საბა ფურცელაძე: “ბრძოლა თამაშის უკანასკნელ წუთამდე უნდა შეგეძლოს”

გააზიარე:

სპორტსმენები ქვეყნის პოპულარიზაციაში დიდ როლს ასრულებენ. საერთაშორისო ასპარეზზე მათი ყოველი წარმატება ქვეყნის პრესტიჟი და გამარჯვებაა. რა გასაკვირია, რომ ეს ადამიანები საზოგადოების განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ – თითოეული მათგანი ხომ გვეიმედება და გვეამაყება, მით უმეტეს – ახალგაზრდები, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ და თამამ განაცხადს აკეთებენ საკუთარი მომავლის შესახებ.

სწორედ ერთ ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს – ჩოგბურთელ საბა ფურცელაძეს გაგაცნობთ.

საბა მშობლებმა რვა წლის ასაკში მიიყვანეს ჩოგბურთზე. სპორტულ კარიერაზე მაშინ არ უფიქრიათ, მხოლოდ ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნავდნენ, მაგრამ საბა ჩოგბურთმა ისე გაიტაცა, რომ დღეს თავის მომავალს მხოლოდ ამ სპორტში ხედავს.

საბა სტუდენტია, სეუ-ში ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე სწავლობს და ფიქრობს, რომ აქ მიღებული ცოდნა პროფესიონალ სპორტსმენს ფინანსების უკეთ მართვაში დაეხმარება.

საბა ფურცელაძის საჩოგბურთო კარიერის თერთმეტწლიანი ისტორია მრავალ გამარჯვებას ითვლის – ის 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. მეოთხე და მეხუთე კატეგორიის რამდენიმე საერთაშორისო ტურნირიც აქვს მოგებული. არის დევისის თასის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და “ავერსის” თასის ცხრაგზის მფლობელი. ამჟამად 19 წლის ჩოგბურთელი ეგვიპტეშია და მამაკაცთა ტურნირში მონაწილეობისთვის ემზადება. ეს მისთვის პირველი ტურნირი იქნება ერთწლიანი შესვენების შემდეგ. ქართველი ქომაგები მასზე დიდ იმედს ამყარებენ. სპორტული კომენტატორები ჯამლეტ ხუხაშვილი და არჩილ კეკელია ერთხმად აღნიშნავენ, რომ საბა ფურცელაძეს წარმატების დიდი შანსი აქვს და იმედს გამოთქვამენ, რომ ის კიდევ ბევრჯერ გაიტანს ქვეყნის სახელს მსოფლიო ასპარეზზე.

თავად საბამ გვითხრა, რომ ასეთი მაღალი რანგის ექსპერტების შეფასება მისთვის დიდი სტიმულია და სჯერა, რომ სულ მალე მოიპოვებს გამარჯვებას იმ ტურნირებში, რომლებსაც ეს კომენტატორები უძღვებიან ხოლმე.

– პანდემიის გამო გეგმები სრულიად შემეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ვვარჯიშობდი და ფიზიკურად მზად ვარ ახალი შეჯიბრებისთვის, ტურნირებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მქონდა და, შესაბამისად, ვერც დამატებითი ქულები მოვაგროვე, რაც მომავალი ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ხანგრძლივი პაუზის გამო პირველი რამდენიმე თამაში ალბათ ადაპტაციისთვის დამჭირდება, რომ ფორმაში ჩავდგე.

– სპორტში წარმატებისთვის ფიზიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მზადყოფნაც საჭიროა. მამაკაცთა საჩოგბურთო სეზონში მონაწილეობა ახალგაზრდული ლიგიდან უფრო ფართო ასპარეზზე გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მზად ხარ ამ გამოწვევისთვის?

– ჩოგბურთის ფსიქოლოგია მართლაც განსხვავებულია. ეს სპორტის ინდივიდუალური სახეობაა, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა შენ ერთს გეკისრება – საკუთარ თავზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე, სტრატეგიაზე, განწყობაზე, ხასიათის სიმტკიცეზე ხარ დამოკიდებული, ამიტომ გამარჯვებაში ხშირად არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მზადყოფნა ასრულებს გადამწყვეტ როლს.

საბას მეორე დიდი გატაცება კალათბურთია. როგორც თავად ამბობს, ინდივიდუალური მოთამაშის ფსიქოლოგია სპორტის ამ გუნდურ სახეობაშიც ეხმარება – პასუხისმგებლობის აღება მისი ხასიათის შტრიხად იქცა. წაგებულ თამაშშიც ბოლომდე იბრძვის, რადგან კარგ სპორტსმენს ბრძოლა უკანასკნელ წუთამდე უნდა შეეძლოს. მიაჩნია, რომ მაქსიმალიზმი მხოლოდ ვარჯიშის დროს არის გამართლებული, თამაშის დროს კი ემოციების კონტროლი აუცილებელია: უნდა გათვალო, როდის ჯობია შეტევაზე გადასვლა, გაიაზრო, რა აქცენტების დასმაა მიზანშეწონილი...

– თამაშის დროს მოგებაზე არ უნდა იფიქრო. თითოეული გათამაშება ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრირებას მოითხოვს. თუ გამარჯვება გინდა, კონკრეტულ მომენტზე უნდა იყო ორიენტირებული და ხელსაყრელ დროს შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენო. თუმცა ყოველ ტურნირს თავისი სპეციფიკა აქვს და ზოგჯერ არა გამარჯვება, არამედ სწორედ თამაშია გადამწყვეტი.

რაც უფრო წარმატებულია ჩოგბურთელი, მით უფრო დიდი გუნდი ჰყავს – მწვრთნელები, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი... თუმცა საკუთარი გუნდის დაკომპლექტება ძვირად ღირებული სიამოვნებაა და ჩოგბურთელები, რომლებიც კარიერაში პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ, უმეტესად მხოლოდ საკუთარი თავის იმედად არიან.

საზოგადოდ, ჩოგბურთი საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. ტურნირებში მონაწილეობა, ეკიპირება – ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩოგბურთის ფედერაცია შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა ჩოგბურთს უფრო მეტი დაფინანსება სჭირდება, ვიდრე აქვს.

ყველაზე მტკიცე საყრდენი

ოჯახი საბას ყველაზე დიდი გულშემატკივარია. მშობლები ავერსელები არიან. მამა, ირაკლი ფურცელაძე, “ავერსი-ფარმას” გენერალური დირექტორია, დედა, თამარ მახარაძე – “ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი.

– ახალი თაობა მიზანდასახულობით გამოირჩევა, – ამბობს საბას მამა, – ვფიქრობ, დასაფასებელია, როდესაც ადამიანს მიზნისთვის ბრძოლა შეუძლია. ეს თვისება საბასაც აქვს, ამიტომ როდესაც გადაწყვეტილება მიიღო და პროფესიულ სპორტში კარიერის გაგრძელების სურვილი გამოთქვა, მხარი დავუჭირეთ. ნებისმიერი დიდი სპორტული გამარჯვების უკან დგას ადამიანების მთელი არმია – ოჯახი, გარემოცვა, გუნდი, მწვრთნელები... ამ წარმატებაში ყველას თავისი წვლილი შეაქვს.

დღეს სპორტულ ასპარეზზე თავის დამკვიდრება გაცილებით რთულია, ვიდრე თუნდაც 30-40 წლის წინ იყო. წარმატებისთვის გაცილებით უკეთესი  ფიზიკური მომზადება, მეტი ძალა და გამძლეობაა საჭირო. ეს ყველაფერი დიდ ძალისხმევას და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. საბას დღის რეჟიმი ბევრად განსხვავდება მისი ტოლი ახალგაზრდების რეჟიმისგან: ვარჯიში, ბალანსირებული კვება, აღდგენის პროცედურები... თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ აქვს და სინამდვილეში ბევრ რამეზე უწევს უარის თქმა.

მიუხედავად ყველაფრისა, განათლება უკანა პლანზე არასოდეს გადაგვიწევია. ბევრი დრო და ენერგია დაუთმო ენების შესწავლას. აბიტურიენტობის პერიოდი განსაკუთრებით დატვირთული იყო მისთვის, რადგან სწავლა და ვარჯიში ერთმანეთისთვის უნდა შეეთავსებინა. ეს კი ძალიან რთულია, როცა ოჯახის სახით მტკიცე საყრდენი არ გეგულება.

თავად საბა ამბობს, რომ მშობლებთან განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა აქვს:

– როდესაც მნიშვნელოვანი გადწყვეტილებაა მისაღები, აუცილებლად ვუსმენთ ერთმანეთს და ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. რაც უნდა ცუდად ვითამაშო, დედა არასდროს მსაყვედურობს, შენიშვნას არასდროს მაძლევს, მხოლოდ მამხნევებს.

კომპანია “ავერსი”, სადაც ჩემი მშობლები მუშაობენ, ჩოგბურთის და, საზოგადოდ, სპორტის დიდი ქომაგია. ამის დასტურია “ავერსის” საჩოგბურთო ოლიმპიადა და მისი სახელობის თასიც. ეს ძალიან კარგი ტრამპლინია ახალგაზრდა, ნიჭიერი ჩოგბურთელებისთვის. ოლიმპიადა ყოველთვის მაღალ დონეზე ტარდება. მასში მონაწილეობა ჩემთვის მუდამ ახალი შთაბეჭდილებების, ემოციებისა და გამოცდილების წყარო იყო.

ჩოგბურთით გატაცებულია საბას უმცროსი და – კესარიაც. ის მხოლოდ ათი წლისაა და საჩოგბურთო კარიერაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

საბას გულშემატკივრები არიან მისი მეგობრებიც, რომელთა უმრავლესობა სპორტსმენია.

საბას აზრით, ქართულ სპორტში – ფეხბურთში, კალათბურთში, ჩოგბურთში – არაერთი პერსპექტიული ახალგაზრდაა, რომლებიც არა მხოლოდ ნიჭით, შრომისმოყვარეობითაც გამორჩევიან:

– სპორტსმენისთვის შრომისმოყვარეობა ყველაზე დასაფასებელი თვისებაა, რადგან უამისოდ წარმატების მიღწევა შეუძლებელია. როდესაც მომავალს სპორტს უკავშირებ, მარცხის გადალახვაც უნდა შეგეძლოს და ქანცის გაწყვეტამდე ვარჯიშისთვისაც მზად უნდა იყო.

სპორტი გვერდით დგომაცაა, ამიტომ სპორტსმენებმა საუკეთესო მეგობრობა იციან.

საბა ამბობს, რომ მეგობრების გარემოცვაში ყველაზე უკეთესად ერთობა, თუმცა კინოც უყვარს და თავისუფალ დროს ხშირად დეტექტიური ჟანრის ფილმების ყურებით იქცევს თავს. კლასიკას ამჯობინებს, რადგან თანამედროვე კინოში, მისი თქმით, აქცენტს არა შინაარსზე, არამედ სანახაობრივ მხარეზე სვამენ. უყვარს უკვე წაკითხული წიგნის ეკრანიზაციის ყურებაც. კითხვაც ერთგვარი რიტუალია მისთვის, განსაკუთრებით – ზაფხულში, სანაპიროზე ან აუზთან...

საბას კიდევ ერთი გატაცება მოგზაურობაა. ქვეყნები, ქალაქები, სასტუმროები ემოციების მიხედვით ამახსოვრდება. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, როგორ წარდგება ტურნირზე უცხო ქვეყანაში, როგორ ითამაშებს, გაიმარჯვებს თუ დამარცხდება.

წარმატებას ვუსურვებთ ახალგაზრდა სპორტსმენს და გვჯერა, რომ საბა ფურცელაძე ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე მრავალ გამარჯვებას მოუტანს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: