ტრანსპორტი და ჯანმრთელობა
გააზიარე:
21-ე საუკუნეში ტრანსპორტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია, რომ ტექნიკური თუ ტექნოლოგიური პროგრესის არც ერთი მონაპოვარი კაცობრიობას უეკლოდ არ მიუღია. ადამიანი თითქოს ერთი ხელით აშენებს, მეორით კი თავისივე აშენებულს ანგრევს. სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გვერდითი ეფექტები ზოგჯერ იმდენად მასშტაბურია, უნებლიეთ იკითხავ: ღირდა კი მიღწევა ამად?
ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე მსჯელობით აღარ გადაგღლით. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს, რაშიც თავად დარწმუნდებით, თუ სტატიას წაიკითხავთ.
ისევ გამონაბოლქვი
ავტოტრანსპორტი რომ მავნე გამონაბოლქვს გამოყოფს, ბავშვმაც კი იცის. თუ დედამიწა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ამის არცთუ უკანასკნელი მიზეზი ავტოტრანსპორტით გამოწვეული ჰაერის დაბინძურებაა. სუფთა ჰაერი ქალაქებში ფუფუნებად იქცა. არც რეგიონებშია სახარბიელო ვითარება. ტექნოლოგიური ეპოქის შვილები გამონაბოლქვის სუნს ისე მივეჩვიეთ, სხვაობას მაშინღა ვგრძნობთ, როცა მთაში, ისეთ მიუვალ ადგილას მოვხვდებით, რომელიც ჯერ კიდევ არ დაუპყრიათ მანქანებს. ფილტვები ღრმად, ხარბად იწყებენ სუნთქვას. ჰაერსაც სულ სხვა გემო აქვს. ნეტარებ და ფიქრობ: “ნეტავი შეიძლებოდეს სუფთა ჰაერის ჭურჭელში ჩასხმა და ქალაქში წაღება...”
გამოთვლილია, რომ ევროპის 115 დიდ ქალაქში დაახლოებთ 40 მლნ ადამიანი სუნთქავს ჰაერით, რომელიც არ შეესაბამება ჯანმოს მიერ მოწოდებული ჰაერის ხარისხის, სულ მცირე, ერთ მაჩვენებელს. შედეგად ევროპაში დაახლოებით 100 000 ნაადრევი სიკვდილი ჰაერის დაბინძურების შედეგია.
თავად ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ავტოტრანსპორტი მიიჩნევა. საქართველოში სწორედ ტრანსპორტის გამონაბოლქვია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო. მისი წილად მოდის ქვეყნის მთლიანი გაფრქვევის 71%. ჰაერი ბინძურდება ნახშირჟანგით, ნახშირწყალბადით, აზოტის ჟანგეულებით, გოგირდის ორჟანგით, ჭვარტლით, ბენზაპრენით...
დადგენილია, რომ ავტომობილის გამონაბოლქვი გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული სნეულებებით ავადობასა და სიკვდილიანობაზე. მაგალითად, ბავშვებს, რომლებიც გადატვირთულ ქუჩების მახლობლად ცხოვრობენ, რესპირატორული დაავადებები ორჯერ უფრო ხშირად ემართებათ.
იმაზე თუ გიფიქრიათ, რომ ხვალინდელ ამინდის პროგნოზში თქვენს ავტომობილსაც მიუძღვის წვლილი? დიახ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაფრქვევი კლიმატზეც მოქმედებს. ცხადია, ეს გავლენა ირიბი და ერთი მანქანის კვალობაზე ნაკლებსაგანგაშოა, მაგრამ ჯამში ძალიან სერიოზულ მასშტაბს იღებს.
საშიში დეციბელები
დაბინძურებულ ჰაერთან ერთად მივეჩვიეთ საგზაო სატრანსპორტო ხმაურსაც: საყვირს, ვიბრაციას, ძრავის გუგუნს...
საგზაო მოძრაობა გარემოში ხმაურის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ჯანმრთელობაზე ხმაურის გავლენა კი მეტად მასშტაბური და არასასურველია: ის იწვევს სმენის დაქვეითებას, მის დროებით ან მუდმივ დაკარგვას, გონების კონცენტრაციის უნარის შესუსტებას, ძილის დარღვევას, გაღიზიანებასა და შფოთვას. ბავშვებს, რომლებიც ხმაურის ქრონიკულ ზემოქმედებას განიცდიან, აღენიშნებათ ყურადღების დეფიციტის სინდრომი, მეხსიერების დაქვეითება, უჭირთ დასწავლა. ჯანმოს გამოთვლით, ხმაური რომ არა, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გულის იშემიური დაავადება არ შეიწირავდა ადამიანთა სიცოცხლის 61 000 წელს, ძილის დარღვევა – 903 000 წელს, გაღიზიანებადობა და შფოთვა – 587 000 წელს, შემეცნებითი უნარების მოშლა – 45 000 წელს. მაშასადამე, ტრანსპორტთან დაკავშირებული ხმაურის გამო ყოველწლიურად, სუ მცირე, 1 მლნ ჯანმრთელი წელი იკარგება.
გზები როგორც სასაკლაო
საგზაო სატრანსპორტო ტრავმატიზმი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამ მიზეზით ყოველწლიურად მილიონ 300 ათასი ადამიანი კვდება, 20-დან 50 მილიონამდე კი სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებას იღებს. დაშავებულთა უმეტესობა 15-დან 29 წლამდე ასაკისაა. საგზაო სატრანსპორტო ტრავმატიზმი ბავშვებისა და ახალგაზრდების ნომერ პირველი მკვლელია მთელ მსოფლიოში. გამოთვლილია, რომ საფუძვლიანი პროფილაქტიკური ღონისძიებების გარეშე აღნიშნული მაჩვენებლები გაიზრდება, ამიტომ ბოლო წლებში ჯანმო სულ უფრო აქტიურად მოუწოდებს წევრ ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ. უბედური შემთხვევების პრევენციის კარგად აპრობირებულ მეთოდებად მიიჩნევა ღვედების, ჩვილ და მოზრდილ ბავშვთა სპეციალური სავარძლების, ჩაფხუტებისა და დამატებითი ბალიშების სავალდებულო გამოყენება, ტრანსპორტის სიჩქარის შეზღდუვა და სისხლში ალკოჰოლის შემცველობის კონტროლი.
2013 წელს საქართველოში საგზაო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე 11.5-ს შეადგენდა. ის ოთხჯერ აღემატებოდა საუკეთესო გლობალურ მაჩვენებელს (2.8) და ორჯერ – ევროკავშირის ყველა ქვეყნის საშუალო საგზაო სიკვდილიანობის მაჩვენებელს. 2013 წელს საქართველოს გზებზე 514 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევათა ნახევარზე მეტი დასახლებულ ადგილებში მოხდა, უმთავრესად – თბილისში. გარდაცვლილთა 35% ფეხით მოსიარულე იყო, ხოლო 48% – 17-დან 40 წლამდე ასაკისა. ექსპერტები ამ სიტუაციას სერიოზულს უწოდებენ. გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი და ეფექტური ღონისძიებების გარეშე უბედური შემთხვევების მასშტაბი უფრო მეტად გაიზრდება.
მოძრავი უმოძრაობა
ავტოტრანსპორტის უარყოფით მხარეებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ადინამია – უმოძრაობა, რომლის მასშტაბის კატასტროფული მატება სწორედ ავტოტრანსპორტის პოპულარიზაციის შედეგია. წლიდან წლამდე ქუჩებში სულ უფრო ნაკლები ფეხით მოსიარულე გვხვდება. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ქალაქის ცენტრალურ გამზირებზე უამრავ ქვეითს ნახავდით. ევროპაში ავტომობილით მოსარგებლენი ათიდან სამ შემთხვევაში სულ სამიოდე კილომეტრის გასავლელად ქოქაბვენ ძრავას, ათიდან ხუთ შემთხვევაში – ხუთიოდე კილომეტრის გასავლელად. შედარებისთვის: იმავე მანძილის ველოსიპედით გავლას 15-20 წუთი სჭირდება, ხოლო ფეხით (თუ სწრაფად ვივლით) – 30-50 წუთი, მაგრამ ევროპელები მაინც ავტოტრანსპორტს ამჯობინებენ. შედეგად მოსახლეობის 30%-ზე მეტი ფიზიკურად არააქტიურია. ამის ნაყოფია სიმსუქნის ეპიდემია, რომლის მაჩვენებლებმა 1980-დან 1990 წლამდე ოთხჯერ მოიმატა.
ჯანმოს მონაცემებით, ფიზიკური ინერტულობა მთელ მსოფლიოში ავადმყოფობისა და სიკვდილის მეოთხე რისკფაქტორია. მის ფონზე 21-25%-ით იმატებს ძუძუსა და სწორი ნაწლავის კიბოს რისკი, 27%-ით – დიაბეტისა, 30%-ით – გულის იშემიური დაავადებისა. ამის საპირისპიროდ, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის ერთი საათი ორი საათით გვიხანგრძლივებს სიცოცხლეს.
სატრანსპორტო არითმეტიკა
მოგეხსენებათ, თანამედროვე მსოფლიოში ყველაფრის დათვლა შესაძლებელია. ეკონომიკური ფაქტორის გაუთვალისწინებლად არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება. დათვალეს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გამოწვეული ეკონომიკური ხარჯიც. აღმოჩნდა, რომ ყველა სიკეთესთან ერთად, ტრანსპორტი დიდ ფინანსურ ტვირთსაც ქმნის. სოციალურ-ეკონომიკური დანახარჯი, რომელიც საგზაო სატრანსპორტო ტრავმებს უკავშირდება, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს უტოლდება (საუბარია ევროპის ქვეყნებზე). მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ეს დაახლოებით 180 მილიარდი ევროა, რაც ორჯერ აღემატება ევროკავშირის 2004 წლის ბიუჯეტს. ხარჯის უდიდესი წილი უბედურ შემთხვევებზე მოდის – წელიწადში 158 მილიარდი ევრო.
ავსტრიაში ველოსიპედით სიარულის საშუალო წილი 5%-ია, ხოლო საშუალო მანძილი – 2 კმ. შეფასებათა თანახმად, ველოსპორტის ეს დონე უზრუნველყოფს 412 სიცოცხლის გადარჩენას, შესაბამისი ეკონომიკური სარგებელი კი 405 მლნ ევროა. მაჩვენებლის 5-დან 10%– მდე გაზრდა შედეგს გააორმაგებს.
უმოძრაობის საფასური დაითვალეს ინგლისში. 2002 წელს ის 3-12 მილიარდის ფარგლებში მერყეობდა, მოიცავდა ჯანდაცვის ხარჯებს, გაცდენილი სამუშაო დღეების ფინანსურ დანაკარგს და ნაადრევი სიკვდილის შედეგად დაკარგულ შემოსავალს. არ ჩაუთვლიათ ადინამიისა და სიმსუქნის ეკონომიკური ტვირთი, რომელიც, თავის მხრივ, წელიწადში 9,6-10.8 მლრდ ევროს აღწევს.
შვეიცარიაში ადინამიით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მხოლოდ პირდაპირი ხარჯი კი წელიწადში 1.1-1.5 მლრდ ევროდ ფასდება.
ამრიგად, ერთი მოქალაქის უმძრაობა სახელმწიფოს წელიწადში 150-300 ევრო უჯდება.
კიდევ რა?
თუ გეცოტავათ, გაიხსენეთ, რომ საცობებში დაკარგული დრო და სიმშვიდე შრომის საერთო ნაყოფიერებაზე ახდენს გავლენას; მანქანების ნარჩენები პრობლემებს ქმნის ნაგავსაყრელებზე; სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საწვავის ხარისხი და ენერგეტიკული უსაფრთხოება. ნურც სივრცით-გეგმარებით პრობლემებს დაივიწყებთ: ქალაქში მანქანის გასაჩერებელი ადგილების ტოტალური დეფიციტია.მანქანებით გადატვირთული ქუჩები თუ ტროტუარები არაესთეტიკური სანახავია, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და ფეხით მოსიარულეებს საგრძნობლად უზღუდავს მოძრაობის არეალს.
ასე რომ, როდესაც საჭესთან დაჯდებით და მანქანას დაქოქავთ, გაიხსენეთ ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც ამ ერთი შეხედვით მარტივ მოძრაობას მოყვება.
მთავარია ადამიანი
ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ვებგვერდზე შავით თეთრზე წერია, რომ ევროპის ქვეყნები სატრანსპორტო პოლიტიკასთან მიმართებით წინააღმდეგობრივ მოთხოვნებს აწყდებიან. ერთი მხრივ, ტრანსპორტი ეკონომიკაში წამყვან როლს ასრულებს. მეორე მხრივ, შემაშფოთებელია უარყოფითი შედეგები, რომლებიც მას ადამიანის ჯანმრთელობისა თუ გარემოსთვის მოაქვს. ამ შედეგების დანახვისა და გაანალიზების შემდეგ, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა და ჯანმოს ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით, ლონდონში, გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 1999 წლის მესამე მაღალი დონის მინისტერიალზე, მოსალოდნელი პრობლემების გადასაჭრელად მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს ქარტია ტრანსპორტის, გარემოსა და ჯანმრთელობის შესახებ. აქვე დაიგეგმა ამ სექტორთა წარმომადგენლებისთვის პირველი მაღალი დონის შეხვედრა – ჟენევაში 2001 წელს. ამას მოჰყვა ჟენევის 2002 წლის შეხვედრა და 2009 წლის შეხვედრა ამსტერდამში, სადაც ევროპის უმაღლეს ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა ე.წ. ამსტერდამის დეკლარაცია მიიღეს. მორიგი შეხვედრა 2014 წელს პარიზში გაიმართა. აქვე შემუშავდა პარიზის დეკლარაცია. ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები შეთანხმდნენ, რომ მიზნების მისაღწევად საჭიროა ტრანსპორტის ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის სექტორების გაერთიანება და საერთო სტრატეგიის შემუშავება. მინისტერიალის მონაწილეებმა იმსჯელეს მწვანე ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობაზე, რომელიც ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას. პანევროპულ პროგრამას ძალიან საინტერესო სლოგანი აქვს: დინამიკურ ქალაქში მთავარი ადამიანია!
მწვანე პოლიტიკა
როგორც ითქვა, ექსპერტებს ვითარების გამოსწორების ერთ-ერთ საშუალებად მწვანე პოლიტიკა ესახებათ. ის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებს არ ეხება – პოლიტიკის მიზანი როგორც ეკონომიკური მაჩვენებლების, ისე ეკოლოგიისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ის გულისხმობს განახლებადი ენერგიის (ბიოგაზის, მზის, ქარის, გეოთერმული, საზღვაო, სითბური უჯრედების ენერგიის) გამოყენებას, მწვანე შენობების აშენებას (მწვანე მასალებით), წყლის მართვას, ნარჩენების მართვას (უტილიზაციას, მუნიციპალური ნარჩენების გამოყენებას, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას), მიწის მართვას (ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარებას, ურბანული პარკებისა და ტყეების გაშენებას) და, რა თქმა უნდა, მწვანე ტრანსპორტს (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტრონული სატრანსპორტო საშუალებები). ერთი სიტყვით, მსოფლიო თანამეგობრობა პრობლემას ხედავს და მის მოგვარებას ცდილობს. არანაკლები როლი აკისრია თითოეულ ჩვენგანს. მართალია, პოლიტიკას არ ვქმნით, მაგრამ შეგვიძლია, ტრანსპორტის მავნებლობასთან ბრძოლის შედეგებზე დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოვახდინოთ.
როგორ?
ეცადეთ:
* მანქანა სახლში დატოვოთ და მცირე მანძილი ფეხით გაიაროთ;
* გამოიყენოთ მაღალი ხარისხის საწვავი;
* შეძენის დროს უპირატესობა მიანიჭოთ ჰიბრიდულ ან ელექტრო ავტომობილს;
* შეიძინოთ გამართულად მომუშავე ავტომობილი;
* დაიცვათ მოძრაობის წესები;
* არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი არ დაჯდეთ საჭესთან;
* არ გადააჭარბოთ ნებადართულ სიჩქარეს;
* შეიკრათ ღვედი;
* არ გადაირბინოთ გადასასვლელზე;
* მეტი იმოძრაოთ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მთავარი ადამიანია! საქმე ის არის, მიხვდებიან თუ არა ამას თავად ადამიანები.
გვანცა გოგოლაძე