რა არის მოუსვენარი ფეხების სინდრომი?

გააზიარე:

 მოუსვენარი ფეხების სინდრომი მდგომარეობაა, რომელიც ფეხების მუდმივი მოძრაობის დაუოკებელი სურვილით გამოიხატება. ამის მიზეზი ფეხებში გაჩენილი უსიამოვნო შეგრძნებაა. ეს შეგრძნება უმეტესად საღამოობით ან ღამღამობით ჩნდება, ჯდომის ან წოლის დროს. მოძრაობა მას მხოლოდ დროებით ამსუბუქებს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომს ვილის-ეკბომის დაავადებასაც უწოდებენ. მან შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი და ასაკთან ერთად უფრო და უფრო გამწვავდეს, ძილის სერიოზული დარღვევა გამოიწვიოს და ხელი შეგვიშალოს ყოველდღიურ საქმიანობაში.

 

სიმპტომები

მთავარი სიმპტომი, როგორც უკვე ვთქვით, ფეხების მოძრაობის ძლიერი სურვილია. მას შესაძლოა თან ახლდეს:

* დისკომფორტის შეგრძნება მოსვენების, მაგალითად, ავტომანქანაში, თვითმფრინავში, კინოთეატრში რამდენიმე საათი ჯდომის შემდეგ;

* უსიამოვნო შეგრძნების შემსუბუქება მოძრაობის – ფეხების გაჭიმვის, აქანავების, სიარულის – შედეგად;

* სიმპტომების დამძიმება საღამოობით, პიკი ღამით;

* ფეხების უნებლიე დაჭიმვა ღამით. ზოგჯერ მოუსვენარი ფეხების სინდრომი მოუსვენარი ფეხების სინდრომი ასოცირდება სხვა, უფრო გავრცელებულ მდგომარეობასთან, რომლისთვისაც ძილში კიდურების პერიოდული მოძრაობაა დამახასიათებელი. ამ მოძრაობებმა შესაძლოა კიდურების კრუნჩხვაც გამოიწვიოს.

 

პაციენტები მოუსვენარი ფეხების სინდრომს აღწერენ როგორც არაბუნებრივ, უსიამოვნო შეგრძნებას ფეხებში, უმთავრესად – ტერფებში. იშვიათად ეს შეგრძნება ხელებშიც ჩნდება. მას ადარებენ  ჭიანჭველების ცოცვას, აღწერენ როგორც დაჭიმვას, ფეთქვას, ტკივილს, დენის გავლას, ქავილს, თუმცა უმეტესად შეგრძნება ძალიან ძნელი აღსაწერია. იშვიათად მას ადარებენ კუნთოვან კრამპს ან დაბუჟებას, თუმცა ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ამ შეგრძნების შედეგად ფეხების ამოძრავების ძლიერი სურვილი უჩნდებათ.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის სიმძიმე ცვალებადია. შესაძლოა, შეგრძნება საერთოდ გაქრეს და რამდენიმე ხნის შემდეგ დაბრუნდეს.

 

როდის მივმართოთ ექიმს

თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შეამჩნიეთ, ეცადეთ, რაც შეიძლება მალე მიაკითხოთ ექიმს. ამ პათოლოგიამ შესაძლოა დაგირღვიოთ ძილი, შეზღუდოს თქვენი ყოველდღიური აქტიურობა და საგრძნობლად დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი.

 

რა იწვევს

მოუსვენარი ფეხების სინდრომის მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია. ვარაუდობენ, რომ მას იწვევს დისბალანსი ტვინის ერთ-ერთი ნივთიერებისა – დოფამინისა, რომელიც კუნთების მოძრაობას აკონტროლებს.

მოუსვენარი ფეხების სინდრომს ხშირად ოჯახური ხასიათი აქვს. ამ შემთხვევაში პათოლოგია უმეტესად 40 წლამდე იჩენს თავს.

 

ორსულობა

ორსულობამ და ამ დროს მიმდინარე ჰორმონულმა ცვლილებებმა შესაძლოა დროებით დაამძიმოს მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ქალების გარკვეულ ნაწილს კი პირველად ის სწორედ ორსულობის დროს გამოაჩნდება, უმეტესად – მესამე ტრიმესტრში, თუმცა მშობიარობის შემდეგ ყოველგვარი სიმპტომი ქრება.

 

რისკები

მოუსვენარი ფეხების სინდრომმა, როგორც უკვე ვთქვით, შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, ბავშვობაშიც კი. ასაკთან ერთად მისი გამოვლენის სიხშირე იმატებს. გარდა ამისა, ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან.

სინდრომი სხვა, სერიოზულ სამედიცინო პრობლემასთან იშვიათად არის დაკავშირებული, თუმცა გამორიცხული არ არის, ერწყმოდეს:

* პერიფერიულ ნეიროპათიას (პერიფერიული ნერვული ბოჭკოების დაზიანებით მიმდინარე დაავადება). ამ დროს უმთავრესად მტევნებისა და ტერფების ნერვული დაბოლოებები ზიანდება რომელიმე ქრონიკული დაავადების, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ალკოჰოლიზმის გამო.

* რკინის დეფიციტს. ამ უკანასკნელს მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება შეუძლია. თუ ოდესმე გადაგიტანიათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გაქვთ ჭარბი მენსტრუალური სისხლდენა ან ხშირად გასცემთ სისხლს სისხლის ბანკისთვის, შესაძლოა რკინის დეფიციტი გქონდეთ.

* თირკმლის უკმარისობას. მას ხშირად რკინის დეფიციტიც ახლავს თან. ორგანიზმში ამ დროს მიმდინარე ბიოქიმიურმა ცვლილებებმა შესაძლოა დაამძიმოს მოუსვენარი ფეხების სინდრომი.

* ზურგის ტვინის დაზიანებას. მოუსვენარი ფეხების სინდრომი ზოგჯერ ზურგის ტვინის დაზიანებასთან არის გადაჯაჭვული. ვარაუდობენ, რომ სპინალურ ანესთეზიას შეუძლია გაზარდოს ამ სინდრომის განვითარების რისკი.

 

გართულებები

მიუხედავად იმისა, რომ მოუსვენარი ფეხების სინდრომი თავისთავად სიცოცხლისთვის საშიში არ არის და  არც მძიმე გართულებებს იწვევს, მას შეუძლია, გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგვაგდოს. ამ სინდრომის მქონეთა დიდი ნაწილი ვერ ახერხებს დაძინებას, გამოძინებას, ძილის დეფიციტი კი, თავის მხრივ, მოთენთილობას, ენერგიის ნაკლებობას, კონცენტრირების უნარის დაქვეითებას და სხვა პრობლემებს იწვევს. სინდრომის რთულმა ფორმებმა ადამიანი შესაძლოა დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

 

დიაგნოსტიკა

ექიმი, უპირველეს ყოვლისა, თქვენს სრულ სამედიცინო ისტორიას შეკრებს და დეტალურად გამოგკითხავთ სიმპტომების შესახებ.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის დიაგნოსტიკა შემდეგ კრიტერიუმებს ემყარება:

* ფეხების მოძრაობის გაუსაძლისი სურვილი, რომელსაც ერთვის ცოცვის, მოქაჩვის, ჩხვლეტის, წიწკნის შეგრძნებები;

* სიმპტომები თავს იჩენს ან მძიმდება მოსვენებისას – ჯდომისას, წოლისას;

* სიმპტომებს ნაწილობრივ ან დროებით ამსუბუქებს მოძრაობა, მაგალითად, სიარული, გაჭიმვა;

* სიმპტომები ღამით მძიმდება;

* ვერ ხერხდება სიმპტომების სხვა პათოლოგიით, ქცევითი აშლილობით ან სხვა სამედიცინო მდგომარეობით ახსნა.

დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა, საჭირო გახდეს გასინჯვა და ნევროლოგიური გამოკვლევა. ლაბორატორიული ანალიზებიდან მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზი რკინის დეფიციტზე.

 

მკურნალობა

როდესაც მოუსვენარი ფეხების სინდრომი რომელიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობას, მაგალითად, რკინის დეფიციტს ერწყმის, ამ უკანასკნელის აღმოფხვრა საგრძნობლად ამსუბუქებს სინდრომს. რკინის დეფიციტს რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობენ.

თუ მოუსვენარი ფეხების სინდრომი იზოლირებულია – არც ერთი სხვა სამედიცინო მდგომარეობა არ ახლავს თან, მკურნალობის მთავარი სტრატეგია ცხოვრების წესის შეცვლაა, თუმცა მისი უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა მედიკამენტური ჩარევაც.

ცხოვრების წესის შეცვლა ამ შემთხვევაში გულისხმობს ყოველდღიურ აქტივობაში განსაზღვრული ცვლილებების შეტანას, რამაც შესაძლოა შეამსუბუქოს მოუსვენარი ფეხების სინდრომი ან თავიდან აგვაცილოს მისი გამწვავება. მაგალითად:

* თბილმა აბაზანამ და მასაჟმა შესაძლოა ფეხის კუნთები მოადუნოს და მდგომარეობა შეამსუბუქოს;

* თბილი და გრილი საფენების მონაცვლეობამ შესაძლოა შეასუსტოს ფეხებში არსებული უსიამოვნო შეგრძნებები;

* ძილის სწორმა რეჟიმმა შესაძლოა თავიდან აგვაცილოს მოსვენარი ფეხების სინდრომით გამოწვეული ძილის დარღვევები. ეცადეთ, იძინოთ სიგრილესა და სიწყნარეში, დასაძინებლად დაწვეთ ერთსა და იმავე დროს და დილაობითაც ერთსა და იმავე დროს ადგეთ;

* რეგულარულმა საშუალო ინტენსივობის ვარჯიშმა ასევე შესაძლოა საგრძნობლად შეამსუბუქოს მდგომარეობა, ფიზიკურმა გადაძაბვამ და გვიან საღამოს ვარჯიშმა კი, პირიქით, გაამწვაოს.

* ერიდეთ ჭარბ კოფეინს. ყავის მიღების შემცირებამ შესაძლოა მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ. ერიდეთ კოფეინის შემცველ სხვა პროდუქტებსაც, მაგალითად, ჩაის, შოკოლადს, კოფეინიან (კოფეინით გამდიდრებულ) ტკბილეულს და გაზიან სასმელებს.

მედიკამენტური მკურნალობა საჭიროა, როდესაც სხვა საშუალებებით ვერავითარ შედეგს ვერ ვიღებთ. არსებობს მედიკამენტების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა უმეტესობა სხვა პათოლოგიების სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა მათ შესწევთ მოუსვენარი ფეხების სინდრომის შემსუბუქების უნარიც. ეს ჯგუფებია:

* მედიკამენტები, რომლებიც ზრდიან ტვინში დოფამინის დონეს. დოფამინი ქიმიური შუამავალია, რომლის საშუალებითაც ტვინი მრავალ სასიცოცხლო ფუნქციას აკონტროლებს;

* კალციუმის არხებზე მოქმედი საშუალებები;

* ოპიოიდები. ამ ნარკოტიკულ მედიკამენტებს ნამდვილად შეუძლია მოუსვენარი ფეხების სინდრომის შემსუბუქება, თუმცა დიდი დოზით მოხმარებამ შესაძლოა მათზე დამოკიდებულება გამოიწვიოს;

* კუნთების რელაქსანტები და საძილე საშუალებები. ეს ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტებია, რომლებიც აუმჯობესებს ძილს, მაგრამ  ვერ ამსუბუქებს ფეხებში უსიამოვნო შეგრძნებას. მათმა გამოყენებამ შესაძლოა დღის განმავლობაში მოთენთილობამდე მიგვიყვანოს.

 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

ჩამოთვლილი მედიკამენტების მიმართ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ისინი უნდა დანიშნოს კვალიფიციურმა სპეციალისტმა კონკრეტული ჩივილების შესაბამისად. თვითნებურად  ან ნაცნობების რჩევით ამ წამლების მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მოუსვენარი ფეხების სინდრომის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების უმრავლესობა ორსულობის დროს იკრძალება. ამ პერიოდში უმთავრესად ცხოვრების წესის შეცვლა და თავის მოვლის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებაა რეკომენდებული, მაგრამ თუ სიმპტომები გაუსაძლისია, განსაკუთრებით – უკანასკნელ ტრიმესტრში, ექიმმა შესაძლოა წამლის მიღების ნება დაგრთოთ.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შესაძლოა უფრო მეტად დაამძიმოს მოუსვენარი ფეხების სინდრომი. ასეთებია ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, თავბრუსხვევის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და გაციების საწინააღმდეგო საშუალებები, ამიტომ მათი გამოყენება რეკომენდებული არ არის, მაგრამ თუ აუცილებელია, გაესაუბრეთ ექიმს იმის შესახებ, როგორ შეიძლება მოხერხდეს ასეთ დროს სინდრომის მართვა.

ელენე ზურაბიშვილი

გააზიარე: