შაქრის შემცვლელები

გააზიარე:
 
და შაქარივით დაგატკბობ – ალბათ ასეთი სლოგანი მოუხდებოდა შაქრის შემცვლელებს, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს პოპულარობა მათივე ღირსებათა დამსახურებაა თუ მხოლოდ და მხოლოდ კარგი პიარისა, არავინ უწყის, მაგრამ წონის დაკლების მსურველები ამ ტკბილ ფხვნილებსა და აბებს ჯერ კიდევ იმედის თვალით შეჰყურებენ.
შაქრის შემცვლელები ბუნებრივიც არსებობს და სინთეზურიც. პირველ ჯგუფს ეკუთვნის ფრუქტოზა, სორბიტი, ქსილიტი, სტივია. ყველა მათგანი, გარდა სტივიასი, საკმაოდ კალორიულია და სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს, თუმცა მთლად ისეც არა, როგორც რაფინირებული შაქარი.
სინთეზური შაქრები – საქარინი, ციკლამატი, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, სუკრაზიტი – სისხლში გლუკოზის დონეზე გავლენას არ ახდენს და ვერც კალორიულობით დაიკვეხნის. სწორედ მათი მეშვეობით ცდილობენ ქალბატონები წონის დაკლებას... და მაინც ხშირად ებადებათ კითხვა, ჭარბ კილოგრამებს რატომ ვერ ვიცილებთო. თურმე საქმე არც ისე მარტივად ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

ვერავის მოატყუებ
მით უმეტეს, საკუთარ თავს. ალბათ შეგიმჩნევიათ, როგორ ცხოველდება მადა შუშხუნა კოლას დალევის შემდეგ. თურმე ტვინი მოტკბო გემოს შეგრძნებისას კუჭს მეტი ნახშირწყლის მიღებისა და ათვისებისკენ უბიძგებს. სწორედ აქედან იღებს სათავეს შიმშილის შეგრძნება. ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის (პურდუე Uნივესიტყ) მკვლევარებმა ასეთი ცდა ჩაატარეს: ვირთხების ერთ ჯგუფს ხელოვნური შაქრით დამტკბარი იოგურტით კვებავდნენ, მეორეს – ჩვეულებრივით. პირველი ჯგუფის მღრღნელები მალე მოსუქდნენ, რაც მადის გაძლიერებით იყო გამოწვეული, მეორე ჯგუფისამ კი წონა შეინარჩუნა.
მარტივი არითმეტიკაც საკმარისია იმის დასადგენად, რამდენ კალორიას მოვიგებთ, თუ ჩაისა და ყავას შაქრის შემცვლელებით დავატკბობთ: ერთ ნატეხ (ან ერთ ჩაის კოვზ) შაქარში სულ რაღაც 20 კილოკალორიაა თავმოყრილი. ალბათ დაგვეთანხმებით: ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მადიანი ადამიანი მთელი დღის განმავლობაში აითვისებს.
მიუხედავად კრიტიკისა, შაქრის შემცვლელები მაინც საჭიროა. თუ ადამიანს ტკბილეული უყვარს, მაგრამ შაქრიანი დიაბეტი აქვს, სინთეზურ შაქარზე უკეთესს ვერაფერს შევთავაზებთ. და კიდევ: ჩვეულებრივი შაქრებისგან განსხვავებით, ხელოვნურები კბილის მინანქარს არ შლიან.

მაინც რა სჯობია?
ბუნებრივ დამატკბობლებთან დაკავშირებით ყველაფერი დღესავით ნათელია: ისინი ხილსა და კენკრაშია თავმოყრილი და ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა. შაქრის ხელოვნური შემცვლელების ავ-კარგზე კი საბოლოო განაჩენი ჯერ კიდევ არ გამოუტანიათ. რამდენიმე ათეული წლის წინ ევროპასა და აშშ-ში მათ წინააღმდეგ შავი პიარიც კი აგორდა: განაცხადეს, საქარინის დიდი დოზით (175 გ სხეულის ყოველ კილოგრამზე) მიღება შარდის ბუშტის კიბოს იწვევსო და კანადაში ამ ნივთიერების გამოყენება უმალვე აიკრძალა, ამერიკელებმა კი, ვიდრე საქარინზე უარს იტყოდნენ, რამდენიმე გამოკვლევა ჩაატარეს და დაასკვნეს, რომ მისი მცირე დოზა (5 მგ`კგ) სრულიად უვნებელია. მიუხედავად ამისა, კანადელები დღემდე ვერ ბედავენ, ჩაი და ყავა საქარინით დაიტკბონ.
ცდები ციკლამატზეც ჩაატარეს. ვირთხებს, რომლებსაც ამ დამატკბობელს აძლევდნენ, ჰიპერაქტიური წრუწუნები უჩნდებოდათ. მოგვიანებით გამოჰკითხეს 1000-ზე მეტი ქალი, რომლებსაც ჰიპერაქტიური შვილები ჰყავდათ და აღმოაჩინეს, რომ მათაც ჰყვარებიათ ციკლამატიანი ჩაისა თუ ყავის სმა.
ციკლამატსა და ჰიპერაქტიურობას შორის პარალელის გავლება, მართალია, მოახერხეს მაგრამ გამოკვლევისას არ გაუთვალისწინებიათ ისეთი ფაქტორები, როგორიც არის, მაგალითად, დედის ასაკი და ტემპერამენტი. ასე რომ, ამ კვლევამ ბევრი ვერაფერი მოგვცა.
ასპარტამმა რაღა დაგვიშავაო, გადაწყვიტეს მკვლევარებმა და მანამდე არ მოისვენეს, სანამ პირღებინება, თავბრუხვევა, მოთენთილობა-მოდუნება, ალერგიული რეაქციები არ დააბრალეს.
საბოლოო განაჩენი კი ასეთი აღმოჩნდა: შაქრის ხელოვნური შემცვლელების მიღება არც ორსულებისთვის არის სასურველი და არც ბავშვებისთვის, ადამიანთა მოდგმის დანარჩენ ნაწილს კი მათ ზომიერ გამოყენებას ვურჩევთო.

ბუნებრივი ოთხეული

ფრუქტოზა
მას სხვაგვარად ხილის შაქარსაც უწოდებენ, რადგან უხვად არის ხილში. შეიცავს თაფლიც. შაქრის მსგავსი ნახშირწყალია, მაგრამ მასზე 1,5-ჯერ უფრო ტკბილი. თანაც მისი გლიკემიური ინდექსი (მიღებისას სისხლში შაქრის დონის მატების მაჩვენებელი) სულ რაღაც 31-ია, მაშინ როდესაც შაქრისა 89-ს აღწევს. ასე რომ, დიაბეტიანთათვის (ცხადია, შაქრიან დიაბეტს ვგულისხმობთ) ფრუქტოზა ნამდვილი მიგნებაა.
პლუსები
. აქვს სასიამოვნო გემო
. წყალში იოლად იხსნება
. არ იწვევს კარიესს
. იდეალური დამატკბობელია ბავშვებისთვის, რომლებსაც შაქრის აუტანლობა აწუხებთ
მინუსები
. შაქარივით მაღალკალორიულია
. მაღალ ტემპერატურაზე იოლად იშლება, ამიტომ მურაბების, კომპოტების და მსგავსი ჩაროზების დასამზადებლად არ გამოდგება
. თუ დიდი ოდენობით მივიღებთ, შესაძლოა მეტაბოლური სინდრომი (ნივთიერებათა ცვლის მოშლა) გამოიწვიოს
მაქსიმალური ნებადართული დოზაა დღეში 30-40 გ (6-8 ჩ. კ.)

სორბიტი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 420)
მას შაქრის სპირტებს მიაკუთვნებენ, თუმცა უფერული კრისტალური ფხვნილია და არა თხევადი, სპირტისმაგვარი ნივთიერება. ყველაზე მეტია ყურძენში, ვაშლსა და წითელ მოცვში. შაქარზე თითქმის ორჯერ ნაკლებკალორიულია და ამდენჯერვე ნაკლებად ტკბილი. ეს ნივთიერება დიაბეტურ საკვებშიც უხვად არის და იმის გამო, რომ კბილებს არ ერჩის, კბილის პასტებისა და საღეჭი რეზინების შემადგენლობაშიც შედის.
სორბიტი იდეალურად არბილებს კანს, ამიტომ კოსმეტოლოგებმა ხელიდან არ გაუშვეს და ზოგიერთ კრემში, შამპუნში, ლოსიონსა და გელში გლიცერინის მაგივრად დაამატეს.
კოსმეტოლოგებს ექიმებიც აჰყვნენ და სორბიტი ნაღველმდენ და საფაღარათო საშუალებად გამოიყენეს.
პლუსები
. უძლებს მაღალ ტემპერატურას, ამიტომ გამოდგება ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად
. იოლად იხსნება წყალში
. არ იწვევს კარიესს
. აქვს ნაღველმდენი ეფექტი
მინუსები
. დიდი დოზები მეტეორიზმსა და დიარეას იწვევს
მაქსიმალური ნებადართული დოზაა დღეში 30-40 გ (6-8 ჩ. კ.).

ქსილიტი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 967)
სორბიტის მსგავსი სპირტია, მაგრამ გაცილებით კალორიული და ტკბილი. მას ძირითადად სიმინდის ფუჩეჩისა და ბამბის თესლის კანისგან იღებენ.
პლუსები და მინუსები იგივე აქვს, რაც სორბიტს.
მაქსიმალური ნებადართული დოზაა დღეში 40 გ (8 ჩ. კ.).

სტივია

როგორც შაქრის შემცვლელმა საშუალებამ, დიდი ხანი არ არის, რაც სახელი დაიმკვიდრა. სამაგიეროდ მისი ამ თვისების აღმოჩენას სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია: ის შაქარზე 250-300-ჯერ ტკბილია, თანაც არც კალორიულია და არც სისხლში შაქრის დონის მატებას იწვევს.
გარდა ამ ღირსებებისა, სტივიას სამკურნალო თვისებებიც აქვს: ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის შემდეგ ძალების აღდგენას უწყობს ხელს, ინსულინის სეკრეციას ასტიმულირებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
სტივია შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ფხვნილის, ისე სიროფის სახით.
პლუსები
. თერმულად მდგრადია, ამიტომ გამოდგება ტკბილეულისა და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად
. წყალში იოლად იხსნება
. არ შლის კბილის მინანქარს
. აქვს სამკურნალო თვისებები
მინუსები
. აქვს სპეციფიკური გემო, რაც ბევრს არ მოსწონს
. ბოლომდე შესწავლილი არ არის
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 18 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამიანისთვის – 1,25 გ).

ხელოვნური შაქრები

საქარინი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 954)
სწორედ საქარინით დაიწყო 1884 წელს შაქრის სინთეზური შემცვლელების ერა. ის შაქარზე 300-ჯერ უფრო ტკბილია, მაგრამ, მისგან განსხვავებით, საქარინმოფრქვეულ საკვებს მომწარო გემო დაჰკრავს. საქარინი, ისევე როგორც შაქრის სხვა ხელოვნური ანალოგები, არ ცვლის სისხლში შაქრის დონეს, არ აითვისება ქსოვილების მიერ და არ გროვდება ორგანიზმში.
საქარინი ტაბლეტების სახით იყიდება, მაგრამ მომწარო გემოს დასაფარავად სხვა ნივთიერებას ამატებენ.
პლუსები
. უკალორიოა
. არ იწვევს კარიესს
. არ მოქმედებს სისხლში შაქრის შემცველობაზე
. არ უფრთხის გაცხელებას
. ძალიან ეკონომიურია: ერთი შეკვრა, რომელიც 1200 ტაბლეტს შეიცავს, 6 კგ-მდე შაქარს ცვლის (ერთ ტაბლეტში 18-20 მგ საქარინია)
მინუსები
. მომწარო გემო
. არ შეიძლება მათთვის, ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვს ან შარდკენჭოვანი დაავადებისკენ არის მიდრეკილი
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 5 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამინისთვის – დღეში 350 მგ).

ნატრიუმის ციკლამატი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 952)
შაქარზე 30-50-ჯერ უფრო ტკბილია. არსებობს კალციუმის ციკლამატიც, მაგრამ მომწარო გემოს გამო იშვიათად გამოიყენება. 
პლუსები
. უკალორიოა
. არ იწვევს კარიესს
. უძლებს მაღალ ტემპერატურას
მინუსები
. შესაძლოა, კანის ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს
. არ არის რეკომენდებული ბავშვებისთვის, ორსულებისა და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თირკმლის უკმარისობა და შარდგამომყოფი გზების პათოლოგიები აქვთ.
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 11 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამინისთვის – დღეში 0,77 გ).

ასპარტამი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 951)
იგი შაქრის ყველაზე პოპულარული შემცვლელია: მის წილად “ტკბილი ქიმიის” მეოთხედი მოდის! ასპარტამი 1965 წელს მიიღეს ორი ამინომჟავასგან: ასპარაგინისა და ფენილალანინისგან და მეთანოლი დაუმატეს. იგი შაქარზე 220-ჯერ უფრო ტკბილია და გემოთი ყველაზე მეტად ჰგავს ნამდვილ შაქარს.
პლუსები 
. უკალორიოა
. არ ვნებს კბილებს
. არ ზრდის სისხლში შაქრის შემცველობას
. წყალში იოლად იხსნება
. ორგანიზმში შემადგენელ ამინომჟავებად იშლება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში
. დიდხანს ინარჩუნებს ხილის გემოს. ამ თვისების გამო მას ხილის საღეჭ რეზინებში ამატებენ
მინუსები
. თერმულად არამდგრადია
. ეკრძალებათ ფენილკეტონურიით დაავადებულებს
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 40 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამინისთვის – დღეში 2,8 გ).

კალიუმის აცესულფამი (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 950)
შაქარზე 200-ჯერ უფრო ტკბილია, მაგრამ მაინც არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც საქარინი და ასპარტამი, რადგან წყალში ცუდად იხსნება. წესისამებრ, სხვა შემცვლელებთან კომბინირებულად გამოიყენება. ყველაზე ხშირად მას ასპარტამს ურევენ.
პლუსები 
. უკალორიოა
. არ შლის კბილის მინანქარს
. არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე
. თერმულად მდგრადია
მინუსები
. ცუდად იხსნება წყალში
. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც თირკმლის უკმარისობა აქვს ან კალიუმით ღარიბ დიეტას იცავს
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 15 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამინისთვის – დღეში 1,5 გ).

სუკრალოზა (ეტიკეტზე ამოიცნობთ ნიშნით E 955)
. შაქარზე 600-ჯერ (!) უფრო ტკბილია. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები ბევრს ეცადნენ, მის წინააღმდეგ სამხილები მოეპოვებინათ, არაფერი გამოუვიდათ – სუკრალოზას ტოქსიკურობა ვერა და  ვერ დაამტკიცეს! 
პლუსები
. უკალორიოა
. არ იწვევს კარიესს
. არ ზრდის სისხლში შაქრის დონეს
. თერმულად მდგრადია
მინუსები
. ბევრ აფრთხობს ის ფაქტი, რომ მის შემადგენლობაში შედის ქლორი – მეტ-ნაკლებად ტოქსიკური ელემენტი
მაქსიმალური ნებადართული დოზაა 15 მგ სხეულის ყოველ კილოგრამზე (70 კგ-იანი ადამინისთვის – დღეში 1,5 გ).
გააზიარე: