ქეთი ჩხიკვაძე – დეტალები, რომლებიც მთლიანობას ქმნის

გააზიარე:

ქეთი ჩხიკვაძე პირველი ქართველი დიზაინერია, რომელმაც პარიზის შოურუმში მიიღო მონაწილეობა და, შეიძლება ითქვას, ქართული მოდის ექსპორტს ჩაუყარა საფუძველი. მის კოლექციებს დღეს მთელ მსოფლიოში იცნობენ – მოდის მეგაპოლისებში გამართულ ყველა კვირეულში აქტიურად მონაწილეობს და შოურუმებს მისი დახვეწილი ნამუშევრები ამშვენებს.

ქეთი ჩხიკვაძის მიერ შექმნილი ყოველდღიური თუ გამოსასვლელი სამოსი კლასიკური ხელწერით გამოირჩევა. ის თავისუფალია და იმავდროულად ელეგანტური. დიზაინერი აქცენტს დეტალებზე სვამს. ეს დეტალებიც მისეულია – მისი ხედვისა და გემოვნების ნაყოფი.
ქეთის დიზაინით შეკერილ კაბებს ბევრი ცნობილი ადამიანი ირგებს.
წარმატებამდე რთული გზის გავლა მოუხდა. დღესაც თავდაუზოგავად შრომობს, რადგან ყოველი მოდელის შექმნა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, როგორც ქართველი დიზაინერების უმეტესობას, მასაც უწევს მენეჯერის, გაყიდვების მენეჯერის, სტილისტის ფუნქციების შეთავსება... თუმცა ისე უყვარს თავისი საქმე, რომ არასოდეს წუწუნებს.
წარმატებულ კარიერაზე, მოდის დღევანდელ გამოწვევებსა და ტენდენციებზე ქეთი ჩხიკვაძე თავად გვესაუბრება.

სტარტი
– ექიმების ოჯახში დავიბადე. დედა, ნატალია ინწკირველი, პედიატრია. შესანიშნავად კერავს, ქსოვს, ქარგავს... ბებიაც, ნელი ცაგარეიშვილი, პედიატრი იყო და მის ჩაცმულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ... საკუთარი ხელით იკერავდნენ სამოსს, ამიტომ ყოველთვის გამორჩეულად ეცვათ და ელეგანტურად გამოიყურებოდნენ. მეც ბავშვობიდან ვძერწავდი, ვხატავდი, ვქსოვდი... და ექიმობაზე ვფიქრობდი. საბოლოოდ დედის რჩევა გავითვალისწინე და მის ოცნებას შევასხი ხორცი – მე და ჩემმა ტყუპისცალმა დამ სამხატვრო აკადემიაში, ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე ჩავაბარეთ.
სტუდენტობა მახსოვს როგორც შემოქმედებითად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდი: ვქმნიდით სამოსს, ვმართავდით ჩვენებებს, თვითონ ვიყავით მოდელები და საკუთარ ნამუშევრებსაც თვითონვე ვყიდდით.
მალე გავთხოვდი. მეუღლე ჯერ აზერბაიჯანში, მერე კი ყაზახეთში მუშაობდა. მეც, რა თქმა უნდა, ამ ათი წლის განმავლობაში იქ ვიყავი. ვიგონებდი დიზაინს, ვკერავდი სამოსს, მაღაზიებში ვაბარებდი... ოფიციალურად ჩემი ბრენდი ყაზახეთში დაარსდა. მაღაზია გავხსენი, კოლექციების გაყიდვა დავიწყე, მოდის კვირეულებში ვმონაწილეობდი. საქართველოში ათი წლის წინ დავბრუნდი და აქტიურად ჩევერთე ამ ინდუსტრიაში.

  • – საერთაშორისო ბაზარზე გასვლა როგორ მოახერხეთ?

– თბილისის მოდის კვირეულზე სოფო ჭყონიამ პარიზის შოურუმის წარმომადგენლები მოიწვია. სხვა ქართველ დიზაინერებთან ერთად მონაწილეობა მეც შემომთავაზეს. ასე გავედით საერთაშორისო ბაზარზე და ჩვენი ტანსაცმლის საზღვარგარეთ ექსპორტი დავიწყეთ. ამ მასშტაბებზე მაშინ არ მიფიქრია, წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ, მიუხედავად ასეთი კონკურენციისა, პარიზში თავის დამკვიდრებას მოვახერხებდით... ეს ყველაფერი ეტაპობრივად ხდება: წელიწადში ორჯერ შოურუმში ვმონაწილეობთ, ბაიერებთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და კოლექციებს ვყიდით.
ახლახან, იანვრის ბოლოს, მაღალი მოდის კვირეულის – ორიენტალ ფეშენ ვიკის ფარგლებში პარიზში ჩემი ჩვენება გაიმართა. პროექტში ახალი სახეები და დიზაინერები მონაწილეობდნენ. ეს უდიდესი შანსია, მასშტაბური პლატფორმა შენი სახელის უფრო ფართო ასპარეზზე გასატანად გამოიყენო. ჩვენებას ბევრი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ადგილს ყოველთვის ზედმიწევნით არჩევენ. ამჯერადაც არაჩვეულებრივი ლოკაცია შეარჩიეს – სასტუმრო "პენინსულამ" გვიმასპინძლა. საინტერესო წინადადებებიც მივიღეთ... ასეთ ჩვენებებს ყოველთვის მოაქვს შედეგი და ვიმედოვნებ, პარიზში ჩემი ბრენდი კიდევ უფრო მყარ პოზიციას დაიკავებს. მოდის ყველა კვირეულში ვმონაწილეობ და ეს შეუმჩნეველი არ რჩება.

დიზაინერის ხელწერა
– ყოველ ადამიანს ინდივიდუალური სტილი აქვს, რომელსაც ერთიანობაში აღვიქვამ. შესაძლოა, დეტალებზეც გავამახვილო ყურადღება, მაგრამ მთავარი მაინც ერთიანი ვიზუალია, როგორც დიზაინერები ვამბობთ – ლუქი. არ არის აუცილებელი, ყველას დახვეწილი გემოვნება ჰქონდეს, სწორედ ამისთვის არსებობს დიზაინერი. სამოდელო სახლები უამრავ მზა ლუქს სთავაზობენ მომხმარებელს, თუმცა გადამწყვეტი მაინც ადამიანის ხასიათია. სამოსი ხასიათს უნდა მოერგოს. ის ლუქი უნდა შევარჩიოთ, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება პიროვნებას.
ფერები, სტილი, ქსოვილი და სილუეტი ყოველთვის განწყობისა და სიტუაციის შესატყვისი უნდა იყოს.


კოლექციებზე მუშაობისას უმეტესად ხელოვნურნარევ ნატურალურ ქსოვილებს ვიყენებ, რომლებიც ახალი ტექნოლოგიით არის შექმნილი და თანამედროვე მოთხოვნებს ყველაზე მეტად მიესადაგება – ნაკლებად იჭმუჭნება, უძლებს რეცხვას და ქიმწმენდას, კარგი დგომა აქვს. ქსოვილებს ფრანგული და ესპანური ფირმებისგან ვიძენ. ვფიქრობ, ქსოვილის სწორად გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. აქცენტს სილუეტზე ვსვამ. იმავდროულად, ტანსაცმელი კომფორტული და მოხდენილი უნდა იყოს.
ვცდილობ, ყოველ ახალ კოლექციაში განსხვავებული დეტალი შევიტანო. ეს დეტალები ნელ-ნელა გროვდება და კოლექციებს ცნობადობას სძენს. ვარდი, მარგალიტი, გულის ფორმის აქსესუარები, რა თქმა უნდა, ახალი სიტყვა არ არის, მაგრამ ჩემებურად, ახლებურადაა დანახული და მოწოდებული. სწორედ ამით არის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი.
საზოგადოდ, აქსესუარები და დეტალები ხაზს უსვამს ხარისხს. სამოსი შეიძლება უბრალო იყოს, მაგრამ ნიუანსებით განუმეორებელი ლუქი შევქმნათ.


დიზაინერისთვის, ისევე როგორც, ალბათ, უმეტესი პროფესიის ადამიანებისთვის, ურთიერთობის უნარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ სასიამოვნო განწყობას ქმნი, უშუალო და ბუნებრივი ხარ, პოზიტიურად აღგიქვამენ და სიამოვნებთ შენთან თანამშრომლობა. უცხოელ ბაიერებსა თუ კლიენტებთან შეხვედრისას მეც ვგრძნობ, რომ პიროვნულ ურთიერთობებს ძალიან აფასებენ. კაბა თუ ცუდია, რა თქმა უნდა, ვერანაირი კომუნიკაცია ვერ გიშველის, მაგრამ როდესაც დადებით აურას ქმნი, გარშემო მყოფებისთვის უფრო საინტერესო ხდები.

ოჯახი
– მყავს მეუღლე და სამი შვილი. უფროსი გოგონა, ანი ანიკაშვილი, შესანიშნავად ხატავს, თუმცა სამოდელო ბიზნესით არ დაინტერესდა – პარიზის სამხატვრო აკადემიაში ანიმაციის ფაკულტეტზე ჩააბარა და, ვფიქრობ, საინტერესო კარიერა ექნება. ჩვენთან შედარებით ამ თაობას მეტი შანსი აქვს. ადრე მხოლოდ ერთეულებს ჰქონდათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა, დღეს ლამის ყოველი მესამე სტუდენტი უცხოეთში მიემგზავრება ცოდნის გასამდიდრებლად, მერე კი სამშობლოში ბრუნდება და მიღებულ ცოდნას აქ იყენებს. უფრო თავისუფალი და ჯანსაღი ფსიქიკის ახალგაზრდობა მოდის.


სალომეც არაჩვეულებრივად ხატავს და მას უფრო აინტერესებს ჩემი პროფესია. გამიხარდება, თუ ჩემს საქმეს განაგრძობს. ზუკა ჯერ ორი წლისაა.
ასე რომ, ოჯახსა თუ სამსახურში რუტინას გვერდს ვერ ვუვლი. ამ ორი რამის შეთავსება საკმაოდ ძნელია, მაგრამ ვცდილობ, დრო რაციონალურად გავანაწილო და დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, ვარჯიშისა და თავის მოვლისთვისაც მოვიცალო.
მივდევ იოგას და პილატესს, აკვააერობიკაზეც არ ვამბობ უარს. ეს ყველაფერი აუცილებელია, რომ ხერხემალი ფორმაში იყოს. თავის მოვლას ბევრ დროს არ ვუთმობ, მაგრამ ვცდილობ, ასაკისა და კანის მდგომარეობის მიხედვით საჭირო პროცედურები ჩავიტარო. გარეგნობის კორექტირებისთვის რადიკალური ჩარევისთვის არასოდეს მიმიმართავს – ბუნებრიობას ვაფასებ. თანაც ამან ჩათრევა იცის და ზოგს ზომიერება ღალატობს.
რაციონსაც გონივრულად ვარჩევ – არ მიყვარს ცხიმიანი საკვები, ცომეულსაც ზომიერად გეახლებით, წვნიანს და სალათებს ვანიჭებ უპირატესობას. ყავას არ ვსვამ, არც ვეწევი... ერთი სიტყვით, სამაგალითოდ მივდევ ცხოვრების ჯანსაღ წესს და მიმაჩნია, რომ ჯანმრთელობაზე სათანადოდ ვზრუნავ.

2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას ქეთი ჩხიკვაძე მარტში მილანსა და პარიზში წარადგენს, აპრილში კი თბილისის მოდის კვირეულისთვის ემზადება. ივლისში ქეთის ისევ პარიზში აქვს ჩვენება. ასე რომ წინ დატვირთული თვეები ელის. წარმატებას ვუსურვებთ ნიჭიერ დიზაინერს.


თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: