მარიანა იოსელიანი: “სიმაღლისკენ მივიწევ და ფრთებს ვშლი თითქოს”

გააზიარე:

მარიანა იოსელიანი საქართველოს სახელით მოასპარეზე ევროპის ერთადერთი პრიზიორია მეკლდეურობაში. ხალისიანი და მოღიმარი გოგოა. ვერც წარმოიდგენთ, რომ მისი ნაზი გარეგნობის მიღმა მებრძოლი, შეუპოვარი სული და გასაოცარი ნებისყოფა იმალება.

ბავშვობაში ისეთი მოუსვენარი ყოფილა, რომ მაუგლი შეურქმევიათ – ხეებზე ცოცვას ვიღა ჩიოდა, ოთხი წლისა რკინის ძელზე აცოცებულა და სახლის სახურავზე ამოუყვია თავი. სვანეთში, მულახის თემის სოფელ ჟაბეჯში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ავღან ნავერიანის მეზობლად ცხოვრობდა, რომელსაც თავის მეორე მამას უწოდებს. ვარჯიში სწორედ მისი ინიციატივით დაიწყო.

კლდის ქიმზე განცდილი ემოცია

– კლდეს მანამდე ვეჭიდავები, სანამ თითების გაშლა შემიძლია. სიმაღლისკენ მივიწევ და თანდათან ფრთებს ვშლი თითქოს...

სპორტით თორმეტი წლის ასაკში დაინტერესდა. არც კი ახსოვს, მეკლდეურობის სხვადასხვა სახეობაში რამდენი ჯილდო აქვს მიღებული. ვარჯიშის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და რთულ ცოცვაში პირველი ადგილი დაიკავა, სწრაფში კი – მეორე. საქართველოს ჩემპიონატზე მსაჯების გაოცება და ოვაცია დაიმსახურა, რადგან ბუნებრივ კლდეზე, კაცხის სვეტზე, ერთი თითით შეძლო ტანის დაჭერა. შინ მედლებითა და სიგელებით დაბრუნდა, თუმცა მაშინ არც ამ სიგელების მნიშვნელობა ესმოდა, არც ალპინიზმის შესახებ გაეგონა რამე და არც შეჯიბრებისა და გამარჯვების, მოგებისა და წაგების ხიბლი იცოდა. მას შემდეგ თითქოს მოვიწამლე, კლდეზე ცოცვა ჩემს მეორე ბუნებად იქცაო, ამბობს.

ტრავმა, რომელმაც შიში მასწავლა

ბულგარეთში, ევროპის ახალგაზრდულ თასზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ათი მეტრი სიმაღლიდან ჩამოვარდა. დარწმუნებულია, რომ განზრახ ჩამოაგდეს, თუმცა პასუხი არავისთვის მოუთხოვიათ, რადგან მაშინ მთავარი საზრუნავი გოგონას ჯანმრთელობა იყო:

– სპორტსმენი ბიჭი, ვფიქრობ, ჩემმა წარმატებებმა და მისი მშობლების არაკორექტულმა გამონათქვამებმა გააღიზიანა... არადა, ერთმანეთის კონკურენტებად არც კი მოვიაზრებოდით, რადგან მეკლდეურობაში გოგონები და ვაჟები ცალ-ცალკე ასპარეზობენ. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, თუმცა უმცირესი დეტალებიც კი შემზარავი სიცხადით მახსოვს. რომ დავეცი, სხეული აღარ მემორჩილებოდა, მაგრამ გონი არ დამიკარგავს. მესმოდა, როგორ კიოდნენ ბავშვები, როგორ მოაკაკუნებდა ქუსლიან ფეხსაცმელებს ექიმი, როგორ ვცდილობდი მენიშნებინა, რომ ცოცხალი ვიყავი... ვინც ჩამომაგდო, თოკი მომხსნა და გულგრილად გაამზადა სეიფში შესანახად. სასწრაფოს არც კი დალოდებია, ისე გავიდა დარბაზიდან.

რამდენიმე საათის შემდეგ წელს ზემოთ მოძრაობა დავიწყე. ექიმები ჩემს საავადმყოფოში დატოვებას ითხოვდნენ. დღემდე არ ვიცი, როგორ მეყო ძალა თორმეტი წლის ბავშვს, ყველა დამეყოლიებინა და ბულგარეთში მაინც წავსულიყავი, ცხრა დღის შემდეგ კი, ხერხემლის დაზიანების მიუხედავად, ვიასპარეზე და გამარჯვებაც მოვიპოვე, თუმცა იმ დღეს შიში ვისწავლე და დღემდე ყოველი შეჯიბრების წინ უდიდესი შინაგანი ძალა მჭირდება მის დასაძლევად, ამიტომ რთულ ცოცვაში აღარ ვასპარეზობ.

მეკლდეურობის პერსპექტივები

– სპორტის ეს სახეობა წელს პირველად დაუშვეს ოლიმპიადაზე, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არავინ წარუდგენია. საქართველოში მეკლდეურთა სკოლა 1950-იანი წლებიდან არსებობს. მისი წარმომადგენელი იყო მთამსვლელი მიხეილ ხერგიანი, რომელმაც თავისი ისტორია დაწერა, ლეგენდა შექმნა. არ შეიძლება, ხერგიანის სამშობლოს დღეს ოლიმპიადაზე წარსადგენი ტალანტი არ ჰყავდეს. ვერ გეტყვით, რომ საზღვარგარეთ შედეგი არ გვაქვს – დიდ ასპარეზზე რამდენჯერაც გავაღწიეთ, მედლით დავბრუნდით, მაგრამ ასეთ შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ გვეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სპორტში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა.

დღემდე მინდა გრანდიოზული შედეგის მიღწევა, ვგრძნობ, რომ შემიძლია, გარშემო მყოფებიც იმავეს მეუბნებიან, მაგრამ ენთუზიაზმი და ოვაცია ორ-სამ დღეში ცხრება, რეალური ნაბიჯები კი არ იდგმება.

მესტიაში შესანიშნავი სპორტული კომპლექსი გვაქვს ბავშვების მოსამზადებლად სათანადო ინფრასტრუქტურით, მაგრამ სპორტის ამ სახეობას მუდმივად სჭირდება ინვენტარიც – კედლები, თოკები, ეკიპირება, ეს ყველაფერი კი საკმაოდ ძვირი ღირს. სხვა რეგიონებში უფრო მძიმე მდგომარეობაა, და მაინც, ენთუზიაზმის ხარჯზე ბევრი სპორტსმენი ჩადის ჩემპიონატებზე და ულამაზეს სანახაობას აჩვენებს.

ძლიერი ქალის იმიჯი

– თუ ძლიერი, ჯიუტი და შეუპოვარი არ ხარ, არათუ კლდეზე ცოცვაში, საერთოდ, სპორტში გაგიჭირდება თავის მდაკვიდრება. მეც ბევრი დაბრკოლების გადალახვა მიწევს, მათ შორის – ბიუროკრატიულისაც. მაგალითად, ჯერ კიდევ 2013 წელს შესანიშნავ ფორმაში ვიყავი, მაგრამ მსოფლიო თასის ლიცენზია ისევ საქართველოდან დამიბლოკეს. ამის გამო ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე და სპორტული აქტივობა ძველებურად აღარ გამიგრძელებია.

– სად გადის შენთვის ფინიშის ხაზი?

– ალბათ იქ, სადაც ქრება კლდესთან ჭიდილის, მის ქიმზე მოქცევის სურვილი და აზარტი. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მიზანს აღწევ, ოვაციას გიმართავენ და შენს გამარჯვებას შენთან ერთად ზეიმობენ; როდესაც მწვერვალისკენ მიიწევ და ყოველ ნაბიჯზე ძალა გემატება. თან ბედს ცდი, რადგან ერთი მოწყვეტა შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაგიჯდეს.

– ბუნებრივ კლდეზე ასვლა უფრო სახიფათოა?

– ხელოვნურ კედელზე საჭიდები უკეთ ჩანს. სხვა მოასპარეზე სპორტსმენებიც ხედავენ, სად ეჭიდები და შეუძლიათ, იგივე გზა გაიარონ. ბუნებრივი კლდე კი თავის საიდუმლოებს მალავს. ფიზიკური ფორმა არ არის საკმარისი, სპორტსმენის ფსიქოლოგიურ მზაობას, ბრძოლისა და სწრაფად რეაგირების უნარებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სულიერი სიმტკიცისთვის ბევრი ცხოვრებისეული გამოცდის ჩაბარება მომიხდა. ერთი ასეთი ეპიზოდი ჩემს ბავშვობაში მოხდა.

სვანური ვენდეტა

– ბავშვობაზე იშვიათად ვლაპარაკობ, თქვენთან კი ამაზე საუბარი მომინდა... თოთხმეტი წლის ვიყავი, როდესაც მამას ჩემ თვალწინ ესროლეს. ბევრი ლამაზი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, მაგრამ ცუდიც ბევრია შემორჩენილი, მაგალითად, სვანური სისხლის აღების ადათი. იცით, რა ემოციაა, გადარჩენაზე რომ ფიქრობ, ხუთი დედმამიშვილის სიცოცხლეზე რომ ფიქრობ და არ იცი, ხვალ რა იქნება?

მამა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო და ვერტმფრენით სასწრაფოდ გადმოიყვანეს თბილისში. რეაბილიტაციის პერიოდმა თვეები გასტანა, არც კი მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო, მაგრამ ერთ დღეს, შეჯიბრებისთვის რომ ვემზადებოდი, დარბაზში ბავშვებმა მითხრეს, უკან მიიხედეო. მივბრუნდი და მამა დავინახე – ეტლში იჯდა. ვერ მოვეფერე, ვერ ჩავეხუტე, ხმაც კი ვერ ამოვიღე, გავქვავდი...

მამასთვის სისხლის აღების ტრადიცია მიუღებელი იყო. მისი ინიციატივით სამართალმცოდნეობის ფაკულტეტიც კი დავამთავრე, რადგან სწამდა, რომ დამნაშავეებს მხოლოდ კანონის წინაშე უნდა ეგოთ პასუხი. სამწუხაროდ, ოცნება ვერ ავუსრულე, სამართლადამცავი ვერ გავხდი. სამაგიეროდ, თეატრის სცენაზე ამოვყავი თავი.

თეატრი

– პანდემიის გამო მთელი წელი სვანეთში გავატარე. მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი გეგი ფალიანი დამიკავშირდა, სახასიათო ტიპაჟი ხარო და სპექტაკლ "ბეთქილში" ნადირობის ქალღმერთ დალის როლზე მიმიწვია.

პუბლიკას მიჩვეული ვარ, ვიცი, რომ მათთან ემოცია უნდა მივიტანო, მაგრამ სცენაზე საოცარ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა... სვანური ხასიათის გამო კონფლიქტისთვის თავის არიდება მიჭირს, ამიტომ დღემდე ბევრი სამსახური გამოვიცვალე, აქ კი სულ დადებითი ემოციით ვარ დამუხტული. არ ვიცი, რომელ ვარსკვლავზე დაიწერა ჩემი ბედი, მაგრამ იმხელა ინტერესია ჩემი სამსახიობო კარიერის მიმართ, რომ ვერც წარმოვიდგენდი. ამ ამპლუაში საინტერესო პროექტებს გპირდებით.

სვანური დღეები

მარიანა იოსელიანი თბილისში გამართული სვანური დღეების მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორია. ოპერამ, მოძრაობის თეატრმა და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა ამ შემოდგომაზე შესანიშნავ წარმოდგენებს უმასპინძლეს.

მარიანამ კიდევ ერთი სიახლის შესახებ გვაცნობა – მესტიაში თეატრის ფასადზე მეკლდეურთა სავარჯიშო ხელოვნური კედელი იხსნება. იმედი აქვს, რომ არაერთ ნიჭიერ ახალგაზრდას აღმოაჩენს, რომლებიც საქართველოს ოლიმპიურ ასპარეზზე მრავალ გამარჯვებას მოუტანენ.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: