როგორ შევარჩიოთ სამთო ველოსიპედი?

გააზიარე:

სამთო ველოსიპედი ველომოყვარულების უსაყვარლესი ტიპია. მყარი ჩარჩოს, ძლიერი საამორტიზაციო სისტემის, ფართო საბურავებისა და მოქნილი სიჩქარის გადამცემი სისტემის წყალობით მისი ნდობა ყველანაირ რელიეფსა თუ ზედაპირზე შეიძლება. ამჯერად დაუნჰილისა თუ ოფროუდის მიმდევრებს, უგზოობაში თუ ტყის ბილიკებზე სიარულის მოყვარულებს გავახარებთ. ალბათ მიხვდით, მთის ველოსიპედზე ვისაუბრებთ. Hardtail-ი თუ Fully? მათ ფუნქციებზე, ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე საქართველოს ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, მასობრივი ველოღონისძიებების ორგანიზატორი ლადო ღუდუშაური გვესაუბრება.

საიდან მოდის

– სამთო ველოსიპედის შექმნის იდეა 1977 წელს კალიფორნიაში დაიბადა, როცა სამმა მეგობარმა: გარი ფიშერმა, ჯო ბრიზმა და ჩარლზ კელიმ, – მთიდან დაშვება გადაწყვიტა. ჩვეულებრივი ველოსიპედი ხრეშიან ფერდობზე გამოუსადეგარი იყო, მათი ამბიცია კი, დაეძლიათ ასეთი ზედაპირი – დიდი, ამიტომ მთიდან დასაშვებად 30-იანი წლების ველოსიპედი, ეგრეთ წოდებული Schwinn Cruiser-ი აირჩიეს, რომელიც 20 კილოგრამს იწონიდა. მეგობრებს მთაზე ველოსიპედის ხელით ატანა მოუწიათ და მიხვდნენ, რომ ახალ მოდელზე უნდა ეფიქრათ. 1977 წელს ჯო ბრიზმა პირველი სამთო ველოსიპედი ააწყო, რომელიც ხრეშიან ფერდობებს იყო მორგებული და 17 კილოგრამს იწონიდა. ნელ-ნელა მოდელი ტექნიკურად უფრო გააუმჯობესეს, ხოლო წონა კიდევ 3 კილოგრამით შეამცირეს. ორი წლის შემდეგ სამეულს ტომ რიტჩიც შეუერთდა, რომელიც ველოსიპედებისთვის ჩარჩოებს ამზადებდა. სახელიც იმ პერიოდში დაერქვა, როცა ერთმა მყიდველმა ფართო ბორბლების გამო მას “მთის ველოსიპედი” უწოდა. ველომოყვარულები შედეგით კმაყოფილები იყვნენ და მგზავრობაც სიამოვნებდათ.

მას შემდეგ სამთო ველოსიპედმა მთელი მსოფლიო დაიპყრო. ევროპაში პოპულარობა მან 80-იან წლებში მოიპოვა. ველოსიპედი დღემდე ვითარდება, ტექნიკურად უმჯობესდება და მილიონობით ადამიანს აღაფრთოვანებს. თავისუფლებისა და თავგადასავლების წყურვილი კი ისევე ანთებს ახალგაზრდებს, როგორც ოდესღაც კალიფორნიელი მეგობრები აანთო. დაუნჰილისა და ოფროუდის მიმდევართა რიცხვი დღიდან დღემდე იზრდება.

ამორტიზატორების რაოდენობის, ჯდომის პოზიციისა და საბურავების მიხედვით მთის ველოსიპედის რამდენიმე სახეობას განასხვავებენ, რომლებიც სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა ზედაპირზე სამოძრაოდ გამოიყენება. მათგან ყველაზე მოთხოვნადი კი Hardtail-ი და Fully-ა. სასურველი მოდელი ადვილად რომ ავარჩიოთ, მოდი, უფრო ახლოს გავეცნოთ მათ ფუნქციებს.

Hardtail-ი თუ Fully?

ექსტრემის მოყვარულთა შორის ორივე მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

Hardtail-ი სამთო ველოსიპედის უძველესი სახეობაა. მას მხოლოდ ერთი ამორტიზატორი აქვს წინა მხარეს. Hardtail-ი ძალიან კომფორტულია უგზოობაში, პარკებში, მინდვრებში სასიარულოდ, ასევე – ველოშეჯიბრების დროსაც, რადგან მსუბუქია – დაახლოებით 8-14 კგ-ს იწონის. არც განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ძალიან კარგი არჩევანია ახალბედა ველომოყვარულებისთვის და შედარებით იაფიცაა.

Fully-ს კი ორი – წინა და უკანა – ამორტიზატორი აქვს. ის ტექნიკურად სრულყოფილადაა აღჭურვილი. უკანა ამორტიზატორი მას კომფორტულობას და სტაბილურობას მატებს. ის უფრო ჩქარი, უფრო საიმედო და უსაფრთხოა მთაზე ასასვლელად თუ იქიდან დასაშვებად და პატარა შეცდომებსაც გპატიობს.

Fully Hardtail-ზე მძიმეა და უფრო ინტენსიური მოვლაც სჭირდება. უფრო ძვირიცაა. Hardtail-ის ფასი 1000 ლარიდან იწყება, Fully-სა კი 2500 ლარიდან. შესაძლოა, დაბალი ხარისხის Fully უფრო იაფადაც ნახოთ, მაგრამ უხარისხოში ნაკლები ფულის გადახდას, გირჩევთ, იმავე ფასად ხარისხიანი Hardtail-ი შეიძინოთ.

ამორტიზატორი

Hardtail-ის ამორტიზატორის სამოძრაო მანძილი 80-120 მმ-მდეა. ეს სავსებით საკმარისია ტყის ბილიკებზე, ხრეშიან ან მიწიან გზებზე და არცთუ რთულრელიეფიან ადგილებზე სამოძრაოდ. მაღალი ხარისხის ამორტიზატორი, მართალია, ძვირია, მაგრამ გაცილებით კომფორტული და მსუბუქია, ვიდრე შედარებით იაფი და დაბალი ხარისხისა. მეორე მხრივ, თუ რთული ბილიკების დაპყრობას არ აპირებთ და თავისუფალ დროს მხოლოდ ტყის გარშემო წრის დარტყმას გეგმავთ, ძვირიან ამორტიზატორში ფულს ნუ გადაყრით, იაფიანიც გამოგადგებათ.

იმის მიხედვით, როგორ რელიეფზე მოძრაობთ, Fully-ს ამორტიზატორის სამოძრაო მანძილი სხვადასხვაა – 120-დან 200 მმ-მდე. საშუალო სირთულის რელიეფისთვის 120-140 მმ საკმარისია, ხოლო რთული რელიეფისთვის, მაგალითად, ციცაბო მთიდან დასაშვებად, უმჯობესია 150-200 მმ იყოს.

საბურავი

სამთო ველოსიპედებს მრავალი წლის განმავლობაში 26“-იანი ბორბლები ჰქონდა, თანამედროვე მწარმოებლების უმეტესობა კი მათ ძირითადად 29“-იანი და 27,5“-იანი ბორბლებით უშვებს. რაც უფრო დიდია ბორბალი, მით უფრი სწრაფია ველოსიპედი, ხოლო რაც უფრო პატარაა – მით უფრო მოქნილი. როგორც Hardtail-ს, ისე Fully-საც უმეტესად 27,5“-იანი ბორბლები აქვს, რადგან მათში იდეალურადაა შერწყმული 29“-იანი ბორბლის საიმედოობა და 26“-იანის მოქნილობა. ასეთი ბორბლები ადვილი სამართავია, მაგრამ თუ ველოსიპედს მხოლოდ უგზოობაში და საშუალო სირთულის გზებზე სასიარულოდ იყენებთ, მაშინ 29“-იანს გირჩევთ.

საბურავის სიფართე იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ, როგორ გზებზე გიწევთ სიარული. რაც უფრო ძლიერი მოჭიდებაა საჭირო, მით უფრო ფართო უნდა იყოს საბურავი.

პროტექტორებიც სამოძრაო ნიადაგის მიხედვით შეარჩიეთ. დიდპროტექტორებიანი საბურავი მხოლოდ უხეშ, ხრეშიან გზებზე გამოგადგებათ, ხოლო პატარაპროტექტორიანი – ასფალტზე და ტყის მიწიან ბილიკებზეც.

ჩარჩო

ორივე მოდელს შეიძლება როგორც ფოლადის, ისე ალუმინის ან კარბონის ჩარჩო ჰქონდეს, რაც ველოსიპედის წონას და ფასსაც განაპირობებს.

ალუმინის ჩარჩოს უპირატესობაა სტაბილურობა და სიიაფე, ხოლო კარბონის ჩარჩოსი – სიმსუბუქე და სიმყარე, თუმცა ეს უკანასკნელი გაცილებით ძვირია.

სიჩქარე

ორივე მოდელში უპირატესობა სიჩქარის ჯაჭვურ მექანიზმს ენიჭება. რაც უფრო მეტია სიჩქარე, მით უფრო ადვილად ადიხარ ციცაბო აღმართზე.

მუხრუჭი

როცა მთელი სისწრაფით მიქრი, გაჩერებაც სწრაფად უნდა შეგეძლოს, ამიტომ მთის ველოსიპედს დღეს უმეტესად ჰიდრავლიკურ დისკურ მუხრუჭს უკეთებენ. უსწორმასწორო რელიეფზე მოძრაობისას ასეთი მუხრუჭი უფრო უსაფრთხოა და საიმედო, არც დიდი ძალაა საჭირო დასამუხრუჭებლად და ველოსიპედზე კონტროლსაც ინარჩუნებ.

დისკის დიამეტრი 140-დან 203 მმ-მდეა. რაც უფრო დიდია დისკი, მით უფრო დიდია დამუხრუჭების ძალა. რაც უფრო უხეში და ციცაბოა სამოძრაო ადგილი, დამუხრუჭებაც მით უფრო ძლიერი იყოს.

ისეთი სამუხრუჭე სისტემა, რომელშიც ხუნდი ბორბლის რკალს (ფერსოს) ედება (V-Brake), მართალია, უფრო იაფია და მარტივი, მაგრამ ნაკლებეფექტურია. მას ადვილად ეკვრის მტვრის ნაწილაკები და ტალახი და საგრძნობლად ასუსტებს.

საჭე

საჭე რაც უფრო ფართოა, მით უფრო ნაკლები ძალაა საჭირო ველოსიპედის მანევრირებისთვის. Fully-ს ფართო საჭე აქვს – 680-დან 800 მმ-მდე.

სკამი

თუ მხოლოდ მოკლე ტურებში დადიხართ, უპირატესობა ფართო სკამს მიანიჭეთ. თუ სპორტული ამბიციებიც გაქვთ, უმჯობესია, ის ვიწრო და მაგარი იყოს. ასეთი სკამი ცოტა უხეშია, მაგრამ უფრო მსუბუქი.

სკამი, სასურველია, რეგულირდებოდეს და შესაძლებელი იყოს მისი სწრაფი აწევ-დაწევა ველოსიპედიდან ჩამოუსვლელად, რაც ველოსიპედისტს შესაძლებლობას აძლევს, სხვადასხვა რელიეფზე მოძრაობისას დაშვების პოზიციიდან მაღლა ასვლის პოზიციაზე გადაერთოს. ეს ძალიან მოხერხებულია, განსაკუთრებით – შეჯიბრების დროს. მექანიზმი შესაძლოა იყოს ჰიდრავლიკური, მექანიკური და დამაგრებული იყოს ან საჭესთან, ან სკამზე.

ქალის ველოსიპედი

დღეს Hardtail-ი და Fully-ი ქალებისთვისაც იქმნება. მწარმოებლებმა ისინი ქალის ანატომიას მოარგეს: ჩარჩო უფრო პატარაა და ჩაღრმავებული, სკამსა და საჭეს შორის შედარებით მცირე მანძილია, საჭე და სკამი შედარებით ვიწროა, საამორტიზაციო სისტემაც მცირე წონასაა მისადაგებული. ქალები ჯდომისას უპირატესობას სწორ პოზიციას ანიჭებენ, რაც ჩარჩოს აგებულებაშიცაა გათვალისწინებული.

მოკლედ შევაჯამოთ

თუ უმთავრესად ხანგრძლივ ტურებში დადიხართ, ასფალტიან ან მიწიან გზაზე, მინდორში ან ტყეში მოძრაობთ და ველოსიპედს დაუნჰილისთვის იშვიათად იყენებთ, მაშინ Hardtail-ი შეიძინეთ, ხოლო თუ ხრეშიან გზებზე, ციცაბო მთის ვიწრო ბილიკებზე დაშვება გიზიდავთ, Fully-ს გირჩევთ.

გახსოვდეთ, რომ სამთო ველოსიპედში საამორტიზაციო სისტემასთან ერთად მნიშვნელოვანია სიჩქარის გადაცემისა და სამუხრუჭე სისტემებიც, ამიტომ ეს ნაწილები უმჯობესია მაღალი ხარისხისა იყოს.

მოვლა

მოვლა ყველა ტიპის ველოსიპედს სჭირდება, მაგრამ სამთო ველოსიპედის გასუფთავება უგზოობასა და ტალახში სიარულის გამო უფრო ხშირად მოგიწევთ. შინ დაბრუნებულს, არ დაგავიწყდეთ ველოსიპედის გაწმენდა, თორემ ჭუჭყი ნაწილებს გააფუჭებს.

ჯერ შემხმარი ტალახი მოაშორეთ. ნუ გამოიყენებთ წყლის ძლიერ ჭავლს, რათა ველოსიპედის ნაწილები არ დააზიანოთ. ტალახიანი ადგილები თბილი წყლითა და ღრუბლით კარგად დაასველეთ. ველოსიპედის საწმენდი სპეციალური სითხე თუ გაქვთ, ასხურეთ და 3-5 წუთი დატოვეთ. მერე კარგად ჩამორეცხეთ თბილი წყლით. ამის შემდეგ მიუდგომელი ადგილები, მაგალითად, ბორბალსა და ჩარჩოს შორის, სკამის ქვეშ, სველი, რბილი ჯაგრისით კარგად გაწმინდეთ. კასეტებს შორის ტალახის მოსაშორებლად სპეციალური პლასტმასის საწმენდი გამოიყენეთ. ჯაჭვი რბილი, სველი ნაჭრით გაასუფთავეთ, თან პედლები ხელით დაატრიალეთ, რომ ჯაჭვი ბოლომდე გაიწმინდოს. როცა გაშრება, ზეთი ასხურეთ და ზედმეტი ისევ ნაჭრით მოწმინდეთ.

რჩევები ახალბედა ველომოყვარულებს

ველოსიპედი აუცილებლად თქვენი ზომისა შეარჩიეთ. არასწორმა ზომამ შესაძლოა კუნთების დაჭიმულობაც გამოიწვიოს და მართვაშიც შეგიშალოთ ხელი. სხვადასხვა მწარმოებელი ზომას სხვადასხვა ნიშნით აღნიშნავს. თუ თქვენი სიმაღლე 160-170 სმ-ია, სმოლი უნდა შეარჩიოთ, თუ 170-180 – მედიუმი, ხოლო თუ 180-190 – ლარჯი.

დასამუხრუჭებლად ყოველთვის მზად იყავით. ამისთვის ერთი თითი მუხრუჭზე გედოთ. ეცადეთ, ორივე მუხრუჭს ბოლომდე არ დააჭიროთ – ბორბლები მაშინვე დაიბლოკება და შესაძლოა, კონტროლი დაკარგოთ, მოსრიალდეთ და დაშავდეთ. უმჯობესია, მუხრუჭს ნელ-ნელა დააწვეთ, შემთხვევისა და დასამუხრუჭებელი მანძილის გათვალისწინებით. ბორბლები ნელ-ნელა დაიბლოკება. გირჩევთ, ერთი თითით დაამუხრუჭოთ და არა ორით ან მეტით, რადგან დამუხრუჭების ძალას ასე უკეთ იგრძობთ და გააკონტროლებთ, დანარჩენი ოთხი თითით კი თავისუფლად მოახერხებთ საჭის კონტროლს. წინა და უკანა ბორბლების მუხრუჭები ერთდროულად აამოქმედეთ.

ყოველთვის მხედველობის არეში გქონდეთ გასავლელი გზა. სწრაფი მოძრაობისას და მოსახვევში შესვლისას შორს იყურეთ, ხოლო ნელი სვლისას – ახლოს. მოძრაობა ყოველთვის წინასწარ დაგეგმეთ.

დაბრკოლებასთან შეჯახებისას ბალანსი შეინარჩუნეთ. ამისთვის, უპირველესად, თქვენი ზომის ველოსიპედი უნდა გქონდეთ. უსწორმასწორო რელიეფზე, ციცაბო ბილიკებზე, მკვეთრი მოხვევისას ან მკვეთრი დამუხრუჭებისას უმჯობესია დახრილი იყოთ – ამ დროს ველოსიპედსაც უკეთ აკონტროლებთ, მართვასაც არეგულირებთ, ბალანსსაც ინარჩუნებთ და საბურავებიც მყარად რჩება მიწაზე. სწრაფი მოძრაობის დროსაც უმჯობესია დახრილი პოზიცია გეკავოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ გაიაროთ მოსახვევი. მოსახვევის რადიუსი და გასავლელი გზა დასაწყისიდანვე განსაზღვრეთ. უნდა იცოდეთ მოსახვევში გადახრის ტექნიკა: ველოსიპედთან ერთად მთელი სხეულით უნდა გადაიხაროთ იქით, საითაც უხვევთ. ფეხები და მკლავები ამ დროს მოხრილი უნდა გქონდეთ, გარეთა მკლავი – უფრო მეტად, ვიდრე შიგნითა. სიმძიმის ძალა ველოსიპედის ცენტრს უნდა აწვებოდეს.

მოსახვევში დამუხრუჭება სარისკოა და თუ გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნა, ერიდეთ. განსაკუთრებით წინა ბორბლის მუხრუჭი არ გამოიყენოთ, უკანა ბორბლის მუხრუჭით კი ეცადეთ, სვლა მოსახვევამდე შეანელოთ.

მამკოდის წრიული მარშრუტი

ველომოყვარულები თბილისის შემოგარენში საგანგებოდ მოწყობილი ველომარშრუტებით არც ისე განებივრებულები არიან, მაგრამ თბილისის ეროვნულ პარკში როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი ველომოყვარული რამდენიმე ბილიკს ნამდვილად იპოვის. ერთი მათგანია მამკოდის წრიული მარშრუტი. ეს არის საშუალო სირთულის 38-კილომეტრიანი ბილიკი თავისი აღმართ-დაღმართებით, რომლის 8 კილომეტრი ასფალტიან გზაზე გადის, ხოლო 30 – მიწიანზე. ბილიკზე შეგხვდებათ მითითებები და ნიშნულები, რომლებიც მამკოდის მთაზე აგიყვანთ და მერე ისევ საწყის წერტილთან დაგაბრუნებთ. ველომოყვარულებს ასევე შეუძლიათ, ეწვიონ ალგეთის ეროვნულ პარკს, რომელიც თბილისიდან არცთუ ისე შორს არის ან ბორჯომ-ხარაგაულის პარკს და მარტივ თუ რთულ ბილიკებზე დაშვებით ისიამოვნონ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: