ნამწვი, ნარჩენი...

გააზიარე:

შარშანდელმა ზაფხულმა სიცხესთან ერთად იმითაც დაგვამახსოვრა თავი, რომ ბორჯომის ტყეს ხანძარმა გადაუარა. იმ ხანებში მთელი საქართველო ფიქრით ბორჯომის ხეობაში იყო და თავდაუზოგავად მომუშავე მეხანძრეებს გულშემატკივრობდა.

ტყის განადგურებას სავალალო შედეგამდე რომ მივყავართ, არაერთხელ გაგვიგონია. ყველაზე აშკარა ნეგატიური შედეგი, რომელიც შესაძლოა ტყის დიდი მასივის განადგურებას მოჰყვეს, ეკოსისტემის გაქრობაა: მცენარეებისა, ცხოველებისა, მწერებისა... ეკოსისტემის გაქრობის შედეგია, თავის მხრივ, ღვარცოფები, ზვავები, ქვათა ცვენა...
ტყის მასიურ განადგურებას კიდევ ბევრი ცუდი რამ მოსდევს. ყველაფრის ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ტყის ეკოსისტემის აღსადგენად ასი წელი მაინცაა საჭირო.

  • ცეცხლის სისწრაფით

ხანძარი ტყეს ელვის სისწრაფით ანადგურებს, ალი ერთი უბნიდან მეორეს ადვილად და სწრაფად ედება, ამიტომ ცეცხლის ლიკვიდაცია ხშირად ძალიან ძნელია.
ალის გავრცელების სისწრაფე იმაზეც არის დამოკიდებული, რას უკიდია ცეცხლი. ბორჯომის ტყე უმეტესად ფიჭვნარია. ფიჭვს ცეცხლი თავისებურად ეკიდება – უმთავრესად ხის ზედა ნაწილი იწვის და ალი ძლივს აღწევს მიწამდე. ეს ფაქტი ერთი შეხედვით დადებითადაც შეიძლება შეფასდეს (თუ შესაძლებელია, ხანძარს რამე დადებითიც ვუპოვოთ), რადგან ფესვები გადარჩება; მედლის მეორე მხარეა ფიჭვნარში ცეცხლის გავრცელების სისწრაფე: ცეცხლმოკიდებული გირჩები ნაღმებივით სკდება, ნაპერწკლები მეზობელ ხეებს ხვდება და გაფისულ ტოტებს ჩირაღდანივით აბრიალებს.

  • არ გაუთამამდეთ

თუ ისე მოხდა, რომ ხანძარმა ტყეში მოგისწროთ, სასწრაფოდ უნდა გაეცალოთ ტყეს იმ მხრიდან, რომელიც ცეცხლისგან თავისუფალია.
თუ ცეცხლი მაინც მოგწვდათ, სამშვიდობოს გასვლისთანავე ასე მოიქეცით:
* დამწვარი ადგილი, სულ მცირე, 20 წუთით შეუშვირეთ ცივი წყლის ჭავლს.
* თუ ეს შეუძლებელია, ნადგამ წყალში (თუნდაც ბოთლით წამოღებულში) დაასველეთ ნაჭერი და დაიდეთ. ორ წუთში ერთხელ ხელახლა დაასველეთ.
* შეეცადეთ, სხეულის საღი ნაწილები თბილად შეინარჩუნოთ: თუ თან გაქვთ, მოიხვიეთ პლედი ან თბილი ტანსაცმელი შემოიცვით.
* არ დაიდოთ დამწვრობაზე ყინული, არ წაისვათ კარაქი, ზეთი, კოსმეტიკური კრემი თუ გელი!
* დამწვრობის გარშემო სხეული გაითავისუფლეთ მოჭერილი ტანსაცმლისა და სამკაულებისგან, რათა დამწვარი ქსოვილისკენ სისხლმა თავისუფლად იდინოს.
* რაც უნდა მსუბუქად გამოიყურებოდეს დამწვრობა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ხანძარს ჯანმრთელობაზე მეყსეულთან ერთად გახანგრძლივებული ზემოქმედებაც ახასიათებს. შედეგი დღეების, კვირების, თვეების შემდეგ იჩენს თავს. ამის მიზეზი ის ტოქსიკური ქიმიური ნაერთებია, რომლებიც წვის შედეგად წარმოიქმნება.

  • ჰაერში მოტივტივე ქვიშა

ხემცენარეების წვის შედეგად წარმოქმნილი ფერფლის შემადგენლობა ასეთია:
* ნახშირორჟანგი;
* გოგირდისა და აზოტის დიოქსიდი;
* ფორმალდეჰიდი;
* აკროლინი;
* პოლიციკლური არომატული ჰიდროკარბონატი (პაჰ);
– მყარი შეწონილი ნაწილაკები.

  • როგორ ფიქრობთ, რომელი მათგანია ყველაზე საშიში?

უდავოა, რომ ჯანმრთელობაზე ყველა თავისებურად ნეგატიურ გავლენას ახდენს, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩამონათვალის უკანასკნელი წევრი ყველაზე ვერაგულად ესხმის თავს ჩვენს ორგანიზმს.
მყარი შეწონილი ნაწილაკები (მშნ), იგივე PM (Particulate matters), ძალიან წვრილი, ქვიშისმაგვარი წარმონაქმნებია, რომლებიც იოლად ხვდება ადამიანის ორგანიზმში.
მშნ-ს ორი ტიპი არსებობს: 2.5 და 10. ერთმანეთისგან მათ ზომა განასხვავებს. პირველი ტიპის ნაწილაკები უფრო პატარაა. სწორედ მშნ2.5 წარმოიქმნება ხეტყის წვის შედეგად.
მშნ2.5 ჩვენს ჯანმრთელობაზე უკიდურესად ნეგატიურად, ზოგჯერ მომაკვდინებლადაც კი მოქმედებს. ეს პაწაწინა სხეულები, რომელთა დიამეტრი თმის ღერის დიამეტრის სამ პროცენტს თუ გაუტოლდება, სასუნთქ სისტემაში იჭრება, გაივლის მას და ფილტვებში ილექება. მშნ10 შედარებით დიდი ზომის გამო იოლად ვერ აღწევს ფილტვებამდე და ამიტომ შედარებით უსაფრთხოცაა.
ფილტვის ქსოვილში ნელ-ნელა დალექილი მშნ2.5 ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს ბრონქიტს, საბოლოოდ კი შესაძლოა ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ სინდრომთანაც მიგვიყვანოს.
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც შესაძლოა მშნ-ს მიზეზით განვითარდეს ან გამწვავდეს, ასთმაა.
უხილავი ნაწილაკები მარტო სასუნთქ სისტემას კი არ აღიზიანებს, არამედ შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზადაც იქცეს. მშნ-ებს უკავშირებენ ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, გულის რიტმის დარღვევა.

  • გახსოვდეთ!

მყარი შეწონილი ნაწილაკები მხოლოდ ტყის ხანძრის დროს არ ჩნდება – ისინი ყოველგვარი წვის შედეგად დიდი კონცენტრაციით გამოიტყორცნება ჰაერში. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, როგორ არის გაჯერებული ჩვენი დედაქალაქის ჰაერი ამ ნაწილაკებით!

  • ვის მოვუფრთხილდეთ

ცხადია, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ემსხვერპლოს მავნე ნივთიერებებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ:
– სასუნთქი ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც აქვს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული სინდრომი და`ან ასთმა;
* მოხუცები, რადგან მათ უფრო ხშირად აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიები;
* ბავშვები, რადგან მათი სასუნთქი სისტემა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი და მეტისმეტად მგრძნობიარეა., თანაც ისინი გაცილებით მეტ ჰაერს ჩაიისუნთქავენ, მათ შორის – დაბინძურებულსაც, ვიდრე მოზრდილები (იგულისხმება ჩაისუნთქული ჰაერის მოცულობა სხეულის მასასთან მიმართებით), დაბოლოს, იმიტომ, რომ ბავშვები გაცილებით მეტ დროს ატარებენ გარეთ, ვიდრე მოზრდილები;
ქალაქის მოსახლეობა, სადაც ჰაერი გაცილებით მეტადაა დაბინძურებული, ვიდრე სოფლად, ასევე – მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც წვის პროდუქტების სიახლოვეს (გადამწვარი ტყის მახლობლად, ნაგავსაყრელთან) უწევს ცხოვრება ან მუშაობა.

  • არამხოლოდ ჰაერი

ტყის ხანძრის შედეგად იცვლება არა მარტო ატმოსფერული ჰაერის შემადგენლობა, არამედ იმ წყლისაც, რომელიც უშუალოდ ტყის ნიადაგში გაედინება ან მის სიახლოვეს ჩაედინება. წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები გამდინარე წყლებშიც ხვდება და საფრთხეს უქმნის იმ ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობას, რომლებიც ამ წყალს სვამენ.
წყალი ბინძურდება როგორც უშუალოდ ხანძრის დროს, ისე მის შემდეგაც, რამდენიმე თვის განმავლობაში. ასე რომ, მეტად მნიშვნელოვანია ხანძრის შემდეგ მიმდებარე წყლების ხარისხის კვლევა.
ტყის ხანძრის შედეგად ხარისხთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს წყლის რაოდენობაც: გრუნტის წყლები დაშრეს ან მიმართულება იცვალოს, ეს კი არასასურველ ცვლილებებს უქადის ახლომახლო სოფლების მცხოვრებლებს, რომელთა მეურნეობაც წყლის რაოდენობასა და ხარისხზეა დამოკიდებული.

  • სანამ რამეს გავზომავთ

ალბათ გახსოვთ გასულ წელს კალიფორნიაში მომხდარი ხანძრების სერია, რომელმაც შტატის ყველა რეკორდი მოხსნა. 2018 წელს შტატის 766 439 ჰექტარს, არც მეტი, არც ნაკლები, 8 527 ხანძარმა გადაუარა. იყო მსხვერპლიც, დათვლილია ზარალიც... თუმცა, კიდევ ერთი რამ, რისი ოპერატიულად გაკეთებაც შეეძლო ადგილობრივ მთავრობას, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის შემოწმება იყო.
კვლევის შედეგად ზუსტად განისაზღვრა, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი და წყალი წვის პროდუქტებით, ასევე – რა რადიუსით ვრცელდება საფრთხე და როგორ უნდა ჩატარდეს უმოკლეს დროში გასაწმენდი სამუშაოები.

ჩვენც ვუფრთხილდებით ტყეს, განვიცდით, როდესაც ალმოდებულ ხეებს ვხედავთ, ვგულშემატკივრობთ მეხანძრეებს... მაგრამ თუ გვახსენდება ერთი მესიჯი მაინც, რომელიც მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნობდა? იქნებ მე გამომრჩა...

ინა ჟირარი

გააზიარე: