უბრალოდ ტრავმირებული

გააზიარე:

მცირე ლინგვისტური წიაღსვლით დავიწყოთ. “ტრავმა” ბერძნული სიტყვაა და დაზიანებას ნიშნავს. ასე აღნიშნავენ მედიცინაში ყოველგვარ ზიანს – ფიზიკურსა თუ ფსიქოლოგიურს. თუმცა ეს უკანასკნელი ცალკე საუბრის თემაა და დღეს არ შევეხებით, – უფრო ხელშესახებ და იოლად შესამჩნევ ვარიანტზე ვაპირებთ საუბარს. ფიზიკური ტრავმის ცნება კაცობრიობასავით ძველია. მაინც რა შეიძლება დამართოდა პირველყოფილ ადამიანს? დიდი-დიდი, ლოდი დასცემოდა ფეხზე ან ხიდან ჩამოვარდნილიყო, დღეს კი ავტომობილები გადარეულებივით დაქრიან, თხილამურები არ გვყოფნის და თოვლსა თუ ზღვის ტალღებზე დაფებით დავსრიალებთ, ცათამბჯენი ხომ ლამის ყოველ ნაბიჯზე წამომართულა! ეს იმან გაგვახსენა, რომ ბევრი ტრავმას სიმაღლიდან გადმოვარდნისას იღებს. ასეთი ტრავმების რაოდენობით პირველ ადგილს თურმე ნიუ-იორკი იკავებს. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, ჭკუათამყოფელი ადამიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოეშვას... ბრალი აქ სწორედ რომ ტრავმას მიუძღვის – ცხადია, არა ფიზიკურს... თუმცა ამაზე – სხვა დროს. სხლა კი ფიზიკურ ტრავმებს დავუბრუნდეთ.ტრავმები შემთხვევით ხდება. ისინი არც გენეტიკურ განწყობასთან არის დაკავშირებული და არც სეზონურად მწვავდება... თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, მთლად ასეც არ არის საქმე. ზოგიერთი ექსპერტი საზრით, ტრავმატიზმს გენებიც მართავენ (ამაზე მოგვიანებით შევჩერდებით) და მისი სეზონური აფეთქებებიც შეინიშნება. მაგალითად, მცირე ტრავმები, მაგალითად, სახსრის ღრძობა ან დაჟეჟილობა, უმეტესად თოვლიანი და მოყინული გზების ბრალია. გარდა ამისა, ზამთარში ბევრი მიაშურებს ხოლმე სამთო კურორტს, სადაც ასევე შედარებით მაღალია ამ ტიპის ტრავმების მიღების ალბათობა.
ზამთარში ტრავმების გახშირება ასევე შეიძლება დავუკავშიროთ შობა-ახალი წლის უქმეებს – ამ დროს ბევრი ზომაზე მეტს სვამს, სიმთვრალეს კი ხშირად იარაღის ტრიალი და ავტოავარია მოჰყვება.
სხვათა შორის, ჩვენებური ექიმები ამტკიცებენ, რომ მძიმე ტრავმები საქართველოში შემოდგომაზე ხშირდება და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ქორწილების ბრალია. თუ ქართველი მამაკაცების მიერ საქორწილო სუფრაზე მიღებული ალკოჰოლის ოდენობას გავითვალისწინებთ, საგზაო შემთხვევებისა და ცეცხლნასროლი ჭრილობების სიმრავლე აღარ გაგვიკვირდება.
ტრავმის ანატომია
ტრავმის შედეგად ყველაზე ხშირად იოგოვანი აპარატი ზიანდება, მაგალითად, მუხლის ტრავმისას წყდება ჯვარედინი იოგები, იგლიჯება მენისკი. ასეთი ტრავმები კუნთების არასწორი დატვირთვით არის განპირობებული, ამიტომ, მაგალითად, შეჯიბრების წინ საჭიროა მოთელვა, კუნთებისა და სახსრების გავარჯიშება. თუ ადამიანი პროფესიულ დონეზე არ მისდევს სათხილამურო სპორტს, სრიალის დაწყებამდე ვარჯიშის სპეციალური კომპლექსის ჩატარება საჭირო არ არის. ერთადერთი, რაც ტრავმის ალბათობას შეამცირებს, დამცავი საშუალებების – სამუხლეების, სახსრის ფიქსატორების, იდაყვის, მუხლის ბალიშების – გამოყენებაა. ამგვარი საშუალებები, მართალია, ძვირი ღირს, მაგრამ ტრავმის ალბათობას საგრძნობლად ამცირებს. 
ტრავმა არ არის სხეულის უბრალო დაზიანება, რომელიც ერთხანს გვეტკინება, მერე კი უკვალოდ გაივლის. ძვლები, გარდა იმისა, რომ საყრდენ-მამოძრავებელ ფუნქციას ასრულებს, სისხლის წარმოქმნაშიც მონაწილეობს. თუ მსხვილი ლულოვანი ძვლები დაზიანდა, ჰემოგენეზი (სისხლის წარმოქმნა) ფერხდება. ტრავმა საშიშია იმითაც, რომ მოტეხილობის შემდეგ შესაძლოა ემბოლია განვითარდეს და ადამიანი დაიღუპოს.
კიდევ ერთი: ძვლებისა და დაზიანებული ქსოვილების შეხორცებას საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი შრომისუუნაროა, რაც ფინანსურ ტვირთად აწვება როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოს.
რეაბილიტაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, აგრეთვე იმაზე, დროულად გაუწიეს თუ არა დაშავებულს სამედიცინო დახმარება. ოპერაციიდან 2-3 დღის შემდეგ, წესისამებრ, ექიმები აქტიურ რეაბილიტაციას იწყებენ: პაციენტს ურჩევენ, საწოლში იტრიალოს, რათა თავიდან აიცილოს ნაწოლების გაჩენა, ფილტვების შეგუბება. ტრავმის შემდეგ სახსარი დიდხანს არის უძრავად, რამაც შესაძლოა კუნთების ატროფია (განლევა და ფუნქციის დაკარგვა) გამოიწვიოს. ამიტომ პაციენტმა სპეციალისტის მიერ შერჩეული ვარჯიშები უნდა შეასრულოს. ეს კუნთს მალე დაუბრუნებს ფუნქციას.
რეაბილიტაცია დაშავებულის სტაციონარში მიყვანისთანავე უნდა დაიწყოს, ამიტომ ვიდრე ექიმები ოპერაციას შეუდგებიან, პაციენტს სთხოვენ ხოლმე, თავი წამოსწიოს, სუნთქვითი ვარჯიშები შეასრულოს, ზედა კიდურები ფრთხილად ამოძრაოს...
როგორ ვიქცევით დაშავებისას

მძიმე ტრავმის მიღებიდან პირველ 60 წუთს გადაუდებელი მედიცინის ოქროს საათს უწოდებენ. სტატისტიკის თანახმად, უბედური შემთხვევის ყველა მსხვერპლი ამ ხნის განმავლობაში ექიმების ხელში რომ აღმოჩენილიყო, გადარჩენის სერიოზული შანსი ექნებოდა.თუ ადამიანმა კიდური დაიშავა (და თუ დარწმუნებული ხართ, რომ ასეა), პირველ რიგში მისი იმობილიზაცია უნდა მოახდინოთ – მოასვენოთ და დააფიქსიროთ. მოტეხილი ხელი უმჯობესია ტანს მიამაგროთ, ფეხი კი მაგარ საგანს ან მეორე ფეხს. ამით შემცირდება დაზიანებულ ქსოვილებზე ზეწოლა და მათი გაღიზიანება.გაითვალისწინეთ: დაშავებული არამც და არამც არ უნდა წამოდგეს და, მით უმეტეს, არ დაეყრდნოს მტკივან კიდურს. სასურველია, დაზიანებულ ადგილზე ცივი საფენი დაადოთ. უფრო უკეთესია, მჭიდროდ გადაახვიოთ ცივი ტილო. ხშირად მომხდარა, რომ ადამიანს კიდური მოუტეხია ან უღრძია, იქვე მყოფებს კი ნატკენის ჩასწორება დაუწყიათ. საუკეთესო გამოსავალია, ტრავმისთანავე სასწრაფო დახმარება გამოვიძახოთ, მაგრამ თუ ექიმთან დაკავშირება დროულად ვერ მოხერხდა, პირველი დახმარების გაწევა მეტი სიფრთხილით მოგიწევთ – თქვენ მხოლოდ სხეულის დაზიანებული ნაწილის იმობილიზაციისა და საფენების დადებსი უფლება გაქვთ, დანარჩენი ექიმის საქმეა. მართლა მოტეხილია თუ არა კიდური, ამის სათქმელად ქირურგიც კი რენტგენის სხივებს იშველიებს. ასე რომ, ყოვლისმცოდნეობას ნუ დაიჩემებთ, თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და რაც შეიძლება სწრაფად გადააბარეთ დაშავებული პროფესიონალებს.
სისხლდენის შეჩერების საკითხისთვისაც არაერთხელ მიგვიპყრია თქვენი ყურადღება. მხოლოდ ძირითად რეკომენდაციას შეგახსენებთ: ლახტის საძებნელად დროს ნუ დაკარგავთ, აიღეთ სუფთა ნაჭერი და სისხლმდინარ ადგილს ძლიერად დააწექით. თუ სისხლი კიდურიდან დის, ჯობია, ლახტი (ან მისი შემცვლელი) ჭრილობის ზემოთ დაედოს – ასე სისხლდენა უფრო იოლად შეჩერდება, მაგრამ თუ მარჩიელობის დრო არ არის და გამოცდილება არც სწრაფ პროფესიონალურ მოქმედებაში გიწყობთ ხელს, უმჯობესია თქვენი შეხედულებისამებრ იმოქმედოთ. თუ დაშავებული გონზეა და სისხლის კვალიც არ ჩანს, შესაძლოა, მოინდომოს და ფეხზეც კი დადგეს, თუნდაც აუტანელი ტკივილის ფასად. თქვენი გონივრული ჩარევა ამ დროსაც ფასდაუდებელია: რაც მეტად ამოძრავებს დაშავებული მოტეხილ კიდურს, მით მეტად გაჭირდება მისი ჩასწორება და დაზიანდება რბილი ქსოვილები, მოიმატებს იმის საშიშროებაც, ცხიმის, ძვლის ტვინის ან თრომბის ნაწილი სისხლის ნაკადს გაჰყვეს და სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების სისხლძარღვებს დაეცოს. რა მოჰყვება ამას, თვითონაც მიხვდებით... 
სტატისტიკის თანახმად, ბოლო ხანს გახშირდა კომბინირებული ტრავმები – ზედა და ქვედა კიდურებისა და თავის ქალას ძვლების ერთდროული დაზიანება. ეს ტენდენციაც ტექნიკური პროგრესის ბრალია: ხშირია ავტოავარია, რაც გამოწვეულია მოუწესრიგებელი გზებით, უსაფრთხოების ღვედის უგულებელყოფით. თუმცა ეს უფრო გლობალური სტატისტიკაა; საქართველოში ღვედის შეკვრის თაობაზე კანონის ამოქმედების შემდეგ ასეთი ტრავმების რიცხვმა საგრძნობლად იკლო.
რას გვიპირებენ ტრავმატოლოგები
ტრავმის მკურნალობის ყველაზე აპრობირებულ მეთოდად ბევრი ქირურგიულ ოპერაციას მიიჩნევს, თუმცა სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი არ არის. ექიმები ოპერაციას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, თუ მოტეხილი ადგილის თაბაშირით ჩასწორება ვერ მოხერხდა. ამ შემთხვევაში დაზიანებულ სახსარსა თუ ძვალს სპეციალური ლითონის კონსტრუქციით აფიქსირებენ. ეს უპირატესად კიდურის ტრავმას ეხება. სხვა ტიპის ტრავმები, მაგალითად, თავის ქალასი, იმდენად რთულ მკურნალობას მოითხოვს, რომ შესაძლოა, რთული დიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენება, ისევე როგორც ოპერაცია, რამდენჯერმე გახდეს საჭირო. 
უმეტესად რა ასაკისა და რომელი სქესის ადამიანები იღებენ ტრავმას? უცნაური კითხვაა, თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი სტატისტიკაც არსებობს. მაგალითად, ხანში შესულთა ძვლები მყიფეა და იოლად ტყდება. რისკი დიდია მცირე ასაკის ბავშვებშიც, ვინაიდან მათი ძვლები ჯერ უმწიფარია. რაც შეეხება სქესს, ტრავმები ქალებში უფრო ხშირია. ალბათ იმიტომ, რომ მამაკაცის სხეული უფრო ნავარჯიშევია, ძვლებიც – უფრო მაგარი. ამას ემატება ჰორმონული ცვლილებების ფონზე ჩამოყალიბებული ოსტეოპოროზი – კალციუმის დეფიციტით გამოწვეული ძვლების სიმყიფე. ასე რომ, ქალბატონებო, წელიწადის ცივ დროს მეტი სიფრთხილე გმართებთ. სხვა თუ არაფერი, ქუსლიანი ფეხსაცმლით მოლიპულ გზებზე სეირნობას მაინც ერიდეთ!
დამწვარ-დახრუკული
ახალი წელი სიურპრიზების დროა, თუმცა, სამწუხაროდ, არამხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებისა. წელიწადის ამ ჯადოსნურ დროს თერმულ დაზიანებათა და პლასტიკური ქირურგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს, შემოკლებით – დამწვრობის ცენტრს, პაციენტები საგრძნობლად ემატება. დამწვრობამ არც ასაკი იცის და არც სქესი, თუმცა ბავშვური დაუდევრობის გამო ეს უსიამოვნება უმეტესად სწორედ პატარებს შეემთხვევათ ხოლმე.
ბავშვური ხიფათები
საკმარისია, სამზადისით გართულმა მშობლებმა პატარას თვალი მოცილონ, რომ ის ან ინდაურის ქაფქაფა ნახარშს გადაისხამს, ან გავარვარებულ ქურას შეეხება... ხშირია ელექტროტრავმაც: ნაძვის ხის ნათურები ბავშვს, აბა, როგორ არ მიიზიდავს, და თუ იზოლაცია დაზიანებული აღმოჩნდა, შეხება და კონტაქტური დამწვრობა ერთია... რკალით დამწვრობა შედარებით ზედაპირულია, რადგან ხანმოკლეა და სითბური ენერგია ქსოვილებში ღრმად შეჭრას ვერ ასწრებს, მაგრამ თუ კონტაქტი გაგრძელდა, ღრმა ქსოვილების დაზიანებას ვერ გადავურჩებით. შესაძლოა, დამწვრობამ ძვლოვან სისტემამდეც კი ჩააღწიოს. ქართული სტატისტიკის თაობაზე ვერაფერს გეტყვით – ის, უბრალოდ, არ არსებობს, ამერიკაში კი ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი ხვდება ექიმთან ასეთი პრობლ
ემით. ამათგან 45 000 საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, მეათედისთვის კი ტრავმა საბედისწერო ხდება. 
ხარისხიანი დამწვრობა
დამწვრობას ცეცხლის ალიც იწვევს, ცხელი წყალიც, ორთქლიც და გავარვარებული საგნებიც. ამ და სხვა, მსგავსი მიზეზებით გამოწვეულ დამწვრობას თერმულს უწოდებენ და დამწვრობის ყველაზე გავრცელებულ ტიპს წარმოადგენს. ჩვენს ქსოვილებზე ასეთივე ზემოქმედება შეუძლია ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებას, ელექტროდენსა და მაიონიზებელ რადიაციას, მაგრამ ყოველ მათგანზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ, მოდი, თერმულ დამწვრობას დავჯერდეთ.
რამდენად მძიმე დარტ
ყმას მიაყენებს დამწვრობა ჩვენს ჯანმრთელობას, მის ხარისხსა და ფართობზეა დამოკიდებული. ფართობთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ხარისხის ცნებაზე კი, მოდი, ცოტა მეტხანს შევჩერდეთ.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს მხოლოდ კანის ზედაპირული შრე – ეპიდერმისი ზიანდება. კანი გაწითლებული და ოდნავ შესვიებულია. შეხორცებას რამდენიმე დღე სჭირდება. შესაძლოა, დარჩეს სუსტი ქავილი ან აქერცვლა.
მეორე ხარისხის დამწვრობისას დაზიანება კანის უფრო ღრმა შრეს – დერმასაც მოიცავს. მას სითხით სავსე ბუშტუკებით ამოიცნობთ. შეხორცებას რამდენიმე კვირა სჭირდება.
მესამე ხარისხი კანისა და მის ქვეშ მდებარე ქსოვილების ღრმა დაზიანებას გულისხმობს. დამწვარი უბანი თეთრი ან დანახშირებულია, თუმცა, პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობებისგან განსხვავებით, ნაკლებად მტკივნეულია, ანდა სულაც უმტკივნეულო, რადგან თერმულმა ზემოქმედებამ ნერვული დაბოლოებებიც შეიწირა. ნაწიბურსაც მხოლოდ ამ ხარისხის დამწვრობა ტოვებს (ნაკლები ხარისხის დამწვრობები – მხოლოდ დაჩირქებისას) და ხშირად კანის გადანერგვას მოითხოვს.
როგორ ვიქცევით

მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება ცხელი საგნის მოცილებისთანავე არ წყდება – მან ტემპერატურა ჩვენს უჯრედებს უკვე გადასცა და უფრო ღრმად მდებარე უჯრედებისთვის აგრესორად აქცია. გრილი გამდინარე წყალი საუკეთესო საშუალებაა, უჯრედებს “სიცხე” ნორმამდე დავუწიოთ და დამწვრობის გაღრმავებას ხელი შევუშალოთ.
პირველი ხარისხის დამწვრობის დროს ცივი წყლის ნაკადს დამწვარი ადგილი 5 წუთით მაინც უნდა შეუშვიროთ, მეორე ხარისხის დამწვრობის დროს კი 15 წუთით.
გაგრილების შემდეგ შეაფასეთ, შინაც შეიძლება დამწვრობას მოევლოს თუ სპეციალისტს უნდა მიმართოთ. დამწვარ ადგილზე შეხორცების ხელშემწყობი და ანტიმიკრობული მალამო გადაისვით (მაგალითად, სალბესანი). შეხვევა აუცილებელი არ არის, მთავარია, ჭრილობა არ დაბინძურდეს. თუ ისეთ ადგილზეა, რომ ადვილად დაგესვრებათ, მშრალი დოლბანდით ფაშარად შეიხვიეთ.
დღეში ერთხელ მაინც ჯერ ხელები დაიბანეთ კარგად, მერე კი დაზიანებული არე ფრთხილად ჩამოიბანეთ და მალამოს ახალი ფენა გადაისვით.
თუ ტკივილი შემაწუხებელ
ი და აუტანელია, შეგიძლიათ, ტკივილგამაყუჩებელი (მაგალითად, დიკლოფეროლი, კეტოლონგი, მაგენოლი) მიიღოთ.
არამც და არამც

. არ გახეთქოთ დამწვრობაზე გ
აჩენილი ბუშტუკები.
. არ დაიდოთ ყინული ან დაისხათ ყინულივით ცივი წყალი მეორე ხარისხის დამწვრობის დროს.
. არ წაისვათ ზეთი, კარაქი, ცხიმოვან ფუძეზე მომზადებული მალამო – ასეთი საშუალებები ჭრილობაში ტენს აკავებს და ბაქტერიებს სათბურის პირობებს უქმნის.
მესამე ხარისხის დამწვრობისას, ვითარების სიმძიმიდან გამომდინარე, თვითშემოქმედება, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის მტრობაა. ამ შემთხვევაში პირდაპირ ექიმს ან დამწვრობის ცენტრს მიაშურეთ, მანამდე კი შეგიძლიათ, დამწვარ არეზე ფიზიოლოგიურ ხსნარში დასველებული სტერილური დოლბანდი გადაიფაროთ (გზაში საფენი დროდადრო ამავე ხსნარით დაასველეთ, რომ არ გამოშრეს).
გარდა ამისა, გეზი ექიმისკენ აიღეთ, თუ:
. დამწვრობა I ან II ხარისხისაა, მაგრამ დიამეტრი 5-7 სმ-ს აღემატება;
. დამწვარია სახე, ხელები, ტერფები, მსხვილი (მაგალითად, მუხლის ან მხრის) სახსრის არე ან გენიტალიები;
. ბოლო ათი წელია, ტეტანუსის აცრა არ გაგიკეთებიათ (ეს კომპონენტი ეროვნული კალენდრით 2, 3, 4, 18 თვის, 5 და 14 წლის ასაკში ჩასატარებელი გეგმური ვაქცინაციის ნუსხაში შედის).
. ჭრილობას ინფექციის შეჭრის ნიშნები შეამჩნიეთ: მოიმატა ტკივილმა, სიწითლემ ან შეშუპებამ, ანდა ჩირქმა დაიწყო დენა.
გაითვალისწინეთ: დამწვრობის შედეგი მის ფართობსა და დაშავებულის ასაკზეა დამოკიდებული. ხანდაზმულებში ღრმა დამწვრობის ასიდან 15 შემთხვევა შესაძლოა სიკვდილით დასრულდეს. ჩვილ ბავშვებში ღრმა დაზიანება, მცირედიც კი, ზოგჯერ მომაკვდინებელია, მაშინ როდესაც ბევრი მოზრდილი 50-70%-იანი დამწვრობის შემდეგაც კი გადარჩენილა.
გათოშილ-შეცივებული
ზამთარს ბევრი გულისკანკალით ელის და არც გაემტყუნება – წელიწადის ამ დროს სიცივე ზოგჯერ ძვალსა და რბილში ატანს. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მხოლოდ ხატოვანი თქმა არ არის – სიცივე ორგანიზმის შიდა შრეებამდე მართლა აღწევს და მათ გადაცივებას იწვევს. სხეულის გადაცივებას ჰიპოთერმია ეწოდება. ასეთი რამ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანის ორგანიზმი სითბოს უფრო სწრაფად გასცემს, ვიდრე გამოიმუშავებს. ორგანიზმის ნორმალური ტემპერატურა დაახლოებით 37 გრადუსია, ჰიპოთერმიის დროს კი ის 35 გრადუსზე მეტად ეცემა. ამ დროს ორგანოები ერთობ არაკომფორტულ გარემოში აღმოჩნდებიან ხოლმე, რის გამოც მუშაობას ანელებენ, ზოგჯერ კი სულაც წყვეტენ.
გადაცივებული ორგანიზმისთვის სიცოცხლის დასაბრუნებლად ერთადერთი გზა გათბობაა.
სიმპტომი არსებობს
გათოშილ ადამიანს აკანკალებს. ეს გადაცივების პირველი სიმპტომია. თუმცა ცოტამ თუ იცის, რატომ გვაწყებინებს კანკალს ჰიპოთერმიის დროს.
კანკალი თავდაცვითი რეაქციაა – ორგანიზმი თავის გათბობას ცდილობს. რაც უფრო ხანგრძლივია კანკალი, მით უფრო მეტად არის გადაცივებული ორგანიზმი.
გარდა კანკალისა, ჰიპოთერმიას თან ახლავს:
. კოორდინაციის უნარის დარღვევა, ბარბაცი;
. მეტყველების დარღვევა (ადამიანი გაურკვევლად ლაპარაკობს);
. დაბნეულობა (ადამიანს უჭირს გადაწყვეტილების მიღება, ვეღარ ხვდება, ტანთ ჩაიცვას თუ გაიხადოს);
. სუსტი პულსი (თუმცა არც გულისცემის აჩქარება და არტერიული წნევის მომატებაა გამორიცხული);
. ნელი, ზედაპირული სუნთქვა.
ბავშვებში ჰიპოთერმიის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია წითელი, ცივი კანი და ადინამია, პასიურობა.
მიზეზებიც ცნობილია
მიზეზი თითქოს ცხადზე უცხადესია – სიცივე, მაგრამ სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ძლიერ ყინვაშიც კი შესაძლებელია, ორგანიზმს ნორმალური ტემპერატურა შევუნარჩუნოთ. ამისთვის ამინდის შესაფერისად უნდა გვეცვას.
მოდი, მიზეზებს კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი:
. ამინდისთვის შეუსაბამო სამოსით სიარული;
. სიცივეში დიდხანს გაჩერება;
. სველი ტანსაცმლით დიდხანს სიარული;
. ცივ წყალში ჩავარდნა (მაგალითად, ნავის გადაყირავებისას);
. სახლის არაადეკვატური გათბობა (ასეთი დისკომფორტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ბავშვები და მოხუცები).
აუნაზღაურებელი დანაკარგი
მაინც როგორ კარგავს ადამიანის ორგანიზმი სითბოს? მოდი, გავარკვიოთ.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად, არსებობს სითბოს პირდაპირი კარგვის მექანიზმი, როდესაც ორგანიზმი სითბურ ენერგიას ტანსაცმლით დაუფარავი ზედაპირიდან გასცემს. სხვა მოსაზრებით, სითბო იკარგება პირდაპირი კონტაქტით, როდესაც ადამიანი, მაგალითად, ცივ წყალს ან მიწას ეხება. ამ დროს სითბო თბილი სხეულიდან ცივში გადადის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცივ წყალში ორგანიზმი სითბოს უფრო იოლად კარგავს, ვიდრე ჰაერში. ამიტომაც არის, რომ სველი ტანსაცმლით სიარულისას უფრო იოლად ვცივდებით. დაბოლოს, გადაცივებას ხელს უწყობს ქარიც, რომელიც იოლად წარიტაცებს ორგანიზმის ზედაპირიდან სითბოს.
ვის უფრო სცივა
არსებობს ფაქტორები, რომლებიც გადაცივებას ხელს უწყობს. ესენია:
. ასაკი. როგორც უკვე ვთქვით, მოხუცები და ბავშვები ტემპერატურისადმი მეტად მგრძნობიარენი არიან. ეს იმით აიხსნება, რომ 65 წლის შემდეგ ორგანიზმის თბორეგულაციის უნარი მცირდება. გარდა ამისა, მოხუცებში ხშირია პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც თბორეგულაციის მოშლას იწვევს. ბავშვები კი სითბოს უფრო იოლად გასცემენ, ვიდრე მოზრდილები, თანაც, თამაშით გართულები, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სხეულის ტემპერატურას, თბილად ჩაცმა კი არ უყვართ, რადგან ტანსაცმელი მოძრაობაში უშლით ხელს.
. მენტალური პრობლემები. ადამიანი, რომელსაც ფსიქიკური დარღვევა აქვს, ხშირად ვერ ხვდება, როგორ უნდა ჩაიცვას სიცივეში. განსაკუთრებით სარისკოა დაბალი ტემპერატურა დემენციის მქონეთათვის, რომლებიც შესაძლოა სიცივეში შინიდან გავიდნენ და დაიკარგონ.

. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება. ალკოჰოლი სიმხურვალის შეგრძნებას აჩენს, მაგრამ რეალურად მისი მიღებისას სისხლძარღვები ფართოვდება, რაც კანის ზედაპირიდან სითბოს დაკარგვას აჩქარებს. თანაც ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკების ზემოქმედებისას ადამიანი ძნელად ხვდება, რომ სცივა.
. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობა: ჰიპოთირეოიდიზმი, კვების დეფიციტი, ინსულტი, მწვავე ართრიტი, პარკინსონის  დაავადება, ზურგის ტვინის ტრავმა, დამწვრობა, დეჰიდრატაცია.
. ზოგიერთი მედიკამენტი. ჰიპოთერმიის მიზეზად შეიძლება იქცეს ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური და სედაციური საშუალებები. 
გათბობის მარტივი მეთოდი
მოდი, ახლა ის გავარკვიოთ, როგორ დავეხმაროთ ჰიპოთერმიის მსხვერპლს.
. არამც და არამც არ აიძულოთ გათოშილს წამოჯდომა ან წამოდგომა, რაც მთავარია, არ დაუწყოთ სხეულის უხეშად ზელა.
. თუ მოძრაობის უნარი შესწევს, დაეხმარეთ, თბილ შენობაში გადავიდეს, ანდა თვითონ გადაიყვანეთ. თუ ეს შეუძლებელია, შეეცადეთ, ქარისგან დაიცვათ, ფაქიზად გახადეთ სველი ტანსაცმელი – თუ სხვა გზა არ არის, შემოაჭერით ან შემოახიეთ – და თბილი, მშრალი სამოსი ჩააცვით, ანდა პლედში გაახვიეთ.
. თვალყური ადევნეთ სუნთქვას. ძლიერი გადაცივებისას სუნთქვა შესაძლოა ისე გაიშვიათდეს, რომ გაჩერდეს კიდეც. ამ შემთხვევაში ხელოვნური სუნთქვა ერთადერთი გამოსავალია.
. კისერზე, გულმკერდზე ან ბოქვენის არეში (არამც და არამც – კიდურებზე!) თბილი, მშრალი საფენები დაადეთ. ასეთი საფენები აფთიაქებში იყიდება. თუ ხელთ არ აღმოგაჩნდათ, გამოდგება ცხელი (ისეთი ტემპერატურისა, რომ არ დაწვას) წყლით სავსე ბოთლი ან შემთბარი მშრალი ნაჭერი.
. თუ ყლაპვის უნარი არ დაუკარგავს, ასვით თბილი სითხე – არაალკოჰოლური და უკოფეინო.
უბრალოდ, გაათბეთ!
გაყინული ადამიანის გათბობის ეფექტური გზა თქვენივე სხეულით მისი გათბობაა. სწორედ ასე იქცეოდნენ ძველად. ტანთ უნდა გაიხადოთ, მჭიდროდ მიეკრათ გათოშილის სხეულს და პლედი გადაიფაროთ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ, გვენდეთ, ეფექტურია.
პოპულარული დაავადების ცივი შტრიხები
რა ხანია, “ალერგია” უცხო სიტყვად აღარ ითვლება. მეტიც – დღესდღეობით ის გავრცელებულ დაავადებათა პირველ ათეულშიც კია შეყვანილი. დრომ მოიტანა თუ გარემოებამ, ალერგიას დღეს თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით. შეგახსენებთ: ამ დროს ორგანიზმი რომელიმე უცხო აგენტის – ალერგენის – მიმართ მეტისმეტ, გადაჭარბებულ მგრძნობელობას იჩენს. ჭეშმარიტი ალერგიული რეაქცია რომ ჩამოყალიბდეს, უცხო აგენტი ორგანიზმში განმეორებით უნდა მოხვდეს. პირველი სტუმრობისას დაგროვილი ანტისხეულები მას უმალვე ამოიცნობენ და განგაშს ატეხენ. ჩვეულებრივი თავდაცვითი რეაქცია წრეგადასულ სახეს იღებს, ხატოვნად რომ ვთქვათ, იმუნურ სისტემას ბუზი სპილოდ ეჩვენება და ზარბაზანს იქ ისვრის, სადაც შურდულიც საკმარისი იქნებოდა. ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი კი ალერგიის მედიატორების (ჰისტამინის, სეროტონინის) გამოყოფას იწვევს. 
არის შემთხვევები, როცა ჰისტამინისა და ძმათა მისთა გამოთავისუფლება – რასაკვირველია, შემდგომი გამოვლინებებითურთ – არაიმუნური მექანიზმით (ანტისხეულ-ანტიგენის კომპლექსის გვერდის ავლით) ხდება. ამგვარ რეაქციებს ფსევდოალერგიულს უწოდებენ. ასეთი გახლავთ სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობაც.
მსხვერპლი 
სიცივის მიმართ ალერგია თურმე უმეტესად ახალგაზრდა ქალებს აწუხებთ, ასევე ბავშვებსაც. ხშირად ის უმიზეზოდ იჩენს თავს, თუმცა უფრო ხშირია ზოგიერთი პათოლოგიური დაავადების ფონზე, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, სისტემურ წითელ მგლურას დროს. 
საზოგადოდ, ალერგიასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ალერგენისგან დამალვაა, მაგრამ სიცივის საწინააღმდეგოდ ამ ხერხს ვერაფრით გამოვიყენებთ.
ყველაზე ხშირი და გავრცელებული ფორმა კანის ალერგიაა: შინიდან გასვლიდან გარკვეული ხნის შემდეგ ქავილი გვივარდება, კანი გვიწითლდება და ბუშტუკებით გვეფარება. უმეტესად სხეულის ის ნაწილები ზარალდება, რომლებსაც სუსხი ყველაზე იოლად სწვდება: სახე, მტევნები, ბარძაყების შიდა ზეპირი, მუხლები, წვივები, ტერფები.
როგორ მოვიქცეთ
ზედა ტანსაცმელი ზედმიწევნით უნდა იყოს შერჩეული: ჰაერ- და ტენგაუმტარი, თბილი, გრძელი, ღრმაკაპიუშონიანი ქურთუკი, საჭიროების შემთხვევაში სახის ჩამალვაც რომ შეიძლებოდეს, ტყავის ან დათბილული ხელთათმანები, მაღალი ჩექმები. თეთრეული, წინდები, შარვლები, ბლუზები მხოლოდ ბამბისა ან სელისაა მიზანშეწონილი, რადგან სინთეტიკა და მატყლი ალერგიის გამოვლინებას აძლიერებს, აბრეშუმი კი, თუნდაც ნატურალური, კანს თვითონვე აგრილებს.
შინიდან გასვლის წინ სახესა და ხელებზე რომელიმე ცხიმის შემცველი (მკვებავი) კრემი წაისვით – ეს კანს სიცივისგან ნაწილობრივ მაინც დაიცავს, მაგრამ თუ ფერიმჭამელების წარმოქმნისკენ გაქვთ მიდრეკილება, ამ მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ. კიდევ ერთი: თუი მკვებავი კრემი დამატენიანებელი საშუალებით არის გაჯერებული (უმრავლესობა კი სწორედ ასეთია), უშუალოდ შინიდან გასვლის წინ ნუ წაისვამთ – ახალდატენიანებული კანი იოლად მოიყინება. 
ალერგიის განვითარებისთანავე გადაიცვით მშრალი და თბილი ტანსაცმელი, მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება (ცეტეკი, ალერფასტი კიდევ დაამატეთ ავერსის რამე), დალიეთ რამდენიმე ფინჯანი ცხელი ჩაი ან რძე.
სხვა სისუსხეები
სიცივის ალერგია სხვაგვარადაც შეიძლება გამოიხატოს.
. თუ სურდო თავს მხოლოდ ქუჩაში გვახსენებს, სითბოში კი უკვალოდ ქრება, დიაგნოზი, სავარაუდოდ, ფსევდოალერგიული რინიტია.
შინიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხვირში რომელიმე ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი ჩაიწვეთეთ. სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებას (მაგალითად, ნაფტიზინს) ნუ გამოიყენებთ. ფსევდოალერგიული რინიტის დროს ის უკუნაჩვენებია: სამ-ოთხდღიანი გაუმჯობესების შემდეგ სიმპტომები უფრო მძიმე ფორმით იჩენს თავს და შესაძლოა, შენობაშიც კი შეგახსენოთ თავი.
სურდოს იგრძნობთ თუ არა, სითბოს დაუბრუნდით. თუ ასეთი რამ ქუჩაში შეგემთხვათ და ახლომახლო თბილი შენობის ნიშანწყალიც არ ჩანს, შვებას წერტილოვანი მასაჟი მოგიტანთ: ცერა თითები ფუძით ცხვირის ფრთებზე მიიდეთ და 1-2 წუთის 
განმავლობაში საათის ისრის მიმართულებით სწრაფი ბრუნვითი მოძრაობით დაიზილეთ, მერე კი შუა თითის, არათითისა და ნეკის ბალიშებით, ხელსმისა და დაზელის მონაცვლეობით, თვალის ქვედა არე ცხვირიდან ყურებისკენ დაიმუშავეთ.
. თუ სუსხიანი ჰაერის შესუნთქვისას სუნთქვა გეკვრით, ყელში გფხაჭნით და ხველას გაწყებინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ სიცივის ალერგიამ ბრონქოსპასტიკური რეფლექსი – სასუნთქი გზების მკვეთრი შევიწროება გამოიწვია. სპაზმი თბილ ოთახში დაბრუნებისთანავე გაგივლით.
ტემპერატურის ცვლილება ნაკლებად მკვეთრი რომ იყოს, შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთი ღია სარკმელთან გაატარეთ.
ხველის დაწყებისთანავე ცხვირ-პირი შალის ფართო შარფში ან სახელოში ჩამალეთ. ისუნთქეთ მხოლოდ ცხვირით. პირს საერთოდ ნუ გააღებთ. თუ ასეთი რამ ხშირად გემართებათ, ბრონქების გამაფართოებელი ინჰალატორი მუდამ თან ატარეთ.
. თუ სუსხში თვალები გიწითლდებათ, გექავებათ, თოვლის ან ცის ყურებისას კი გტკივათ, ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ფსევდოალერგიული კონიუნქტივიტია.
გასეირნების წინ თვალებში ანტიალერგიული საშუალება ჩაიწვეთეთ. ეცადეთ ატაროთ ჩამუქებულმინებიანი სათვალე, რათა ქათქათა თოვლმა თვალი არ მოგჭრათ.
ნუ მოისრესთ თვალებს ხელით ან სახელოთი, ქაღალდის ხელსახოცით ისარგებლეთ. ცხვირსახოცის გამოყენება კი სარისკოა – შესაძლოა, ინფექცია შეგეჭრათ.
საკვებით გამოწვეული საფრთხე
შუა ზამთარი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის განსაკუთრებული პერიოდია. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც წელიწადის ამ დროს დღესასწაულების გამო ნებით თუ უნებლიეთ კვების ჩვეული რეჟიმიდან არ ვარდება. აღარაფერს ვამბობთ წრეგადასული ქეიფის მოყვარულებზე... მას, ვინც წინასაშობაო მარხვას ინახავდა, ახალგახსნილებულზე ზოგჯერ ჩვეული მენიუც კი უღიზიანებს კუჭს, მეზობლებისა თუ მეგობრების თავშეყრისას თითო ჭიქა სასმელი და ორიოდე ლუკმა კერძიც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის... თუმცა, ვგონებთ, სიტყვა გაგვიგრძელდა; ჯობს, სპეციალისტს მოვუსმინოთ. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” გასტროენტეროლოგი და ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თენგიზ თელია.
– ბატონო თენგიზ, სახელდობრ, რა იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს ნაახალწლევს და შობის შემდეგ? რეჟიმის დარღვევას უფრო მეტი ბრალი მიუძღვის თუ საკვების შემადგენლობას?
– ასეთი პრობლემები თავს იჩენს არა მარტო ნაახალწლევს და შობის მომდევნო დღეებში, არამედ ყოველთვის, როცა ორგანიზმი კვების არანორმალურ რეჟიმზე გადაგვყავს. ძნელი სათქმელია, რა უფრო მნიშვნელოვანია ამ დროს – კვების რეჟიმის ცვლილება თუ საკვების შემადგენლობა. სავარაუდოდ, ერთიცა და მეორეც. თუმცა გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული ფონური დაავადებებიც, რომლებიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს აწუხებს და ამ პერიოდში მწვავდება.
– მიუძღვის თუ არა ამაში ბრალი ალკოჰოლს?
– მოგეხსენებათ, დღესასწაულებზე ბევრს სვამენ. ჭარბი ალკოჰოლი თავისთავადაც, როგორც ქიმიური ნივთიერება, საკმაო ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს; ამასთან, იმუნიტეტის ტრანზიტორულ დათრგუნვას იწვევს და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ამცირებს. თუმცა აქაც ოდენობაა გადამწყვეტი. მრავალი დაავადების დროს ალკოჰოლის მოხმარება მკაცრად ლიმიტირებულია, ვინაიდან შეუძლია, პათოლოგიური პროცესი დაამძიმოს.
– უმეტესად რას უჩივიან ამ პერიოდში თქვენი პაციენტები?
– ხშირია ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავება. ცხიმიანი და ცხარე კერძებით მაძღრისად დანაყრების შემდეგ თავს იჩენს ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ, რასაც ზოგჯერ ერთვის გულისრევის შეგრძნება, ღებინება.
გასტროეზოფაგური რეფლუქსისა და საყლაპავის ხვრელის მცოცავი თიაქრის მქონე პაციენტებში სიმპტომურად ვხვდებით გულძმარვას, ბოყინს, აქტიურდება ე.წ. სწრაფი დანაყრებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა სართულის შებერილობის სიმპტომები.
კვებითი ინტოქსიკაციის დროს საქმე გვაქვს ბანალურ ნაწლავურ ინფექციებთან, რომელთა კლინიკური გამოვლინება მეტად მრვალფეროვანია – მსუბუქი ბოყინითა და მუცლის ტკივილით დაწყებული, პირღებინებით, დიარეით, ცხელებით და სხვა ზოგადინტოქსიკაციური ნიშნებით დამთავრებული. კვებით ინტოქსიკაციებს მიეკუთვნება საკვებისმიერი ბოტულიზმიც. 
ნურც ჩვეულებრივი კვებითი აუტანლობა დაგვავიწყდება – შობა-ახალი წლის უქმეებზე ბევრი ზომაზე მეტ ისეთ პროდუქტს მიირთმევს, რომლის მიმართ კვებითი აუტანლობა აქვს. სხვა დროს, როდესაც ასეთ საკვებს ცოტას გეახლებათ, სიმპტომებიც (ბოყინი და მუცლის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, ცხელება და ზოგადი ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები) მინიმალურად ვლინდება, ისე რომ, შესაძლოა პაციენტის ყურადღება არც კი მიიქციოს.
კიდევ ერთი გასათვალისწინებელი მომენტია შობა-ახალი წლის უქმეებზე სტუმრიანობა და, შესაბამისად, კონტაქტური ინფექციების გავრცელების მაღალი რისკი. მაგალითად, ცნობილია, რომ ეპიდემიური დიარეა უმთავრესად ვირუსების წილად მოდის, რომლებსაც ვირუსმატარებელი საკვების დაბინძურებით (დაბინძურებული ხელით საკვების შეხებისას) ავრცელებს.

– რა იწვევს კვებით ინტოქსიკაციას? მის გავრცელებაში იმასაც ხომ არ მიუძღვის ბრალი, რომ სუფრაზე ზოგჯერ რამდენიმე დღის წინ მომზადებული საკვები მიაქვთ?
– კვებით ინტოქსიკაციებს იწვევს საკვებში ან სასმელში მოხვედრილი მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, ვირუსები, პროტოზოები) და მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინები. საკვებსა და სასმელში ეს მიკროორგანიზმები მომზადების ან შენახვის პირობების დარღვევის გამო ხვდება. რამდენიმე დღის წინ მომზადებული კერძის მირთმევისას ინტოქსიკაციის რისკი, რა თქმა უნდა, იმატებს, ვინაიდან უკვე მზა საკვები შესაძლოა ნებით თუ უნებლიეთ დააბინძუროს არა მზარეულმა, არამედ ვინმე სხვამ, ანდა არასათანადო პირობებში შენახვის გამო მასში მიკროორგანიზმები და მათი ტოქსინები გამრავლდეს.
– უმეტესად რა სახის პროდუქტი იწვევს კვებით ინტოქსიკაციას?
– თეორიულად, ყოვეგვარი საკვები შეიძლება კვებითი ინტოქსიკაციის წყაროდ იქცეს, თუმცა განსაკუთრებულ სიფრთხილეს ცხიმიანი კერძები, კრემები, კვერცხის პროდუქტები მოითხოვს.
– გართულებები თუა მოსალოდნელი?
– დიახ, კვებითი ინტოქსიკაცია შეიძლება გართულდეს – მსუბუქი გაუწყლოებით დაწყებული, თირკმლის უკმარისობით, სუნთქვითი უკმარისობით და პოლიორგანული დაზიანებით დამთავრებული. მაგრამ ეს, ცხადია, იმას არ ნიშნავს, რომ კვებითი ინტოქსიკაცია ყოველთვის თირკმლის უკმარისობითა და სუნთქვითი უკმარისობით მთავრდება.
– ყოველთვის იმატებს თუ არა კვებითი ინტოქსიკაციის დროს სხეულის ტეპერატურა? როგორ მივხვდეთ, საჭმელმა გვაწყინა თუ ენტეროვირუსი შეგვხვდა?
– კვებითი ინტოქსიკაცია შეიძლება ცხელების გარეშეც წარიმართოს. რაც შეეხება დიფერენცირებას, მიზეზის ძიებას ნუ დაიწყებთ – მსუბუქ გასტროენტეროლოგიურ დისკომფორტს სიმპტომურად ებრძოლეთ, მძიმე შემთხვევაში კი გასტროენტეროლოგს ან ინფექციონისტს მიმართეთ.
– როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა მსუბუქი დარღვევების დროს უექიმოდ?
– ნაწლავური აშლილობის დროს, გაუწყლოების შემთხვევაში, მივიღოთ სითხე, გულძმარვის დროს – ანტაციდები, დანარჩენი კი სპეცილისტებს მივანდოთ. სწორი მკურნალობის ტაქტიკას ექიმი ირჩევს და ის აგებს პასუხს თითოეული დანიშნული მედიკამენტის აუცილებლობაზე, ამიტომ უმჯობესია, ვითარება თავიდანვე გასტროენტეროლოგმა ან ინფექციონისტმა მართოს. 
– როგორ მოვახერხოთ სწორად კვება დღესასწაულებზე, რომლებიც ჩვენთან ტრადიციული სუფრით აღინიშნება?
– გირჩევთ, გაითვალისწინოთ რამდენიმე პრინციპი:
. თუ სხვა დაავადების (დიაბეტის, ჰიპერტენზიის) გამო შესაბამისმა სპეციალისტმა განსაზღვრული პროდუქტების შეზღუდვა გირჩიათ, ეს შეზღუდვები სადღესასწაულო უქმეებზეც უნდა დაიცვათ.
. ერიდეთ იმ საკვების ჭარბ მოხმარებას, რომლის მიმართაც აუტანლობა გაქვთ.
– რა შეუძლია მინერალურ წყალს კვებითი დისკომფორტის დროს? ბევრს ის მდგომარეობის შესამსუბუქებელ ერთადერთ საშუალებას მიაჩნია...
– მინერალური წყლების მიღებაში ცუდი არაფერია. თუ ადამიანს სიამოვნებს, შეუძლია თამამად სვას, თუმცა ის თავდაცვის არავითარ გარანტიას არ იძლევა. უფრო მეტიც – ცნობილია, რომ ზოგიერთი ნაწლავური ინფექცია დაქვეითებული მჟავიანობის ფონზე უფრო აქტიურად ვითარდება, მინერალური წყლები კი სწორედ კუჭის მჟავიანობას აქვეითებს.
– შეიძლება თუ არა საჭმლის მონელების დარღვევისას ფერმენტული პრეპარატების თვითნებური მიღება?
– ეს პრაქტიკა მცდარია, საღ აზრს მოკლებული და მტკიცებულებითი მედიცინისგან შორს დგას. ფერმენტულ პრეპარატებს სხვა პათოლოგიების დროს ვიყენებთ – ისეთებისა, როგორიც არის პანკრეასული მალაბსორბცია, მუკოვისციდოზი...
– არსებობს თუ არა ისეთი კერძები, რომელთა ზედიზედ მირთმევა ადამიანს სწყენს?
– წესები არ არსებობს. მიირთვით მრავალფეროვანი, უსაფრთხოდ მომზადებული საკვები, მისდიეთ ჯერადი კვების (ხშირად და მცირე ულუფებით) პრინციპს და თუ განსაკუთრებული აკრძალვები არ დაგიწესეს (მაგალითად, დიაბეტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების გამო), იხელმძღვანელეთ საკვების მიმართ ინდივიდუალური ტოლერანტობის პრინციპით, მაშასადამე, თუ იცით, რომ ამა თუ იმ პროდუქტის მიმართ კვებითი აუტანლობა გაქთ, მის მოხმარებას შეძლებისდაგვარად ერიდეთ.
– რამეს ხომ არ ურჩევდით მათ, ვინც შობის მარხვა შეინახა და ახლა გაიხსნილა?
– მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე უნდა გადავიდეთ ეტაპობრივად, მენიუში თითო სახეობის საკვების დამატებით, და ამ შემთხვევაშიც ვისარგებლოთ საკვების მიმართ ტოლერანტობის პინციპით. 
თუ დღესასწაულებზე კუჭ-ნაწლავის არეში სიმძიმესა და დისკომფორტს გრძნობთ:
. ნუ მიეძალებით მწარე, მლაშე, შემწვარ, ცხიმიანი და სანელებლებით ჭარბად შეკაზმულ კერძებს.
. დაუბრუნდით კვების ნორმალურ რეჟიმს (დღეში 4-ჯერ, მცირე ულუფებით).
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: