მუსიკის როლი ბავშვის განვითარებაში
გააზიარე:
თქვენს სკოლამდელი ასაკის პატარას, სავარაუდოდ, უკვე უყვარს მუსიკის მოსმენა, ცეკვა და აქვს ამოჩემებული, საყვარელი სიმღერა. ამაში შესაძლოა თქვენი ხელიც ერიოს – ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, თუნდაც უბრალოდ მგზავრობისას მანქანაში სიმღერების მოსმენით.
მაგრამ იცით, რომ თქვენი პატარა საუკეთესო ასაკშია, რათა გაიღრმაოს და განივითაროს მუსიკალური შესაძლებლობები და გემოვნება?
- უსმინეთ მუსიკას
ბავშვებისთვის, რომლებიც მუსიკის სიყვარულით იზრდებიან, პატარაობიდანვე უსმენენ მას, მღერიან საყვარელ სიმღერებს და ჰყვებიან რიტმს, ადრევე იღება კარი გემოვნების, არომატების, ტექსტურების, ფერებისა და სხვადასხვა ჟღერადობის ბგერების სამყაროში. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი ტვინის უჯრედებს სწრაფი განვითარებისკენ უბიძგებს.
მუსიკა დადებითად მოქმედებს ბავშვის განვითარების ყველა სფეროზე – ინტელექტუალურზე, სოციალურზე, მოტორულსა და ემოციურზე. ის სხეულსა და გონებას ჰარმონიულ მოქმედებაში ეხმარება. ადრეულ ასაკში მუსიკის მოსმენა დიდ როლს ასრულებს ხმების გარჩევასა და სიტყვების მნიშვნელობის აღქმაში, ხელს უწყობს მეხსიერების განვითარებას, საყვარელ მუსიკაზე ცეკვა კი თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა.
მუსიკალური გამოცდილება მნიშვნელოვანია ნეირონული კავშირების წარმოსაქმნელად. რაც უფრო აქტიურია მუსიკალურად ბავშვი, მით უფრო მტკიცეა ეს კავშირები.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც აქტიური კავშირი აქვთ მუსიკასთან (უკრავენ, მღერიან ან ცეკვავენ):
* სკოლაში მისვლისას ადვილად სწავლობენ კითხვას და ითვისებენ მათემატიკას;
* განვითარებული აქვთ კონცენტრაციის უნარი და უკეთ აკონტროლებენ საკუთარ სხეულს;
* აქვთ მაღალი თვითშეფასება, შესაბამისად, ადვილად ამყარებენ ურთიერთობას ადამიანებთან.
- აჰყევით რიტმს
სკოლამდელი ასაკის ბავშვების გონებაში “იწერება” იმ სიმღერების ნაკრები, რომლებიც ყველაზე ხშირად ესმით (“დაბადების დღის სიმღერა”, “ჭრელო პეპელა”...). ისინი ნელ-ნელა იწყებენ საყვარელი სიმღერებიდან პატარ-პატარა ნაწყვეტების ღიღინს, ზოგჯერ სიტყვებს სხვა სიტყვებით ცვლიან. მალე მთლიანადაც შეძლებენ მათ სიმღერას. თქმა უნდა, შესაძლოა, ტონალობაში ზუსტად ვერ ჩასვან, მაგრამ დროთა განმავლობაში ამასაც მოახერხებენ.
შეამჩნევდით, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვს უკვე აქვს რიტმის გრძობა. მისი განვითარების ხელშეწყობა შესაძლებელია ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ხმის მოსმენით და გარჩევით. მაგალითად, გაამახვილეთ ყურადღება საათის წიკწიკზე და ჰკითხეთ ბავშვს, არის თუ არა ეს ხმა რიტმული, შემდეგ ქუჩაში ძაღლის ყეფაზე ან მანქანის სიგნალზე ჰკითხეთ იგივე და დააზუსტეთ, ხომ ხვდება, რატომ არის ერთი ხმა რიტმული, მეორე კი – არა. ბავშვთან ერთად ტაშით ან ფეხების ბაკუნით აჰყევით საყვარელი მელოდიის რიტმს – ეს ყველაზე უკეთ შეუწყობს ხელს რიტმის გრძნობის განვითარებას.
- მოდი, ვიცეკვოთ!
ყველაზე მარტივი და სახალისო რამ, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ: ჩართოთ მუსიკა და იცეკვოთ ბავშვთან ერთად, ააყოლოთ სხეული რიტმს და ტემპს.
ითამაშეთ “მიმბაძველობანა”: თქვენ მოძრაობას ასრულებთ, ბავშვი კი იმეორებს, ან პირიქით – ის ასრულებს მოძრაობას, ხოლო თქვენ ბაძავთ.
ბავშვებს ძალიან ახალისებთ მუსიკის ვიზუალიზაცია. მაგალითად, შარფის მეშვეობით შესანიშნავად შეიძლება ტონალობის აწევა-დაწევის დემონსტრირება. ააფრინეთ შარფი თავს ზემოთ, როდესაც ტონალობა აიწევს, ხოლო დაწევისას შარფიც დასწიეთ. ასევე შეგიძლიათ, ბავშვთან ერთად აიწიოთ და იცეკვოთ ფეხის წვერებზე, როდესაც ტონალობა აიწევს, ხოლო დაწევისას ქუსლების ბაკუნით დაეშვათ.
მუსიკისა და მოძრაობის კომბინაცია ბავშვს სხეულის მართვის უნარის განვითარებაში ეხმარება. ის სწავლობს, როგორ იმოძრაოს სწრაფად სწრაფ მუსიკაზე და ნელა – ნელზე. სხეულის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ის ბავშვს კონცენტრაციას უადვილებს და დიდ როლს ასრულებს თვითკონტროლის გამომუშავებაში.
- საკუთარი ძალებით
პატარებს ძალიან ახალისებთ, როცა საკუთარი ინსტრუმენტებით ჰყვებიან მუსიკას. შეგიძლიათ, ცალ ხელში ჯოხი დააჭერინოთ, მეორეში – დაირა ან ზანზალაკი და შესთავაზოთ, საკრავზე ჯოხის დარტყმით აჰყვეს მოსმენილ რიტმს. დააკვირდით, რამდენად კარგად გამოუვა.
მუსიკალური ინსტრუმენტების საკუთარი ხელით დამზადება სახალისო და, იმავდროულად, ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის ძალიან სასარგებლო აქტივობაა. ჩაყარეთ პლასტმასის პატარა კოლოფებში (თუნდაც Kinder Surprise-ის კონტეინერში) მძივები, ლობიოს მარცვლები ან ღილები – მიიღებთ შესანიშნავ ჩხარუნას, ყავის თუნუქის ქილები და საჭმლის შესანახი კონტეინერები კი დოლებისა და ლიტავრების მაგივრობას გაგიწევთ. ჩართეთ ბავშვის საყვარელი სიმღერა და თქვენ მიერ შექმნილი ინსტრუმენტებით აჰყევით.
- პატარა მუსიკოსი
თუ შინ ნამდვილი მუსიკალური ინსტრუმენტები გაქვთ, ბავშვი მათზე განწყობის შესაბამისად დაიწყებს დაკვრას. როდესაც კარგ გუნებაზე იქნება, მხიარულ და ხმამაღალ მელოდიას დაუკრავს, ხოლო ძილის წინ ან შედარებით სევდიან განწყობაზე მყოფი – ხმადაბალს. შეგიძლიათ, უფრო მეტად გააღვივოთ მისი ინტერესი, გვერდით მიუჯდეთ და მასთან ერთად დაუკრათ.
ერთად ივარჯიშეთ რიტმის აყოლაში – დრამის ჯოხებით ან სულაც ხელებით. ტაშით გამოიყვანეთ მოკლე რიტმული ფრაზა და სთხოვეთ ბავშვს, გაიმეოროს; თანდათან მელოდია გაართულეთ, მისი ხანგრძლივობაც გაზარდეთ. დროდადრო როლები გაცვალეთ და თქვენ გაიმეორეთ ბავშვის დაკრული მელოდია. შეგიძლიათ, განგებ დაუშვათ შეცდომა და შეამოწმოთ, შეგისწორებთ პატარა თუ გამოეპარება.
შეიძლება სიტყვიერი რიტმის გამოყენებაც. მაგალითად, წაიმღერეთ მისი საყვარელი სიმღერა და სთხოვეთ, მარცვლებს ტაში ააყოლოს.
დაეხმარეთ ბავშვს, გამოიკვლიოს მისთვის ყველაზე ნაცნობი ინსტრუმენტი – საკუთარი ხმა. მაგალითად, წარმოთქვით შესაბამისი ძალითა და ინტონაციით: “ესაა ხმა, რომლითაც ვლაპარაკობ”, “ეს ჩურჩულია”, “ეს ჩემი გაბრაზებული ხმაა”, “ეს ჩემი შეშინებული ხმაა”, – მერე კი პატარას სთხოვეთ იმავეს გაკეთება.
- თავისუფლება მუსიკაში
გინდათ, თქვენი პატარა ლაღი და მუსიკალური იყოს?
* იღიღინეთ ან უსმინეთ მუსიკას მანქანით მგზავრობისას, შინ საქმიანობისას ან მაშინ, როდესაც ბავშვი უბრალოდ თამაშობს. მუსიკალური ინსტრუმენტები (რა თქმა უნდა, არა ძვირად ღირებული და ისეთი, რომელსაც პატარამ შეიძლება რამე დაუშავოს) იქონიეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილას, რათა, როდესაც დაკვრა მოუნდება, ხელი არაფერმა შეუშალოს. შეიძინეთ ფლეიერი პირადად მისთვის, რომ, თუ საყვარელი სიმღერის მოსმენა მოუნდა, ეს თქვენს დაუხმარებლად მოახერხოს.
* კარგი იქნება, თუ ბაღში ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ბავშვს საშუალება მიეცემა, იმღეროს, ინსტრუმენტებზე დაუკრას, მონაწილეობა მიიღოს მიუზიკლში. ჰკითხეთ მასწავლებელს, რა სიმღერებს მღერიან ხშირად და სახლშიც იმღერეთ ისინი ბავშვთან ერთად.
* ხშირად ატარეთ პატარა საბავშვო თეატრში, კონცერტზე, მიუზიკლზე. ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური ფესტივალებიც ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვისთვის, შეიგრძნოს ის თავისუფლება, რომელსაც ადამიანს მუსიკა ანიჭებს. ასეთ ფესტივალებზე მას შეუძლია, თავისუფლად იცეკვოს, გაერთოს და აჰყვეს სიმღერებს ისე, რომ ხელი არავის შეუშალოს.
* კონცერტიდან დაბრუნებულს სთხოვეთ, სახლში, ოჯახის წევრებისთვის, თავადაც გამართოს მუსიკალური პერფომანსი. შესთავაზეთ ქაღალდის ბილეთების დამზადება და საგანგებოდ შერჩეულ სამოსში გამოწყობა. კონცერტის დაწყებისას დაიკავეთ თქვენი ადგილები და საუკეთესო შოუსთვის მოემზადეთ.
ლიკა ქათამაძე