თანამედროვე შესაძლებლობები უნაყოფობის სადიაგნოსტიკოდ

გააზიარე:

თანამედროვე ტექნოლოგიები განუწყვეტლივ გვაოცებს. რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებელი გვეჩვენებოდა, დღეს სინამდვილეა. განსაკუთრებით დიდი წინსვლაა ულტრასონოგრაფიის სფეროში. ვიზუალიზაციის ხარისხმა ძალზე მაღალ საფეხურს მიაღწია. ასე რომ, გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას – ულტრასონოგრაფია მედიცინის თვალია.

რეპროდუქტოლოგიისთვის კვლევის ამ მეთოდს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამაზე გვესაუბრება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი რადიოლოგი თამარ არქანია.

 

– ქალბატონო თამარ, რა როლი აკისრია ულტრასონოგრაფიას თანამედროვე რეპროდუქტოლოგიაში?

– რეპროდუქტოლოგია მედიცინის ის დარგია, რომელშიც დიაგნოსტიკა წარმოუდგენელია ულტრასონოგრაფიის გარეშე. მოგეხსენებათ, ტექნოლოგიები დიდი სისწრაფით ვითარდება. ვითარდება ექოსკოპიის აპარატიც. სამედიცინო დაწესებულებამ ფეხი უნდა აუწყოს დროს, უპასუხოს მის გამოწვევებს, ამიტომ ჩვენმა კლინიკამ შეიძინა ულტრასონოგრაფიის ბოლო თაობის აპარატი VOLUSON E8BT15, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთია საქართველოში. მრავალ სხვა ფუნქციასთან ერთად, მას შეუძლია, როგორც ტრანსაბდომინალური, ისე ტრანსვაგინალური მიდგომით 3D (სამგანზომილებიან) და 4D (ოთხგანზომილებიან) რეჟიმში გამოიკვლიოს შინაგანი ორგანოები და ნაყოფი.

– რა უპირატესობა აქვს ამ აპარატს და, საზოგადოდ, რას გულისხმობს სამგანზომილებიანი თუ ოთხგანზომილებიანი ულტრასონოგრაფია?

– VOLUSON -ი მიჩნეულია საუკეთესო ვიზუალიზაციის მქონე აპარატების სერიად სამეანო და გინეკოლოგიურ ექოსკოპიაში. VOLUSON E8BT15-ს წინამორბედ ვერსიებთან შედარებით რამდენიმე გაუმჯობესებული ფუნქცია აქვს. ერთი მათგანია მოცულობითი 4D რეჟიმი, რომელსაც უმთავრესად სამეანო კვლევის დროს ვიყენებთ. მისი მეშვეობით შესაძლებელია ნაყოფის რეალობასთან ზედმიწევნით მიახლოებული და ადვილად აღსაქმელი გამოსახულების მიღება, რაც განსაკუთრებით ახარებთ მშობლებს. ფერის, რეჟიმისა და განათების ცვლის შედეგად ნაყოფის ისეთ სურათს ვიღებთ, რომელიც პრაქტიკულად არ ჩამოუვარდება რეალურ გამოსახულებას. გარდა იმისა, რომ ეს დადებით ემოციას ჰგვრის მშობლებს, 3D და 4D რეჟიმებს დიდი დიაგნოსტიკური ღირებულებაც აქვს. ის განვითარების დეფექტების ადრეულ გამოვლენაში გვეხმარება. მისი მეშვეობით ვაფასებთ ნაყოფის სახის სტრუქტურებს, რბილ ქსოვილებს, ხერხემალსა და შინაგან ორგანოებს. ამ ორ რეჟიმში თვალნათლივ ჩანს ნაყოფის განვითარების ზოგიერთი მანკი, მაგალითად, ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგია – სპინა ბიფიდა. აქედან გამომდინარე, სამეანო კვლევაში სამ- და ოთხგანზომილებიანი ულტრასონოგრაფია ოქროს სტანდარტად მიიჩნევა. ულტრაბგერითი აპარატი მილიმეტრული სიზუსტით ზომავს ნაყოფს, მის პარამეტრებს, მათ შორის – კისრის საყელოს. მოგეხსენებათ, კისრის საყელოს, იმავე საყელოსმიერი სივრცის კვლევა მუცლად ყოფნის მეთერთმეტე-მეთოთხმეტე კვირას ტარდება ზოგიერთი გენეტიკური დაავადების სკრინინგისთვის. VOLUSON E8BT15-ს კისრის საყელოს გასაზომავად სპეციალური პროგრამა აქვს. მითითებულ საზღვრებში თვით აპარატი ზომავს აღნიშნულ სივრცეს, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს გაზომვისას ადამიანური ფაქტორით განპირობებული შეცდომის რისკი.

ძალზე ინფორმაციულია 3D-ულტრაბგერით გინეკოლოგიური კვლევაც, განსაკუთრებით – საშვილოსნოს განვითარების ანომალიებისა და ენდომეტრიუმის პათოლოგიების დიაგნოსტიკის დროს. აქამდე, 2D რეჟიმში კვლევისას, საშვილოსნოს ზოგიერთი ანომალიის ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდებოდა, ჭირდა დადგენა, უნაგირასთან გვქონდა საქმე, ორრქიანთან თუ სულ სხვა პათოლოგიასთან. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა საშვილოსნოს ღრუს სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია და მილიმეტრული სიზუსტით გაზომვა, გაადვილდა ენდომეტრიუმის პათოლოგიების აღმოჩენაც.

კიდევ ერთი: VOLUSON E8BT15 ექოსკოპი საკვერცხის ფოლიკულების ზედმიწევნით ზუსტი მონიტორინგის საშუალებას გვაძლევს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება უნაყოფობის მკურნალობისას. ამაში გვეხმარება აპარატის ვაგინალური გადამწოდი, რომელიც აღჭურვილია 4D რეჟიმით. მოგეხსენებათ, უნაყოფობის დროს აუცილებელია ფოლიკულური აპარატის შეფასება, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმეა და დეტალურ მონაცემებს მოითხოვს.

ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების სიზუსტეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც კონსერვატიული, ისე დამხმარე რეპროდუქციული მეთოდების (ინ ვიტრო განაყოფიერება, ინსემინაცია) გამოყენების დროსაც. ეს ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით საჭიროა მაღალი ვიზუალიზაციური შესაძლებლობების მქონე აპარატი. ახალი ფუნქციის წყალობით ექოსკოპი თავად აფასებს საკვერცხეს, ასკანერებს მას და გვაწვდის ინფორმაციას მასში არსებული ფოლიკულების რაოდენობისა და ზომის შესახებ.

VOLUSON E8BT15-ის კიდევ ერთი ღირსებაა მაღალფუნქციური და მაღალსენსიტიური ანუ ძალიან მგრძნობიარე დოპლერი. მისი მეშვეობით უმცირესი კალიბრის სისხლძარღვების შეფასებაც კი შესაძლებელია. სწორედ ამ რეჟიმში ტარდება რეპროდუქტოლოგიისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კვლევა – ლიდერი ფოლიკულის დოპლერული კვლევა. მის შედეგზეა დამოკიდებული, რამდენად მოსალოდნელია კონკრეტული ფოლიკულის გასკდომა.

– კიდევ რომელი ორგანოების გამოკვლევაა შესაძლებელი ახალი აპარატით?

– აპარატის ვიზუალიზაციური შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს, ულტრაბგერისთვის აღქმად ნებისმიერ სისტემაში არსებული უმნიშვნელო ცვლილებებიც კი აღმოვაჩინოთ. გარდა ამისა, VOLUSON E8BT15 აღჭურვილია ელასტოგრაფიის პროგრამით. ელასტოგრაფია დიაგნოსტიკის ახალი მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით ინფორმაციულია სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკის კუთხით. პაციენტს თავდაპირველად სტანდარტულ რეჟიმში ვიკვლევთ. კვანძის ან წარმონაქმნის აღმოჩენის შემთხვევაში კი ვრთავთ ელასტოგრაფიის რეჟიმს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ქსოვილების სიმკვრივე ორგანოში. ამ რეჟიმში გამოსაკვლევი ორგანოს ქსოვილები ეკრანზე სხვადასხვა ფერად იღებება. სწორედ ეს ფერებია ქსოვილის სიმკვრივის მაჩვენებელი: რაც უფრო ლურჯადაა კვანძი შეფერილი, მით უფრო მკვრივია იგი, მწვანე და წითელი კი ქსოვილების შედარებითი სირბილის მაჩვენებელია. მოგეხსენებათ, რაც უფრო მკვრივია კვანძი, მით უფრო საყურადღებოა ონკოლოგიური თვალსაზრისით. თუ კვანძის ექოლოგიური ნიშნები კეთილსაიმედოა და არც ელასტოგრაფიამ დაადასტურა მისი სიმკვრივე, შეგვიძლია, მშვიდად ვიყოთ, ხოლო მაღალი სიმკრივის კვანძის აღმოჩენისას მივმართავთ ბიოფსიას ულტრასონოგრაფიული კონტროლის თანხლებით, რაც მაქსიმალური სიზუსტის საშუალებას გვაძლევს.

ცივილიზებულ სამყაროში ულტრასონოგრაფიის მეშვეობით ძუძუსა და ფარისებრი ჯირკვლის პროფილაქტიკური კვლევა აუცილებელ ყოველდღიურობად მიიჩნევა. სიმსივნის დროული დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ახალგაზრდობიდანვე დაიწყონ პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება, რადგან პრობლემის სათავეშივე აღმოჩენა, მოგეხსენებათ, ნაკლებინვაზიურ ჩარევას გულისხმობს. ელასტოგრაფია კი ავთვისებიანი პროცესის დროული და ზუსტი დიაგნოსტიკის დამატებითი საშუალებაა.

– წყვილის უშვილობის მიზეზი ხშირად მამაკაცის უნაყოფობაა. მამაკაცებისთვის რა სახის კვლევებია ხელმისაწვდომი?

– სტატისტიკური მონაცემებით, უნაყოფობის მიზეზთა 45% ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიების წილად მოდის, 40% მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, ხოლო 15% ორივე მათგანის პრობლემებს მოიცავს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია არა მხოლოდ ქალის, არამედ მამაკაცის სრულფასოვანი გამოკვლევა და მკურნალობაც. ჩვენს კლინიკში შესაძლებელია მამაკაცის როგორც საშარდე, ისე სასქესო ორგანოების გამოკვლევა, მათ შორის – თირკმელებისა, წინამდებარე ჯირკვლისა, პენისისა, სათესლეებისა და მისი დანამატებისა. პრობლემის ექოლოგიური აღმოჩენა მამაკაცის უნაყოფობის მკურნალობისას ხშირად გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სათესლეების მოცულობისა და სტრუქტურის, მტევნისებური წნულის ვენების მდგომარეობის, დანამატის თავის სტრუქტურის, წინამდებარე ჯირკვლის წონისა და სტრუქტურის, სათესლე ბუშტუკების მდგომარეობის შეფასება, თუმცა არც სხვა მონაცემების უგულებელყოფა შეიძლება. ამის კვალობაზე, აღნიშნული კვლევა მამაკაცის უნაყოფობის დროს სრულფასოვანი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.

გააზიარე: