სულისა და სხეულის უბადლო მკურნალი

გააზიარე:

 “მახსოვს, მოსკოვში ლექცია წაიკითხა. ხუთასზე მეტი მსმენელი ესწრებოდა. თბილისში ხმა დაირხა, მთელი დარბაზი ნახევარი საათი ტაშს უკრავდაო. მიმაჩნია, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, რადგან ასეთ პიროვნებასთან მუშაობისა და ურთიერთობის საშუალება მომეცა”, – ამბობს მანანა მახვილაძე დიდი ექიმის, ინფექციონისტ ვახტანგ ბოჭორიშვილის შესახებ.

თუმცა, მოდი, თავიდან დავიწყოთ…

მამა რაჭველი ჰყავდა, დედა – იმერელი. თავად 1923 წელს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში დაიბადა. “რვა თვისა ვყოფილვარ, როცა ველისციხეში გადავსულვართ საცხოვრებლად და ეკლესიაშიც მაშინ გამატარეს”, – წერდა თავის მემუარებში.

გეორგეთიდან რომ მოდიოდნენ, დედის ძმამ, კოტე ფოცხვერაშვილმა, სიძეს თბილისში გადასვლა შესთავაზა – კარგ სამსახურში მოგაწყობო. მამამ უარი უთხრა – სოფელში ორმოცი ოჯახიდან განათლებული მხოლოდ მე ვარ და მეც რომ წამოვიდე, ბავშვებს ვიღა უპატრონებსო. ვახტანგ ბოჭორიშვილი იხსენებდა, რომ მამამისი ოთხ წელიწადს უსასყიდლოდ ასწავლიდა სოფლის სკოლაში, თავის ყანას კი გაკვეთილების შემდეგ ამუშავებდა.

 

სტუდენტობის წლები

თეატრმა მერვე კლასიდან გაიტაცა. თეატრალურ ინსტიტუტშიც ჩაირიცხა, რეჟისურის ჯგუფში. სტუდენტობის პირველი წლები თბილისში დასთან, ნინო ბოჭორიშვილთან გაატარა. ახალდაქვრივებული ქალი ორ პატარასთან ერთად შინდისის ქუჩაზე, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა. “ნინო იყო ჩვენი აღმზრდელი. იგი ჩემზე ოცი წლით უფროსი იყო. როცა მე დავიბადე, დედაჩემი 40 წლის იყო, ამიტომ ინსტიტუტში რომ შევედი, მშობლები უკვე მოხუცებულები მყავდნენ. მამაჩემი პენსიონერი იყო, დედაჩემი – დიასახლისი. ოჯახს მხოლოდ ერთ ძროხა ასულდგმულებდა”.

თავი სტიპენდიით გაჰქონდა. სანახევროდ მშიერი იყო. შიმშილისგან დასუსტებულს, თანაჯგუფელისგან ტუბერკულოზი გადაედო. “ეს საშინელება იყო! არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. დას შვილები ჰყავდა და იმათთან ასე როგორ მივიდე-მეთქი, ვფიქროდი. მტკვარში გადავარდნას ვაპირებდი. შემთხვევით ჩემი ორი მეგობარი შემხვდა. მათ შემაჩერეს. სწავლას თავი მივანებე და თელავში წავედი, იმან გადამარჩინა, რომ სახლში ძროხის რძე იყო”.

გავა რამდენიმე წელიც და ვახტანგ ბოჭორიშვილი ექიმობას გადაწყვეტს. “ბოროდინი კომპოზიტორი იყო და დიდებული ქიმიკოსი, ჩეხოვი ექიმი იყო და, ამასთან, დიდებული მწერალი, მსგავსი მაგალითი უამრავია”, – ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას და სასწავლებლად ხარკოვში მიემგზავრება.

 

სამშობლოსგან მოშორებით

“ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტში 38 წლისამ ჩააბარო, თანაც ისე, რომ რუსული ენა კარგად არ იცოდე – ეს მხოლოდ ვახტანგ ბოჭორიშვილის მსგავს განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ”, – მიაჩნია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგეს, პროფესორ ელზა ვაშაკიძეს, – “თავისი უსაზღვრო ნიჭიერების წყალობით ენა სწრაფად და ისე კარგად ისწავლა, თავად რუსებსაც უსწორებდა თურმე გრამატიკულ შეცდომებს და ინსტიტუტის დამთავრებიდან სულ რაღაც ათი წლის შემდეგ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აღიარებული მეცნიერი და ექიმი გახდა”.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ ყაზახეთში გაგზავნეს. იმ დროს უკვე ცოლ-შვილიც ჰყავდა. ყაზახეთში მუშაობისას შეიტყო, ლენინგრადში, სამხედრო აკადემიაში, ინფექციური სნეულებების კლინიკურ ორდინატურაში, მიღება გამოცხადდაო და ისევ რუსეთს მიაშურა. მანანა მახვილაძე გვიამბობს: “კათედრის გამგე იმ დროს პროფესორი მატკოვსკი იყო. მან მალევე დაინახა ვახტანგის ნიჭიერება. ვახტანგი ჯერ კიდევ კლინიკური ორდინატორი იყო, როცა ლექციებს აკითხებდნენ. ლენინგრადშივე გახდა დოცენტი, შემდეგ – პროფესორი. სამედიცინო აკადემიაში ყოველ წელს ტარდებოდა ანონიმური გამოკითხვა საუკეთესო ლექტორის გამოსავლენად – გამარჯვებული ყოველთვის ვახტანგ ბოჭორიშვილი ხდებოდა”.

 

მიწის ყივილი

“1969 წელი იდგა. სტუდენტი გახლდით. ბიძაშვილმა საჯარო ლექციაზე დამპატიჟა, რუსეთიდან ახლად ჩამოსული ქართველი ექიმი წაიკითხავსო. სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი ჩემი და ბატონი ვახტანგის ურთიერთობას”, – იხსენებს მანანა მახვილაძე. “ძალიან მკაცრი და, ამასთანავე, ლმობიერი გახლდათ. თუ გისაყვედურებდა, იცოდი, რომ საყვედური ნამდვილად გეკუთვნოდა. თუ საქმეს კარგად გაართმევდი თავს, არც ქებას დაიშურებდა. ამიტომ იყო, რომ მისი ქებაც ფასობდა და საყვედურიც. მის გვერდით მთელი კოლექტივი დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობდით თავს. რაც არ უნდა მომხდარიყო, ჩვენ გვერდით იდგა”.

ქალბატონი ელზა იხსენებს: “სამშობლო ფანატიკურად უყვარდა… როგორც კი საშუალება მიეცა, მაშინვე საქართველოში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უკვე ძალიან დაფასებული ინფექციონისტი გახლდათ. არც აქ გასჭირვებია საკუთარი ნიშის პოვნა და სრულიად ახალი დარგი – სეფსისოლოგია შექმნა. იმხანად ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ბატონი ვახტანგის ამ წამოწყებას, ექიმთა და მეცნიერთა დიდ უმრავლესობას ბაქტერიული ინფექციები უკვე დამარცხებულად მიაჩნდა… ის არ ყოფილა ვიწროდ მოაზროვნე მეცნიერი; შეეძლო, კონკრეტული ფაქტის უკან მთელი პრობლემა დაენახა და მომავალიც განეჭვრიტა… ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2012 წელი სეფსისთან ბრძოლის წლად გამოაცხადა და ათწლიანი გეგმაც დასახა ამ ურთულეს პრობლემასთან საბრძოლველად. ეს მაშინ, როცა ბატონმა ვახტანგმა ოცდაათი წლით ადრე მოგვაწოდა სეფსისის დეფინიცია-განმარტება, მისი კლინიკური კლასიფიკაცია, დაასაბუთა დაავადების რაც შეიძლება ადრეულ სტადიაზე სწორი მკურნალობის გადამწყვეტი მნიშვნელობა და  პაციენტთა გადასარჩენად სეფსისის საწინააღმდეგო სპეციალიზებული სამსახურის შექმნის აუცილებლობა. 2012 წლის 13 სექტემბრის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სეფსისთან ბრძოლის დეკლარაცია რომ ნახოთ, გაოცდებით – იგი პრაქტიკულად იმეორებს იმ ღონისძიებებს, რომლებიც ბატონმა ვახტანგმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩამოაყალიბა სეფსისით გამოწვეული ლეტალობის შესამცირებლად. ასეთი ადამიანები ათეული წლით ადრე ხედავენ პრობლემას და წინ უსწრებენ დროს”.

მიუხედადად იმისა, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილი მისი მასწავლებელი არ ყოფილა, ქალბატონი ელზა თავს მაინც მის მოწაფედ მიიჩნევს. მის გვერდით მუშაობის, მის ლექციებზე დასწრების საშუალება მომეცა და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდიო: “როგორც საკანდიდატო, ისე სადოქტორო დისერტაციების დაცვისას ბატონი ვახტანგი ჩემი ოპონენტი იყო. ისე მიწევდა ოპონირებას, როგორც თანასწორს. მერწმუნეთ, ასეთი რანგის მეცნიერისა და ექიმისგან ეს დიდი პატივია...” მოგვიანებით დამეგობრდნენ კიდეც. “არასოდეს დაავიწყდება ერთი შემთხვევა: ჰეპატიტიანი ძალიან მძიმე პაციენტი მოიყვანეს. ბატონმა ვახტანგმა დამიბარა და პაციენტის პატრონებს უთხრა, თქვენს ავადმყოფს ელზას ვაბარებ, მან ჰეპატიტები ჩემზე უკეთ იცისო... საბედნიეროდ, ის პაციენტი განიკურნა და მიმაჩნია, რომ ამაში გადამწყვეტი როლი ნამდვილად შეასრულა იმ ნდობამ, რაც ბატონმა ვახტანგმა ჩემს მიმართ გამოიჩინა. უმცროსი, ახალგაზრდა კოლეგისადმი ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ დიდ პიროვნებასა და დიდ ექიმს შეუძლია”.

 

მუდამ სიახლის ძიებაში

ქალბატონ მანანას ბატონი ვახტანგის დიდ დამსახურებად მიაჩნია, რომ ის სტუდენტებსაც მასშტაბურ აზროვნებას აჩვევდა. სწორედ ამიტომ დღეს მის გაზრდილ ექიმებს მძიმე პაციენტის შიში არ გვაქვსო. “ძალიან უყვარდა აუდიტორია, მისი ყოველი ლექცია მინისპექტალი იყო. ყველაზე საინტერესო დილაობით მასთან ერთად შემოვლაზე სიარული გახლდათ. თუკი რთულ შემთხვევას წააწყდებოდა, ჩამოუჯდებოდა ხოლმე პაციენტს საწოლთან და ჩაფიქრებული იტყოდა: “არ ვიცი, რა უნდა იყოს მიზეზი?” არ ეთაკილებოდა იმის აღიარება, რომ რამე არ იცოდა… თუ რაიმე ახალს მოჰკრავდა ყურს, ეცდებოდა, ამის თაობაზე მეტი გაეგო”.

ცოდნის დაუშრეტელ წყურვილს, ნოვაციების სიყვარულს ქალბატონი ელზაც მის უდიდეს ღირსებად მიიჩნევს: “ჩემი აზრით, ყველაზე უარესი რამ, რაც შეიძლება კარგ ექიმსაც კი დაემართოს, დროთა განმავლობაში სტერეოტიპების გავლენის ქვეშ მოქცევაა. ჰქონია, უკვე ყველაფერი იცის და რაც ოცი წლის წინ წაიკითხა, დღესაც ჭეშმარიტებად მიაჩნია. არადა, მოგეხსენებათ, მედიცინა როგორი ტემპით ვითარდება, უამრავი რამ იცვლება, გროვდება ახალი ინფორმაცია და ყოველივე ეს თუ არ გაითვალისწინა ექიმმა, დროს ჩამორჩება. ამ სენს ბევრი კარგი ექიმი და მეცნიერიც კი ვერ გაექცა, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ვახტანგ ბოჭორიშვილზე. პირიქით, ღრმად მოხუცებულიც კი, ბატონი ვახტანგი მუდამ ახლის ძიებაში იყო.. ლექციებზე იშვიათი და რთული დიაგნოზებით კი არ იწონებდა თავს, არამედ გვესაუბრებოდა და დეტალურად გვირჩევდა საკუთარ დიაგნოსტიკურ შეცდომებს, რაც დიდ და გლობალურად მიაზროვნე ექიმებს შეუძლიათ მხოლოდ”.

 

მოგონებები

ელზა ვაშაკიძე: “არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა ჰქონდა. არც საკუთარ თავზე ხუმრობას თაკილობდა… მოგეხსენებათ, ბატონი ვახტანგი ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი იყო და ხშირად მიემგზავრებოდა ამერიკაში ლექციების წასაკითხად. ინგლისური ენა უკვე ხანდაზმულ ასაკში შეისწავლა. კერძო პედაგოგთან მეცადინეობდა. მიუხედავად მოუცლელობისა, გაკვეთილს არასდროს გააცდენდა. ხუმრობით იტყოდა ხოლმე: “ჩემი 90 წლის პედაგოგი, როცა დავალებას კარგად შევასრულებ, ასე შემაქებს: ახალგაზრდის გონება მაინც სულ სხვააო (თავად იმ დროს 70 წელს გახლდათ გადაცილებული)…” საოცარი ენერგიის პატრონი იყო. ღამის მორიგეობისას ბევრჯერ მინახავს კლინიკაში დილაადრიან მოსული; ჯერ მძიმე ავადმყოფებს მოინახულებდა, მერე კი გულდასმით იმეორებდა ლექციის მასალებს, ამდიდრებდა მათ უახლესი მონაცემებით. ამ დროს, ღამენათევი იყო – იგი ხომ თავად უვლიდა მძიმედ ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეს…

ვახტანგ ბოჭორიშვილმა, ფაქტობრივად, სამი ადამიანის ცხოვრებით იცხოვრა – იყო შესანიშნავი რეჟისორი, გენიალური ექიმი და ბოლოს პოლიტიკაშიც მოსინჯა ძალა. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებისკენ სიახლისადმი მუდმივმა ლტოლვამ უბიძგა. ვფიქრობ, ბატონი ვახტანგი სავსებით სამართლიანად იკავებს საპატიო ადგილს მეოცე საუკუნის გამორჩეულ ქართველთა შორის”.

ბრწყინვალე ექიმი, კინოს ჩინებული მცოდნე, პოეზიის მოყვარულიც გახლდათ. ზეპირად იცოდა “ვეფხისტყაოსანი” ქართულ და რუსულ ენებზე. და თავადაც წერდა ლექსებს. უცხოეთში ყოფნისას მისი ლექსების მთავარი თემა შორს დარჩენილი სამშობლო იყო.

ვახტანგ ბოჭორიშვილის გახსენებას ჩვენც მისი ლექსის სტრიქონებით დავასრულებთ:

“ხეჩახლართულო ჭალებო, ბაღ-ვენახებო ყვარულო!

ერთიღა შემრჩა – შორიდან შეგხედოთ, გესიყვარულოთ.

მაგრამ, სამშობლოვ, შორეთში რამდენი ხანიც არ გავა,

ერთმანეთისთვის დავრჩებით მუდამ გულდაუკარგავად”.

  ნინია მაჭარაშვილი

  თამარ არქანია

გააზიარე: