ცხოვრების ჯადოსნური წესი

გააზიარე:

განსაკუთრებით მახვილი თვალი არ არის საჭირო იმის შესამჩნევად, რომ ყველა ავტორიტეტული სამედიცინო გამოცემა ავადმყოფობის პრევენციისა თუ მკურნალობისთვის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვისკენ მოგვიწოდებს. ამ წესზე იმდენს ლაპარაკობენ და წერენ, მის ჯადოსნურ შესაძლებლობებში ეჭვი ალბათ აღარავის ეპარება. ამ თემისთვის ჩვენც არაერთი სტატია მიგვიძღვნია, თუმცა კვლევა, რომელსაც ქვემოთ გაგაცნობთ, ვფიქრობ, ცხოვრების ჯანსაღი წესის გამოცდილ მიმდევრებსაც დააინტერესებთ.

თუ გგონიათ, ბალანსირებული კვება მხოლოდ ცხიმის წვას, წონის კლებას და წნევის მოწესრიგებას უზრუნველყოფს, ცდებით – აშშ-ის ვინდბერის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი აცხადებს, რომ ჯანსაღ ცხოვრებას გენეტიკურ აპარატზეც შეუძლია გავლენის მოხდენა.

კვლევა, რომლის შედეგებიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა მიმდინარეობაზე ტრადიციული რისკფაქტორების გავლენის შემცირებას მიეძღვნა.

კვლევის დასაწყისში მონაწილეებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ორი ან მეტი რისკფაქტორი ჰქონდათ – ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია, დიაბეტი, სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ოჯახური ანამნეზი. მათი საშუალო ასაკი 60 წელი იყო.

ჯანსაღი ცხოვრების წესის პროგრამა მოიცავდა:

  • ძალიან დაბალცხიმოვან ვეგეტარიანულ დიეტას (10%-ზე ნაკლები ცხიმოვანი კალორიებით);
  • საშუალო დატვირთვის ფიზიკურ ვარჯიშს – კვირაში 180 წუთს;
  • ყოველდღიურად ერთ საათს სტრესის მართვისთვის;
  • ყოველკვირეულ ჯგუფურ თერაპიას.

საკონტროლო ჯგუფის წევრებს სტანდარტული მკურნალობა უტარდებოდათ.

პაციენტები იღებდნენ გაცილებით ნაკლები რაოდენობის ცხიმოვან კალორიას და უწევდათ 38%-ით მეტი ფიზიკური აქტივობა. შედეგად მათი სხეულის მასის ინდექსი 9%-ით გაუმჯობესდა, სისხლში ტრიგლიცერიდების რაოდენობა 7%-ით შემცირდა, ხოლო არტერიული წნევის მაჩვენებლებმა 7%-ით იკლო. ექსპერიმენტულ ჯგუფში ჰიპერტენზიის გავრცელება 41%-დან 17%-მდე შემცირდა, სიმსუქნის შემთხვევები – 60%-დან 37%-მდე, დისლიპიდემია – 54%-დან 37%-მდე.

ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთწლიანი ინტენსიური დიეტის, ვარჯიშისა და სტრესის მართვის პროგრამაში მონაწილე პირებმა მხოლოდ წონა კი არ დაიკლეს, არამედ მოლეკულურ დონეზეც კი დადებითი ცვლილებები დაუდასტურდათ. აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილებები გენების მიერ იყო “ნაკარნახევი”. მკვლევარი დარელ ელ ელსუორთი აღნიშნავს: “რეალურად ახალი და მნიშვნელოვანი ამ კვლევაში იყო არა ფიზიკური ცვლილებები – წონის კლება ან არტერიული წნევის დაწევა, არამედ მოლეკულური ცვლილებები, მათ შორის – ისეთიც, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს”.

კვლევაში მონაწილე პაციენტები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების მაღალი რისკის ჯგუფს ეკუთვნოდნენ, ამიტომ მოტივაციაც მაღალი ჰქონდათ, ვარჯიშით, დიეტითა და სტრესის სამართავი პროგრამით შეემცირებინათ რისკი. საბოლოო ჯამში, მედიკამენტებისა და ინვაზიური პროცედურების საჭიროებაც შემცირდა. პაციენტებმა დაიკლეს წონა, მოუწესრიგდათ წნევა, დაუქვეითდათ ლიპიდების დონე და თავს უკეთ გრძნობდნენ. ეს არც იყო გასაკვირი, მაგრამ მკვლევრები დაინტერესდნენ, რა მოლეკულური ცვლილებები მიმდინარეობდა მათ ორგანიზმში და გენების ექსპრესიაზე (გამოვლენაზე) პროგრამის გავლენის დასადგენად პერიფერიული სისხლის ნიმუშის გენეტიკური კვლევა ჩაატარეს. მათ 22 000-მდე გენი გამოიკვლიეს, მოახდინეს რნმ-ს იდენტიფიკაცია, მერე კი სპეციალური ანალიზის მეთოდით დაადგინეს, რომელი გენები იყო მოფუნქციე და რომელი – არა. ჯანსაღი ცხოვრების ერთწლიანი პროგრამის შემდეგ 143 გენში ექსპრესიის აშკარა ცვლილება დადასტურდა. ბევრი გენი ჩართული იყო იმუნურ პროცესებში. 99 გენის ექსპრესია დათრგუნული აღმოჩნდა. სისხლძარღვთა ანთების შემთხვევების შემცირებაც სწორედ ამის დამსახურება იყო. საკონტროლო ჯგუფში შემავალ პირებს კი კარდიოვასკულური რისკის მარკერებისა თუ გენური ექსპრესიის მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები აღმოუჩინეს.

ამრიგად, ცხოვრების ჯანსაღი წესი მექანიკურად კი არა, მოლეკულურ-გენეტიკურ დონეზე უზრუნველყოფს სასარგებლო პროცესებს და თუ ამ წესს თქვენს ცხოვრებაშიც დანერგავთ, რისკფაქტორების შემცირება გენეტიკურ დონეზეც გექნებათ გარანტირებული.

 თუ ეს წესი წესად დარგე

რაც მთავარია, მოლეკულურ-გენეტიკური ცვლილებები დაუდასტურდათ მხოლოდ მათ, ვინც მუდმივად იცავდა დიეტას და რეგულარულად ვარჯიშობდა. ეს ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის მთელი სიცოცხლის განმავლობაში დაცვა. კვლევა საფუძველს უმყარებს მოსაზრებას, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად უნდა იქცეს.

გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: