გარემოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე
გააზიარე:
ბოლო ხანს მეცნიერები უფრო და უფრო ხშირად ლაპარაკობენ გარემოზე, რომელშიც ადამიანს უხდება ცხოვრება.გარემოს არასასურველ ზემოქმედებას იოლად შეუძლია პათოლოგიის გამოწვევა, თანაც ბოლო ხანს უფრო და უფრო იმატებს იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებიც სწორედ ამ ფაქტორით არის გამოწვეული.
მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ ავადობის გლობალური ტვირთის 24% და სიკვდილიანობის 23% გარემოს საზიანო ზემოქმედებით არის განპირობებული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სიკვდილიანობის 91% გამოწვეულია არაგადამდები დაავადებებით, რომელთა შორის მთავარი პოზიცია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უკავია.გლობალურად, 102 ძირითადი დაავადებიდან 85 ნაწილობრივ მაინც გარემოს ზემოქმედებით არის განპირობებული. საქართველოში ავადობის მთლიანი ტვირთის 17% და სიკვდილიანობის 19% გარემოს საზიანო ზემოქმედების შედეგია, ხოლო იმ შემთხვევებიდან, რომლებიც გარემოს ზემოქმედებას არ უკავშირდება, მეხუთედი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წილად მოდის.
გარემოს რისკები, რომლებიც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ჩვენს ჯანმრთელობაზე არის: ჰაერის დაბინძურება როგორც შენობაში, ისე შენობის გარეთ, წყალი და, საზოგადოდ, სანიტარული მდგომარეობა, მაიონიზებელი გამოსხივება, შხამ-ქიმიკატები, პროფესიული რისკები, ურბანული გარემო და კლიმატის ცვლილება.
ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, რესპირაციული ინფექციები, კარდიოპულმონური დარღვევები, ფილტვის კიბო, ასევე – დღენაკლულობა, დაბადებისას მცირე წონა, პერინატალური პათოლოგიები, გონებრივი ჩამორჩენილობა; წყლისმიერი, სანიტარული ნორმების უგულებელყოფით გამოწვეული დაავადებებია დიარეული დაავადებები; ქიმიკატების ზემოქმედების შედეგად შესაძლოა განვითარდეს მძიმე ინტოქსიკაცია, სხვადასხვა სახის პერინატალური დარღვევა და თანდაყოლილი ანომალია, კიბო და სხვა; ურბანული გარემოსთვის დამახასიათებელია ავტოსაგზაო ტრავმები, ბოლო ხანს გახშირებული სუიციდური მდგომარეობები; მაიონიზებელ გამოსხივებას შეიძლება დავაბრალოთ კანის კიბო და კატარაქტა.
მაიონიზებელი გამოსხივების მავნებლობაზე ბევრი რამ თქმულა. მას ვერსად გავექცევით, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ მისი მცირე დოზა საფრთხეს გვიქადის. საქართველოში მრავალი ობიექტია, რომლებიც რადიაციის წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული, თუმცა, სხვადასხვა კვლევის მონაცემებით, საერთო ჯამში, ფონი უსაფრთხოების ზღვარს არ სცდება.
ყოველგვარი პრობლემა, რომელსაც გარემო იწვევს, იოლად შეიძლება ავიცილოთ თავიდან. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ამის აუცილებელი პირობაა.