რატომ ტირის პატარა?

გააზიარე:

ბავშვის ტირილი მისი ამქვეყნად მოვლინების პირველი ნიშანია. დიახ, პატარები სამყაროს ტირილით ესალმებიან. “ტირილის ენა” კიდევ დიდხანს რჩება მათთვის კომუნიკაციის მთავარ საშუალებად. მოდი, ამ უცნაური ენის თარგმნა ვცადოთ.

  • საუკეთესო თარჯიმანი

ახალშობილი ხშირად ტირის. რა გასაკვირია – მას ხომ არც ლაპარაკი შეუძლია, არც ჟესტიკულაცია, არც საკუთარი მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება. ისღა დარჩენია, იტიროს. სხვაგვარად როგორ გაგვაგებინებს, რომ რაღაც უჭირს, შია ან უბრალოდ მოფერება სურს? ასე რომ, ახალშობილობის პერიოდში ტირილი სულაც არ არის ცუდი. პირიქით, პრობლემებს ტირილის შეუძლებლობა ქმნის. მაგალითად, დღენაკლულებს ტირილის რეფლექსი არ გააჩნიათ, ამიტომ ზედმიწევნითი კონტროლი სჭირდებათ – ხომ არ მოშივდათ, დასვრილი საფენი ხომ არ აწუხებთ, რამე ხომ არ სტკივათ...
მუნჯის ენა დედამ იცისო, ამბობენ. ტირილის ენაც ყველაზე უკეთ, რა თქმა უნდა, დედიკოს ესმის. პირველ დღეებში შესაძლოა სულაც არ მოგეჩვენოთ იოლი გასაგები, მაგრამ გაივლის რამდენიმე დღე და ის თქვენთვის მშობლიურზე უფრო ახლობელი გახდება.

ვშიფრავთ გზავნილს

მაშ, რაზე მიგვანიშნებს ჩვილის ტირილი?

  • შიმშილზე. ახალშობილს ხშირი კვება სჭირდება – როგორც წესი, 2-3 საათში ერთხელ მთელი დღე-ღამის განმავლობაში. შესაძლოა, უფრო ხშირადაც მოითხოვოს. უარი არ უთხრათ. საქმე ის არის, რომ დედის რძე გამუდმებით იცვლის შემადგენლობას. ზოგჯერ მეტად ნოყიერია, ზოგჯერ – ნაკლებად. როდის როგორია რძის ნოყიერება, დედა ვერ ხვდება. სამაგიეროდ, კარგად ხვდება ახალშობილი, უფრო სწორად, მისი კუჭი. ენდეთ პაწაწინას ინსტინქტებს და აჭამეთ ყოველთვის, როცა მოგთხოვთ – მან უკეთ იცის, როდის შია. თუ ბავშვი ხშირად წოვს ძუძუს, მაგრამ მაინც გამუდმებით მშიერი გეჩვენებათ, შეუმოწმეთ წონის ნამატი.
  • შებერილობასა და მუცლის ტკივილზე. აირების დაგროვება ტირილის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ტირილის დროს კი პატარას ჰაერი ეყლაპება, მუცელი ებერება და ტკივილი უძლიერდება. იკვრება მანკიერი წრე – ტირილი ტირილის დამატებითი მიზეზის წარმოშობას უწყობს ხელს. ჩვილ ასაკში ასეთი პრობლემები გასაკვირი არ არის – ბავშვის საჭმლის მომნელებელი ტრაქტი თანდათან სწავლობს სწორად მუშაობას და გზადაგზა შეცდომებს უშვებს. ნაწლავის სპაზმი და შებერილობა, გარდა ფიზიოლოგიური უმწიფრობისა, შესაძლოა მეტისმეტად ბევრის ჭამამ და ძუძუზე არასწორმა მოჭიდებამაც გამოიწვიოს. ზოგჯერ გავლენას ახდენს დედის მიერ მიღებული საკვებიც.
  • სიცხეზე ან სიცივეზე. ბავშვისთვის ორივე შემაწუხებელია. მის ოთახში ტემპერატურა 22-25 გრადუსი უნდა იყოს.
  • გამოსაცვლელ საფენზე. თუ საფენი რეგულარულად არ უცვალეთ, ჩახურებას, გამოწვას, საფენისმიერი დერმატიტის განვითარებას ელოდეთ. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ შესაკრავი მეტისმეტად მჭიდროდ არ შემოუჭიროთ – ბავშვს ესეც შეაწუხებს და ტირილს დაიწყებს.
  • მონატრებაზე. ზოგჯერ პატარას უბრალოდ დედა ენატრება. საკმარისია, მან ხელში აიყვანოს, მიეფეროს, მიესიყვარულოს, რომ ბავშვი დაწყნარდება.
  • ავადმყოფობაზე. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვილის ყველა წამოტირებაზე საავადმყოფოში გაქანდეთ – შესაძლოა, პატარას უბრალოდ სცივა. ავადმყოფომა მხოლოდ მას შემდეგ უნდა ვივარაუდოთ, რაც ტირილის სხვა მიზეზები გამოირიცხება. ყურადღება მიაქციეთ თანმხლებ სიმპტომებს: ცხელებას, ხველებას, ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, ოფლიანობას, ასევე იმასაც, ხომ არ უმატებს ბავშვი ტირილს პოზის შეცვლის ან სხეულის რომელიმე უბანზე ზეწოლის დროს.
  • დაღლილობაზე. არ გაგიკვირდეთ, ახალშობილებიც იღლებიან. ისინი ზედმეტად ივსებიან სამყაროს ხმებით და შთაბეჭდილებებით. ბევრი ხალხის გარემოცვა, განათება, ხმაური – ყველაფერი ეს ახალშობილისთვის სტრესის წყაროა და ამას ხშირად ტირილით გვაგებინებს.

“მინდა და ვტირი”
ისეც ხდება, რომ ბავშვი უმიზეზოდ ტირის. თუ არც კვება აწყნარებს, არც საფენის გამოცვლა და არც მოფერება, დაე, ცოტა ხანს იტიროს – ეს მისთვის ერთგვარი განტვირთვაა.

  • ცრემლიანი განსაცდელი

ტირილიც არის და ტირილიც. პატარა ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს, შვეიცარიული საათის სიზუსტით იწყებს ტირილს და დიდხანს არ ჩერდება, თქვენ კი, დაბნეული და სასოწარკვეთილი, მზად ხართ, ბანი მისცეთ...
გაიცანით – ეს ახალშობილთა კოლიკაა.
ამ სახელით მოიხსენიებენ ბავშვის ჭირვეულობის ეპიზოდებს, რომლებიც, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში, კვირაში სამი ან მეტი დღე, დღეში სამ საათზე მეტხანს გრძელდება.
კოლიკის სიმპტომები უმეტესად დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, ძირითადად საღამოობით იჩენს თავს. პატარა გაბმულად ტირის. ხელები მომუჭული აქვს, ფეხები – მუცელთან მიტანილი, რკალივით მოხრილია.
სტატისტიკური მონაცემებით, ახალშობილთა კოლიკას ათიდან ოთხი ბავშვი უჩივის. ის, როგორც წესი, 3 კვირის ასაკიდან იწყება, 4-6 კვირის ასაკში პიკს აღწევს, მერე ნელ-ნელა უკუვითარდება და დაახლოებით 12 კვირისთვის სრულიად გაივლის.

  • ამოუხსნელი პრობლემა

მეცნიერებს ჯერაც ვერ გაუგიათ, რა იწვევს კოლიკას. არც ისე დიდი ხნის წინ ის საჭმლის მონელების დარღვევა ეგონათ. დღეს უკვე თანხმდებიან, რომ კოლიკა გაცილებით ფართო ცნებაა. მართალია, კოლიკიან პატარებს უმეტესად შებერილობაც აწუხებთ და მუცლის ტკივილიც, მაგრამ უცნობია, აირების დაგროვება იწვევს კოლიკას თუ შებერილობის მიზეზი ტირილის დროს ჰაერის ყლაპვაა, სხვა სიტყვებით რომ ვთვქათ, მუცლისმიერი პრობლემები კოლიკის შედეგია თუ მიზეზი.
ერთხანს ძროხის რძის აუტანლობაზე ჰქონდათ ეჭვი. ახლა მიიჩნევენ, რომ ეს ნაკლებსავარაუდო, იშვიათი მიზეზია. მით უმეტეს, კოლიკა ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვისაც ნაცნობი პრობლემაა. ზოგიერთი დედა კოლიკის სიმპტომების შესუსტებას რაციონიდან კოფეინის გამორიცხვას უკავშირებს, მაგრამ სხვებს ეს ვერ შველის – მენიუდან რძის, სოიის, კვერცხისა და ხორბლის პროდუქტების ამოღებით უკეთეს შედეგს იღებენ.


არსებობს მოსაზრება, რომ დისკომფორტის მიზეზი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვების სწრაფი გავლაა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ის ფაქტი მეტყველებს, რომ კვების ტემპის შემცირება ზოგჯერ პრობლემას აგვარებს. არც ის არის გამორიცხული, ამ ყველაფრის უკან ბავშვის ტემპერამენტი იდგას – ზოგ პატარას ახალ სამყაროსთან შესაგუებლად მეტი დრო სჭირდება.
მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, რომ კოლიკის მიზეზი გამოუვლენელი გასტროეზოფაგური რეფლუქსია (მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი საყლაპავში ამოდის). კიდევ ერთი ჰიპოთეზის თანახმად, კოლიკა ბავშვთა შაკიკის ადრეული ფორმაა.

  • საიმედო ინფორმაცია

ბავშვის გაბმული ტირილის მოსმენა სტრესია, ამიტომ კოლიკიანი ახალშობილის მოვლა ადვილი არ არის, ახალბედა (და არამხოლოდ) მშობლებისთვის კი ნამდვილი გამოცდაა. გახსოვდეთ: ახალშობილთა კოლიკა, ასე ვთქვათ, კეთილთვისებიანი მდგომარეობაა – ჯანმრთელობის პრობლემის ნიშანი არ არის, არავითარ დარღვევაზე არ მიუთითებს, შესაბამისად, არც გრძელვადიან პერსპექტივაში ქმნის საფრთხეს. კოლიკიან ბავშვებს წოვის კარგი რეფლექსი აქვთ, არც უმადობას უჩივიან, კარგად იმატებენ წონას და, საზოგადოდ, ჯანმრთელები არიან. ასე რომ, მხოლოდ მოთმინება მოგეთხოვებათ – განსაცდელი სულ რამდენიმე კვირაში გაივლის.

  • ტირილის საწინააღმდეგო სტრატეგია

ახლა კი იმ წესებს გავეცნოთ, რომელთა დაცვა ტირილის მიზეზის გამოვლენასა და აღმოფხვრაში დაგეხმარებათ (რეკომენდაციები ეხება როგორც კოლიკიან ბავშვებს, ისე მათაც, ვისაც კოლიკა არ აქვს).
ერთი სიტყვით, ვიქცევით ასე:

  • ვანაყრებთ. თუ ძუძუს აწოვებთ, სანამ მეორეს მიაწვდიდეთ, ბოლომდე დააცლევინეთ პირველი. ე.წ. უკანა რძე – რძე, რომელიც ძუძუს წოვებისას ბოლოს მოდის – გაცილებით მდიდარია, შესაბამისად, ნოყიერიც და ზოგჯერ უფრო ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედებაც ახასიათებს. თუ ბავშვი მაინც ჭირვეულობს ან ბევრს ჭამს, 2-3 საათის განმავლობაში რამდენჯერმე შესთავაზეთ მხოლოდ ერთი ძუძუ. ასე მეტ უკანა რძეს მიიღებს.
  • ვამცირებთ ტრიგერებს. შესაძლოა, კოლიკის მიზეზი იყოს დედის მიერ მიღებული საკვები, მაგალითად, ყავა, შოკოლადი, რძის ნაწარმი, თხილი, კაკალი. ზოგჯერ პატარას მათზე ალერგია აქვს. რამდენიმე დღე დააკვირდით, შესუსტდება თუ არა სიმპტომები რაციონიდან ამ პროდუქტების გამორიცხვის შედეგად. დედები ხშირად უარს ამბობენ ბროკოლიზე, კომბოსტოზე, პარკოსნებზე – საზოგადოდ, პროდუქტებზე, რომლებიც შებერვას უწყობს ხელს, თუმცა ახალშობილზე მათი უარყოფითი გავლენა კვლევებით არ დასტურდება. სხვა საქმეა, თუ ეს პროდუქტები თავად დედას უქმნის დისკომფორტსა და საჭმლის მონელების პრობლემებს.
  • ვცვლით ნარევს. ზოგჯერ ახალშობილი მგრძნობიარეა ხელოვნურ საკვებში შემავალი ცილების მიმართ. პედიატრთან შეთანხმებით შეცვალეთ ფორმულა და დააკვირდით, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს.
  • ვამცირებთ კვების ტემპს. ბოთლით კვება დაახლოებით 20 წუთი უნდა გაგრძელდეს. თუ ჩვილი უფრო სწრაფად ჭამს, უფრო წვრილნაჩვრეტიანი საწოვარა გამოიყენეთ.
  • ვარწევთ. მსუბუქი რწევა ბავშვს ამშვიდებს კიდეც და აირებისგან დაცლაშიც ეხმარება, რაც, როგორც ითქვა, ტირილის დამატებითი მიზეზია.
  • ვცვლით პოზიციას. გადააბრუნეთ. შესაძლოა, ბავშვი მხოლოდ იმიტომ ტირის, რომ ცალ გვერდზე წოლით დაიღალა. როდესაც ღვიძავს, მუცელზე დააწვინეთ და ზურგი დაუზილეთ. მაგრამ არამც და არამც არ დატოვოთ მუცელზე მძინარე – ამით იზრდება ჩვილის უეცარი სიკვდილის განვითარების რისკი!
  • აგვყავს ხელში. ჩვილი ბავშვი ხელში უფრო ადვილად მშვიდდება. არ შეგეშინდეთ, ეს მას არ გარყვნის. დაიკავეთ ვერტიკალურად – ეს პოზიცია ხელს უწყობს გადაყლაპული აირებისგან გათავისუფლებას, ამცირებს გულძმარვას. გეჭიროთ მკერდთან ახლოს – ზოგჯერ ბავშვებს მონატრებული შეგრძნებების გახსენება სჭირდებათ: თქვენი სითბოს შეგრძნება, თქვენი გულისცემა, თქვენი სუნთქვის სუნი.
  • ვასეირნებთ. ეტლით ან მანქანით გასეირნება ბავშვის დაწყნარების კიდევ ერთი ეფექტური ხერხია. მანქანით მგზავრობისას არ დაგავიწყდეთ სპეციალური სავარძლის გამოყენება.
  • ვიყენებთ თეთრ ხმაურს. არსებობს ძალიან საინტერესო კვლევები იმის თაობაზე, რომ ბავშვზე დადებითად მოქმედებს ვენტილატორის, მტვერსასრუტის, ფენის, სარეცხი მანქანის და სხვა ელექტრომოწყობილობების ხმა – ე.წ. თეთრი ხმაური.
  • ვათბობთ, ვაგრილებთ. სცადეთ, მუცელზე თბილი პლედი ან ბოთლი დაადოთ. გათბობის კარგი საშუალებაა ჩახუტებაც. ზაფხულის ცხელ დღეებში კი თხლად ჩააცვით და ხშირად დაბანეთ.
  • ვიყენებთ მედიკამენტებს. არსებობს სპეციალური წვეთებიც (სიმეტიკონის), რომლებიც პატარას მუცლის ტკივილთან გამკლავებაში დაეხმარება და სრულიად უვნებელია.
  • ვამოწმებთ. არც უსაფრთხოება დაივიწყოთ. დარწმუნდით, რომ ბავშვი თავისუფლად სუნთქავს, ხელისა და ფეხის თითები და ტუჩები ვარდისფერი და თბილი აქვს. დაუთვალიერეთ სხეული, ყურადღება მიაქციეთ შეშუპების, სიწითლის ნიშნებს, გამონაყარს, ნაკაწრებს. თუ დაავადების სიმპტომები შეამჩნიეთ, მიმართეთ ექიმს.
  • ვეფერებით. უმღერეთ, ესაუბრეთ, მოეფერეთ. პატარას ზოგჯერ დედის სითბო აკლია და ამიტომ ჭირვეულობს.
  • გახსოვდეთ: ის, რაც ერთს შველის, მეორეს ყოველთვის არ უხდება, ამიტომ სხვების გამოცდილების იმედად ნუ იქნებით. დამშვიდების საკუთარი სტრატეგიის შემუშავებას გარკვეული დრო დასჭირდება, თუმცა არც ისე ბევრი. ორიოდე უნაყოფო მცდელობაც გექნებათ. სამაგიეროდ, რამდენიმე დღეში უკვე გეცოდინებათ, რა შველის თქვენს პატარას.

მიმართეთ ექიმს, თუ:

  • პატარა უკვე 3 თვისაა, მაგრამ მაინც აწუხებს კოლიკა;
  • წოვის რეფლექსი სუსტი აქვს, უმადოდ წოვს ან ცუდად იმატებს წონას;
  • ქცევა ან ტირილის ხასიათი უეცრად შეეცვალა;
  • უცნაური ხმით ტირის;
  • მეტისმეტად დიდხანს ტირის;
  • ტირილს ერთვის მოდუნება, უცნაური სუნთქვა, მოძრაობა ან ზედმეტი აღგზნება, ცხელება, ძლიერი ღებინება, დიარეა, სისხლიანი განავალი.
  • გრძნობთ, რომ ბავშვის მოვლამ მეტისმეტად დაგღალათ, ხანდახან გგონიათ, რომ მზად ხართ, ბავშვს რამე დაუშავოთ.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: