ბავშვობის ფსიქოლოგიური ტრავმა
გააზიარე:
ჯანსაღი ფსიქიკური გარემოს მნიშვნელობა
ბავშვობის ტრავმა ერთ-ერთი საყურადღებო და ამავე დროს ამოუცნობი საკითხია ფსიქოლოგიაში. ფროიდით დაწყებული, თანამედროვე კვლევებით დამთავრებული, ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ტრავმა მთელ ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ტრავმული მოგონება ჩვენს ფსიქიკაში არსებული ხელუხლებელი მოვლენაა, ასე ვთქვათ, კაფსულაში ჩასმული განცდა, რომელსაც არც ასაკის მატება, არც შეძენილი გამოცდილება და არც გააზრება შველის. ასეთი გამოთქმაც არსებობს: “თუ ბავშვობაში არ გქონიათ ველოსიპედი, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდეთ, გახდით წარმატებული და იყიდეთ ძვირად ღირებული მანქანა – ბავშვობაში მაინც არ გქონიათ ველოსიპედი!”
მეორე მხრივ, ბავშვები უფროსებზე გაცილებით სწრაფად ახერხებენ ადაპტირებას და გაცილებით მედეგები არიან. სტრესულ მოვლენაზე მათ თავდაპირველად ძლიერი რეაქცია აქვთ (ტირილი, ყვირილი), რომელიც ჩათავებისთანავე კარგავს მნიშვნელობას. ბავშვი ეგუება ისეთ სტრესულ ცვლილებებს, როგორიცაა ძუძუსთვის თავის დანებება, მშობლის სამსახურში გასვლა, ბაღში სიარული, დასაძინებლად ცალკე ოთახში გადასვლა და ა.შ. მიუხედავად ასაკობრივი ეგოცენტრიზმისა, ჯანსაღ გარემოში გაზრდილ ბავშვს არ ახასიათებს ხანგრძლივი წყენა, ემოციურ განცდებზე სიღრმისეული ფიქრი, ის ადვილად ადაპტირდება, გამოცდილებაზე სწავლობს და ცხოვრებას აგრძელებს.
ჩნდება კითხვა – თუ ბავშვი ასეთი მედეგია, რატომ ახდენს მასზე ამხელა გავლენას ზოგიერთი მოვლენა? როგორ გავმიჯნოთ ჩვეულებრივი, დაძლევადი სტრესი, რომელიც ბავშვის განვითარებისთვის სასარგებლოც კია, დამაზიანებელი ტრავმისგან? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ ნებისმიერი ხანგრძლივი, განმეორებადი და ემოციურად ინტენსიური მოვლენა შეიძლება იქცეს ტრავმის წყაროდ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ დაძლევადი სტრესი ჰგავს წაქცევას და მუხლების გადატყავებას (რომელსაც წყლით მობანა და ანტისეპტიკის წასმა ჰყოფნის და მალე შუშდება), ტრავმა ღრმა ჭრილობაა, რომელიც არათუ თავისით ვერ შეხორცდება, არამედ არასოდეს გაივლის. საუკეთესო შემთხვევაში, სწორი “მკურნალობის” შედეგად ის ნაწიბურს დატოვებს, თუმცა ნაწიბური ჭრილობა არ არის და, შესაბამისად, არც გვეტკინება.
ტრავმული მოვლენები
ტრავმული მოვლენა საშიში, საფრთხის შემცველი ან ძალადობრივი მოვლენაა. ტრავმულად განვიცდით საფრთხეს, რომელიც ჩვენ ან ჩვენს საყვარელ ადამიანებს გვემუქრება და რომელსაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მოგვაყენოს. ამ დროს ბავშვს ეუფლება შიშის, დანაკარგის განცდა ან შფოთვა. მის უარყოფით რეაქციას ისიც განაპირობებს, რომ ამ ზიანის თავიდან აცილება და თავის დაცვა არ შეუძლია. ასეთი ტრავმა გავლენას ახდენს ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ძნელი სათქმელია, კერძოდ, რა იქცევა ტრავმის წყაროდ, რადგან ეს ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია, თუმცა ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ყველაზე ხშირად ბავშვს ტრავმას აყენებს:
1. ფიზიკური ძალადობა;
2. სექსუალური ძალადობა;
3. ემოციური ძალადობა;
4. ფიზიკური უგულებელყოფა;
5. ემოციური უგულებელყოფა;
6. მშობელზე ძალადობის შესწრება;
7. ნივთიერებაზე დამოკიდებული ოჯახის წევრი;
8. მშობლებისგან ხანგრძლივი სეპარაცია;
9. მშობლის სიკვდილი.
ტრავმაგადატანლი უფროსები
თუ ბავშვობისას განგიცდიათ ძალადობა, ემოციური ან ფიზიკური უგულებელყოფა, ტრავმის სიმპტომები ზრდასრულ ასაკშიც გექნებათ. ბავშვები განიცდიან გარე სამყაროში მომხდარს და საკუთარ თავში სამყაროს “შინაგან რუკას” ქმნიან, მოვლენებისთვის მნიშვნელობის მინიჭება კი ეხმარებათ, სტრესი დაძლიონ და გაძლიერდნენ. ზრდასთან ერთად ეს “შინაგანი რუკა” იცვლება და ვითარდება. ტრავმულ პირობებში ბავშვები ასაკის კვალდაკვალ აღარ ქმნიან ახალ “რუკებს” და სამყარო მუდმივად “ბავშვური” ინტერპრეტაციით აღიქმება, განსაკუთრებით – ისეთ სიტუაცებში, რომლებიც ასოციაციურად უკავშირდება ტრავმულ მოვლენას.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობის ტრავმას ბევრი სხვადასხვა ეფექტი მოჰყვება, გამოვყოფთ უფროსებში ტრავმაზე ემოციური რეაგირების სამ ყველაზე გავრცელებულ ტიპს.
1. ცრუ პიროვნება
ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვხვდები უფროსებს, რომლებსაც ძალიან ძლიერი კომპენსატორული მექანიზმები აქვთ და ტრავმულმა გამოცდილებამ მათზე, ერთი შეხედვით, გავლენა ვერ მოახდინა. ისინი პროფესიულად წარმატებულები არიან, ადვილად ამყარებენ სოციალურ კავშირებს, აქვთ ოჯახი. თითქოს არაფერი აკლიათ, მაგრამ მაინც სიცარიელეს განიცდიან. ძალიან ხშირად ასეთ დროს საქმე გვაქვს ცრუ პიროვნებასთან.
ვიდრე პატარები ვართ, გვინდა, მშობლებს ვუყვარდეთ და მოგვიარონ. თუ ჩვენი მშობლები ასე არ იქცევიან, ვცდილობთ, გავხდეთ ისეთი ბავშვი, რომელსაც ისინი შეიყვარებენ, სხვა სიტყვებით – დავიმსახუროთ მათი სიყვარული. ამავე დროს, ვმალავთ ემოციებს, რომლებიც მშობლებს არ მოსწონთ. შესაბამისად, ვქმნით ცრუ პიროვნებას, რომელსაც სამყაროს წარვუდგენთ.
თანდათან ვეჩვევით ჩვენს ნამდვილ ემოციებზე უარის თქმას და შედეგად ვკარგავთ იმის განცდას, ვინ ვართ სინამდვილეში. ვიზრდებით და გამუდმებით გვეშინია, რომ თუ ეს ნიღაბი ჩამოგვივარდა, აღარ მოგვივლიან, აღარ ვეყვარებით ან აღარ მიგვიღებენ. მთელი ჩვენი ფსიქიკური ენერგია ამ ნიღბის შენარჩუნებას ხმარდება.
ცრუ პიროვნების ქვეშ დამალული ნამდვილი პიროვნების აღმოსაჩენად აუცილებელია თერაპევტთან სიარული, ბავშვობის ტრავმის გახსენება, ჩამალული ემოციების გამოხატვის სწავლა და საკუთარი, ნამდვილი საჭიროებების გაცნობიერება.
2. მსხვერპლის პოზიცია
იმაზე, რას ვფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ, ხშირად დამოკიდებულია, რამდენად გავაძლიერებთ ან დავასუსტებთ საკუთარ თავს. როდესაც თავს მხოლოდ უარყოფითად ვაფასებთ, ვასკვნით, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელთ არ არის, მოვლენების მსხვერპლი ვართ და მეტი არაფერი. ასე ვთქვათ, ბედს ვეგუებით. შესაძლოა, ბავშვობაში ჩვენზე ძლიერი უფროსების მსხვეპლი ვიყავით, მაგრამ, როგორც ზრდასრულებს, გვაქვს შანსი, მსხვერპლი აღარ ვიყოთ. ახლა უფრო მეტი ძალაუფლებაა ჩვენ ხელთ და მეტად შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების შეცვლა.
თერაპიის დროს ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლნი სწავლობენ, როგორ შეიცვალონ ეს პოზიცია და გახდნენ გადარჩენილები, გახდნენ მებრძოლები. ფსიქოლოგიურად დიდი განსხვავებაა, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს – დაჩაგრულად თუ გადარჩენილად, რადგან მხოლოდ ძლიერი და მედეგი პიროვნებები გადარჩებიან.
3. პასიური აგრესიულობა
როდესაც ბავშვები ისეთ ოჯახში იზრდებიან, სადაც ბრაზის ჯანსაღი გამოხატვა აკრძალულია, მათ მთელი ცხოვრება სჯერათ, რომ ეს დაუშვებელი ემოციაა. თუ ბავშვობაში აგრესიას შესწრებიხართ, შესაძლოა გჯეროდეთ, რომ ბრაზი ყოველთვის ძალადობას გულისხმობს და, შესაბამისად, უნდა შეკავდეს. ან, თუ ისეთ ოჯახში იზრდებოდით, სადაც ყველა ყოველთვის იკავებდა ბრაზს და თქვენც გასწავლიდნენ, რომ ბრაზის გამოხატვა არ შეიძლება, მის როლს ვერც დიდობაში გააცნობიერებთ. არადა, ბრაზი აუცილებელია პიროვნული საზღვრების დასასმელად, თავის დასაცავად, უსიამოვნო ადამიანებისგან დისტანცირებისათვის და, რაც მთავარია, არასასურველი გარემოს შესაცვლელად.
რა ხდება, როდესაც ბრაზს ვერ გამოვხატავთ? პასუხი ალბათ თვითონაც იცით – არაფერი. არაფერი ხდება და არაფერი იცვლება. კვლავ განვიცდით ბრაზს (ბრაზი საბასიზო ემოციაა და ყველას ბუნებრივად გვახასიათებს), მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ გამოვხატოთ ის და შედეგად გადავჭრათ პრობლემა, რომელიც გვაბრაზებს, უბრალოდ გაბრაზებულები ვრჩებით.
ვინაიდან ბრაზის შეკავება შეუძლებელია, ვიწყებთ მის ირიბად, პასიურ-აგრესიულად გამოხატვას. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ მეუღლეს ვთხოვოთ, დაგვეხმაროს, მის დასანახად ვიწყებთ ხმაურიან ფუსფუსს, ქანცის გაწყვეტამდე ვიღლებით და როდესაც ის გვკითხავს, რატომ ვართ უგუნებოდ, პირდაპირ კი არ ვეტყვით: "ძალიან ვბრაზობ იმის გამო, რომ სახლში ყველაფრის კეთება მე მიწევს, თუმცა სამსახურიდან შენზე გვიან ვბრუნდები. როგორ მოვიქცეთ?“ – ვუპასუხებთ: “დავიღალე ამდენი ლაგებით!” და კითხვაზე: “მხოლოდ შენ რატომ ალაგებ?” – კი არ ვუპასუხებთ: “იმიტომ, რომ შენ არ მეხმარები, რაც სწორი არ მგონია”, – არამედ: “აბა, თავისით ხომ არ დალაგდება?!” კომუნიკაციის ეს სტილი ისე გვაქვს გამჯდარი, რომ ვერც კი ვხვდებით: 1. მეუღლეს არ ესმის, რისი თქმა გვინდა; 2. მუდამ დაგუბებული ბრაზით დავდივართ.
თერაპიის მეშვეობით ადამიანი სწავლობს, როგორ “დაუმეგობრდეს” თავის ბრაზს, ისწავლოს მისი გამოხატვა, საკუთარი პოზიციის დაცვა და ამავე დროს არ იყოს დესტრუქციული.
ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპია
ტრავმებთან მუშაობა ხდება მხოლოდ გამოცდილი თერაპევტის ხელმძღვანელობითა და თანადგომით. როგორც ფიზიკური ტრავმისას, მაგალითად, კიდურის მოტეხვისას, არ შეიძლება, ადამიანმა თავად ან კეთილმოსურნეების დახმარებით გადაიხვიოს მოტეხილობა (რადგან შესაძლოა, ჭრილობა არასწორად შეხორცდეს), ისევე დაუშვებელია, ბავშვობაში ტრავმაგადატანილმა ადამიანმა მარტომ ან არაპროფესიონალების დახმარებით დაიწყოს ტრავმული გამოცდილების გაცნობიერება. ამისთვის არსებობს ფსიქოთერაპიის ცალკე მიმდინარეობაც – ფსიქოტრავმატოლოგია.
გამოცდილი ფსიქოტრავმატოლოგი სესიის დროს ფრთხილად, ფაქიზად განიხილავს კლიენტისთვის მტკივნეულ მოგონებებს. ის მზად არის იმისთვის, რომ ამ დროს კლიენტი რეგრესირებს და განიცდის (და ხშირად იქცევა კიდეც) ისევე, როგორც იმ ასაკის ბავშვი, რა ასაკშიც ეს ტრავმა გადაიტანა. როდესაც ჩემს სუპერვიზორთან განსაკუთრებით რთულ შემთხვევებს განვიხილავ, ის ხშირად მეკითხება: "რამდენი წლისაა შენი კლიენტი?" – და გულისხმობს არა ქრონოლოგიურ, არამედ ტრავმულ ასაკს.
ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპია უზრუნველყოფს უსაფრთხო და კონფიდენციალურ სივრცეს, სადაც კლიენტს შეუძლია იკვლიოს საკუთარი აზრები, ემოციები და დამოკიდებულებები. კლიენტები თერაპევტებს აკითხავენ, რადგან ტრავმული გამოცდილების გამო ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს ეჯახებიან. აწუხებთ გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, არასტაბილური ემოციური მდგომარეობა. თერაპევტი კლიენტს ეხმარება სიტუაციის გაგებაში, ემოციების გამოხატვის სტრატეგიების დასწავლაში და პოტენციურად სტრესულ სიტუაციებთან გასამკლავებლად ამზადებს. ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპია შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ოჯახური.
ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპიის მიზანია, დააკავშიროს გადატანილი ტრავმები და არსებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ შემთხვევაში თერაპევტი ვალდებულია:
1. გააცნობიეროს ტრავმის მრავლისმომცველი ეფექტები და აღდგენის გზები;
2. ამოიცნოს ტრავმის ნიშნები და სიმპტომები;
3. გამოიყენოს ტრავმასთან მუშაობის მეთოდები;
4. აქტიურად აარიდოს თავი კლიენტის რეტრავმატიზაციას.
ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპიის დროს თერაპევტი, კლიენტის ასაკიდან, მისი ტრავმული გამოცდილებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, არაერთ სტრატეგიას მიმართავს. ის იყენებს შემოქმედებით მიდგომებს და განიხილავს გადატანილ ტრავმასთან დაკავშირებულ მოგონებებს, ემოციებს და პრობლემურ ქცევებს. ყოველი აქტივობა კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს უნდა იყოს მორგებული.
მუშაობისას თერაპევტმა შესაძლია მიმართოს შემდეგ მეთოდებს:
* რეალური ან წარმოსახვითი უსაფრთხო ადგილების იდენტიფიცირებას, რომლებსაც კლიენტი სტრესის დროს შეაფარებს თავს;
* აბსტრაქტული ნახატებით ემოციების გამოხატვას;
* სარელაქსაციო სავარჯიშოებს: სუნთქვით ვარჯიშებს, მედიტაციურ ტექნიკას, კუნთების მოდუნებას;
* ფსიქოდრამულ სავარჯიშოებს: ტრავმული სიტუაციის დადგმას და გაანალიზებას;
* ტრავმასთან დაკავშირებული უარყოფითი აზრებისა და ემოციების განხილვას დიალოგში.
ტრავმაზე ფოკუსირებული თერაპიის შედეგები
თერაპიის შემდეგ კლეინტი უკეთ აცნობიერებს ტრავმის რაობას და მასთან გამკლავების გზებს. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია:
1. ტრავმის შესწავლა;
2. უსაფრთხოების განცდის დაბრუნება;
3. ტრიგერების ამოცნობა;
4. გამკლავების ჯანსაღი უნარების განვითარება;
5. სტრესის შემცირება;
6. ტრავმის გადამუშავება და გამოცდილების ინტეგრირება.
ჩემს პრაქტიკაში მინახავს, როგორ იცვლის ადამიანი პოზას, ინტონაციას, სიტყვების მარაგს და ოთხი წლის, უსუსური ბავშვის პოზიციას იკავებს. მინახავს, როგორ იქცევა კლიენტი 13 წლის მეამბოხე მოზარდად. მინახავს, მთელი ცხოვრება როგორ ცდილობს, დაუმტკიცოს გარდაცვლილ დედას, რომ მისი სიყვარულის ღირსია, ან მეუღლისგან იგრძნოს მხარდაჭერა, რომელიც მამისგან ვერ მიიღო. ეს და მრავალი სხვა ტრავმული სცენარი ხანგრძლივ, მტკივნეულ და სიღრმისეულ მუშაობას მოითხოვს. სამაგიეროდ, დასასრულს კლიენტი გრძნობს შვებას და თავისუფლებას – იშორებს ბალასტს, რომელიც გამართულად სიარულში მთელი ცხოვრება უშლიდა ხელს.