რა უნდა ვიცოდეთ ფოსფორის შესახებ - რას გვიქადის მისი სიჭარბე ან ნაკლებობა

გააზიარე:

ძვლებისა და კბილების სიმტკიცეს უმთავრესად კალციუმი განაპირობებს, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი აკისრია ფოსფორსაც. კიდევ რა ფუნქცია აქვს ამ ელემენტს, რამდენი გვჭირდება დღე-ღამეში და სად ვიპოვოთ? ამ და სხვა კითხვებზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი ენდოკრინოლოგი  ანა ჭოხონელიძე გვიპასუხებს.

– რა არის და რა ფორმით არსებობს ფოსფორი ორგანიზმში?

– დედამიწაზე აღმოჩენილი 92 ქიმიური ელემენტიდან ადამიანის ორგანიზმში გვხვდება 81: 4 ძირითადი, 8 მაკროელემენტი და 69 მიკროელემენტი. ფოსფორი (P) ერთ-ერთი მაკროელემენტია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში. ის წარმოადგენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ნუკლეინის მჟავებისა და ვიტამინების საშენ მასალას.

მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ფოსფორი თავისუფალი სახით პრაქტიკულად არ გვხვდება გარემოში. ის ნაერთების სახით არსებობს. ორგანიზმში ფოსფორი წარმოქმნის ფოსფატებს, რომელთა 85% ძვლებშია თავმოყრილი, დანარჩენი კი უჯრედებშია და ენერგიის წარმოქმნაში მონაწილეობს.

ფოსფორს ორგანიზმი არ წარმოქმნის. ის საკვებიდან უნდა მივიღოთ.

– რაში იყენებს ფოსფორს ორგანიზმი?

– ფოსფორი არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ სასიცოცხლო პროცესს. ის კალციუმთან ერთად მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში, ამაგრებს კბილებს.

ფოსფორის ნაერთები უჯრედის მემბრანის საშენი მასალაა. ფოსფატები შედის ნუკლეოტიდებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) შემადგენლობაში, რომლებიც გენეტიკური ინფორმაციის მატარებლები არიან.

ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) ენერგიის უნივერსალური წყაროა. მისი  ერთ-ერთი კომპონენტია ფოსფორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის შენახვასა და გადაცემაში და ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიურ რეაქციებში.

გარდა ამისა, ფოსფატი აუცილებელია როგორც კოფაქტორი B ჯგუფში შემავალი არაერთი ვიტამინის  ფუნქციობისთვის.

ფოსფორი არეგულირებს მჟავატუტოვან წონასწორობას.

– როგორ აითვისება?

– ფოსფორის ათვისების მაჩვენებელი ჩვილებში 90%-მდეა, ხოლო ზრდასრული ადამიანი ერთი შერეული კვების შედეგად 55-70%-მდე ფოსფორს ითვისებს. ფოსფორის უმეტესი ნაწილი გაადვილებული დიფუზიით შეიწოვება, შედარებით ნაკლები კი – D ვიტამინზე დამოკიდებული პროცესით.

ფოსფორის შეწოვას ხელს უწყობს აქტიური D ვიტამინის მაღალი დონე და  pH-ის მომატება, ხოლო რკინა, ალუმინი და კალციუმი აფერხებს.

მარცვლეულში არსებული ფოსფორის  ბიოშეღწევადობა დაბალია, რადგან ის ძირითადად ფიტინის მჟავასთან არის შეკავშირებული.

ძალიან მნიშვნელოვანია ფოსფორისა და კალციუმის თანაფარდობა. როცა საკვებში ფოსფორის რაოდენობა კალციუმისას ორჯერ აღემატება, წარმოიქმნება უხსნელი მარილები, რომლებიც სისხლძარღვის კედელში გროვდება და მის სიმყიფეს იწვევს. სწორი თანაფარდობის დაცვა ძნელია, ვინაიდან ფართოდ მოხმარებადი პროდუქტების უმრავლესობა ფოსფორით უფრო მდიდარია, ვიდრე კალციუმით.

ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ფოსფორის მარაგი 600-დან 1000 გ-მდეა. მისი დაახლოებით 85%, როგორც გითხარით, ძვლებშია. პლაზმაში ფოსფატის კონცენტრაცია ბავშვებთან უფრო მაღალია, ვიდრე ზრდასრულებთან (ზრდასრულის ორგანიზმში ის 1-დან 2 მმოლ`ლ-მდე მერყეობს), დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და საკვებზე და ასაკის მატებასთან ერთად იკლებს.

– როგორ რეგულირდება ორგანიზმში ფოსფორის დონე?

– ფოსფორის 20-40% განავლით გამოიყოფა, ხოლო 60-80% – შარდით. ვინაიდან ფოსფორი მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს, მისი დონე მუდმივად მერყეობს პლაზმაში, მთავარი რეგულატორი კი თირკმელებია.

ფოსფატების ცვლას ფარისებრახლო ჯირკვლების ჰორმონები და D ვიტამინი არეგულირებს. მაგალითად, პარათირეოიდული ჰორმონის საშუალებით მისი დონე მოთხოვნის შესაბამისად იმატებს ან იკლებს. როცა პლაზმაში ფოსფორის დონე იმატებს, პარათირეოიდული ჯირკვალი რეაგირებს ჭარბი ჰორმონის წარმოქმნით, რაც ზრდის თირკმელებით ფოსფორის ექსკრეციას. პარათირეოიდული ჰორმონის გამოყოფა იმატებს პლაზმაში კალციუმის დონის დაქვეითების დროსაც. კალციუმისა და ფოსფორის თანაფარდობის დასაბალანსებლად ძლიერდება თირკმელებით ფოსფორის გამოყოფა. იმავდროულად, პარათირეოიდული ჰორმონი და D ვიტამინი ხელს უწყობს საჭიროების შემთხვევაში ფოსფატებისა და კალციუმის ძვლებიდან გამოთავისუფლებას.

– რამდენი ფოსფორი სჭირდება ადამიანს დღე-ღამეში?

– ფოსფორი კალციუმთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის საფუძველია. ზრდასრული ადამიანისთვის მისი დღიური ნორმაა 1500-1800 მგ. მოთხოვნა იზრდება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს. გაცილებით მაღალია მოზარდ ასაკში (10-დან 19 წლამდე), როდესაც ძვლის ზრდა და ქსოვილების რეგენერაცია განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს – ამ პერიოდში რეკომენდებულია დღე-ღამეში 1250 მგ.

კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალ ქვეყანაში საჭიროზე გაცილებით მეტ ფოსფორს მოიხმარენ, რაც, სავარაუდოდ, ფოსფატების როგორც საკვებდანამატების მიღების შედეგია.

ჩვილები, რომლებიც დედის რძით იკვებებიან, თირკმელების ფუნქციის შესაბამისად, მცირე რაოდენობით იღებენ ფოსფატებს, ამ ნაერთებით მდიდარმა ძროხის რძემ კი შესაძლოა დიდი დატვირთვა მიაყენოს ჩვილის თირკმელებს, რაც გაზრდის ჰიპერფოსფატემიის განვითარების რისკს.

– რომელი საკვები შეიცავს ფოსფორს?

– ფოსფორი ბუნებრივად გვხვდება თითქმის ყოველგვარ საკვებში: ხორცში, თევზში, რძეში, ბოსტნეულში, თხილეულში, ბრინჯში, შვრიაში, პარკოსნებში. განსაკუთრებით მდიდარია ამ ელემენტით ცილებით მდიდარი ცხოველური თუ მცენარეული საკვები: რძის ნაწარმი (შესაძლოა შეიცავდეს 1100 მგ ფოსფატს 100 გ-ზე), მდნარი ყველი. 100 გრამ ხორცსა და თევზში ფოსფატების შემცველობა დაახლოებით 200 მგ-ია, ამდენივე დაფქულ მარცვლეულში კი, დაფქვის ხარისხის მიხედვით – 100-400 მგ. ფოსფატების საუკეთესო წყაროა თხილი, პარკოსნები, ხილი და ბოსტნეული.

ცხოველური საკვებიდან ფოსფატები გაცილებით უკეთ აითვისება, ვიდრე მცენარეულიდან. მართალია, საკვების თერმული დამუშავების დროს ფოსფორის ნაწილი იკარგება, მაგრამ ეს არ არის საშიში, რადგან მას თითქმის ყოველგვარ საკვებში იპოვით.

დღიური ნორმის მისაღებად საკმარისია დაახლოებით:

55 გ ხორბლის ქატო,

120 გ სოია,

120 გ გაუდა (30%-იანი ცხიმიანობისა),

160 გ ზეთში ჩაწყობილი სარდინი,

170 გ ოსპი,

180 გ თეთრი ლობიო,

350 გ შერეული მარცვლეულის პური,

390 გ შემწვარი ღორის ხორცი,

760 გ იოგურტი (3,5%-იანი ცხიმიანობისა).

მეორე მხრივ, ფოსფორს როგორც საკვებდანამატს შეიცავს ინდუსტრიულად წარმოებული მრავალი საკვები (კოლა, ლუდი, მდნარი ყველი, კონსერვები, სწრაფი კვების პროდუქტები, მზა კერძები, ძეხვეული, სოსისი, რძის ფხვილი, ტკბილეული, ცომეული) მჟავიანობის რეგულატორების, ემულგატორების, მჟავა სტაბილიზატორების, ანტიოქსიდანტური საშუალებების, კონსერვანტების, გამომყოფი აგენტებისა და მოდიფიცირებული სახამებლის სახით. მას ამოიცნობთ ე.წ. E ნომრებით: E338, E339, E340, E341, E343, E450, E451, E452, E1410, E1412, E1413, E1414 და E1442.

“კარგ” ანუ ბუნებრივ და “ცუდ” ანუ ხელოვნურ ფოსფატს შორის განსხვავება ის არის, რომ სისხლში ბუნებრივი ფოსფატების მხოლოდ 60 პროცენტამდე შეიწოვება, ხელოვნურად დამატებული ფოსფატები კი ხშირად ადვილად ხსნადია და ორგანიზმი მათ მთლიანად ითვისებს. სისხლში ფოსფატების სიჭარბე განსაკუთრებულ საფრთხეს უქადის თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებს. არსებობს სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და სისხლძარღვების დაზიანების საფრთხეც.

– როდის გვემუქრება ფოსფორის დეფიციტი?

– ფოსფორის ქრონიკული დეფიციტი, ქრონიკული ჰიპოფოსფატემია, ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი დიდი ხნის განმავლობაში გაძლიერებულად კარგავს ფოსფორს.

ფოსფორის დეფიციტი იშვიათია, რადგან ეს ელემენტი, როგორც ვთქვით, თითქმის ყოველგვარ საკვებში მოიპოვება და სწორი და დაბალანსებული კვებით დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია. სრული პარენტერალური კვების დროს კი ფოსფორის დეფიციტის განვითარების საშიშროება ნამდვილად არსებობს.

დეფიციტის სხვა მიზეზებია:

* თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

* ჰიპერპარათირეოზი – ფარისებრი ჯირკვლის მიერ პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამომუშავება;

* D ვიტამინის დეფიციტი;

* ქრონიკული დიარეა, ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადება;

* დიურეტიკების (შარდმდენი პრეპარატების)  ხანგრძლივი მიღება;

* ალუმინის შემცველი ანტაციდების (ალუმინის ჰიდროქსიდის) ხანგრძლივი მიღება;

* თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) დიდი რაოდენობით მიღება;

* ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

* მალაბსორბცია (შეწოვის დარღვევა).

მწვავე შემთხვევებში, როდესაც სისხლში ფოსფორის დონე მოულოდნელად სახიფათო დონემდე ეცემა, ჰიპოფოსფატემია ვლინდება გულის რიტმის დარღვევით, ნეირომუსკულური სიმპტომებით (ნერვიულობა, პარესთეზია, კრუნჩხვა), შესაძლოა, საქმე კომაამდეც კი მივიდეს. მსუბუქი ქრონიკული ჰიპოფოსფატემია გამოიხატება ძვლის მინერალიზაციის დარღვევით, მაგალითად, მოზრდილებში – ოსტეომალაციით, ხოლო ბავშვებში – რაქიტით, კუნთების სისუსტით, უმადობით. ფოსფორის ნაკლებობას ბავშვებში შესაძლოა თან ახლდეს ზრდის შეფერხება ან ზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

– რამდენად ხშირია ჰიპერფოსფატემია?

– კვებით გამოწვეული ჰიპერფოსფატემია ჯანსაღ ადამიანებთან ძალიან იშვიათია. საკვებიდან მიღებული ფოსფატები ნაწლავებიდან სისხლში გადადის, იქიდან კი მთელ სხეულში ნაწილდება. ჭარბი ფოსფატები, როგორც გითხარით, თირკმელებით გამოიყოფა. რაც უფრო მეტ ფოსფატს ვიღებთ საკვების საშუალებით, მით უფრო მეტად იტვირთება თირკმელები. მაგრამ როცა ეს თავდაცვითი მექანიზმი ირღვევა, – მაგალითად, თირკმლის უკმარისობის დროს, როცა თირკმელებს აღარ შესწევთ ძალა, გამოყონ საკმარისი რაოდენობის ფოსფორი, – ვითარდება ჰიპერფოსფატემია.

რისკის ჯგუფში ხვდებიან ის ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ ჰიპოპარათირეოზი – პარათირეოიდული ჰორმონის დონის დაქვეითება, რადგან ამ დროს იზრდება ფოსფორის რეაბსორბციის სიჩქარე – და დიაბეტური კეტოაციდოზის, კუნთოვანი ქსოვილების დესტრუქციის, მძიმე გავრცობილი ინფექციის მქონე პაციენტებიც.

ხშირად ჰიპერფოსფატემია კომპენსატორულია და თან სდევს კალციუმის დეფიციტს. საკმარისია, სისხლში კალციუმის დონე აღვადგინოთ, რომ ფოსფორის დონეც ნორმას დაუბრუნდება. თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ ეხება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს. აქ პროცესი ქრონიკულია.

თირკმლის მძიმე დისფუნქციით გამოწვეული ჰიპერფოსფატემიის დროს კალციუმი უერთდება ფოსფორს. შედეგად წარმოიქმნება კრისტალები, რომლებიც შესაძლოა სისხლძარღვებში დაგროვდეს და ამით ხელი შეუწყოს სისხლძარღვების კალციფიკაციას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.

ფოსფატების დონის მნიშვნელოვანი მომატებაც კი არ იწვევს მწვავე სიმპტომებს. ფოსფორის ჭარბი მიიღების – მაგალითად, საკვები დანამატების არასწორი დოზირების – შედეგად ხანმოკლე პერსპექტივაში შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი და სითხისა და ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა. ჯანმრთელ ორგანიზმში სწორი, დაბალანსებული კვების დროს დოზის გადაჭარბება თითქმის შეუძლებელია (მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებშია მოსალოდნელი), მაგრამ ფასტფუდის, გაზიანი სასმელების, მზა პროდუქტების ჭარბი მოხმარების შემთხვევაში რისკი იმატებს.

– რა უნდა ვიცოდეთ ფოსფორის საკვებდანამატების შესახებ?

– ფოსფორის საკვებდანამატები გვპირდება ძვლების განმტკიცებას (კალციუმთან კომბინაციაში), მეხსიერების გაუმჯობესებას... ვინაიდან ფოსფორის დეფიციტი ჯანსაღ ადამიანს რეალურად არ ემუქრება, ამ პრეპარატების მიღებამ, მით უფრო – თვითნებურად,  შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას. დანამატის მიღებამდე მიზანშეწონილია, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან უკუჩვენებების გამოსავლენად და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, სარგებლისა და რისკის შესაფასებლად.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: