კატარაქტის მკურნალობის მეთოდები

გააზიარე:

კატარაქტის მკურნალობის უახლოესი მეთოდების შესახებ გვესაუბრება თვალის მიკროქირურგიული კლინიკის “ოფთალმიჯის” ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯავრიშვილი.

თვალებს მჭიდრო კავშირი აქვს ადამიანის სხვა ორგანოებთან. მათი ცვლილებები თვალის ფერად გარსზე აისახება. არსებობს უკუკავშირიც, რომელზეც სოკრატეც მიუთითებდა: “როდესაც ექიმთან მიდის ადამიანი, რომელსაც თვალი აწუხებს, მკურნალი მას ეუბნება, რომ თვალი მოთავსებულია თავში, ამიტომ უნდა ვუმკურნალოთ თავს; თავის მხრივ, თავი მიმაგრებულია ხერხემალზე, ამიტომ საჭიროა მისი მკურნალობა; ხერხემალი მოთავსებულია სხეულში, – შესაბამისად, უნდა ვუმკურნალოთ მთელ სხეულს. სხეულს კი მართავს სული, – მასაც მკურნალობა უნდა”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, თანამედროვე მედიცინის მიღწევების მიუხედავად, სუსტად მხედველთა რაოდენობა 161 მილიონს აღწევს. მათ შორის 37 მილიონი ბრმაა. თვალის დაავადებებს შორის პირველ ადგილზე დგას კატარაქტა.

სიტყვა “კატარაქტა” ბერძნულად “ჩანჩქერს” ნიშნავს, თუმცა დაავადებას ბუნების ამ მოვლენასთან საერთო არაფერი აქვს; სინამდვილეში კატარაქტა ბროლის შემღვრევაა (ჯანმრთელი ადამიანის ბროლი გამჭვირვალეა).

ადამიანის თვალი თავისი თვისებებით განუმეორებელი ქმნილებაა, ხოლო ბროლი მისი ერთ-ერთი უნიკალური წარმონაქმნია. ჯერ ერთი, ის არ შეიცავს ნერვებსა და სისხლძარღვებს, მეორე – შემოსაზღვრულია ჩანთით (კაფსულით), რომელიც შერჩევით უშვებს ბროლში საჭირო საკვებ ნივთიერებებს და მესამე – შეუძლია ფორმის შეცვლა. კიდევ ერთი თვისება: ყოველგვარ ზემოქმედებას ბროლი შემღვრევით პასუხობს.

ბროლი ბიოლოგიური ლინზის როლს ასრულებს და გამოსახულებას ბადურაზე აფოკუსებს. ბროლის ძირითადი კომპონენტები წყალი და მყარი ნივთიერებაა. ბავშვობაში წყალი მეტია, ასაკთან ერთად კი იმატებს მყარი ნივთიერება – ბროლი მაგრდება, კარგავს ელასტიკურობას და ყვითლდება. ელასტიკურობის დაკარგვის გამო ბროლის გარდატეხის ძალა ნორმის ფარგლებში ვეღარ იცვლება. ეს დაავადებად არ ითვლება, უფრო ფიზიოლოგიური ნორმაა. ეს პრობლემა მარტივად, სათვალის შერჩევით გვარდება. რაც შეეხება გამჭვირვალობის დაქვეითებას, ის სერიოზული დარღვევაა და სათანადო მკურნალობას მოითხოვს.

კატარაქტის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არ არის. უცნობია აგრეთვე, რატომ ზიანდება ერთი თვალი მეორეზე მეტად და რა ზომები უნდა მივიღოთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. კერძოდ, არსებობს კავშირი ამა თუ იმ დაავადებასთან, მაგალითად, დიაბეტთან; ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ჰორმონები) ბროლის შემღვრევას აძლიერებს; კატარაქტა შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმამ, ანთებითმა პროცესმა, ზოგიერთი ტიპის გამოსხივებამ ან ტოქსიკურმა ზემოქმედებამ.

განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ კატარაქტას. თანდაყოლილი კატარაქტა დედისა და ნაყოფის ზოგიერთი დაავადების გამო თვალის არასწორი განვითარების შედეგია.

კატარაქტის კლინიკური გამოვლინება მრავალფეროვანია: მხედველობის დაქვეითება, რომელიც შემღვრევის ადგილსა და ხარისხზეა დამოკიდებული, გამოსახულების გადღაბნა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება, ახლომხედველობის განვითარება, გაორება და ა.შ. ამ სიმპტომებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია მხედველობის შეუქცევადი დაქვეითება. ბროლის სრული შემღვრევისას ადამიანს მხოლოდ სინათლის აღქმა შეუძლია. თუ კატარაქტით დაავადებული სინათლეს ვერ აღიქვამს ან მის მიმართულებას სწორად ვერ განსაზღვრავს, თვალის სხვა დაზიანებაც უნდა ვივარაუდოთ.

მიუხედავად დაავადების სერიოზულობისა, შეიძლება ითქვას, რომ კატარაქტა იკურნება. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მხედველობა სავსებით აღდგება. რაც შეეხება კონსერვატიულ მკურნალობას, მას მხოლოდ დაწყებით სტადიებზე აქვს აზრი – ის მომწიფების პროცესს ახანგრძლივებს, მაგრამ შემღვრევას ვერ აღმოფხვრის. კატარაქტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზით შეიძლება. სრულ გამოჯანმრთელებას მხოლოდ ასეთი ჩარევა უზრუნველყოფს.

ოპერაციის მეშვეობით კატარაქტის განკურნებას უხსოვარი დროიდან ცდილობდნენ. ძვ. წ. IV საუკუნეში ძველ ინდოეთში ბროლის ჩაძირვის (რეკლინაციის) ოპერაცია დაიწყეს. ამ მიზნით განსაკუთრებულ ნემსს იყენებდნენ. მას ძალზე მოხერხებული მოძრაობით უჩხვლეტდნენ თვალში სკლერის ან რქოვანას გავლით და ძრავდნენ ბროლს. ოპერაციას ბაზრობებზე ექიმები და ექიმბაშები აკეთებდნენ. იმხანად დაავადებაზე მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ – ეგონათ, რომ ამგვარი ოპერაციით “ჩაძირავდნენ” ბროლის წინ წარმოქმნილ გამყარებულ სითხეს. XVII საუკუნეში რეკლინაცია შემღვრეული ბროლის ამოღებამ შეცვალა.

რეკლინაციას მრავალი ნაკლი ჰქონდა: ბროლი უბრუნდებოდა თავის ადგილს, ზიანდებოდა თვალის ქსოვილები, იმატებდა თვალშიგა წნევა, იშლებოდა ბადურა. აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში ამ ოპერაციას დღემდე აკეთებენ.

1747 წელს ჟაკ დავიელმა კატარაქტის მოცილების ოპერაცია აღწერა. ეს ოპერაცია  დღესაც ოფთალმოქირურგის ოსტატობის სასინჯ ქვად რჩება. შემთხვევითი არ არის, რომ მას თვალის ქირურგიის მარგალიტს უწოდებენ.

კატარაქტის ქირურგიაში პირველ ნაბიჯად იქცა საოპერაციო მიკროსკოპის გამოყენება. თავდაპირველად ბროლს ჩანთასთან (კაფსულასთან) ერთად იღებდნენ (ცალკეულ შემთხვევებში ეს მეთოდი დღესაც გამოიყენება). ამ დროს ბროლი მიეყინება სპეციალურ მოწყობილობას და ამ გზით შორდება თვალს (კრიოექსტრაქცია). მოგვიანებით შემუშავებულ იქნა უფრო მეტად ფიზიოლოგიური ოპერაცია ბროლის კაფსულის შენარჩუნებით, რომელსაც კატარაქტის ექსტრაკაფსულური ექსტრაქცია ეწოდება.

მნიშვნელობით მეორე მიღწევად მიიჩნევა თვალშიგა ლინზის გამოგონება. როგორც აღვნიშნეთ, ბროლი ლინზის ფუნქციას ასრულებს და მხოლოდ გამჭვირვალეობა კი არ მოეთხოვება, არამედ ისიც, რომ გამოსახულება ბადურაზე დააფოკუსოს. ხელოვნური ბროლის იმპლანტაციის ისტორია სათავეს 1949 წელს იღებს. ამ დროს ინგლისელმა ჰაროლდ რიდლიმ თვალში პირველად ჩანერგა ხელოვნური ბროლი. ეს აზრი მას ერთმა შემთხვევამ შთააგონა: მის ერთ-ერთ პაციენტს, მფრინავს, ტრავმისას თვალში ორგანული მინის ნამსხვრევები ჩაუცვივდა. მინა ანთებას არ იწვევდა და თვალი კარგად ხედავდა.

რიდლის პირველი ბროლები მძიმე იყო და მრავალ გართულებას იწვევდა. ამის გამო ოფთალმოლოგებმა მათ გამოყენებაზე უარი თქვეს. კვლევები გაგრძელდა. ამ სფეროში წინსვლა სვიატოსლავ ფიოდოროვის სახელს უკავშირდება. მისი ლინზა თ-26 დღესაც წარმატებით გამოიყენება.

ამის შემდეგ კატარაქტის ქირურგია ორი მიმართულებით ვითარდებოდა: ერთი მხრივ, მცირდებოდა ოპერაციის ტრავმულობა (დაიხვეწა ინსტრუმენტები და მასალა, შემცირდა განაკვეთი), მეორე მხრივ, იხვეწებოდა ინტრაოკულური ლინზის წარმოების ტექნოლოგია. თანამედროვე ტექნოლოგიები, ლაზერისა და ულტრაბგერის გამოყენება, საშუალებას იძლევა, თვალის კაკლის მინიმალური განაკვეთით ამოვიღოთ შემღვრეული ბროლი. ახალი ქიმიური ნივთიერებების სინთეზმა კი შესაძლებელი გახადა ფორმის მეხსიერების მქონე დრეკადი ბროლების წარმოება.

კატარაქტის ულტრაბგერითი ექსტრაქციის ფუძემდებლად ჩარლზ კელმანი ითვლება. 1967 წელს მან ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში (American Journal of Ophthalmology) დაბეჭდა პუბლიკაცია დაბალსიხშირიანი ულტრაბგერით კატარაქტის მკურნალობის შესახებ. ამ მეთოდს ის განასხვავებს, რომ ბროლი მთლიანად არ სცილდება – ის თვალის შიგნითვე იშლება და პატარა განაკვეთიდან შეიწოვება. ამ ოპერაციას ფაკოემულსიფიკაცია ეწოდა.

დღეს კატარაქტის ქირურგიული მკურნალობა მაღალ დონეზეა. ის არ მოითხოვს პაციენტის სერიოზულ მომზადებას, კეთდება ამბულატორიულად, უმტკივნეულოა, გრძელდება რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე, შედეგი ერთ საათში ხდება თვალსაჩინო, გართულებათა ალბათობა მინიმალურია, აღდგენის პერიოდი – ხანმოკლე.

ჩვენს ქვეყანაში კატარაქტის ქირურგია მსოფლიო დონეზეა. ეს განპირობებულია ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი განახლებით, ახალი პროფესიული კადრების მოზიდვით და მათი კვალიფიკაციის ზრდით. საკუთარი თავის პატივისმცემელი არც ერთი კლინიკა არ დაინანებს თანხას (საკმაოდ დიდს) მომავალი პერსპექტივისა და განვითარებისათვის. მით უმეტეს, რომ ოფთალმოქირურგია ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური დარგია თანამედროვე მედიცინაში. შეიძლება ითქვას, რომ ქირურგია კატარაქტის პრობლემას ყველაზე მომთხოვნი პაციენტებისთვისაც კი აგვარებს. მიუხედავად იმისა, რომ მედიცინაში 100%-ით გარანტირებული რეზულტატი არ არსებობს, კატარაქტის ქირურგიული მკურნალობის შედეგი ამ მაჩვენებელს უახლოვდება. თუ შევადარებთ კატარაქტის მკურნალობას საქართველოსა და დასავლეთში (ევროპასა და ამერიკაში), პრინციპულ განსხვავებას ვერ დავინახავთ (რასაკვირველია, ფასის გარდა).

თანამედროვე ფაკოემულსიფიკატორების განვითარების პიკად ითვლება ამერიკული ფირმა ”Alcon”-ის მოდელი ”Infiniti”. მასში თავმოყრილია თანამედროვე ტექნოლოგიების ყველა მიღწევა. 2007 წლის ზაფხულში ეს დანადგარი საქართველოშიც შემოვიდა. რაც შეეხება ხელოვნური ბროლის არჩევანს, ამჟამად არსებული მოდელები პასუხობენ უმაღლეს მსოფლიო მოთხოვნებს და თითქმის სრულად არიან წარმოდგენილნი ჩვენს ბაზარზე. გვინდა, გამოვყოთ ორი მათგანი. პირველი, Acrysof IQ Alcon, შემდეგი თვისებებით გამოირჩევა:

* Acrysof IQ, ე.წ. ინტელექტუალური ლინზა, ხელოვნური ბროლების უკანასკნელი თაობის წარმომადგენელია. ის არა მარტო აუმჯობესებს მხედველობას, არამედ ასწორებს სფერულ აბერაციებს (ანარეკლს, გაორებას), რომლებსაც ადგილი აქვს კაშკაშა სინათლის არეკვლისას.
* იმპლანტაცია ხდება პატარა – 2-2,5 მმ ზომის განაკვეთიდან, რაც მინიმუმამდე ამცირებს როგორც ოპერაციული გართულებების რისკს, ისე ოპერაციის შემდგომი პერიოდის არასასიამოვნო მოვლენებს.
* ლინზის კიდის განსაკუთრებული ფორმისა და ბიოაქტიური მასალის წყალობით მეორადი კატარაქტის განვითარების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ხოლო მისი მოცილების შესაძლებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
* იცავს ბადურას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო ყვითელი ოპტიკური ფილტრი შთანთქავს მავნე გამოსხივებას ისე, რომ არ ირღვევა ფერების აღქმა. ამგვარად, ეს ლინზა თვისებებით ბუნებრივ ბროლს უახლოვდება.

რაც შეეხება მეორე ტიპის ლინზას, ის იმისთვის არის შექმნილი, რომ პაციენტმა შორსაც და ახლოსაც კარგად დაინახოს. ასეთ ლინზებს მულტიფოკალურს უწოდებენ. მათი თანამედროვე წარმომადგენელია Acrysof RESTOR Alcon. ლინზების ხსენებული თვისება მიიღწევა უნიკალური დიფრაქციული ოპტიკური დიზაინის წყალობით, რომელიც უზრუნველყოფს ფსევდოაკომოდაციას (სხვადასხვა მანძილზე კარგად ხედვისთვის).
დაბოლოს, მინდა გირჩიოთ: კატარაქტის ოპერაცია სიცოცხლეში ერთხელ კეთდება, ანუ თქვენ ლინზას სამუდამოდ ირჩევთ. თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად დაინახავთ სამყაროს და გაიხარებთ სიცოცხლით. იყავით მაქსიმალურად მომთხოვნი საკუთარი თავის და მკურნალობის ხარისხის მიმართ.

გააზიარე: