DBS - პარკინსონის დაავადების მკურნალობის თანამედროვე მეთოდი
გააზიარე:
დამეთანხმებით: ნებისმიერი დაავადების მკურნალობისას ამოსავალი პრინციპი ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქრონიკულ დაავადებებს ეხება. მედიცინაც განუწყვეტლივ ეძებს უფრო და უფრო დახვეწილ საშუალებებს საამისოდ. გვინდა, თქვენი ყურადღება ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადების, პარკინსონის დაავადების, მკურნალობის უნიკალურ ქირურგიულ მეთოდს მივაპყროთ, რომელიც ახლახან დაინერგა საქართველოში. ამ მეთოდის შესახებ სასაუბროდ "ავერსის კლინიკის" ექიმს, ნეიროქირურგ ლაშა ბაქრაძეს ვეწვიეთ.
- რა არის პარკინსონის დაავადება
– პარკინსონის დაავადება მოძრაობის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესები განაპირობებს, არ იკურნება და დროთა განმავლობაში მძიმდება.
ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა
- რატომ ვუშვებთ შეცდომას?
– დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მეტად მნიშვნელოვანია ეფექტური მკურნალობისთვის, თუმცა უმეტესად ვერ ხერხდება – პირველ ხანებში სიმპტომები თითქმის შეუმჩნეველია და მათ, ჩვეულებრივ, ასაკს მიაწერენ ხოლმე. თავდაპირველად თავს იჩენს მხოლოდ ერთი კიდურის მსუბუქი ტრემორი (კანკალი), რომელსაც მოგვიანებით დაერთვის სხვა ნიშნებიც: წონასწორობის დარღვევა, მოძრაობათა შენელება, სიარულის მანერის ცვლილება. იშვიათდება თვალების ხამხამი, მიმიკა, ყალიბდება ე.წ. ნიღბისებური სახე. სხვა დამახასიათებელი ნიშნებია ყნოსვის დაქვეითება, ძილის დარღვევა, ხმის კანკალი, წერის გაძნელება. სიმპტომები თანდათან მძიმდება, ემატება დეპრესია, შიში, შფოთვა, აზროვნების გაძნელება, ყლაპვის გაძნელება, უნებლიე შარდვა, შეკრულობა, არტერიული წნევის ცვალებადობა, კონკრეტული მიდამოს ან მთელი სხეულის ტკივილი. ყურადღებას დაავადება უმეტესად მაშინ იპყრობს, როცა უკვე თითქმის ყველა სიმპტომი თვალსაჩინოა.
რა იწვევს
- დოფამინის დეფიციტი
– დაავადების უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მთავარი დამნაშავეა ნეირომედიატორი დოფამინი, რომელიც თავის ტვინის ქერქქვეშა ბირთვებში გამომუშავდება და გადააქვს ინფორმაცია ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მოძრაობასა და კოორდინაციაზე აგებს პასუხს. პარკინსონის დაავადების დროს სწორედ დოფამინის წარმომქმნელი ნერვული უჯრედები ნადგურდება, რაც იწვევს ნეირომედიატორის დეფიციტს თავის ტვინში, შესაბამისად, ნეირონული კავშირების რღვევას და დაავადების ადრეული სიმპტომების: შებოჭილობის, კანკალის, მოძრაობათა შენელების, – გამოვლენას. რაც მეტად მცირდება დოფამინის დონე, მით მეტად მძიმდება სიმპტომებიც. ამას ემატება თავის ტვინში სხვა ნეირომედიატორის, ნორეპინეფრინის, დეფიციტიც, რაც მისი წარმომქმნელი ნერვული დაბოლოებების კვდომითაა განპირობებული. დაღლილობა, შეკრულობა, უნებლიე შარდვა, არტერიული წნევის ცვლილება სწორედ ნორეპინეფრინის დეფიციტის შედეგია. მოგვიანებით განვითარებული დემენციის მიზეზად კი მეცნიერები თავის ტვინში ცილების, ე.წ. ლევის სხეულების პათოლოგიურ დაგროვებას მიიჩნევენ.
ქირურგიული მკურნალობა
- ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია
– ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია მკურნალობის არჩევის მეთოდია. სხეულში ჩანერგილი სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით ელექტრული სიგნალები იგზავნება ტვინის იმ სტრუქტურებში, რომლებიც სხეულის მოძრაობას განაგებს. ამის შედეგად შესამჩნევად სუსტდება დაავადების სიმპტომები: კანკალი, დაჭიმულობა, მოძრაობათა შენელება-შეზღუდვა.
- სად და როგორ ინერგება მოწყობილობა
– თავის ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაციას თავის ტვინზე ჩატარებულ სხვა ქირურგიულ ჩარევებთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს. ეს, უპირველესად, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობის დამსახურებაა. თავის ტვინის ღრმა სტრუქტურებში ორმხრივად თავსდება ორი უწვრილესი ელექტროდი, რომლებიც გრძელი მავთულით უკავშირდება ნეიროსტიმულატორს – გულმკერდის არეში, კანქვეშ მოთავსებულ მცირე ზომის ხელსაწყოს. ნეიროსტიმულატორს პაციენტი თავად აკონტროლებს სიმპტომების ცვლილების შესაბამისად.
სხვა ქირურგიული ოპერაციებისგან განსხვავებით, ეს პროცედურა არ აზიანებს თავის ტვინის ქსოვილს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოწყობილობის გამორთვა ან საერთოდ ამოღება ორგანიზმიდან.
ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა 4 საათია. სტანდარტულად, ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. პაციენტს ღვიძავს და დროდადრო ასრულებს ექიმის მითითებებს, რაც ქირურგს თავის ტვინში ელექტროდის სათანადო ადგილას მოთავსებაში ეხმარება. სამიზნე ადგილას ელექტროდის ზუსტად და უსაფრთხოდ მოსათავსებლად მიმართავენ მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლს.
- როგორ მოვემზადოთ ოპერაციისთვის
– მეტად მნიშვნელოვანია ოპერაციისთვის პაციენტის სათანადოდ მომზადება. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა გაკეთდეს სისხლის საერთო ანალიზი, ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია და გულმკერდის რენტგენოგრაფიული კვლევა. ანესთეზიოლოგმა წინასწარ უნდა გამოიკვლიოს პაციენტი მიმდინარე ინფექციურ პროცესებზე, ჰემორაგიული დიათეზის რისკზე, კომორბიდებზე. ასპირინისა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება ოპერაციამდე (რამდენი ხნით ადრე?) უნდა შეწყდეს და ოპერაციის შემდეგ 14 დღე მაინც არ აღდგეს. თამბაქოს წევაც და ალკოჰოლიანი სასმელების სმაც ოპერაციამდე ერთი კვირით ადრე უნდა შეწყვიტოთ და, სუ მცირე, ორი კვირა აღარ განაახლოთ, რადგან მათი მოხმარება სისხლდენით გართულების მაღალ რისკს შეიცავს. ოპერაციის დღეს, დილით, დაიბანეთ ანტიბაქტერიული საპნით, არ ჩაიცვათ მჭიდრო ტანისამოსი, ატარეთ დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, მოიშორეთ მაკიაჟი, თმის სარჭი, სხეულიდან – პირსინგი, ფრჩხილებიდან –ლაქი და ა.შ.
- როდის მიმართავენ
– ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაციის (DBS) ქირურგიული პროცედურა უმთავრესად სამ შემთხვევაში ტარდება: პარკინსონის დაავადების, ესენციური ტრემორისა და დისტონიის განსაზღვრული ფორმების დროს, თუმცა გამოყენება ძირითადი არეალი მაინც პარკინსონის დაავადებაა. საქართველოში რეგისტრირებულია ამ დაავადების მქონე დაახლოებით 7 000 პაციენტი. ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაცია, სტატისტიკურად, შეიძლება ჩაუტარდეს 25-30%-ს ანუ საშუალოდ 2 000 პაციენტს.
- რა არის ოპერაციის მიზანი
- დაავადება, როგორც ვთქვით, ქრონიკულად მიმდინარე და პროგრესირებადია, ამიტომ მისგან განკურნება შეუძლებელია. არსებობს დაავადების მედიკამენტური მკურნალობის რამდენიმე სქემა, რომელთა ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია, ექიმმა შესაბამისი შეურჩიოს პაციენტს, თუმცა, უმეტესად, 5-15 წლის შემდეგ, მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობა იკლებს და ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო. ოპერაცია პაციენტის მდგომარეობას შესამჩნევად აუმჯობესებს.
- ოპერაციის ჩვენება
– ოპერაციის ჩასატარებლად ნევროლოგმა და ნეიროქირურგმა კრიტერიუმები ზუსტად უნდა მიუსადაგონ პაციენტს, რადგან ოპერაცია დაავადების ყველა ეტაპზე არ არის ეფექტური. მაგალითად, ოპერაციულ ჩარევას მიმართავენ მაშინ, როდესაც ადამიანი ოთხ წელზე მეტია ავად არის და მედიკამენტები სიმპტომების კონტროლისთვის არ კმარა, ანუ ავადმყოფი სვამს წამლებს, მაგრამ თავს მაინც ცუდად გრძნობს. თუ წამლების მიღების ფონზე მისი თვითშეგრძნება დამაკმაყოფილებელია, ოპერაცია არ არის ნაჩვენები.
- უკუჩვენებები
– არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ოპერაცია შესაძლოა უკუნაჩვენები იყოს. მაგალითად, მძიმე შინაგანი დაავადებები, მეხსიერების გამოხატული დარღვევა, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა, ჰალუცინაციები, დემენცია. ოპერაციის დაგეგმვამდე მნიშვნელოვანია პარკინსონის დაავადების დიფერენცირება პარკინსონიზმის სინდრომისგან, რადგან შემთხვევათა დაახლოებით 20 პროცენტში პარკინსონიზმის სინდრომით შესაძლოა სხვა ნეიროდეგენერაციული დაავადებაც გამოვლინდეს. პარკინსონიზმის სინდრომის დროს კი ოპერაცია უკუნაჩვენებია, რადგან უეფექტოა. ამ დროს ვითარდება პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომები, თუმცა რეალურად ეს პარკინსონიზმის სხვა ფორმების გამოხატულებაა.
- ოპერაციის შემდეგ
– ოპერაციის შემდეგ პაციენტს შეუძლია, დაუყოვნებლივ მიიღოს პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ უკვე დანიშნული პრეპარატის რეგულარული დოზა. დაკვირვებისა და ზედამხედველობისთვის მას ერთი ღამით ტოვებენ კლნიკაში, მეორე დღეს კი უმეტესობა ეწერება. ელექტროდის გარშემო ტვინის ქსოვილი შუპდება, რაც ქმნის დაზიანების ეფექტს, თუმცა ორი დღიდან ორ კვირამდე პერიოდში შეშუპება თავისით გაივლის.
ცხოვრება სტიმულატორით
- რა უნდა ვიცოდეთ
– პაციენტს სახლში გაწერენ შესაბამისი ინსტრუქციით. სტიმულატორი უკვე დაპროგრამებულია, თუმცა პაციენტს შეუძლია მისი ჩართვა-გამორთვა და პროგრამის შერჩევა პატარა მაკონტროლებელი ხელსაწყოს საშუალებით. კანქვეშ ჩადგმულ სტიმულატორს პერიოდულად დატენვა სჭირდება, კვირაში საშუალოდ 1-2 საათის განმავლობაში.
ოპერაცია იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აღარ დასჭირდება – წამლებს მაინც მიიღებს, თუმცა ნაკლები დოზით და ამ ფონზე გაცილებით უკეთ იგრძნობს თავს, მისი ცხოვრების ხარისხი მკვეთრად აიწევს.
მარიამ ჯანიაშვილი