითარება, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა თეატრი, სიყვარული, ქორწინება, ოჯახი და...
ალბათ ამიტომ იყო ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი გოგოლის “ცხვირის” მიხედვით დადგმულ სპექტაკლში შესრულებული არია, რომელიც სამსახიობო და ვოკალური ხელოვნების სინთეზია.

ბოჰემური ცხოვრების ხიბლი
მსახიობობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე მდიდარი და საინტერესო პროფესიააო, ამბობს. ღამისთევების, ხანგრძლივი რეპეტიციების, როლზე მუშაობის რთული პროცესის დროსაც კი მუდამ ფორმაში უნდა იყო. სამაგიეროდ, ბოჰემურ ცხოვრებას განსაკუთრებული ხიბლიც ახლავს თან. ნატუკა უდიდესი სიყვარულით იხსენებს წლებს, როდესაც მხოლოდ სცენით ცხოვრობდა:
– 90-იან წლებში უკვე თეატრალურ სარდაფში ვმუშაობდი. იმ დროს ის თბილისის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მოზარდი გადავარჩინეთ ცუდ გზაზე დადგომას. უბილეთო ახალგაზრდები მოდიოდნენ, იატაკზე სხდებოდნენ და ხელოვნებას ეზიარებოდნენ. ბევრმა ქუჩას რეჟისორობა, მსახიობობა არჩია და შესანიშნავ პროფესიონალად იქცა... სარდაფის დახურვის შემდეგ ტელეკომპანია “იმედის” დილის გადაცემაში კულინარიული ბლოკი მიმყავდა. შემდეგ “იბერიაში” მქონდა საავტორო გადაცემა. რადიოსა და საბავშვო ტელევიზია “ენკი-ბენკიშიც” ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, ტელევიზია სცენას ვერ შეედრება, მაგრამ შინ ჯდომა და თვიდან თვემდე როლის ლოდინი შეუძლებელია. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც უამრავი ნიჭიერი ადამიანია, არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მოდიან და სადღაც ხომ უნდა დავეტიოთ...


სამწუხაროდ, დღეს მსახიობობა ჰობი უფროა თითქოს, რადგან ამ პროფესიით თავის რჩენა ძნელია. მეც სხვადასხვა სფეროში მოვსინჯე ძალა და ყველგან მხოლოდ პოზიტივს ვეძებდი. ვფიქრობ, ჩემს ემოციას მაყურებელს სწორად ვაწვდიდი. ამის დასტურია ის სითბო და ყურადღება, რომელსაც ქუჩაში, უბრალო გამვლელებისგან ვიღებ. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის ეს ყველაზე დიდი ჯილდოა.
კინოს მეშვეობით ცნობადობა და მაყურებლის სიყვარული უფრო იოლი მოსაპოვებელია. ნამდვილი საჩუქარი იყო გიორგი შენგელაიას ფილმ “მიდიოდა მატარებელში” მიღებული როლი. ჩემი პარტნიორები იყვნენ ბუმბერაზი მსახიობები – რამაზ ჩხიკვაძე, კახი კავსაძე... ჩემი ტიპაჟი რატომღაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ასოცირდება და ფილმებსა თუ სპექტაკლებშიც უმეტესად ასეთი პერსონაჟების განსახიერება მიწევს, მაგრამ ძალიან მინდა, მაყურებელს ჩემი შინაგანი სამყარო დავანახო. იმედია, ოდესმე ტრაგიკულ ან დრამატულ როლსაც შემომთავაზებენ და სრულიად განსხვავებულ სახეს შევქმნი.

კერძის შექმნა ახალ როლზე მუშაობას ჰგავს
– მარო თარხნიშვილი ჩემი დიდი ბებია იყო. ჩვენს ოჯახში ყოველთვის საინტერესო ადამიანები იყრიდნენ თავს. სუფრის განსაკუთრებული კულტურა და ტრადიცია გვქონდა. იმ დროს საჭმელ-სასმლის მრავალფეროვნებაზე არავინ სვამდა აქცენტს. სუფრა იყო ლამაზი, გემრიელი და საინტერესო – სიმღერები, ლექსები... ბებიები, მამიდები, დედა შესანიშნავი კულინარები იყვნენ. მეც ბავშვობიდან გამიჩნდა ამ სფეროს მიმართ ინტერესი. ყოველი კერძის შექმნა ახალ როლზე მუშაობას ჰგავს – ფიქრობ, იგონებ, აძლევ ფერებს, გემოს... ასევეა როლიც: ცოტა თუ გადაამლაშე ან რამე დააკელი, მაყურებელს არ მოეწონება.


ჩვენი ოჯახის მენიუ მძიმე საკვებით არ არის გადატვირთული. ვცდილობთ, ჯანსაღად ვიკვებოთ. მიხარია, რომ ქართველებმაც დაიწყეს ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეულის მოყვანა. რა თქმა უნდა, ეს ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მერწმუნეთ, ჯანმრთელობაზე ძვირი არ არის.
საზოგადოდ, ქართული სამზარეულო მძიმეა. ერთხელ საბერძნეთიდან სტუმარი გვეწვია, შოკი მოჰგვარა ქალაქის ეკოლოგიამ და საკვებმა. არადა სუფრის ტრადიციები საქართველოში გონივრული და ლოგიკურია: აღმოსავლურ ხორციან კერძებთან ღვინოც შესაფერისი აქვთ, რომელიც ქოლესტერინს ანეიტრალებს, დასავლეთში საკვებიც მსუბუქია და ღვინოც, მთაში ჟიპიტაური და არაყია გავრცელებული და საკვებიც უმეტესად ცომეულისა და ცხვრის ხორცისგან შედგება... ალბათ, იმიტომაც ვართ გამძლე და მაგარი ერი, რომ ზუსტად ვიცით, რა რასთან ერთად უნდა მივირთვათ.

სტრესს არ ვნებდები
– ერთმა შესანიშნავმა ექიმმა მირჩია, ორგანიზმს მიუგდე ყური – თავად გიკარნახებს, შენთვის რა ჯობიაო. საკუთარ სურვილებთან ჰარმონიაში ყოფნა ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ნერვიულობითაც არ ვიკლავ თავს. მირჩევნია, პრობლემები მშვიდობიანად, ზედმეტი ემოციის გარეშე მოვაგვარო. იმედიც მაძლებიაებს. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ კარგიც და ცუდიც ცხოვრებაში რაღაცნაირად ბალანსდება.
ვცდილობ, ხშირად გავიდე ქალაქგარეთ – ბუნებასთან კონტაქტი ყველაზე მეტად ამშვიდებს. სტრესის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ცხოველებთან ურთიერთობაც. მყავს ძაღლი, თუთიყუში და თევზი. ბავშვობაში ციყვიც კი მყავდა. ბაზარში ვიყიდეთ, თავიდან არც ვიცოდით, რა იყო – პატარა, სასაცილო, გაბურძგნული არსება თაგვს ჰგავდა... ციყვი გაიზარდა. ძველებურ სარკეს კუთხეები სულ მოაღრღნა, მაგრამ ოჯახის წევრად აღვიქვამდით და მის უსაქციელობაზე მაინცდამაინც არ ვბრაზობდით.

გემრიელი ამინდი
– გამიგონია, რომ ადამიანებს განწყობა ამინდის მიხედვით ეცვლებათ – ბევრს არ უყვარს, სიცივე, ქარი და წვიმა, მე კი აქაც პოზიტივს ვეძებ. ასეთ ამინდს გემრიელ ამინდს ვუწოდებ: გარეთ სუსხია, მე კი თბილად ვარ შინ და გემრიელ კერძს ვამზადებ. მიყვარს, როდესაც სამზარეულოში სასიამოვნო სურნელი ტრიალებს, სუფრას ვაწყობ და ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, მეგობრებს ველოდები.
ბოლო დროს ვგრძნობ, რომ რაღაც უარყოფითი აურა მოედო ქალაქს, საზოგადოებას... ერთმა სრულიად უცნობმა ქალბატონმა სოციალურ ქსელში მომწერა, სულ ასეთ კარგ გუნებაზე რომ ხარ, სადარდებელი არაფერი გაქვსო? ბედნიერი ვარ, რომ ჯერჯერობით შემწევს ძალა, თავად შევიქმნა ეს განწყობა და სხვებსაც გავულამაზო ცხოვრება.

ოჯახი
– ქალიშვილი მყავს, ანკა. პატარა რომ იყო, ამბობდა, მაყურებელი უნდა გამოვიდეო. გერმანული ენის სპეციალისტია. მასაც ჩემსავით ბავშვობიდან მოჰყვება ცხოველების სიყვარული. შინ ბევრი ყვავილი და ძველებური ნივთი გვაქვს. მიყვარს სახლი, სადაც წინაპრების სული ტრიალებს. მისაღებ ოთახში კედელს ჩემი ბებიების მაყაშვილებისა და აბელიშვილების ისტორიული ფოტო ამშვენებს – ეს ჩემი ოჯახის წარსულია. არსადაა ჩემი გარდაცვლილი ძმისა და მამის ფოტოები, სამაგიეროდ, ვუვლი და ვეალერსები ნივთებს, რომლებიც მათ თავს მახსენებს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: