სიყვარულის ხუთი ენა

გააზიარე:

ხუთი ენის კონცეფცია

ანთროპოლოგმა და ფილოსოფოსმა გარი ჩაპმანმა სიყვარულის გამოხატვის საინტერესო კონცეფცია შემოგვთავაზა. ამ თემაზე მისი პირველი წიგნი 1992 წელს გამოიცა და უმალვე ბესტსელერად იქცა, 2015 წელს გამოშვებული განახლებული ვერსია კი “ამაზონის” წიგნების გაყიდვის ტოპასეულშია.
რატომ იზიდავს ჩაპმანის ნაშრომი ამდენ ხალხს? უპირველეს ყოვლისა, ის მარტივ და გასაგებ ცნებებზე გვესაუბრება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ მაინც ის არის, რომ ახალს კი არ გვთავაზობს, არამედ იმას, რაც ისედაც ვიცით, მაგრამ ამაზე არასოდეს დავფიქრებულვართ.

პოპფსიქოლოგიის ხიბლი
ჩემი დაკვირვებით, ასეთი მარტივი, ინტუიციური მიგნებები ჩვენთვის უფრო მისაღებია. ვკითხულობთ და ვფიქრობთ: “ჰო, მართლა ასეა, მეც სწორედ იგივე შემემთხვა”. პოპფსიქოლოგია სწორედ ეს არის – ის ამარტივებს შინაგან პროცესებს, ოდნავ ზედაპირულ პასუხებსაც გვცემს... მას არ უნდა შევხედოთ როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს ან ფილოსოფიურ მოძღვრებას, რომელიც ცხოვრების საზრისის დადგენაში დაგვეხმარება. ის არ ეყდნობა კვლევებსა თუ სამეცნიერო ნაშრომებს. პოპფსიქოლოგია ფასტფუდივითაა: როდესაც საჭმლის მოსამზადებლად არ გვცალია, მაგრამ გვშია, საცხობის ღვეზელსაც შევჭამთ. ამაში ცუდი არაფერია, როდესაც გვესმის, რომ მსგავსი თეორიების კითხვისას აუცილებელია ყური მივუგდოთ საკუთარ რეაქციებს და მოსაზრებებს, არ გადავყლაპოთ მზა რეცეპტები და საკუთარი დასკვნები გამოვიტანოთ.
ამიტომაც გთავაზობთ “ფსიქოლოგიურ ღვეზელს”.

სიყვარულის ხუთი ენა
ჩაპმანის მიხედვით, სიყვარულის გამოხატვის ხუთი ენა არსებობს:
1. საჩუქრები;
2. ერთად ხარისხიანად გატარებული დრო;
3. სასიყვარულო საუბარი;
4. მზრუნველობა;
5. ფიზიკური შეხება.

საჩუქრები
არც ერთი საჩუქარი არ არის მხოლოდ ნივთი, ყველა მათგანი სცდება მატერიალურ ფასეულობას.
საჩუქარი კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმაა. ის შეიძლება ბევრ რამეს მოგვიყვეს. მაგალითად: “შენ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, სამი თვე დავხარჯე, რომ შენთვის შესაფერისი საჩუქარი მეპოვა”, ან “ისე კარგად გიცნობ, ისეთი ახლობელი ხარ, ვიცოდი, რომ ეს მოგეწონებოდა”, ან “მინდა, საუკეთესო გქონდეს”, ან “ეს რომ დავინახე, შენ გამახსენდი” (ეს ჩემი საყვარელი გზავნილია, რომელსაც ქვემოდან კიდევ რამდენიმე ქვეგზავნლი ედება: “ხშირად მახსენდები” და “ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი ხარ, რომ ისეთ უბრალო რამეებშიც კი, როგორიც შოკოლადია, შენ გხედავ).
საჩუქარი შეიძლება უარყოფით ისტორიებსაც ჰყვებოდეს, მაგალითად: “იმდენად არ მაინტერესებ, რომ უკანასკნელ წუთს გიყიდე, რაც ხელში მომხვდა”, ან “არ გიცნობ და რასაც ყველას ვჩუქნი, შენც იგივე მოგიტანე”, ან “ყურადღებას არ გაქცევ და მოდი, ამ ძვირად ღირებულ ნივთს მაინც მოგართმევ ხარკად”.
საჩუქრები წყვილის ცხოვრებაში ურთიერთგაგების, დაფასების, სითბოს საწინდარია.

ერთად გატარებული დრო
ერთად გატარებული ხარისხიანი დრო – ეს არ ნიშნავს ერთად გატარებული საათების რაოდენობას. ეს ნიშნავს, რომ ყოველი საათი, რომელსაც წყვილი ერთად ატარებს, ორივესთვის სიანტერესო და ღირებულ აქტივობას ეთმობა.
ამ ასპექტზე თერაპიის დროს ხშირად ვამახვილებ ყურადღებას, რადგან კლიენტები, რომლებიც პარტნიორთან დიდი ხანია ურთიერთობაში არიან, განსაკუთრებით – როცა შვილებიც ჰყავთ, მის მნიშვნელობას ივიწყებენ. ბევრ კლიენტს უჩნდება იმ დროის ნოსტალგია, როდესაც შეყვარებულები იყვნენ, ხელიხელჩაკიდებულები სეირნობდნენ, კაფეში ყავას სვამდნენ (მეტის ფული არ ჰქონდათ) ან ზღვის ნაპირზე ისხდნენ და ტალღებს უყურებდნენ. რა თქმა უნდა, არალოგიკურია, თხუთთმეტი წლის შემდეგ იმავეს მოლოდინი გვქონდეს (თუმცა ესეც ინდივიდუალურია; პირადად მე მაქვს რამდენიმე აქტივობა, რომლებიც ლამის მოზარდობიდანვე ჩემთვის დროის ღირებულად გატარებას უდრის). ნურც ის გეგონებათ, რომ საამისო დრო თავისთავად გამოჩნდება. არა, ის ჩვენ თვითონ უნდა “გავაჩინოთ”. თვალი გადავავლოთ ჩვენს განრიგს და პრიორიტეტი მივანიჭოთ იმას, რაც ორივეს გვსიამოვნებს. სულაც არ არის აუცილებელი, ეს გიჟური თავგადასავალი იყოს. მყავს კლიენტი, რომელიც ოცნებობს, მეუღლესთან ერთად სიწყნარეში დაჯდეს, ჩაი დაისხას და ფილმს უყუროს.

სასიყვარულო სიტყვები
ეს ის “სასიყვარულო სისულელეებია”, რომლებსაც პარტნიორები ერთმანეთს ეუბნებიან – კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ერთმანეთი უყვართ. სიყვარულის სიტყვიერი გამოხატვის ათასი გზა არსებობს: სმს, ლანჩბოქსში ჩადებული პატარა ბარათი, დალინკული სიმღერები, პირდაპირი მონოლოგები... ყველაფერი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. სასიყვარულო სიტყვები არის ის, რასაც ვეუბნებით მხოლოდ პარტნიორს და მეტს არავის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს “წყვილურობას”.

მზრუნველობა
საყვარელი ადამიანისთვის გაწეული შრომა, მაგალითად, მის მაგივრად ჭურჭლის დარეცხვა, როცა დაღლილია, საყიდლებზე წასვლა, როცა ვერ ასწრებს, სიურპრიზად მეგობრების შეკრება ან, სანამ სძინავს, მისი მანქანის სამრეცხაოში წაყვანა და ა.შ. მზრუნველობის მთავარი პრინციპია. გავუკეთოთ პარტნიორს ის, რაც მას მართლა ესიამოვნება. შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. მაგალითად, წინა კვირას ბავშვთან ერთად ადგომის ჩემი ჯერი იყო, მაგრამ ისეთი გადატვირთული კვირა მქონდა, ისეთ დაღლილს მეძინა, რომ მეუღლემ ერთი საათით გვიან გამაღვიძა და ბავშვიც უკვე ნაჭამი და ჩაცმული დამახვედრა. ასეთი საქციელი ძალიან სასიამოვნოა და წყვილის მეგობრობას, თანაზიარობას კრავს.

ფიზიკური შეხება
ესეც მივიწყებულთა კატეგორიას მიეკუთვნება. ფიზიკური შეხება მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობას არ გულისხმობს. ეს არის ალერსიანი ჩახუტება, ხელის ჩაკიდება, კოცნა, თუნდაც ზურგის მასაჟი გრძელი დღის შემდეგ.
რაც დრო გადის, ფიზიკური კონტაქტი უფრო და უფრო იშვიათდება (მაშინაც კი, როდესაც სქესობრივი ლტოლვის განელებას წყვილი არ უჩივის და არც დაკმაყოფილების მხრივ აქვს პრობლემები) და ადამიანებს ერთგვარი სენსორული შიმშილი ეწყებათ. რამდენიმე კლიენტისგან გამიგონია, რომ პარტნიორის დაძინებას ელიან, რათა ღამით მაინც ჩაეხუტონ. სხვა დროს ფიზიკური კონტაქტი არ აქვთ.
ფიზიკური შეხება, ისევე როგორც სასიყვარულო სიტყვები, წყვილის ურთიერთობის ის ასპექტია, რომელიც ვნებას, რომანტიკულობას, ექსკლუზიურობას კვებავს. ის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა პარტნიორი უბრალოდ ოჯახის წევრი კი არ იყოს, არამედ შეყვარებულიც.


კონფლიქტები
ჩაპმანის აზრით, ყოველ ადამიანს აქვს ერთი წამყვანი ენა, თუმცა ამას ვერ აცნობიერებს – ეს ავტომატურად ხდება. პრობლემის არსი კი ის არის, რომ ჩვენ ისევე გავცემთ სიყვარულს, როგორც გვინდა მივიღოთ, ხოლო თუ ჩვენი და ჩვენი პარტნიორის წამყვანი სასიყვარულო ენები ერთმანეთს არ ემთხვევა, იწყება მისკომუნიკაცია და შედეგად – კონფლიქტი.
ავიღოთ ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია: თუ პარტნიორ ა-ს სასიყვარულო ენაა მზრუნველობა, ის შესაძლოა ვერ მიხვდეს, რატომ არ აფასებს პარტნიორი ბ მის საქციელს, მაგალითად, გემრიელი სადილი რომ მოამზადა და სამსახურიდან დაბრუნებულს და დაღლილს დაახვედრა. ამ დროს პარტნიორ ბ-ს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი საოჯახო საქმის კეთება არც მზრუნველობაა, არც სიყვარული – ეს უბრალოდ მოვალეობაა, რომელსაც ხან ერთი პარტნიორი ასრულებს, ხან მეორე, უბრალოდ იმისთვის, რომ სახლში საჭმელი იყოს. პარტნიორ ბ-ს სასიყვარულო ენა სასიყვარულო საუბარია, მას იმის სიტყვიერი დასტური სჭირდება, რომ ა-ს უყვარს, აფასებს. თავად პარტნიორი ბ-ც, უპირველეს ყოვლისა, მიმართავს სასიყვარულო სიტყვებს, ფრაზებს, სიყვარულის ვერბალურ გამოხატვას, რომ პარტნიორ ა-ს აგრძნობინოს, რამდენად მნიშვნელოვანია ის მისთვის. ა-ს კი არ ესმის, რა საჭიროა ამდენი არაფრისმთქმელი საუბარი, როდესაც ხვალ ადრეა ასადგომი და ურჩევნია, ცხელი ჩაი მიუტანონ და შუბლზე აკოცონ.

გამოსავალი
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სასიყვარულო ენა უნდა შევისწავლოთ. წყვილური კონფლიქტების გადაჭრა ჩვენივე თავის შეცნობითა და ჩვენი პასუხისმგებლობის გააზრებით იწყება. აქ გამოვყოფდი ორ საკითხს:
1. რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული;
2. რა გვაკლია და რა გვაქვს.
ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაყოფაა, რადგან სავსებით შესაძლებელია, ვერ ვამჩნევდეთ იმას, რაც ისედაც გვაქვს.
მაგალითად, სანამ ბავშვი არ დაიბადა, ვერ ვხდებოდი, რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის მეუღლესთან ერთად გატარებულ ხარისხიან დროს და რა უარყოფითი შედეგები მოჰყვა ამ დროის შემცირებას. ხანგრძლივი გაურკვევლობის შემდეგ, როდესაც, როგორ იქნა მივხვდი, რამ გააჩინა ეს დიდი შავი ხვრელი ჩვენს ურთიერთობაში, აღდგენაც ამ კუთხით წავიყვანე – თავად დავიწყე ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელთათვისაც დრო არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელი იყო.


ჩაპმანისგან განსხვავებით, არა მგონია, არსებობდეს ერთი ძირითადი ენა, რომელიც ყველა ადამიანისთვის წამყვანია. მიმაჩნია, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ასაკში, სხვადასხვა გარემოებებში სხვადასხვა საჭიროებები გვაქვს და, შესაბამისად, სიყვარულის გამოხატულებაც სხვადასხვანაირია. თუმცა გადამწყვეტი ეს არ არის; გადამწყვეტია, დავინახოთ ჩვენი პარტნიორის სტილი და ავუხსნათ ჩვენი მოტივაციაც. სხვაგვარად ორივე მხარე მუდამ უკმაყოფილო იქნება. ერთი იტყვის: “რასაც არ უნდა ვაკეთებდე, არ გყოფნის”, მეორე კი – “არასოდეს არაფერს აკეთებს, არ ცდილობ”.
თუ ზემოხსენებულმა პარტნიორმა ა-მ გაიგო, რომ მისი ქმედება სიყვარულად არ აღიქმება, ალბათ აღარც ის გაუკვირდება, რომ პარტნიორ ბ-ს სადილის გაკეთებაზე რეაქცია არ აქვს. ამავე დროს, პარტნიორმა ბ-მ რომ იცოდეს, რამხელა მზრუნველობა და ალერსია ჩადებული ა-ს ქმედებებში, გაცილებით მეტად დააფასებდა მის საქციელს. კომუნიკაციის შემთხვევაში მათ შანსი ეძლევათ, უკეთ გაუგონ ერთმანეთს.
მომხდარი კონფლიქტები შანსს გვაძლევს, თვალი გადავავლოთ ურთიერთობას და გავარკვიოთ, სად ავცდით ერთმანეთს. ეს არის ფანჯარა, რომელსაც ურთიერთობის გაჯანსაღებისკენ მივყავართ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: