დამოკიდებულება
გააზიარე:
ნარკოდამოკიდებულებაზე საუბრისას უპირველესად იმ არასასიამოვნო რეაქციას ვგულისხმობთ, რომელსაც ნარკოტიკული ნივთიერებებების ხანგრძლივი მიღება იწვევს, თუმცა არსებობს კიდევ ერთი “დამოკიდებულება” – საზოგადოების დამოკიდებულება ნარკოტიკებისა და მათი მომხმარებლებისადმი. კანონი არაერთგვაროვანია: ის ხან მსუბუქად სჯის ნარკომანებს, ხოლო ნარკოტიკებით მოვაჭრეთათვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, ხან ულმობელია ნარკოტიკების როგორც რეალიზატორთა, ისე მომხმარებელთა მიმართ. არავინ დავობს, რომ ნარკოტიკებზე დამოკიდებულება სოციალურად საშიში მოვლენაა, რომელიც დანაშაულისკენ უბიძგებს ადამიანს, მაგრამ გარკვეულია ისიც, რომ ნარკომანია, უწინარესად, დაავადებაა და ნარკომანსაც, ისევე როგორც ყველა ავადმყოფს, მკურნალობა სჭირდება. სპეციალისტთა აზრით, ნარკომანიის გავრცელების პირველი მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობაა, მეორე კი “ქუჩის განმანათლებლებისგან” მიღებული დეზინფორმაცია, რომელიც ნარკოტიკების მოხმარების ეფექტს მოზარდს ზედმიწევნით შთამბეჭდავად უხატავს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ნარკომანიის შესახებ ინფორმაცია მოზარდმა ქუჩაში კი არა, შინ ან სკოლაში მიიღოს.
საზოგადოდ, გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მრავალი მოზარდი ნარკოტიკს ინტერესის გამო სინჯავს – ჰყავს ახლობელი, რომელიც “კაიფობს” და მასაც უჩნდება სურვილი, გემო გაუგოს “კაიფს”. დიახ, სწორედ მოზარდ ასაკშია ყველაზე იოლი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. არც ის არის იშვიათი, როდესაც ადამიანი მოწიფულ ასაკში უსინჯავს გემოს “წამალს” და მასზე დამოკიდებულებაც უყალიბდება, მაგრამ საერთო სტატისტიკა მართლაც გაახალგაზრდავდა: წინათ თუ ნარკოტიკების მომხმარებლები უმთავრესად 25 წელს გადაცილებულები იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზრდები ეტანებიან.
რატომღაც ყველა ახალბედას ჰგონია, რომ ნარკოტიკს არ მიეჩვევა, უბრალოდ, გასინჯავს, გაერთობა და როცა კი მოისურვებს, მიატოვებს. სამწუხაროდ, პირველ გართობას მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე…
ნარკოტიკი სიყვარულს ჰგავს?
“ნარკომანია სიყვარულს ჰგავს, ყველაზე დიდ და მგზნებარე სიყვარულს. ნარკოტიკების მოტრფიალე ადამიანი, როგორც შეყვარებული, გამუდმებით თავისი ვნების ობიექტზე ფიქრობს, მასთან შეხვედრაზე ოცნებობს, შეხვედრის წინ სასიამოვნო ეიფორიას განიცდის, ხოლო თუ “პაემანი” რაიმე მიზეზით გადაიდო, ღელავს; ისევე როგორც სიყვარულით გაბრუებული ადამიანი, ნარკომანიც ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ მასთან ერთად იყოს, შეეხოს, შეიგრძნოს... ამგვარი განცდა ეუფლება მას, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებაზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება”, – ასეთი რამ განაცხადა ერთ-ერთმა საერთაშორისო სამედიცინო ორგანიზაციამ, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეისწავლის ნარკომანიის პრობლემებს. იმასაც ამბობენ, რომ, პირიქით, სიყვარული ჰგავს ნარკოტიკს... ასეა თუ ისე, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ნარკოტიკებზე დამოკიდებულება იოლად ყალიბდება.
ადამიანის ორგანიზმში რომ გამუდმებით მიმდინარეობს რთული ბიოქიმიური რეაქციები, ყველამ იცის. ნარკოტიკული ნივთიერებაც, მოხვდება თუ არა ორგანიზმში, დაუყოვნებლივ ერთვება ამ პროცესში და წარმატებით ენაცვლება ჰორმონებს, მათ შორის – ენდორფინებსა და ენკეფალინებს, ე.წ. კმაყოფილების მედიატორებს. ორგანიზმი, რომელიც აქამდე თავად გამოიმუშავებდა სიამოვნების ჰორმონებს, ნარკოტიკების მიღებას შეჩვეული, ზარმაცდება – საჭიროდ აღარ მიიჩნევს, იზრუნოს იმ ნივთიერებათა წარმოქმნაზე, რომელთა ანალოგები ისედაც ჭარბად ხვდება სისხლში – და თანდათანობით წყვეტს მათ პროდუქციას.
გადის ხანი, ორგანიზმი უფრო და უფრო იფიტება, მეტ ნარკოტიკს მოითხოვს და საბოლოოდ მასზე ხდება დამოკიდებული, ხოლო თუ საჭირო დოზა ვერ მიიღო, იწყება... ნამდვილი “თავდავიწყება” – მდგომარეობა, რომელსაც ხალხში “ლომკას” ეძახიან, მედიკოსთა ენაზე კი აბსტინენციის სინდრომი ჰქვია.
ამრიგად, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი დამოკიდებული ხდება არა ცხოვრების პირობებზე, არა კვებასა თუ მისდამი გამოჩენილ მზრუნველობაზე, არამედ სულ სხვა რამეზე – ნარკოტიკზე.
კუნთებისა და სახსრების აუტანელი ტკივილი, ძლიერი შემცივნება (რაც არ უნდა ჩაიცვა და დაიხურო, ვერ გათბები), ცივი ოფლი, მუცლის ტკივილი, რომელსაც ხშირად ფაღარათი, გულისრევა და ღებინებაც ერთვის, სურდო, დეპრესია, უძილობა – აი, ეს არის აბსტინენცია. ისეც ხდება, რომ “ლომკის” დროს ნარკოტიკს მოწყურებული ადამიანი თავს იკლავს.
ტრამპლინი
არსებობს მოსაზრება, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მიღება ერთგვარი ტრამპლინია უფრო მძიმე და სერიოზულ ნარკოტიკებზე გადასასვლელად, – ყველაზე ხშირად ამას კანაფს აბრალებენ, – თუმცა სპეციალისტებს უფრო მეტი ისეთი ადამიანი უნახავთ, ვინც ყოველგვარი შესავლისა და ტრამპლინის გარეშე დაიწყო ძლიერი ნარკოტიკების: ჰეროინის, ოპიუმის, მორფინის – მიღება. მეორე გავრცელებული მოსაზრების თანახმად, რომელსაც სპეციალისტებიც ეთანხმებიან, კანაფი და მისი მსგავსი სუსტი ნარკოტიკები ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას უფრო იწვევს, ვიდრე ფიზიკურს, ხოლო აბსტინენციის სინდრომი მათი მიღებისას იშვიათია. მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ საშუალებებით გართობა უსაფრთხოა ან გადაგდებაა იოლი.
“სუსტი” ნარკოტიკი კანაფი თანდათან ანადგურებს მეხსიერებას – დგება დღე, როცა ერთადერთი, რაც ჰაშიშის მწეველს ახსოვს, მორიგი ულუფის მიღების დროა.
თუ კვლავ სპეციალისტებს დავეკითხებით, აღმოვაჩენთ, რომ ნარკოტიკის “გადაგდება” სწორედ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გამოა რთული. “ლომკის” გადატანა კიდევ შეიძლება, მაგრამ ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისგან, ისევე როგორც სიყვარულისგან, გათავისუფლება წარმოუდგენლად ძნელია, ზოგისთვის კი, პრაქტიკულად, შეუძლებელი.
ყურადღება, ყურადღება!
ნარკოდამოკიდებულება მალე ასვამს დაღს ადამიანის ქცევას (ჯანმრთელობაზე ამჯერად არაფერს ვიტყვით). ეს ყველამ ვიცით, მაგრამ გვგონია, რომ “ჩვენ ასეთი არაფერი დაგვემართება”. ამიტომ არის, რომ მაშინაც კი, როცა ჩვენი შვილები ნარკოდამოკიდებულე-ბის ტიპურ ნიშნებს ამჟღავნებენ, მათ მონდომებით ვარიდებთ თვალს. თავის ქვიშაში დამალვას ვისთვის მოუტანია სიკეთე, ჩვენ რომ მოგვიტანოს... ჰოდა, მოდი, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ ნიშნებს და ვეცადოთ, ურემს მანამდე მივუსწროთ, სანამ გა-დაბრუნდება.
- მოზარდი უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება სადღაც, შინ კი გვიან ღამით ბრუნდება – მაშინ, როცა, მისი აზრით, ოჯახის წევრებს უკვე სძინავთ და ძალიან აღიზიანებს შეკითხვა: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”
- აქამდე სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, ახლა კი გულ-ჩათხრობილი გახდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა.
- დაერღვა ძილღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ან რული საერთოდ არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს (სავარაუდოდ, ფსიქოსტიმულატორებს იყენებს).
- გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, უფრო და უფრო უარეს ნიშნებს იღებს, მეცადინეობა არ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვეღარ ახერხებს, რადგან მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.
- ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), აღარ აინტერესებს.
- წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა აქვს.
- ხასიათი უჩვეულოდ ეცვლება: კონფლიქტურ სიტუაციაში, შეურაც-ხყოფაც რომ მიაყენონ, მშვიდადაა, სრულიად უწყინარ ვითარებაში კი შესაძლოა უმიზეზოდ იფეთქოს. მეტწილად უგუნებოდ არის, დათრგუნულს ჰგავს.
- უფრო და უფრო მეტ ფულს ითხოვს, თუმცა შინ არავითარი ფასეული შენაძენი არ მოაქვს. მეტიც: ოჯახის წევრების საფულიდან იკარგება ფული, სახლიდან კი – ძვირფასი ნივთები (ასეთი ადამიანები კოლეგებსა და მეგობრებსაც სთხოვენ ფულს და უმეტესად აღარ უბ-რუნებენ).
- ჰყავს ახალი მეგობრები, მაგრამ არ ჩქარობს ოჯახის წევრებსა და ძველ მეგობრებს გააცნოს, ტელეფონზე კი მათ თითქმის ყოველთვის ჩურჩულით ესაუბრება.
თუ შვილს ასეთი ცვლილებები შეატყვეთ, ეცადეთ, გულახდილად გაესაუბროთ. არამც და არამც არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, ნურც დასჯით – თავქარიან მოზარდთან ურთიერთობისთვის ეს გზა ნამდვილად არ გამოგადგებათ. უმჯობესია, მასთან საერთო ენა გამონახოთ, დაარწმუნოთ, რომ გვერდით უდგახართ და ყოველნაირად დაეხმარე-ბით, ამ მავნე ჩვევას სძლიოს.
რა დაემართა?
თუ საიდანმე დაბრუნებული თქვენი ახლობელი ან მეგობარი უჩვეულოდ, მთვრალივით იქცევა, მაგრამ ალკოჰოლის სუნი არ ასდის, ნამდვილად ღირს გარკვევა, რა სჭირს.
“კაიფის” ნიშნებია:
. გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული რქოვანა, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფისა, აცეტონისა, წებოსი ან ბენზინისა;
. ძილიანობა (ნარკოტიკით გაბრუებულებს, ფაქტობრივად, ფეხზე ეძინებათ, შესაძლოა, თვალგახელილებმაც კი ჩათვლიმონ);
. ძლიერი აღგზნება, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე მოყვითალო ელფერით;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის ძლიერი ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი;
. დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა;
. ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზეზო სიცილი;
. ნანემსარის კვალი წინამხარზე, თუმცა კვალის დასაფარავად ინექცია შესაძლოა ფეხზე, საზარდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზეც გაიკეთონ.
კონკრეტული ცვლილებების ფონზე
მოდი, ახლა სხვადასხვა ნარკოტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნები დავაჯგუფოთ.
კანაფის მოწევისას აღინიშნება გუგების გაფართოება, თვალების სიწითლე, პირის სიმშრალე (ე.წ. “სუშნიაკი”). დაბოლილი მოძრავია, აქტიური, სწრაფად მეტყველებს, მადა ემატება და უზომოდ ბევრს მიირთმევს.
ოპიატების (ჰეროინის, კოდეინის, მორფინის) მიღებისას გუგები, პირიქით, შევიწროებულია და სინათლეზე არ რეაგირებს, არ ფართოვდება. თავს იჩენს ძლიერი ძილიანობა: ადამიანმა შეიძლება ჩათვლიმოს მჯდომარემ, მდგომარემ, საუბრის დროსაც კი, დროდადრო გამოფხიზლდეს და საქმიანობა (საუბარი, ტელევიზორის ყურება და ა.შ.) გააგრძელოს, მეტყველებს ნელა, სიტყვებს ჭიმავს, შეუძლია, ერთსა და იმავე საკითხზე საათობით (ოღონდ ნელა) ისაუბროს, ნარკოტიკული თრობისას საოცრად თბილი და გულისხმიერია. ფსიქოსტიმულატორების მიღების შემდეგ ადამიანი მეტისმეტად აქტიურია, ერთ ადგილას გაჩერება უჭირს, ციბრუტივით ტრიალებს, სწრაფად ლაპარაკობს, თემიდან თემაზე ხტება, თვალის გუგები უფართოვდება და, რაც მთავარია, მოჭარბებული აქვს ლიბიდო. ჰალუცინოგენების მიღებისას – მათი სახელწოდებაც მიგახვედრებთ – ადამიანს ჰალუცინაციები ეწყება. ზოგიერთი ცხოველებს “ხედავს”, ზოგიერთი შესაძლოა იატაკზე დაწვეს და თავი უხსენებლად წარმოიდგინოს, ზოგს კი მოეჩვენოს, რომ ფილმის გმირები ტელევიზორიდან გადმოვიდნენ... სმენითი ჰალუცინაციის დროს ადამიანს ეჩვენება, რომ მას ესაუბრებიან და ისიც, თავის მხრივ, უცნობ ხმასთან დიალოგს აბამს. ჰალუცინოგენების ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხშირია დეპრესია, ფსიქოზი. საძილე საშუალებების ჭარბი მიღებისას ალკოჰოლური თრობის მსგავსი ნიშნები იჩენს თავს: ადამიანი გაუგებრად ლაპარაკობს, უჭირს წონასწორობის შენარჩუნება, პირი უშრება, შესაძლოა, ჰალუცინაციებიც დაეწყოს.
სასუნთქი ტოქსიკური ნივთიერებებით (აცეტონით, წებოთი, ბენზი-ნით) გაბრუებაც ალკოჰოლით თრობას წააგავს. ადამიანი გამომწვევად იქცევა, ხშირად ჰალუცინაციებიც ეწყება, რომლებსაც “მულტფილმებს” უწოდებენ (სწორედ ამ “მულტსეანსებისთვის” ყნოსავენ წებოს მოზარდები).
სხვადასხვა ხერხით ერთი მიზნისკენ
ნარკოტიკის მიღების მრავალი გზა არსებობს: ინექცია, მოწევა, აბების დალევა, შესუნთქვა...
ინექცია ანუ ნემსის ჩხვლეტა “კაიფის” მისაღწევად დიდი ხანია წარმატებით აითვისა ჩვენი საზოგადოების “გამორჩეულმა” ნაწილმა. როგორც სპეციალისტები გვარწმუნებენ, ეს ნარკოდამოკიდებულების ჩამოყალიბების ყველაზე სწრაფი გზაა. არის შემთხვევები, როცა ადამიანს, გარდა ნარკოტიკისადმი დაუძლეველი ლტოლვისა, ჩხვლეტის მოთხოვნილებაც უყალიბდება.
ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთიერება კიდევ უფრო ადვილი მისაღე-ბია: გადაყლაპავ აბს, მიაყოლებ წყალს და ნელ-ნელა “კაიფიც” მოვა...
პრობლემას წარმოადგენს დამამშვიდებელი ტაბლეტების დიდი ოდენობით თვითნებური მიღება. ხდება ხოლმე, რომ აფორიაქებულ ნერვულ სისტემას დამშვიდება სჭირდება. ეს ჩვენს სტრესებით სავსე სამყაროში ჩვეულებრივი რამაა. სწორედ ამისთვის გამოიგონა ჭკვიანმა ხალხმა ტრანკვილიზატორები და საძილე საშუალებები. მაგრამ მათი უსისტემო, თვითნებური მიღება არამც და არამც არ შეიძლება. დოზის მართებულ შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ადამიანი, რომელიც თავდაპირველად ერთი აბის მიღებისთანავე “ითიშება”, ცოტა ხანში მეტი ეფექტისთვის უკვე 2-3 ცალს ყლაპავს, მერე აღარც ეს აკმაყოფილებს და გასაბრუებლად ლამის მთელი კოლოფი სჭირდება. ასეთ უჩვეულო თერაპიას უმეტესად 40 წელს გადაცილებულები მიმართავენ.
მათი განკურნება ძალიან ძნელია. აბებს ჰალუცინაციათა მოსაგვრელადაც სვამენ. ციკლოდოლი, ელესდე, კალიფსოლი – ეს ყველაზე ცნობილი ჰალუცინოგენები გახლავთ. მათი სრული სია გაცილებით დიდია და ყველა მათგანი ძლიერ ფსიქიკურ აშლილობას იწვევს. არ არის გამორიცხული, მათი ზემოქმე-დების ქვეშ ადამიანმა თავი “ადამიან-ობობად” წარმოიდგინოს და ფანჯრიდან გადაეშვას... ეს პრეპარატები, რომლებიც სამკურნალოდ საკმაოდ ეფექტურად გამოიყენება, ძლიერ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს.
ტოქსიკომანია ჩვენს ცხოვრებაში XX საუკუნის 60-იან წლებში შემოიჭრა. წებოსა და სხვადასხვა ქიმიური გამხსნელების მოტრფიალე მოზარდები პირველად აშშ-სა და ევროპაში გამოჩნდნენ. ტოქსიკო-მანების უდიდეს ნაწილს შეადგენენ უსახლკარო ბავშვები, რომელთა რიცხვი დღითი დღე იზრდება (თუ ქუჩაში კარგად მიმოვიხედავთ, ამას იოლად შევამჩნევთ). ეს თითქოსდა უწყინარი წებო და აცეტონი თავის ტვინის მძიმე ტოქსიკურ მოწამვლას იწვევს. ვითარდება ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სინდრომი. მოზარდები, რომლებიც არსაით იყურებიან, მოზარდები, რომლებიც თაობებს შორის ჩაიკარგნენ, ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. მათზე გული ყველას შესტკივა, მაგრამ არავინ იცის, როგორ შეიძლება მათი გადარჩენა...
მოჩვენებაა თუ სინამდვილე?
“ჰალუცინაცია” ბერძნული სიტყვაა და ბოდვას ნიშნავს. ასე უწოდებენ მედიცინაში მცდარ მხედველობით, სმენით, ყნოსვით ან შეხებით აღქმას, რომელსაც ტვინის მოქმედების დარღვევა იწვევს. ჰალუცინაცია თან ახლავს ზოგიერთ ფსიქიკურ დაავადებას, თავს იჩენს ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებით მოწამვლისას, გარდა ამისა, მისი გამოწვევა ხელოვნურად, ჰალუცინოგენების მიღებითაც შეიძლება. ნივთიერებას, რომელიც ჰალუცინაციას იწვევს, ჰალუცინოგენი ეწოდება. ასეთი ნივთიერებები ბუნებაშიც მრავლადაა – მცენარეებსა და სოკოებშია დამალული. ამ მცენარეებსა და სოკოებს საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ წარმართული რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად. თითქმის ყველა ჰალუცინოგენი შეიცავს ნიტროგენს – უცნაური შეგრძნებების გამომწვევს. ჰალუცინაციის მომგვრელ ნივთიერებებს ისეთივე ქიმიური სტრუქტურა აქვთ, როგორიც ნეიროტრანსმიტერებს – ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ნერვულ რეაქციებზე პასუხისმგებელ ნივთიერებებს, სწორედ მათ მაგივრად ერთვებიან პროცესში და ჰალუცინაციებს იწვევენ. ჰალუცინაციების გამომწვევი ყველაზე პოპულარული ნივთიერებებია ელ-ეს-დე, პეიოტი, ფსილოსაიბინი, პისიპი. მათი უმრავლესობა სწორედ სოკოსგან არის მიღებული. აი, პეიოტი კი კაქტუსისგან მზადდება.
ელ-ეს-დე (LSD) აბებად და კაფსულებად იწარმოება, თუმცა იშვიათად შესაძლოა თხევადი ფორმითაც შეგხვდეთ. მისი ზემოქმედება ან, როგორც მას უწოდებენ, “მოგზაურობა” (ტრიპი) საკმაოდ ხანგრძლივია – დაახლოებით 12 საათი გრძელდება.
პეიოტი კაქტუსის ნაწილია, რომელიც ჰალუცინოგენ მესკალინს შეიცავს. ამ ნაწილს ჭრიან, ახმობენ და მერე ან პირდაპირ ღეჭავენ, ან წყალში ხსნიან. ჰალუცინაციის მოსაგვრელად საჭიროა 0.3-0.5 გრამი მესკალინი, რომლის ეფექტი ასევე 12 საათს გასტანს.
კაქტუსის ექსტრაქტი ისეთი მწარეა, რომ ბევრი მას ჩაისავით აყენებს და შაქრით ან სხვა საშუალებით ატკბობს. ფსილოსაიბინის შემცველ სოკოს აშრობენ და ისე იღებენ, ანდა ახალდაკრეფილს მიირთმევენ. მისი აქტიური ნივთიერება, ფსილოცინი, ჰალუცინოგენურ თვისებას თერმული დამუშავების დროსაც არ კარგავს, ამიტომ შესაძლებელია მისი ჩაისავით დაყენებაც, მით უმეტეს, დამტკბარ ნაყენს, ისევე როგორც პეიოტს, უსიამოვნო მწარე გემო იოლად უქრება.
ფსილოცინი მოქმედებას 20 წუთში ავლენს, ხოლო ჰალუცინაცია დაახლოებით 6 საათს გასტანს. პისიპი თეთრი ფხვნილია, რომელიც იოლად იხსნება წყალსა და ალკოჰოლში, თუმცა არალეგალურად უფრო მეტად აბების, კაფსულებისა და შეფერილი ფხვნილის სახით იყიდება, მოსაწევად კი ამატებენ პიტნის, ორეგანოსა და კანაფის გამომშრალ ფოთლებს. დოზისა და მიღების ფორმის კვალობაზე, ჰალუცინოგენის მოქმედება შესაძლოა 4-6 საათს გაგრძელდეს.
ჰალუცინაცია ასე იწყება: თავდაპირველად საგნების შეფერილობა საოცრად მკაფიო ხდება, ბგერები კი – უჩვეულოდ ხმამაღალი, მძაფრდება შეგრძნებებიც და, რაც მთავარია, ერთმანეთს ერწყმის: ბგერები ფერადდება, განსაკუთრებით ფერადოვანი ხდება მუსიკა.
თუმცა ყველაფერი მთლად ასე მიმზიდველი როდია! ეიფორიას თან სდევს შიში, განგაში, აგრესია, ჰალუცინოგენების მოქმედების დასრულების შემდეგ კი თავს იჩენს უსიამოვნებათა ახალი ტალღა: ძლიერი აგრესია (აუტოაგრესიაც კი), პარანოია, დეპრესია და არც აფექტური ფსიქოზია შორს. ასე რომ, თავდავიწყების მიზნით ჰალუცინოგენების მიღება მეტისმეტად სარისკოა, რისკი კი ყოველთვის კეთილშობილური საქმე როდია...
თავის დაძვრენის პრინციპი
რაკი ყველაზე ზუსტი სტატისტიკით ამერიკელები იწონებენ თავს, სწორედ მათ მონაცემებს მოვიშველიებთ: აშშ-ში მცხოვრები 12 წელზე უფროსი ასაკის 23.2 მილიონ ადამიანს (რაც მთელი მოსახლეობის თითქმის 10%-ს შეადგენს!) ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიზმისგან განკურნება სჭირდება. ამათგან 2.4 მილიონი (დაახლოებით 10%) კი მკურნალობას იტარებს სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში (ჰოსპიტალში, სარეაბილიტაციო ცენტრში). ამ მონაცემებიდან გამომდინარე, 20.8 მილიონი ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშეა დარჩენილი, რაც ერთობ შემაშფოთებელია. ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური.
რამდენიმე წლის წინ საქართველოში ამოქმედდა ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს ნარკომანიით დაავადებულისთვის მეტადონის რეგულარულ მიწოდებას, რომელიც ნარკოტიკულ ეიფორიას არ იწვევს, მაგრამ ბიოქიმიურ პროცესთა ჯაჭვში ნარკოტიკის ადგილს იკავებს და მომხმარებელს აბსტინენციური სინდრომისგან იხსნის.
დეტოქსიკაციის მეთოდით ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება.
ფსიქოთერაპია, რომელიც დღესდღეობით მკურნალობის აუცილებელ კომპონენტად მოიაზრება, სასურველია, ოჯახის წევრებმაც გაიარონ. ფსიქოთერაპიის მიზანია, აუმაღლოს მომხმარებელს მოტივაცია ნარკოტიკისთვის თავის დასანებებლად.
ნარკომანიისგან განკურნების კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა სარეაბილიტაციო კურსი, რომელსაც, სულ მცირე, სამი თვე სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის დანერგილი.
მთავარია პრინციპი
ისეთი პროგრამების შემუშავება და დანერგვა, ნარკოდამოკიდებულებას რომ გაუმკლავდბოდა, მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს.
პროგრამა-მკურნალობამ რომ გაამართლოს, იგი განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, მათი შემუშავებისას ზოგიერთი პრინციპის ციდნა აუცილებელია. მოდი, მათ ჩვენც გადავავლოთ თვალი.
. ნარკოდამოკიდებულება ძნელად სამკურნალო, თუმცა განკურნებადი დაავადებაა, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება.
. მკურნალობის ერთი, უნივერსალური მეთოდის შემუშავება შეუძლებელია. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
. მკურნალობა იმდენად კომპლექსურია, რომ პროგრამა, რომელიც ნარკოდამოკიდებულების დაძლევისკენაა მიმართული, უნდა აკმაყოფილებდეს სხვა მოთხოვნებსაც: გარდა იმისა, რომ ეფექტურად უნდა ებრძოდეს ნარკოდამოკიდებულებას (უზრუნველყოფდეს მშვიდ ძილს და ა.შ.), უნდა ითვალისწინებდეს თანაარსებული პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობასაც და სხვა.
. მკურნალობა მოითხოვს გარკვეულ დროს. უმნიშვნელოვანესია კურსის სრულყოფილად (რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ის!) ჩატარება.
. ინდივიდუალურ კონსულტაციებს, ისევე როგორც ჯგუფურ სეანსებს, დასავლეთის ქვეყნებში მაღალ შეფასებას აძლევენ. ე.წ. ბიჰევიორული თერაპია ნარკოდამოკიდებულებისგან განსაკურნებას უწყობს ხელს.
. მედიკამენტები მკურნალობის აუცილებელი კომპონენტია, თუმცა ის კომბინირებული უნდა იყოს სხვა მეთოდებთან.
. თუ მკურნალობის გეგმა, მედიკამენტების ჩათვლით, დროთა განმავლობაში შეცვლას მოითხოვს, ეს ცვლილება აუცილებლად უნდა მოხდეს.
. ბევრ ნარკოდამოკიდებულ პირს სხვა მენტალური პრობლემაც აწუხებს, რაც მკურნალობის გეგმის შემუშავებისას უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული.
. დეტოქსიკაციური თერაპია მხოლოდ საწყისი ეტაპია მკურნალობისა და მცირე წვლილს თუ შეიტანს მის ეფექტში.
. მკურნალობა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა წარმოებდეს, რადგან თერაპიის დროს შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობა გაუარესდეს.
მომაკვდინებელი ქიმია
ნიანგი. საინტერესოა, ამ სიტყვის გაგონებისას პირველად რა მოგივიდათ თავში – ნიანგი გენა? თუ ეგზოტიკური მტაცებელი სათავგადასავლო ფილმებიდან? მე კი სტატიის წერისას იმ დროზე ვფიქრობდი, სიტყვა “ნიანგი” ჩემში მხოლოდ საყვარელი რუსული მულტფილმის ასოციაციას რომ ბადებდა... ბავშვობა უკან დარჩა, აქ კი, დიდების სამყაროში, ნიანგი, ვინტი, ჯეფი, ლირიკა მულტფილმის გმირების კი არა, ნარკოტიკების სახელებია, თანაც ყველაზე საშიში, მომაკვდინებელი ნარკოტიკებისა. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სწორედ ეს ნარკოტიკებია. უკანასკნელი რამდენიმე წელიწადი მეც იმ ილუზიით გავატარე, რომ ჩვენს ქვეყანაში ნარკომანია სულ მთლად თუ არ ამოძირკვულა, ისეთი აქტუალური მაინც აღარ არის, როგორიც ავად სახსენებელ ოთხმოცდაათიანებში იყო. მართლაც, უმრავლესობა იმაზე თანხმდება, რომ შავ ბაზარზე კლასიკური ნარკოტიკების დეფიციტია და თუ შოვნა მაინც მოახერხე, ძალიან ძვირია. მაშ, რას დავაბრალო ბოლო ხანს ჩემს ირგვლივ ნარკომანიის თემის მტკივნეული დაბრუნება?! გინახავთ მძიმედ, ყავარჯნით მოსიარულე ახალგაზრდა, ორმოციოდე წლის მამაკაცი? მე – კი. ექიმები მანგანუმით მოწამვლას აბრალებენო, – მითხრა, როცა მიზეზი ვკითხე. არადა, სად მე, სად მანგანუმი, რომელი საბადოზე მომუშავე მუშა მე მნახესო... არასოდეს დამავიწყდება მისი მეუღლე, დაღლილი, მაგრამ სიბრალულით სავსე მზერით რომ უყურებდა ქმარს, რომელმაც თავიც დაიღუპა და ოჯახიც დაღუპა – ნარკომანია ხომ კომპლექსური, სოციალური პრობლემაა, რომლისგანაც ნარკომანთან ერთად მისი ოჯახის წევრებიც ზარალდებიან.
ამ მამაკაცის ისტორია ტყუილად არ მიხსენებია – ის, სავარაუდოდ, ჯეფის მომხმარებელი იყო და მისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გართულებით, პარკინსონიზმით იტანჯებოდა. და ეს მხოლოდ წვეთია იმ პრობლემებისა, რომელთა გამოწვევაც დღეს ასე გავრცელებულ კუსტარულ ნარკომანიას შეუძლია.
გადავწყვიტე, ამ ნარკოტიკების შესახებ უფრო მეტი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, კლინიკა “ურანტის” ხელმძღვანელის, ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძისგან შემეტყო:
– ბატონო ზურაბ, რომელი ნარკოტიკებია გავრცელებული დღეს საქართველოში ყველაზე მეტად?
– დღეს ჩვენში უმთავრესად გავრცელებულია კუსტარული, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია, როცა ნარკომომხმარებლები თავისუფალ გაყიდვაში მყოფი პრეპარატებისა და სხვადასხვა მინარევისგან თავად ამზადებენ ნარკოტიკებს. ამათგან ყველაზე პოპულარულია დეზომორფინი – ე.წ. ნიანგი. გავრცელებულია მეტამფეტამინის ჯგუფის სტიმულატორებიც – ვინტი, ჯეფი, თუმცა ბოლო ხანს მათმა მოხმარებამ იკლო. უკანასკნელ პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ახალი ნარკოტიკი – ბიოპლანი, სინთეზური კანაბინოიდი. ნარკომომხმარებლები ეტანებიან საძილე და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებსაც, რომლებსაც სხვადასხვა კომბინაციით მოიხმარენ. ეს წამლები თავისუფალ გაყიდვაშია, თუმცა ძალიან მძიმე დამოკიდებულებას იწვევს.
– ნიანგს სწრაფი სიკვდილის ნარკოტიკს უწოდებენ. რატომ, რას იწვევს იგი?
– ნიანგი სამიოდე წელიწადია შემოვიდა საქართველოში, მაგრამ ერთი წელია, რაც ძალიან პოპულარული გახდა. ეს იმიტომ, რომ შავ ბაზარზე ტრადიციული ნარკოტიკები აღარ იშოვება, ან ძალიან ძვირია, დეზომორფინი კი იაფი და ხელმისაწვდომი გახლავთ, რადგან თავისუფალ გაყიდვაში მყოფი სააფთიაქო პრეპარატებისგან მზადდება. მას ნარკომომხმარებლები თავად ამზადებენ კოდელაკისგან. დეზომორფინის მომხმარებელთა შორის თითქმის ყველა ასაკის ადამინები არიან.
ნიანგი საშიშია იმდენად, რამდენადაც, ჯერ ერთი, ნარკოლოგიური თვალსაზრისით იწვევს სერიოზულ დამოკიდებულებას; მეორე – ძლიერ აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას. მისი ზემოქმედების შედეგი უმეტესად თრომბოზია. ხშირად ვხვდებით ჩირქოვან პროცესებსაც – ინექციის ადგილი ჩირქდება. თავს იჩენს კანის პრობლემები, ტროფიკული წყლულები, დროთა განმავლობაში ადამიანის კანი ნიანგის ტყავივით უხეშდება. ამიტომაც უწოდებენ ამ ნარკოტიკს ნიანგს. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება. სულ ორიოდე თვეში ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება, აბსტინენცია ძალიან მძიმეა, სომატური გართულებები კი იმდენად სერიოზული, რომ აუცილებელი ხდება სტაციონარული მკურნალობა, რადგან შესაძლოა, მდგომარეობა გართულდეს თრომბოემბოლიით, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით, ფილტვის უკმარისობით...
ნიანგი შეიცავს ბენზინს, კროტს და სხვა მომწამლავ ნივთიერებებს. მისი შემადგენლობა იმდენად ტოქსიკურია, გასაკვირი არც არის, ასეთ სავალალო შედეგებამდე რომ მივყავართ. მისი დამზადების ტექნოლოგიაც ძალიან მძიმეა. შეიძლება, ატომური ბომბის დამზადებასაც კი შევადაროთ. ცხადია, არც გასუფთავების ტექნიკაა სრულყოფილი. შესაბამისად, ამ გართულებების მიზეზი რომელიმე ერთი კომპონენტი არ არის. სწრაფი სიკვდილის ნარკოტიკს კი იმიტომ ეძახიან, რომ სისტემატური მოხმარების შემთხვევაში ფატალური შედეგი ძალიან მალე, 2-3 წელიწადში დგება. ამ დროს განვითარებული სომატური გართულებების მკურნალობა, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის შედეგიანი. კიდევ ერთი: დეზომორფინის მომხმარებლებისთვის დამახასიათებელია მძიმე ფორმის პნევმონია, რომელიც უშუალოდ ნარკოტიზაციის დროს არ ვლინდება, ნარკოტიზაციის შეწყვეტის შემდეგ კი ფიზიკურ მდგომარეობას ერთბაშად ამძიმებს.
– ამ ნარკოტიკისთვის თავის დანებება ძნელია?
– რა თქმა უნდა, ძნელია და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, უპირველესად კი პაციენტის სურვილზე, მოტივაციაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დამოკიდებულების ფორმაზე. გასარკვევია, რა რაოდენობის ნარკოტიკს იღებდა ის და პროგნოზიც ამის მიხედვით კეთდება. თუმცა ის თითქმის ყოველთვის არასაიმედოა, რადგან ნიანგი ძალზე ხელმისაწვდომია, თანაც ქვეყანაში არ არსებობს მკურნალობის მეორე ეტაპი, რეაბილიტაცია, რომელიც დეტოქსიკაციის დროს მიღწეულ შედეგს ამყარებს, ამიტომ მყარ, გრძელვადიან შედეგს, სამწუხაროდ, მხოლოდ 10-15 პროცენტთან ვაღწევთ, უმრავლესობა კი კვლავ ძველ ჩვევას უბრუნდება.
– ჯეფისა და ვინტის შესახებ რას გვეტყვით?
– მას შემდეგ, რაც ნიანგი გაჩნდა, ჯეფი იმდენად პოპულარული აღარ არის. ვინტი უფრო მეტადაა გავცელებული. ეს ორი ნარკოტიკი სხვადასხვა ტიპისაა. ვინტი მეტამფეტამინების ჯგუფის, ექსტაზისმაგვარი ნივთიერებაა, თუმცა გაცილებით მძიმე, მავნე დანამატებს შეიცავს, ჯეფის შემადგენლობაში კი მანგანუმი შედის. ეს არის მძიმე მეტალი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გროვდება და ნევროლოგიურ დარღვევებს იწვევს. ყველაზე მძიმე და გავრცელებული დარღვევაა პარკინსონიზმი, რომელიც ფაქტობრივად აინვალიდებს ჯეფის მომხმარებლებს: ვეღარ დადიან, ვეღარ ლაპარაკობენ, ვეღარ ემსახურებიან საკუთარ თავს... ეს დაავადება არ იკურნება, მხოლოდ მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ეს ადამიანები პრაქტიკულად მოწყვეტილები არიან სოციუმს.
ვინტი უფრო ფსიქიკურ სფეროზე მოქმედებს. მის მომხმარებლებს შორის ხშირია ფსიქიკური აშლილობები, ქცევითი დარღვევები, ფსიქოზები, ჰალუცინოზები, მომატებული აგრესია. გამოვლინება იმაზეა დამოკიდებული, რომელ ნარკოტიკს მოიხმარს წამალდამოკიდებული, რამდენი ხანია, რა დოზით და რა სიხშირით, როგორი იყო მანამდე მისი ფსიქიკური მდგომარეობა, მოიხმარდა თუ არა სხვა ნარკოტიკს.
არსებობს ასეთი ნარკოტიკული საშუალება –ბიოპლანი, რომელიც 2-3 წელიწადია ჩვენს ქვეყანაში შემოვიდა. ეს არის სინთეზური კანაბინოიდი, სპაისის ჩაი. დღეს ინტერნეტით თავისუფლად შეიძლება მისი ყიდვა. ნარკოტიკების მომხმარებელთა შორის გავრცელდა მცდარი მოსაზრება, თითქოს ბიოპლანი იყოს ეკოლოგიურად სუფთა, შედარებით უვნებელი მარიხუანა, რის გამოც მას ნარკოტესტი არ უჩვენებს. სინამდვილეში სპაისის ჩაის და მის მსგავს ნარკოტიკებს, რომლებიც სტიმულატორების ჯგუფს მიეკუთვნება, საერთო არაფერი აქვს მარიხუანასთან და მასზე გაცილებით მძიმე შედეგებსაც იწვევს. მისი ხელმისაწვდომობის დამასახურებაა, რომ დღეს ბევრი მკურნალობს ჩვენს დაწესებულებაში ბიოპლანით გამოწვეული ჩივილების გამო.
როგორც ყველა ნარკოტიკული საშუალება, ბიოპლანიც საკმაოდ ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს, თანაც უფრო სწრაფად, ვიდრე კლასიკური კანაბინოიდები – ხშირად რამდენიმე მოწევაც საკმარისია. მისი მოხმარებისას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში იწყება პროგრესირებადი დეგენერაციული ცვლილებები, რასაც პიროვნების ძლიერ დეგრადაციამდე მივყავართ. მისმა ერთხელ მოწევამაც კი შეიძლება ძლიერი ფსიქოზი გამოიწვიოს, რომელსაც ძნელად თუ გაარჩევთ შიზოფრენიისგან. ამ ტიპის ნარკოტიკების მიჩვევის შემდეგ თავს იჩენს ძლიერი ტკივილი, უძილობა, გადაღლა, უსაფუძვლო შიშები და შფოთვა, უმადობა, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მიღების დაუძლეველი სურვილი. მათი დიდი ოდენობით მიღება კი, ცხადია, გაცილებით საშიშია, შესაძლოა სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.
– მკურნალობის შესახებ რას გვეტყვით? უმთავრესად რაზეა დამოკიდებული მისი წარმატება?
– მთავარი მოტივაციაა. ვინაიდან მკურნალობა ჩვენთან ნებაყოფლობითია, პაციენტს უწინარესად თვითონვე უნდა უნდოდეს განკურნება. თუ იგი მოტივირებული არ არის, მკურნალობას აზრი ეკარგება, ის ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე ვატარებთ მოტივაციურ ინტერვიუს, სადაც ირკვევა, რამდენად უნდა პაციენტს განკურნება. ამას მოჰყვება დეტოქსიკაცია, დეტოქსი, ამ უკანასკნელს კი – პირველადი ფსიქორეაბილიტაცია, რომელსაც, წესით, ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია უნდა მოსდევდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ის ჯერჯერობით არ ტარდება და ამიტომ მთელი ძალისხმევა, შეიძლება ითქვას, წყალში გვეყრება.
– ნარკომანიის მკურნალობის რა პროგრამები მოქმედებს ამჟამად საქართველოში?
– საქართველოში მოქმედებს ნარკომანიის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა. არის კერძო კლინიკებიც. მაგალითად, ჩვენი კლინიკა კერძოა, თუმცა სახელმწიფო პროგრამაშიც ვართ ჩართული, წელიწადში 300 პაციენტის მკურნალობას ხაზინა აფინანსებს. ხორციელდება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებიც. ჩანაცვლებითი თერაპია კუსტარული და არალეგალიზებული ნარკოტიკების მეთადონით ან სუბოქსონით ჩანაცვლებას გულისხმობს. პროგრამა შეიძლება იყოს ხანმოკლე (დეტოქსი-ჩამანაცვლებელი თერაპია) ან ხანგრძლივი (მხარდამჭერი თერაპია). ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამები უმთავრესად ზიანის შემცირებაზეა ორიენტირებული, რადგან ამ დროს ადამიანი ინტრავენურად არ იღებს ნარკოტიკს. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგალითად, არიან ადამიანები, რომლებმაც ბევრჯერ უშედეგოდ იმკურნალეს, მაგრამ რემისიას ვერ მიაღწიეს, საბოლოოდ მაინც ნარკოტიკს დაუბრუნდნენ, სჩადიან კრიმინალს, ავრცელებენ ინფექციურ დაავადებებს, აქვთ პრობლემები სამართალდამცავ ორგანოებთან, შერყეული აქვთ ჯანმრთელობა.
ასეთი პაციენტებისთვის მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია დიდი შვებაა. მისი წყალობითი ისინი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები ხდებიან, უბრალოდ, ყოველდღე იღებენ ნარკოტიკის შერჩეულ დოზას, როგორც დიაბეტიანი – ინსულინს. ზოგჯერ ნარკოდამოკიდებულის სომატური და ფსიქიკური მდგომარეობა ისეთი მძიმეა, რომ მორიგი ულუფის გარეშე ფაქტობრივად ვერ ძლებს. ამ დროს ჩანაცვლებით თერაპიას ალტერნატივა არ გააჩნია. რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა დასტაბილურდეს და გაუმჯობესდეს კიდეც. მეთადონის პროგრამაში ჩასართავად არსებობს სპეციალური პროტოკოლი: ის ვრცელდება 25 წელს გადაცილებულ ნარკოდამოკიდებულებზე, რომლებიც მინიმუმ სამი წელია მოიხმარენ ნარკოტიკს, ხოლო ბოლო ერთი წელიწადია – ინტრავენურად, სუბუქსონით ჩანაცვლებითი თერაპიისთვის კი პაციენტთა ასაკი 21 წლიდან იწყება.
ჩაერთვება თუ არა კონკრეტული პირი პროგრამაში, ამას ყველა კრიტერიუმის გათვალისწინებით სპეციალური კომისია წყვეტს. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია მხოლოდ გულის პათოლოგიის ან სასუნთქი სისტემის ქრონიკული მძიმე დაავადებების დროსაა უკუნაჩვენები. აივინფიცირებული, C ჰეპატიტიანი პაციენტების პროგრამაში ჩართვა, პირიქით, სასურველიც კია, რადგან ოფიციალური (და არა კუსტარული) ნარკოტიკის მოხმარების ფონზე მათი ძირითადი დაავადების მკურნალობა მარტივდება. ნაკლებია მათ მიერ დაავადებების გავრცელების შანსიც.
ახლო ხედი
ნარკომანია თანამედროვე მედიასაშუალებების მიერ ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამუშავებული თემაა; ნარკომანია პრობლემაა, რომელიც მთელ მსოფლიოში გადაუჭრელია. და სანამ ასეა, მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში, შინ თუ გარეთ ყველას მოგვიწევს ამაზე საუბარი, მსჯელობა, განაჩენის გამოტანა. შეშფოთება, შიში, სიფრთხილე... “ოღონდ მე არა, ოღონდ ჩემს ახლობელს არა”... სიბრალული და თანაგრძნობა მათ მიმართ, ვინც უკვე გადაეშვა მორევში... ეს – უკეთეს შემთხვევაში. ალტერნატივა – ზიზღი და ნარკოდამოკიდებული ადამიანის იზოლირების სურვილი. “მისი ბრალია, მისი არჩევანია”, და ასე, ბრძოლა ნარკოტიკებისა და ნარკომანიის წინააღმდეგ იქცევა ბრძოლად ნარკომანიით დაავადებული ადამიანის წინააღმდეგ. ეს ყველაზე ადვილი და უმტკივნეულო გამოსავალია. ნარკომანი – ციხეში ან იძულებით სამკურნალო დაწესებულებაში და პრობლემაც მოგვარებულია, საფრთხე იზოლირებულია.
წუთით დავფიქრდეთ: რა ასოციაციები გვებადება, როდესაც გვესმის საზარელი სიტყვა “ნარკომანი”? შემეძლო, გამოკითხვაც ჩამეტარებინა, მაგრამ შედეგი თითქმის ზუსტად ვიცი: “ნარკომანი დაცემული ადამიანია, ერთი დოზისთვის ოჯახის გამყიდველი, ავადმყოფი, მორალური ურჩხული, მოძალადე, პოტენციური მკვლელი...” ეს არის სტიგმა.
მათ შესახებ შექმნილი ანეკდოტები, მათ მიმართ გამოყენებული ეპითეტებიც სტიგმაა, დამღა, იარლიყი. ასე ხდება ადამიანის გარიყვა. იქმნება ჩაკეტილი წრე.
რითაა სახიფათო სოციალური სტიგმა? არის თუ არა ზნეობრივად გამართლებული მისი უგულებელყოფა? საერთოდ, რა მოვლენაა სტიგმა?
-სტერეოტიპებს უმეტესწილად ამკვიდრებენ სამართალდამცავები, ნარკოლოგები, თავისთავად, მომხმარებლებიც, ყველაზე მეტად კი – მასმედია. ცალმხრივად და ტენდენციურად მოწოდებული ინფორმაცია აყალიბებს მყარ წარმოდგენებს, სტერეოტიპებს. ნებისმიერი აკრძალვა კი იწვევს უკურეაქციას – ეს აღიარებული ფაქტია.
სტიგმატიზაცია – ადამიანის დაკნინება და საზოგადოებისგან გარიყვა – არ არის გამოსავალი. ეს უნდა ვაღიაროთ. ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოება კი იმ სტერეოტიპების მსხვრევით უნდა დაიწყოს თანამედროვე საზოგადოებამ, რასაც ასე გულმოდგინედ გვახვევენ თავს ინფორმაციის გავრცელების მასობრივი საშუალებები.
კარგი და დაბალანსებული სტატიის მთავარი ღირსება სპეციალისტის კომპეტენტური კომენტარია. აქ უპრიანი იქნებოდა ფსიქოლოგის კომენტარი, რომელიც აგვიხსნიდა, რას ნიშნავს სოციალური სტიგმა; ნარკოლოგის კომენტარი, რომელიც აგვიხსნიდა, რატომ არის შეუქცევადი პროცესი ნარკოტიკებთან ურთიერთობა, რა ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ნარკოდამოკიდებულება ორგანიზმში; სამართალდამცავის კომენტარი, რომელიც დაგვაიმედებდა, რომ ანტინარკოტიკული ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება მომავალი თაობის დასაცავად. ოღონდ ეს იგივეა, საკითხს ისე შევხედოთ, როგორც ოპერატორმა – გადასაღებ ობიექტს ფართო ხედით. მე კი ახლო ხედი და ვიწრო ფოკუსი მჭირდება. არ მინდა, ვიყო მაყურებელი, დამკვირვებელი, შემფასებელი ან უბრალოდ გულშემატკივარი; მინდა, ვიცოდე, რას განიცდის თვითონ ნარკოდამოკიდებული, რაში ხედავს ხსნას, თუ საერთოდ ხედავს, რამდენად დამთრგუნველია მისთვის სტიგმა. კიდევ ბევრი სხვა რამ მინდა გავიგო. ჰოდა, ამიტომ დარგის სპეციალისტის კი არა, თვითონ იმათ კომენტარს, უფრო სწორად კი, აღიარებას გთავაზობთ, ვინც ზუსტად იცის, რას ნიშნავს იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული, უხეშად – ნარკომანი (ბოლოდროინდელი კვლევებით, საკუთრივ ეს სიტყვა ითვლება სტიგმად.
არის ტერმინის ჩანაცვლების მცდელობაც, მაგრამ ეს სხვა თემაა, თუცა კი არანაკლებ მნიშვნელოვანი). ეს არის წამალდამოკიდებული ადამიანების გულახდილი სათქმელი. პირადი მიმოწერა მათთან. ვაქვეყნებ, ბუნებრივია, მათივე ნებართვით. მათი მოტივაცია – იქნებ ვინმეს წაადგეს; ჩემი – იქნებ კიდევ ერთხელ დავინახოთ ასეთი “ყოფიერების აუტანელი სიმძიმე”.
რესპონდენტების სტილი დაცულია.
დიმა, 35 წლის, მუშაობს კერძო ფირმაში, ხელფასი – საშუალოზე მაღალი, უცოლშვილო:
– თავიდან გგონია, რო არაფერი, ერთობი. როცა მოგინდება, თავს დაანებებ. მერე უცებ ხვდები, რო მორჩა, უკვე გადახვედი ზღვარს. იწყებ ინტერესის, ცნობისმოყვარეობის გამო და რაღაც დოზით – ჯოგური ინსტინქტიც. პირველად რო გავსინჯე, სასტავში ვიყავი, იქ რამდენიმე სტაჟიანი ნარკომანიც იყო, დანარჩენებს არც გაგვესინჯა, ყველა დათანხმდა და მეც აღარ გამოვეყავი. თავიდან ვეწეოდი, მერე ტაბლეტკებს ვყლაპავდი, მერე – უფრო ძლიერიც. ახლა რო იგივე სიტუაციაში ჩავვარდე, რას ვიზამდი? მაშინ რომ მცოდნოდა, ასეთ დღეში ჩამაგდებდა, არ გავეკარებოდი. სამსახურმაც არ მინდა ახლა გაიგოს. შეიძლება, დამატოვებინონ. ასე თუ მოხდა, რას ვიზამ არ ვიცი. ამაზე ფიქრიც არ მინდა.
ალეკო (ალკო), 32 წლის, პროგრამისტი:
– 16 წლის ვიყავი, პირველად რომ გავსინჯე მეზობელთან. მაინტერესებდა და იმიტომ. მამაჩემი მორფინისტი იყო, ხელოვანი. დედას მაგრად უყვარდა. პერედოზით მოკვდა ძმაკაცთან. ზუსტად ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი. დედაჩემმა რომ გაიგო, არაფერი, ნორმალურად მიიღო. ცალ-ცალკე ვცხოვრობთ, იშვიათად ვნახულობ. იცი, მე არ მგონია, ისტერიკამ და აკრძალვამ შედეგი გამოიღოს. რაღაც სხვა მიდგომაა, მგონი, საჭირო. ვიცი, რომ კარგი და მისაღები არ არის, მაგრამ... არასდროს დავეშვები იქამდე, რო თავი ვერ გავაკონტროლო, არ მოვიპარავ, წამალზე არავის შევსვამ, ცხოვრებაში არავისთვის შემითავაზებია. ისე კი გამიგონია, საზიზღრობებს რო ყვებიან: არიან დაცემული ტიპებიც, ყველაფრის მკადრებელი, მომპარავი და გასაზიზღრებული. მაინც არაა საჭირო თითის გაშვერა და დაცინვა. უფრო, ალბათ, დახმარება სჭირდებათ მაგათ. მეტს ვერაფერს გეტყვი. რო მოვინდომო, ალბათ, შევეშვები, მგონი, შევძლებ. თუ ვინმე მკითხავს რჩევას, რა თქმა უნდა, ვეტყვი, რო არ ღირს გასინჯვა, არ ღირს...
მიშკა, 29 წლის, უმუშევარი:
– უბანში გავსინჯე პირველად მოსაწევი. თავიდან კარგი იყო. სულ სხვა შეგრძნებებს და ემოციებს იწვევს, განსხვავებულს. გგონია, რაღაცა სხვა სამყარო აღმოაჩინე. ახლა უკვე სხვანაირად ვუყურებ. არც ვწუწუნებ და არც მორალის კითხვა მინდა, იმას გეტყვი, რაც საკუთრ თავზე ვიცი. სუ დაღლილივით ვარ. დილას ვდგები – ვითომ არც მიძინია, უკვე მოქანცული ვარ, არაფრის ხალისი არ მაქვს, 29 წლის ვარ და მგონია, უკვე ყველაფერი ვნახე და ყველაფერი გადავიტანე. მეზარება ყველაფერი. მაგრად გავხდი, მადა საერთოდ არ მაქვს. სახლში იციან ყველაფერი. დედაჩემი მაგარი მორწმუნეა, სულ ლოცულობს, განიცდის მაგრად. მე რომ მკითხოთ, ანტინარკოტიკულ პროპაგანდას ჩემნაირებზე უკეთ ვერავინ ჩაატარებს. “მზიურზე” რო თქვეს, აჩვენეთ ეს ბავშვები მსოფლიოს და ომი არ იქნებაო, მასეა რა, აი, ფილმებში როა: გამარჯობა, მე მიშა ვარ, ალკოჰოლიკი... რაღაცა მაგის მსგავსი... აჩვენეთ კაი გნილოი ნარკომანი და ალაპარაკეთ, თქვას, რას იწვევს და სადამდე მიყავს წამალს ადამიანი. რავი, 15-16 წლისას რო ეგეთი მენახა, იქნებ არც გავკარებოდი. მე მაგრად მკიდია, მსახიობები და პაპსა მომღერლები და ტიპები რო გამოდიან და იძახიან, არ გაეკაროთ, ასეთი ცუდია და ისეთი ცუდიაო. ეგ არაფრის მომცემია. თან ნახევარი თვითონ გამკეთებელია, მარა დააწყობს ვაჟნი როჟას და მიკითხავს მორალს. მითხრას, რო მეც გამიკეთებია და გაიკეთე შენც, არავინ გიშლის, ოღონდ იცოდე, რასაც მიიღებო. რას მიიღებ და, სრულ იგნორს ცხოვრებაში. პერიოდულ ტკივილს, აი, როგორს, იცი? – გგონია, ხორცს გაგლეჯენ ძვლებიდან. ხალხი, როგორც პარაზიტს, ისე გიყურებს. აღარც შენ გჯერა ვინმესი და აღარც შენი სჯერა არავის. სხვა პლანეტაზე ხარ, რა.
ასეთი “აღიარებითი ჩვენება” კიდევ უამრავი შემიძლია დავდო... მეც მგონია, რომ მორალის მაღალ კვარცხლბეკზე შემდგარი სპეციალისტები და პრობლემისგან განყენებული ადამიანები, ისინი, ვინც კარგებად და ცუდებად ყოფენ საზოგადოებას, სიტუაციას ვერ შეცვლიან. მე ვერ დავსახავ სამოქმედო გეგმას და ვერ ვიმსჯელებ პრევენციული ზომების ავკარგიანობაზე. ერთადერთი, რაც შემიძლია, იმის ჩვენებაა, რომ “შორს ჩვენგან” დამოკიდებულებით ბევრი ვერაფერი შეიცვლება. აუცილებელი, სასიცოცხლოდ აუცილებელია პრივილეგირებული პოზის შეცვლა, თანაც რაც შეიძლება სწრაფად და ბუნებრივად...