კოსმეტიკა ორსულებში

გააზიარე:

მუდამ მშვენიერი
ტყუილად როდი უთქვამთ, ორსულობა ქალის ორგანიზმისთვის უდიდესი გამოცდააო. ეს მართლაც ასეა. როცა დედის წიაღში ახალი სიცოცხლე ახელს 
თვალს, ქალის ყველა ორგანო და ქსოვილი თავისებურ ცვლილებას განიცდის. საგამოცდო პერიოდი უდგება კანსაც. ყველაფრის თავიდათავი კი, როგორც ხვდებით, შეცვლილი ჰორმონული ფონია.
მოდით, გავარკვიოთ, რა ხდება მომავალი დედიკოს ორგანიზმში და რა ცვლილებებს განიცდის კანი.

კანის კაპრიზები
ორსულობისას ორგანიზმში იმატებს ქალური ჰორმონების – ესტროგენების  – დონე. სწორედ მისი გავლენის ბრალია, კანში არსებული ცხიმის ჯირკვლები რომ “ზარმაცდებიან” და ნაკლებ ცხიმს გამოიმუშავებენ. ეს, ერთი მხრივ, ხელსაყრელია — თუ ქალს მანამდე ფერიმჭამელები აწუხებდა, ორსულობისას აბეზარი გამონაყარი იკლებს, ზოგჯერ კი სრულიად ქრება და სახეც უსიამოვნოდ აღარ პრიალებს. 
მეორე ჰორმონის – პროჟესტერონის  ზემოქმედებით კოლაგენური ქსოვილის ელასტიკურობა მცირდება,  კანი გაცილებით სათუთი და მგრძნობიარე ხდება. გარდა ამისა, ამ ჰორმონის დონის ცვლილებამ შეიძლება ესტროგენის გაკეთებული საქმე გააფუჭოს და ერთ დროს სუფთა და კრიალა კანი ფერიმჭამელებით აავსოს.
ჰორმონთა ყველაზე მეტად მშრალი და ნორმალური კანი იჩაგრება — კიდევ უფრო  შრება, იქერცლება და შეხებისას იოლად ღიზიანდება.
ერთი სიტყვით, ორსულობის პერიოდში კანი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. ნაცადი საშუალებები აქ აღარ გამოგვადგება – გაჭირვეულებული კანის დასაშოშმინებლად სხვა გზა უნდა ვეძებოთ.

ვიწმინდებით, ვინიღბებით...
ნებისმიერი ტიპის კანის მოსავლელად ოთხ მეთოდს იყენებენ: წმენდას, ტონირებას, დატენიანებას და კვებას.
სახის გაწმენდა სასურველია ყოველ საღამოს, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. გამოგადგებათ გამწმენდი რძეც, ლოსიონიც და ჩვეულებრივი წყალიც. ერიდეთ საპონს — ის აშრობს ისედაც მოწყურებულ სახის კანს. მხოლოდ მაშინ, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, შეგიძლიათ, თხევადი (და არამც და არამც მყარი) საპონი გამოიყენოთ, ისიც – დღეში ერთხელ.
ლოსიონი არ უნდა შეიცავდეს სპირტს — ის კანს ძლიერ აშრობს და პიგმენტური ლაქებით ფარავს.
რაც შეეხება სახის წყლით ჩამობანას, თქვენ წარმოიდგინეთ, ამასაც აქვს თავისი წესი. კერძოდ, წყალი არც მეტისმეტად ცხელი უნდა იყოს და, მით უმეტეს, არც ყინულივით ცივი. სასურველი ტემპერატურა 24-25 გრადუსია (ესე იგი, ოდნავ შემთბარი), ხოლო თუ კანი   გექერცლებათ, დილაობით პირის ბანა საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. აჯობებს, სპეციალური ლოსიონით გაიწმინდოთ. მის ნაცვლად შეგიძლიათ თბილი წყლისა და რძის თანაბარ ნაზავი გამოიყენოთ.
მოწყურებულ კანს დატენიანება რომ სჭირდება, ალბათ, თავადაც ხვდებით. ასე რომ, დროულად აღიჭურვეთ დამარბილებელი კრემებით, რძით, ე.წ. ლიპოსომური ემულსიებით, რომლებიც გაჯერებულია ვიტამინებით (განსაკუთრებით — C და E ვიტამინებით), მიკროელემენტებით და დამატენიანებელი ნივთიერებებით — ჰიალურინის მჟავათი, ლეციტინითა და ზღვის წყალმცენარეებით. 
საღამოობით, მას შემდეგ, რაც სახის კანს ეფექტურად დაატენიანებთ, შეგიძლიათ ღამის მკვებავიც გადაისვათ, ოღონდ საწოლს მაშინვე არ მიაშუროთ, აცადეთ კრემს შეშრობა, ნახევარი საათის შემდეგ კი კანზე შერჩენილი ნაწილი ბამბით ჩამოიწმინდეთ.
დღის მკვებავი ქუჩაში გასვლამდე 30-40 წუთით ადრე გადაისვით. საზოგადოდ კი, გახსოვდეთ:
. მკვებავი კრემის სქელ ფენად წასმა არასდიდებით არ შეიძლება. თუ ზედმეტი მოგივიდათ, 20 წუთის შემდეგ ჩაის ფერში ან ლოსიონში დასველებული ბამბით ჩამოიწმინდეთ.
. მშრალი სახის კანზე ვიტამინებით გაჯერებული მკვებავის წასმა დღეში სამჯერ არის რეკომენდებული. უმჯობესი იქნება, თუ ბამბის ფთილას მარილწყალში დაასველებთ, შემდეგ ზედ კრემს წასცხებთ და ენერგიულად შეიზელთ სახის იმ უბნებში, სადაც კანი განსაკუთრებით მშრალია და ნაოჭებიც აპირებენ თავის წამოყოფას.
. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, მკვებავი კრემის წასმამდე სახე გულდასმით გაიწმინდეთ. თუ სპეციალური გამწმენდი საშუალება ხელთ არ გაქვთ ან მაღაზიებში გამოფენილ კოსმეტიკურ საშუალებებს დიდად არ ენდობით, სალბის ნაყენი გამოიყენეთ. ამ ნაყენითვე ჩამოიწმინდეთ კრემი წასმიდან ნახევარი საათის შემდეგ.
. მკვებავი კრემის ყოველდღიურად გამოყენება რეკომენდებული არ გახლავთ. კანს დროდადრო ამოსუნთქვის საშუალება მიეცით. 
და კიდევ: სასურველია, კვირაში 1-2-ჯერ კანი მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბებითაც გაანებივროთ. ისინი თავადაც შეგიძლიათ  მოამზადოთ, მშრალი კანისთვის – კვერცხის გულისგან, ნაღებისგან, მოხარშული კარტოფილისგან; ცხიმიანისთვის – კიტრისგან, კვერცხის ცილისგან, უცხიმო იოგურტისა და თეთრი თიხისგან. კენკრის ნიღაბი ორსულობისას არ გამოგადგებათ — შეიძლება, კანი გაგიღიზიანოთ.

როგორ შევარჩიოთ
კოსმეტიკური საშუალების შერჩევის დროს ყველაზე მეტი ყურადღება მის შემცველობას მიაქციეთ. ზოგადად, ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილი არ არის ახალი საშუალებების მოსინჯვა და ექსპერიმენტების ჩატარება — კრემში ან ლოსიონში არსებული უცხო კომპონენტები თქვენს კანს შეიძლება მაინცდამაინც არ ესიამოვნოს, მაგრამ თუკი თვალი სიახლისკენ მაინც გაგირბით, სანამ სახეზე დაიდებთ, მაჯის შიდა ზედაპირზე წაისვით და კანის რეაქციას დააკვირდით. თუ კანი შეგიწითლდათ ან აგეწვათ, კოსმეტიკური საშუალება დაუნანებლად მოიცილეთ თავიდან, მაგრამ თუ ამგვარ “სიურპრიზს” ადგილი არ ჰქონია, თამამად შეგიძლიათ, კრემი  სახეზეც გადაისვათ.
გაითვალისწინეთ:
. უმჯობესია, ერთი სერიის საშუალებები (რძე, ტონიკი, კრემი) გამოიყენოთ;
. თუ მშრალი კანი გაქვთ, უპირატესობა მიანიჭეთ იმ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც შეიცავს გვირილის, ორკბილას (რუს.), ალოეს, ცაცხვის, ფურისულასა და გინგკოს ექსტრაქტს;
. ცხიმიან კანს უხდება კალენდულას, მწვანე ჩაის, ძირტკბილას შემცველი საშუალებანი.

ჯანმრთელობას პლუს სილამაზე
ზოგი ქალბატონი ისე არ გავა შინიდან, თუ საგულდაგულო მაკიაჟი არ გაიკეთა, მაგრამ საკმარისია დაორსულდნენ, რომ აღარც პომადას და აღარც თვალის ჩრდილს სათოფეზეც აღარ ეკარებიან — ქიმიური საშუალებები ჩვენს პაწიას ავნებსო.
სინამდვილეში დეკორატიული კოსმეტიკა ორსულობისას სრულიად უსაფრთხოა, ოღონდ — თუ გარკვეულ წესებს დავიცავთ:
. ორსულობის დროს მაკიაჟი სახეს მალე ღლის, ამიტომ შინ დაბრუნებისთანავე ჩამოიბანეთ და დამატენიანებელი საშუალება გადაისვით.
. ერიდეთ მეტისმეტად მედეგ საშუალებებს, რომელთა მოშორება არამცთუ წყლით,  სპეციალური ლოსიონითაც კი ჭირს. ასეთი კოსმეტიკა, როგორც წესი, ძლიერ ქიმიურ საშუალებებს შეიცავს და სათუთი კანისთვის მაინცდამაინც მარგებელი არ გახლავთ.
. დღის განმავლობაში სახეზე რამდენჯერმე გადაისვით თერმულ წყლებზე დამზადებული მატონიზებელი საშუალებანი.
. ორსულობის პერიოდში კანის სტრუქტურა იცვლება, ასე რომ, კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც აქამდე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა მასზე, ახლა შეიძლება სრულიად უსარგებლო გახდეს და გაღიზიანებაც კი გამოიწვიოს.
. თუ კანს თან ჰყვებით, მაგრამ მაინც გაღიზიანებულია და გამონაყრითაც კი დაიფარა, უთუოდ მიმართეთ დერმატოლოგს.

კანის მენიუ
კანის მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რას მივირთმევთ. თუკი ორსულობის პერიოდში კანი მეტისმეტად გამოგიშრათ, სასურველია,  რაციონში ცხიმოვანი მჟავები (ომეგა-3 და ომეგა -6 ცხიმები) ჩართოთ. ეს სასარგებლო ნივთიერებანი, რომლებიც ჭარბადაა ზღვის პროდუქტებში, მზესუმზირაში, თხილში, კაკალში და მცენარეულ ზეთში, კანს გამოშრობის, აქერცვლისა და დაბერებისგან იცავს. თუმცა ჩამოთვლილი საკვების მიღებისას (გარდა ზეთისა) სიფრთხილეც გმართებთ — მათ შეიძლება ალერგია გამოიწვიონ.
კანის სიმშრალის მიზეზი ხშირად ორგანიზმში წყლის დეფიციტია, ამიტომ თუ ფეხმძიმობა გართულებათა (მაგალითად, შეშუპების) გარეშე მიმდინარეობს, სასურველია, დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი დალიოთ, თუმცა ბოლო თვეებში მისაღები სითხის ოდენობა უმჯობესია გინეკოლოგს შეუთანხმოთ.
თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, უთუოდ გარგებთ იმის ცოდნა, რომ შემწვარი, ცხარე, სანელებლებიანი კერძი, გაზიანი წყალი, შოკოლადი ცხიმოვან ჯირკვლებს ააქტიურებს. მათი შეზღუდვა არა მარტო კანს, არამედ კუჭ-ნაწლავსაც არგებს.

***
ყველა ორსული თავისებურად მომხიბლავია. მუცელში მოკალათებულ პაწიაზე ზრუნვა სულაც არ არის იმის საბაბი, საკუთარი თავი დაივიწყოთ. პირიქით, ეს ცხრა თვე ეფექტურად გამოიყენეთ, რათა რაც შეიძლება მეტად არგოთ თავსაც და პატარა არსებასაც, რომლის გული ამქვეყნად მოვლენის იმედით ძგერს. ნუ დაიზარებთ ყოველდღე სუფთა ჰაერზე სეირნობას, გონივრულად შეარჩიეთ მენიუ, ერიდეთ სიგარეტსა და ალკოჰოლს და, რაც მთავარია, ჯეროვანი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ გარეგნობას. გვერწმუნეთ, პაწიას ძალიან გაუხარდება, როდესაც დაბადებისთანავე მშვენიერ დედიკოს შეავლებს თვალს. 

გააზიარე: