რომანესკო – ყვავილოვანი კომბოსტოს ამაყი ნათესავი
გააზიარე:
მომწვანო, ერთად შეკრული მინარეთის ფორმის ყვავილებით ერთი შეხედვით უცხოპლანეტელს ჰგავს, თუმცა რომანესკო მარსზე არ იზრდება. მიუხედავად ფუტურისტული შესახედაობისა, ის უკვე რამდენიმე ასეული წელია მოჰყავთ ჩვენს პლანეტაზე. ჰოდა, იქნებ თქვენც გეცადათ ბაღში ყვავილოვანი, ბრიუსელის თუ თეთრთავა კომბოსტოს გვერდით მისი გახარება.
წარმოშობა
რომანესკოს სამშობლო იტალიაა. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, ეს ჯიში რომის მახლობლად გამოიყვანეს დაახლოებით XV საუკუნეში. რომანესკოც ამიტომ დაარქვეს, რაც იტალიურად "რომაულს" ნიშნავს. ევროპაში კი მისი გახარება XVI საუკუნეში დაიწყეს. ამჟამად რომანესკო უმთავრესად იტალიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში მოჰყავთ.
აღწერილობა
რომანესკო ყვავილოვანი კომბოსტოს ნაირსახეობაა. აქვს მოგრძო, ოვალური ფოთლები, რომლებიც კიდეებზე ოდნავ იტალღება. ფოთლები ღეროზე იზრდება და გარს აკრავს კომბოსტოს თავს. ამ უკანასკნელს კი ფიბონაჩის სპირალის პრინციპით განლაგებული მინარეთის ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ყვავილები ქმნის.
ადგილი და ნიადაგი
რომანესკო სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ თბილი, მზიანი ადგილი სჭირდება. კარგად ხარობს ღრმა, საშუალოდ თიხნარ, ნუტრიენტებით მდიდარ ნიადაგში. მისთვის იდეალურია კირიანი ნიადაგი, რომლის PH 6-ზე ნაკლები არ არის.
მეზობლები
რომანესკო, სხვა კომბოსტოსებრთა მსგავსად, ერთსა და იმავე ადგილას 3-4 წელი არ უნდა გააჩეროთ. კარგ მეზობლობას გაუწევენ ბარდა, ნიახური, ისპანახი, მანგოლდი, სალათა, პრასი. არც ისე კარგს – ხახვი და ნიორი.
თესვა
რომანესკო თესლით მრავლდება. მცენარე კარგად რომ განვითარდეს და ადრიანად მოგცეთ მოსავალი, უმჯობესია, ნიადაგში წინასწარ მომზადებული ჩითილი ჩარგოთ. ჩითილებს ადვილად გაახარებთ შინ, ფანჯრის რაფაზე, ან სათბურში. თუ მათ გაზრდას სახლში აპირებთ, მოგრძო ქოთნები შეიძინეთ, შიგ საჩითილე მიწა ჩაყარეთ, თესლი მოაბნიეთ და მიწის 2-3 მილიმეტრიანი ფენით დაფარეთ. დათესეთ თებერვალში ან მარტში. გასაღვივებლად 18 გრადუსია საჭირო. როცა ამოიყრის, 12 გრადუსიც ეყოფა. ცოტა რომ წამოიზრდება (დაახლოებით 3 კვირის შემდეგ), ძლიერი ჩითილები სათითაოდ გადაიტანეთ საჩითილე ჭურჭელში. 4-5 ფოთოლს რომ გამოიტანს (დათესვიდან დაახლოებით 4-6 კვირის შემდეგ), ბაღში გადარგეთ.
დარგვა
გადარგვამდე 1-2 კვირით ადრე ნიადაგი კარგად დაამუშავეთ – გააფხვიერეთ და გაანოყიერეთ. ორგანული ნივთიერებებით გასამდიდრებლად მასში კომპოსტი ან ორგანული სასუქი შეტანეთ. ჩითილები დარგვამდე კარგად მორწყეთ და მიწაში იმაზე ღრმად ჩაფალით, ვიდრე საჩითილე ჭურჭელში იყო, ოღონდ ყურადღება მიაქციეთ ქვედა ფოთლის ამონაყარს – ის მიწით არ უნდა დაიფაროს. ნარგავები 50-60 სმ-ით დააშორეთ ერთმანეთს. მჭიდროდ დარგულს შესაძლოა თავებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდეს. ბოლოს კარგად მორწყეთ.
მოვლა
რომანესკოს კომბოსტოს სახეობებს შორის ყველაზე მეტად უყვარს წყალი. ხშირ და საფუძვლიან მორწყვას ის განსაკუთრებით დარგვისას და მშრალ პეროდში ითხოვს. სხვა დროს შეგიძლიათ 2-3 დღეში ერთხელ მორწყოთ. მთავარია, ფესვებში წყალი არ ჩაუდგეს. მორწყვის შემდეგ, ტენიანობის შესანარჩუნებლად, მიწა რეგულარულად გაუფხვიერეთ და მულჩი მოაყარეთ.
მცენარე უკეთ გაიზრდება და ძლიერ ფოთლებს გამოიტანს, თუ ღეროს გარშემო გაფხვიერებულ მიწას შემოაყრით ბორცვაკებად.
რეგულარულ მორწყვასთან ერთად მნიშვნელოვანია ნიადაგის ორგანული ნივთიერებებით გაამდიდრებაც. ზაფხულში საკმარისია ნიადაგში ორგანული სასუქის ან მცენარეთა ნაყენის ერთხელ ან ორჯერ შეტანა.
ბაღში მუშაობისას მთავარია, თავაკები არ დააზიანოთ.
მოსავლის აღება და შენახვა
როცა თავი მოყვითალო-მომწვანო ელფერს მიიღებს, რომანესკო მოსაკრეფად მზად არის. თავის შუაგულში ყვავილები კარგად განვითარებული, მაგრამ დახურული უნდა იყოს. მოსავალს რომანესკო უმეტესად გადარგვიდან 8-10 კვირაში იძლევა.
თავი მჭრელი დანით ფოთლებიანად მოაჭერით ღეროს, ფესვები და სხვა დარჩენილი ნაწილები კი შეგიძლიათ კომპოსტში ჩაყაროთ.
რომანესკო მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, 2-3 დღე კარგად ინახება, მერე რბილდება და საკვებ ნივთიერებებსაც კარგავს, ამიტომ, უმჯობესია, მალევე მოამზადოთ. რაც უფრო ახალია, მით უფრო გემრიელი და სასარგებლოა. მეტხანს რომ გაძლოს, შენახვისას ფოთლები არ მოაცალოთ.
თუ კარგი მოსავალი მიიღეთ და დიდი ხნით შენახვა მოგიწევთ, გირჩევთ, გაყინოთ – ფერსაც შეინარჩუნებს და საკვებ ნივთიერებებსაც.
გაყინვის წესი
კომბოსტოს თავი კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით და დაანაწევრეთ. ქვაბში მარილწყალი აადუღეთ და შიგ კომბოსტოს ყვავილები ჩაყარეთ 5-6 წუთით. იქვე ყინულიანი წყალი მოიდგით. ყვავილებს რომ ამოიღებთ, ცოტა ხნით ყინულწყალში ჩააწყვეთ. მერე საწურზე დაყარეთ. კარგად რომ დაიწრიტება, სპეციალურ ცელოფანში ჩაყარეთ და საყინულეში შედეთ.
გაყინული რომანესკო 8-10 თვე ინახება.
სახეობები
რომანესკოს არაერთი სახეობა არსებობს. ყიდვამდე ყურადღებით გაეცანით მათ თვისებებს, ვინაიდან სხვადასხვა სახეობა სხვადასხვა თვისებებით გამოირჩევა, მაგალითად, Romanesco Natalino და Minarett-ს ხანგრძლივი მწიფობა ახასიათებს და შესანიშნავი გემო აქვს, Veronica კი ადრეული ჯიშია, მეტად გამძლე დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. საუკეთესოა White Gold, რომელიც მაღალი მოსავლიანობითაც გაგახარებთ.
დაავადებები და მავნებლები
კომბოსტოს ყველაზე მეტად კოღო (Contarinia nasturtii) ემტერება და დიდ ზიანსაც აყენებს. ის კვერცხს ყვავილის ჩანასახში დებს. ლარვები გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც საგრძნობლად აფერხებს მცენარის ზრდას. ამას რომ გადაურჩეთ, კომბოსტოს შედარებით ქარიანი ადგილი შეურჩიეთ. რომანესკოს ერჩიან კომბოსტოს თეთრულა და კომბოსტოს ბუგრიც. მათგან დასაცავად ახალგაზრდა თავებს დამცავი ბადე გადააფარეთ.
რომანესკოს ხშირად უჩნდება დაავადება კილა, რომლის გამომწვევია Plasmodiophora brassica. ამ დროს ფესვებს კორძები უჩნდება და წყლისა და მინერალური ნივთიერებების ათვისებაში ხელს უშლის. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს მჟავე, თიხიანი ნიადაგი.
რას უხდება
რომანესკო გაცილებით მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, ვიდრე მისი ნათესავები. მაგალითად, მასში უფრო მეტია პროვიტამინი A, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მხედველობისთვის, იმუნური სისტემისთვის, უჯრედების ზრდისთვის. უხვადაა C ვიტამინიც, რომლის წყალობითაც იმატებს იმუნური დაცვა, ხოლო კანი მეტხანს რჩება ელასტიკური, რადგან C ვიტამინი ხელს უწყობს ელასტინისა და კოლაგენის ბოჭკოების წარმოქმნას. რომანესკოში ბევრია კალიუმი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, დიდ როლს ასრულებს ნერვული იმპულსების გადაცემასა და ენერგიის ცვლაში. კომბოსტოში შემავალი ფოსფორი და კალციუმი ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების სიჯანსაღეს განაპირობებს. ფოსფორი ნივთიერებათა ცვლაშიც მონაწილეობს.
გარდა ამისა, რომანესკო შეიცავს B1, B2, B3, B6, და K ვიტამინებს, თუთიას, გოგირდს.
რომანესკო ხელს უწყობს საკვებში კიბოს გამომწვევი აგენტების შემცირებას, წმენდს ღვიძლს. ის ნაკლებკალორიული და ადვილი მოსანელებელია, ასე რომ, ძალიან კარგია მათთვის, ვინც წონის მატებას უჩივის.
სამზარეულოში
რომანესკო მეტად არომატული ბოსტნეულია. კულინარები მას მრავალნაირად იყენებენ. მისგან შეგიძლიათ მოამზადოთ წვნიანი, რაგუ, მობრაწულა, გარნირი, უმად ჩააჭრათ სალათებში. მისი ფოთლები მდიდარია ვიტამინებითა და კალიუმით, ამიტომ მათ წვნიანისთვის იყენებენ. რომანესკო შეგიძლიათ მოხარშოთ, ორთქლზე მოწალოთ ან ცხიმში მოშუშოთ. ხარშვისას ფერს არ შეიცვლის, თუ წყალს ცოტაოდენ შაქარსა და ლიმონის წვენს დაამატებთ.
საუკეთესო გარნირი იქნება, თუ ორთქლზე მოშუშულს გამდნარ კარაქს მოასხამთ და მარილით, პილპილითა და ჯავზით შეაგემებთ. ოღონდ მომზადებამდე 20-25 წუთით ცივ მარილწყალში ჩადეთ, რათა ხვეულებში ჩარჩენილი ბუგრი გამოვიდეს. მთლიანი თავი მარილწყალში დაახლოებით 20 წუთი ხარშეთ, დანაწვრებული კი 15 წუთი.
როგორც ხედავთ, რომანესკოს გახარება სულაც არ არის რთული. მაგრამ თუ მაინც ყიდვა გირჩევნიათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი მაგარი იყოს და ყავისფერი ლაქები არ ჰქონდეს.
ჯილდა გაჩეჩილაძე