გიორგი აბაშიძე-კაცი, რომელმაც მთავარ ექიმობას ქირურგობა არჩია
გააზიარე:
ზოგიერთი მართლაც დიდი დამსახურების მქონე ადამიანის სახელი ისე მიეცემა დავიწყებას, ორი თაობის შემდეგ მასზე აღარაფერი იციან. ჩვენი რესპონდენტი, უსამართლოდ მივიწყებული ადამიანების მემატიანე ხუტა პაჭკორია, შემთხვევით წააწყდა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს) მთავარი ექიმების სიას და აღმოაჩინა, რომ 1947-1951 წლებში კლინიკას ვინმე გიორგი აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ბატონმა ხუტამ ჩვეული გულმოდგინებით დაიწყო მის შესახებ ინფორმაციის ძიება. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გიორგი აბაშიძე ვერავინ გაიხსენა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად მკვლევარმა მის შესახებ საინტერესო მასალა მოიპოვა – გიორგი აბაშიძის შვილმა, მანანამ, მამის წიგნი აჩუქა, სადაც ავტორი ბევრ საინტერესო ამბავს იხენებს.
ბატონი ხუტა, ჩვენი რუბრიკის უცვლელი სტუმარი, გიორგი აბაშიძეს ჟურნალის მკითხველსაც გააცნობს:
– გიორგი აბაშიძე ცნობილი მწერლის გრიგოლ აბაშიძის უფროსი ძმა იყო. მისი გასაოცარი თავმდაბლობა რომ არა, დღეს მას კორიფეების გვერდით მოიხსენიებდნენ. მედიცინაში იმდენი რამ გაუკეთებია, დიდებისთვის რამდენიმე კაცს ეყოფოდა. მაგრამ მოდი, თავიდან დავიწყოთ.
განათლება – დიდი მიზანი
– გიორგი 1909 წლის 13 თებერვალს ჭიათურის რაიონის სოფელ ზედარგანში დაიბადა. გრიგოლ (ჯიბო) და შუშანა აბაშიძეების ოჯახმა ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი გაზარდა. გიორგი მესამე შვილი იყო. ჯიბოს მხოლოდ ოთხი კლასი ჰქონდა დამთავრებული და ამას ძალიან განიცდიდა. ნაკითხი კაცი გახლდათ, განათლებას დიდად აფასებდა და ცდილობდა, რაც თვითონ დააკლდა, შვილებისთვის აენაზღაურებინა, ამიტომ ექვსივეს უმაღლესი განათლება მისცა.
ჯიბოს მადნის აღმოჩენის ბუნებრივი ნიჭი ჰქონდა, მანგანუმის მრეწველობას მოჰკიდა ხელი და შესანიშნავადაც გაართვა თავი. წელში რომ გაიმართა, სოფელს ორკლასიანი დაწყებითი სკოლა გაუხსნა და მასწავლებლებიც, ცოლ-ქმარი ჩიმაკაძეები მიიწვია, რომლებსაც ოთხოთახიანი სახლი აუშენა და ყოველგვარი პირობა შეუქმნა სამუშაოდ. გარდა ამისა, გახსნა სასწავლებლები ქუთაისსა და ჭიათურაში. საზღვარგარეთ სასწავლებლად წასულ ახალგაზრდებს ფულს უგზავნიდა. მაღაროს მუშებსაც ეხმარებოდა. ხელს უმართავდა საზოგადო მოღვაწეებს.
ზედარგანში აბაშიძეებს დიდი ორსართულიანი სახლი ედგათ, რომელსაც ხეხილით სავსე ეზო ერტყა გარს. სახლები ჰქონდათ ქუთაისსა და ჭიათურაშიც. ხელგაშლილ და სტუმრიან ოჯახს უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. აბაშიძეებთან სტუმრობა ყველას უყვარდა.
ბავშვებს სწავლა რომ გაეგრძელებინათ, აბაშიძეების ოჯახი ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად. გიორგი ჯერ კომერციულ სასწავლებელში მიაბარეს, მერე – რეალურში. გასაბჭოების შემდეგ აბაშიძეებს ზედარგანში დაბრუნება მოუხდათ, თუმცა მალევე გადასახლდნენ ჭიათურაში და ბავშვებმაც იქ გააგრძელეს სწავლა. გიორგი ათწლედში შეიყვანეს, რომლის დირექტორიც ცნობილი პედაგოგი იპოლიტე ვართაგავა გახლდათ. სწორედ მან ურჩია ჯირითით გატაცებულ გიორგის, ცხენოსნობის ნაცვლად მედიცინას გაჰყოლოდა.
იპოლიტეს რჩევას ენდო თუ თავადაც იგრძნო მედიცინისკენ მისწრაფება, ფაქტია, სკოლის დამთავრების შემდეგ გიორგი აბაშიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა. მისი უფროსი და, თამარი, დედაქალაქში სამ სტუდენტს, ძმებსა და ქმარს, უვლიდა.
წითელი ტერორი
– 1927 წელს აბაშიძეების ოჯახი გააკულაკეს. წითელრაზმელები სწორედ ბაბუის დაკრძალვის დღეს შეიჭრნენ მათ სახლში, გარდაცვლილის პატივისცემამაც ვერ შეაჩერა, დაარბიეს და გაძარცვეს იქაურობა. ჯიბომ ითხოვა, მიცვალებული სასაფლაომდე მაინც მიმაცილებინეთო, მაგრამ ეს თხოვნაც არ შეუსრულეს – წაიყვანეს და ციხეში უკრეს თავი. ოქროს სთხოვდნენ, არადა ჯიბოს მცირე დანაზოგიც კი არ გააჩნდა – მთელ ფულს ქველმოქმედებაში ხარჯავდა. შვიდიოდე თვის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა მოგვიანებით ხელახლა დაიჭირეს და გააციმბირეს.
ძმების მოვლა-პატრონობა თამარამ ითავა. თავადაც წარმატებით ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას, ბაქტერიოლოგი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენაში. სხვა დრო რომ ყოფილიყო, იქნებ ნობელის პრემიაც მიეღო.
ბოლშევიკების სისასტიკეს გიორგი მანამდეც შეესწრო – 1924 წლის აჯანყების დროს, რომელიც ჩეკისტებმა ილარიონ ტალახაძის, იმხანად – შინაგან საქმეთა კომისრის მოადგილის, მეთაურობით სასტიკად ჩაახშეს. ასამდე ადამიანი სატვირთო ვაგონებში შეყარეს, შორაპანთან მიაყენეს და დახვრიტეს.
მოგვიანებით, 30-იანი წლების ბოლოს, როდესაც გიორგი ლუქსემბურგის (ახლანდელი ბოლნისის) რაიონული საავადმყოფოს ქირურგად მუშაობდა, მეუღლესთან, მარგო წერეთელთან ერთად ეპიდემიოლოგიური სადგურის გახსნასთან დაკავშირებულ საზეიმო წვეულებაზე მიიწვიეს. სადგურის მთავარი ექიმი, ბორის გელენიძე, დათვრა და ტრაბახს მოჰყვა, იმ რაზმს ვმეთაურობდი, ზესტაფონთან პატიმრები რომ დახვრიტა; ვაგონებში ყვირილი რომ ატყდა, მე აქედან ვყვიროდი: "ცეცხლი! ცეცხლი–მეთქი!" – რომ სროლა არ შეეწყვიტათ და ცოცხალი არავინ დარჩენილიყოო (სხვათა შორის, ერთ-ერთი ვაგონი ამჟამად ოკუპაციის მუზეუმშია და მართლა საცერივით არის დაცხავებული). ამის გაგონებაზე მარგომ, რომლის ბიძები და ბიძაშვილები სწორედ იმ ვაგონებში დახვრიტეს, გაფითრებული წამოვარდა და გელენიძეს ისეთი სილა გააწნა, ეს ზორბა კაცი შეატორტმანა. სანამ იქ მყოფები გონს მოვიდოდნენ, მარგო გარეთ გავარდა, ცხენს მოახტა და გააჭენა. გადარეული გელენიძე კოლეგებმა გააკავეს.
რამდენიმე წლის შემდეგ გელენიძე ქერჩში შეხვდა გიორგის და მოუბოდიშა, რა სისულელე მომივიდა, ეს რამ მომაყოლაო.
ტალახაძე კი გახდა პროკურორი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მონაწილეობდა 1937 წელს საქართველოში მომხდარ დიდ წმენდაში. თსსუ-ში კათედრის გამგის და დეკანის თანამდებობები ეკავა. "წითელ პროფესორს" ეძახდნენ და მისი სახელის ხსენება იმერეთში წყევლის ტოლფასი იყო. ერთხელ გიორგის ნაოპერაციები პაციენტის გასინჯვა სთხოვეს. როდესაც გაიგო, რომ წითელ პროფესორზე იყო საუბარი, უარი თქვა, თუმცაღა იცოდა, ექიმის ეთიკას არღვევდა – პაციენტის სანახავად კოლეგა გაგზავნა.
რეპრესიებში მოჰყვა გიორგის უფროსი ძმა დავითი. 1925 წელს ის მთავრობის ნებართვით ევროპაში წავიდა სასწავლებლად, წარმატებით დაამთავრა ორი ფაკულტეტი გერმანიასა და ავსტრიაში და 1934 წელს საქართველოში ქაღალდის მწარმოებელი ინჟინრის დიპლომით დაბრუნდა. მას ლავრენტი ბერიას სურვილი გადასცეს – თბილისში ქაღალდის საწარმო უნდა აეშენებინა, რომლის ხელმძღვანელადაც თავად მას მოიზრებდა. დავითმა აუხსნა, რომ დედაქალაქში დიდი ქარხნის აშენება არ იყო მიზანშეწონილი, ერთი მხრივ – ეკოლოგიური საფრთხის, მეორე მხრივ კი მასალის დეფიციტის გამო. უფრო გამართლებულად მიაჩნდა მისი აშენება ენგურზე, სადაც ხეტყის დიდი მარაგი იყო, ან გურჯაანში, სადაც უფრო იოლად მოიპოვებოდა მაღალი ხარისხის ქაღალდის მისაღებად საჭირო ვაზის ლერწი. უარმა ბერია განარისხა. დავითი სასწრაფოდ გაეცალა თბილისს, დნეპროპეტროვსკს მიაშურა, სადაც ძალიან აფასებდნენ, მართლაც რომ სასათბურე პირობებს უქმნიდნენ, მაგრამ ბერიამ არ მოასვენა, ჩამოიყვანა და დახვრიტა. დავითის ერთადერთი შვილი, ილონა, გარდაიცვალა, გერმანელი მეუღლე ჰილდა კი შუა აზიაში გადაასახლეს.
სტუდენტობის დროს გიორგი აბაშიძე მხცოვანი პროფესორ-მასწავლებლების დევნასაც შეესწრო. იმხანად კონდრატიევშჩინა ყვაოდა – ღვაწლმოსილ მეცნიერთა მავნებლებად და მოღალატეებად შერაცხვის კამპანია. უდანაშაულო ადამიანებს შეურაცხყოფდნენ, მიწასთან ასწორებდნენ. დევნილთა შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, მიხეილ წინამძღვრიშვილი, შალვა მიქელაძე და სხვები.
მეოთხე კურსზე იყო გიორგი, როცა შავი სიების შედგენა დაიწყო. ისიც და მისი ძმა იოსებიც, რომელიც ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. ძმები ორი წელი მაღაროში მუშაობდნენ – ეს იყო უნივერსიტეტში აღდგენის ერთადერთი გზა, თუმცა პროტექცია მაინც დასჭირდათ. ბიჭებს ფილიპე მახარაძე დაეხმარა.
ექიმის გზა
_ იოსები იოლად დაეწია გაცდენილ პროგრამას, გიორგი კი უფრო დიდ სირთულეს შეეჯახა – პრაქტიკული მეცადინეობების აღდგენა ადვილი არ იყო. გრიგოლ მუხაძეს შეეცოდა უდანაშაულოდ დასჯილი სტუდენტი და დამატებითი ლექცია-პრაქტიკულები დაუნიშნა. გიორგი ისეთი მონდომებით სწავლობდა, გაძლიერებული სტიპედია დაიმსახურა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გრიგოლ მუხაძემ ნიჭიერი ახალგაზრდა ორდინატურაში დაიტოვა. გამოხდა მცირე ხანი და ქუთაისის უფროსი ქირურგის სერგო ხუნდაძის თხოვნით გიორგი ერთი წლით ჭიათურაში წავიდა, თუმცა მუდამ სიახლის მაძიებელმა ბუნებამ არც იქ მოასვენა და ერთი ექსპერიმენტი წამოიწყო: მანამდე მოსკოვში, ქირურგთა საკავშირო ყრილობაზე, პროფესორ კიმბეროვსკის მოხსენება მოისმინა, საიდანაც შეიტყო, რომ მუცლის ღრუს ორგანოებზე ადგილობრივი ოპერაციის შემდეგ პროფესორი პაციენტებს საოპერაციო მაგიდიდან საკუთარი ფეხით უშვებდა. გიორგიმ გაიმეორა კიმბეროვსკის მიდგომა, თანაც საოპერაციო და ნაოპერაციებ პაციენტებს ერთ პალატაში აწვენდა, რითაც ავადმყოფებს ოპერაციის მიმართ დადებითად განაწყობდა, მაგრამ ერთ დღეს ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტში გამოიძახეს და მუშებთან ამ მეთოდის გამოყენება აუკრძალეს, აქაოდა, მათთვის, ვინც მძიმე ფიზიკურ შრომას ეწევა, მიზანშეუწონელიაო.
ჭიათურიდან გიორგი სამუშაოდ მოსკოვში, სკლიფასოვსკის სახელობის ინსტიტუტში გაგზავნეს. ინსტიტუტს იმ დროის ცნობილ ქირურგებს შორისაც კი გამორჩეული სპეციალისტი, აკადემიკოსი სერგეი იუდინი ხელმძღვანელობდა. ერთ დღეს იუდინს, უზომოდ განათლებულ ადამიანს, უკითხავს, ქართველებს მწერლობა თუ გაქვთო. მეორე დღეს გიორგიმ "ვეფხისტყაოსანი" მიართვა. მისივე რეკომენდაციით იუდინი ორჯერ ესტუმრა საქართველოს, მოგვიანებით კი ამბობდა, ვაღიარებ, სიბნელეში მიცხოვრია – ვინც საქართველოს კულტურას არ იცნობს, გაუნათლებელიაო.
საუბედუროდ, ეს კეთილშობილი ადამიანიც რეპრესიებს ემსხვერპლა.
მოსკოვიდან დაბრუნებული გიორგი მუხაძემ მარტვილში გაუშვა, რამდენიმე თვის შემდეგ კი აბაშიძე ლუქსემბურგში გადაიყვანეს, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების შთამომავლები ცხოვრობდნენ. მოსახლეობა ადგილობრივ მკურნალებს უფრო ენდობოდა, მაგრამ როდესაც გიორგიმ სასხლავი მაკრატლით შემთხვევით გულში დაჭრილ პაციენტს, რომელსაც გერმანელი ექიმები ხელს აღარ ჰკიდებდნენ, გული გაუკერა და მეორე სიცოცხლე აჩუქა, მისი ავტორიტეტი ერთბაშად ამაღლდა. იმ დროს ეს მართლაც იშვიათი ოპერაცია იყო. ამ ამბავს პრესაც გამოეხმაურა. თუმცა ის, რომ უბრალო გერმანელი ფაქტობრივად საიქიოდან მოაბრუნა, რამდენიმე საათის გარდაცვლილ პარტრაიკომის მდივანს კი ვერაფერი უშველა, კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ღალატის ბრალდებით გასამართლებისგან ბაღჩო ქობულოვთან შემთხვევითმა ნაცნობობამ გადაარჩინა.
ლუქსემბურგიდან ისევ გრიგოლ მუხაძემ დაიხსნა – პარტრაიკომის მდივანს უთხრა, ჩემთან, კათედრაზე მჭირდებაო და სანაცვლოდ ორი სხვა ექიმის გაგზავნას დაჰპირდა. მისმა ხვეწნა-მუდარამ, ბოლოს და ბოლოს გაჭრა და გიორგი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი გახდა. დიდხანს მუშაობა არ დასცალდა – ფრონტზე წავიდა, ხალხინ გოლის ბრძოლაში (შეიარაღებული კონფლიქტი, რომელიც მარიონეტულმა სახელმწიფო მანჯურიამ, რეალურად კი იაპონიამ, მონღოლეთის, ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროების შესავიწროებლად წამოიწყო) მოხალისეთა ბრიგადას შეუერთდა, თუმცა მანამდე მოასწრო და საქართველოში პირველად ჩაატარა კუჭის რეზექცია პერფორირებული წყლულის დროს.
ომის ქარცეცხლში
– ბრიგადის შემადგენლობაში გიორგისთან ერთად იყვნენ ნიკოლოზ ჭიჭინაძე, ელეფთერ ხურციძე და ლუკიანე ბერია. ოთხი თბილისელი მეგობარი ზოგჯერ ორი დღე და ორი ღამე მუხლჩაუხრელად იდგა საოპერაციო მაგიდასთან. მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეებად იყვნენ წასული, ომის დამთავრების შემდეგ სახლში არ გაუშვეს – ფინეთთან ომი იწყებოდა. მაშინ წინა ხაზზე გაგზავნა ითხოვეს. უმკაცრეს ყინვაში მიწურში მუშაობდნენ, ყუმბარებისა და ტყვიამფრქვევების გრუხუნში მკურნალობდნენ დაჭრილებს...
თბილისში დაბრუნებისთანავე გიორგიმ ძველ სამუშაოს მიაშურა. გრიგოლ მუხაძემ თორაკალურ (გულმკერდის) ქირურგიაში მუშაობა შესთავაზა და ფილტვების ქირურგიის შესასწავლად კვლავ მოსკოვში, ალექსანდრ სტოიკოსთან გაგზავნა. პარალელურად კურორტ აბასთუმნის ქირურგ-კონსულტანტადაც გააფორმეს. ჩავიდა, საოპერაციოს მოწყობას შეუდგა, მაგრამ პაციენტების მიღება ვეღარ მოასწრო – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
გიორგი მაიორის ჩინით სამედიცინო-სანიტარიული ბატალიონის უფროსად განაწესეს. პირველივე ბრძოლების დროს კონტუზია მიიღო, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიატოვა. ქერჩიდან ჯარისკაცების უკანასკნელ ნაკადთან ერთად გამოაღწია... მესამე ჯგუფის ინვალიდი თბილისში დააბრუნეს, მაგრამ დასასვენებლად არ ეცალა.
უსაფუძვლო ბრალდება
– 1943 წელს გიორგი აბასთუმნის ევაკოჰოსპიტლის უფროსად დანიშეს. ის ძალიან აფასებდა კურორტის კლიმატს და პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანწილად მას მიაწერდა.
1947 წელს სწორედ აბასთუმნის ჰოსპიტალზე დაიცვა დისერტაცია. ვიდრე ნამუშევარს დაუმტკიცებდნენ, ანონიმური წერილის გამო მოსკოვში გამოიძახეს. ბრალად სდებდნენ – ფაშისტი ვირხოვი ჰყავს ციტირებულიო. გიორგის მართლაც მოეყვანა ციტატა აბასთუმნის შესახებ ცნობილი გერმანელი მეცნიერის რუდოლფ ვირხოვის სტატიიდან, რომელიც 1888 წელს გამოქვეყნდა ყაზანის სამედიცინო ჟურნალში. დაკითხვა მანამდე გაგრძელდა, ვიდრე არ წამოდგა ცნობილი თერაპევტი ევგენი ტარეევი და დამსწრეებს არ მიმართა: არ რცხვენია ამ რეცენზიის დამწერს, ამისთვის ჩამოიყვანეთ აბაშიძე აქო?! ბოლოს და ბოლოს, გიორგის ბოდიში მოუხადეს, მშვიდობიანად გამოუშვეს შინ და სადისერტაციო ნაშრომიც დაუმტკიცეს.
აბასთუმნის შესასვლელთან, გორაკზე, ვეება დაფაზე, ამოტვიფრული იყო ვირხოვის სიტყვები: "მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ასეთი კურორტულ-კლიმატური ფაქტორები, რაც აბასთუმანში დამხვდა, არსად მინახავსო". ეს დაფა, ისევე როგორც გიორგი რომანოვის (ნიკოლოზ II-ის ძმის) საფლავი, გაქრა. ეს უკანასკნელი სწორედ ვირხოვის გავლენით ჩამოვიდა აბასთუმანში ტუბერკულოზის სამკურნალოდ, მაგრამ მოტოციკლეტით სეირნობისას უბედურება შეემთხვა და დაიღუპა. მისი ძეგლი, ფინეთიდან და იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოთი ნაგები, ბოლშევიკებმა ააფეთქეს.
დიდი პულმონოლოგი
– 1947 წელს პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა გიორგი რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარ ექიმად დანიშნა, თუმცა თავად ქირურგობა ერჩივნა. რაღა გაეწყობოდა, შეუდგა მთავარი ექიმის მოვალეობათა შესრულებას. ისე კარგად უძღვებოდა საქმეს, რომ როდესაც 1951 წელს ფთიზიოქირურგიის კათერდრის დოცენტის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა და მასში მონაწილეობისთვის პარტიის ცენტრალურ კომიტეტს მიმართა გადადგომის თხოვნით, უარი მიიღო – ამ საავადმყოფოში სულ კონფლიქტი და არეულობა იყო, ძლივს დალაგდა ყველაფერიო.
გიორგი მართლაც ბევრს შრომობდა, რედაქტირებას უწევდა სამეცნიერო კრებულს, პერიოდულად მორიგეობდა კიდეც. 1948 წელს საქართველოში პირველმა ჩაატარა გასტრექტომია – კუჭის სრული ამოკვეთა.
ცეკას უარს არ შეეპუა და მის პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს, პირადად მიმართა. ჩარკვიანი გაგებით მოეკიდა გიორგის თხოვნას, გაათავისუფლა თანამდებობიდან და, მისივე რეკომენდაციით, გაბრიელ ქობულია დანიშნა.
გიორგი შეუდგა ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობას. ფთიზიოქირურგიაში სპეციალისტები ჭირდა. ფილტვის რეზექციის (ამოკვეთის) ასათვისებლად აბაშიძე მოსკოვში მიავლინეს. ამიერკავკასიაში პირველმა სწორედ მან ჩაატარა მთლიანი ფილტვის რეზექცია. ოპერაციას ბაქოდან და ერევნიდან ჩამოსული ექიმები ესწრებოდნენ. თანდათან მეთოდიკის გასაცნობად ექიმებმა სსრკ-ს სხვა რესპუბლიკებიდანაც დაიწყეს ჩამოსვლა.
სწორედ იმხანად სადოქტორო თემაზეც მუშაობდა. საოცრად იყო დატვირთული. გამთენისსას დგებოდა, მორგში გარბოდა, მერე ლექციებს კითხულობდა, მძიმე ოეპრაციებს აკეთებდა, ექიმებსაც ასწავლიდა მათ ტექნიკას, ცდებს ატარებდა, სახლში შუაღამემდე მუშაობდა... მარგო მხარში ედგა.
პარალელურად ორიგინალური ოპერაცია: კავერნის სოლისებრი ამოკვეთა, კავერნექტომია – შეიმუშავა. ძალიან კარგი შედეგი მიიღო, მაგრამ რამდენიმე პაციენტის ოპერირების შემდეგ ვიღაც "კეთილმოსურნემ" უჩივლა, ოპერაციებს ექსპერიმენტის გარეშე ატარებსო. შეამოწმეს, დარწმუნდნენ, რომ ყველა პაციენტი კარგად იყო, მაგრამ ურჩიეს, დროებით შეეჩერებინა მეთოდის გამოყენება. სულ მალე კი ის სხვებმა აღმოაჩინეს და დანერგეს საზღვარგარეთ.
სადოქტოროზე მუშაობისას გიორგი აბაშიძემ აღმოაჩინა, რომ ზოგიერთ გვამს ჰქონდა საკმაოდ მსხვილი დამატებითი სისხლძარღვი – ძუძუს შიგნითა ლატერალური არტერია, იშვიათად – ორივე მხარეს. ვიდრე ნაშრომს დაიცავდა, 1954 წელს მოსკოვში რამდენიმე ყრილობაზე წაიკითხა მოხსენება ამ თემაზე. ქირურგები აღფრთოვანდნენ – თურმე რა ყოფილა იმ სისხლდენების მიზეზი, ჩვენ რომ ვერაფერს ვუგებდითო. საკითხი ისე ფართოდ გაშუქდა, რომ გიორგიმ 1956 წელს სულ ადვილად დაიცვა დისერტაცია.
1970 წელს გიორგი აბაშიძე გახდა საბჭოთა კავშირში პირველი პულმონოლოგიის კათედრის გამგე (ფთიზიოქირურგიის კათედრა პულმონოლოგიისად გადაკეთდა). დანერგა გლომექტომია – ოპერაციული მეთოდი, რომლის შედეგადაც პაციენტებს ასთმის შეტევები ეხსნებოდათ. ორ წელიწადში კათედრამ მეცხრე საავადმყოფოში დაიდო ბინა.
სიახლეების დანერგვასთან ერთად გიორგი ბევრი კარგი საქმის ინიციატორიც იყო. მისი უშაუალო მეცადინეობით მოსახლეობის აღწერისას აჭარლების უმრავლესობა ქართველებად ჩაეწერა.
ძალიან თავმდაბალი კაცი გახლდათ. კონსტანტინე ერისთავმა გადაწყვიტა, აკადემიის წევრ-კორესპონდენტად წარედგინა. ერთი წლის შემდეგ ნამდვილი წევრი გახდებოდა. მოსაფიქრებელი დროც მისცა, მაგრამ უარი მიიღო – ეგნატე ფიფიასა და მიშა ჩაჩავაზე წინ ვერ დავდგებიო. მერე კი ინანა. პულმონოლოგიას იმხანად სათანადო ყურადღება არ ექცეოდა – დარგსაც წაადგებოდა ჩემი აკადემიკოსობა და ოჯახსაცო.
გიორგი 85 წლისა გავიდა პენსიაზე, 1996 წელს კი, 87 წლისა, გარდაიცვალა.
მარი აშუღაშვილი