გეპატიჟებით ჩაიზე

გააზიარე:

ჩაიზე გეპატიჟებით
ჩინეთის იმპერატორი შენ-ნუნი სამკურნალო მცენარეების შეგროვებით ყოფილა გატაცებული. ტყე-ღრეში სამფეხაზე შედგმული ქვაბით დადიოდა, მოკრეფილ ბალახს იქვე ხარშავდა და ნახარშსაც იქვე უსინჯავდა გემოს. უეცრად თავახდილ ქვაბში შემთხვევით რამდენიმე უცნაური ფოთოლი ჩავარდა... ნახარშის დეგუსტაციისთანავე აღიარა იმპერატორმა, რომ მსგავსი არაფერი გაესინჯა. ასე აღმოაჩინეს ჩინელებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაპიარებული სასმელი.
არსებობს მეორე ლეგენდაც, რომელიც ბუდისტური სამყაროს წიაღში დაიბადა: ლოცვით დაღლილ ბერს უნებლიეთ ჩაეძინა. როცა გამოეღვიძა, განრისხებულმა ქუთუთოები დაიპუტა და მიწაზე დაყარა. სწორედ ამ ადგილას ამოვიდა ჩაის პირველი ბუჩქი. ბერმა მისი ფოთლები დაკრიფა, მოხარშა, დალია და აღმოაჩინა, რომ სასმელი აფხიზლებდა.

ჩინური, მაგრამ ხარისხიანი
ჩინელები ჩაის თავდაპირველად სამკურნალოდ იყენებდნენ. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ის მარტო წამალი კი არა, სასიამოვნო სასმელიც იყო, მაგრამ ვინ აცალათ მშვიდად სმა – ჯერ იყო და მონღოლებმა გაუჩანაგეს პლანტაციები, რაც დარჩა, ოპიუმის ომმა შეიწირა… თურმე, ნუ იტყვით და, სულ რაღაც 40 წელია, ჩინური ჩაი აღორძინების გზას დაადგა.
ევროპამ ჩაი XVII საუკუნეში გაიცნო. პიონერები ჰოლანდიელები აღმოჩნდნენ. ნიდერლანდელი ექიმი კორნელიუს დეკერი ჩაის ნაყენს სხვადასხვა  დაავადების სამკურნალოდ იყენებდა. საფრანგეთის მეფემ ლუდოვიკო XIV-მ, რომელსაც პოდაგრა ტანჯავდა, ჯადოსნური ნაყენის ამბავი შეიტყო და მისი ჩამოტანის ბრძანება გასცა. პლაცებოს ეფექტმა იმუშავა თუ ჩაიმ, ვერ გეტყვით, მაგრამ მეფე განიკურნა და ქვეშევრდომებსაც ჩაის სმა უბრძანა. საბოლოო ჯამში, საფრანგეთის მეფის კარზე ჩაის ბუმი დაიწყო. განწყობისთვის ნაყენს ფაიფურის ჭურჭელში ასხამდნენ, კედლებზე ჩინურ ხალიჩებს კიდებდნენ… თუმცა ქალებმა ჩაის გემო დაუწუნეს, კვლავ ყავითა და კაკაოთი ინებივრებდნენ თავს.
ბრიტანეთში ჩაი ჩარლზ II-ის მეუღლემ, პორტუგალიელმა ეკატერინა ბრაგენსამ გააპიარა. იმ დროისთვის (XVII საუკუნეში) ინგლისის სამეფო კარზე ასეთი ტრადიცია იყო: VIP-ბრიტანელები საუზმედ, სადილად და ვახშმად ალკოჰოლიან სასმელს სვამდნენ. დედოფალმა კი უეცრად სამეფო კარის გამოფხიზლება და ალკოჰოლის ჩაით ჩანაცვლება გადაწყვიტა. ჩარლზ II-მ მეუღლის განზრახვას მხარი არ დაუჭირა და ჩაით მოვაჭრეებს უზარმაზარი ბეგარა დაადო. მიზეზი უბრალო გახლდათ: მეფე ალკოჰოლით (ძირითადად ლუდით) მოვაჭრეებს ლობირებდა. ცოტა ხანში კანონიც კი გამოსცა: აქაოდა ჩაის სმა ბრიტანული პოლიტიკის ძირითად იდეებს ეწინააღმდეგება, ჩაით ვაჭრობა სრულიად აიკრძალოსო. ამ კანონის მიღებამ პროტესტის უდიდესი ტალღა ააგორა. მეფე იძულებული გახდა, აკრძალვა გაეუქმებინა, მაგრამ ბეგარა დატოვა. სწორედ მისი ამ ახირების გამო იყო, ინგლისური ჩაი თითქმის საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებულად რომ ითვლებოდა.
გამოხდა ხანი და ჩაი ინგლისშიც გაიაფდა. XIX საუკუნის დასაწყისში ის ჯარისკაცთა ყოველდღიური რაციონის აუცილებელ კომპონენტად იქცა. მეზღვაურებს რომის დღიური ულუფა ორჯერ შეუმცირეს და “ძვირფასი დანაკლისი” ჩაით ჩაუნაცვლეს. სწორედ ამ დროს წარმოიშვა რომისა და ჩაის ნარევი – გროგი.

ჩაის ფერი
შავი და მწვანე ჩაი ქართველებსაც გვიყვარს, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ამ სასმლის ფერთა გამა ესოდენ ღარიბია. მათ გარდა არსებობს: თეთრი ჩაი, რომელიც  ჩაის კვირტებისგან მზადდება, ნაყენს კი ღია ყვითელი ელფერი დაჰკრავს; ყვითელი ჩაი, რომელიც ჩინეთში ოდითგანვე VIP-სასმელად ითვლებოდა – მას მხოლოდ იმპერატორები სვამდნენ; ულუნი ანუ ფირუზისფერი ჩაი, რომელიც სპეციფიკური გემოს წყალობით ჩაის არც ერთ სახეობაში არ აგერევათ; პუერი, რომელიც გადამწიფებული ფოთლებისგან მზადდება და მოშავო ფერი აქვს.
ძალიან პოპულარულია ჩაი დანამატებით, მაგალითად, ბერგამოტით. ბერგამოტიან ჩაის უბრალოდ “ერლ გრეიდ” (ინგლ. Earl Grey) მოიხსენიებენ, ლიმონიან ჩაის “რუსულს” უწოდებენ, ხოლო პიტნიანს – ძალიან მომხიბლავ სახელს “ტუარეგს”. ჩაის მოყვარულთა ფანტაზია კიდევ უფრო შორს მიდის: ჩაის ხშირად ამატებენ ჟასმინის, ვარდის, ალუბლის, ფორთოხლის, მარწყვის, შოკოლადის და კიდევ, ვინ იცის, რის არომატს აღარ.
არსებობს “მატყუარა” ჩაიც: გვირილისა, ასკილისა, თავშავასი, მატე, კუდინი, კარკადე, როინბუში... მათ შემადგენლობაში ჩაის ნასახიც არ არის, მაგრამ რატომღაც მაინც ამ სახელით იხსენიებენ.

Чаиепитие
ჩინელმა თუ მიგიპატიჟათ, უთუოდ მწვანე ჩაის შემოგთავაზებთ. ფაიფურის ჩაიდანში, რომელშიც ნასვრეტებიანი ჭიქაა ჩადგმული, ჩაის გამომშრალ ფოთლებს ჩაყრის და მდუღარეს დაასხამს. ეს ჩაის დაყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. არსებობს მეორე, გაცილებით დახვეწილი და “წმინდა ჩინურიც”: ჩაის თავდახურულ ფიალაში (ჰაივანში) 2-4 წუთით აყენებენ, მერე თავსახურს ოდნავ გასწევენ და ამ ნაპრალიდან დალევას გთავაზობენ. რაც უფრო მცირეა ნაპრალი, მით უფრო გემრიელია ჩაი. ყოველ შემთხვევაში, ჩინელები ამაში ღრმად არიან დარწმუნებულები.
საზოგადოდ, ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ჩაი ყოველგვარი დანამატის (მაგალითად, შაქრის) გარეშე უნდა დაილიოს, თორემ ბუნებრივ არომატს დაკარგავს.
იაპონელებსაც მწვანე ჩაი უყვართ და ყოველი ჭამის დროს სვამენ მეტად მოკრძალებული ზომის – სულ რაღაც 50 მლ-იანი სასმისით. თუმცა, კაცმა რომ თქვას, არც კერძის გარეშე იწუნებენ. ჩაიზე დაპატიჟებულ სტუმრებს არაჟანივით სქელ, საოცრად არომატულ სასმელს სთავაზობენ.
ჩინელებს მიაჩნიათ, რომ ჩაი ცხელი უნდა დაილიოს, იაპონელები კი ცხელსაც სიამოვნებით გეახლებიან და ცივსაც.
ტიბეტელები ჩაიში კარაქს (ან ნაღებს) და მარილს ურევენ. ეს სასმელი ძლიერ ნოყიერი და მატონიზებელია. მას მთებში მოგზაურობისას სვამდნენ. ტიბეტში დღემდე არსებობს მანძილის ჩაის ფიალებით გაზომვის ტრადიცია. მაგალითად, სამი დიდი ფიალა 8 კმ-ს გაგატარებთ.
ინდოეთში XIX საუკუნემდე ჩაის მხოლოდ ბუდისტი ბერები სვამდნენ. დანარჩენ საზოგადოებაში ჩაის სმის ტრადიცია, გაგიკვირდებათ და, ინგლისიდან შეიჭრა. აქ შავ ჩაის ამჯობინებენ, რომელშიც უხვად  ურევენ შაქარს, რძესა და სანელებლებს (დარიჩინს, კოჭას...).
თუ თბილისში “ტუარეგებით” დადიან, მაროკოში ამ სახელწოდების პიტნის ჩაის გეახლებიან. თანაც, თუ კერძების მომზადება ქალების მოვალეობაა, ჩაის დაყენება წმინდა მამაკაცურ საქმიანობად ითვლება. სადილად მაროკოელები, წესისამებრ, სამ ფინჯან ჩაის სვამენ.
უზბეკეთში მწვანე ჩაია პოპულარული, მხოლოდ ტაშკენტში სვამენ შავს. თუ უზბეკს ესტუმრებით, არ გაგიკვირდეთ, თუ სადილზე ჯერ ჩაისა და ტკბილეულს შემოიტანენ და მხოლოდ ამის შემდეგ – კერძებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სტუმრის პატივისცემა ფიალაში დასხმული ჩაის მოცულობით  განისაზღვრება, ოღონდ უკუღმა: პატივსაცემ სტუმარს ძალიან ცოტას უსხამენ.
ინგლისელები ყველაზე ჩაისმოყვარული ხალხია. თურმე თითოეული მათგანი წელიწადში საშუალოდ 4 კგ ჩაის მოიხმარს. ჩაის დღეში, სულ მცირე, სამჯერ სვამენ: საუზმეზე, ლანჩზე და 5 საათზე. 5 საათზე ჩაის სმა წმინდათაწმინდა რიტუალია და ასევე ჰქვია: ჩაი ხუთ საათზე (Five oclock Tea). ამ ტრადიციას ინგლისელები დედოფალ ვიქტორიას უმადლიან, რომელმაც ნაშრომიც კი შექმნა, რომელიც ჩაის სმის ინგლისურ ტრადიციებს აღწერს და მეტად საინტერესო სათაური აქვს: “Tes Morality”.
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ინგლისელები ჭურჭელს, რომლითაც ჩაის სვამენ. ის აუცილებლად დახვეწილი და ძვირფასი უნდა იყოს. ჰო, მართლა – ჩაისთან ერთად ტკბილეულის მირთმევაც წმინდა ინგლისური ტრადიციაა.
ინგლისელებს ძალიან უყვართ რძიანი ჩაი, თუმცა ჯერ ვერ შეთანხმებულან ერთ ფრიად საორჭოფო საკითხზე: ჩაის უნდა დაუმატონ რძე თუ პირიქით. ორივე მხარე ირწმუნება, რომ გემოზე ეს ფაქტი ძალიან მოქმედებს.

ნაყენი ჯანმრთელობისთვის
ჩაის შემადგენლობაში 300-მდე ნივთიერება შედის.
• მთრიმლავი ნივთიერებები, უპირატესად – ტანინი, ჩაის მომწარო გემოს აძლევენ;
• ეთერზეთები არომატზე აგებენ პასუხს;
• ალკალოიდების წყალობით ჩაი ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას;
• ცილები და ამინომჟავები ნივთიერებათა ცვლაში მონაწილეობენ;
• პიგმენტები ჩაის ფერს აძლევენ;
• ვიტამინებსა და მინერალებზე აღარაფერს ვიტყვით...
ჩაის ღირსებებს შორის უთუოდ აღსანიშნავია ის, რომ:
• კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს საჭმლის მონელების პროცესზე, დევნის ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს.
• აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას: კოფეინისა და P ვიტამინის წყალობით არეგულირებს არტერიულ წნევას, აფართოებს სისხლძარღვებს, შლის თრომბებს.
• რგებს სასუნთქ სისტემას. ფინჯანი ჩაის დალევის შემდეგ არ გაგჩენიათ შეგრძნება, რომ შვებით ამოისუნთქეთ?!
• აქვს სუსტი შარდმდენი ეფექტი, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას. ჩინელებს შორის, რომლებიც უხვად სვამენ ჩაის, შარდკენჭოვანი დაავადება იშვიათია.
• ჩაის ნაყენის საფენი იდეალურია კანის დაზიანების, ძირითადად დამწვრობის დროს
• ჩაი ერთდროულად ავლენს როგორც დამამშვიდებელ, ისე მატონიზებელ ეფექტს, აცხრობს თავის ტკივილს, აფხიზლებს და, საზოგადოდ, თავის ტვინს მშვიდად და დაუღლელად მუშაობაში ეხმარება.
ჩინელები თავიანთ საყვარელ სასმელს კიდევ რამდენიმე ღირსებას მიაწერენ: თურმე ჩაი
• კურნავს ალკოჰოლიზმისგან;
• კლავს შიმშილს;
• იდეალური გამაგრილებელი საშუალებაა;
• ხსნის სტრესს;
• ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას.
ჩაისადმი კეთილგანწყობილი ჩინელების (და არამარტო მათ) გვერდით მოიძებნენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერში, მათ შორის ჩაიშიც, ნეგატიური მხარის დანახვას ცდილობენ. სწორედ ისინი შეეცადნენ, ჩაისთვის იმიჯი შეელახათ, თუმცაღა იმასაც აღიარებენ, სულაც არ ვამტკიცებთ, რომ ასეა, უბრალოდ, ასე ვფიქრობთო. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, აი, რას ფიქრობენ ჩაის მოძულეები: “წნევიანებში” ჩაი ჰიპერტენზიას იწვევს, მაგარი ნაყენი კი კუჭ-ნაწლავს ვნებს, შესაძლოა, შეკრულობა გამოიწვიოს, აუარესებს კანის ფერს, სტრუქტურას, იწვევს უძილობას, სისუსტეს, თავბრუხვევას და, საზოგადოდ, მსუბუქი ნარკოტიკიაო.

გააზიარე: