ალკოჰოლის ტყვეობაში
გააზიარე:
თუ ყურადღებით მიმოვიხედავთ, ახლო თუ შორეულ ნაცნობებს შორის ერთ ისეთ ადამიანს მაინც აღმოვაჩენთ, ვინც ალკოჰოლს დაუმონებია, სასმელს თავს ვეღარ ანებებს, აღარც საკუთარი ჯანმრთელობა ადარდებს და აღარც ოჯახის წევრების სიმშვიდე.
წინათ საქართველოში ალკოჰოლზე დამოკიდებულება იშვიათი იყო, მაგრამ XX საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ღვინის ადგილი მაგარმა სასმელებმა დაიკავა და პრობლემამაც მთელი სიმწვავით იჩინა თავი.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ამ რთული ბიოფსიქოსოციალური დაავადების შესახებ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსსუ-ის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვიცე-რექტორი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გლობალური ცენტრის ჩანაცვლებითი პროგრამების დირექტორი ხათუნა თოდაძე გვესაუბრება:
– ალკოჰოლი უშუალოდ მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში, ამიტომ მისდამი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ღრმა ბიოქიმიური საფუძვლები აქვს. ისევე როგორც სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებები: ნარკოტიკები, ფსიქოტროპული საშუალებები, – ალკოჰოლიც მოქმედებს თავის ტვინში არსებულ დამაჯილდოებელ, წამახალისებელ სისტემაზე, ე.წ. სიამოვნების ცენტრებზე, რომელთა ფუნქციაცაა არსებობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან სტიმულებზე (კვებაზე, წყურვილის მოკვლაზე, სქესობრივ ურთიერთობაზე) რეაგირება. დამაჯილდოებელი სისტემის აგზნებას თავის ტვინის კონკრეტულ ბირთვებში ნეირომედიატორ დოფამინის გამოთავისუფლება მოჰყვება, რაც ეიფორიას, სიამოვნების ძლიერ განცდას იწვევს. ხელოვნურად, ფსიქოტროპული ნივთიერებებით გამოწვეული სიამოვნება, წესისამებრ, ბუნებრივზე, ბიოლოგიური ქცევის შედეგად განცდილზე ძლიერია, რაც ადამიანს ამ ნივთიერებების განმეორებითი მიღებისკენ უბიძგებს.
მაგრამ სიამოვნების “უშრომლად მიღება” დაღს ასვამს ორგანიზმს. მისი რესურსები შეზღუდულია, მუდამ ეიფორიაში ყოფნა არ შეუძლია. სიამოვნების ცენტრების ხშირი გაღიზიანება დოფამინის დეპოებს აცარიელებს, ფიტავს და ბუნებრივი დამაჯილდოებელი ქმედებები ხელოვნურ ეიფორიას შეჩვეულ ორგანიზმს ვეღარ ჰგვრის იმ სიამოვნებას, რასაც ჯანსაღს. სიამოვნების განსაზღვრული დონის მისაღწევად ადამიანს ისევ ეგზოგენური (გარეგანი) გამღიზიანებელი ანუ ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება სჭირდება.
მეორე მიზეზი, რის გამოც ადამიანები ალკოჰოლს ეტანებიან, მისი ანქსიოლიზური ანუ შფოთვის დამთრგუნველი მოქმედებაა.
– რატომ ყალიბდება ალკოჰოლზე დამოკიდებულება?
– ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში ბრალი მიუძღვის ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ერთობლიობას. ბიოლოგიური მექანიზმებიდან ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ალკოჰოლის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების (ალკოჰოლდეჰოროგენაზის ან ალდეჰიდდეჰიდროგენაზის) დეფიციტი, მათი გენეტიკური დეფექტი. ეს ბიოლოგიური დეფექტი აქვს ყვითელკანიანთა ზოგიერთ ჯგუფს. ძლიერი დეფექტის შემთხვევაში ორგანიზმში აცეტალდეჰიდის დაგროვება იმდენად არასასიამოვნო ცვლილებებს იწვევს, რომ ადამიანი უარს ამბობს ალკოჰოლზე. თუ მაინც დალია, ის ტოქსიკურ ზემოქმედებას მოახდენს ორგანიზმზე და მასზე დამოკიდებულებაც სწრაფად ჩამოყალიბდება.
შესაძლოა, ადამიანს ალკოჰოლის მოხმარებისკენ რომელიმე ნეირომედიატორული (მაგალითად, ენდორფინების ენდოგენური ნეირომედიატორების) სისტემის დეფიციტმა ან ენდოგენური ანქსიოლოიზური (შფოთვის საწინააღმდეგო) სისტემის დისბალანსმა უბიძგოს.
ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულებისადმი მოწყვლადობას ზრდის ზედმეტი სიმორცხვე, თავდაჯერების ნაკლებობა, თვითამოხატვის სირთულეები, სოციოფობია და სხვა, სოციალური ფაქტორებიდან კი ძალიან მნიშვნელოვანია, რა მიმართებაა ალკოჰოლური სასმლის მიმართ ინდივიდის გარემოში. საქართველოში კულტურულად დაშვებული, მოწონებული და წახალისებულიც კია ალკოჰოლის მიღება, სასმელზე უარის თქმას ზოგჯერ საზოგადოების არცთუ დადებითი რეაქცია მოჰყვება. თუმცა უკანასკნელ ხანს ადამიანის თავისუფალ არჩევანს მეტ პატივს სცემენ.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამოწვევა ნებისმიერ ალკოჰოლურ სასმელს შეუძლია, მაგრამ კონცენტირებულს – უფრო სწრაფად. იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სიხშირით იღებს ადამიანი ალკოჰოლს, რამდენს თითოეულ ჯერზე. ამაზეა დამოკიდებული, განვითარდება თუ არა ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებები. თუმცა ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედება ზოგი სხვა ფაქტორითაც განისაზღვრება.
განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ბავშვები და მოზარდები, ასევე – 65 წელს გადაცილებულები. აშშ-ში 21 წლამდე ასაკის პირთათვის ალკოჰოლის მიყიდვა აკრძალულია. ჩვენთან ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული. არადა მოზარდ ასაკში ნერვული სისტემა, პიროვნული თვისებები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ძალზე უსიამოოვნო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის – ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც. თუ ადამიანმა 25 წლამდე დაიწყო ალკოჰოლის ინტენსიური მოხმარება, შესაძლოა ავთვისებიანი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს. რაც შეეხება 65 წელს გადაცილებულ პირებს, მათ ხშირად შენელებული აქვთ მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა), დაქვეითებული აქვთ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციობა, ამიტომ ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მათთვის სახიფათოა.
პრაქტიკულად ყველა კულტურაში მიღებულია, რომ ქალები ნაკლებად მოიხმარენ ალკოჰოლს. მართლაც, ფერმენტული სისტემის თავისებურებათა გამო ქალის ორგანიზმში მავნე ნივთიერებები უფრო მეტად გროვდება, ამიტომ ის მამაკაცზე გაცილებით სწრაფად ხდება ალკოჰოლზე დამოკიდებული და ეს დამოკიდებულება მასთან უფრო ავთვისებიანადაც მიმდინარეობს.
ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედება სხეულის ფიზიკურ მასაზეც არის დამოკიდებული, ერთნაირი ნერვული და მეტაბოლური სისტემის მქონე პირებთან ერთი და იმავე რაოდენობის ალკოჰოლი მცირეწონიან სხეულზე უფრო მავნედ მოქმედებს, ვიდრე დიდწონიანზე, ვინაიდან ორგანიზმში მისი უფრო მაღალი კონცენტრაცია იქმნება.
მნიშვნელოვანია ფიზიკური ხელმისაწვდომობაც. მრავალ ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარება რეგულირდება ფასით, გაყიდვის დროით, მომხმარებლის ასაკით.
– გარდა ხელმისაწვდომობისა, რა იცავს საზოგადოებას ალკოჰოლის მავნე გავლენისაგან?
– მრავალ საზოგადოებაში არსებობს ალკოჰოლის მავნე შედეგებისგან დაცვის ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული მექანიზმები. მაგალითად, საქართველოში ადამიანს ალკოჰოლიზმისგან იცავს ქართული ტრადიციები: ქეიფი ღვინით, რომელშიც გაცილებით ნაკლები კონცენტრაციითაა ალკოჰოლი, ვიდრე მაგარ სასმელებში; ცხიმიანი კერძებით მდიდარი სუფრა (ცხიმი ერთგვარად ამოფენს კუჭ-ნაწლავის ზედაპირს და ალკოჰოლის სისხლში შეწოვას აფერხებს); თამადა და სადღეგრძელოების ინსტიტუტი, რაც ზრდის ინტერვალს სასმელის ულუფებს შორის, აიძულებს ადამიანს, მობილიზებული იყოს სადღეგრძელოს თქმისას; ცეკვა, სიმღერა...
– როდის მიიჩნევა ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებულად?
– ალკოჰოლზე დამოკიდებულების დიაგნოზი აუცილებლად ექიმმა სპეციალისტმა უნდა დასვას, რომელიც კარგად არის განსწავლული ამ სფეროში. დამოკიდებულების ძირითადი ნიშნებია:
* ალკოჰოლის მიღების სურვილი, ხშირად – დაუძლეველი.
* ალკოჰოლის მიმართ ტოლერანტობის (მიმღებლობის, ამტანობის) მატება, თუმცა ეს თვისება საქართველოში ბევრს ახასიათებს – ასეთ ადამიანებს ერთ ჯერზე 2-3 ლიტრი ღვინის ათვისებაც კი შეუძლიათ.
* ალკოჰოლის მიღებაზე კონტროლის დაკარგვა – რაოდენობრივი კონტროლის დაკარგვისას ადამიანი ვერ ჩერდება სასმლის წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობაზე, ხოლო სიტუაციური კონტროლის დაკარგვის დროს იცის, რომ კონკრეტულ ვითრებაში არ შეიძლება სასმელის მიღება (მავნეა მისთვის, საჭესთან აპირებს დაჯდომას, მნიშნელოვანი სამუშაო აქვს, ბავშვი უნდა გამოიყვანოს სკოლიდან და სხვა) მაგრამ სურვილს ვერ უმკლავდება და სვამს.
* აღკვეთის მდგომარეობა – ალკოჰოლის ხანგრძლივი მიღების შემდეგ მისი შეწყვეტიდან რამდენიმე (8-12) საათში თავს იჩენს უსიამოვნო სიმპტომები: თავის ტკივილი, სიმძიმე, ზოგადი დისკომფორტი, ალკოჰოლის მიღების სურვილი, სახისა და სკლერების ჰიპერემია, პირის სიმშრალე, გულისრევა, ოფლიანობა, შემცივნება, შორს წასულ შემთხვევებში – ტრემორი (კანკალი), ტაქიკარდია, არითმია, ჰიპერტენზია, ტკივილი გულის არეში, გუნება-განწყობის დაქვეითება გაღიზინება, აპათია ან აგზნება. თუ აღკვეთის მდგომარეობა მძიმეა, 24-36 საათის შემდეგ მოსალოდნელია ალკოჰოლური გულყრის, ალკოჰოლური ფსიქოზის, ალკოჰოლური დელირიუმის (თეთრი ცხელების) განვითარება.
* ალკოჰოლზე დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელია ციკლურობა. ციკლურობას ისიც უწყობს ხელს, რომ აღკვეთის მდგომარეობას ალკოჰოლის მცირე რაოდენობით მიღება ხსნის. დამოკიდებულების მქონე ადამიანი ამ მცირე დოზაზე ვერ ჩერდება, აგრძელებს სმას, თვრება, ეწყება გაღრევებული სმა (запой), ორგანიზმის რესურსების ამოწურვის ფონზე ვითარდება ალკოჰოლისადმი ინტოლერანტობა (აუტანლობა) და ადამიანი სმას წყვეტს. ნათელი პერიოდი რამდენიმე დღეს ან კვირას გრძელდება, მაგრამ სამკურნალო ჩარევის გარეშე, წესისამებრ, ყველაფერი თავიდან იწყება. არსებობს გაბმული სმის ტიპიც, როდესაც ადამიანი თვეების, წლების განმავლობაში გაბმით სვას, რაც, წესისამებრ, ორგანოების ტოტალური დაზიანებითა და დეკომპენსაციით მთავრდება.
* ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს მოსალოდნელ ზიანს – ფიზიკური ჯანმრთელობის შერყევას, პრობლემებს ოჯახში, სამსახურში და ა.შ., ალკოჰოლის მიღებას აგრძელებს. მისთვის პრიორიტეტული ხდება სასმელი და მასთან დაკავშირებული მოქმედებები – ფულის შოვნა, მეგობრებთან ერთად დასალევად წასვლის ორგანიზება), ხოლო სხვა საქმიანობები და მოტივატორები (სწავლა, მუშაობა, შემოქმედება, ოჯახი, მოქლაქეობრივი მოვალეობები) უკანა პლანზე გადადის.
დიაგნოზის დასმა ერთი სიმპტომის საფუძველზე არ შეგვიძლია. თუ პაციენტს რამდენიმე მათგანი აღენიშნება, ექიმი აფასებს მათი გამოხატულების სიმწვავეს და მხოლოდ ამის შემდეგ სვამს დიაგნოზს.
– რას ნიშნავს პათოლოგიური სიმთვრალე?
– პათოლოგიური სიმთვრალე იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც ცნობიერების შეცვლით მიმდინარეობს. მოსახლეობამ პათოლოგიური სიმთვრალე სხვა მდგომარეობას – ატიპურ თრობას შეარქვა. სწორედ ატიპური თრობისთვისაა დამახასიათებელი მცირე რაოდენობით ალკოჰოლის მიღების შედეგად ამ რაოდენობის ალკოჰოლისთვის შეუსაბამო რეაქციები: აგზნება ან მივარდნილობა, აგრესიულობა, არაადეკვატური ქცევა, აკვიატებული ან ბოდვითი აზრები და სხვა.
– რა მიუთითებს იმაზე, რომ ნასვამ ადამიანს სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება?
– სამედიცინო დახმარების გამოძახება აუცილებელია, თუ ადამიანს შესამჩნევად დაერთვა კოორდინაცია, არტიკულაცია, უჭირს სუნთქვა, დეზორიენტირებულია, ვერ ცნობს გარემოს, გარშემო მყოფებს, აგზნებული ან მივარდნილია, ვერ ფხიზლდება. ექიმის მოსვლამდე ასეთი ადამიანი არ უნდა დავტოვოთ მარტო, სასურველია, ვცადოთ სხვადასხვა გზით მისი გამოფხიზლება, მასთან სიტყვიერი კონტაქტის დამყარება, დამშვიდება. თუ ვერ გამოვაფხიზლეთ, გვერდულად უნდა დავაწვინოთ, რათა პირნაღები მასა სასუნთქ გზებში არ გადასცდეს.
– ალკოჰოლური სასმელი საზოგადოების ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილია. სად გადის ზღვარი მის ზომიერ მოხმარებასა და დაავადებას შორის?
– მრავალი სხვა ფსიქოტროპული საშუალებისგან განსხვავებით, ალკოლოლის მცირე დოზებით მიღება არათუ უვნებელი, არამედ სასარგებლოც კია. რა თქმა უნდა, ეს ეხება ჯანმრთელ ორგანიზმს და არაორსულ ქალს. ეს კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა, რომლებიც სადილად თითო ჭიქა ღვინოს სვამდნენ.
ალკოჰოლის შესახებ ერთ-ერთ პირველ მნიშვნელოვან სტატიაში, რომელსაც “ფრანგული ფენომენი” ერქვა, აღნიშნავდნენ, რომ საფრანგეთში გულ-სისხლძარღთა იშემიური დაავადებები უფრო იშვიათი იყო, ვიდრე მის მეზობელ გერმანიაში. ამის მიზეზად საფრანგეთში – წითელი ღვინის, ხოლო გერმანიაში ლუდის სმის კულტურა დაასახელეს.
დღეს მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლის ზომიერ მიღებას კარდიო- და ნეიროპროტექტორული ეფექტი აქვს ანუ ორგანიზმს გულისა და თავის ტვინის იშემიური დაავადებისა და ალცჰაიმერის დაავადებისგან იცავს. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით წითელ ღვინოს რადიაციისგან დაცვის უნარიც შესწევს. ამ თვისების გამო ის ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩართეს კოსმონავტების მენიუში.
რაც შეეხება ღვინის ზომიერ მიღებას, ყველა თანამედროვე ადამიანმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს ღვინის ერთი სტანდარტული ულუფა – ე.წ. one drink. მამაკაცისთვის ეს არის 14 გრამი სუფთა ალკოჰოლის შემცველი სითხე (330 მლ ლუდი, 120-140 მლ ღვინო, 40 მლ 40%-იანი სპირტიანი სასმელი: არაყი, კონიაკი, ვისკი), ქალისთვის კი 10-12 გრამი ალკოჰოლის შემცველი.
ალკოჰოლის ზომიერ მიღებად მამაკაცისთვის მიიჩნევა არა უმეტეს ორი სტანდარტული ულუფისა დღეში, ხოლო ქალისთვის – ქალის ერთი სტანდარტული ულუფისა, ოღონდ კვირაში ორი დღე მაინც ადამიანმა საერთოდ არ უნდა დალიოს.
ალკოჰოლისადმი დამოკიდებულებაში შემდეგი გრადაცია შეინიშნება: არსებობს სრული აბსტინენცია, როდესაც ადამიანი საერთოდ არ იღებს ალკოჰოლს; პრობლემური სმა, როდესაც მამაკაცი იღებს კვირაში 14 სტანდარტულ ულუფას და მეტს, ხოლო ქალი – 8-ზე მეტს; ამის შემდეგ გამოყოფენ ალკოჰოლის მავნე მოხმარებას, რომელიც ჯანმრთელობის დარღვევად კლასიფიცირდება (ამ დროს დამოკიდებულება ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ადამიანი ალკოჰოლის მიღებასთან მიმართებით ვერ აკონტროლებს თავს, თუმცა აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგს (შესაძლოა, ნასვამი დაჯდეს საჭესთან, მიიღოს ალკოჰოლი, მიუხედავად ღვიძლის ან სხვა ორგანოს პათოლოგიისა და სხვა). ყველაზე მძიმე ფორმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებაა.
ძალზე საზიანოდ მიიჩნევა ე.წ. ექსცესური სმაც (Binge drinking), რაც გულისხმობს ერთჯერადად, დროის მოკლე შუალედში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებას და ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეგვხვდეს. ასეთი სმის დროს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაცია დაახლოებით 0.08%-ს აღწევს.
– არსებობენ თუ არა ადამინები, რომლებსაც ალკოჰოლის მიღება ეკრძალებათ?
– ალკოჰოლი საერთოდ არ უნდა მიიღონ:
* ბავშვებმა და მოზარდებმა. ვიცით, რომ საქართველოში, ტრადიციისამებრ, მცირეოდენ ღვინოს აძლევდნენ ბავშვებს, მაგრამ თანამედროვე მიდგომით ბავშვებისა და მოზარდებისთვის ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.
* ქალებმა, რომლებიც აპირებენ დაორსულობას ან უკვე არიან ორსულად (ალკოჰოლი ძალიან ვნებს ნაყოფს განვითარებას ნებისმიერ სტადიაზე);
* მან, ვინც აპირებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან სხვა ისეთი სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, კოორდინირებულ და სხარტ მოძრაობებს;
* მან, ვინც დამოკიდებულია ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ საშუალებებზე, აზარტულ თამაშებზე და იმყოფება რემისიის ფაზაში;
* ნებისმიერი ასაკის იმ ადამიანმა, ვინც ალკოჰოლის მიღებისას მცირე დოზაზე ვერ ჩერდება;
* მან, ვინც იღებს ალკოჰოლთან ურთიერთქმედების უნარის მქონე მედიკამენტებს;
* მან, ვინც ჯანმრთლობას უჩივის, მაგალითად, აქვს ღვიძლის მძიმე დაავადება.
– რას აზიანებს ალკოჰოლი, რატომ უნდა გვეშინოდეს მისი ჭარბი მოხმარების?
– ალკოჰოლი ყველა ორგანოზე მოქმედებს. მისი ზემოქმედების შედეგად სუსტდება თავის ტვინის ფუნქციური უნარები. ალკოჰოლზე დამოკიდებულება მიეკუთვნება ფსიქიკური აშლილობის სპექტრს. გარდა ამისა, ნათხემის დაზიანება არღვევს მოძრაობასა და კოორდინაციას, ლიმბური სისტემის დაზიანება განაპირობებს ემოციური ფონის დისბალანსს, გუნება-განწყობის მერყეობას, ართულებს ემოციათა მართვას. თავის ტვინის ქერქის დაზიანება გავლენას ახდენს ლოგიკურ აზროვნებაზე, მეხსიერებაზე, ყურადღებაზე, დასწავლის უნარზე. ხშირია ძილის ფუნქციის დარღვევა. რემისიის პერიოდში უძილობა და ემოციური მერყეობა ხშირად უწევს პროვოცირებას ალკოჰოლის მიღებას.
თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევები აჩვენებს, რომ ალკოჰოლის მავნედ მომხმარებელი ადამიანის ტვინის მასა მცირდება, ნერვული უჯრედები იჭმუხნება.
გაბმული სმა იწვევს B ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით – თიამინის (B1) დეფიციტს, რაც ალკოჰოლური თეთრი ცხელების ერთ-ერთი მიზეზია.
ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას ალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის (წინათ მას ცხიმოვან დისტროფიას უწოდებდნენ) ჩამოყალიბებამდე, ალკოჰოლურ ჰეპატიტამდე, საბოლოოდ კი ფიბროზამდე და ციროზამდე მივყავართ.
ნიკოტინთან ერთად ალკოჰოლი არტერიული ჰიპერტენზიისა და იშემიის ერთ-ერთი რისკფაქტორია, ამიტომ მის მომხმარებელთა შორის ხშირია როგორც მაღალი წნევა, ისე ინფარქტი, ინსულტი. ალკოჰოლი მავნედ მოქმედებს თირკმელებზე, პანკრეასზე – ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევათა დიდი ნაწილი სწორედ ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას უკავშირდება. ალკოჰოლის ჭარბი მიღება ზრდის ისეთი სიმსივნური დაავადებების რისკს, როგორიცაა პირის ღრუს, საყლაპავის, ხორხის, ღვიძლის, ძუძუს კიბო.
ალკოჰოლის მოხმარების ფონზე ძალიან სუსტდება იმუნური სისტემა, რაც ხელს უწყობს მძიმე ინფექციური დაავადებების, მათ შორის – ტუბერკულოზის, განვითარებას.
ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებთან იმატებს ავტოსაგზაო შემთხვევების, ტრავმების, დამწვრობის, ჩხუბის დროს მიღებულ დაზიანებათა, ძალადობის რიცხვი.
– რას გვთავაზობს მედიცინა ალკოჰოლის ტყვეობისგან თავის დასაღწევად?
– ალკოჰოლზე დამოკიდებულება ძალიან მძიმე, ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებაა. ახასიათებს რეციდივებისა და ნათელი პერიოდების მონაცვლეობა. ასე რომ, რეციდივი ამ დაავადების წესია და არა გამონაკლისი. თუმცა ეს მართვადი დაავადებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან განკურნების გზას თანამედროვე მედიცინა არ იცნობს, მაგრამ მედიკამენტური და არამედიკამენტური საშუალებებით შესაძლებელია მისი კონტროლი იმდენად, რომ ადამიანმა დიდხანს არ მიიღოს ალოკოჰოლი და სიცოცხლის ბოლომდე რემისიის მდგომარეობაში იმყოფებოდეს.
ვინაიდან ალკოჰოლზე დამოკიდებულება ბიოფსიქოსოციალური დაავადებაა, მისი პრევენცია თუ მკურნალობაც სამივე ამ ასპექტს მოიცავს.
უნდა ვიზრუნოთ ორგანიზმის ჯანმრთელი მეტაბოლიზმის აღსადგენად, დავეხმაროთ პაციენტს ალკოჰოლისადმი ლტოლვის დათრგუნვაში.
ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ რეკომენდებული ერთ-ერთი ტრადიციული მედიკამენტია დისულფირამი, რომელიც გამოდის როგორც ტაბლეტირებული, ისე საინექციო და საიმპლანტაციო (ე.წ. ჩასაკერებელი) სახით. დისულფირამი ზღუდავს ალკოჰოლის მეტაბოლიზმს, რის გამოც მისი მცირე რაოდენობით მიღებაც კი (ზოგჯერ – მხოლოდ შესუნთქვაც) უსიამოვნო რეაქციას იწვევს, ხოლო ჩვეულებრივი ულუფის მიღება შესაძლოა მძიმე ინტოქსიკაციის მიზეზად იქცეს და სიცოცხლისთვის სახიფათოც კი აღმოჩნდეს, ამიტომ ამ მედიკამენტებით მკურნალობა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ პაციენტი კარგად არის ინფორმირებული, თანახმაა მკურნალობაზე, აცნობიერებს ვითარებას და იცის, რომ ამ მედიკამენტის გამოყენების ფონზე ალკოჰოლის მიღება მისთვის შეასძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. ექიმის გარდა არავის აქვს მისი დანიშვნის უფლება. ექიმმა უნდა შეაფასოს, რამდენად შეუძლია პაციენტს საკუთარი ქცევისა და ალკოჰოლისადმი ლტოლვის კონტროლი.
არსებობს ისეთი ნივთიერებებიც (მაგალითად, ნალტრექსონი), რომლებიც ასუსტებს ალკოჰოლის მიღებით გამოწვეულ სიამოვნებას ანუ თრგუნავს ეიფორიას, ამიტომ ადამიანი დროთა განმავლობაში თავად ამბობს უარს სასმელზე.
ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობისას ზოგჯერ ისეთ მედიკამენტებსაც იყენებენ, რომლებიც არეგულირებს თანმხლებ მდგომარეობებს: უძილობას, დეპრესიას, გუნება-განწყობის მერყეობას, შფოთვას... ამ მოვლენების მართვა აუცილებელია, რათა ალკოჰოლის მიღებას არ გაუწიოს პროვოცირება.
აუცილებელია მკურნალობაში ფსიქოთერაპიის ჩართვაც, უმთავრესად – კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპიისა, მოტივაციის გამაძლიერებელი თერაპიისა და ე.წ თორმეტი ნაბიჯის მეთოდისა, რომელიც ანონიმურ ალკოჰოლის მომხმარებელთა საზოგადოების მთავარ მეთოდოლოგიას წარმოადგენს. ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების თვითდახმარების ჯგუფები არაჩვეულებრივად მუშაობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – ათეულობით ათასი ადამიანი სწორედ მათი დახმარებით ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას, თუმცა საქართელოში ეს მიდგომა ჯერჯერობით ფართოდ ვერ გავრცელდა.
ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური რეინტეგრაცია – ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მებრძოლი ადამიანების დასაქმება, მათი სოციალური გააქტიურება, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის ხელშეწყობა, რათა თავი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.