საბავშვო ბაღების მენიუ და სხვა სიახლეები

გააზიარე:

საბავშვო ბაღში ბავშვები დღეში ექვს-რვა საათს ატარებენ, მირთმევენ, თამაშობენ, სწავლობენ, იძინებენ, ამიტომ, ვფიქრობ, ზედმეტია იმის აღნიშვნა, რაოდენ მნიშვნელოვანია ბაღის სისუფთავე, უსაფრთხოება, კვებისა თუ თამაშისმიერი სწავლების ხარისხი. იმედი გვაქვს, ჩვენი სტატია დააინტერესებს ყველას, ვისაც ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დაჰყავს ან მომავალში აპირებს მიყვანას.

ამჟამად თბილისში 159 მოქმედი საბავშვო ბაგა-ბაღია. მათში რეგისტრირებულია 55 500 ბავშვი და დასაქმებულია 7200 ზრდასრული. ბაღები დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე მუშაობენ. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება. რეგისტრაციის საკითხი წელს განსაკუთრებით მტკივნეული იყო, ვინაიდან ბავშვების დიდი ნაწილი ბაღის გარეთ დარჩა, თუმცა წლის განმავლობაში ბაღებს 80 ახალი ჯგუფი დაემატა და საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარდა. ამასთან, ახალი რეგულაციით, ზედიზედ 10-ზე მეტი დღის არასაპატიო გაცდენის შემთხვევაში ბავშვი ბაღიდან ირიცხება.

რეგისტრაციასთან ერთად 2015 წლიდან რადიკალურად შეიცვალა კვებაც.

კიდევ რა ცვლილებები განხორციელდა და რა იგეგმება მომავალში, ვინ და როგორ შეადგინა საბავშვო ბაგა-ბაღების მენიუ და რამდენად აკმაყოფილებს მათი ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს? – ამ და სხვა საკითხებზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა გვესაუბრა.

– როდის და რა მიზნით შეიქმნა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო?

– სააგენტო 2011 წელს დაარსდა. მისი დაარსების მიზანი ბაგა-ბაღების მართვის გაუმჯობესება და იმ რეფორმების ხელშეწყობა იყო, რომლებიც სჭირდებოდა ამ სისტემას. სისტემა მართლაც გაცილებით კოორდინირებულად და ხარისხიანად მუშაობს. ამ წლების განმავლობაში ბაგა-ბაღების მართვა დაიხვეწა, გატარდა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმა. დიდი გეგმები გვაქვს სამომავლოდაც. მაგალითად, მიმდინარე წელს სააგენტომ სამი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პირველი ეხებოდა საბავშვი ბაღებისთვის საკვების მიწოდების ერთობლივი ტენდერების ჩატარებას. ამ რეფორმამ საგრძნობლად დაზოგა სახელმწიფო სახსრები და უფრო გამჭვირვალე გახადა შესყიდვების პროცესი. მეორე რეფორმის შედეგად ბაგა-ბაღებში ერთიანი მენიუები შეიქმნა. მესამე რეფორმა კი სასკოლო მზაობის პროგრამის ამოქმედებას უკავშირდებოდა. მისი წყალობით პატარები სკოლაში ბევრად უფრო მომზადებულნი შევლენ.

– ბრძანეთ, რომ წლეულს ბაღებში კვებასთან დაკავშირებული ორი რეფორმა განხორციელდა. ბაგა-ბაღების მენიუ მშობლებისთვის მართლაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. რას ეხებოდა რეფორმა, როგორ შედგა მენიუ და რას ითვალისწინებს ის?

– მოგეხსენებათ, ადრე ბაგა-ბაღები მენიუს ინდივიდუალურად ადგენდნენ. თანასწორობის პრინციპი დარღვეული იყო, რაც მრავალ კითხვას ბადებდა. დღეს მენიუ ყველგან ერთნაირია. შესაბამისად, ყველა ბავშვი, რომელ ბაგა-ბაღშიც არ უნდა დადიოდეს ის, ერთნაირად ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა საკვებს იღებს.

თავად მენიუ ხანგრძლივი მუშაობის შედეგი გახლავთ. ბავშვთა კვების რეფორმის პირველ ეტაპზე შევისწავლეთ უკვე არსებული მენიუები, მოთხოვნა პროდუქტებზე და ა.შ. შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროდან მოვიწვიეთ შესაბამისი სფეროს ექსპერტები. სააგენტოს თანამშრომლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან ერთად სწორედ მათ შეიმუშავეს მენიუ, რომელიც ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის ყველა ბაგა-ბაღში დაინერგა. გათვალისწინებულ იქნა როგორც ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა, ასევე კალორაჟისა და სასარგებლო ნივთიერებების დღიური ნორმა, რომელმაც ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს. აქცენტი დაისვა ეროვნულ კერძებზე და, ცხადია, იმ პროდუქტებზე, რომელთა მიღება ბავშვის განვითარებისა და იმუნიტეტის გაძლიერებისთვის აუცილებელია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამ რეფორმის წყალობით კვების რაციონი თბილისის ყველა ბაგა-ბაღში მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

– საკვების ხარისხის კონტროლი ვის ევალება?

– კონტროლს ახორციელებენ ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა და სააგენტოს მონიტორინგის სამსახური. პროდუქტები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. ზედმიწევნით ვადევნებთ თვალყურს, რომ ჩვენმა პატარებმა უსაფრთხო და ხარისხიანი საკვები მიიღონ.

მე ყოველდღე ვხვდები თბილისის ბაგა-ბაღების მომსახურე პერსონალს და მშობლებს. პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ახალ მენიუსთან დაკავშირებით მართლაც იჩინა თავი პრობლემებმა, მაგრამ ეს სირთულეები დაიძლია და ამ შეხვედრებიდანაც ჩანს, რომ ორივე მხარე კმაყოფილია.

– მშობლების უმრავლესობას ალბათ ისიც აინტერესებს, როგორ არჩევენ საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის კადრებს.

– კადრების შერჩევა ბაგა-ბაღების მართვის სტრატეგიის მიხედვით ხდება. პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, სასურველია, ამ სისტემაში მუშაობის გამოცდილებაც და, რაღა თქმა უნდა, საჭირო უნარები. ჩვენს საიტზე განთავსებულია სპეციალური სააპლიკაციო ფორმა, რომლის შევსების შემდეგ ვადგენთ კანდიდატთა სიას და ვუგზავნით შესაბამისი ვაკანსიის მქონე საბავშვო ბაღს. შეთავაზებულთაგან ყველაზე მისაღებ კანდიდატურას თავად საბავშვო ბაღის დირექცია ირჩევს.

დამეთანხმებით, ადამიანს, რომელიც საბავშვო ბაღში მუშაობს, უწინარეს ყოვლისა, ბავშვები უნდა უყვარდეს. უამისოდ, რაც არ უნდა პროფესიონალი იყოს, არაფერი გამოვა. პატარებთან ურთიერთობა დიდი პასუხისმგებლობაა, ამიტომ კადრებს სკურპულოზურად ვარჩევთ. ბაგა-ბაღების მომსახურე პერსონალს გააზრებული უნდა ჰქონდეს ერთი რამ: საბავშვო ბაღი ის ინსტიტუტია, რომელიც ჩვენი შვილების ბედნიერ მომავალს უზრუნველყოფს.

– ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ექიმი ან ექთანი ყველა ბაგა-ბაღშია?

– ყველა ბაგა-ბაღს ჰყავს ჯანმრთელობისა და ფიზიოლოგიური უზრუნველყოფის კოორდინატორი, რომელიც პროფესიით ან ექიმია, ან ექთანი. მისი ძირითადი მოვალეობა პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ბაღში ჰიგიენური ნორმების კონტროლია.

სამწუხაროდ, თბილისის ბაგა-ბაღების ნახევარში არც ლოგოპედი, არც ფსიქოლოგი არ არის, მაგრამ ამ მხრივ ვმუშაობთ და გაისად ფსიქოლოგიც და ლოგოპედიც ყველა ბაღს ეყოლება. გარდა ამისა, წელს გამოვაცხადეთ ტენდერი უკვე დასაქმებული ფსიქოლოგებისა და ლოგოპედების გადამზადებაზე, მათთვის სახელმძღვანელოების შეცვლაზე. ამ ტენდერში გაიმარჯვა ილიას უნივერსიტეტმა, რომელიც ყველა ფსიქოლოგსა და ლოგოპედს გადაამზადებს. ცხადია, ფსიქოლოგიის საფუძვლებში უნდა ერკვეოდნენ აღმზრდელებიც. ვინაიდან ბავშვის მოვლა და აღზრდა უამისოდ წარმოუდგენელია. ამ კუთხით მათი გადამზადებაც მუდმივად ხდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

როდესაც ბავშვს საბავშვო ბაღში უშვებთ, უნდა გახსოვდეთ, რომ იქ ის უბრალოდ კი არ თამაშობს, არამედ თამაშით ვითარდება. ეს განვითარება მართებულად უნდა წარიმართოს. არსებობს ასაკის შესაბამისი მეთოდოლოგიური პროგრამები, რომლებსაც აღმზრდელები იყენებენ. ბავშვები სწვალობენ ემოციების გამოხატვას, სხვადასხვა სიტუაციაში სწორად მოქცევას, დათმობას, წესრიგის დაცვას, საზოგადოებასთან ურთიერთობას, საკუთარი სურვილის გამოხატვას და სხვისი სურვილის გაგებას, კომუნიკაციას, ფერებს, რიცხვებს, ხატვას, ზოგჯერ – წერასა და კითხვას, ლექსებსა და სიმღერებს, ძერწვას, ჭრას, მონაწილეობენ როლურ თამაშები და ა.შ. ამ ყველაფერს ბავშვის განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ბაგა-ბაღის პერსონალიც ზედმიწევნით უნდა ერკვეოდეს ამ საკითხებში. დარწმუნებული ვარ, 5-6-წლიან ჯგუფებში დანერგილი სასკოლო მზაობის პროგრამის შედეგად ჩვენი პატარები, რომლებიც 2016 წელს მივლენ სკოლაში, გაცილებით უკეთ მომზადებულები, კრეატიულები და განვითარებულები იქნებიან.

– ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ მშობლების ჩივილი, რომ საბავშვო ბაღებში სწრაფად ვრცელდება ინფექცია და ბავშვების უმეტესობა ხშირად ავადმყოფობს. როგორ ხდება ამის კონტროლი?

– მართალი ბრძანდებით, ამას მართლაც ბევრი უჩივის, მაგრამ დამნაშავედ ბაღის გამოცხადება არასწორია. სანიტარული სამუშაოები ბაგა-ბაღებში ყოველდღიურად, საათობრივად ხორციელდება. გარდა ამისა, ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს გენერალურ დეზინფექციას ატარებს პერსონალი, ხოლო თვეში ერთხელ – სპეციალური სამსახური. ეს სამუშაოები აღირიცხება ჟურნალში, რომლის კონტროლსაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სამსახური ახორციელებს. გარდა ამისა, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ლ. საყვარელიძის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან, გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრთან და ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დამატებით ღონისძიებებსაც ახორციელებს. მაგრამ მინდა, აღვნიშნო ერთი რამ: თუ პატარას ავადმყოფობის ნიშნები აქვს, ბაღში არ უნდა წავიყვანოთ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ბავშვს ურთულდება მდგომარეობა, მეორე – სხვა ბავშვებსაც ვუქმნით საფრთხეს. როგორც მოგახსენეთ, დეზინფექცია-დერატიზაციის პროცესი ბაგა-ბაღებში მოწესრიგებულია, ოთახები მუდმივად ნიავდება, სათამაშოები მუშავდება სპეციალური ხსნარით, მაგრამ თუ მშობლების მიდგომაც არ შეიცვალა, პრობლემა ვერ მოგვარდება.

– ზოგიერთი ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია, ზოგიც რემონტს მოითხოვს... რამდენად გამართულია ბაღების ინფრასტრუქტურა?

– წელს ჩვენ რამდენიმე ადგილას ჩავატარეთ სარემონტო სამუშაოები. ორმოცდაათ ბაღში სველი წერტილები კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყო. ამ დაწესებულებებში აქცენტი მათ კაპიტალურ გამოცვლაზე დავსვით. დანარჩენ ბაღებში სარემონტო სამუშაოებს გაისად ჩავატარებთ. თბილისის 155 ბაგა-ბაღში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა. დარჩენილთა უზრუნველყოფაც მიმდინარე წელსვე მოხდება. ვინც ბაღში ყოფილა, დამეთანხმება, რომ ბავშვებს ნამდვილად არ სცივათ. სამწუხაროდ, ოცი ბაგა-ბაღი ავარიულ მდგომარეობაშია. საბედნიეროდ, მდგომარეობა არ არის კრიტიკული და სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ უახლოეს მომავალში მათ გამაგრებასაც ვგეგმავთ. არის რაიონები, სადაც ჯერ კიდევ რჩება მოსაგვარებელი საკითხები. ესეც მომავლის საქმეა. წელს, უწინარეს ყოვლისა, იმ ბაღებს მივხედეთ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ეს.

– რამდენი ბავშვი ირიცხება ერთ ჯგუფში?

– ეს საკითხი კანონით არ რეგულირდება. საზოგადოდ, 2-3-წლიანთა ჯგუფებში რეკომენდებულია 25 აღსაზრდელის ყოფნა, ხოლო 3-6-წლიანთა ჯგუფებში – 35-ისა. რეალურად რეგისტრირებულია გაცილებით მეტი ბავშვი. თუმცა ერთია რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, მეორე – რეალური დასწრება, რომელიც, როგორც წესი, 70-80 %-ს არ აღემატება. ვფიქრობ, მომავალი წლიდან ეს საკითხიც მოგვარდება, ვინაიდან დახურულ ბაგა-ბაღებს ვარემონტებთ და წლის ბოლოს რამდენიმე მათგანის გახსნასაც ვგეგმავთ. ამასთან, თბილისში რამდენიმე ახალი ბაღი შენდება. დაგეგმილია სხვა ძირეული ცვლილებებიც და დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ამ სისტემაში პრობლემები ყველა მიმართულებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, საბავშვო ბაღი მძლავრი და წარმატებული ინსტიტუტი გახდება.

ვფიქრობ, ყველა მშობელს აინტერესებს, რას მიირთმევენ ჩვენი პატარები ბაღში. გთავაზობთ ბაგა-ბაღების მენიუს (ის იმგვარადაა შედგენილი, რომ დღიური კალორაჟი 1580-1583-ის ფარგლებში მერყეობდეს):

საუზმე

* ჩაი ან კაკაო

* კარაქიანი პური ყველით ან ჯემით ან ორცხობილა

* რძიანი ფაფა (ბრინჯის, ვერმიშელის, წიწიბურას, შვრიის, ხორბლის, მანანის) ან ბრინჯის`ფეტვის ფაფა გოგრით

* ყველიანი მაკარონი, ყიყლიყო ან ომლეტი

 

12 საათზე – ხილი

სადილი

* წვნიანი – მაწვნის, ბრინჯის, ბარდის ან მაკარონის სუპი, ხორცის, ყვავილოვანი კომბოსტოს, ბროკოლის ბორშჩი, ლობიოს წვნიანი, სუპ-ხარჩო, ქათმის ჩახოხბილი, საქონლის ხორცის გუფთა, ქათმის ჩიხირთმა

* ქათამი არაჟნით, მაკარონი`ვერმიშელი ყველით, ტოლმა, მოხარშული ქათამი წიწიბურას გარნირით, თევზის ფილე კარტოფილის პიურეთი, ქათმის კატლეტი წიწიბურას გარნირით, ხორცის გულიაში პიურეთი, კარტოფილის პიურე რძით

* სალათა `ვინეგრეტი, კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა, ყვავილოვანი კომბოსტო კვერცხით, ქათმის სალათა, კატლეტი, ბოსტნეულის სალათი, ბოსტნეულის რაგუ, მჭადი და ყველი

* პური და ხილის წვენი ან ხილის კომპოტი

სამხარი           

* ხაჭო გოგრით, ოლადები, ხაჭო და არაჟანი, ხაჭაპური, ლობიანი, ტკბილი ფლავი, ფუნთუშა, ყველიანი მოხარშული კვერები, ორცხობილა

* ჩაი, კაკაო, მაწონი შაქრით, იოგურტი, ორცხობილა

გვანცა გოგოლაძე

 

გააზიარე: