ვუტევთ ოსტეოქონდროზს

გააზიარე:

 

ცივილიზაციის საზღაური
მილიონობით წლის წინ ადამიანი ოთხზე დადიოდა. მერე, აქაოდა დროს არ ჩამოვრჩეო, რატომღაც წელში გასწორდა და ორი ქვედა კიდურით გაუყვა ცივილიზაციის გრძელ და სირთულეებით აღსავსე გზას. სწორედ მას მერეა, ხერხემალს გასაჭირი რომ არ ელევა.
თანამედროვე ადამიანს, თუკი თავად ის არ შეუწუხებია ოსტეოქონდროზს, სმენია მაინც ამ პათოლოგიის შესახებ. ხერხემლის ეს დაუძინებელი მტერი დღეს ლამის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. საითაც არ უნდა გაიხედო, ზოგს კისერი აქვს გაშეშებული, ზოგს კიდევ წელში გამართვა უჭირს.
თანამედროვე ადამიანი მართლაც რომ დიდ გასაჭირშია: დილიდან საღამომდე მონიტორთან მორჩილად ჯდომა ან საჭეს ჩაფრენილი საათობით საცობებში ყურყუტი მხოლოდ ნერვულ სისტემას კი არ უღებს ბოლოს, ხერხემალსაც აჩენს კვალს.

საიმედო საყრდენი
ხერხემალი ძვლოვანი მალების აცმაა. მძივებივით ჩამწკრივებულ მალებს შორის ხრტილოვანი მალათაშუა დისკოებია ჩამონტაჟებული, რაც ძვლოვანი ღერძის ამორტიზაციისთვის აუცილებელი პირობაა. ხანგრძლივი და არასწორი ჯდომა, მოუხერხებელი საწოლი, მძიმე ფიზიკური შრომა და ასაკი პირდაპირ აისახება ხერხემლის სტრუქტურაზე: დისკოები შეიძლება განილიოს ან გამოვარდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ ძვლოვანი ღერძი კი არ ზარალდება და დეფორმირდება, არამედ კიდევ უფრო ღრმა ანატომიური ცვლილებები იჩენს თავს. მაგალითად, ხშირია შემთხვევა, როცა კისრის მალებს შორის სისხლძარღვები ყვება. ამ დროს ირღვევა თავის ტვინის სისხლით მომარაგება, ადამიანს ეწყება თავის ტკივილი, თავბრუხვევა, უქვეითდება მეხსიერება... ხდება ისეც, რომ გულმკერდის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს მიოკარდიუმის ინფარქტის მსგავსი შეტევითი ტკივილი იჩენს თავს. ერთი სიტყვით, ოსტეოქონდროზი საკმაოდ ხშირად ატიპურად ვლინდება და ადამიანი ვერც კი ხვდება, რომელ სპეციალისტს მიმართოს დახმარებისთვის.
მოდით, ერთად გავარკვიოთ, ხომ არ შემოგვეჩვია ოსტეოქონდროზი.

ვუტევთ ოსტეოქონდროზს ოფისიდან გაუსვლელად
საქმე ის არის, რომ ხშირად ამ პათოლოგიის მიზეზი არაკომფორტული სამუშაო ადგილია: მეტისმეტად დაბლა მოთავსებული მონიტორი, კაშკაშა სინათლე, უხეში სკამი... ასე ხომ მალე დაიღლები! ასე რომ, ადგილი, სადაც ლამის მთელ დღეს ატარებთ, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოაწყოთ. ამგვარად ხერხემალიც დაიზოგება და შრომისუნარიანობაც ამაღლდება.
მოკლედ, ვიქცევით ასე:
. ვარეგულირებთ განათებას. სამუშაო ოთახი არც მეტისმეტად განათებული უნდა იყოს და არც ჩაბნელებული. უმჯობესია, კუთხეს, სადაც დილიდან საღამომდე ხართ მოკალათებული, ოდნავ მქრქალი გაფანტული სინათლე ანათებდეს. არამც და არამც არ დადგათ მაგიდა ისე, რომ ფანჯარა თქვენს პირისპირ აღმოჩნდეს. თუკი სხვაგან დამკვიდრება ვერ მოახერხეთ, უთუოდ ჩამოაფარეთ სქელი ჟალუზი.
. ვასწორებთ ეკრანს. მონიტორი თვალებს 50-60 სმ-ით მაინც უნდა იყოს დაშორებული, ხოლო ეკრანის ცენტრი თვალების გასწვრივ ან ოდნავ ქვემოთ მდებარეობდეს. თუ მონიტორი მეტისმეტად დაბლაა დამონტაჟებული, გამოსახულებას უკეთ რომ შეხედოს, ადამიანი თავს დაბლა ხრის ან სულაც მთელი ტანით იხრება, ასე კი კისერსა და ზურგს დამატებითი ჯაფა ადგება.
. ვსხდებით მოხერხებულად. ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის განსაკუთრებული ყურადღება აქვს ჯდომას. ხუმრობა ხომ არ არის, დილიდან საღამომდე სავარძელს ან სკამს მიჯაჭვულმა უნდა გაძლო! ჰოდა, თქვენც რაც შეიძლება მოხერხებული სკამი შეარჩიეთ. ოფისში სამუშაოდ ზედგამოჭრილია სავარძელი, რომლის საზურგეც ზურგის ფორმას იმეორებს და თქვენი სურვილისამებრ იცვლის დახრილობას. რაც მთავარია, სიმაღლის რეგულირება უნდა შეგეძლოთ. სავარძლის საჯდომი იმ სიმაღლეზე დააყენეთ, რომ მისი ზედაპირი მუხლის გასწვრივ მოხვდეს და წვივები არ ჩამოგეკიდოთ.
. მივდი-მოვდივართ. რაც არ უნდა კომფორტულად იყოთ მოკალათებული, მთელი დღე კომპიუტერთან თქვენმა მტერმა გაძლოს! დროდადრო აუცილებლად წამოდექით, მუხლი გამართეთ და ოთახში გაიარ-გამოიარეთ. მხოლოდ სარკმელთან რომ მიხვიდეთ და უკან დაბრუნდეთ, გადაღლილი ხერხემლისთვის ესეც შეღავათი იქნება.

... ან შინიდან გაუსვლელად
ოსტეოქონდროზი მხოლოდ საქმიანი ადამიანების ხვედრი როდია. დიასახლისები, რომლებიც დღენიადაგ სამზარეულოში ფუსფუსებენ და სერიალების ყურებით იქცევენ თავს, არანაკლებ ტვირთავენ ხერხემალს.
ასე რომ, თავ(გა)დადებულო ქალბატონებო, გირჩევთ:
. ერიდოთ სიმძიმეების აწევას. თუ ჩემოდნები მაინცდამაინც თქვენი სათრევი გახდა, მათ ასაღებად კი ნუ დაიხრებით, არამედ ოდნავ ჩაიცუცქეთ და ისე ასწიეთ. გარდა ამისა, ეცადეთ, სიმძიმე ორსავე ხელში თანაბრად გადაინაწილოთ (მათ კი, ვინც ნახევარ ცხოვრებას მოგზაურობაში ატარებს, უჯობთ, ბორბლებიანი ჩემოდანი შეიძინონ).
. სახლის დასალაგებლად და მტვრის გადასაწმენდად გრძელტარიანი მტვერსასრუტი და ცოცხი შეიძინოთ – ასე დახრა აღარ დაგჭირდებათ. საწოლისა და დივნის ქვეშ როგორღა გამოვგაოთო? დახრას არც ამ შემთხვევაში გირჩევთ. უმჯობესია, მუხლებზე დადგეთ და ცოცხი თუ ჯაგრისი ისე გამოუსვათ.
. როცა დიდხანს გიწევთ ფეხზე დგომა, კედელს მიეყრდნოთ ან ცალი ფეხი რამეზე (მაგალითად, ყუთზე ან დაბალ სკამზე) შემოდგათ.
. ხერხემლისა და ზურგის კუნთების განსატვირთად და ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძილს. უფრო სწორად, იმას, თუ რამდენად კომფორტულია თქვენი საწოლი. ბევრს ჰგონია, რომ ხერხემალს მყარზედაპირიანი საწოლი უხდება და მწარედ ცდება – სინამდვილეში საქმე სულ სხვაგვარადაა. არც მეტისმეტად რბილი და არც მეტისმეტად მყარი საწოლი ზურგს არ რგებს. საუკეთესო ვარიანტი მაინც ორთოპედიული ლეიბია, რომელიც სხეულის კონტურებს იმეორებს. და, რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ თავქვეშ მცირე ზომის ბალიშის ამოდება.

შეგიძლია, წაივარჯიშო კიდეც
ჩვენმა ძვლოვანმა ღერძმა შვება რომ იგრძნოს, ზურგის კუნთები უნდა მოვაძლიეროთ. ასე იქმნება ხერხემლის ბუნებრივი კორსეტი, რომელიც მას დაზიანებისა და გადატვირთვისგან იცავს.
ამ მიზნით ურიგო არ იქნება წავივარჯიშოთ კიდეც.
გადაღლილი ხერხემლისთვის საუკეთესო წამალი ცურვაა (ბრასი, კროლი და ზურგი). სასარგებლოა ღერძზე დაკიდებაც. ამ დროს ხერხემალი იჭიმება, მალათაშუა დისკოები თავ-თავიანთ ადგილებს პოულობენ, მალებს შორის მოყოლილი ნერვები და სისხლძარღვები კი თავისუფლდება. დაიმახსოვრეთ: არასდიდებით არ შეიძლება ღერძიდან ჩამოხტომა, დაკიდების შემდეგ რამე მკვეთრი მოძრაობის შესრულება და ფიზიკური გადატვირთვა.
გადაღლილ ზურგს განტვირთვაში დაეხმარება ფეხით გასეირნებაც, თანაც რაც უფრო შორს გაისეირნებთ, მით უკეთესი ხერხემლისთვის, მაგრამ სირბილს, თუ ხერხემალი გაწუხებთ, გირჩევთ ერიდოთ.
ოსტეოქონდროზით შეპყრობილთათვის სასურველი არ არის ფრენბურთი, ძალისმიერ ტრენაჟორებზე ვარჯიში, თხილამურებით სრიალი, ჩოგბურთი და, საერთოდ, ნებისმიერი სახის ფიზიკური დატვირთვა, რომელიც სხეულის მკვეთრ ბრუნს მოითხოვს. ასეთ შემთხვევაში საუკეთესოა სამკურნალო ფიზკულტურა, რომელსაც გამოცდილი ინსტრუქტორის კონსულტაციითა და მეთვალყურეობით შეასრულებთ.


ერთი, ორი...

გავარჯიშება და წელში გამართვა არავის აწყენს – არც მათ, ვისაც საათობით უწევს კომპიუტერთან მუშაობა და არც მათ, ვინც დილიდან საღამომდე საკუთარი ავტოთი დაქრის. მოკლედ, ვიქცევით ასე:
. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა: დადექით ფეხზე, შემოიდეთ დოინჯი. შემდეგ ასწიეთ მარჯვენა მხარი, დაუშვით, შემდეგ მარცხენა ასწიეთ და დაუშვით და ასე 3-4-ჯერ
. მიიღეთ საწყისი მდგომარეობა, როგორც ზემოთაა მოცემული. შეასრულეთ წრიული მოძრაობა ჯერ მარჯვენა, შემდეგ მარცხენა მხარით. შეეცადეთ თავი სწორად დაიჭიროთ და მხრისკენ არ გადახაროთ. გაიმეორეთ 3-4-ჯერ
. დაწექით ზურგზე, ხელებით მიიტანეთ მუხლები გულმკერდთან, თავი ასწიეთ და მუხლებისკენ გადახარეთ, გაჩერდით ამ მდგომარეობაში რამდენიმე წამით, გაიმეორეთ 10-ჯერ.
და კიდევ: ხერხემლისთვის ძალიან სასარგებლოა ყბადაღებული ლოტოსის პოზა. ის შესასრულებლადაც იოლია და ზურგსაც საგრძნობ შვებას მისცემს. ფეხმორთხმული დაბრძანდით ხალიჩაზე, ხელები მსუბუქად დაუშვით მუხლებზე და შეეცადეთ, რამე სასიამოვნოზე იფიქროთ.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: