საკვები სილამაზისთვის
გააზიარე:
“მაჩვენე, როგორ გამოიყურები და გეტყვი, რას მიირთმევ ყოველდღე”, – ცნობილი გამოთქმის ეს პერიფრაზი მთელი მსოფლიოს დიეტოლოგებმა და კოსმეტოლოგებმა ლამის საკუთარ დევიზად აქციეს.
მართლაც, ჯანსაღ კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის და ამავდროულად – სილამაზისთვის. სუფთა, ფაფუკი კანი, ბზინვარე თმა, მომხიბლავი ღიმილი ქათქათა მარგალიტების გაელვებით და, რაღა თქმა უნდა, სასიამოვნო განწყობა – ამ ყველაფერს თურმე გონივრულად დაბალანსებულ და ჯანსაღ რაციონს უნდა ვუმადლოდეთ.
მოდი, გადავხედოთ იმ პროდუქტების ათეულს, რომლებიც ყველაზე მეტად დაგვეხმარება მომხიბლავი იერსახის შენარჩუნებაში.
*რაც შეიძლება მეტი წყალი! კანი სილამაზით რომ ბრწყინავდეს, თმასა და ფრჩხილებს კი მუდამ ახალგაზრდული ელფერი ჰქონდეს, თურმე სულ უბრალო რამ – ონკანის წყალია საჭირო. თუ შეშუპება გაწუხებთ (განსაკუთრებით – წინარემენსტრუაციულ პერიოდში), წყლით დატვირთვა შეგიძლიათ დროებით გადადოთ. თუმცა შეშუპებას მაინცდამაინც წყალს ნუ დააბრალებთ – თუ ის რეგულარულად გაწუხებთ, გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ.
*C ვიტამინი იდეალურია ორგანიზმის მოსაძლიერებლად, ინფექციებისგან თავის დასაცავად და განკურნების დასაჩქარებლად, მაგრამ ასკორბინის მჟავას (მას ასეც იხსენიებენ) კიდევ ერთი ღირსება აქვს: ხელს უწყობს კოლაგენური ქსოვილის წარმოქმნას. ამდენად, C ვიტამინის მიღება კანს დანაოჭებისგან და მოდუნებისგან იცავს (კოლაგენური ქსოვილი ხომ კანის სტრუქტურის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელიც ამ უკანასკნელის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს განაპირობებს). ასე რომ, თუ გადაწყვეტთ, კანი გაინებივროთ, მიირთვით რაც შეიძლება მეტი ციტრუსი, კენკრა, პომიდორი, კომბოსტო, კარტოფილი, ასკილის ნაყენი ან მიიღეთ C ვიტამინით გაჯერებული ვიტამინების კომპლექსი.
*მწვანე ჩაი, ისევე როგორც C ვიტამინი, საუკეთესო ანტიოქსიდანტია (აბრკოლებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას). ამავე დროს, მონაწილეობს იმუნიტეტის მოძლიერებაში, მავნე ქოლესტეროლის დონის დაქვეითებაში და, ზოგიერთი კვლევის თანახმად, ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბების რისკს. თუ თქვენი დილა ფინჯანი ყავით იწყება, ის დროა, კოფეინი მწვანე ჩაითი შეცვალოთ. თუ, ამასთანავე, შაქარზეც იტყვით უარს, ზედმეტი კილოგრამებისგანაც იოლად გათავისუფლდებით.
*სოია მდიდარია E ვიტამინით, რომელიც განსაკუთრებით რგებს კანის სტრუქტურას. მასში ასევე უხვადაა ანტიოქსიდანტები, რომლებიც თავიანთ კეთილ საქმეს ყოველთვის უანგაროდ აკეთებენ.
*უჯერ ცხიმოვან მჟავეებს, როგორიც არის ომეგა-3 და ომეგა-6, “კარგი ცხიმების” სახელით იცნობენ. ისინი უჯრედთა გამართული მუშაობისთვის არის საჭირო და თმას, კანს, ფრჩხილებს და, ზოგადად, სხეულს ეხმარება, მუდამ სათანადო ფორმაში იყოს. გარდა ამისა, უჯრედის დონეზე ააქტიურებს ფიზიოლოგიურ პროცესებს, რითაც ხელს უწყობს დალურჯებული ადგილების მოშუშებას და, რა დაუჯერებელიც უნდა მოგეჩვენოთ, ნაოჭების გაქრობასაც კი. ომეგა-ცხიმები უხვად არის თევზში.
*რძე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის – ეს არც რძის მწარმოებელი კომპანიების სარეკლამო ფრაზაა და არც ბავშვობაში არაერთხელ გაგონილი დარიგება. ეს ჭეშმარიტებაა, რომელსაც ექიმები დიდი ხანია აღიარებენ. რძე მდიდარია კალციუმით, რომელიც ძვლებისა და კბილების შენებისთვის არის აუცილებელი, ხოლო მასში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნას, რაც უჯრედების ჟანგბადით მომარაგების აუცილებელი პირობაა (ჟანგბადის ტრანსპორტს ხომ სწორედ წითელი უჯრედები – ერითროციტები უზრუნველყოფენ).
*მწვანე ბოსტნეული მდიდარია A, C და E ვიტამინით, რკინითა და უჯრედისით. C და E ვიტამინის დამსახურებებზე უკვე მოგახსენეთ, რაც შეეხება A ვიტამინს, მასაც ანალოგიური ანტიოქსიდანტური თვისება გააჩნია, ამავდროულად ხელს უწყობს კანსა და ლორწოვან გარსებს ტენის შენარჩუნებაში.
*მაწონში მობინადრე ბაქტერიები ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას, იმუნიტეტის მოძლიერებას, ყოველივე ეს კი პირდაპირ აისახება ჩვენს გარეგნობასა თუ განწყობაზე. მაწვნის ნიღბები იდეალური საშუალებაა კანის დასატენიანებლად და გასაწმენდად. მაწვნის მაგივრობას გაგვიწევს იოგურტი.
*ნიორი რომ სასარგებლო პროდუქტია, მრავალი საუკუნის წინათ მიხვდნენ, ჩვენმა თანამედროვე სპეციალისტებმა კი მისი ღირსებების ვრცელი ნუსხა შეადგინეს, რომელსაც სრულად ნამდვილად ვერ წარმოგიდგენთ, უკანასკნელ აღმოჩენაზე კი უთუოდ მოგახსენებთ: ეფექტურად ებრძვის მაღალ არტერიულ წნევას, ამცირებს სისხლში მავნე ქოლესტეროლის შემცველობას და გარკვეულწილად კიბოს პროფილაქტიკასაც ახდენს. ამ ყველაფერთან ერთად ნიორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომლის წყალობითაც შეძლებთ, მუდამ ახალგაზრდულად და მხნედ გამოიყურებოდეთ. თუ ნივრის სუნი გაღიზიანებთ (თუმცა თქვენ რა – მეგობრებმა და თანამშრომლებმა იკითხონ), გირჩევთ, ნივრის ზეთის კაფსულები მიიღოთ.
*შოკოლადი. თუ ამ უგემრიელესი სასუსნავისგან კანზე არ გაყრით, თამამად შეგიძლიათ, პირი ყოველდღე ჩაიტკბარუნოთ. მასში შემავალი ნივთიერებანი ენდორფინების (ბედნიერების ჰორმონების) გამომუშავებაში გვეხმარება, ამაღლებული განწყობა კი აუცილებელია, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ. არ მეთანხმებით?