როგორ ვხედავთ საკუთარ თავს და როგორ გვხედავენ სხვები?

გააზიარე:

ბევრჯერ გაგვიგონია: “ნუ მიაქცევ ყურადღებას”, “რაში გაინტერესებს, სხვა რას ფიქრობს?”, “მთავარია, შენ როგორ ხარ” ან, ამის საპირისპიროდ, ბავშვობიდანვე მათრახივით გადაჭერილი “რას იტყვის ხალხი?!”

ინდივიდუალიზმის, თვითგამორკვევისა და მზის ქვეშ საკუთარი ადგილის ძიების ეპოქაში ბევრი აცხადებს, რომ სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევს. თუმცა საბაზისო დონეზე ჩვენ მაინც სოციალური არსებები ვართ, რომლებსაც სოციალურ სამყაროში ჩართვა სჭირდებათ. ადამიანები ფსიქოლოგიურად არიან განწყობილნი ურთიერთკავშირებისთვის. ამ მექანიზმის რღვევას ხშირად მოჰყვება სოციალური შფოთვა: ჯგუფის გარეთ დარჩენის განცდა მტკივნეულია, ზოგისთვის – მეტად, ზოგისთვის – ნაკლებად.


ჩვენი უნარი, დავასკვნათ, როგორ გვხედავენ სხვები, მათთან დაკავშირების საშუალებას გვაძლევს. ამ კავშირების შედეგად კმაყოფილებას განვიცდით. გეშტალტთერაპიაში ამას კონტაქტინგი ეწოდება. -ინგ ბოლოსართი მიგვითითებს, რომ ეს პროცესია, მუდამ ცვალებადი, და არა სტატიკური მოცემულობა. გეშტალტთერაპიას სჯერა, რომ ყველა ფსიქიკური პროცესი კონტაქტინგის დროს, კონტაქტის ზღვარზე აღმოცენდება.

მეტააღქმა და მე-კონცეფცია
როგორ აღგვიქვამენ სხვები, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციაა. შესაბამისად, ამ სფეროში მეტააღქმას ვეყრდნობით, ანუ იმას, რა გვგონია რომ ჰგონიათ სხვებს ჩვენ შესახებ. საინტერესო კი ის არის, რომ საბოლოო ჯამში ინფორმაციის მთავარი წყარო მაინც ჩვენ ვართ: ჩვენ ვასკვნით, რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. ეს წარმოდგენა ჩვენს თავში ყალიბდება. ფსიქოლოგები ამ პროცესს მე-კონცეფციას ვუწოდებთ და ვგულისხმობთ ჩვენსავე რწმენას იმის შესახებ, ვინ ვართ. ყოველგვარი აზრი, შეფასება თუ უკუკავშირი, რომელსაც სხვებისგან ვიღებთ, ჯერ მე-კონცეფციის ჩვენეულ ფილტრს გაივლის.


განვითარების ფსიქოლოგები გვასწავლიან, რომ მე-კონცეფციის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ასრულებენ ჩვენს ცხოვრებაში არსებული მნიშვნელოვანი უფროსები. ბავშვები ხშირად იქცევიან ისე, როგორც მათგან უფროსები მოითხოვენ, ცდილობენ, უპასუხონ მათ მოლოდინს. პატარები, რომელთა მშობლებიც მათ ტირილზე, ძახილზე, კონტაქტისკენ მოწოდებაზე არ რეაგირებდნენ, ან იკეტებიან, ან “ცუდად იქცევიან”, რომ სხვები ზედმეტად არ მიაუხლოვდნენ. პატარები, რომლებსაც მშობლები საკმარის ყურადღებას აქცევენ (არც ბევრს, არც ცოტას), თავდაჯერებულები და დამოუკიდებლები არიან. შესაბამისად, ჩვენეული აღქმა იმისა, რას ფიქრობენ ჩვენზე სხვები, განპირობებულია ჩვენივე გამოცდილებით და ბევრს მიაჩნია, რომ ეს გამოცდილება ბავშვობაში ყალიბდება.


მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ვიცით, როგორები ვჩანვართ გარედან, ჩვენი შეფასება უმეტესად მართებულია. საშუალოსტატისტიკურ, ე.წ. ნევროტულ ადამიანებს საკუთარი თავის სტაბილური აღქმა გვაქვს და ვცდილობთ, სხვებსაც ეს სტაბილური ხატი ჩამოვუყალიბოთ (მაგალითად, ვარ მხიარული – ხალხი ხედავს, რომ ვხუმრობ და ვიცინი; ვარ სერიოზული – სხვების თანდასწრებით ლოგიკური არგუმენტები მომყავს, მაგრამ არასოდეს ვიმღერებ და ა.შ.).


ისიც, როგორ ვაფასებთ სხვებს, ჩვენი მე-კონცეფციით, ჩვენი მეტააღქმით იმართება. მაგალითად, ყველა ვიცნობთ “ბუზღუნა” ბებოს, რომელსაც არავინ მოსწონს და სხვებში მხოლოდ ნაკლოვანებებს ხედავს. ეს მისი მეტააღქმაა. მისი მე-კონცეფცია ავტომატურად სუსტი მხარეების შემჩნევაზეა მომართული.
თუმცა საზოგადოებაში ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა მიღებული არ არის, უზრდელობად მიიჩნევა. შესაბამისად, თუ ვინმეს მართლა არ მოსწონხართ, ამის შესახებ ალბათ ვერც კი გაიგებთ. ყოველდღიურ სიტუაციებში ადამიანები კარგად ნიღბავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას და ამჯობინებენ, პირდაპირ არ გვითხრან საწყენი სიტყვები, რადგან კონფლიქტს გაურბიან.


საქმე რთულდება, როდესაც ადამიანს პირველად ვხედავთ: გვიწევს საუბარიც, ჩვენი თავის წარმოჩენაც და, ამავე დროს, მისი მოსმენაც, ანალიზიც და რეაგირებაც, – ამიტომ პირველი შეხვედრისას ძალიან ძნელია სხვების ნამდვილი რეაქციის ამოცნობა. არ ენდოთ პირველ შთაბეჭდილებებს – ისინი უმეტესად პროექციებია (პროექცია არის ისეთი ფსიქიკური მექანიზმი, როდესაც, ნაცვლად იმისა, რომ აღვიქვათ ადამიანი, მასზე გადაგვაქვს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა. მაგალითად, თუ ვბრაზობთ, გვგონია, ისიც გაბრაზებულია; თუ საკუთარ თავს არ ვენდობით, არც სხვას ვენდობით. ამ პროცესის ბუნებაზე თავად სიტყვა მიგვანიშნებს: ჩვენ ისევე გადაგვაქვს სხვაზე ჩვენი წარმოდგენები, როგორც პროექტორს – გამოსახულება თეთრ ტილოზე).

კონტექსტის მნიშვნელობა
ჩვენი მე-კონცეფცია დროის მსვლელობასთან ერთად ოდნავ თუ იცვლება, თუმცა არსებობს სიტუაციები, რომლებიც მნიშვნელოვად ამრუდებს სხვების წარმოდგენას ჩვენ შესახებ. მაგალითად, მე საკუთარ თავს მხიარულ და მსუბუქ პიროვნებად აღვიქვამ, მაგრამ ვინმემ მანქანის მართვის გაკვეთილებზე რომ მნახოს, იტყვის, ასეთი უჟმური ცხოვრებაში არავინ მინახავსო. შესაბამისად, კონტექსტი გადამწყვეტია.
დიდი მნიშვნელობა აქვს, ვართ თუ არა მზად თავს დატეხილი გამოცდილებისთვის და ადვილად ვერგებით თუ არა ახალ სიტუაციას. პარადოქსულია: რაც უფრო მოქნილია ადამიანი, მით უფრო ინარჩუნებს ახალ სიტუაციებში სტაბილურ მე-კონცეფციას.

როგორ ადამიანს შეუძლია უკუკავშირის მიღება?
გეშტალტთერაპიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სხეულის გაცნობიერებას და მის როგორც ფსიქიკური მთლიანობის განხილვას. რაც უფრო უკეთ იცნობს ადამიანი საკუთარ სხეულს, მით უკეთ ხვდება, როგორ გამოხატავს ის მის შინაგან სამყაროს, მაგალითად, რა გზავნილებს გზავნის მისი ხმა, პოზა, სიარულის მანერა, ჩაცმულობა. მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც სხეულთან კავშირი გაწყვეტილი აქვთ, რომლებიც მხოლოდ თავით ცხოვრობენ, უჭირთ სხვისი რეაქციის გაგება, რადგან ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ თავად, რომ ეს რეაქცია გამოიწვიონ. მაგალითად, თუ მხრებში მოხრილი მიდიხართ, მიწას თვალს არ აშორებთ და ჩუმად ესალმებით შემხვედრს, ის თქვენ შესახებ განსაზღვრულ დასკვნებს გამოიტანს, თქვენ კი ვერ მიხვდებით, რატომ მოხდა ასე.
თუ იმ ადამიანების რიცხვს ეკუთვნით, ვისაც სხვების აღიარება სჭირდება, დაასკვნით, რომ ხალხზე უმეტესად დადებით შთაბეჭდილებას ახდენთ და სინამდვილეში ალბათ ასეცაა: თქვენ ხომ უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავთ ამისთვის! შეიძლება ისწავლოთ კიდეც, როგორ მართოთ სხეული.


ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თავიანთ ემოციებს, უკეთესად ხედავენ, როგორ რეაგირებენ მათზე სხვები. ემოციებთან დამეგობრება ნიშნავს მომატებულ ემპათიას, რაც, თავის მხრივ, გვეხმარება, ადვილად შევამჩნიოთ სხვების ჟესტები და გამომეტყველება – გზავნილები მათი ემოციების შესახებ. თუ ჩვენს ემოციებში ვერ გავრკვეულვართ, ჯერ ერთი, ისე გაგვიჭირდება მათთან გამკლავება, რომ სხვების შემჩნევის ძალა აღარც კი დაგვრჩება, და მეორე – ვერ მოვახერხებთ მათი ემოციების ამოცნობას.
ის ადამიანები, რომლებმაც უკეთ ვიცით, რა ხატს ხედავენ ჩვენში სხვები ანუ რომელთა მეტააღქმაც უმეტესად სხვების აღქმას ემთხვევა, გაცილებით უკეთ დავცურავთ სოციალურ გარემოში. გარემო გვაჯილდოებს, უფრო ადვილად გვაძლევს უკუკავშირს, სხვებს სიამოვნებთ ჩვენთან დროის გატარება.
მეორე პარადოქსი: რაც უფრო გახსნილები ვართ საკუთარი ემოციებისა და სხეულისადმი, მით უკეთესად ვხვდებით სხვების მდგომარეობას და მით უფრო მზად არიან სხვები, მოგვცენ უკუკავშირი. და ასე, უსასრულო ციკლად.

როგორ ადამიანს არ შეუძლია უკუკავშირის მიღება?
არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქცევით პირდაპირ უკუკავშირს თავიდან იცილებენ და, შესაბამისად, არასოდეს იციან, როგორ აღიქვამენ მათ სხვები. ეს შეიძლება იყოს თქვენი უფროსი, რომელიც მცირე კრიტიკასაც კი კრძალავს ან თქვენი სტუდენტი, რომელიც დაბალი ქულის მიღებისას ტირილს იწყებს. მათთვის გარემო ჩაიკეტება და ნაკლებ და ნაკლებ უკუკავშირს მისცემს, რათა თავი დაიცვას მათი რეაქციისგან.
ასეთი ქცევა ტყუილსაც კი ახალისებს. შეიძლება, გარშემო მყოფებს შეეშინდეთ ასეთი ადამიანისთვის უარყოფითი უკუკავშირის მიცემის – არ სჯეროდეთ, რომ მისი მოწყვლადი მდგომარეობა ამას გაუძლებს.


საპირისპირო მდგომარეობაა ნარცისიზმი, მაგრამ ისიც ასევე კეტავს მეტააღქმას. მაგალითად, ბერკლის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნარცისებს, საკონტროლო ჯგუფისგან განსხვავებით, საკუთარი თავის ვიდეოჩანაწერის ყურების შემდეგ უფრო მეტად სჯერათ თავიანთი გაზვიადებული შეფასების. ნარცისისტული აშლილობის მქონე ცდისპირთა ჯგუფის ყველა წევრმა დაადასტურა, რომ მათი ვიდეო საუკეთესო იყო და მასში ძალიან კარგად გამოჩნდნენ.

რატომ იკარგება უკუკავშირი?

მორცხვი და ჩუმი
თუ მორცხვი ბრძანდებით, ალბათ შფოთავთ – გგონიათ, სხვების თვალში ცუდად ჩანხართ. სამწუხაროდ, ალბათ ასეცაა. მორცხვი ადამიანები მართლაც უარყოფით რეაქციას იწვევენ, რაც კვლევებითაც დასტურდება. ოღონდ ამის მიზეზი ის კი არ არის, რაც მორცხვ ადამიანებს ჰგონიათ – რომ სხვებს ისინი არასაკმარისად ჭკვიანებად, მხიარულებად ან მიმზიდველებად მიაჩნიათ, არამედ სულ სხვა რამ: ხალხი მათ დისტანციაზე მყოფ, ჩაკეტილ და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე პიროვნებებად აღიქვამს. მორცხვი ადამიანი ვერ ბედავს, სხვებს გაესაუბროს, თუნდაც მოიკითხოს ან რამე სხვა ჟესტით შექმნას კომფორტული გარემო, რაც ხშირად უზრდელობად ან ეგოცენტრულობად აღიქმება.
მორცხვი პიროვნება მართლაც შეიძლება „ეგოცენტრულად“ მივიჩნიოთ: ჰგონია, ყველა მას უყურებს, მის თითოეულ მოძრაობას აკვირდება; ჰგონია, სოციალური ინტერაქციის ცენტრშია და რაკი ამის სიმძიმეს ვერ უძლებს, იკეტება. სინამდვილეში ასეთი ადამიანი სრულიადაც არ იკავებს სხვაზე მეტ სოციალურ სივრცეს; მას არავინ უსაფრდება, რომ სისულელეში გამოიჭიროს. ჩემს კლიენტებს ხშირად ეხმარებათ ამის გაცნობიერება: ხალხს, განსაკუთრებით – უცხო ხალხს, დიდად არ ვაინტერესებთ და არც იმდენ დროს უთმობენ ჩვენზე ფიქრს, რამდენიც გვგონია; ალბათ ვერასოდეს შეამჩნევენ “ნაკლოვანებებს”, რომლებსაც ასე ვმალავთ, ან შეამჩნევენ და მალევე დაავიწყდებათ.

ლამაზი და გავლენიანი
გულახდილ უკუკავშირს ვერც ასეთი ადამიანები იღებენ. მათი ძალაუფლება აშინებს გარშემო მყოფებს, რომლებიც ვერ ბედავენ გულახდილ კონტაქტს. ასეთი “მაღლა მდგომი” პიროვნებები უფრო და უფრო სწყდებიან რეალობას და საკუთარი მეტააღქმის ლაბირინთებში იკარგებიან. ისინი კარგავენ კრიტიკის მოსმენის უნარს და, შესაბამისად, წყვეტენ რეალურ კავშირს სამყაროსთან.

ნამდვილად გვინდა თუ არა, ვიცოდეთ, როგორ შთაბეჭდილებას ვახდენთ?
ერთადერთი სიტუაცია, რომელშიც ადამიანი გულახდილ უკუკავშირს გვაძლევს, როგორც წესი, კონფლიქტია. ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. ჯანსაღი კონფლიქტის დროს უკუკავშირი მართლაც გულახდილია, თუმცა მომატებული ემოციური ფონის გამო უკუკავშირის გამცემი ბოლომდე ეშვება საკუთარ მეტააღქმაში; შესაბამისად, მისი უკუკავშირი უფრო მის შინაგან სამყაროს ასახავს, ვიდრე რეალურ ინფორმაციას იძლევა უკუკავშირის მიმღებზე. მარტივად რომ ვთქვათ, აფექტში მყოფი ადამიანი ყვირის იმას, რაც შიგნიდან აწუხებს და არა იმას, რასაც გარეთ ხედავს და მით უმეტეს იმას, რაც სხვას ეხება, სხვის რეალობას მოიცავს.


არსებობს რამდენიმე კვლევა, რომელთა მონაწილეებმა მართლაც გადაწყვიტეს სხვების აზრის გაგება. ამისთვის ყველაზე მკაცრ კრიტიკოსებს – ყოფილ რომანტიკულ პარტნიორებს მიმართეს და სთხოვეს, დაესახელებინათ სამი დადებითი და სამი უარყოფითი რამ მათ ურთიერთობაში. როგორც წესი, იკვეთებოდა პიროვნული მახასიათებლების პატერნი. მაგრამ რამდენად ადვილია ასეთი ინფორმაციის გადახარშვა, რამდენად ექვემდებარება ეს გამოცდილება გადამუშავებას? ბოლოს და ბოლოს, სტაბილური მე-კონცეფცია და ჩვენი სუბიექტური “სათვალე” ხომ სამყაროსგან გვიცავს და გვეხმარება, ჩვენი პიროვნება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე შინაგანი პროცესებისკენ იყოს მიმართული, გვიცავს დაუმსახურებელი კრიტიკისგან, გვეხმარება სტრესთან გამკლავებაში და გვაძლევს სტაბილური პიროვნების განცდას.


ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ არსებობს ბალანსი იმას, როგორ გვინდა ვიგრძნოთ თავი და იმას შორის, რა გვინდა ვიცოდეთ რეალობის შესახებ. ხანდახან აუცილებელია, ვენდოთ ჩვენს შინაგან ხმას და თავი დავანებოთ ყველაფრის ქექვას, ყველაფერში ჩაღრმავებას. მეორე მხრივ, არსებობს სიტუაციები, როდესაც აუცილებელია ჯანსაღი უკუკავშირი, განსაკუთრებით –მნიშვნელოვანი სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღებისას. გამოსავალი ალბათ ამ ორ პოლუსს შორის დელიკატური მოძრაობაა, ყოველი სიტუაციის უნიკალურობიდან გამომდინარე.
და კიდევ: ნუ მიაქცევთ ყურადღებას, რას “იფიქრებენ სხვები”. ვინ არიან ეს სხვები? გინდათ უკუკავშირის მიღება? – ჰკითხეთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ადამიანებს, რომლებიც გიფრთხილდებიან, მაგრამ, ამავე დროს, არ მოერიდებათ გაგაკრიტიკონ, როდესაც ამას საჭიროდ მიიჩნევენ. მათთვის მნიშვნელოვანი ხართ თქვენ და თქვენი პიროვნება და არა შთაბეჭდილება, რომელსაც ახდენთ. სხვა შემთხვევაში თქვენ გვერდით არ იქნებოდნენ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი – ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: