შეშუპული უპეები

გააზიარე:

 

შეშუპებული, ჩამოსივებული უპეებით ალბათ ხშირად გაგღვიძებიათ. თვალებქვეშ გაჩენილი ტომრები ზოგჯერ მართლაც ყურადსაღები ნიშანია, რადგან შესაძლოა, რომელიმე დაავადებას ახლდეს თან, მაგრამ უმეტესად ისინი მხოლოდ ასაკის მატებაზე მიუთითებს. თვალების გარშემო არსებული ქსოვილები, მათ შორის – ქუთუთოების დამჭერი კუნთები, დროთა განმავლობაში სუსტდება, კანი ეშვება, ცხიმოვანი ქსოვილი ქვედა ქუთუთოების მიდამოში ჩამოდის და მათ შესივებულის მსგავს შესახედაობას აძლევს. თვალებქვეშ ზოგჯერ სითხეც გროვდება და შეშუპების სურათს აძლიერებს. დგება დღე, როცა სარკიდან ციმციმა, სიცოცხლით სავსე თვალების ნაცვლად შეშუპებული, დაღლილი თვალები შემოგყურებთ.

 

რისი ბრალია

თვალებქვეშ ტომრების გაჩენას იწვევს:

* სითხის შეკავება ამინდის ცვალებადობის გამო (მაგალითად, თბილ ნესტიან დღეებში), ჰორმონული ფონის ცვლილება, მარილიანი საკვები;

* ძილის უკმარისობა;

* ალერგია, დერმატიტი (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შესივებას თან ახლავს სიწითლე და ქავილი);

* მემკვიდრეობითი განწყობა (ეს ფიზიოლოგიური თავისებურება შესაძლოა სისხლით ნათესავებსაც ჰქონდეთ).

 

როგორ ვლინდება

შეშუპებული თვალებისთვის დამახასიათებელია:

* მსუბუქი შესივება;

* მოშვებული კანი

* მუქი წრეები თვალების გარშემო.

 

როდის მივმართოთ ექიმს

შეშუპებული უპეები არც ისე სასიამოვნო შესახედავია, მაგრამ უმეტესად უვნებელია და სამედიცინო ჩარევას არ მოითხოვს.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ:

* შეშუპება ძლიერი და მუდმივია;

* თან ახლავს სიწითლე, ტკივილი ან ქავილი;

* შეინიშნება სხეულის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად, ფეხებზე.

ექიმი გამორიცხავს შეშუპების სხვა მიზეზებს: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას, ინფექციურ პროცესს, ალერგიას...

 

მკურნალობა

სამედიცინო ჩარევა, როგორც უკვე ვთქვით, სავალდებულო არ არის, მაგრამ თუ შეშუპებული უპეები გაწუხებთ და გსურთ, უკეთესად გამოყურებოდეთ, პრობლემის მოგვარებაში მედიკამენტური ან ქირურგიული მკურნალობა დაგეხმარებათ.

მკურნალობის მიზანია თვალებქვეშ გაჩენილი ტომრების გაქრობა სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურით: ლაზერით, ქიმიური პილინგით, ასევე – კანის მატონიზებელი, გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი სპეციალური საშუალებებით.

არსებობს ქირურგიული მეთოდიც –  ბლეფაროპლასტიკა, რომელიც ზედა და ქვედა ქუთუთოებიდან ზედმეტი კანისა და ჭარბი ცხიმის მოცილების შესაძლებლობას იძლევა. ბლეფაროპლასტიკის საშუალებით იჭიმება მოშვებული კანი ზედა ქუთუთოზე, ხოლო ქვედა ქუთუთოდან ქრება ტომრები. თუ კანი მოშვებული არ არის, კეთდება დახურული ბლეფოპლასტიკა – განაკვეთი კეთდება ქვედა ქუთუთოს შიგნით, ამიტომ კანზე ნაწიბური არ რჩება. პროცედურის ჩატარება შესაძლებელია ამბულატორიულად. პაციენტი 2-3 საათში ტოვებს კლინიკას.

ოპერაციამდე აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს შესაძლო შედეგებსა და გართულებებზე.

 

რა შეგიძლიათ იღონოთ

თვალებქვეშ გაჩენილ ტომრებს დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ ებრძოლოთ:

* თვალების გარშემო მსუბუქი ზეწოლით რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიდეთ ცივი საფენები.

* საკმარისი იძინეთ. მოზრდილი ადამიანისთვის 7-8-საათიანი ძილი ნორმაა.

* ეცადეთ, ძილის დროს თავი მაღალ სასთუმალზე გედოთ (შეგიძლიათ დამატებითი ბალიშის გამოყენება). ეს ხელს შეუშლის თვალების ირგვლივ სითხის დაგროვებას.

* თავი არიდეთ სავარაუდო ალერგენებს. საჭიროებისას გამოიყენთ ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუ შეამჩნიეთ, რომ ქუთუთოები საპნის ან კოსმეტიკური საშუალების გამოყენების შემდეგ გიშუპდებათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, აუცილებლად დაიბრუნებთ ბედნიერ, სიცოცხლით სავსე მზერას.

თამთა ხელიძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: