ჩვენ და ჩვენი გარემო

გააზიარე:
 

 ბოლო ხანს მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ გარემოზე, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება. ეს თემა ექსპერტებს შემთხვევით არ შეურჩევიათ: მათ მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ დაავადების წარმოშობაში გარემო ისეთსავე როლს ასრულებს, როგორსაც გენეტიკა. თუმცა აზრთა სხვადასხვაობა აქაც არის. ბევრი ექსპერტი იმ აზრს ადგას, რომ გენეტიკა გარემოსთან შედარებით ჩვილივით უცოდველია. აი, გარემოს არასასურველ ზემოქმედებას კი იოლად შეუძლია პათოლოგიის გამოწვევა, თანაც ბოლო ხანს უფრო და უფრო იმატებს იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული.
ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს გავლენის შესახებ, ასევე – ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება გარემოს ჯანმრთელობის ექსპერტი ინა ვაჩიბერიძე:
. რა გავლენას ახდენს ადამიანზე გარემო?
– უდიდეს გავლენას, და ეს დიდი ხანია ცნობილია. ასე რომ არ იყოს, არ შეიქმნებოდა ისეთი სამედიცინო დისციპლინა, როგორიც გარემოს ჯანმრთელობაა. აქვე უნდა ითქვას, რომ ტერმინ environmental health-ის ქართული შესატყვისი სრულყოფილად ვერ ასახავს მის არსს. რეალურად, საუბარია არა გარემოს ჯანმრთელობაზე, არამედ ადამიანის ჯანმრთელობაზე, რომელზეც გარემო გავლენას ახდენს. ამრიგად, უფრო უპრიანი იქნება, თუ ტერმინად “გარემოსმიერ ჯანმრთელობას” გამოვიყენებთ.
გარემოსმიერი ჯანმრთელობა შეისწავლის ყველა იმ ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორს, რომლებიც გარს აკრავს ადამიანს, მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე და ცვლის მის ქცევას.
ადამიანზე გარემოს გავლენა იმდენად დიდია, რომ მძლავრი საერთაშორისო ორგანიზაციები წლიდან წლამდე აფართოებენ ამ მიმართულებით თავიანთი მუშაობის სპექტრს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, რომელიც ატლანტაში მდებარეობს, უდიდესი დეპარტამენტი სწორედ გარემოსმიერი ჯანმრთელობის საკითხების შესწავლით არის დაკავებული. მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ავადობის გლობალური ტვირთის 24% და სიკვდილიანობის 23% გარემოს საზიანო ზემოქმედებით არის განპირობებული.
საინტერესოა, რომ ამ სფეროს თემატიკა დროსთან ერთად იცვლება. მაგალითად, წინათ თუ დიდი ყურადღება ეთმობოდა სანიტარიულ ნორმებს, კვებისმიერი ინტოქსიკაციის საკითხებს, ამჟამად უფრო და უფრო პოპულარული ხდება კლიმატის ცვლილება და მასთან ასოცირებული ჯანმრთელობის პრობლემები.
. ჩვენ უფრო გლობალურ კონტექსტზე ვსაუბრობთ. რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ?
– ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობის 91% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის მთავარი პოზიცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავია. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მეტად სენსიტიურია გარემოს ფაქტორების მიმართ და იოლად შეიძლება დავუკავშიროთ გარემოს მავნე ზემოქმედებას. ავადობის საერთო ტვირთშიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია წამყვანი, რასაც მოსდევს ფსიქიკური დარღვევები, სიმსივნეები. გლობალურად, 102 ძირითადი დაავადებიდან 85 ნაწილობრივ მაინც გარემოს ზემოქმედებით არის განპირობებული. საქართველოში ავადობის მთლიანი ტვირთის 17% და სიკვდილიანობის 19% გარემოს საზიანო ზემოქმედების შედეგია, ხოლო იმ შემთხვევებიდან, რომლებიც გარემოს ზემოქმედებას არ უკავშირდება, მეხუთედი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილად მოდის.
. მაინც რომელ დაავადებებს შეიძლება ველოდეთ გარემოს მავნე ზემოქმედების შედეგად?
– მოდი, უწინარესად დავაზუსტოთ, რა სახის “მავნებლობას” უნდა ველოდეთ გარემოსგან საზოგადოდ. გარემოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე არის: ჰაერის დაბინძურება როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, წყალი და, საზოგადოდ, სანიტარული მდგომარეობა, მაიონიზებელი გამოსხივება, შხამ-ქიმიკატები, პროფესიული რისკები, ურბანული გარემო და კლიმატის ცვლილება.
ზემოაღნიშნულ რისკებს უკავშირდება ესა თუ ის დაავადებაც. მაგალითად, ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რესპირაციული ინფექციები, კარდიოპულმონური დარღვევები, ფილტვის კიბო, ასევე  – დღენაკლულობა, დაბადებისას მცირე წონა, პერინატალური პათოლოგიები, გონებრივი ჩამორჩენილობა; წყლისმიერი, სანიტარული ნორმების უგულებელყოფით გამოწვეული დაავადებებია დიარეული დაავადებები; ქიმიკატების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მძიმე ინტოქსიკაცია, სხვადასხვა სახის პერინატალური დარღვევა და თანდაყოლილი ანომალია, კიბო და სხვა; ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელია ავტოსაგზაო ტრავმები, ბოლო ხანს გახშირებული სუიციდური მდგომარეობები; მაიონიზებელ გამოსხივებას შეიძლება დავაბრალოთ კანის კიბო და კატარაქტა.
. რამდენად უსაფრთხოა საქართველოში სასმელი წყალი? კონტროლდება თუ არა მისი სისუფთავე?
. ერთი შეხედვით, 21-ე საუკუნეში სასმელი წყალი საყოველთაოდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სამწუხაროდ, რეალობა სხვაგვარია. ევროპაშიც კი არის ქვეყნები, სადაც სოფლის მოსახლეობის 50%-ს ხარისხიან და უსაფრთხო წყალზე ხელი არ მიუწვდება.
საბედნიეროდ, საქართველოში მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ერთ-ერთი უკანასკნელი საერთაშორისო კვლევის (Joint Monitoring Programme) მიხედვით, 1990-იდან 2008 წლამდე ჩვენს ქვეყანაში 17%-ით გაიზარდა სასმელად ვარგისი წყლის ხელმისაწვდომობა. ქალაქებში უსაფრთხო სასმელი წყლით მარაგდება მოსახლეობის 100%, სოფლებში კი 96%, რაც ძალიან კარგი მონაცემები გახლავთ.
თბილისსა და მის შემოგარენში სასმელი წყლის გაწმენდას კერძო კომპანია ახორციელებს, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. ისინი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ, რომ მოსახლეობას სუფთა წყალი მიაწოდონ. ამის შემდეგ ძნელია ვინმე დაარწმუნო, რომ საქართველოში წყლით გადამდები დაავადებები ვრცელდება, თუმცა მთლად უამისობაც არ არის. არსებობს მაკონტროლებელი მექანიზმები, რომლებიც ავლენს, რომ წყალში, მეტადრე – სოფლად, დროდადრო ბაქტერიების მაღალი შემცველობა აღინიშნება.
. რა მდგომარეობაა ჰაერთან დაკავშირებით?
. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის ერთ-ერთ უმთავრეს რისკს წარმოადგენს. ექსპერტთა შეფასებით, მსოფლიოს მასშტაბით ის ორი მილიონი ადამიანი ნაადრევი სიკვდილის მიზეზია. ჰაერში შეწონილი მტვრის ნაწილაკების მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების, ასევე კიბოს განვითარების რისკს. თუ ჰაერის მტვრის დონე 70 მკგ`მ3-დან 20 მკგ`მ3-მდე შემცირდა, ამით თურმე მთელი 15%-ით დაიკლებს ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
წლების განმავლობაში საქართველოში ჰაერის მონიტორინგი ძალზე შეზღუდულად წარმოებდა. 2009 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც რამდენიმე ქალაქს მოიცავდა, გაირკვა, რომ ჰაერის შემადგენლობა დადგენილ ნორმებს არ შეესაბამება. ჰაერის ძირითად დამაბინძურებლებად გვევლინება ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული და სამრეწველო ობიექტები და სოფლის მეურნეობა.
. ბევრს საუბრობენ საკვების უსაფრთხოებაზე. ერთია დაბინძურებული პროდუქტები და მეორე – გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათი, რომელიც ალბათ კიდევ უფრო საშიშია ჩვენი ორგანიზმისთვის...
. საკვები მართლაც მძლავრი ფაქტორია ჯანმრთელობისთვის. მრავალი კვლევით დამტკიცდა, რომ ზოგიერთი ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბებაში საკვებ ნივთიერებებს უდიდესი როლის შესრულება ძალუძს. მაგალითად, მჭიდრო კავშირი გამოვლინდა საკვებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტს, ოსტეოპოროზსა და ზოგიერთი ტიპის სიმსივნეს შორის.
საქართველოში ჩატარდა კვლევა-გამოკითხვა მოსახლეობის გასტრონომიული მიდრეკილებების გამოსავლენად. გამოკითხვამ ცხადყო, რომ უმრავლესობა ყურადღებას არ აქცევს კვების რეჟიმს, საკვების შემადგენლობას... ეს სამწუხარო ტენდენციაა. საზღვარგარეთ უდიდესი ყურადღება ექცევა ორსულთა კვებას. რაღა თქმა უნდა, ჩვენთანაც ცდილობენ, სათანადო ინფორმაცია მიაწოდონ ორსულს, მაგრამ სასურველ შედეგამდე მაინც შორს ვართ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სათანადოდ ვერ კონტროლდება ორსულის მიერ ფოლიუმის მჟავას მიღება, რაც აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ისიც ბევრმა არ იცის, რომ ამ ნივთიერების დაორსულებამდე მიღება გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ორსულობის პერიოდში, მაგრამ თუ მისი მიღება ქალმა ორსულობის დადგენისთანავე დაიწყო, ის თავის საქმეს მაინც გააკეთებს.
რაც შეეხება საკვებისმიერ ინტოქსიკაციას, მისგან არავინ არის დაზღვეული და ის არ შეიძლება სერიოზულ პრობლემად განვიხილოთ, თუ მასობრივი ხასიათი არ მიიღო.
განუგეშებთ: საქართველოში სურსათი კონტროლდება. წინათ ეს ფუნქცია ჯანდაცვის სამინისტროს ჰქონდა შეთავსებული. ამჟამად ამაზე პასუხისმგებელია სოფლის მეურნეობის სამინისტრო და კონტროლს მასთან არსებული სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, ნორმატიულ აქტებს კი ჯანდაცვის სამინისტრო წერს.
გენმოდიფიცირებულ საკვებზეც ბევრს ლაპარაკობენ. ჩემს პირად აზრს მოგახსენებთ: გენური ინჟინერიით საკვების წარმოება ზოგ შემთხვევაში გამართლებულიც კია და ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს კაცობრიობას გადაშენებას უქადის, არ შეიძლება, თუმცა უდავოდ ძნელი სათქმელია, რა შორეულ შედეგებს გამოიღებს რამდენიმე გენის ხელოვნური დაჯგუფება.
. რას გვეტყოდით მაიონიზებელ გამოსხივებაზე? რამდენად მავნეა ის და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?
. მაიონიზებელი გამოსხივების მავნებლობაზე ბევრი რამ თქმულა. მას ვერსად გავექცევით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მისი მცირე დოზა საფრთხეს გვიქადის. საქართველოში მრავალი ობიექტია, რომლებიც რადიაციის წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა, სხვადასხვა კვლევის მონაცემებით, საერთო ჯამში, ფონი უსაფრთხოების ზღვარს არ სცდება.
არსებობს ბუნებრივი რადიაციაც, რომელიც კოსმოსიდან მოდის. ის, ისევე როგორც ხელოვნური წყაროებიდან გამოტყორცნილი რადიაციული ენერგია, ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე, ამიტომ მისი დიდი დოზები ძლიერ საშიშია. თავის დაცვაზე მკითხეთ. თუ ვიცით, საიდან მოდის საფრთხე, უნდა მოვერიდოთ. ეს არის თავდაცვის ერთადერთი მექანიზმი. მაგალითად, თუ ადამიანს რადიაციულ გარემოში (რენტგენის აპარატთან და ა.შ.) უხდება მუშაობა, სასურველია, ოთახში დიდხანს არ დაყოს, სხეული სპეციალური ფარით დაიფაროს ხოლმე. 
. დასასრულ, იქნებ რამდენიმე სიტყვა გვითხრათ ისეთი საკითხის შესახებაც, როგორიც კლიმატის ცვლილებაა. პირდაპირ გკითხავთ: დავიჯეროთ თუ არა ამ ფენომენის არსებობა?
. პირდაპირ მოგიგებთ: თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა. მეცნიერულად კი ეს ფენომენი დამტკიცებულია და მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები ამის თაობაზე უკვე აღარ კამათობენ.
კლიმატის ცვლილებას ხშირად მხოლოდ სიცხესთან აიგივებენ, რაც არამც და არამც არ არის მართებული. კლიმატის ცვლილება სხვა უსიამოვნებებსაც გულისხმობს: ოზონის შრის გათხელებას, ჰაერის დაბინძურებას, ტორნადოებისა და ტაიფუნების გახშირებას და, თქვენ წარმოიდგინეთ, სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების – საკვების, საწვავის – მწვავე დეფიციტსაც კი.
თავდაპირველად ვეცდები დაგამშვიდოთ – კლიმატი მუდამ განიცდიდა ცვლილებას, “უჩვეულოდ ცხელი” ზაფხული ნებისმიერ საუკუნეში იქნებოდა, მაგრამ ეს პრობლემა იმხანად დიდად არავის აწუხებდა. კლიმატის ცვლილებასა და გლობალურ დათბობაზე მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ალაპარაკდნენ, სწორედ იმ დროიდან, როდესაც მთელი მსოფლიოს ინდუსტრიალიზაცია დაიწყო. საწარმოო-ტექნიკური რევოლუციის კვალდაკვალ გაუარესდა გარემო: დაბინძურდა ატმოსფერო, გათხელდა ოზონის შრე... ამ ცვლილებებმა კლიმატზეც მოახდინა გავლენა და საბოლოოდ გლობალური დათბობა მოგვიტანა. გლობალური – იმიტომ, რომ მთელი დედამიწა მოიცვა, დათბობა კი იმიტომ, რომ წლიურმა ტემპერატურამ მოიმატა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მთელი წლის ტემპერატურის მაჩვენებლებს გადავავლებთ თვალს, შევამჩნევთ, რომ ზოგიერთ დღეს განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა აღირიცხებოდა და ასეთი დღეების რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით მეტი იყო.
არსებობს დაავადებები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ჯგუფში გააერთიანა. ამ ნუსხაში ბევრ ნოზოლოგიას გადაეყრებით და შეიძლება იფიქროთ, რომ თითქმის ყველა დაავადება პირდაპირ თუ ირიბად კლიმატის ცვლილებას უკავშირდება. სინამდვილეში საქმე ასეა: კლიმატის ცვლილება გარემოს იმგვარად ცვლის, რომ ადამიანი საფრთხეს ყოველი მხრიდან უნდა ელოდეს. მაგალითად, მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო, რაც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მრავალი კონტინენტისთვის ჩვეული გახდა, გახშირდა მალარიის შემთხვევები.
კლიმატის ცვლილება ბუნებრივი კატასტროფების გახშირებასაც იწვევს, ამის ფონზე კი მოსალოდნელია არა მხოლოდ ავადობის, არამედ სიკვდილობის ზრდაც. ერთ-ერთი პრობლემა, რაც ბუნებრივ კატასტროფებს მოაქვს, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოშლაა. ამას ერთვის ტრავმატიზმის გახშირება, სანიტარიული ნორმების დარღვევა და ინფექციური დაავადებების აფეთქება და სხვა.
კიდევ ერთი აქტუალური თემაა თბური ტალღები, რომლებიც ზაფხულობით იჩენს თავს. ამგვარი ტალღების შედეგად 2003 წელს ევროპაში 35 000 ადამიანი გარდაიცვალა. ძირითადი პრობლემა, რასაც თბური ტალღები იწვევს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბება და თბური დაავადებაა, რომელიც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს. 
საზოგადოდ, კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა საკმაოდ ვრცელი თემაა, მასზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ ამჯერად აქ შევჩერდეთ, დასასრულ კი მინდა გითხრათ, რომ ყოველგვარი პრობლემა, რომელსაც გარემო იწვევს, იოლად შეიძლება ავიცილოთ თავიდან. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამის აუცილებელი პირობაა.
რით ვსუნთქავთ
ჰაერის დაბინძურებაზე, უკვე მერამდენე ათწლეულია, აქტიურად საუბრობენ. ექსპერტების აზრით, ჯანმრთელობისთვის ერთნაირად მავნებელია ჰაერის დაბინძურება როგორც შენობებში, ისე მათ გარეთ. მთავარი “დამბინძურებლები” არიან მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირორჟანგი, ოზონი, აზოტის დიოქსიდი, გოგირდის დიოქსიდი. დაბინძურებული ჰაერი უმთავრესად სასუნთქი სისტემის დაავადებებს იწვევს, მაგრამ არცთუ იშვიათია სხვა ორგანოთა დაზიანებაც.
რით სუნთქავენ ევროპელები
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსთან დაკავშირებული რისკია, რომელიც, მათივე შეფასებით, ყოველწლიურად ორი მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ხდება. ჯანმო გვამცნობს იმასაც, რომ ქალაქებში, სადაც  ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, საერთო სიკვდილიანობა 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ქალაქების მაჩვენებელს.
კვლევებმა ცხადყო, რომ ევროპის რეგიონში ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულმა დაავადებებმა და სიკვდილობამ იკლო, რაც თავად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებით აიხსნება, თუმცა ჯერ კიდევ არის ქვეყნები, უპირატესად – აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ჩვილთა სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალია და საერთო სიკვდილიანობის 12%-ს შეადგენს. 13-14 წლის მოზარდთა 5-25%-ს აქვს ასთმა და სხვა ალერგიული დაავადებები, რაც ამ ქვეყნებში ბავშვთა ავადობის წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ასთმის გამწვავება ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული (მყარი) ნაწილაკების კონცენტრაციის მატებით აიხსნება.
მომაკვდინებელი მტვერი
ატმოსფერულ ჰაერში არსებული მტვერი გაცილებით მეტ ადამიანს ვნებს, ვიდრე ჰაერის დამაბინძურებელი ნებისმიერი სხვა აგენტი. მტვრის კომპონენტებია: სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმქლორიდი, მინერალური მტვერი... მტვრის მყარი ნაწილაკების მავნებლობის შესაფასებლად კონცენტრაციასთან ერთად იშველიებენ აეროდინამიკური დიამეტრის ცნებას. ამ კუთხით ძირითადად ორი ტიპის ნაწილაკებს განასხვავებენ: 10 მკმ დიამეტრისას და 2.5 მკმ დიამეტრისას. სწორედ ეს უკანასკნელია ჯანმრთელობისთვის უფრო საშიში, რადგანაც უფრო იოლად აღწევს ბრონქიოლების პერიფერიულ ნაწილებში და ხელს უშლის ფილტვების სიღრმეში ჰაერის ცვლას.
სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ჰაერში შეწონილი მყარი ნაწილაკების კონცენტრაციას და მათ აეროდინამიკურ მაჩვენებლებს შეისწავლიდა.
ჩვენი ჰაერი
ჰაერის მონიტორინგი საქართველოში უკანასკნელად 2009 წელს განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არასრულად ჩატარდა, აღმოჩნდა, რომ გამოკვლეულ ოთხ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ზესტაფონში – ჰაერი არამც და არამც არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უმთავრესად ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სამრეწველო ობიექტები, სოფლის მეურნეობის დარგები იწვევს.  მთავარი მიზეზი კი მაინც ავტოტრანსპორტია და აი, რატომ:
. მისი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა;
. გამწმენდი მექანიზმები არასრულფასოვნად მუშაობს, ბევრი სარგებლობს მოძველებული ტექნოლოგიებით;
. საწვავი ევროპულთან შედარებით დაბალი ხარისხისაა.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემები მეტ-ნაკლებად განსხვავებულია. მაგალითად, მანგანუმის ორჟანგის კონცენტრაცია ნებადართულზე მაღალია ზესტაფონში, რასაც ამ ქალაქში არსებული ფეროშენადნობების ქარხნის გამონაბოლქვი აირები განაპირობებს.
რა ხდება შენობებში
შენობებში ჰაერის ყველაზე გავრცელებული დამბინძურებელი, რომელიც ძლიერ ვნებს ჯანმრთელობას, თამბაქოს კვამლია. სტატისტიკა მოწმობს, რომ მრავალ ქვეყანაში ბავშვების 80% ინტენსიურად განიცდის თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის ჩარჩო კონვენციის მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევა იკრძალება. ეს კონვენცია 2013 წელს ადაპტირებულ იქნა საქართველოშიც.
ჯანმრთელობისთვის მავნე კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც თავს იჩენს შენობის შიგნით, ობი და ნესტია. ევროპის რეგიონში ოჯახების 20% ცხოვრობს შენობებში, სადაც ნესტისა და ობის მაღალი დონე აღინიშნება. სწორედ ამ პრობლემასთან ბრძოლისთვის შეიმუშავა ჯანმომ 2010 წელს გაიდლაინი, რომელიც შენობის ჰაერის კონტროლს გულისხმობს. სამწუხაროდ, საქართველოში ამ გაიდლაინით განსაზღვრული ნორმები დაცული არ არის.
სუფთა ჰაერის 6 სარგებელი
სუფთა ჰაერი ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ სასიკეთო გავლენას ახდენს. ის მხოლოდ ფილტვებს კი არ რგებს, ორგანიზმის ყოველ კუთხე-კუნჭულამდე მიაქვს პოზიტიური მესიჯები. მოდი, ვნახოთ, მაინც რას უხდება ის:
. სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, ამიტომ სასურველია, ტრაპეზის შემდეგ ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ. განსაკუთრებით მარგებელია ამგვარი გასეირნება მათთვის, ვინც წონის დაკლებას გეგმავს.
. აუმჯობესებს გულის მუშაობას და სისხლის წნევას. მათ, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უჩივის, სპეციალისტები დაბინძურებული ჰაერით გაჯერებულ გარემოში ყოფნას უკრძალავენ – ამგვარ პირობებში ორგანიზმს მუშაობისთვის (სუნთქვისთვის, გულისცემისთვის) მეტი ძალისხმევა უხდება, ეს კი ისედაც დაავადებულ ორგანოს უფრო დიდ ჯაფას აყენებს.
. გვმატებს ენერგიას, ამაღლებს განწყობას. სეროტონინის რაოდენობა, რომელიც ჩვენს განწყობილებაზე დადებითად მოქმედებს, ორგანიზმში ჟანგბადის მოცულობაზე ყოფილა დამოკიდებული, ამიტომ სუფთა ჰაერზე გასეირნება ამაღლებულ განწყობას გვგვრის, გვმუხტავს დადებითი ენერგიით, გვახალისებს და გვამშვიდებს.
.  აძლიერებს იმუნურ სისტემას. ჟანგბადი მონაწილეობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, რომლებიც იმუნური სისტემის მთავარი დამცავი რგოლია – მავნე მიკროორგანიზმების განადგურებაში უდიდესი წვლილი შეაქვს. 
. წმენდს ფილტვებს. ჟანგბადის ნაკადი, რომელიც ფილტვებში ხვდება, ბრონქებისა და ბრონქიოლების გაფართოებას უწყობს ხელს, გაფართოებული ფილტვები კი უკეთ ფუნქციობს; ამოსუნთქვის დროს გაფართოებული ქვედა სასუნთქი გზებიდან უფრო იოლად გამოიდევნება მავნე მოკროორგანიზმები.
. გვმატებს ენერგიას, აუმჯობესებს აზროვნების უნარს. თურმე ჩვენს ტვინს ორგანიზმში არსებული ჟანგბადის მთელი 20% სჭირდება აზროვნებისთვის. რაც მეტი ჟანგბადი აღწევს ტვინის უჯრედებამდე, მით მეტად კონცენტრირებულია ადამიანი, მით უკეთესად აზროვნებს.
სითბური ეფექტი
შენობაში ჰაერის შემადგენლობაზე დიდ გავლენას ახდენს გამათბობელი. იმისდა მიხედვით, რა ტიპის გამათბობელს ვიყენებთ, ოთახის ჰაერში ჟანგბადისა და ნახშორორჟანგის შემცველობა სხვადასხვანაირია.
როდესაც გამათბობელი ჟანგბადს დიდი ოდენობით შთანთქავს და წვის პროდუქტს ოთახშივე მიმოფანტავს, ჩვენი ჯანმრთელობა დიდ განსაცდელშია. უჟანგბადოდ ცოცხალი ორგანიზმი ვერ ძლებს (ჟანგბადის დეფიციტი უპირველესად ძილიანობით, სწრაფი დაღლითა და მოთენთილობით იჩენს თავს, ხოლო ნამწვი აირის ჩასუნთქვა – საუკეთესო შემთხვევაში, მსუბუქი მოწამვლით).
გარდა მაღალი ტემპერატურისა და ჟანგბადის უკმარისობისა, ორგანიზმზე ნეგატიურ გავლენას ახდენს მშრალი ჰაერიც, რაც ზოგიერთი გამათბობლის დამსახურებაა. ამ დროს, უპირველეს ყოვლისა, ზარალდება სასუნთქი სისტემა, რომელსაც ნორმალური ფუნქციობისთვის ზომიერი ტენი სჭირდება. ყველაზე მკვეთრად კი ჰაერის სიმშრალე კანისა და თმის სტრუქტურაზე აისახება: კანი შრება, უხეშდება (იგივე მოსდის თმასაც) და იქერცლება.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც გამათბობლების ეპოქას მოჰყვა, ალერგიაა. წვის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები მძლავრი ალერგენებია, ხოლო თუ მათ ჰაერის ძლიერი გამოშრობაც დაერთო, ალერგიული რეაქცია კიდევ უფრო აგრესიულად წარიმართება. უწინარეს ყოვლისა, დაზარალდება სასუნთქი სისტემა (სწორედ გამათბობლების ფართო გამოყენებას უკავშირებენ ექიმები ობსტრუქციული ბრონქიტის გახშირებას), კანი – ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ უწითლდებათ და ექერცლებათ ბავშვებს კანი ბუნებრივი აირით მეტისმეტად გამთბარ ოთახში. კუსტარულად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქადის, ამიტომ თუ “ნიკალას” ან “კარმას” დამონტაჟება გადაწყვიტეთ, აუცილებლად სპეციალისტს მიმართეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ “ნიკალას” ფირმის გამათბობლებს ჰაერის გარედან შემწოვი სისტემა არ გააჩნია, ოთახში არსებულ რესურსს მოიხმარს. ამ მხრივ გაცილებით უსაფრთხოა “კარმა”, რომელსაც ცირკულაციის მექანიზმი აქვს, თუმცა მისი დამონტაჟება სხვა სირთულეებთან არის დაკავშირებული: სითბოს არათანაბარი განაწილება სახლში გაციების ალბათობას ზრდის. ეცადეთ, ასეთ გამათბობლებს ისეთი ადგილი შეურჩიოთ, საიდანაც სითბო ყველა ოთახში შედარებით უკეთესად განაწილდება. თუ დიდი ბინა გაქვთ, მის გასათბობად ერთი გამათბობელი არ გეყოფათ. ამ შემთხვევაში უმჯობესია, გათბობის ერთიანი სისტემის დამონტაჟებაზე იზრუნოთ.
ყველაზე უსაფრთხო გათბობის ერთიანი სისტემაა. გამათბობლის ქვაბი, ჯობს, აივანზე დადგათ. ხშირად მას სააბაზანოშიც ამონტაჟებენ, თუმცა გირჩევთ, საჰაეროს არ ენდოთ და ქვაბი დახურულ სივრცეს მოარიდოთ. ასეთ დროს გამომუშავებული სითბოს მნიშვნელოვანი ნაწილი იკარგება, სამაგიეროდ, შეგიძლიათ, მშვიდად იძინოთ, რადგან მხუთავი აირით მოწამვლა გამორიცხულია.
რას ვსვამთ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 1.6 მილიონი ადამიანი იღუპება უხარისხო სასმელი წყლის მოხმარების შედეგად. მათი 90% ხუთ წლამდე ასაკის ბავშვია. მილიონობით ადამიანი ავადდება წყლისმიერი გადამდები დაავადებებით. ევროპაში წყლის უხარისხობასთან, ცუდ ჰიგიენურ პრაქტიკასა და ანტისანიტარიასთან ასოცირებულ დიარეას ყოველწლიურად 33 000 ადამიანი ეწირება. ამასთან, ავადობის 90% რეგიონის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. ამ მიზეზით განპირობებული სიკვდილიანობის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია – წყლისმიერი დაავადებების რიცხვი სწრაფად დაიკლებს, თუ დაცული იქნება წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენური პრაქტიკის მაღალი სტანდარტები, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აწესებს.
ქართული წყალი
საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სასმელად მიწისქვეშა წყლებს იყენებს. მიწისქვეშა წყლებიდან ძირითადად გამოიყენება გრუნტის (ჭისა და წყაროს) წყლები, რომლებიც, არტეზიული (წნევიანი) წყლებისგან განსხვავებით, ძალზე ცუდად არის დაცული დაბინძურებისგან. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მრავალწლიანი მონიტორინგის შედეგებით, სოფლის სამეურნეო სავარგულებში აგროქიმიკატების დიდი რაოდენობით გამოყენებამ გამოიწვია როგორც ზედაპირული, ისე გრუნტის წყლების ნიტრატებით, ნიტრიტებით, პესტიციდებით დაბინძურება. 2000 წლის მონაცემებით, აღნიშნული რეგიონის ტერიტორიის ფარგლებში გავრცელებულ გრუნტის წყლებში ნიტრატების შემცველობა – 20-30-ჯერ, ამიაკისა – 3-4-ჯერ, ხოლო ნიტრიტებისა 2-3-ჯერ აღემატებოდა მათი დასაშვები კონცენტრაციის ზღვარს. მიწისქვეშა წყლების ძირითადი დამაბინძურებლებია ორგანული ნივთიერებები, ნავთობპროდუქტები, პესტიციდები, მძიმე ლითონები და სხვა. განსაკუთრებით საშიშია პესტიციდები მათი წყალში ხსნადობის, აკუმულაციის, მიგრაციისა და მაღალი ტოქსიკურობის გამო. ასევე ხიფათს გვიქადის მიწისქვეშა წყლების მიკრობიოლოგიური დაბინძურება თერმოტოლერანტული კოლოფორმული ბაქტერიებით, E.Coli-თ და ფეკალური სტრეპტოკოკებით – მზის ულტრაიისფერი სხივები მიწისქვეშა წყლებამდე ვერ აღწევს, რაც მიკრობების გამძლეობას და წლების განმავლობაში წყლისმიერი ინფექციური დაავადებების აღმოცენების მაღალ რისკს განაპირობებს. 
საქართველოში ზედაპირული და მიწისქვეშა წყაროების სიმრავლის მიუხედავად, თითქმის ყველა რეგიონი განიცდის სასმელად ვარგისი (ნორმის შესაბამისი ხარისხის) წყლის დეფიციტს.
გარემოს დაცვის ევროპის სააგენტოს მეოთხე შეფასების თანახმად, 2008 წელს საქართველოში მოსახლეობის ის წილი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა გაუმჯობესებული ხარისხის სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალზე, 80%-ს შეადგენდა (ქალაქად – 90%-ს, ხოლო სოფლად – 35%-ს). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (WHO/UNICEF) გაერთიანებული მონიტორინგის პროგრამა (Joint Monitoring Programme) “წყალმომარაგება და სანიტარია” წარმოადგენს გაეროს ოფიციალურ მექანიზმს, რომელიც შემუშავდა ათასწლეულის განვითარების მე-7 მიზნის მიღწევის პროგრესის მონიტორინგისთვის და რომლის მიზანია 2015 წლისთვის მოსახლეობის იმ წილის განახევრება, რომელსაც სტაბილურად არ მიუწვდება ხელი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო წყალსა და საბაზისო სანიტარიულ პირობებზე. აღნიშნული კვლევის მიხედვით, 1990-დან 2008 წლამდე საქართველოში 17%-ით გაიზარდა ხელმისაწვდომობა სასმელად ვარგის წყალზე. ქალაქებში უსაფრთხო სასმელი წყლით მარაგდება მოსახლეობის 100%, სოფლად – 96%. საქართველო ბელორუსთან ერთად ლიდერია ურბანული მოსახლეობის გაუმჯობესებული სასმელი წყლით უზრუნველყოფის კუთხით თერთმეტ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი) შორის. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ 2007-2009 წწ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა შემოწმებებმა ცხადყო, რომ ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხი ძირითადად ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს. ეპიდემიური უსაფრთხოების ქიმიური მაჩვენებელი (პერმანგანატული ჟანგვადობა) უმეტესად აღემატებოდა ნორმას, ხოლო ნარჩენი თავისუფალი ქლორი თითქმის არ აღირიცხა. დადასტურდა მიკრობული დაბინძურება (საერთო კოლიფორმული ბაქტერიებისა და E.Coli-ს მატება დადგენილ ნორმასთან შედარებით).
განსაკუთრებით არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა იყო ფოთის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ახალციხის, დმანისის, ლენტეხის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ბაღდათის, წყალტუბოს, ზესტაფონის რაიონებში. ამ დარღვევათა ძირითად მიზეზებად მიჩნეულ იქნა წყალსადენი სისტემების არადამაკმაყოფილებელი სანიტარიულ-ტექნიკური მდგომარეობა და ექსპლუატაციის დაბალი დონე.
დაბალია წყლის სანიტარული საიმედოობა სოფლის ტიპის დასახლებების მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემებში. მაგალითად, 2006-2007 წლებში სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ფერმერული მეურნეობების თითქმის ყველა ჭაში, წყაროსა და წყალსატევში E.Coli-ისა და საერთო კოლიფორმული ბაქტერიების რაოდენობა აღემატებოდა დადგენილ ნორმებს.
მცირემასშტაბიანი წყალმომარაგების სისტემების პრობლემები გამოავლინა აგრეთვე 2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ: მარნეულისა და დუშეთის სოფლების ჭაბურღილების, წყალშემკრები რეზერვუარების, საოჯახო მეურნეობაში მილსადენით შეყვანილი სისტემების, წყაროების, ჭებისა და საოჯახო კონტეინერების სასმელი წყლების 73% დაბინძურებული აღმოჩნდა.
მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ეკოლოგიური ფაქტორების შესაძლო გავლენის შესაფასებლად საქართველოში ბოლო ხანს სათანადო კვლევები არ ჩატარებულა, ამიტომ სასმელი წყლის დაბინძურებასა და მოსახლეობის ავადობას შორის ზუსტი კორელაციური კავშირის დადგენა ვერ ხერხდება.
ვებრძვით პრობლემას
პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირად იწვევს დაბინძურებული წყალი, დიარეაა. ვინაიდან ბავშვებთან ის განსაკუთრებით მწვავედ იჩენს თავს, ჩვენც ბავშვებით დავიწყოთ.
ბავშვთა ასაკის დიარეების მნიშვნელობაზე სიკვდილობის მაჩვენებლებიც მიუთითებს: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დიარეა 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილობის გამომწვევი დაავადებების ხუთეულში შედის და მისი წილი სიკვდილობის სტრუქტურაში 19%-ს შეადგენს. დიარეა არის ნაწლავთა გახშირებული (დღე-ღამეში სამზე მეტი) მოქმედება შეცვლილი, თხელი, ჩვეულებრივზე დიდი მოცულობის, პათოლოგიური მინარევების (წყალი, სისხლი, ლორწო) შემცველი განავლით, რასაც ნაწლავში სითხისა და მარილების შეწოვისა და გამოყოფის (აბსორბციისა და სეკრეციის) დისბალანსი განაპირობებს.
განსხვავებენ მწვავე და გახანგრძლივებულ (პერსისტიულ) დიარეას. გახანგრძლივებულად ითვლება დიარეა, რომელიც გრძელდება 14 დღეს და მეტხანს. დიარეის, განსაკუთრებით – მისი მწვავე ფორმის, ყველაზე გავრცელებული მიზეზია ინფექცია, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც ვირუსებით, ისე ბაქტერიებითა და უმარტივესებით. ბავშვთა ასაკში საკმაოდ ხშირია ვირუსული, განსაკუთრებით კი როტავირუსული დიარეა, რომელიც ერთხელ მაინც გადაუტანია 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს.
გარდა ინფექციისა, დიარეას განაპირობებს:
. მედიკამენტები (ანტიბოტიკები, საფაღარათო საშუალებები, მაგნეზიის შემცველი ანტაციდები და სხვა);
. კვებით ალერგენებზე (მათ შორის – ძროხის რძეზე, სოიის ცილაზე) რეაქცია და საკვების აუტანლობა;
. მონელებისა და შეწოვის პროცესების დარღვევა (ლაქტოზის, საქაროზის, იზომალტოზის დეფიციტი, მალაბსორბცია და სხვა);
. ქიმიოთერაპიით ან რადიაციით გამოწვეული ენტერიტი;
. ქირურგიული პათოლოგიები (აპენდიციტი, ნაწლავთა ინვაგინაცია);
. ზოგიერთი ვიტამინის (ნიაცინის, ფოლიუმის მჟავას) დეფიციტი ან ჰიპერვიტამინოზი (ვიტამინი C, ვიტამინი B3);
. მძიმე მეტალები და ტოქსინები.
დიარეის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, ტემპერატურული რეაქცია, გაუწყლოება. არაინფექციური აგენტებით (მაგალითად, მედიკამენტებით, მალაბსორბციით) განპირობებულ შემთხვევებში ტემპერატურული რეაქცია და ინტოქსიკაცია, წესისამებრ, არ არის გამოხატული. ინფექციურ დიარეას ახასიათებს გაუწყლოების ნიშნები, რაც ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციობისთვის აუცილებელი სითხისა და მარილების დანაკარგზე მიუთითებს. ეს ნიშნებია კანისა და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, თვალების ჩაცვენა, უცრემლო ტირილი, ძლიერი აღგზნება ან, პირიქით, ლეთარგია ანუ ძილად მივარდნა, სითხის მიღების შეუძლებლობა დასხვა.
რა ვიღონოთ ექიმთან მისვლამდე 
უპირველესად, არ დაუშვათ გაუწყლოება, მიაწოდეთ ორგანიზმს იმდენი სითხე, რამდენსაც კარგავს. დიარეით განპირობებული სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ გაუწყლოება და შოკია.
ხშირად მშობლები გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად ბავშვს ჩვეულებრივ წყალს ან საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ მინერალურ წყალს ასმევენ. ეს არ არის გაუწყლოების პრევენცია. რა თქმა უნდა, დიარეის დროს ექიმის ერთ-ერთ რეკომენდაცია სითხით დატვირთვაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დროს იკარგება არა მარტო წყალი, არამედ მინერალური მარილებიც, მათ შორის – ნატრიუმისა და კალიუმისა, ამიტომ ავადმყოფს სითხესთან ერთად ეს ნივთიერებებიც უნდა მივაწოდოთ. ამისთვის არსებობს სპეციალური სარეჰიდრატაციო ხსნარი. სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარით ორგანიზმის წყალმარილოვანი ბალანსის აღდგენა დიარეის მკურნალობის ძირითადი და ყველაზე ეფექტური მეთოდია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომელ მარილებს უნდა შეიცავდეს ხსნარი და როგორი კონცენტრაციით, რათა მოახდინოს გაუწყლოების პრევენცია და ამასთან ერთად ხელი შეუწყოს სითხის დანაკარგისა და ნაწლავთა მოქმედების გაიშვიათებას.
ინტრავენურად ან ზონდით სითხის მიწოდება საჭიროა მაშინ, როდესაც ვერ ხერხდება პერორალური რეჰიდრატაცია, ანუ ბავშვი თავად ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს, მაგალითად, უგონოდაა. ასეთ დროს დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სითხის ვენაში შეყვანა , ხოლო მას შემდეგ, რაც ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდება, გადასხმის პარალელურად უნდა ვასვათ კიდეც.
რეჰიდრატაციასთან ერთად რეკომენდებულია თუთიის პრეპარატების მიწოდება. დადგენილია, რომ თუთია იმუნური სისტემის ფუნქციობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. მისი მიღება ამცირებს დიარეის ხანგრძლივობასა და სიმძიმეს, ახდენს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში დიარეის ახალი ეპიზოდების პრევენციას. აქვე უნდა ითქვას, რომ თუთიის პრეპარატები აუმჯობესებს ბავშვის მადას და ხელს უწყობს ნორმალურ ზრდას.
დიარეის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პრობიოტიკები. ეს პრეპარატები შეიცავს ცოცხალ ბაქტერიებს, რომლებიც ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავის ფლორის შემადგენელი ნაწილია. პრობიოტიკები ამჟღავნებენ ანტიმიკრობულ აქტივობას მრავალი პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის მიმართ, აფერხებენ ნაწლავის სანათურში მათ გამრავლებას, ასტიმულირებენ ადგილობრივ იმუნიტეტს, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზში და, საზოგადოდ, აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას. ამის კვალობაზე, ევროპის პედიატრ გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა ორგანიზაცია გვირჩევს, ორალური სარეჰიდრატაციო მარილოვანი ხსნარის პარალელურად პრობიოტიკებიც გამოვიყენოთ. თუ დიარეა განსაზღვრული მიკრობითაა გამოწვეული, საჭიროა ანტიბიოტიკიც. დიარეის დროს სითხის მიწოდებასთან ერთად საჭიროა ოპტიმალური კვებაც, რათა ჩვილს საკვები ნივთიერებების დეფიციტი არ განუვითარდეს. მან უნდა მიიღოს ასაკის შესაბამისი საკვები, ოღონდ – ჩვეულებრივზე მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. არ არის რეკომენდებული შაქრით მდიდარი სითხეებისა და საკვების, ასევე უჯრედისით მდიდარი საკვების მიცემა – ეს უკანასკნელი ნაწლავის პერისტალტიკას აძლიერებს. დიარეის ეპიზოდის შემდეგ რეკომენდებულია, ბავშვს ერთი კვირის განმავლობაში მაინც მივცეთ საკვების ერთი დამატებითი ულუფა – ეს ხელს შეუწყობს ავადმყოფობის დროს დაკარგული წონის აღდგენას.
ძლიერი გაუწყლოებისას, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება სწრაფი რეჰიდრატაცია, შეიძლება, კვება 4 საათით შევწყვიტოთ (მხოლოდ ხელოვნური; ძუძუთი კვება ჩვეულებრივ გრძელდება) და სათანადო სიხშირითა და ოდენობით მივცეთ ბავშვს ორალური სარეჰიდრატაციო ხსნარი. ამის შემდეგ კვებას ჩვეულებისამებრ გავაგრძელებთ.
არეულ-დარეული გენები ანუ რას ვჭამთ
ოფიციალური სტატისტიკით, ამერიკულ სუპერმარკეტებში სურსათის 70-75% ასეთ ინგრედიენტებს შეიცავს, ჩვენს რაციონში მათი წილის შესახებ კი მიახლოებითი მონაცემებიც არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რის შემცველობაზე გესაუბრებით? რითაა ასე უხვად გაჯერებული ამერიკული საკვები? არც მეტი, არც ნაკლები – გენმოდიფიცირებული ნედლეულით. ამერიკის გასტრონომებში საგანგებო თაროებიც კი აღიმართა, რომლებსაც ასეთი წარწერა ამშვენებს: „ორგანული საკვები“. სწორედ ამ თაროებზე იწონებენ თავს პროდუქტები, რომლებიც მაქინაციების გარეშე მოიყვანეს – არც გენები გამოუცვლიათ და არც ტოქსიკური ნივთიერებით გაუჭყეპიათ. ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ასეთი საკვები ჩვეულებრივზე 2-4-ჯერ ძვირი ღირს.
მოდი, გენეტიკურად მოდიფიცირებულ სურსათს დავუბრუნდეთ და გავარკვიოთ, რას წარმოადგენს ის, როგორ ქმნიან ან რა სიკეთეს თუ სიავეს გვიქადის.
ცოტა რამ ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან
სელექცია – სასურველი თვისებისა თუ ატრიბუტის მქონე მცენარისა თუ ცხოველის გამოყვანა – ადამიანმა უხსოვარი დროიდან დაიწყო. ამ გზით მიღებული ჯიშის დნმ – ნივთიერება, რომლითაც ბუნება ჩვენს მემკვიდრეობას წერს და რომელიც გენების მთავარი კომპონენტია – მისი წინაპრების გენეტიკური კოდისგან განსხვავდებოდა, მაგრამ ასეთი ცვლილების მისაღწევად მრავალწლიანი შრომა, სხვადასხვა ჯიშის შეჯვარება და ათასნაირი ფიზიკური თუ ქიმიური ზემოქმედების შედეგად შემთხვევით მომხდარი მუტაციის ლოდინი იყო საჭირო. ეს მეთოდი რუსული რულეტის თამაშს ჰგავს – სასურველი გენები არასასურველთან ერთად გადაეცემა, რაიმე თვისების შეძენას შესაძლოა მეორის დაკარგვა მოჰყვეს, ზოგჯერ კი გენები ისეა ერთმანეთთან გადახლართული, რომ ღირსებათა და ნაკლოვანებათა ერთმანეთისგან გამიჯვნა ძალიან ჭირს. თუმცა მიზანი უმეტესად მაინც ამართლებდა საშუალებას: სელექციით გამოყვანილი მცენარეები თუ ცხოველები სწორედ იმ თვისებებს ფლობდნენ, რომლებიც ადამიანს აძლევდა ხელს.
ერთ დღესაც ბიოლოგებს მობეზრდათ მუტაციის ლოდინი და გადაწყვიტეს, თავად ჩარეულიყვნენ გენების მიმოცვლაში. პირველად 1977 წელს მოახერხეს, სასურველი გენი მშობლების გვერდის ავლით ეჩუქებინათ მცენარისთვის. მას შემდეგ საკმაოდ გაიწაფნენ და დღეს სულ ადვილად ახერხებენ, სასურველ ობიექტს პირდაპირ, წინაპრების შეუწუხებლად შესძინონ ესა თუ ის თვისება. თეთრი დათვის გენები მცენარეებს ციმბირის ყინვების გაძლებას ასწავლის, ბაქტერიებისა – ქიმიკატებისა და მავნებლების მიმართ გამძლეობას და ასე უსასრულოდ. ამ საოცრებების ჩემდენნი კი გვიმტკიცებენ, ძველი სელექციონერების გზას განვაგრძობთ, ოღონდ ეს არის – თუ მათ შემთხვევითი მუტაციების ლოდინი და მათი განმტკიცება უწევდათ, ჩვენი სავალი ბევრად უფრო მოკლე და პირდაპირიაო. 
ინსტრუქციაა საჭირო
ამ “პირდაპირ” და “მოკლე” გზაზე, რომელსაც გენური ინჟინერიის ექსპერტები გვთავაზობენ, უამრავი დაბრკოლებაა. მოგეხსენებათ, ნებისმიერი უჯრედი ყველა გენს შეიცავს. ცისფერი თვალების განმსაზღვრელ გენს კანშიც წააწყდებით და, თქვენ წარმოიდგინეთ, თმის ღერშიც, მაგრამ თავის მოვალეობას ის მხოლოდ თვალის ფერად გარსში ასრულებს, ყველა სხვა უჯრედში კი მშვიდად განისვენებს და კანის ან ღვიძლის ცისფრად შეღებვა აზრადაც არ მოდის. ასე რომ, სასურველ გენთან ერთად მცენარეს მისი გამოყენების ინსტრუქციაც სჭირდება. უფრო სწორად, საჭიროა გენები, რომლებიც ორგანიზმს ახალი ცილის სინთეზის დაწყებასა და დამთავრებას უბრძანებენ. ამ ჩამრთველ-გამომრთველს მეცნიერები პრომოტორსა და ტერმინატორს უწოდებენ. ამჟამად ყველაზე ცნობილი პრომოტორი ყვავილოვანი კომბოსტოს მოზაიკის ვირუსი გახლავთ (სწორედ მისი ლაბორატორიული აღმოჩენა მიუთითებს ამა თუ იმ პროდუქტში გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის არსებობაზე. მეთოდი საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ ტექნიკურად შესაძლებელი). თუმცა არც ეს არის საკმარისი; პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება შესაძლებელი რომ იყოს, ამ სამეულს მარკერიც უნდა დაუმატონ. ეს უმეტესად ამა თუ იმ ანტიბიოტიკის მიმართ გამძლეობის გენია. ყველა ეს აგრეგატი ბიოლოგებს საკმაო რაოდენობით სჭირდებათ, ამიტომაც კლონირებისთვის მათ ბაქტერიებს გადასცემენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ისინი მცენარის გენეტიკურ კოდში ჩანერგონ.
მსოფლიოს გადასარჩენად
გენური ინჟინერიის მომხრეთა მთავარი არგუმენტი მშიერთა დაპურებაა. ხუმრობა საქმე ხომ არ არის – XX საუკუნის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა 1.5-დან 6 მილიარდამდე გაიზარდა, 2020 წლისთვის კი 8 მილიარდს მიაღწევს. სახნავ-სათესად გამოსადეგი და ასათვისებელი მიწები თანდათან ილევა. სხვა გზა არ არის, გარანტია უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი სიმინდი ყოველთვის შვიდ-შვიდ ტაროს გამოისხამს. სწორედ ასეთ გარანტიას გვაძლევს გენეტიკური ინჟინერია.
თუმცა სხვაგვარი გამოთვლებიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, 1994 წელს სასურსათო მრეწველობა დღეში 2350 კალორიით 6,4 მილიარდი კაცის გამოკვებას შეძლებდა. ამავე დროს, ფაქტია – მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოში საკვები აკლია. ასე რომ, დროა გავარკვიოთ, რა ხდება: შიმშილობა არსებობს, სურსათის დეფიციტი კი – არა. თანაც ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ მოსავლიანობის გაზრდის ტრადიციულ მეთოდებს შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს.
გეცოდინებათ, როგორ ავლებს მუსრს კოლორადოს ხოჭო ჩვენს საყვარელ კარტოფილს. წარმოიდგინეთ, რომ მივიღეთ ისეთი ჯიში, რომელიც ამ მავნებელს მშიერს დატოვებს. პრეცედენტი უკვე არსებობს – ჰავიაელ ფერმერებს სწორედ ასე გადაურჩინეს პაპაიის მოსავალი. თანაც მხოლოდ მავნებლებზე როდია საუბარი; შეიძლება გამოვიყვანოთ მცენარეები, რომლებიც გაუძლებს ტემპერატურის ცვალებადობას, გვალვას, ტრანსპორტირებას, უფრო მეტხანს გაძლებს დახლზე, უფრო მდიდარი იქნება ვიტამინებით, შეწვისას ნაკლებ ცხიმს შეიწოვს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, სინამდვილე ხშირად გვიცრუებს იმედს. მეთოდის მოწინააღმდეგენი ერთხმად ამტკიცებენ, ტრანსგენური პროდუქტების მოყვანა უფრო ძვირი ჯდება (თუნდაც იმიტომ, რომ თესლის ყოველწლიურად ყიდვაა საჭირო), ნაკლებად მომგებიანი და საიმედოაო. 
ნეტავ რა ჯობია?
ჩვენ კი ყველაზე მეტად ის გვადარდებს, რა გავლენას მოახდენს ესა თუ ის პროდუქტი ჩვენს ჯანმრთელობაზე. აშშ-ში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული კულტურების მოყვანისა და გასაღების ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს (პირველი ნებართვა აქ 1994 წელს გასცეს), სურსათისა და მედიკამენტების კონტროლის სამმართველომ (FDA) 50 ასეთი პროდუქტი ისევე უსაფრთხოდ მიიჩნია, როგორც მათი ტრადიციული გზით მოყვანილი ნათესავები. იმდენად უსაფრთხოდ, რომ ეტიკეტზე შესაბამისი წარწერის გაკეთებასაც კი არ მოითხოვს (ევროკავშირისგან განსხვავებით, სადაც, თუ GM ინგრედიენტების რაოდენობა 0.9%-ს აღემატება, ეტიკეტზე ეს აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული). თუმცა, ოპონენტების აზრით, სიმშვიდე ნაადრევია – გრძელვადიანი მიზანმიმართული კვლევები ჯერ არ ჩატარებულა, მოსალოდნელ რისკზე საუბარი კი უკვე შეიძლება:
თუ, ვთქვათ, ალერგიული ბრძანდებით არაქისის მიმართ, დაავადება შეიძლება გამოიწვიოს კიტრმაც, რომლის გენომშიც არაქისის გენები შეიყვანეს. მეტიც – გენეტიკური მოდიფიკაციების დროს ხშირად იყენებენ ისეთი ორგანიზმების პროტეინებს, რომლებიც არასოდეს ყოფილა ჩვენი კვებითი ჯაჭვის ნაწილი და, ამის კვალობაზე, არც მათი ალერგენული თვისებების შესახებ ვიცით რამე.
როდესაც საუბარი მილიონობით მოშიმშილე აფრიკელზეა, უხერხულია, ალერგიის გამო იწუწუნო. თუმცა ალერგიული რეაქცია აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასადგენი, ბევრი კვლევაა ჩასატარებელი იმისთვის, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული სურსათის ნეგატიურ თვისებებზე დაბეჯითებით საუბარი შეგვეძლოს.
ცნობისათვის
2013 წლისთვის ამერიკაში მოყვანილი ხორბლის 85%, სოიის 91% და ბამბის 88% გენმოდიფიცირებულია. ყველაზე ხშირად გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების შემდეგ სასარგებლო თვისებებს უსვამენ ხაზს: პესტიციდებისადმი და ჰერბიციდებისადმი, დაავადებებისადმი, ყინვისადმი, გვალვისადმი გამძლეობას, უკეთეს გემოს, უკეთეს კვებით ღირებულებას, სწრაფი ზრდისა და დამწიფების უნარს.
ვთამაშობთ “ცივა-ცხელას“
კლიმატის ცვლილებაზე თანამედროვე მსოფლიოში ისევე ხშირად ლაპარაკობენ, როგორც პოლიტიკასა და სპორტზე. ეს ტენდენცია არც არის გასაკვირი – გლობალური დათბობის თემა მოდური გახდა. ესეც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ ჩვენ გარშემო რაღაც ნამდვილად ხდება.
ცხელ-ცხელი საკითხავი
კლიმატის ცვლილებას, გარდა ტემპერატურის მატებისა, სხვა უსიამოვნებებიც ახლავს თან, მაგრამ მოდი, ჯერ მაინც გლობალურ დათბობაზე ვისაუბროთ.
დედამიწაზე ტემპერატურის მატებას ამგვარად ხსნიან: წარმოიდგინეთ მინის სათბური, რომელშიც მზის სხივები შედის, უკან კი ვეღარ გადის, შენობაში რჩება და მცენარეებს ათბობს. დედამიწასაც სწორედ ასე დაემართა: ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესის შედეგად ატმოსფეროში უამრავი მავნე აირი გამოიტყორცნება, რომლებიც ოზონის შრის ქვეშ იყრის თავს. მზის სხივები ოზონის გამჭვირვალე შრეს სათბურის კედლებივით იოლად გაივლის, აღწევს ჩვენამდე, ათბობს დედამიწას, მისი ზედაპირიდან აისხლიტება და უკან დაბრუნებას ლამობს. ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდებოდა, დედამიწის ზედაპირიდან ასხლეტილი სითბო ოზონის შრის გავლით კოსმოსში რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ ატმოსფეროში დაგროვილი მავნე ნივთიერებები (ნახშირორჟანგი, მეთანი...) ბოჭავენ მათ და გასაქანს არ აძლევენ. ასე გროვდება სითბო დედამიწის გარშემო, რაც ჰაერის გავარვარებას და კლიმატის ცვლილებას იწვევს.
დედამიწის გარშემო ტემპერატურამ ისე მოიმატა, რომ მყინვარებმა დნობა იწყო, ოკეანეებმა კი ადიდება. ამას ისიც ემატება, რომ წყალმა ძლიერი აციდიფიკაცია განიცადა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოკეანე მჟავე ნივთიერებებით აივსო... 
დაავადებათა მიზეზი – შეცვლილი კლიმატი
კლიმატის ცვლილებას სულ უფრო მეტი დაავადების მიზეზად მიიჩნევენ. პირველ ადგილს ტრავმატიზმი იკავებს. ეს გასაგებიცაა – ბუნებრივი კატასტროფების შედეგად უამრავი ხალხი იღებს ტრავმას. საინტერესო ის არის, რომ მეცნიერები ცდილობენ, კლიმატის ცვლილებას ისეთი პათოლოგიებიც კი დაუკავშირონ, როგორიც არის გულის იშემიური დაავადება, ძუძუს კიბო, ალერგია... გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან კავშირი ასე გამოიკვეთა: მეტისმეტად ცხელ დღეებში, რომლებსაც კლიმატოლოგები “სიცხის ტალღებს” უწოდებენ, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების რისკი. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენიმე წლის წინ კვლევა საქართველოშიც ჩატარდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებათა უმეტესობა, რომლებიც ზაფხულის ყველაზე ცხელ დღეებში აღირიცხა, სწორედ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავებით იყო გამოწვეული. ამ დაავადებების გამო განხორციელებულ გამოძახებათა მეორე პიკი თებერვალზე მოდიოდა, უმთავრესად – იმ დღეებზე, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემოდა. ერთი სიტყვით, აშკარაა – გულ-სისხლძარღვთა სისტემა მძაფრად განიცდის ტემპერატურის ყოველგვარ ცვლილებას, ტემპერატურის ცვლილება კი კლიმატის ცვლილების განუყრელი კომპონენტია.
კლიმატდამოკიდებულ დაავადებათა ნუსხაში მოხვდა დიარეაც. კავშირი, ალბათ, იოლი მისახვედრია: მაღალ ტემპერატურაზე ტოქსიკოინფექციის რისკი იზრდება. უფრო გლობალურად მოაზროვნე ადამიანები სხვა მიზეზსაც ასახელებენ: წყალდიდობისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების დროს, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო ასე გახშირდა, ირღვევა სუფთა წყლით მომარაგების მექანიზმი, მწყობრიდან გამოდის კანალიზაცია, უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანთა დიდი ჯგუფები იძულებულნი არიან, მცირე ზომის შენობებში დაბინავდნენ, რაც ინფექციის გავრცელებას აადვილებს. ალერგია რომ ალერგიაა, იმასაც კი გლობალურ დათბობას უკავშირებენ: თურმე მეტისმეტად თბილი და ხანგრძლივი ზაფხული ზოგიერთი მცენარის ყვავილობას ახანგრძლივებს, ხოლო თუ ადამიანს ამ მცენარის მტვერზე აქვს ალერგია, ცხადია, ცხვირცემინება და ცრემლდენა გაცილებით მეტხანს შეაწუხებს. რაკი კლიმატის ცვლილება ჰაერის დაბინძურებასა და ტენიანობის მომატებასაც უკავშირდება, არც ასთმის გახშირება უნდა იყოს გასაკვირი... შესაძლოა, ერთი შეხედვით უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები კლიმატის ცვლილებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების ურთიერთკავშირსაც კი მოწმობს.
2003 წლის ზაფხულში ”სიცხის ტალღების” დროს ევროპაში 35 000 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან მხოლოდ საფრანგეთში – 14 800. გარდაცვლილთა უმრავლესობა მოხუცი, ბავშვი, ქრონიკული დაავადების მქონე და უსახლკარო იყო. საზოგადოების ეს ნაწილი ყველაზე მგრძნობიარე აღმოჩნდა კლიმატის სიურპრიზების მიმართ. ლეტალური შედეგის მთავარი მიზეზი მაღალი ტემპერატურის დროს განვითარებული სითბური დაავადებაა, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში – მოთენთილობასა და უღონობას, ხოლო მძიმე შემთხვევაში სითბურ დაკვრას, კომას და სიკვდილს იწვევს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ჯანდაცვის სისტემები დროულად რომ მომზადებულიყვნენ, საზოგადოება მოსალოდნელი პაპანაქების შესახებ გაეფრთხილებინათ და ესწავლებინათ, როგორ დაეცვათ თავი გადახურებისგან, ასეთი შედეგის თავიდან აცილება იოლად მოხერხდებოდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში წინასწარი შეტყობინების სამსახურები. ისინი მეტეოროლოგიურ ინსტიტუტთან თანამშრომლობენ და ამინდის პროგნოზს აკეთებენ, მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ხალხს ატყობინებენ და განსაკუთრებით მგრძნობიარე ჯგუფებზე ზრუნავენ – მედპერსონალი გულით ავადმყოფებს, მოხუცებსა და ბავშვებს განსაკუთრებულად მეთვალყურეობს, ხოლო სასწრაფო სამედიცინო სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. არ გეგონოთ, “სიცხის ტალღებისგან” თავის დაცვა განსაკუთრებულ ფილოსოფიას მოითხოვდეს. რეკომენდაციები, რომლებსაც წინასწარი შეტყობინების სამსახურები გვაძლევენ, მარტივზე მარტივია: თუ ტემპერატურა ზღვარს გადააჭარბებს, ქუჩაში სიარულს მოერიდეთ, შენობაში დარჩით, დახურეთ ფანჯრები, ფეხები გრილ წყალში ჩაყავით, თუ პაპანაქებამ ქუჩაში მოგისწროთ და თავშესაფარი ვერ იპოვეთ, მოძებნეთ წყალი, დაასველეთ ხელსახოცი და თავზე შემოიხვიეთ. 2004 წელს, “სიცხის ტალღების” მორიგი შემოტევის დროს, ეს ბანალური რჩევები ევროპას ძალზე გამოადგა.

გააზიარე: