ქალაზიონი: ჯიბლიბოა თუ რამე სხვა?

გააზიარე:

ჯიბლიბო ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა. არაესთეტიკურთან ერთად ის მტკივნეულიცაა. არსებობს ქუთუთოს კიდევ ერთი დაავადება  – ქალაზიონი. მისი სახელი ცოტას თუ გაუგონია. მოურჩენელი, ქრონიკული ჯიბლიბო კი სინამდვილეში სხვა არაფერია, თუ არა ქალაზიონი.

მოდი, გავიგოთ, რა არის ქალაზიონი, რით განსხვავდება ჯიბლიბოსგან და როგორ უნდა მოვიქცეთ ქუთუთოს ამ დაავადების დროს.

 

რა არის ქალაზიონი

ქუთუთოში, წამწამების უკან, მეიბომის ჯირკვლები მდებარეობს.  მათში ცხიმოვანი სითხე გამომუშავდება, რომელიც თვალს პოხავს. უმეტესად სწორედ ამ ჯირკვლების ანთების შედეგია ჯიბლიბოც და ქალაზიონიც. ჯიბლიბო შესაძლოა განვითარდეს ბლეფარიტის (ქუთუთოს ანთების) ფონზეც.

ჯიბლიბო მწვავე პროცესია, ქალაზიონი კი ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული ანთება. ამ დროს ქუთუთოზე მცირე ზომის გამობერილობა ჩნდება, რისი მიზეზიც მეიბომის ჯირკვლების დახშობა და სითხის შეგუბებაა.  

ჯიბლიბო შესაძლოა ქუთუთოს გარეთაც განვითარდეს (ამ დროს ის მუწუკს მოგვაგონებს) და შიგნითაც. უმეტესად სწორედ შიგნითა ჯიბლიბო გადაიზრდება ქალაზიონში: სიწითლე და შეშუპება გაივლის, მაგრამ ჯირკვალი შეგუბებული სითხისგან ვერ იცლება და მასში მცირე ზომის კვანძი წარმოიქმნება. სწორედ ეს გახლავთ ქალაზიონი. ზოგჯერ კი ამ უკანასკნელს შეცდომით ჯიბლიბოდ ნათლავენ, ვინაიდან  საწყის ეტაპზე მათი ერთმანეთისგან გარჩევა არც ისე ადვილია.

 

როგორ ვლინდება

თავდაპირველად ქალაზიონი შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, რადგან ტკივილი არ ახასიათებს. პროცესის პროგრესირების კვალდაკვალ ქუთუთო შუპდება, წითლდება, ზოგჯერ რბილდება კიდეც. თუ ქალაზიონი დიდი გაიზარდა, შესაძლოა თვალს მიაწვეს და მხედველობის  დაბინდვა გამოიწვიოს. 

 

დიაგნოზი

დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის – დამახასიათებელი კლინიკური სურათი, ანამნეზი და ქუთუთოების დათვალიერება საკმარისია. იშვიათად ქალაზიონს ჰგავს ქუთუთოს კანის კიბოც. თუ გასინჯვისას ექიმს ავთვისებიან დაავადებაზე გაუჩნდა ეჭვი, ბიოფსიას დანიშნავს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

უმჯობესია, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში ექიმთან მიბრძანდეთ – თვალი იმდენად სათუთია, რომ მასზე ექსპერიმენტების ჩატარება არ ღირს. არც მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენებაა მიზანშეწონილი. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ, თუ ქუთუთოზე წარმონაქმნი, მიუხედავად მკურნალობისა,  იზრდება ან ამ არეზე წამწამები ცვივა.

 

როგორ მკურნალობენ

ხშირად ქალაზიონი დაახლოებით ერთ თვეში თავისთავად გაივლის. არცთუ იშვიათად თავად იკურნება ჯიბლიბოც. საჭიროების შემთხვევაში კი ექიმი მალამოს ან თვალის წვეთებს გამოგიწერთ.

უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად სპეციალისტები გვირჩევენ, დღეში ოთხჯერ მაინც ქუთუთოზე 10-15 წუთით ცხელი საფენი დავიდოთ. გამოიყენეთ ისეთი ტემპერატურის წყალი, რომელშიც კომფორტულია ხელის მოთავსება (ცხელი, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ). კომპრესი დაარბილებს გამაგრებულ შიგთავსს, რომელიც ჯირკვლის სანათურს ახშობს და სითხის დრენირებას შეუწყობს ხელს.

არ დააწვეთ და არ მოუჭიროთ ქალაზიონს! მისი გამორწყვა არ შეიძლება! ამით არათუ ვერ მოირჩენთ ანთებას, არამედ გაირთულებთ კიდეც საქმეს.

თუ ქალაზიონი იზრდება და დიდხანს არ რჩება, ქირურგიულ მკურნალობას მიმართავენ. შედეგი უმეტესად ძალიან კარგია.  ოპერაცია მარტივია და რამდენიმე წუთს გრძელდება. თანამედროვე მიდგომით, მანიპულაცია ისე ტარდება, რომ კანზე ნაწიბური არ დარჩეს.

თუმცა შესაძლოა, კანი თავად ქალაზიონმა დააზიანოს. არც ის არის გამორიცხული, ქალაზიონის ადგილას წამწამები გაგცვივდეთ. ეს გართულებები შედარებით იშვიათია – უფრო დაავადების რეციდივია მოსალოდნელი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჰიგიენას: ხელები ხშირად უნდა იბანოთ, ერიდოთ ხელით თვალების სრესას, დაბინძურებულ წყალსატევში ბანაობას და სხვა – ეს ყველაფერი ქალაზიონისა და ჯიბლიბოს გაჩენის ალბათობას ზრდის.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: