პრობლემა – აგრესიული ურბანიზაცია
გააზიარე:
დღესდღეობით საქართველოს მოსახლეობის 55% დედაქალაქში ცხოვრობს. გამოთვლების თანახმად, 2030 წლისთვის მაჩვენებელი 60%-ს მიაღწევს. ახალგაზრდები ყოველთვის მიიწევდნენ დიდი ქალაქებისკენ სასწავლებლად თუ სამუშაოს საძიებლად, იქვე რჩებოდნენ, ოჯახს ეკიდებოდნენ, მრავლდებოდნენ... ეს პროცესი საუკუნეების წინ დაიწყო, მაგრამ ბოლო ხანს უფრო და უფრო ინტენსიური ხდება.
ურბანიზაცია ბუნებრივი პროცესია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს. უკეთესი საარსებო პირობების ძიებაში მოსახლეობა ქალაქებისკენ, უმთავრესად დედაქალაქებისკენ მოილტვის. ნუთუ მართლა სჯობია ქალაქი სოფელს? ან არის კი ის მზად, მიიღოს ამდენი მცხოვრები?
იოლი მისახვედრია, რომ ქალაქურ ყოფას ნეგატიური მხარეებიც აქვს. გარდა იმისა, რომ ძვირია, არც ჯანმრთელობისთვისაა მთლად სასარგებლო. მოდი, უკანასკნელ ასპექტზე ვისაუბროთ.
პრობლემა №1: ჰაერის დაბინძურება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთმა უკანასკნელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში, განსაკუთრებით – მის დედაქალაქში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საგრძნობლად აჭარბებს ნორმას. ალბათ გახსოვთ, რომ ამ განცხადებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მთავარ დამნაშავედ ჯერ ავტომობილების გამონაბოლქვი მიიჩნიეს, მერე კი – სხვა საწარმოო თუ ტექნოლოგიური ხასიათის კვამლი. უკმაყოფილო წამოძახილებსაც გაიგონებდით: "ვერ იტევს ეს პატარა ქალაქი ამდენ მანქანას!"; "რას ვასხამთ შიგნით, კაცმა არ იცის“... მაინც რა იწვევს ქალაქებში ჰაერის დაბინძურებას? რა თქმა უნდა, ავტომობილებიც, მაგრამ პრობლემა იმდენად მათი რაოდენობა არ არის, რამდენადაც გაუმართაობა – ავტომანქანების დიდ ნაწილს არ აქვს მოწესრიგებული ფილტრი, რომელიც მავნე ნამწვი აირების ჰაერში გამოტყორცნას შეაფერხებდა. მეორე მიზეზი საწვავის მდარე ხარისხია. უფრო სწორად, რაც უფრო იაფია საწვავი, მით უფრო მეტია ალბათობა, მისი წვის შედეგად დიდი ოდენობით შხამი გამოიყოს, ჩვენს გაჭირვებულ ყოფაში კი მაღალი ხარისხის ბენზინზე ბევრს არ მიუწვდება ხელი.
დაბინძურების წყაროა ქიმიური მტვერიც, რომელიც დიდ ნაკადად ცირკულირებს ჰაერში და რომლის ძირითადი წყაროც უკონტროლო მშენებლობებია. ასეთი მშენებლობა უხვადაა თბილისში და ჩვენც უხვად ვსუნთქავთ ქიმიური საწარმოო მტვრით გაჟღენთილ ჰაერს.
ადვილი მისახვედრია, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობაზე არცთუ დადებითად აისახება. უპირველეს ყოვლისა, დაბინძურებულ ჰაერში დაბალია ჟანგბადის კონცენტრაცია, რაც ლამის სასიცოცხლო მნიშვნელობის გამოწვევაა ჩვენი სათუთი, ჟანგბადზე დამოკიდებული ორგანიზმისთვის. მავნე აირები, გარდა იმისა, რომ სასუნთქი ორგანოების ლორწოვანს აღიზიანებს, ღრმად იჭრება ორგანიზმში, სისხლში ცირკულირებს, ორგანოებში ილექება... რა გასაკვირია, რომ ჰაერის დაბინძურების კვალდაკვალ გახშირდა სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებები, ალერგია.
მეორე პრობლემა, რომელსაც დაბინძურებული ჰაერი წარმოშობს, მასში შეწონილი მტვრის ნაწილაკებია. ეს ნაწილაკები ფილტვებზე ილექება და ორგანიზმიდან მათი "გამოფერთხვა" ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ალბათ გაგიგონიათ ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომი. ჰაერში მოცირკულირე მყარი შეწონილი ნაწილაკები მისი ერთ-ერთი მიზეზია.
გლობალურ დათბობასა და კლიმატის ცვლილებაზე ცოტა თუ ფიქრობს, მაგრამ მაინც შეგახსენებთ: ჰაერის დაბინძურება კლიმატის ცვლილების მიზეზია, კლიმატის ცვლილება კი, თავის მხრივ – არაერთი გლობალური თუ ადგილობრივი კატასტროფის (წყალდიდობის, მეწყრის) წყარო. ამერიკული თრილერის სინოფსისივით ჟღერს, მაგრამ ეს ჩვენი ხვალინდელი დღეცაა.
პრობლემა №2: ხმაური და ტემპი
ქალაქში რომ უფრო ჩქეფს სიცოცხლე, ვიდრე სოფლად, არახალია. დილაობით მამლის ყივილის ნაცვლად აქ ავტომობილების ხმაური გვაღვიძებს. უსიამოვნო ბგერები ყურიდან თავის ტვინამდე აღწევს და ისედაც მწყობრიდან გამოსულ ჩვენს ნერვულ სისტემას აღიზიანებს. მუდმივი ხმაურის რეჟიმში ცხოვრება ძალიან ძნელია. იშვიათად თუ ვადანაშაულებთ ხმაურს იმაში, რომ ნერვული სისტემა შეგვერყა. არადა, ბრალი ნამდვილად მიუძღვის.
მავნე გავლენით ხმაურს არ ჩამოუვარდება ცხოვრების ურბანული რიტმი, რომლისთვისაც ფეხის აწყობა ქანცს გვაცლის. არსად დაგვაგვიანდეს, არ გამოგვრჩეს, არ დაგვასწრონ, არ გაგვასწრონ... გამუდმებით რაღაცის დევნაში ფიზიკურადაც ვიღლებით და ფსიქიკურადაც. ენერგია და ჯანმრთელობა თვალსა და ხელს შუა ილევა.
პრობლემა №3: ტრავმები
ტრავმების უმეტესობა ქალაქების მცხოვრებთა წილად მოდის. მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ავტოსაგზაო შემთხვევებია. იმატა საწარმოო და სამშენებლო ტრავმებმაც. მას შემდეგ, რაც ღვედის გაკეთება სავალდებულო გახდა, ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული ტრავმატიზმი შემცირდა, თუმცა ჩვენს ქალაქებში გაუმართავი მანქანების რიცხვი იმდენად დიდია, რომ საჭის დაუმორჩილებლობით ან სხვა ტექნიკური მიზეზით გამოწვეული ავარიები ჯერ კიდევ სამწუხარო ყოველდღიურობაა.
მშენებლობათა ბუმის ფონზე ცოტა თუ ფიქრობს თავად მშენებელთა უსაფრთხოებაზე. შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რაღა თქმა უნდა, ხარჯებს მოითხოვს, რომელთა გაღებაც დამქირავებლებს არ სურთ. დაქირავებულს არც დამცავი ეკიპირება აქვს, არც გარემო უწყობს ხელს... საწარმოო ტრავმებით ყოველწლიურად ასობით ადამიანი იღუპება და უფრო მეტი – შავდება.
ტრავმების მიზეზია დაუსრულებელი კორპუსებიც, სადაც მცხოვრებთა ნაწილი შენობის საბოლოო კეთილმოწყობამდე და ექსპლუატაციაში გაშვებამდე შესახლდება ხოლმე. აღარ შევჩერდებით გაზის გაჟონვით გამოწვეულ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც ბოლო ხანს ასე გახშირდა.
საქართველოს მთავრობამ სულ რაღაც ერთი თვის წინ მიიღო კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. მასში დეტალურად არის გაწერილი მოთხოვნები, რომლებსაც სამუშაო გარემო უნდა აკმაყოფილებდეს. იმედია, კანონმორჩილება წვლილს შეიტანს საწარმოო ტრავმების შემცირებაში.
პრობლემა №4: ინფექციები
თანამედროვე ქალაქი დახურული სივრცეა, სადაც ათასობით ინფექცია იყრის თავს და, როგორც ამ აბეზარ მიკროორგანიზმებს სჩვევიათ, თუ არ გაანიავე, არსადაც არ წავლენ, ამიტომ ქალაქში ინფექციებით ავადობა უფრო მაღალია, ვიდრე სოფლებში. აქ ხალხი ისე მჭიდროდაა ჩასახლებული, რომ ძნელია, თავი აარიდო ავადმყოფს, გაუნიავებელ გარემოში კი ინფექციები იმდენ ხანს რჩებიან, ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაეყრები. დახურული სივრცეც, რომელიც ინფექციის ბუდეს წარმოადგენს, ქალაქში უფრო მეტია: ოფისები, პატარ-პატარა მაღაზიები, კაფეები და ბარები, თუნდაც ლიფტები...
პრობლემა №5: თბური ტალღები
შეამჩნევდით, რომ ბოლო ხანს ზაფხულობით აუტანლად ცხელა. სიცხე განსაკუთრებით შესამჩნევია ქალაქებში – ქუჩებსა და სახლებს ოხშივარი ასდით. ქალაქში ასეთ სიცხეს ე.წ. თბური კუნძულის ეფექტი იწვევს: ასფალტი და ბეტონის შენობები მზის ენერგიას შთანთქავენ, გარემო ხურდება და ისე ცხელა, როგორც გავარვარებულ ქვაბში.
ქალაქებში, სადაც მოსახლეობაზე ზრუნავენ, შექმნილია ხელოვნური ორპირები – ჰაერის მიმოცვლის არხები, რომლებიც სიტუაციის მეტ-ნაკლებ განტვირთვას უწყობს ხელს.
კიდევ ერთი გამოსავალი ურბანული დაგეგმარება და გამწვანებაა. ურბანული დაგეგმარება, უპირველეს ყოვლისა, ისეთ მშენებლობებს გულისხმობს, რომლებიც გაქრობას არ უქადის პარკებსა და სკვერებს. დამატებითი გამწვანება კი ჯერჯერობით ფუფუნებად რჩება.
თბური ტალღების აგრესიის შეკავების კიდევ ერთი გზაა შენობების დაფარვა სპეციალური თბოამრეკლავი ფენით. ასეთი საფარი ბევრ ახალაშენებულ კორპუსს არ გააჩნია, შესაბამისად, მზადაა, მიიღოს, შთანთქას და გარეთ აღარ გამოუშვას მომაკვდინებელი თბური ტალღა.
ღირს კი?
ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ალბათ იკითხავთ: ღირს კი ქალაქში ცხოვრება? ნუთუ ურბანული გარემო იმდენად მომხიბლავია, რომ საფასური ჯანმრთელობით გადავიხადოთ? რა თქმა უნდა, ღირს, მაგრამ იმისთვის, რომ აგრესიულ ურბანიზაციას არ შევეწიროთ, გარემოზე ზრუნვა უნდა დავიწყოთ. თუ არ ვავნეთ, არც ის გვიპასუხებს აგრესიით, ხოლო თუ გარემოს წინააღმდეგ გავილაშქრეთ, პასუხიც არ დააყოვნებს. ეს ბუნების წესია. ურბანული ბუნებისაც.
ინა ვაჩიბერიძე