სუფთა და ლამაზი კანი ყველა ორსულს

გააზიარე:

ორსულის ამოსაცნობად გამობერილი მუცელი და დამახასიათებელი სიარული არ არის აუცილებელი – ორსულობაზე ხშირად კანის ცვლილებებიც მეტყველებს. დიახ, ახალი სიცოცხლის ჩასახვაზე კანიც რეაგირებს. ამის კვალობაზე, ორსულობის დროს თავის მოვლა საჭიროა, როგორც არასდროს. ეს ფსიქოლოგიურადაც გარგებთ და არაერთი დაავადების თავიდან აცილებაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულისთვის ზოგიერთი კოსმეტიკური პროცედურა აკრძალულია ან მხოლოდ განსაზღვრული პირობითაა ნებადართული.

სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი დერმატოლოგი ნინო ლომსაძე.

 

– როგორ რეაგირებს კანი ორსულობაზე და კანის რომელია დაავადებაა ამ პერიოდში ყველაზე მეტად გავრცელებული?

– ორსულობის დროს ხდება ქალის ჰორმონული სისტემის გადაწყობა – იმატებს ესტროგენისა და პროგესტერონის დონე, რის შედეგადაც იცვლება მრავალი ორგანოსა და სისტემის ფიზიოლოგია. არც კანია გამონაკლისი: ოდნავ ფერხდება კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება, რომლებსაც კანის ელასტიკურობის შენარჩუნება აკისრია. ცვლილებებს ხელს უწყობს გაუწყლოებაც (შეგახსენებთ, რომ მთელ ორგანიზმში არსებული წყლის 15-18% კანშია თავმოყრილი) – კანი შრება ან უფრო ცხიმიანი ხდება, ეშვება, ადვილად იქერცლება. ყველაფერმა ამან შესაძლოა სხვადასვხვა პრობლემებს დაუდოს სათავე, ამიტომ ორსულისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის სწორი მოვლა, სწორი კვება, დღისა და ძილის რეჟიმის დაცვა.

ორსულობის პერიოდში ყველაზე გავრცელებულ დაავადებათაგან, უპირველეს ყოვლისა, ორსულთა დერმატოზები უნდა ვახსენოთ. მათ მქავანა დერმატოზებსაც ვუწოდებთ, ვინაიდან მათი ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომი ქავილია. ორსულთა დერმატოზის მიზეზი შესაძლოა იყოს ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია (ხშირია ჰერპესვირუსით გამოწვეული დერმატოზები). აღსანიშნავია ასევე ქოლესტაზის – ორგანიზმში ნაღვლის შეგუბების – შედეგად განვითარებული დერმატოზი. ის ძლიერ, გენერალიზებულ ქავილს იწვევს – ნერვულ დაბოლოებებს ერთმანეთთან კავშირი აქვთ, ამიტომ ქავილი, თუ დაიწყო, სწრაფად პროგრესირებს და მუდმივი ხდება. ქავილის შედეგად კანზე ნაკაწრები ჩნდება. ზოგჯერ – ნაპობებიც კი.

პრურიგო, ორსულთა ალერგიული დერმატოზი, განსაკუთრებით აქტიურია მესამე ტრიმესტრში. პირველში კი ყველაზე ხშირად გვხვდება ქოლესტაზის თანმხლები დერმატოზი, რომელიც ზოგჯერ მე-6 კვირიდანაც კი იწყება. ზოგი ავტორი მას ორსულთა ტოქსიკოზსაც უწოდებს.

დერმატოზის დროს ქავილის შეგრძნება განსაკუთრებით ნაოჭებში შეინიშნება. როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მძაფრია ქოლესტაზური ქავილი. დანარჩენ შემთხვევებში მქავანა დერმატოზი უფრო მეტად მუცელზე და ძუძუსთავების არეშია გამოხატული და მშრალი აქერცლილი ლაქების გაჩენა ახლავს თან. ქალებს ვურჩევთ, ასეთ დროს დამატენიანებელი კრემი ისვან. ზედმიწევნით ვცდილობთ, თავიდან ავიცილოთ მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ ზოგჯერ ეს გარდაუვალია.

– ქავილის დროს ხშირად იყენებენ კორტიკოსტეროიდების შემცველ მალამოებს...

– ეს ნამდვილად გავრცელებული, მაგრამ არასწორი პრაქტიკაა. კანის ქავილს სრულიად სხვადასხვა მიზეზი აქვს და ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას მოითხოვს. მაგალითად, თუ დერმატოზი ბაქტერიული ან სოკოვანი ბუნებისაა, სტეროიდების გამოყენებამ შესაძლოა გაამწვაოს კიდეც პროცესი. სტეროიდების შემცველი პრეპარატები შედეგიანია ალერგიული დერმატოზების დროს, მაგრამ ისინი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა გამოვიყენოთ. უმჯობესია, ვისარგებლოთ შიის ზეთის, შარდოვანას, A და C ვიტამინების, ავოკადოს ზეთის, ნუშის ექსტრაქტის, ზღვის წყალმცენარეების შემცველი დამატენიანებელი კრემით. ცხადია, კრემი უნდა იყოს ხარისხიანი და სანდო, შევიძინოთ მხოლოდ აფთიაქში კონსულტანტის ან, უკეთეს შემთხვევაში, ექიმის რჩევით.

ორსულთა პრურიგოს (დერმატოზს) ჰგავს ურტიკარიული გამონაყარიც, რომელიც ალერგიის შედეგია. ის მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა ორსული კოსმეტიკურ საშუალებას იყენებს და არ იცის, რომ მის მიმართ ალერგიულია. კოსმეტიკურ საშუალებებს ხშირად ამატებენ სინთეზურ ნივთიერებებს – საღებავებს, არომატიზატორებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს. მათი მხოლოდ ნაწილია ტესტირებული კლინიკური რანდომიზირებული კვლევებით პლაცებოსთან შედარებით, ამიტომ ორსულისთვის მათი გამოყენება არასასურველია. ამ დროს ქალმა მხოლოდ არატერატოგენური კოსმეტიკური საშუალებები უნდა იხმაროს.

– შესაძლოა თუ არა, ქალს დაორსულებამდე არ ჰქონდეს ასეთი ალერგია და ორსულობისას განუვითარდეს?

– დიახ, შესაძლოა, ვინაიდან ორსულის კანი ჰიპემგრძნობიარეა. ამიტომაა მიზანშეწონილი, ორსულებმა ჰიპოალერგენული კოსმეტიკური საშუალებები გამოიყენონ.

– გარდა ქავილისა, რა სიმპტომები ახასიათებს დერმატოზს?

– თავად ძლიერი ქავილი უძილობასა და გაღიზიანებადობას იწვევს. კანი უხეშდება, ეშვება, ეპიდერმისი სქელდება. შესაძლოა, გაჩნდეს პაპულები – წვრილკვანძოვანი გენერალიზებული გამონაყარი – ან ვეზიკულები – სითხით სავსე წვრილი ბუშტუკები. დერმატოზი ზოგჯერ ისე მძიმედ მიმდინარეობს რომ კორტიკოსტროიდების კუნთში შეყვანა ან პერორალურად მიღება ხდება აუცილებელი. ცხადია, ასეთ დროს გინეკოლოგთან შეთანხმებით ვმოქმედებთ.

– ნაყოფისთვის ეს საშიში არ არის?

– რაციონალურად დანიშნული სტეროიდოთერაპია უსაფრთხოა. მთავარია, დაცული იყოს დოზა, ხანგრძლივობა და გათვალისწინებული იყოს ორსულობის ვადა.

– ორსულთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილი სტრიებია. რა აჩენს მათ და შეიძლება თუ არა მათი წარმოქმნის პროფილაქტიკა?

– ორსულის კანის შემაერთებელი ქსოვილი ინტენსიურად არის ვასკულირებული და უხვად შეიცავს ფიბრობლასტებს – უჯრედებს, რომლებიც კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოებს აწარმოებს. ისინი ქმმნიან ბადეს და კანს ელასტიკურობას უზრუნველყოფენ. ქალი წონასაც იმატებს, რაც კანის დაჭიმვას და კოლაგენის ბოჭკოებში ნაპრალების გაჩენას იწვევს. ნაპრალები ჩნდება არა კანის ბოჭკოების მიმართულებით, არამედ საპირისპიროდ. სწორედ ამას უწოდებენ სტრიას. სტრიის ფერი კანისგან განსხვავდება და ის ჭიმივით გამოიყურება. რაც უფრო მეტად იმატებს სხეულის მასა, მით უფრო იზრდება სტრიების რაოდენობაც. უნდა ითქვას, რომ სტრიებისკენ მიდრეკილება გენეტიკურადაცაა განპირობებული.

– ესე იგი სტრიები შესაძლოა მასაც გაუჩნდეს, ვისაც მასის ჭარბი ნამატი არ აქვს?

– დიახ, შესაძლოა. წონის მატება ერთიორად ზრდის სტრიების გაჩენის შანსს, მაგრამ შესაძლოა, ქალმა ოდნავ მოიმატოს, სტრიები კი მაინც გაუჩნდეს. აქ უკვე გენეტიკური ფაქტორი ასრულებს გადამწყვეტ როლს.

– როგორ მოვუაროთ სტრიებს?

– მათი გაჩენის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება წონის კონტროლია. ასე ქალი არა მარტო ამ, არამედ მრავალი სხვა პრობლემისგანაც დაზღვეული იქნება. ამასთან, ორსულს უნდა ეცვას ბანდაჟი, რადგან სტრიების გაჩენის ალბათობა მუცლის არეშია ყველაზე დიდი. ბანდაჟი ორსულობის ვადის მიხედვით უნდა შეირჩეს და ხარისხიანი იყოს. ძალზე სასარგებლოა ცურვა, წყლის აერობიკა. შეიძლება სპეციალური კრემების გამოყენებაც, რომლებსაც ძლიერი დამატენიანებელი ეფექტი აქვს.alk

– ორსულებისთვის არც ჰიპერპიგმენტაციაა უცხო...

– ორსულის კანზე ვასკულარული ბადე ხშირდება. ამის გამო ფერს იცვლის კერტები. ესეც ჰორმონული გადაწყობის, ესტროგენისა და პროლაქტინის ჭარბი პროდუქციის შედეგია. ამიტომ მკერდის მოვლას დიდი მნიშვნელობა აქვს. იგივე ითქმის თეთრ ხაზზეც, რომლის ჰიპერპიგმენტაციაც ასევე ძალზე ხშირია. ასეთი ჰიპერპიმენტაცია სახიფათო არ არის, მშობიარობის შემდეგ თავისთავად გაივლის და მექანიკური წმენდასა თუ სხვა ტიპის ჩარევას არ მოითხოვს.

– საკმაოდ ხშირია სხვადასხვა სახის გამონაყარიც...

– ორსულობისას კანის მჟავატუტოვანი ბალანსი მჟავიანობის სასარგებლოდ ირღვევა, რაც ხელსაყრელ ნიადაგს ქმნის ყოველგვარი ინფექციისთვის. ხდება დისლიპიდემიაც. ამის შედეგად არცთუ იშვიათად ვითარდება ორსულთა აკნე – სახეზე მოულოდნელად ჩნდება გამონაყარი. ხდება ისეც, რომ ქალს დაორსულებამდე აქვს გამონაყარი, ორსულობისას კი უქრება.

აკნეს დროს უნდა შეირჩეს ისეთი დასაბანი საშუალება, რომ კანი გაასუფთაოს, მაგრამ არ გამოაშროს, მით უმეტეს, რომ კანი ისედაც მიდრეკილია გამოშრობისკენ. შეიძლება გამოვიყენოთ ქოლდკრემის შემცველი საპონი ან გელი, რომელსაც ექიმები “უსაპნო” საპონს ვუწოდებთ. მისი გამოყენების შემდეგ სახეზე უნდა წაისვათ ბაქტერიოციდული მალამო, მაგრამ მალამოს წასმამდე წინამხარზე უნდა გაკეთდეს სინჯი – პატარა აპლიკაცია, რათა გავიგოთ, როგორ იტანს კანი ამ მალამოს.

– წონის ნამატის გამო ორსულობსას ხშირია ჩახურებაც...

– ჩახურების შედეგად შესაძლოა თავი იჩინოს სოკოვანმა ინფექციამ. ამ დროს ყველაზე მეტად კანის ნაოჭები ზიანდება. ასე რომ არ მოხდეს, დაბანის შემდეგ ეს არეები კარგად უნდა გაიმშრალოთ და სრულყოფილად დაიმუშაოთ ბაქტერიოციდული ან სპეციალური ანტიმიკოზური საშუალებით, მაგრამ არა კრემით, არამედ ხსნარით, მაგალითად, ქლორჰექსიდინის ან უფერო კასტელანის სითხით – ისინი სოკოვანი ფლორის განვითარებას უშლიან ხელს. არსებობს სპეციალური ფხვნილები, რომელთა გამოყენებაც ასევე შეიძლება. ისინი ნაოჭების გამოშრობას უწყობენ ხელს.

– როგორი უნდა იყოს ორსულის ყოველდღიური ჰიგიენა?

– უპირველეს ყოვლისა, ვიკითხოთ: რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, ორსულმა განსაკუთრებულად მოუაროს თავს? თუ კანი მთლიანია, საღი, მინიმალურია ბაქტერიული ინფექციის განვითარების საფრთხეც, მაგრამ თუ დაზიანებულია, შესაძლოა განვითარდეს სტრეპტოკოკული ან სტაფილოკოკური ინფექცია. კანიდან დაწყებული ინფექცია ზოგჯერ გენერალიზებულ ფორმას იღებს –შესაძლოა გადაიზარდოს წითელ ქარში, ფოლიკულიტში და სხვა. ფოლიკულის ანთება ხშირია კერტების მიდამოში. ამის თავიდან ასაცილებლად ორსულს ევალება, ზედმიწევნით მოუაროს მკერდს, საჭიროებისამებრ იხმაროს სპეციალური საშუალებები.

თუ კანი ნორმალურია და ორსული არც სიმშრალეს, არც გამონაყარს არ უჩივის, შეიძლება ჩვეულებრივი საპნით დაბანა. რასაკვირველია, საპონი ხარისხიანი უნდა იყოს. პრობლემების შემთხვევაში კი სპეციალიზებული საბანი საშუალებების გამოყენება ჯობს. მნიშვნელობა აქვს წყლის ტემპერატურასაც: ის არც მეტისმეტად ცხელი უნდა იყოს და, ცხადია, არც ცივი. მიზანშეწონილია დაბანა არა აბაზანაში, არამედ შხაპქვეშ. მკერდიც შხაპის წრიული ჭავლით უნდა დაიმუშაოთ, ოღონდ არცთუ მეტისმეტად ძლიერით. ძალიან კარგია კონტრასტული აბაზანები, განსაკუთრებით – ქვედა კიდურებზე, რომლებზეც ვენური უკმარისობის გამო შესაძლოა სისხლძარღვოვანი ბადე გაჩნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად წყლის ჭავლი აღმავალი და გრილი უნდა იყოს. დაბანა ყოველდღეა საჭირო. უნდა გაიმშრალოთ ნატურალური, რბილი, ხაოიანი პირსახოცით. ამავე პირსახოცით უნდა დაიმუშაოთ მკერდიც – წრიული მოძრაობით იღლიებისკენ. ძუძუსთავები ცალკე უნდა დამუშავდეს. ეს პროცედურაც ყოველდღიურად უნდა ჩატარდეს ძალიან ფრთხილად. საჭიროებისამებრ, უნდა წაისვათ სპეციალური კრემიც. ფარმაცევტულ ბაზარზე, საბედნიეროდ, უხვადაა ასეთი კრემები და საზოგადოდ, ორსულის მოვლის საშუალებები.

დაბანის შემდეგ კანი სრულყოფილად უნდა დაითვალიეროთ. აქერცვლის ან გამოშრობის რაიმე ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა წაისვათ დამატენიანებელი კრემი, ნაპობების ან ნახეთქების აღმოჩენისას – ეპითელიზაციის დამაჩქარებელი, მარეგენერირებელი, ჭრილობის შემხორცებელი საშუალებები, ხოლო თუ გამონაყარი შეამჩნიეთ, აუცილებად უნდა მიმართოთ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია.

– შეიძლება თუ არა თმის შეღებვა, მაკიაჟის გაკეთება, მანიკიური, პედიკიური?

– თმის შეღებვა შეიძლება მხოლოდ იმ საღებავებით, რომლებიც ამიაკს არ შეიცავს. ანტიპერსპირანტები არ უნდა შეიცავდეს ალუმინს. ცხიმიანი სტიკები არასასურველია – უმჯობესია, პულვერიზატორიანი დეზოდორანტები იხმაროთ. ორსულს ვერც მაკიაჟს ავუკრძალავთ – მასაც აქვს უფლება, ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ კოსმეტიკური საშუალებებიც მაღალი ხარისხისა უნდა იყოს, არ უნდა შეიცავდეს პარაბენს (აქვე ვიტყვი, რომ არაორსულებსაც პარაბენისგან თავისუფალი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისკენ მოვუწოდებთ). თუმცა მძიმე მაკიაჟის ყოველდღიური გაკეთება არასასურველია – მას შეძლებისდაგვარად იშვიათად უნდა მმართოთ, ყოველდღიურად კი მსუბუქ მაკიაჟს დასჯერდეთ. მანიკიურისა და პადიკურის დროს ნუნები ღრმად არ უნდა ამოიჭრათ, რათა ფრჩხილის საზრდელი ზონა არ დაზიანდეს. ლაქის წასმა აკრძალული არ არის, მთავარია ლაქის ხარისხი.

– რუჯის მიღება თუ შეიძლება?

– არა. მეტიც – ორსულის კანს მზის სხივებისგან განსაკუთრებით სჭირდება დაცვა, რადგან ამ დროს კანი ულტრაიისფერი სხივების მიმართ ზემგრძნობიარეა. თუ ქალი მზის სხივებს არ მოერიდა, შესაძლოა გაუჩნდეს პიგმენტური ლაქები, თავდაპირველად – მოვარდისფრო, მერე კი მოყავისფრო შეფერილობის. ეს კანის დამცავი შრის არარსებობის გამო პიგმენტ მელანინის ჭარბი გამოყოფის შედეგია. ასეთ პატარა პიგმენტურ ლაქებს ქლოაზმები ეწოდება. ქლოაზმებს შეერთებისადმი აქვს მიდეკილება და ზოგჯერ მეტად დიდ ზომასაც აღწევს. ჩნდება უმთავრესად შუბლზე, ცხვირსა და ლოყებზე, იღებს მუქი პეპლის ფორმას. ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია სოლარიუმში გარუჯვა.

– ეპილაციის რომელი სახეობაა ნებადართული?

– ელექტროეპილაცია, რომელსაც სხვაგვარად გალვანურ ეპილაციას ვუწოდებთ, ორსულობისას იკრძალება – სანაყოფე, ამნიონური სითხე გალვანური დენის კარგი გამტარია, ამიტომ ელექტროეპილაციამ შესაძლოა ავნოს ნაყოფს. ლაზერული ეპილაცია ლაზერის სხივით ტარდება, რომლის უსაფრთხოება საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, ამიტომ მისგანაც თავის შეკავება ჯობს. ბიოეპილაცია, მაგალითად, ცვილით, უსაფრთხოდ მიიჩნევა, თუმცა საეპილაციო ცვილი შეიცავს ბარიუმის სულფიდს და კაცლიუმის თიოგლიკონატს, რომლებიც ასევე ტოქსიკურია, ამიტომ ეპილაციამდე ქალმა უნდა გაიკეთოს სინჯი – იდაყვის მიდამოზე დაიდოს ცვილი და დაელოდოს კანის რეაქციას. თუ სიწითლე ან შესივება მეორე დღესაც არ გაჩნდა, ეპილაცია ნებადართულია. სადეპილაციო კრემებზეც სინჯი უნდა გაკეთდეს, მაგრამ მათ გამოყენებას მაინცდამაინც არ გირჩევთ. ყველაზე უსაფრთხო საშუალებები სამართებელი და ეპილატორია.

თუ თმა ჩაბრუნდა, ეს არე სუფთა ჯაგრისით წრიული მოძრაობით უნდა დაიმუშაოთ, შემდეგ წაისვათ რომელიმე ანტიბაქტერიული მალამო და დაელოდოთ, რომ თმა თვითონ ამოიწველოს. თუ ასე არ მოხდა და ფოლიკულის გარშემო ინკაფსულირება, შესივება, შეწითლება შეამჩნიეთ, მიმართეთ დერმატოლოგს.

– ცელულიტის შესახებ რას გვეტყვით? ანტიცელულიტური მასაჟის ან სხვა პროცედურების ჩატარება თუ შეიძლება ორსულობის დროს?

– ცელულიტი სტრესული დიეტების შედეგად ორგანიზმში დაგროვილი ჭარბი ცხიმია. როცა ადამიანი, თუნდაც ორსული, სწორად იკვებება, ცელულიტი მას არ შეაწუხებს. ანტიცელულიტური პროცედურები კი ორსულობისას აკრძალულია. პრევენციის საუკეთესო გზაა ცურვა, აკვააერობიკა, ცხადია, ინსტრუქტორის დახმარებით. ის მშობიარობის შემდეგ ფორმის დაბრუნებაშიც დაგეხმარებათ. ჩვენს კლინიკაშიც არის ასეთი კლუბი, სადაც ქალები ვარჯიშობენ, ჯანსაღდებიან, ლამაზდებიან და შესანიშნავ შედეგებს აღწევენ.

გააზიარე: