საჯარო თუ კერძო
გააზიარე:
სკოლის შერჩევა მუდამ აქტუალური საკითხია. არჩევანი ძირითადად ორია – საჯარო ან კერძო.
მშობლებისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტერიუმი:
* უპირველეს ყოვლისა, სკოლა უსაფრთხო უნდა იყოს. მოსწავლეები იქ მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცულნი.
* მეორეა მასწავლებელთა პროფესიონალიზმი. მშობლები ამბობენ, რომ საგნის ცოდნა არ კმარა – მასწავლებელი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს და ყოველგვარი ყოფა-ქცევის მოსწავლესთან შეეძლოს კომუნიკაცია.
ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას მშობლები საჯარო და კერძო სკოლებისგან თანაბრად ითხოვენ, კერძო სკოლების მიმართ კი, სწავლის საფასურის შესაბამისად, სხვა მოთხოვნებიც აქვთ.
მაკას შვილს ცოტნე ჰქვია. ცოტნე მეშვიდეკლასელია და ამჟამად თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს. მანამდე ექვსი წელი საჯაროში გაატარა. მაკამ, მისივე თქმით, შვილი კერძო სკოლაში იმიტომ გადაიყვანა, რომ ცოტნე და მისი თანაკლასელები მასწავლებლებს არ ემორჩილებოდნენ და მათ დაწყნარებაში მთელი გაკვეთილი ფუჭად გადიოდა.
“ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. მეორე ის გახლდათ, რომ ცოტნეს კლასში ოცდათორმეტი ბავშვი სწავლობდა, წარმოგიდგენიათ?! მთელი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი ინდივიდუალურად ხუთ წუთსაც კი ვერ უთმობდა თითოეულ მათგანს”, – გვიამბობს მაკა.
რვა თვის შედეგებით თუ იმსჯელებს, ცოტნეს უკეთესობა, ასე თუ ისე, ეტყობა, თუმცა მაკასთვის ისიც საკმარისია, რომ მის შვილთან ერთად კლასში ახლა სულ თხუთმეტი ბავშვია და მასწავლებელს თითოეული მათგანისთვის მეტი დრო რჩება.
სამაგიეროდ, კერძო სკოლით უკმაყოფილოა გურანდა. მისმა გოგონამ, ელენემ, ხუთი წელი საჯარო სკოლაში ისწავლა, მერე კი სწავლა კერძოში განაგრძო. უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ გურანდამ შვილი კვლავ საჯარო სკოლაში დააბრუნა.
გურანდა გვიხსნის, რომ სკოლის გამოცვლის მიზეზი მისი და მისი მეუღლის მოუცლელობა იყო: “სამსახურიდან ორივე გვიან ვბრუნდებით. დამხმარის აყვანას მერჩივნა, ელენე გახანგრძლივებულ სკოლაში გადამეყვანა, სადაც გაკვეთილების შემდეგ ასადილებდნენ და გაკვეთილების მომზადებაშიც დაეხმარებოდნენ. ამ სკოლაში სწავლა ძვირი ღირდა, მაგრამ შვილის კეთილდღეობისთვის დანაზოგი არ დავინანე”.
სკოლაში ელენე ბულინგის მსხვერპლი გახდა – მასზე ძლიერმა გოგონამ დაჩაგრა და საპირფარეშოში ყოფნის დროს ფარულად გადაუღო ვიდეო. ელენე ამბობს, რომ ამ ვიდეოთი მას მანამდე აშანტაჟებდნენ, სანამ მასწავლებელთან არ იჩივლა. საქმე იქამდე მივიდა, რომ გურანდამ შვილი კვლავ ძველ სკოლაში დააბრუნა. მან არ იცის, დასაჯეს თუ არა მოძალადე მოსწავლე.
“სახელმწიფო სკოლებშიც ხშირია მოსწავლეებს შორის კონფლიქტი, მაგრამ იმან, რაც კერძო სკოლაში ვნახე, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. იქ ისეთი რამეები ხდება, ჩვეულებრივ სკოლებში არც კი დაესიზმრებათ”, – ამბობს გურანდა.
საქართველოს სკოლებში სწავლის ხარისხის მონიტორინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ატარებს. საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები მთავარი არგუმენტია, რომელიც განათლების სპეციალისტ ნათია ანდღულაძეს საქართველოში კერძო სკოლების უპირატესობის ხაზგასასმელად მოჰყავს. TIMSS, PIRLS, TEDS და PISA საერთაშორისო კვლევებია, რომელთა ფარგლებში მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საგანში ცდიან, შედეგებზე დაყრდნობით კი გამოაქვთ დასკვნა, როგორ აითვისეს მათ სასწავლო მასალა და აანალიზებენ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა მიღწევებზე. საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც 1959 წლიდან მსოფლიოს 70-მდე ქვეყნაში აწარმოებს შედარებით კვლევებს, მოსწავლეებთან ერთად მათში პედაგოგებს, სკოლის დირექტორებსა და მოსწავლეთა მშობლებსაც რთავს.
ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ, ზემოხსენებული კვლევების შედეგების თანახმად, საქართველოში კერძო სკოლები ლიდერობენ: “მაჩვენებელი ყველა კვლევაში კერძო სკოლების სასარგებლოდ იხრება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კერძო სკოლები ყველაფრით სჯობია საჯაროს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია მოსწავლის სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი. ცხადია, კერძო სკოლებში დაწინაურებული სოციალური კლასის ბავშვები სწავლობენ. მათ გარკვეული ფორა აქვთ – მათ მშობლებს წიგნების შეძენა არ უჭირთ, უკეთესად ეხმარებიან”.
ნათიას მიაჩნია, რომ საჯარო სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების დარიგების პრაქტიკა ვითარებას ოდნავ მაინც შეცვლის უკეთესობისკენ.
კერძო და საჯარო სკოლების შედარებისას ჩვენი რესპონდენტი მასწავლებლების კომპეტენციას გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებს: “მე, მაგალითად, ვიცი სკოლა, სადაც დაწყებით კლასებში ბავშვებს წიგნებით საერთოდ არ ასწავლიან. იქ მასწავლებელი თავად ქმნის საგანმანათლებლო რესურსებს. საჯარო სკოლებში მასწავლებლები წლების განმავლობაში სახელმძღვანელოებს იყენებდნენ როგორც სასწავლო გეგმას, ბოლომდე მიჰყვებოდნენ მათ და მოსწავლეებს ახალს, განსხვავებულსა და საინტერესოს არაფერს სთავაზობდნენ”.
იმავდროულად, ნათიას მიაჩნია, რომ კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლების ერთმანეთთან შედარება მართებული არ იქნება – თუნდაც მათი შესაძლებლობები ერთმანეთს უტოლდებოდეს, გადამწყვეტი მაინც რესურსების წვდომა და განსხვავებული მზაობის მქონე მოსწავლეებთან საქმის დაჭერაა.
ჩვენი რესპონდენტი არა მხოლოდ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ სკოლებში ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზეც მსჯელობს და ასკვნის, რომ საქართველო ამ კუთხით ისეთი ქვეყნების გვერდით დგას, როგორებიც დანია და შვედეთი არიან: “რასაც ცალკეულ სკოლებში ვხედავთ, არ შეიძლება, მთელ სისტემაზე განვაზოგადოთ. ზემოხსენებული კვლევების ერთ-ერთი თავი სკოლებში ძალადობას ეხება. თუ რაოდენობრივ კვლევას დავაკვირდებით, საქართველოში ძალადობის კლიმატი სამაგალითოა. არის სკოლები, სადაც ასეთი რამ ხდება, მაგრამ ზოგად სურათზე ეს არსებით გავლენას ვერ ახდენს”.
სხვაგვარ სურათს წარმოაჩენს 2014 წლის მარტში ჩატარებული პილოტური კვლევა – “ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები სკოლაში”. კვლევა GCRT-ის (წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის) თანამშრომლებმა ჩაატარეს. ორგანიზაციამ ორი ფოკუსჯგუფი აირჩია – მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე ექვსი საჯარო და ერთი კერძო სკოლიდან. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ყველა მოსწავლემ მე-8 დან მე-11 კლასის ჩათვლით.
ფსიქოლოგი და მკვლევარი ნატო ყვავილაშვილი ამბობს, რომ, როგორც დაკვირვებამ ცხადყო, ზემოხსენებულ სკოლებში მასწავლებლები ხშირად ვერ ამჩნევენ კონფლიქტს მოსწავლეებს შორის, შესვენებაზე ბავშვები მოკლებულნი არიან დამრიგებლის მეთვალყურეობას. ფსიქოლოგი გვიხსნის, რომ იგნორირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც სკოლაში ბულინგს წარმოშობს. პილოტურ კვლევაში მოსწავლეები სკოლაში ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ.
კვლევამ აჩვენა, რომ ხშირია მასწავლებლის მიერ მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა:
“მყავს მოხუცი მასწავლებელი, რომელიც, გაკვეთილზე თუ გაგეცინა, დებილს, იდიოტს და გაუნათლებელს გეძახის. დახეული ჯინსი თუ გაცვია, გეტყვის: “პატრონი არ გყავსო?!”
სიტყვიერი შეურაცხყოფა არა მარტო მოსწავლეს, არამედ მის ოჯახსაც მიემართება:
“მასწავლებელი რომ გეჩხუბება, გაღიმებული ხომ არ შეხედავ; ჰოდა, ამ დროს გვეტყვის ხოლმე: ასეთი ავი თვალებით დედაშენს შეხედე, დედაშენს ეჩხუბე ასეო”.
თვალში საცემია ეთნიკური და რელიგიური დისკრიმინაცია, საჯაროდ შერცხვენა ჩაცმის განსხვავებული სტილის, მასკულინური ან ფემინური გამოვლინების გამო:
“ჩემი მასწავლებელი მარტო ოჯახის წევრებს არ აყენებს შეურაცხყოფას... წინა პარასკევს გვითხრა: ყველას ქრისტიანულ შაბათ-კვირას გისურვებთო, – და მერე ჩემს ებრაელ კლასელს მიმართა: რა თქმა უნდა, შენ არაო”.
“როგორც არ უნდა აღიზიანებდეს მასწავლებელს ბავშვის ჩაცმულობა, თუნდაც შავი და წითელი მანიკიური, ეშმაკი არ უნდა დაუძახოს და ტყავის ელასტიკის გამო, ეშმაკის მოციქული ხარო, არ უნდა უთხრას”.
კვლევაში ასახულია მოსწავლეების ხელით შეხების ფაქტებიც – ტანსაცმელზე მოქაჩვა, ყურის აწევა, თავში წამორტყმა, ასევე – მობილურის წართმევა, გადაგდების მუქარა, ყურსასმენების წართმევა, გადაგდება, გაწყვეტა:
“ყოფილა შემთხვევა, დაგვმუქრებიან, ფანჯრიდან მოვისვრიო. მოუსვრიათ კიდეც, სანაგვე ყუთშიც ჩაუგდიათ”.
“დასასჯელად გვაშიმშილებენ. ასე ბევრჯერ დავუსჯივართ და ბევრს გვტკიოდა მუცელი გაკვეთილებზე. კინაღამ ვიტირეთ”.
“ძირითადი პრობლემები ქართულ სკოლებში“ – ასე ჰქვია კვლევას, რომლის შედეგები არასამთავრობო ორგანიზაცია “კამარამ” 2014 წლის მარტის მიწურულს გამოაქვეყნა.
კვლევის თანახმად, საჯარო სკოლებში მთავარი პრობლემებია:
* მასწავლებლის გადმოცემის უნარი;
* მასწავლებლის გულმავიწყობა;
* კონკრეტულ საგნებში ინფორმაციის ნაკლებობა;
* მასწავლებლის შიში – შეიძლება, დაგიყვიროს;
* ჩაცმის განსხვავებულ სტილზე თანაკლასელთა რეაქცია;
* გარიყვის მცდელობა;
* უპატივცემულობა განსხვავებული აღმსარებლობის თანატოლებისადმი;
* აზრის თავისუფლად გამოთქმის პრობლემა –დაცინვის შიში.
განსხვავებული პრობლემები აქვთ კერძო სკოლებში:
* უნდობლობა, გამოწვეული ადმინისტრაციის დამოკიდებულებითა და ვიდეოკამერებით;
* ადმინისტრაციის ქედმაღლური დამოკიდებულება, უმწეობის შეგრძნების გამოწვევა მოსწავლეებში, გარიცხვის შიშითა და თვალთვალით მანიპულირება;
* სკოლაში არ არის უფასო წყალი;
* გადატვირთულია ბუფეტი, რაც ზოგჯერ საკვების ნაკლებობას იწვევს;
* ვიდეოჩანაწერებზე მასწავლებლებს უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი, ვიდრე მოსწავლეებს;
* უშუალობის ნაკლებობა, გადაჭარბებული ფორმალურობა;
* თვალთვალისა და გადამეტებული კონტროლის შეგრძნება.
GCRT-ის ზემოხსენებული კვლევის თანახმად, სკოლებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე თავად მოზარდები მიგვითითებენ:
“მასწავლებელი, რომელიც სკოლაში მოდის, თავიდანვე შეაფასონ, თორემ მერე კონფლიქტები აქვთ ხოლმე მოსწავლეებთან”.
“მასწავლებელი რომ მოდის სკოლაში, ხომ აწერინებენ გამოცდას, რომ საგნის ცოდნა შეაფასონ; იმას კი საერთოდ არ უყურებენ, შეუძლია თუ არა ბავშვებთან ურთიერთობა”.
ამრიგად, თვალნათლივ ხედავთ, რა პრობლემები აქვთ საჯარო და კერძო სკოლებს. სად მიიყვანთ შვილს განათლების მისაღებად, თქვენი გადასაწყვეტია.
ნინია მაჭარაშვილი