პლასტიკური ქირურგია

გააზიარე:

 XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, სილამაზის ცნება საგრძნობლად შეიცვალა, იდეალური გარეგნობის სტანდარტი არაერთხელ გადაფასდა. როგორც ჩანს, მსოფლიოს მობეზრდა ერთ ყალიბში ჩამოსხმული ლამაზმანების ცქერა. ახლა არავინ დაგიწუნებთ, თუ ზომაზე დიდი პირი ან ასიმეტრიული თვალები გაქვთ. ის კი არა, შესაძლოა, უცნაურმა გარეგნობამ პოპულარულიც გაგხადოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პაჭუა ცხვირი დღეს მოდაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მომხიბლავი ინდივიდუალიზმია, პლასტიკურ ოპერაციას მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი იკეთებს, თუმცა ცოტა თუ მიმართავს ესთეტიკური ქირურგიის ცენტრს იმის სურვილით, რომ ჯულია რობერტსის ცხვირით ან ანჯელინა ჯოლის ტუჩებით დაამშვენონ. ყველა ქალბატონს (და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბატონსაც) სილამაზის საკუთარი რეცეპტი აქვს, რომლის მიხედვითაც პლასტიკურმა ქირურგმა ახალი იმიჯი უნდა გამოუძერწოს.

სკალპელი მეორეხარისხოვანია?!

ზიგმუნდ ფროიდს ერთი უცნაური არისტოკრატი სტუმრობდა, რომელიც ღრმად გახლდათ დარწმუნებული, რომ მის თავში მტრედებს დაედოთ ბინა. ფროიდი რის ფროიდი იყო, მტრედებისთვის ბუდე არ დაენგრია: იყიდა რამდენიმე მტრედი და ერთ-ერთი სეანსის დროს პაციენტის ზურგს უკან აუშვა, თითქოს თავიდან ამოაფრინაო. ასე განიკურნა ცისფერსისხლიანი პაციენტი.

ალბათ, ხვდებით, რომ ეს მაგალითი ტყუილად არ მოგვიყვანია. ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც პლასტიკური (თუ გნებავთ, ესთეტიკური) ქირურგიის ცენტრს აკითხავს, კომპლექსით არის შეპყრობილი და ყველაზე ნაკლებად ქირურგის დახმარება სჭირდება.

რამდენიმე წლის წინ CNN-ით ლარი კინგის ვრცელი სიუჟეტი აჩვენეს, რომელიც პლასტიკური ოპერაციების შესახებ მოგვითხრობდა. გადაცემა რეალურ ამბებზე დაყრდნობით იყო მომზადებული და დაწვრილებით აღწერდა ორი ქალის იმიჯის შეცვლის ისტორიას: ჩვეულებრივი (უფრო უსახური) გარეგნობის ქალბატონები სულ მოკლე ხანში ყველაზე სასურველ ლამაზმანებად იქცნენ. როგორც სიუჟეტის დასასრულს გაირკვა, მათ გარდასახვაში ყველაზე უმნიშვნელო წვლილი პლასტიკურ ქირურგიას მიუძღვოდა. ამაში გაცილებით მეტი შრომა ფსიქოლოგებმა, ვიზაჟისტებმა და იმიჯმეიკერებმა ჩადეს.

ისე არ გაგვიგოთ, თითქოს პლასტიკური ქირურგია მედიცინის ნაკლებად სასარგებლო, ყურით მოთრეულ დარგად მიგვაჩნდეს. ეს რომ ასე არ არის, ის ფაქტიც მოწმობს, რომ პლასტიკური ქირურგიის დახმარების მსურველთა რიცხვი მსოფლიოში წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ესთეტიკური მედიცინის ცენტრები სოკოებივით მრავლდება.

საქართველოში გავრცელებული პლასტიკური ქირურგიის ბუმის შესახებ გვესაუბრება ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გია გვარამია: 

- მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, სხეულის კორექციისთვის ჩატარებულ ოპერაციებს შორის ყველაზე ხშირი ლიპოსაქციაა. მეორე ადგილს ცხვირისა და მკერდის ოპერაციები იყოფენ, მესამე კი იმ ქირურგიულ ჩარევებს უკავია, რომლებიც სახის გაახალგაზრდავების მიზნით კეთდება (მაგალითად, კანის დაჭიმვას).

ბევრი ლიპოსაქციას წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ეს ოპერაცია სხეულის ყველა იმ უბანზე კეთდება, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე…

არსებობს ლიპოსაქციის სამი ძირითადი მეთოდი: ტრადიციული, ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი. ამ მეთოდებს შორის განსხვავება უფრო იოლად აღსაქმელი რომ იყოს, წარმოვიდგინოთ, რომ კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი ფიჭას ჰგავს. ტრადიციული ლიპოსაქციის დროს ქირურგი “ფიჭას” მთლიანად იღებს. ამ შემთხვევაში კანს საყრდენი ეცლება და ვარდება.

ულტრაბგერითი მეთოდის გამოყენებისას ფიჭის მსგავსი შემაერთებელქსოვილოვანი სტრუქტურა, ხელუხლებელი რჩება, ხოლო მისი შიგთავსი – ცხიმი – იდევნება.

კიდევ უფრო ეფექტური და დახვეწილი მეთოდია ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია. ოპერაციას, რომელშიც ულტრაბგერასთან ერთად ლაზერიც არის ჩართული, აქვს აშკარა უპირატესობათა მთელი წყება: მინიმალური ტრავმულობა და დისკომფორტი, სისხლძარღვების, ლიმფური სადინარებისა და ნერვული დაბოლოებების დაზოგვა, ჭარბი ცხიმის მოცილების შესაძლებლობა სხეულის ნებისმიერი უბნიდან, იდეალური შედეგი და მეტად ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი.

ულტრაბგერითი და ლაზერულ-ულტრაბგერითი ლიპოსაქცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველად ჩვენმა სამედიცინო ცენტრმა დანერგა. პოსტსაბჭოურ სივრცეში სულ 2-3 კლინიკაა, სადაც ამ ტიპის ოპერაციები კეთდება.

ულტრაბგერითი ლიპოსაქცია

ოპერაციის წარმატებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს აპარატურას. თუ ეს უკანასკნელი ქირურგს საშუალებას მისცემს, ლიპოსაქცია სრულიად უვნებლად და, რაც მთავარია, უმტკივნეულოდ ჩაივლის.

ულტრაბგერითი ლიპოსაქციის დროს ადგილობრივ ანესთეზიას ვიყენებთ. ამრიგად, პაციენტი გონზეა, თუმცა არავითარ დისკომფორტს არ განიცდის. ხშირად თვითონვე ეხმარება ქირურგს: ბარძაყების, ზედა კიდურების ლიპოსაქციისას ჩვენი თხოვნით გვერდს იცვლის, საჭირო მხარეს ბრუნდება.
ძალიან იშვიათად, პაციენტის მოთხოვნით, ვახდენთ მედიკამენტურ სედაციას (ვგვრით ძილს). ამ მეთოდს უმეტესად აბდომინოპლასტიკის, მკერდისა და ცხვირის ოპერაციების დროს ვიყენებთ.

ულტრაბგერითი ლიპოსაქციის შემდეგ პაციენტი კლინიკას სულ რაღაც 2-3 საათში ტოვებს და, პრაქტიკულად, მეორე დღიდანვე შრომისუნარიანია. მართალია, პერიოდულად პროცედურებზე სიარული და  რამდენიმე (დახლოებით 2-4) კვირის განმავლობაში ელასტიკური თეთრეულის (ბანდაჟის) ტარება უხდება, მაგრამ არა მგონია, ეს დიდ უხერხულობას უქმნიდეს, ვინაიდან ბანდაჟი მეტად კომფორტულია, ხოლო პროცედურები – ხანმოკლე, დაახლოებით 15-წუთიანი.

ჩვენს ცენტრში ჩატარებულ ოპერაციებს ერთობ ხანმოკლე სარეაბილიტაციო პერიოდი ახასიათებს. შედარებით რთული ოპერაციების დროსაც კი, როგორიც არის აბდომინოპლასტიკა (ე.წ. ჩამოკიდებული მუცლის დაჭიმვა), მკერდის დაპატარავება და ა.შ., პაციენტი კლინიკიდან მაქსიმუმ მეორე დღეს ეწერება. ულტრაბგერითი ლიპოსაქციით მიღწეული შედეგი სტაბილურია და ათწლეულების მანძილზე უცვლელი რჩება.

შესაძლოა, ყური მოჰკრათ მოსაზრებას, თითქოს ლიპოსაქციის შემდეგ ნაოპერაციევ ადგილას ცხიმი არ გროვდება, მაგრამ გროვდება სხვაგან. ასეთ შედეგს იძლევა მხოლოდ ტრადიციული ლიპოსაქცია – ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ნაოპერაციევი ზონიდან სავსებით ამოცლილია, ამიტომ იქ ვერც ცხიმი დაგროვდება. ასეთ შემთხვევაში, თუ ადამიანმა წონა მოიმატა, ჭარბი ცხიმი სხვაგან კონცენტრირდება და სხეულიც ფორმას კარგავს.

ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, გარდა იმისა, რომ ნაოპერაციევ ადგილას კანს ჭიმავს, სხეულს ცხიმის ასიმეტრიული გადანაწილებისგანაც იცავს. თუ ადამიანმა ოპერაციის შემდეგ წონა მოიმატა (მაგალითად, ორსულობისას), სხეული ფორმას არამც და არამც არ დაკარგავს, ვინაიდან ცხიმი სიმეტრიულად გადანაწილდება.

მამოპლასტიკა

რაც შეეხება  მამოპლასტიკას, ის  უმთავრესად სამი სახისაა: მკერდის გაზრდა, დაპატარავება და რეკონსტრუქცია. ამ უკანასკნელს მაშინ მივმართავთ, როდესაც ქალბატონს სარძევე ჯირკვალი მოკვეთილი აქვს და იქმნება “ახალი” მკერდის შექმნის აუცილებლობა.

სილიკონის ჟელეს გამოყენება, ისევე, როგორც საკუთარი ცხიმისა, სრულიად მიუღებელია. ამ დროს სიმეტრიის დაცვა შეუძლებელია. დროთა განმავლობაში ცხიმოვანი ქსოვილი გაიწოვება და მის ნაცვლად წარმოიქმნება ფიბროზული ქსოვილი, რომლის სიმსივნური ქსოვილისგან გარჩევა მამოგრაფიული კვლევით წარმოუდგენელია. დიდია სარძევე ჯირკვალში კისტოზური ჩანართების წარმოქმნის ალბათობაც. ამდენად, ცხიმგადანერგილი ადამიანი განუწყვეტლივ შიშში უნდა იყოს, განუწყვეტლივ აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა, რათა გართულებებს გადაურჩეს. ამ ოპერაციისა ყველაზე დიდი და შესამჩნევი ნაკლი კი ის გახლავთ, რომ ფორმა, რომელიც ოპერაციის შედეგად იქნა მიღწეული, რამდენიმე თვეში იკარგება.

მკერდის გასადიდებლად ყველაზე უსაფრთხო და შედეგიანი მეთოდი სილიკონის იმპლანტის გამოყენება გახლავთ. უნდა გითხრათ, რომ გართულებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე ოპერაცია არ არსებობს, მაგრამ სილიკონის იმპლანტის გამოყენების შემთხვევაში გართულებათა ალბათობა მინიმალურია.

იმპლანტი ლაქტაციას ხელს არ უშლის. ქალს შეუძლია, ბავშვს თამამად აწოვოს ძუძუ. ერთი რამ კი გასათვალისწინებელია: ორსულობისას მკერდი იზრდება, შემდეგ კვლავ პატარავდება, ამიტომ შესაძლოა, ნაოპერაციევი, აწეული მკერდი დაეშვას და კვლავ დაკარგოს ფორმა.

ალბათ დაგაინტერესებთ, ყველაზე ხშირად რომელ პლასტიკურ ოპერაციას იკეთებენ ქართველი მამაკაცები.  მსოფლიოში ესთეტიკური მედიცინის ცენტრების პაციენტთა 15% მამაკაცია. ასეთივეა სტატისტიკა საქართველოში. მამაკაცები უპირატესად ლიპოსაქციისა და ცხვირის პლასტიკური ოპერაციისთვის მოგვმართავენ. თუ მამაკაცს აბდომინოპლასტიკა სურს, მას ყოველთვის უნდა წონის დაკლება და, სულ მცირე, 20-40 კილოგრამის მოცილება, პლასტიკური ქირურგია კი, როგორც გითხარით, სიმსუქნესთან ბრძოლის საშუალება არ არის. სხეულის ფორმის კორექცია ამ დროსაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმსუქნესთან ბრძოლა სხვა მეთოდებით, მაგალითად, კუჭის ბანდაჟირებით უნდა წარიმართოს.

გააზიარე: